27 მარტია და ფათნი ბრიჯზე ხალხმრავლობაა. ოქსფორდი კემბრიჯის წინააღმდეგ, დიდი ნაოსნობა გაჩაღებულა. ორ ფაბთან გულშემატკივრები შეკრებილან და გულმხურვალედ ქომაგობენ საკუთარ ფავორიტებს. ამ მომენტისთვის კემბრიჯელი ჭაბუკები 41-39 ამარცხებენ ისტორიულ მეტოქეებს, გოგონების უპირატესობა ოქსფორდელებთან მიმართებაში კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მე, რა თქმა უნდა, ოქსფორდის მხარეს ვდგები, გუმანით ვგრძნობ, რომ ასე უფრო დადებითი ვარ, სუსტისკენ ვიხრები. თან ვერ ვივიწყებ კემბრიჯულ წყენას, რადგან ის ქორწილი მახსენდება, ერთი წლის წინ რომ ვიყავი. მსუბუქი ალაფურშეტი უფასო იყო, მაგრამ როგორც კი ჭიქა ღვინისკენ წავიღე ხელი 5 ფუნტიო დაქირავებულმა გამყიდველმა მითხრა. ქორწილში თუ ფულს გადამახდევინებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, დაბნეულმა გავხედე ზურგს უკან მდგომ ინგლისელ სტუმრებს. საკვირველიაო მითხრეს, ჩვენთან არაა მაინცდამაინც მიღებული ასეთი რამ, ძალზედ იშვიათად ხდებაო. ნეფე-პატარძალი შიგადაშიგ მეკითხებოდა, ხომ კარგ დროს ატარებო, ბენდი ჰყავდათ დაქირავებული. დაუჯერებლად კარგს-მეთქი ვპასუხობდი. მერე იმ სტუმრებიანად, გვარიანად მოშიებულნი უახლოეს ფაბში გადავედით, ჰოი სირცხვილო. თბილისელ გოგოებს რომ მოვუყევი ასე მითხრეს – ძალიანაც კაი, ჯიგრები არიან, არა ბიჭო ქართველებივით სამასკაციან ქორწილს გადაიხდიან და მეორე დღეს მშობლებს გამოართმევენ საჭმლის ფულსო. ვარწმუნებდი, რაც გინდა უწოდეთ, ჭკვიანი, ანგარიშიანი, ყაირათიანი, ოღონდაც ჯიგრები არა-თქო, მაგრამ ვინ მოგისმინა?
ორივე გუნდის ნავმა თითქმის ერთდროულად ჩაგვიქროლა. თემზის სანაპიროზე მყოფი ხალხი კიდევ უფრო ახმაურდა. ყიჟინას მეგაფონებიდან გამამხნევებელი შეძახილებიც დაერთო. მზიანი დღეა, ბლომად ლუდი ისმევა. ლამაზი გოგო-ბიჭები ირევიან, ცოტა გაპრანჭულებიც, ვინძლო თავკერძებიც, მაგრამ ლონდონის მზე ყველას აკეთილშობლებს, მათ შორის მეც.
“ამ პაექრობაში მეორე ადგილი არ არსებობს, ან იმარჯვებ ან მარცხდები“ – ისმის მეგაფონიდან, ლურჯფორმებიანი ოქსფორდელები წინ გაიჭრნენ, კემბრიჯელთა ნავს წყალი შესდის და ბოლოს ყირავდება, მუქი ლურჯები იმარჯვებენ. გოგონებიც იგებენ – ოქსფორდელთა სრული ტრიუმფი!
ფულემის პარკისკენ მივდივარ, იქ ერთი სკამია, რომელზე დატანილი ეპიტაფიაც ეძღვნება ვინმე „როჯერ ბაქლსბის ხსოვნას – მას სძულდა ეს პარკი და ყველა, ვინც იქ დადიოდა“. ხუმრობა უნდა იყოს, ინგლისელებს უცნაური იუმორი აქვთ. მე თავად სკამი მომწონს, ზედ თემზასთან დგას და თუ ჩამოჯდები თვალწინ მშვენიერი პეიზაჟი იშლება. აქ ხუთ წუთზე მეტს ვერ ვძლებ, მბეზრდება და სევდა მიპყრობს, რატომ არ ვიცი. საერთოდ, პარკები დიდად არ მიყვარს, თუ რაიმე არ ხდება შიგნით, მელანქოლიური ვხდები. ზოგჯერ მეტირება, მგონია რომ იქ არ ვარ ახლა, სადაც წესით უნდა ვიყო. აქ თითქოს წარსულია, რომელსაც ვერ დააბრუნებ, ან მომავალი, რომელსაც ვეღარ მოესწრები. სხვათა დღესასწაული.
ადრე კიდევ უფრო უცნაურად იყო. ვიჯექი ხოლმე თბილისის რომელიმე პარკში და ახირებით ვფიქრობდი იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა და უკვე გული მწყდებოდა წარმავალობაზე. ვთქვათ, როგორ ჩავიყვან მამაჩემს პარიზში და როგორ დავემშვიდობებით ერთმანეთს, ის წავა და მე დავრჩები ბაქანზე. ჯერ არ მომხდარზე მომიწყენია და მომავალი წარსულივით მტკენია. ისიც გამხსენებია, ჩემი ექვსი წლის ქალიშვილი და მამაჩემი როგორ მისეირნობენ ვაკის პარკში შადრევნისკენ, მე ზურგში ვუყურებ. ისინი ტრიალდებიან, ხელს მიქნევენ და განაგრძობენ სვლას. მზიანი დღეა, პარკი სავსეა ბავშვებით, მე კი თვალები მიცრემლიანდება. მერე ჩემს თავზე ვბრაზობ ამ სულელური თვისების გამო და იქაურობას ვეცლები.
სასწრაფოდ 14 ნომერ ავტობუსში ავდივარ და მეორე სართულიდან გავცქერი ლონდონის ქუჩებს.
თბილისშიც დადიოდა 14 ნომერი ავტობუსი, დიდი დიღომი-კოლმეურნეობის მოედანი. მერე 214 დაარქვეს, აქაოდა შორია მარტო სათოთხმეტოდო. ეს წითელი, ორსართულიანი ავტობუსი, უორენ სთრითზე მიდის და ყოველ ას მეტრში ჩერდება. ინგლისურის გარდა ტურისტები მინიმუმ ხუთ ენაზე ერთდროულად ლაპარაკობენ. იშვიათად რომ ქართველი ამოვიდეს, მაგრამ თუ ამოვიდა, დარწმუნებულია, რომ დედამიწის ზურგზე არავის ესმის მისი, თანამოსაუბრის გარდა. ყველაზე სახალისო ტელეფონზე მოლაპარაკე ქართველის მოსმენაა. რა უნდა უთხრა, არ ილაპარაკო ეგეთ ინტიმურ რაღაცეებზე? შენი მესმისო? ხომ არ შეარცხვენ. ზიხარ ამიტომ შენთვის გაყურსული და დროს კლავ. კარგია ყველაფრით უკმაყოფილო რუსების მოსმენაც, ისინი ძირითადად საყიდლებზე ლაპარაკობენ. აქ ძვირია, იქ იაფია, აქ საშინელი ამინდი და საჭმელია, იქ უკეთესია. იტალიური და ესპანური ენების გარჩევაც მალე ვისწავლე, ამ მხრივ ლონდონის ავტობუსი უნიკალური ადგილია. მეტროში მაინც ხმაურია და არაფერი გესმის, საცქერლადაც მეორე სართულიდან უკეთ მოსჩანს ქალაქი.
ერთხელ ღამის ავტობუსში სიცილიელი მიკელე გავიცანი. დიდი ხნის ნაცნობივით გადამიშალა გული. მამამისი ქილერი ყოფილა, დედას გაუზრდია, მამა არც უნახავს. მერე დედას არევია ფსიქიკა და მიკელეს აუღია მცირეწლოვან დებზე მზრუნველობა. დედა მამამისის მტრებს მოუკლავთ. ბიძას წაუყვანია ნიუ-იორკში, სადაც მანქანაში დატვირთული ნარკოტიკით დაუჭერიათ. ნაღდად არ ვიცოდი წამალი თუ მედოო, ირწმუნებოდა თურმე, მაგრამ მართლმსაჯულებამ არ დაუჯერა. ცოტა ხანს მჯდარა, მერე ისევ სიცილიაზე მოუშორებიათ. თავიდან დაუწყია ცხოვრება მიკელეს. ლონდონში ჩამოსულა, ხუთივე დისთვის მზითვების ფული უშოვნია და გაუთხოვებია. კარგად წასვლია საქმე, მაგრამ კაზინოში თამაშს მიეჩვია და გაღატაკებულა. თავი გატეხილი, თითი გაჭრილი, ღვინის სუნი ასდის და ევროპელის კვალობაზე საშიშად გამოიყურება, არადა თვალებში უყურებ და კეთილ კაცს ჰგავს…
ერთი კეკლუცი გოგოს ფოტო მაჩვენა, გიყვარს-თქო და არა, დედაჩემია ახალგაზრდობაში, მანამდე, სანამ მე გამაჩენს და დედა გახდებაო. ვუყურებ და თან დედაჩემია, თან სრულიად უცნობი გოგო. ასე უფრო მიადვილდებაო.
– შეგცოდებია ადამიანი, ბრო? – მიკელე მეკითხება. მე სულ მეცოდება ვიღაც, ბავშვობიდან. არ მიყვარს პოეტები, როცა მარტო ყვავილებზე და ქალწულის ლანდებზე წერთ, საღამოთი ღობეს რომ გადაახტება და წლებს სიბერე ისე იგერიებს, როგორც ცხენის ძუა ბუზებს. ყალბია, ასჯერ გადაადუღა მწერლობამ. ხალხს კიდევ მოსწონს. მგონია რომ იტყუებიან, სიმართლე სხვაა.
სიმართლე თურმე ისაა, რომ როცა მიკელე ათვალიერებს დედამისის ყოფილი თანამშრომლების და მეგობრების ახალ ფოტოებს, „ის“ აღარ არის, სიცარიელეა. ასე ითვლის ცხოვრებასაც, დედამდე და დედას მერე. აი, ვთქვათ, რომელიმე ნაცნობ კინოფილმს უყურებს, პირველს იმას გაიფიქრებს, როდის ნახა, დედა იყო ამ ქვეყნად თუ არა და თუ იყო, ამ დროს რას აკეთებდა. ზოგიერთი ფილმი ერთადაც აქვთ ნანახი და მისი იშვიათი კომენტარებიც ახსოვს. „ფრითი ვუმენი“ ჰყვარებია განსაკუთრებით. ვერ არის ძალიან ჭკვიანური ფილმი, ფელინის ან გოდარის რომელიმე ნამუშევარი ჰყვარებოდა, აჯობებდა სათქმელად, მაგრამ მიკელეს დედის სასარგებლოდ მინდა ვთქვა: ამასწინათ მერაბ მამარდაშვილის ძველი ინტერვიუ ვნახე, სადაც ამბობს, რომ არ უყვარს ინტელექტუალური და საავტორო ფილმები, კარგი დეტექტივი და ვესტერნი ურჩევნია. და გამიკვირდა. ისე, რას გაუგებ, შეიძლება იშაყირა კიდეც?
– დედაშენი ცოცხალია? – მკითხა უცებ.
– დედამ იცოდა თქმა, ცუდად ვარ და არ გჯერათ არავისო, მე კი ვღიზიანდებოდი. არ ვიცი რატომ ვბრაზობდი, როცა თავბრუ ეხვეოდა და ვარწმუნებდი, რომ მოეჩვენა. როგორც ჩანს დიდხანს ითმინა ჩემი ურწმუნობა და ბოლოს გარდაიცვალა, ისე რომ არავის არაფერი გვკითხა. ასე დაგვიმტკიცა, რომ მართლაც ცუდად იყო და შეგვარცხვინა. თითქოს მისი სიმართლე და ჩემი გაჯიუტება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სიცოცხლე.
ისე ბავშვობისას მშობელთაგან ორივეს აკლდა ყურადღება, მამასაც და დედასაც. ორთავე შუათანა შვილები იყვნენ. ერთმანეთი რომ მონახეს, კარგად შეეწყვნენ. საშუალო შვილებს დიდად არ სწყალობდნენ ჩვენს ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში ჩემები ასე აღიზარდნენ. უუფლებონი, თამამი ნაბოლარების მოახლეებად. ამიტომ, სადაც შუათანა შვილს ვნახავ, მისკენ მიმიწევს გული. ამას წინათ ბიძაშვილმა შემომჩივლა, ბაბუაჩვენს რაიმე მძიმე ცოდვა ხომ არ აქვს ჩადენილი, ძალიან მეშინია ჩვენზეც არ გადმოვიდესო. გუნებაში ვფიქრობ, არაფერი გაგიყვიათ იმ პატიოსანი კაცის ნაქონი და რაღა ცოდვის გაზიარებაში გამიხდი გულუხვი-მეთქი?
ბავშვობაში რო ამბობდნენ რა არის, პაპაშენის ქონებას ხო არ აგებ, ფეხბურთია ბოლოსდაბოლოსო, სწორედ პაპაჩემის ქონებაზე არ მიკამათია და გადავრეულვარ, არცერთისაზე. აი ფეხბურთში კი ნამდვილად ჭინჭყლი ვიყავი.
– ჩემი შუათანა და მღერის ძალიან კარგად. – გამიღიმა სიცილიელმა.
– ეჭვიც არ მეპარება. – და არც მიკვირს. ან რაღამ უნდა გამაკვირვოს, როცა იმ იმპერიაში დავიბადე, სადაც ანანასი დელიკატესად ითვლებოდა, ხოლო პირველი ბანანი უფრო გვიან დავიჭირე ხელში, ვიდრე კალაშნიკოვის ავტომატი.
მიკელე ერთხანს ჩაფიქრდა, მერე ამომხედა: წუხელ ჩემმა დისშვილმა მკითხა, აი, ბავშვობაში რომ ჭრელი ქუდი დამახურე და ყინვა იყო, გახსოვს? მე არ მახსოვდა და ვიფიქრე, რომ ალბათ არც მამაჩემს ახსოვდა ცირკში რომ ვყავდი და არც ბაბუას ახსოვდა, აღლუმზე, მამაჩემი რომ ეჯდა კისერზე.
– რა გულდასაწყვეტია-თქო! – მოვატყუე ჯენაროს, კი, კარგად მახსოვს და რატომ მკითხე-თქო? ისეო. ჰოდა, ეგ როგორ არის, ბრო, ძვირფასი მომენტი შენი ცხოვრებისა, შენთვის უმნიშვნელოვანეს პიროვნებას რომ არ ახსოვს?
არ ვუპასუხე. რადგან არ ვიცი მიკელე, ჩვენ, ქართველებს, არ გვახასიათებს ასეთ სიღრმეებში ჩასვლა, უფრო მოლხენის ხალხი ვართ. ჩვენი სიღრმე ქვევრშია. აი, რომ დავლევთ, მერე თუ გინდა “კარდუზე” ვისაუბროთ, როგორც “მეტაფიზიკურ თაურმდგენზე ქართველი ერის თვითობისა”- გავიფიქრე და ამ სიტყვების ავტორივით ნიკაპი არ გავავარჯიშე, რათა ინგლისელ ლორდს დავმსგავსებოდი.
პიკადილიზე სპორტ დაირექტთან ჩამოვედი და სოჰოსკენ გავეშურე. ჩინურ კვარტალში, იქ სადაც ვიტრინებში შემწვარი ქათმები ჰკიდია, აზიელი ქალბატონი გადამიდგა და გამომწვევად მკითხა:
– მასაჟი გნებავთ,სერ?
– უარს არ ვიტყოდი.
– 35 ფუნტი! – მერე ცოტა ახლოს მოსწია სახე და თითქმის ჩამჩურჩულა. – ჰეფი ენდით 60, სერ!
© არილი