ესე,  ესე (თარგმანი),  თარგმანი

ჯულიან ბარნსი – მცირე ფორმის ოსტატი

 

ინგლისურიდან თარგმნა გუგა მგელაძემ

უილიამ ტრევორის, ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერლის ცხოვრებას უცნაურად ფრაგმენტირებული, თუმცა სავსებით თვითკმარი სახით ვიცნობ.

ვიცი, რომ მას სამხრეთირლანდიური პროტესტანტული ფესვები აქვს, რომ მისი ნამდვილი სახელი ტრევორ კოკსია, რომ ზუსტად იმ სააგენტოში მუშაობდა, სადაც პოეტი პიტერ პორტერი, რომ შვებულებას ხმელთაშუაზღვისპირულ კუნძულ პორკეროლზე ატარებდა, სადაც ავტომობილით მოძრაობა აკრძალულია, რომ ტრადიციულად, სხვა ირლანდიერი პროზაიკოსების მსგავსად, მასაც ,,ირლანდიერ ჩეხოვს’’ უწოდებდნენ, თუმცა ნამდვილად არ მახსენდება მისი რომელიმე საჯარო გამოსვლა ან გამოხმაურება, არც გაზეთის არალიტერატურული გვერდის მიერ მისი პიროვნებით დაინტერესების ფაქტი. ნეტა, რაინდად თუ აკურთხეს? არსებობს მასზე The South Bank შოუს გადაცემა? პირველად 1999 წელს, დევიდ კოენის პრემიით დაჯილდოვების შემდეგ შევხვდი და უნდა ითქვას, რომ თავაზიანობის, ხიბლის და თავშეკავებულობის მძაფრი შთაბეჭდილება დამიტოვა.

ჩემი ცოლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრევორის ლიტერატურული აგენტი იყო, მიყვებოდა, თუ როგორ უყვარდა პარკში ჯდომა და სხვების საუბრების მოსმენა, თუმცა ისმენდა იმდენს, რამდენიც ფატაზიის ,,გასაღიზიანებლად’’ სჭირდებოდა, ბოლომდე არა. მერე უკვე დგებოდა და მიდიოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მაგალითი მშვენივრად აღწერს მწერლების სამუშაო პროცესს.

რეალურად ხომ მხოლოდ ცოტა რამ გჭირდება, ბევრი არა. არც არსებობს იმაზე უსარგებლო მომენტი, როცა ვიღაც ბიჭი (თან ყოველთვის ბიჭია!) ასე გესალმება: ,,გადასარევი ისტორია მაქვს, გამოგადგებათ!’’

ტრევორის შემოქმედებისკენ ნელ-ნელა მივიწევდი, რომელიც, სხვათა შორის, დაახლოებით 20 წლის ასაკში, პროვინციულ თეატრში ნანახი ,,ბებერი ბიჭების’’ თეატრალური ადაპტაციის შემდეგ მივაგდე. ვერც ვხვდებოდი, რის შესახებ იყო სპექტაკლში წარმოდგენილი ამბავი ან ხალხს რა აცინებდა ბებერ (თუ ბებრული ვიზუალის მქონე) მსახიობებზე. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალი უფრო იყო ან, სულ მცირე, ჩემი ახალგაზრდობის მაინც. ტრევორი მოზრდილებისთვის სწორედ მოზრდილივით წერს, თანაც იმ იმედით, რომ ცხოვრებასაც აუღებთ ალღოს და მის პროზასაც. ის ხომ იმ ნაწილობრივი ჭეშმარიტების უდახვეწილესი მომმარაგებელია, რითიც ჩვენ, ადამიანები, ვცხოვრობთ ხოლმე. როცა უკვე საბოლოოდ წავიკითხე “ბებერი ბიჭები”, ის აღვიქვი როგორც უიშვიათესი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თავისი ადრეული კარიერის პერიოდში რომანისტმა დასვას ასაკის პრობლემატური საკითხი, თანაც იქამდე, სანამ თავადაც არ გამოსცდის მას. თანაც, ტრევორი ამას ისეთი დაუნდობელი სიმძრაფრით ახერხებს, როგორც მიურიელ სპარკი თავის რომანში Memento mori (ეს მისი მესამე რომანია, ხოლო ,,ბებერი ბიჭები’’ ტრევორისთვის მეორეა). ის იმიტირებს, როგორც ახალგაზრდას, ასევე ხანდაზმულს, კაცს, ქალს, სოფელს, ქალაქს, ქვეყანას, სოციალური კლასის დაბალ, საშუალო და ხანდახან მაღალ წარმომადგენლსაც კი. რაც შეეხება ახალგაზრდებს, 1976 წელს დაწერილ რომანში “დინმუტის შვილები’’ მხატვრულ ლიტერატურაში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე საშიშ და მანიპულატორ ბიჭებს აღწერს. ასე რომ, შეგიძლიათ ის ჰენრი ჯეიმსის რომანის –  “მარწუხებში’’ – გვერდითაც დააყენოთ.

ზოგადად, მწერლები  მრავალი ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, სტილის მიხედვით  არსებობენ  „შემამჩნიე’’ ტიპის ხელოვანები, რომელთა ფრაზებიც მონოგრამული ფეხსაცმლებივით კაშკაშებენ და, ასევე, სკრუპულოზურად  და  თან შეუმჩნევლად ,,მოქმედი’’ ავტორები.

მწერლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან  პერსონაჟის კონტროლის მექანიზმითაც.  მართლაც, ნაბოკოვის მახვილგონივრული ხუმრობის არ იყოს,  საკითხი ასე დგას: პერსონაჟები გემებზე გამომწყვდეული მონებივით უნდა  ვმართოთ,  თუ დამოუკიდებელი არსებობის უფლება მივცეთ?

ასევე არსებობს განსხვავება საჯაროობის თვალსაზრისითაც. არიან  მწერლები, რომლებიც საზოგადო მოღვაწეების ამპლუაში გვევლინებიან, აქტიურობენ პოლიტიკურადაც და სოციალურადაც და ტკბებიან მედიასაშუალებებით. სხვები  „უბრალოდ’’ შთანთქმულნი არიან მათ ირგვლივ არსებული ცხოვრებით, რის შესახებაც დრო და დრო ბიულეტენებს უშვებენ ხოლმე.

ამ მხრივ, არსებობენ იმ ტიპის მწერლებიც, რომლებიც ცნობისმოყვარეობას აღგვიძრავენ თავიანთი პირადი ცხოვრების, პიროვნების ან სექსუალობის მიმართ და არიან ისეთებიც, რომლებიც თავდაუზოგავად ამტკიცებენ, რომ ნაწარმოები თავის თავს უფრო გამოხატავს. ყველა ამ სპექტრზე, ტრევორს უკიდურესად მემარჯვენე პოზიცია უკავია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ მას, კიდევ 50 წელიც რომ ეცოცხლა, ოდესმე   საკუთარი  თავი  ,,დაეგუგლა’’.

არსებობს მწერლების სხვაგვარი, უფრო დაუნდობლად ბინარული დაყოფაც: ისინი, ვინც არსებითად რომანისტები არიან, თუმცა მოთხრობებში, როგორც წესი, არ უმართლებთ და ისინი, ვინც ნოველისტები არიან და რომანის წერისას გეზიდან იხრებიან. რომანისტები, ხშირ შემთხვევაში, მარცხდებიან მცირე ფორმისთვის დამახასიათებელი ზომიერებისა და ინტენსიურობის შეთავსებისას. მოთხრობების ავტორები კი   და იბნევიან უფრო დიდ სივრცეში გასვლის შემთხვევაში. ტრევორი ის უიშვიათესი გამონაკლისი გახლდათ, ვინც 14 რომანის, ორი ვრცელი ტექსტისა და მოთხრობების 13 კრებულის გათვალისწინებით, ორივე ფორმას რეალურად ფლობდა.

„უკანასკნელი მოთხრობების’’ უმრავლესობა, რომელიც 2016 წელს, სწორედ მაშინ დაიბეჭდა, როცა ტრევორს 90 წელი შეუსრულდებოდა, ძირითადად, იმ მომენტიდან იწყება, როდესაც პერსონაჟთა ცხოვრება თითქოს დასრულებული ან შემცირებული მაინც გვგონია. ამბები სიკვდილით, დაქვრივებით, ქორწინების დასასრულით ან იმ ფაქტის უცაბედი გაცნობიერებით იწყება, რომ ამიერიდან სწორედ წარსული განსაზღვრავს ყველაფერს. პიანინოს მასწავლებელი იაზრებს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი მოვლენა, მამის სიკვდილის თუ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის ჩათვლით, ზუსტად იმ ოთახში მოხდა, სადაც ახლა პიანინოს გაკვეთილებს ატარებს. საგამომცემლო სფეროს წარმომადგენელი, ვისაც წლების წინ საუკეთესო მეგობარმა ქმარი წაართვა, ამჯერად სრულიად მინებდა ცხოვრებისეულ რუტინას წარსულის ,,ნარჩენების’’ დასავიწყებლად. ზოგიერთი პროტაგონისტი უარს ამბობს თავის ძველ ვალდებულებაზე. ვიღაცა ვიღაცას შორდება. ამ სამყაროში ხშირია შინაგანი მარტოობა. ბედნიერება კი დროებითია და პირობითი. ხშირად წარსულში ტკივილს აყენებენ ერთმანეთს, თანაც ისეთს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. კარგ განზრახვას კი კატასტროფამდე მივყავართ. „ზამთრის იდილიაში“ იორკშირის ჭაობის სიახლოვეს მდებარე სახლში მცხოვრებ 12 წლის გოგონას რეპეტიტორი წარმოსახვას უვითარებს. ათწლეულის (ან მეტის) გასვლის შემდეგ, რეპეტიტორი ისევ უკან ბრუნდება, ოღონდ ამჯერად კარტოგრაფია, დაოჯახებულა და ორი შვილი ჰყავს. მარტოხელა ქალი კი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფერმის მოვლითაა დაკავებული. კაცი პერიოდულად სტუმრობს მას. მიდის, ბრუნდება, რჩება, ყოყმანობს, იმედს უცრუებს ორივე ქალს და სამუდამოდ უჩინარდება. მას არ სურს ტკენა, თუმცა   ქალებს  სწორედ  ტკივილის  არ მიყენებით  სტკენს და  ქორწინებაც საბოლოოდ სრულდება.  პარალელურად, მუშებს საკუთარი დამსაქმებელი ჩუმად ებრალებათ, თუმცა ქალს არ შეუძლია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს სიყვარული კაცის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ის იქ უკვე აღარ დაბრუნდება სწორედ მისი გაუჩინარების გამო. ქალის სიყვარული „არ დაჭკნება… არც ხანგრძლივი, ნელი სიკვდილი ემუქრება და არც სტანდარტული სიყვარული“. მართალია, ეს ყველაფერი რომანტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა რეალურად საშინელ არჩევანს სთავაზობს: სიყვარულის მიღებას და მის ტრანსფორმაციას ძალიან ჩვეულებრივ, ტრივიალურ გრძნობად, მეორე მხრივ კი სიყვარულზე უარის თქმას და ამ მდგომარეობის მუდმივობას.

და მაინც, სიტყვა ,,არჩევანი’’ ნების თავისუფლებასაც გულისხმობს. ტრევორის პერსონაჟები ძალიან იშვიათად ირჩევენ იმას, რაც ემართებათ. ცხოვრება ირჩევს მათ მაგივრად. ის, რაც მათ სურთ ან გრძნობენ, რომ სურთ, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს იმაზე, რასაც იღებენ. და თუ ახდენს, ისიც მხოლოდ მოკლევადიანი, ილუზორული დროის პერიოდში. ამის შემდეგ, ისევ ემოციური თვალსაზრისით, გარიყულები ხდებიან და უწევთ არარსებულ ურთერთობებსა და მეხსიერების საეჭვო თავდაჯერებულობაზე დაკვირვება. არსებობს აგრეთვე იდენტობის და გარკვეული ფუნქციების მოუხელთებლობა – გადალახვა რომ სჭირდება. სურათების რესტავრატორი, რომელსაც ამნეზიური შეტევები აწუხებს, საკუთარ ქალაქში უმიზნოდ დახეტიალობს, „პოლონელ მხატვართა’’ მოგზაური წყვილი რეალურად სულ სხვა ვიღაც აღმოჩნდება. მამის მიერ გაზრდილი ქალიშვილი, რომელსაც გაუჩინარებული დედამისი გარდაცვლილი ჰგონია, რეალურად სულ სხვა წარმომავლობის აღმოჩნდება. ტრევორის პერსონაჟები უმეტესწილად მარტოხელები, მარტოსულები ან განმარტოებულები არიან, ურთიერთობის პერიოდშიც კი. შესაბამისად, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ეჭვებსა და ბუნდოვანებას: იწვნენ თუ არა ისინი ერთად? ეს უფრო უბედური შემთხვევა იყო, თუ თვითმკვლელობა? რაში მდგომარეობს რეალურად მათი დანაშაულისა და პასუხისმგებლობის არსი?

ტრევორის პროზა სავსეა ზუსტი მოუხელთებლობითა და მოუხელთებელი სიზუსტით.

როგორც ვ.ს. პრიტჩეტი წერს ანტონ ჩეხოვზე, ის „ყველა წინააღმდეგობას მოიცავს’’.

ავიღოთ, მაგალითად, კრებულის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხრობა ,,ქალბატონი კრასტორპი’’, რომელიც 22 გვერდიანია და ამბავი ორი პერსონაჟის ცხოვრებას გადაკვეთს – ეს ტრევორისეული ხრიკია!

მოთხრობა საკუთარი ქმრის დაკრძალვაზე მყოფი მთავარი პერსონაჟის, ე.წ. ,,მარტოსული მგლოვიარის’’ ისტორიით იწყება, თუმცა უჩვეულოა ის, რომ ქალბატონი კრასტორპი ეწინააღმდეგება თავის მარტოობას და არ სურს იმის აღიარება, რომ მისი ცხოვრება დასრულდა. იგი საკუთარ თავს „ვარდის მუდმივ კოკორს’’ ადარებს და გადაწყვეტს, რომ საკუთარი ქვრივობით „დატკბეს’’.

მოჩვენებითად იღბლიანი ცხოვრების პერიოდში, მან თავისი ასაკის 14 წელი მოიკლო და არავის არ გაუმხილა უკანონო (თან კრიმინალი და ნასამართლევი) ვაჟის ამბავი. არც ქორწინების პერიოდში გაჩენილი საყვარლების შესახებ უთქვამს რამე.

პარალელურად, ლონდონის სხვა მხარეს მცხოვრები მბეჭდავი, სახელად ეტერიჯი თავის მომაკვდავ ცოლს უვლის. სიკვდილის შემდეგ კი საცხოვრებლად რიჯენტს პარკში გადადის. ერთ დღესაც, გზაზე ქალბატონი კრასტორპი იმ გზის მიმართულებას ეკითხება, რომელიც რეალურად არც არსებობს. ეს კიდევ ერთი თვალთმაქცობაა – გათვლილი თავაზიანი ინგლისელის შესაყოვნებლად და მისი ყურადღების მისაპყრობად, რომელიც, რასაკვირველია, კრასტორპის დახმარებას შეეცდება. ეს ის ილეთია, რომელიც ადრეც ჭრიდა.

რატომღაც გვგონია, რომ შეგვიძლია იმის გამოცნობა, საითკენ წავა ამბავი, ყოველ შემთხვევაში, სხვა გზით. ქალი, თავისი სიცოცხლისუნარიანი და მიმზიდველი ბუნების წყალობით, ალბათ, შეძლებს კაცის დახსნას მწუხარებისგან, მიიზიდავს და მასზე დამოკიდებულს სექსუალური კუთხით მაინც გახდის. კაცი იქამდე ვერ შეძლებს ქალბატონი კრასტორპის ჭეშმარიტი ბუნების ამოცნობას, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ქალი მაინც მოახერხებს ეტერიჯის გაბედნიერებას.

თუმცა ეს არ არის ტრევორის სტილი. არ არის ეს ცხოვრების ტრევორისეული გაგება. გარკვეული ხნის შემდეგ, ეტერიჯი კაფეში ზის მხოლოდ იმიტომ, რომ იქვე, მაგიდასთან ქალბატონი კრასტორპი აღმოაჩინა, რომელიც თითქოს, ნაწილობრივ ცნობს მას. ქალი ერთდროულად მიმზიდველი და დახვეწილია და, შესაბამისად, იყენებს კიდეც თავის შარმსა და საკომუნიკაციო ხრიკებს, რაც წარსულში ჩვეულებისამებრ ჭრიდა. იცის ამ ქალმა მინიშნების ისეთი გზები, რომ თითქოს გაცილებით უკეთ იცნობენ ერთმანეთს, ვიდრე ჰგონიათ. იმ დროს, როცა კაფეში სხედან, ქალბატონი კრასტორპი ფიქრობს ამ „მიმზიდველ უცნობზე, რომლის შეყვარებაც ცოტათი მაინც შეძლო’’.

რასაკვირველია, მკითხველი გულისრევისმაგვარ ფორიაქს გრძნობს ეტერიჯის მიმართ, თუმცა ეტერიჯი საერთოდ არ არის მოხიბლული, უფრო პირიქით. აკვირდება კიდეც უაზროდ მოლაქლაქე ქალბატონ კრასტორპს და ვერ გაურკვევია, მთვრალია თუ არა. ქალი არ არის სულელი, უფრო სწორად, აცნობიერებს იმ მომენტს, როცა მისი მთავარი ტაქტიკა არ ჭრის. ,,აშკარად არ გვაქვს საერთო გემოვნება, თუმცა თუ ოდესმე მოისურვებ ერთმანეთის უკეთ გაცნობას…’’- ამბობს და საკუთარ მისამართს უწერს.

და მაინც, შესაძლოა, სხვა მწერლის ხელში ეტერიჯი ამ სიტუაციაშივე დარჩენილიყო (რაც, ფსევდო ტრევორისეული მეთოდი იქნებოდა!), თანაც ორაზროვანი დასასრულით: შეძლებდა, ასე თუ ისე, საკუთარი მარტოობის პირობებში ეტერიჯი დანებებას? მაგრამ ეს ხომ ტრევორია! ამბავი, ნაწილობრივ, მწუხარებათა შედარებასაც გულისხმობს: იმ დროს, როცა ქალბატონი კრასტორპი, როგორც ჩანს, საკუთარი ,,ქვრივობის სიამოვნებით’’ კმაყოფილდება, ეტერიჯი მხოლოდ ამ მდგომარეობის გაუთვითცნობიერებელ მწუხარებას გრძნობს და ასევე ,,ხანგრძლივ მრისხანებას სიკვდილის დაუდევარი სიხარბის გამო’’. როცა, მრავალი წლის შემდეგ, მისი მზერა გაზეთში „კრასტორპის’’ სახელს შენიშნავს, აცნობიერებს, რომ ,,ქალბატონი კრასტორპის ცნობისმოყვარეობის მომენტი, რომელიც მან თავის სიცოცხლეში ვერა და ვერ აღმოაჩინა, სწორედ ახლა დამდგარიყო.’’ ეტერიჯი ცდილობს ქალის დარჩენილი ცხოვრების წარმოდგენას, ,,თუმცა იმდენი რამ ჩაიკარგა, თავს ანებებს სამომავლო სპეკულაციებს. გრძნობს კიდეც საკუთარ სიბრალულს, ოღონდ ვერ ხსნის, რატომ.’’ პრინციპში, ეს მკითხველისეული სიბრალულიცაა, რადგან როგორც კი ქალის ამბავს ვუბრუნდებით, უკეთ ვიაზრებთ სიმამაცის მიღმა არსებულ პანიკას ან ნათელი ფასადის უკან მიმალულ ლტოლვას. შემდეგ ჩვენი მზერა ერთი მომენტისკენ ინაცვლებს, სადაც უკვე ცოტა ხნით მაინც ღირს დაყოვნება. აქ მისის კრასტორპი ტირის, ოღონდ ,,ეფექტის’’ გარეშე:

„ის ყოველთვის საკუთარი ცრემლით ტიროდა, როცა ღილშეხსნილ პალტოს წარმოიდგენდა ან უცაბედ წამოხტომას ფართოდ შეხსნილი პალტოს ან ფანრის შუქის შემთხვევაში. ტიროდა, რადგან სხვებზე მეტად უყვარდა. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ“

ეს იმ ინციდენტს გულისხმობს, რისი მნიშვნელობაც ხელმეორედ კითხვის დროსაც დამისხლტა. შესაბამისად, იგი გვაფიქრებინებს, რომ ისტორიაში მესამე მწუხარებაც იკვეთება, ოღონდ ამ შემთხვევაში, ცოცხლებისთვის და არა მკვდრებისთვის. ტრევორი არ ცდილობს, იყოს მომთხოვნი ან გაუგებარი, სამაგიეროდ ის ძალიან დახვეწილია. ამდენად, მახვილგონივრულია, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში მცხოვრებმა ეტერიჯმა (Etherege ) -,,E’’-თი რომ გამოვთქვამთ და არა ,,I-თი – დაწერა პიესა ,, She Would If She Could’’.

მკითხველური ყოყმანისა და მცდარი მოლოდინის ეს მოდელი უილიამ ტრევორის ამბების მახასიათებელია. ჩვენ გვეძლევა გარკვეული ქმედება, იქნება ეს: ქუჩის უბედური შემთხვევა, სიკვდილი, დაკრძალვა, შემთხვევითი შეხვედრა თუ მიტოვება, რომელიც შემდგომ ორი ან მეტი პერსონაჟის ამბად იქცევა. არსებობს მოგონილი დასაწყისების შეზღუდული რაოდენობა. სწორედ ამიტომაც ვგრძნობთ, რომ აქ ოდესღაც უკვე ვიყავით. შესაბამისად, ავტომატურად შეგვიძლია გამოვიცნოთ ამბის განვითარება, თუმცა ის ისე არ ვითარდება, როგორც ვვარაუდობდით, იმდენად, რამდენადაც შეგრძნების (და არა დაკვირვების!) პროცესში ამბავი, როგორც ასეთი, სრულდება. ის უკვე იქცევა ცხოვრებად და სწორედ ცხოვრება უფრო გვაგდებს უცნაური გზებით წამგებიან სიტუაციაში, ვიდრე მოგონილი ამბავი. ჩვენ კი ტრევორის მიერ შემოთავაზებული ცხოვრების ღრმა, არსებით სიმართლეს ვემორჩილებით. და მაინც, ამავდროულად, გვგონია, რომ ეს ჯერ კიდევ „უბრალო’’ ისტორიაა.

ამ გზის გავლას ვერავინ შეძლებს იმათ გარდა, ვინც სრულად ფლობს მხატვრულ ლიტერატურას. უილიამ ტრევორი ნამდვილად არ ყოფილა „რიგითი ირლანდიელი ჩეხოვი’’ და არც ,,ყველაზე ირლანდიელი ჩეხოვი’’. ის იყო და დარჩება ირლანდიელ უილიამ ტრევორად.

© არილი

 

Facebook Comments Box