ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

დიმა ბახუტაშვილი – დიდი არაფერი ნეკროლოგი

 

მარიონეტების თეატრში პირველად ნატალია ბერძენიშვილმა წამიყვანა. მაშინ ჯერ კიდევ კოპებშეკრული გოგო იყო, ფრიალა, ჭაღარა, ფილოსოფიის მაგისტრი თუ რაღაც მსგავსი, ასოციალური, ასაკისთვის და გარეგნობისთვის შეუსაბამოდ ეცვა, ბავშვურად. შენ არ იცი, რა უნდა გაჩვენოო. მე რეზო გაბრიაძესთან ფილმებიდან ვძმაკაცობდი. საშინლად უძილო ვიყავი, „ემერჯენსში“ უმძიმესი მორიგეობის მეორე დღე იყო. წინა ღამეს კახეთის გზატკეცილზე შემთხვევა მოხდა და 3 პაციენტი მივიღეთ პოლიტრავმით, საგიჟეთსა და საგიჟეთს შორის 1 საათი მეძინა. მოკლედ ასე, გავუხვიეთ, გამოვუხვიეთ, შევედით ჩიხში, ჩავედით დაბლა, ცოტა დაგვაგვიანდა და გვინდოდა სწრაფად ჩაგვებარებინა ტანსაცმელი. მე დაჯდომაც მეჩქარებოდა. მეგარდერობე კაცი ცოტა უცნაური ვინმე გამოდგა. ისე ნელა გვართმევდა ქურთუკებს, ისე ნელა კიდებდა, ასწორებდა, ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი. ის მულტფილმი ხომ გახსოვთ, ზარმაცა ბანკში მომხმარებელს რომ ემსახურება, დაახლოებით ეგრე, მაგრამ აქ უცნაური ის იყო, რომ ეს კაცი კონტექსტიდან ამოვარდნილი არ ჩანდა, ყველაფერი პასუხობდა მის რიტმს – გარდერობი, აკუსტიკა, განათება… კარგად რომ დავაკვირდი, ადამიანს არც ჰგავდა, გარდერობის სული იყო რაღაც, უჟმური და საყვარელი, დროის თავისებური მდინარებით, თითქოს სულ მანდ ცხოვრობდა. უკან ცარიელი ბარი იდგა, არც ბარმენი ჩანდა, არც – სასმელი. იატაკი ჭრიალებდა, ოღონდ ამაში დარწმუნებული არ ვარ, შეიძლება წარმოსახვით შევავსე და არც ჭრიალებდა. მოკლედ ასე, შევედი, დავჯექი. რეზო გაბრიაძის ხმამ მოგვიწოდა ტელეფონები გამორთეთო და ორი მადლობით დაასრულა: “მადლობთ, მადლობთ“ – ასე არასწორად, შინაურულად, მშვიდად, ისე კი არა, გარეთ როგორი სამყაროც იყო. ცოტა მაღლა დავსხედით, აქედან სცენა უკეთ ჩანსო ნატალიამ. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: უნაზესი ზღაპარი შეყვარებულ ორთქლმავალზე, სევდიანი ხუმრობები ადამიანურ, ცხოველურ, ორთქლმავლურ, საგნურ, ტრაგედიებზე, რაზეც დარბაზის ნაწილი ვულგარულად იცინოდა, იცინოდა, იცინოდა – გავიხედე, გამოვიხედე, მეწყინა. მას მერე სულ ნაწყენი ვარ. მარიონეტების თეატრში კიდევ რამდენჯერმე ვიყავი. ხან დამაგვიანდა და ძლივს შემიშვეს, ხან მახველებდა და ყველა მე მიყურებდა, ხან გოგოსთან ერთად ვიყავი, რომელიც მომწონდა და ხუმრობებზე წინასწარ ვიცინოდი, ვიპრანჭებოდი, ხან ვიდეოს ვიღებდი ჩუმად და თეატრის საავტორო უფლებებს ვარღვევდი. გაბრიაძის ჯადოსნურ სამყაროში კი უცნაური ამბები ხდებოდა და ხდებოდა, აი ბოლო არ უჩანდა: ჩიტ ბორიას ადამიანი უყვარდებოდა წრფელი ჩიტური სიყვარულით, გენერალი ლეგიონებს ეძებდა, ომში მოკლულ ჭიანჭველებს ვუსმენდით – ეზოპეს ენა, მთელი თავის დიდებულებით. გამოდიოდი გარეთ, მტვრიან, ხმაურიან ბარათაშვილის ქუჩაზე და ყველაფერი ჩანდა ოდნავ უფრო სასაცილო და საყვარელი, ვიდრე იყო. მერე რეზო გაბრიაძის ტექსტების კითხვაც დავიწყე, წიგნი ძლივს ვიშოვე, უფრო სწორად, ვერც ვიშოვე, საჯარო ბიბლიოთეკაში „გადავაქსეროქსე“ და ასლი წამოვიღე. განა რა უნდა, პერსონაჟი გააგიჟო და ეგონოს, მანქანით დადის ან მანქანაა, კომედიურ შოუებშიც აკეთებენ, მაგრამ ჩავიხედე ამ ფურცლებში და პერსონაჟი თავისით გაგიჟდა. ისე ატკინა, ისე დაიტანა ცხოვრებამ, სადღაც წიგნს მიღმა, ნამდვილ საწნახელში, გადახარა, ჩაჭეჭყა, ვერ გაუძლო ერთი კაცის თვითირონიამ, მანქანად გადაიქცა და წავიდა თოვლში, ღამეში. დარბოდა ორმოცი წლის კაცი ქუჩაში! დრმ! დრმ! კვდებოდა დედამისი მასზე დარდით! „არ ხარ შენ პაბედა! არც ერთი მანქანა არ ხარ შენ! გიჟი ხარ! გიჟი! დრმ-დრმ ხარ!“ – ეუბნებოდა ექიმი და ისე მინდოდა პირზე ხელი ამეფარებინა… ვინ გკითხავს შენ, უნდა და მანქანაა, გაიგე!? რაც შეუძლია ის არის, შენ ვინ გკითხავს! წლები გავიდა და ახლაც მინდა ასე ჩავძახო ყველა ექიმს, ყველა სულის მჩხრეკავს, მიუხედავად იმისა, რომ იმ მოთხრობაში ანტაგონისტი არავინ არ არის. ამ უხეში ენით სავსე ყოფაში, ლოზუნგების ეპოქაში, ყველა უყვარს რეზო გაბრიაძეს, ყველას როლი სამყაროში, ყველას უიღბლობა. ცუდ და კარგ, თეთრ და შავ პერსონაჟებს, მშრალ, ვულგარულ, მოდურ სეგრეგაციებს აქ ვერ შეხვდები. გუშინ რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. მე ნეკროლოგების მწერლად არ გამოვდგები. იცხოვრა, უყვარდა, ეშლებოდა, ხატავდა, დგამდა, წერდა და როცა დრო მოვიდა „სასულეთში გადაინაცვლა მამაზეციერთან, ვარდის ყანაში, მურაბის ტაშტების სალოკავად“. მეც რა მენაღვლება, წიგნი მაქვს, თეატრი მაქვს, კინო მაქვს, ჩემს რეზო გაბრიაძეს რა მოკლავს, სანამ მეც არ მოვკვდები და მურაბის ტაშტებს არ მივაკითხავ. земля тебе пухом, ჩემო უცნობო მეგობარო, მაგარო ბიჭო, მაგარო მწერალო, ნათელო ადამიანო.

© არილი

Facebook Comments Box