ესე (თარგმანი),  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

უისტან ჰიუ ოდენი – უპიროვნო მე

„ცხოვრებაში განცდილ სიხარულს არა თავად ცხოვრება, არამედ ცხოვრების უფრო მაღალ ფორმებში გადანაცვლების შიში განაპირობებს; ტანჯვაც არ მომდინარეობს თავად ცხოვრებისგან, არამედ შიშით გამოწვეული თვითგვემაა“.

ფრანც კაფკა

ინგლისურიდან თარგმნა ქეთევან გრძელიძემ

კაფკა ძალიან დიდია, შეიძლება ყველაზე დიდიც კი; კლასიკური იგავის ოსტატი, იმ ლიტერატურული ჟანრისა, რომლის შესახებაც კრიტიკოსი ღირებულს ბევრს ვერაფერს იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ რომანსა და დრამატულ ნაწარმოებსაც შეიძლება იგავური მნიშვნელობა ჰქონდეს, რომანის მკითხველისა თუ სპექტაკლის მაყურებლისთვის მხატვრული ფანტაზიით შექმნილი ამბავი, პერსონაჟი, სიტუაცია და მოქმედება შეიძლება მისი პიროვნული გამოცდილების ანალოგიური იყოს, თუმცა იდენტური ვერ იქნება.  მაგალითად, „მაკბეთის“ დადგმას ვუყურებ და ვხედავ კონკრეტულ ისტორიულ პირებს, რომლებიც მათ მიერვე დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ: მაკბეთს თავს ვადარებ და, ვფიქრობ, რას გავაკეთებდი და ვიგრძნობდი მსგავს სიტუაციაში, თუმცა მაინც მაყურებლად ვრჩები, საკუთარი დროისა და სივრცის კუთვნილება ვარ. კლასიკურ იგავს კი ასე ვერ წაიკითხავ. შეიძლება იგავის გმირს საკუთარი სახელი მოუძებნო (თუმცა, ხშირად, „ერთი კაცი“ ან სულაც „კ“-ც საკმარისია) და ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტიც კი განუსაზღვრო, თუმცა ამგვარი კონკრეტიკა იგავის მნიშვნელობისთვის მაინც არაარსებითია. თუ მინდა გავიგო იგავის არსი, საკუთარ ობიექტურ რეალიებზე უარი უნდა ვთქვა და სრულად გავაიგივო თავი იმასთან, რასაც ვკითხულობ. ეს „არსი“, ფაქტობრივად, თითოეული მკითხველისთვის განსხვავებულია და, შესაბამისად, კრიტიკოსს არ შეუძლია „სხვებისთვის“ მისი განმარტება. ხელოვნებისა და საზოგადოების ისტორიის, ენის და, უფრო მეტიც, ადამიანის ბუნების სიღრმისეული ცოდნა კარგ კრიტიკოსს საშუალებას აძლევს, პიესასა თუ რომანში დაინახოს რაღაც, რასაც მის გარეშე ვერასდროს მიხვდებოდნენ. მაგრამ როგორც კი იგავის ინტერპრეტაციას შეეცდება, მხოლოდ საკუთარ თავს თუ წარმოაჩენს. ყოველი სიტყვა აღწერს, როგორ იმოქმედა მასზე იგავმა და, ცხადია, ვერ ეცოდინება, რა გავლენა ექნება იგავს სხვებზე.
ხანდახან შეიძლება გადააწყდე ხასიათს, რომელიც „პირდაპირ დიკენსისა თუ შექსპირის“ ნაწარმოებებიდან გადმოსულს წააგავს, თუმცა კაფკას პერსონაჟს არასდროს შევხვედრილვარ. მეორე მხრივ, სავსებით შესაძლებელია, კაფკასეული ეპიზოდი გადაგხდეს თავს, მაშინ, როცა შექსპირისეულ ან დიკენსისეულ სიტუაციაში ვერაფრით აღმოჩნდები. ომის წლებში, პენტაგონში გატარებული გრძელი და მომქანცველი დღის ბოლოს, როცა დავალება შევასრულე და ვრცელი კორიდორების გავლით სახლისკენ გზას დავადექი, ტურნიკეტთან დარაჯი დამხვდა. „სად მიდიხარ?“, მკითხა დარაჯმა. „გარეთ გასვლას ვცდილობ“, ვუპასუხე. „უკვე გარეთ ხარ“, მომიგო და იმ მომენტში ზუსტად „კ“-სავით ვიგრძენი თავი.
რომანისტის ან დრამატურგის შემთხვევაში, მისი პირადი ცხოვრებისა და  ხასიათის ცოდნა თითქმის არაფერს მატებს მისი ნამუშევრების გააზრებას, თუმცა იგავების მწერალს რაც შეეხება, ვფიქრობ, ბიოგრაფიულ ინფორმაციას დახმარება შეუძლია – სულ მცირე, უარყოფითი მნიშვნელობით მაინც, რადგან ადამიანს არასწორ წაკითხვას აარიდებს თავიდან („სწორი“ წაკითხვა ისედაც ხშირია).
[კაფკას] ბიოგრაფიის ახალ გამოცემაში მაქს ბროდი აღწერს ჩეხი მწერლის, ბოჟენა ნემცოვას (1820-1862), რომანს „ბებია“. მოქმედება მიმდინარეობს სოფელ რიზენგებირგეში, რომელიც სასახლეს ექვემდებარება. სოფლის მოსახლეობა ჩეხურად საუბრობს, სასახლის მაცხოვრებლები კი – გერმანულად. სასახლის მფლობელი ჰერცოგინია კეთილია, თუმცა, რადგან ხშირად მოგზაურობს, გლეხებს უტიფარი მსახურებისა და გაიძვერა მოხელეების ხროვასთან უწევთ ურთიერთობა. ჰერცოგინიას წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება სოფელში. რომანის ბოლოს მთავარი გმირი ქალი სხვადასხვა დაბრკოლებას დაძლევს და პირადად შეხვდება ჰერცოგინიას, რომელსაც სიმართლეს გაუმხელს. ბოლოს ყველაფერი კარგად სრულდება.
ამ ინფორმაციაში განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ ნემცოვასთან სასახლის – გოდოლის – მოხელეები მკვეთრად ბოროტ ადამიანებად არიან წარმოჩენილნი. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკოსები, რომლებიც კაფკას გოდოლის მკვიდრთ ზეციური ნების განმახორციელებლებად აღიქვამენ, ცდებიან და ერიხ ჰელერის წაკითხვა არსებითად სწორია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კაფკას გოდოლში გამაგრებულია გნოსტიკური დემონების მთელი გარნიზონი, რომელიც მედგრად ეწინააღმდეგება ერთი მოუსვენარი სულის დაუღალავ მცდელობებს. წარმოდგენა არ მაქვს, ღვთაებრიობის კონკრეტულად როგორ იდეას ეყრდნობიან ხოლმე ის ინტერპრეტატორები, რომლებიც გოდოლს „ზეციური კანონისა და ზეციური წყალობის“ სამკვიდროდ სახავენ. შეიძლება ითქვას, რომ გოდოლის ოფიცრებს, არათუ სიკეთისადმი სრულიად გულგრილნი, არამედ ავსულებიც კი ეთქმით. მათ ბრძანებებსა და მოქმედებებს სიყვარულის, მოწყალების, ქველმოქმედებისა თუ დიდსულოვნების ნიშანწყალიც კი არ ატყვია, ხოლო მათი ყინულოვანი განყენებულობა განცვიფრების ნაცვლად შიშსა და ზიზღს აღძრავს.
დოქტორი ბროდი პირველად აქვეყნებს ცნობას, რომელიც, თუ მართალია, უფრო კაფკას რომანისეულს წააგავს, ვიდრე ბიოგრაფიულს. კონკრეტულად, ბროდის თქმით, კაფკას ჰყავდა ვაჟი, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა და რომელიც 1921 წელს, შვიდი წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამ ამბის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან ბავშვის დედა გერმანელებმა 1944-ში დააპატიმრეს და მის შესახებ აღარავის სმენია.
„პროცესისა“ და „გოდოლის“ ბრწყინვალების მიუხედავად, ვფიქრობ, მისი საუკეთესო ნამუშევარი სიცოცხლის უკანასკნელ ექვს წელიწადში შექმნილ თხზულებებში უნდა ვეძიოთ – კრებულში სათაურით „ჩინეთის კედლის მშენებლობაზე“. ამ კრებულის სამყარო ისევ მისი ადრეული ნაწარმოებების სამყაროა და, თუმცა მხიარული ნამდვილად არ ეთქმის, ტონები უფრო მსუბუქი და ნათელია. აღარ იგრძნობა სულისშემძვრელი ტკივილისა და იმედგაცრუების განცდა, რომელიც თითქმის გაუსაძლისად მწვავე იყო წინანდელ მოთხრობებში (მაგალითად, „დამსჯელ კოლონიაში“). ყოფა ისევ რთული და დამთრგუნველია, თუმცა პერსონაჟები უფრო მსუბუქად, იუმორით ეგუებიან მის სიმძიმეს.
როგორც წესი, მოთხრობა იღებს და ერთიანად აყირავებს მაძიებელი გმირის ფორმულას. ტრადიციული ძიების მიზანი – პრინცესა, სიცოცხლის წყარო და ა. შ. – გმირისთვის მანამდეც ცნობილია, სანამ მოგზაურობას დაიწყებს. მიზანი შორეულია და გმირმა, ჩვეულებრივ, არც გზა იცის და არც ამ გზაზე მოსალოდნელი დაბრკოლებები. თუმცა, ამბავში ჩნდებიან სხვა არსებებიც, რომლებმაც ერთიც იციან და მეორეც. ისინი გმირს გზას მიასწავლიან და არიგებენ. ძიების მიზანი ყველასთვის სანუკვარი ან საყოველთაოდ აღიარებული სიკეთეა, თუმცა მხოლოდ ბედის რჩეულს შეუძლია მისი მოპოვება. სამი ძმა რიგრიგობით და დიდი მონდომებით ცდილობს მიზანს მიაღწიოს; პირველ-ორს საკუთარი ქედმაღლობა და ამპარტავნება უშლის ხელს, უმრწემესი კი იმარჯვებს, რადგან კეთილი და თავმდაბალია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უმცროსი ისევე დარწმუნებულია წარმატებაში, როგორც მისი უფროსი ძმები. 
კაფკასეულ მოთხრობაში, მეორე მხრივ, გმირს მხოლოდ მისთვის სახასიათო მიზანი აქვს და კონკურენტებიც არ ჰყავს. შემხვედრთაგან ზოგიერთი ეხმარება, თუმცა ბევრად მეტი უშლის ხელს, ზოგიც გულგრილია და, რაც მთავარია, არცერთს არ აქვს წარმოდგენა, რომელია სწორი გზა. როგორც [კაფკას] ერთი აფორიზმი ამბობს: „არსებობს მიზანი, მაგრამ არა გზა; რასაც გზას ვუწოდებთ, მხოლოდ მერყეობაა“. კაფკას გმირი არათუ დარწმუნებული არ არის წარმატებაში, არამედ თავიდანვე იცის, რომ მისი ძიება კრახით დასრულდება – საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ისედაც განწირულია კოლოსალური და უსასრულო ტანჯვისთვის. მართლაც, მიზნის მიღწევის სურვილი იმას კი არ მოწმობს, რომ ერთ-ერთი რჩეულთაგანია, არამედ იმას, რომ განსაკუთრებული წყევლა ადევს.

“იქნებ სულაც მხოლოდ ერთი პირველცოდვა არსებობს: მოუთმენლობა, რადგან მოუთმენლობის გამო გამოგვაძევეს სამოთხიდან და მოუთმენლობის გამო ვერ ვბრუნდებით უკან.
თეორიულად არსებობს ბედნიერების მშვენიერი შესაძლებლობა: კი არ ეძიებდე, არამედ ირწმუნო საკუთარ თავში რაღაც ისეთი, რისი ხელყოფაც შეუძლებელია”.

მაძიებელი გმირების უმეტესობამ, როგორც წესი, იცის, რა გააკეთოს და მხოლოდ ერთადერთი პრობლემა აქვს: „შევძლებ კი?“ ოდისევსმა იცის, რომ სირინოზების სიმღერას არ უნდა მოუსმინოს, წმინდა გრაალის მაძიებელმა რაინდმა იცის, რომ უბიწო უნდა დარჩეს, დეტექტივმა იცის, რომ სიმართლე სიყალბისგან უნდა გამიჯნოს. მაგრამ „კ“ კითხულობს: „რა გავაკეთო?“ არც სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს, რომ ცდუნდეს მაინც და არც თავად მოქმედება გვრის იმგვარ სიამოვნებას, რომ უდარდელი იყოს. სრულიად დარწმუნებულია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც გააკეთებს, თუმცა არ იცის, კონკრეტულად რა მოიმოქმედოს. უბრალოდ არასწორი ვარაუდიც კი ისე დატანჯავს, როგორც არასწორი არჩევანის შედეგიდა, მეტიც,პასუხისმგებლობის მთელი ტვირთიც კი დააწვება. თუკი სხვებისგან მიღებული მითითებები და რჩევები აბსურდულად და წინააღმდეგობრივად ჩათვალა, მაინც ვერ მიაწერს სხვებს ბოროტებას და ბრალს; ესეც შეიძლება საკუთარი ბრალეულობისა და სიავის შედეგი იყოს.
ტრადიციულ მაძიებელ გმირს არეტე, განსაკუთრებული უნარი აქვს – ხან საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ოდისევსს, ხანაც კი ფარული, როგორც ზღაპრის გმირს; პირველ შემთხვევაში ძიების წარმატებით დასრულება გმირს დიდებას მატებს, ხოლო მეორეში წარმოჩინდება, რომ ერთი შეხედვით არარა დიადი გმირი ყოფილა: გმირად გახდომა, ტრადიციული გაგებით, ნიშნავს საკუთარი გამორჩეული ნიჭისა და საქმეების წყალობით შეიძინო უფლება, თქვა „მე“. მაგრამ „კ“ ისედაც არის  „მე“  და სწორედ არსებობის ამ ცალკეულ ფაქტში – ნიჭისა და საქმეების მიუხედავად – ძევს მისი დანაშაულის შეგრძნება.
პროცესის „კ“ უდანაშაულო რომ იყოს, მაშინ „კ“ აღარ იქნებოდა და უსახელო გახდებოდა, როგორც ის ცნობილი ფავნი „სარკისმიღმეთიდან“.  „გოდოლის“ „კ“ ასობგერაა, რომელსაც უნდა, რომ სიტყვად იქცეს, მიწის განმგებლად, ანუ, ერთი სიტყვით, როგორც სხვა ყველას, პიროვნული არსის შეძენა სურს, მაგრამ სწორედ ამის საშუალებას არ აძლევენ.
მაძიებელი გმირის ტრადიციული სამყარო შეიძლება უამრავ საფრთხეს მოიცავდეს, თუმცა ღია მაინც არის: გმირს შეუძლია იქით წავიდეს, საითაც მოისურვებს. მაგრამ კაფკას სამყარო დახურულია და, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სრულიად დაცლილია სენსორული მახასიათებლებისგან, მაინც მძაფრად ხელშესახებია. ნივთები და სახეები ბუნდოვანია, მაგრამ მკითხველსაც კი გუდავს მათი სულისშემხუთველობა. არ მახსენდება სხვა რომელიმე წარმოსახვითი სამყარო, სადაც ყველაფერი ასე მძიმეა. ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ძალას გაცლის. გმირი გრძნობს, რომ ტყვეა და გაქცევას ცდილობს, თუმცა, იქნებ, პატიმრობა შესაფერისი მდგომარეობაა, რომლისთვისაც შეიქმნა, იქნებ თავისუფლებამ გაანადგუროს?!

„რაც უფრო მეტ ცხენს შეაბამ ეტლში, მით უფრო სწრაფად ივლი — საძირკვლიდან ლოდს ვერ ამოგლეჯ – ეს შეუძლებელია – მაგრამ ის კი შეიძლება, ტკაცუნით დაწყვიტო ღვედები და მერე გზა გელის, მხიარული და უდარდელი“.

მაგალითად, „ბუნაგის“ მთხრობელი გმირი გაურკვეველი ჯიშის ცხოველია, რაღაც თხუნელასმაგვარი არსება და მხოლოდ ის ვიცით, რომ ხორცისმჭამელია. თავისთვის ცხოვრობს, მეწყვილის გარეშე და არასდროს ხვდება საკუთარი სახეობის სხვა ცხოველს. ასევე, მუდმივად სდევს შიში, რომ შეიძლება დაედევნონ და თავს დაესხან სხვა ცხოველები: „აურაცხელი მტერი მყავს“, ამბობს იგი – თუმცა ჩვენ ვერასდროს ვიგებთ, როგორები შეიძლება იყვნენ ეს მტრები და საბოლოოდ ვერცერთს ვერ ვხედავთ. მთავარი გმირი შეპყრობილია საკუთარი ბუნაგით, რომელიც მთელი მისი ცხოვრების საქმეა. შეიძლება, როცა მისი თხრა დაიწყო, ბუნაგ-ციტადელის იდეა უფრო თავშესაქცევი იყო, ვიდრე სერიოზული, მაგრამ რაც უფრო დიდდება და უმჯობესდება ეს ბუნაგი, უფრო და უფრო აწვალებს კითხვა: „ნუთუ შესაძლებელია სრულიად აუღებელი ბუნაგის აგება?” ეს ფიქრები სატანჯველად ექცევა, რადგან ვერასდროს იქნება დარწმუნებული, რომ არ არსებობს სიფრთხილის სხვა ისეთი ზომა, რომელიც არ გაუთვალისწინებია. მეტიც, ბუნაგი, რომლის აგებასაც ცხოვრება შეალია, ეძვირფასება და ისევე უნდა დაიცვას, როგორც საკუთარი თავი.
„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გეგმა ითვალისწინებდა ციტადელის გამოყოფას იმ მიწისაგან, რომელიც გარს აკრავს, – ესე იგი ციხესიმაგრის კედლების სისქე დაახლოებით ჩემი სიმაღლის ტოლი უნდა ყოფილიყო, – ციტადელის ირგვლივ, კედლების ზომის შესაბამისად, [დაახლოებით იმავე სიგანის] ცარიელი სივრცის შექმნას… ეს ცარიელი სივრცე ყოველთვის და, არცთუ უსაფუძვლოდ, ჩემს ულამაზეს სამყოფლად წარმომედგინა. ამ თაღზე ჩამოკიდება, ასვლა, ქვემოთ ჩამოსრიალება, თავდაყირა გადმოშვება, ფეხქვეშ კვლავ მყარი ნიადაგის შეგრძნება – ყველა ამ გასართობი ილეთის შესრულება პირდაპირ ციტადელის კორპუსზე და არა საკუთრივ მის სივრცეში; დაე, შემეძლოს გავერიდო ციხესიმაგრეს, თვალები დავასვენო, მასთან შეხვედრის სიხარულის განცდა უფრო და უფრო გადავდო; და მაინც შევინარჩუნო ის, ბრჭყალებით ჩავეჭიდო ამ ბაქანს…“

მოთხრობის გმირი იწყებს ფიქრს, იქნებ, უკეთესი იყოს, საიდუმლო შესასვლელთან ახლოს ბუჩქებში დავიმალო და ვუდარაჯო, რომ ასე უკეთ დავიცვაო. ერთი პირობა ნდობით აღჭურვილი პირის მოძებნასაც კი გადაწყვეტს, რომ დარაჯის მოვალეობაში შეეხიდოს, თუმცა ამ აზრსაც უკუაგდებს.

„…თუ ის არავითარ საპასუხო სამსახურს არ მომთხოვს, ჩემი ბუნაგის დათვალიერებას მაინც არ მოინდომებს? ეს კი – ვიღაცის შემოშვება საკუთარ საცხოვრისში – უაღრესად უსიამოვნო იქნებოდა. ბუნაგი ჩემთვის ავიშენე და არა სტუმრებისთვის. ვფიქრობ, არ შემოვუშვებდი…  საერთოდაც, ასე ვერ მოვიქცეოდი და, აი, რატომ: ის ან მარტო უნდა ჩამეშვა მიწის ქვეშ, რაც სრულიად წარმოუდგენელია, ან ერთდროულად უნდა ჩავმძვრალიყავით; ორივე შემთხვევაში დავკარგავდი იმ სარგებელს, რომელსაც მისგან ველოდი – კერძოდ, დაკვირვება ეწარმოებინა გარემოზე ჩემი ჩასვლის შემდეგ. ან კი როგორ უნდა ვენდო? … შედარებით ადვილია, ვიღაცის გჯეროდეს, როცა მას უთვალთვალებ კიდეც, ან იმის საშუალება მაინც გაქვს, თვალი არ მოაცილო; ალბათ ისიც კი შესაძლებელია, ვინმე შორს მყოფს ენდო, მაგრამ არა მაშინ, როცა ბუნაგის შიგნით, ესე იგი სხვა სამყაროში ხარ, რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია.“[1]
ერთ დილას სუსტი სტვენისმაგვარი ხმა აღვიძებს. ვერ ხვდება, რა არის ან საიდან მოდის. შეიძლება ქარი იყოს ან იქნება მტერია. ამ მომენტიდან მოყოლებული ისტერიული შფოთი იპყრობს. იცის თუ არა უცხო მხეცმა, თუკი საერთოდ მხეცია, მისი არსებობის შესახებ და თუ კი, კონკრეტულად რა იცის. ამბავი ისე წყდება, რომ არაფერი ირკვევა. ედვინ მიუირის ვარაუდით, ამბავი უხილავი მტრის გამოჩენით და მთავარი გმირის დანებებით დასრულდებოდა. ეჭვი მეპარება, ასე ყოფილიყო. ამ იგავის მთელი არსი ის უნდა იყოს, რომ მკითხველმა ვერც ვერასდროს გაიგოს, აქვს თუ არა მთხრობლის სუბიექტურ შიშს ობიექტური საფუძველი.
რაც უფრო მეტად აღგვაფრთოვანებს კაფკას შემოქმედება, მით უფრო მეტად გვმართებს დაფიქრება მის უკანასკნელ სურვილზე – ყველა ნაწარმოები განადგურებულიყო. ერთი შეხედვით, შეიძლება ცდუნებამ გძლიოს და ამ თხოვნაში გამაოგნებელი პატივმოყვარეობა ამოიკითხო, თითქოს ავტორი თავის თავს ეუბნებოდეს: „არ შემეფერება, დავწერო ისეთი რამ, რაც არასრულყოფილია. თუმცა, რაოდენ ბრწყინვალეც არ უნდა იყოს, სრულყოფილი ნაწერი არ არსებობს. მაშასადამე, დაე, განადგურდეს ყველაფერი, რაც დამიწერია, როგორც ჩემთვის არასაკადრისი“. მაგრამ ის, რასაც დოქტორი ბროდი და სხვა მეგობრები მოგვითხრობენ კაფკას, როგორც პიროვნების შესახებ, ამ განმარტებას ერთიანად აქარწყლებს.
ჩანს, რომ კაფკა არ ფიქრობდა თავის თავზე, როგორც ხელოვანზე ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, რაც გულისხმობს ერთ საქმეს შეწირულობას, როცა ადამიანის პიროვნული ყოფა მეორეხარისხოვანი, მისივე ხელოვნების უბრალო დანამატია. თუკი ოდესმე არსებობდა ადამიანი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ „შიოდა და სწყუროდა წესიერება“, ეს იყო კაფკა. შეიძლება, დროთა განმავლობაში საკუთარი შემოქმედება ღმერთის ძიების პიროვნულ მეთოდად დასახა. „წერა“, – აღნიშნავს იგი, – „ლოცვის თავისებური ფორმაა“, ხოლო გულმხურვალე ლოცვისას ნებისმიერი მესამე ზედმეტია. კიდევ ერთგან, კაფკა მწერლობის მიზანს ასე აღწერს:

„რაღაც იმდაგვარი, როცა მაგიდა გაქვს ასაწყობი დიდი ოსტატობითა და მეთოდური სიზუსტით და თან არაფერს აკეთებ – ის კი არა, რომ თქვან, „მაგიდის აწყობა მისთვის არაფერიაო“, არამედ – „მაგიდის აწყობა მისთვის მართლაც მაგიდის აწყობაა, მაგრამ თან არაფერია“, რითაც აწყობის პროცესი უფრო გაბედული, თავდაჯერებული, ნამდვილი და, თუ გნებავთ, კიდევ უფრო უაზრო ხდება.“
თუმცა, რა მიზეზითაც უნდა ნდომებოდა კაფკას საკუთარი ნაწარმოებების განადგურება, მისმა ორჭოფობამ, სულ მცირე, მკითხველი უნდა დააფიქროს იმაზე, თუ როგორ ხედავდა და კითხულობდა თავად კაფკა საკუთარ ტექსტებს. შეიძლება ჩეხი ავტორი იმ მწერალთაგანია, რომლებსაც ბედმა არასწორი მკითხველი არგუნა. კაფკა აფრთხობს მკითხველს, რომელსაც მისი შემოქმედება ყველაზე მეტად არგებს; იმავდროულად კი, მისი ნაწარმოებების გავლენა არასასურველი და, შეიძლება, საზიანოც კი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც კაფკა ხიბლავს.  

მე უფრო მგონია, რომ კაფკა უნდა იკითხოს ფიზიკურად და მენტალურად სრულიად ჯანსაღმა ადამიანმა[2], რათა სკრუპულოზური თვითჩაკვირვების ნებისმიერი ცდუნება უგულებელყოს, როგორც უბრალო პათოლოგიური შემოტევა. ცუდ გუნებაზე მყოფი, დიდი ალბათობით, უნდა ერიდოს კაფკას, რადგან თუკი ინტროსპექციას ბედნიერი ცხოვრებისაკენ თანაბარი ლტოლვა არ დაჰყვება, როგორც თავად კაფკას შემთხვევაში იყო, ყველაფერი ძალიან მარტივად დეგრადირდება საკუთარი ცოდვითა და სისუსტით ნარცისულ და ლაჩრულ აღფრთოვანებამდე.
შეუძლებელია, ბოროტებასა და ტანჯვაზე სერიოზულად მოფიქრალი ადამიანი ერთხელ მაინც არ გაიტაცოს გნოსტიკურ-მანიქეველურმა დაშვებამ, რომ სამყარო შინაგანად და არსებითად ბოროტია, რის აღიარებასაც კაფკას ზოგიერთი ნაწარმოები ასე საშიშად უახლოვდება.

„არსებობს მხოლოდ სულიერი სამყარო; რასაც ფიზიკურს ვეძახით, არის ბოროტება სულიერ სამყაროში.

ფიზიკური სამყარო კი არ არის ილუზია, არამედ მხოლოდ მისი ბოროტება, რომელიც, სიმართლე ითქვას, გვიქმნის კიდეც წარმოდგენას ფიზიკურ სამყაროზე.“

კაფკას ცხოვრება და შემოქმედება ამტკიცებს, რომ შინაგანად გნოსტიკოსი არასდროს ყოფილა, რადგან ჭეშმარიტი გნოსტიკოსი ყოველთვის გარკვეული მახასიათებლების მიხედვით შეიცნობა. საკუთარ თავს სულიერი ელიტის ნაწილად მიიჩნევს და სძულს ყოველგვარი მიწიერი ლტოლვა თუ სოციალური ვალდებულება. საკმაოდ ხშირად, სექსუალურ ცხოვრებაში ანარქიული აღვირახსნილობის უფლებასაც აძლევდა საკუთარ თავს იმ მიზეზით, რომ სხეული მაინც განწირულია და  ზნეობრივი კანონები მას არ ეხება.
არც დოქტორი ბროდის პრიზმით დანახული კაფკა და არც რომელიმე მისი პერსონაჟი არ ავლენს სულიერი სნობიზმისკენ მიდრეკილებას; არც ის ეტყობათ, რომ მათთვის სასურველი ცხოვრების უზენაეს ფორმებს სადმე სხვა სამყაროში ეძიებდნენ; ხილულსა და მიღმიერს (ამსამყაროსეულსა და სხვასამყაროსეულს) შორის მიჯნა არ ნიშნავს ორი სხვადასხვა სამყაროს არსებობას, არამედ მხოლოდ იმას, რომ ადამიანს არ ძალუძს ჭეშმარიტების სრულად შემეცნება.
ვინ იცის, იქნებ კაფკამ წინასწარ განჭვრიტა ბევრი მისი თაყვანისმცემლის ბუნება, როცა საკუთარი ნაწარმოებების განადგურება დაიბარა.


[1] „ბუნაგის“ ორივე ნაწყვეტი აღებულია რუსუდან ღვინეფაძის თარგმანიდან. ფრანც კაფკას მოთხრობების სრული კრებული. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2020.

[2] ორიგინალში, უ. ჰ. ოდენი ფიზიკურად და მენტალურად „ევპეპტიკურ“ (მონელების უნარის მქონე) მდგომარეობას ახსენებს, რაც ორი მნიშვნელობით შეიძლება გავიაზროთ: 1) ფიზიკური და მენტალური სიჯანსაღე; და 2) კაფკას პროზის სიმძიმის „მონელების“, მისი ჯანსაღად აღქმის უნარი.

© არილი

Facebook Comments Box