რეცენზია

გიორგი კაკაბაძე

საზოგადოებიდან გაქცევა

ბესო ხვედელიძე, გაფრინდინელა (რომანი). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილისა, გარეკანზე ალიონა ბაკუშინას ფოტო. თბ. “დიოგენე”, 2004.

კობო აბეს ერთ-ერთ მოთხრობაში სასოწარკვეთილი მამაკაცი ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იღებს ცარცის ნატეხს, კედელზე ხატავს კარს, შემდეგ აღებს მას და შეუცნობელ, უცხო განზომილებაში შეაბიჯებს… ასე აღწერა მწერალმა უკანასკნელი საშუალება, რომლითაც პიროვნება სოციუმისაგან და მის მიერვე შექმნილი ცივილიზაციისაგან თავის დაღწევას ცდილობს. ზოგი თვლის, რომ რეალობიდან გაქცევა, შესაძლებელია, ცხოვრების წესი იყოს, ზოგიც კი მას ახალგაზრდობის ერთ-ერთ მანკიერ თვისებად მიიჩნევს.
ბესო ხვედელიძის რომანი (უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით “რომანი-იგავი”) “გაფრინდინელა” ასეთივე ესკაპისტური ნაწარმოებია. იგი გარკვეული გაგებით ქართული ლიტერატურული ტრადიციების გამოწვევაა, რადგან კონფლიქტშია დამკვიდრებულ გემოვნებასთან, ეტიკეტთან. აქ სტილი სტილს უპირისპირდება, ჟანრი – ჟანრს, რომანი წინააღმდეგობებითაა სავსე. მას მხოლოდ თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს, სხვადასხვაგვარი ახსნის საშუალებას იძლევა და მკითხველს დიალოგში იწვევს.
ვინც ამ წიგნს ტრადიციული ნიაზით წაიკითხავს, თარაშ ემხვარივით დაიკვნესებს: “გახუნდა ჩემი საყვარელი ფერები”-ო და მართალიც იქნება, რადგან მასში ვერ შეხვდება ტრაგიკული ეპოქის სცენებს, რაყიფების რაინდულ პაექრობას და შეყვარებულთა მელანქოლიურ პათოსს. რომანში ტრადიციული, ავანგარდული, მისტიკური, აბსურდის და სხვა ლიტერატურული ხერხები გვერდიგვერდაა გამოყენებული. აღარაფერს ვიტყვი ჟანრული ფორმების მრავალფეროვნებაზე. რომანში ლექსებსაც შეხვდებით და ნოველასაც. ეს უკვე აღარაა “დიდი მიზნებისა” და “დიადი იდეების” მწერლობა (რასაც ათწლეულების მანძილზე მიგვაჩვიეს). იგი ახალი ტალღის ნონკონფორმისტული ნაწარმოებია, თუ გნებავთ სულიერი წინააღმდეგობის ლიტერატურა.
სამყარო სწრაფად იცვლება, მასთან ერთად იცვლება ადამიანთა გემოვნება და შეხედულებები, იცვლება ესთეტიკაც. ახალი ეპოქა ახალ დამოკიდებულებებს, ახალ შეფასებებს მოითხოვს. ბევრი რამ, რაც ხელოვნებაში ნორმად ითვლებოდა, დღეს უკვე მოძველებული და მიუღებელია. ახალ საუკუნეში მწერლებს ახალი გზების, ახალი გამომსახველობითი საშუალებების მოძებნა სჭირდებათ. ანუ ყველაფერი ის, რაც ასე აღიზიანებს ლიტერატურის ტრადიციონალისტ კრიტიკოსებს. რაც შეეხება ტრადიციას, იგი არც საშვილიშვილოდ დაწერილი დოგმების წიგნია და არც ბედისწერა, რომელსაც ვერსად გაექცევი. ტრადიცია სულიერი მემკვიდრეობის, სულიერი გამოცდილების გაგრძელებაა. ტრადიციების დარღვევას კი თავისი მეამბოხური მიმზიდველობა აქვს, ამიტომაც ყოველი კარგი წიგნი ერთგვარი რევოლუციაა.
“გაფრინდინელა” ერთი პერსონაჟის – კოკას აღსარებაა, უფრო ზუსტად მისივე ცხოვრების რეტროსპექტული ხედვა და ჭეშმარიტების შეცნობის მცდელობა იმ ფაქტების, ნიშნებისა და სიმბოლოების მიხედვით, რომელიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაზე, მატერიალური თუ სულიერი ობიექტების საშუალებით ახდენს ზეგავლენას.
კოკას საკუთარ საარსებო სივრცესთან აქვს კონფლიქტი, ამიტომ იგი იძულებულია ბრძოლის ველს გაეცალოს, და მის მიერვე გამოგონილ იდეალურ ქალაქ როზენბურგში იქირაოს ბინა. მან საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესს წარმოსახვით სამყაროში გაქცევა ამჯობინა.
რომანი ტრადიციული ფორმით იწყება, ამიტომ გარკვეულად შესაძლებელია პერსონაჟის საქციელის გამოცნობა.
ყოველი ადამიანის საქციელს ფსიქოლოგიური წინაპირობა და მიზეზი აქვს. კოკას კონფლიქტში მის ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რომანში ბოროტება პერსონიფიცირებულია:
მამას ამპარტავნება და პატივმოყვარეობა ახასიათებს, ამიტომ იგი თავის კომპლექსებს სხვისი დამცირებით იკმაყოფილებს.
მეორეა მოჩვენებითი ღვთისმოსაობა და სათნოება, რომლის უკანაც ფარისევლობა და სულიერი სიღატაკე იმალება. ერთ-ერთი სადილის დროს ყველა გულმოდგინედ უსმენს მარგო ბებიას, რომელსაც ლოცვანი გადაუშლია და გულმოდგინედ ბუტბუტებს, მაგრამ “მამაო ჩვენოს” სიტყვების შეხსენება სჭირდება. გასაგებია, რომ ამ ოჯახში ლოცვებს მხოლოდ დღესასწაულზე და ისიც თავის გამოდების მიზნით კითხულობენ. ერთ-ერთი ასეთი უბედურება გულგრილობაცაა, რომელიც ორივე მშობელს, არა მარტო ერთმანეთის, არამედ შვილის მიმართაც ახასიათებთ. ამ დაძაბულ ურთიერთობას საბოლოოდ ქალის სახლიდან წასვლა და გათხოვდება მოჰყვება. მას მერე დედას შვილი თვალით აღარ უნახავს.
ეს ადამიანები ჩაფლულნი არიან ისეთ სოციალურ რეალობაში, რომლის ლოგიკაც თავად არ ესმით. ამიტომ სივრცე, რომელშიც კოკა იზრდება, სიყვარულსაა მოკლებული, მისი ადგილი კი გულგრილობას, პატივმოყვარეობასა და ფარისევლობას დაუკავებია. ბავშვს პირველ რიგში სიყვარული სჭირდება, და კოკაც ბავშვურ გამოსავალს პოულობს, იგი საბავშვო ბაღში ერთ ლამაზ გოგონას – ვერას სიყვარულში გამოუტყდება. ამ საქციელის გამო მასწავლებელი მას სასტიკად დაამცირებს და მთელი დღე ცივ კუთხეში დააყენებს. აქ კიდევ ერთ საზოგადოებრივ ბოროტებას ვაწყდებით: ადამიანის თავისუფალი ბუნების წინააღმდეგ გალაშქრებას. ეს ჯოგური ინსტინქტი განსხვავებულების მიმართ შიშს ნერგავს, ადამიანში თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის საშუალებას ახშობს და მის თავისუფალ ნებას თრგუნავს (ეს თვისებები უფრო ხშირად დადებით ელფერს ატარებდა ქართულ მწერლობაში).
სამყაროში, სადაც კოკა იზრდება, უფროსსა და უმცროს თაობას შორის ბერლინის კედელია აღმართული. ოჯახისადმი კოკასა და მისი მამიდაშვილის, ბაჭიას მტრული დამოკიდებულება მაშინ ჩანს, როდესაც ისინი სახურავზე აცოცდებიან და მშობლებს თხილებს ესვრიან, “ვითომ ისინი გერმანელები არიან”, – განმარტავს კოკა.
ყოველი უარყოფითი თვისება, რომელიც ჩამოვთვალეთ, ერთად თავმოყრილი, ძალიან საშიშია, რადგან იგი მსხვერპლად სისპეტაკეს, უმანკოებას და უბრალოებას მოითხოვს. სწორედ ამას ეწირება კოკას მამიდაშვილი ბაჭია.
გასაოცარი ლიტერატურული ნიმუშია ბაჭიას სიკვდილი, რომელიც ბავშვისათვის დამახასიათებელი ნაივურობითა და დრამატიზმითაა აღწერილი:
“ბაჭიასკენ კრიჭაშეკრული იყურები და ხედავ, რომ ის მართლა ნელ-ნელა მიცურავს დაბლა. ხელს იწვდენ, მაგრამ უკვე გვიანია. სული გიგუბდება და სუნთქვა გეკვრის. ბაჭია ხმას არ იღებს – ისევ ქვემოთკენ მიცურავს და გაფართოებული თვალებით ამოგცქერის. შენ თვალებს ხუჭავ. ტყლუპ!!! უცებვე ახელ. სახურავი ცარიელია. ბაჭია აღარ ჩანს. აძაგძაგებული კიბისკენ მიფორთხავ და დაბლა იხედები. ბაჭია გულაღმა წევს მიწაზე და თვალები დახუჭული აქვს. სწრაფად ეშვები კიბეზე და ბაჭიასთან იჩოქებ. ბაჭიას ხელისგულში თხილები აქვს მომუშტული.”
ბოროტებას ფიზიკურად ეწირება ბაჭია, მორალურად კი – კოკა, რადგან ბაჭიას სიკვდილში ისიც გრძნობს თავს დამნაშავედ. შემდეგ მთელი ცხოვრება ცდილობს ამაზე ფიქრს თავი აარიდოს და იგი ქვეცნობიერის სასტიკ ჯურღმულებში გამოკეტოს. სულიერი სიკვდილი კი ზოგჯერ ფიზიკურზე უფრო ტრაგიკულია, რადგან მას მუდმივი შიში, ტკივილიანი ცხოვრება და ავის მოლოდინით შეძრწუნებული სულიერი მდგომარეობა ახლავს თან.
პიროვნება უცხოვდება საკუთარ ქვეყანაში, ქალაქში და ეპოქაში. ასეთ შემთხვევებში რამდენიმე გამოსავალი არსებობს, მაგალითად, გიუნტერ გრასის რომანის “თუნუქის დოლის” პერსონაჟმა – ოსკარ მაცერატმა – ძალიან ადრე გაიგო მოზარდთა სამყაროს მთელი სიბინძურე და პტოტესტის ნიშნად გადაწყვიტა აღარასოდეს გაზრდილიყო, რაც მოახერხა კიდეც. სამი წლის ასაკში სარდაფში ჩავარდა და ზრდა შეწყვიტა. მას შემდეგ მუდამ განუყრელად დაატარებდა თუნუქის დოლს, რომელზე გაუთავებელი ბრახუნითაც გამოხატავდა თავის მსოფლმხედველობას და საზღვარს ავლებდა მასსა და მოზარდთა სამყაროს შორის.
მეორე დიდი გერმანელი მწერლის – ჰერმან ჰესეს რომანში: “შუშის ბურთულებით თამაში”- აღწერილია სახელმწიფო სახელმწიფოში – “კასტალია”, რომელიც იმ ინტელექტუალების თავშესაფარი ადგილია, რომელთაც სრულიად არ გააჩნიათ ცხოვრებისეული გამოცდილება, სამაგიეროდ განვითარებული აქვთ მშვენიერების შეგრძნება. ჰერმან ჰესესთვის “კასტალია” აბსტრაქტული, რთული სიმბოლოა სულიერების თავშესაფარისა იმ სამყაროში, რომელიც უიმედოდაა დაავადებული.
იქნებ პიროვნების გადარჩენის ერთ-ერთი გზა საზოგადოებიდან გაქცევაა? იდეალური ქალაქი – როზენბურგი, რეალური სამყაროს სრული ანტიპოდია. მათი ტემპი განსხვავდება ერთმანეთისაგან. სოფლის უზრუნველ, მშვიდ სცენებს როზენბურგის ნერვული, აჩქარებული მოუთმენლობა უპირისპირდება. რეალურ ცხოვრებაში სიყვარულში ხელმოცარული კოკა როზენბურგში ოცნების ქალს, დოლორესს ხვდება და თავს ბედნიერად გრძნობს. იგი ახალ თავისუფლებას პოულობს და ცდილობს დაიბრუნოს ის, რაც მას ცხოვრებამ წაართვა.
როზენბურგი გარშემომყოფთათვის დაფარულ, ხელმიუწვდომელ სივრცეშია განთავსებული. იგი გმირის შიგნით, მის ცნობიერებაში არსებობს და კოკას ოცნებისა და შიშის სამყაროა. ეს ქალაქი იზიდავს და იმავდროულად ემუქრება მას. ამგვარი ფორმით აბსურდული სიტუაცია სრულიად რეალური და ხელშესახები ხდება (რა თქმა უნდა ლიტერატურული გაგებით). ამ ხერხით მწერალი არა მხოლოდ პერსონაჟის სულიერ მდგომარებას, არამედ რეალურობის მეტაფიზირებას ახდენს. რეალური სამყარო მისი პასტორალურობის მიუხედავად უფრო საშიში და დაუნდობელია, ვიდრე როზენბურგის აფორიაქებული ურბანიზმი. აქ არ შეიძლება ერთი ბიბლიური პარალელი რომ არ გაგვახსენდეს: აბრაამის ძმიშვილი – ლოთი – სანამ სოდომში ცხოვრობდა, წმინდა და მართალი ადამიანი იყო. იგი მხოლოდ მაშინ წაწყდა, როდესაც ამ ცოდვის ბუდეს გაეცალა და თავი სამშვიდობოს იგრძნო. როდესაც ავტორი როზენბურგის სცენებს გვიხატავს, იგი სინამდვილეში იმ ტრაგიკულ გაორებას აღწერს, რომელიც კოკას სულიერ სამყაროში ხდება.
სიყვარულიცა და სიძულვილიც ემოციურობის ორი პოლუსია, ძლიერი გრძნობა შეიძლება აგრესიულიც იყოს და ნაზიც. სიყვარული ადამიანის არსებობის ერთადერთი ფასეულობაა, მაგრამ იგი ამავე დროს დესტრუქციული ძალაცაა, რადგან სიყვარულის ობიექტში შერწყმას, ანუ საკუთარი იდენტურობის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ დოლორესისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაცა და შესაბამისად, მისი სიკვდილიც, კოკას ქვეცნობიერი ნების გამოხატულებაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ როზენბურგი კოკას მიერ შექმნილი ქალაქია და იქ განვითარებული მოვლენები გარკვეული ფორმით მის მიერაც იმართება.
კოკას მეტამორფოზა მისი სხეულის ტრანსფორმაცია კი არა, აბსურდულ სამყაროში მოხვედრილი ადამიანური ფსიქიკის თავისებურებაა. ისეთი თავისებურება, როდესაც პიროვნება საკუთარ სხეულში ყოფნით დისკომფორტს განიცდის და რადგან ახალ მდგომარეობაში ყოფნის იმუნიტეტი არ გააჩნია, ცხოვრების მიერ დაგებულ მახეში ებმება. შიში კი მისი ბუნების ერთადერთ თვისებად რჩება. მწერად გადაქცეული კოკა თავისივე საოცნებო ქალაქის ერთ-ერთი სახლის ტუალეტში გამოემწყვდევა. გამოსავალი აღარაა, ან უნდა დაიღუპოს, ან ისევ იმ სივრცეს დაუბრუნდეს, საიდანაც თავის დაღწევას ამაოდ ცდილობდა. ეს კი ცხოვრებაზე ამბოხებული ადამიანის საბოლოო დამარცხებაა.
ავტორი აქ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშია, ალეგორიაა, გაქცევა კი ილუზია, რადგან ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ამ ცხოვრების ტუალეტში გამოკეტილი უცხო არსება. მნიშვნელობა არა აქვს, ეს წარმოსახვითი სამყარო იქნება, თუ რეალური, იდეალური ქალაქი, თუ აბსურდული. ეს ის სინამდვილეა, რომელზეც საზოგადოება ხმამაღლა არ ლაპარაკობს, ან ამის აღიარება უჭირს.
ბესო ხვედელიძე იმ მხატვრულ-ფილოსოფიურ ხედვას გვთავაზობს, რომელსაც მის შემოქმედებაში დომინანტური როლი ენიჭება: ცხოვრება ამგვარი მახეების გაუთავებელი ლაბირინთია და საკმარისია ადამიანმა ახალ თავისუფლებას მიაღწიოს, რომ იგი მისთვის უმალვე ახალ საპყრობილედ გადაიქცევა.
ახალ საუკუნეში პიროვნება დაიმცრო, დაპატარავდა. საზოგადოების თვალში ფასი დაკარგა. თუმცა, შეიძლება საკუთარ თავთან მებრძოლი ადამიანი გაცილებით უფრო დიდი გმირი იყოს, ვიდრე ურჩხულთან მეომარი რომელიმე რაინდი. ასეთი პიროვნებების შემჩნევა კი დღეს მხოლოდ ნიჭიერ მწერლებს შეუძლიათ.
შეიძლებოდა კიდევ ბევრი გვეთქვა ნაწარმოების ემოციურ ტონსა და ლექსიკაზე, რომელიც მოთხრობილი ამბისა და განწყობილების ადეკვატურია; ქალაქ როზენბურგის მიკროკოსმოსში ჩაკეტილ, სოციალური მდგომარეობის უარმყოფელ ახალგაზრდებზე; მათ თრეშ კულტურაზე (კულტურა ავტორიტეტებისა და ტრადიციების გარეშე); ამ მიმდინარეობის სიმბოლიზმზე, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ინტერპრეტატორის ორიგინალური რეაქცია იქნებოდა და არა მწერლის რაციონალური თუ ირაციონალური ჩანაფიქრი.
შემოქმედება მუდმივი აღმოჩენების პროცესია, რადგან იგი პირობითი და ექსპერიმენტულია. სწორედ ეს გარემოება ასაზრდოებს ხელოვნებას, იგი გვასწავლის, რომ ერთდროულად შეიძლება წარსულშიც გადავიხედოთ და მომავალსაც გავუსწოროთ თვალი. მწერალში პირქუში კაცთმოძულეც დავინახოთ და მხურვალე ჰუმანისტიც, რეალისტიცა და მოდერნისტიც. ხელოვნებაში ეს ყველაფერი დასაშვებია.
მთავარია, რომ ლიტერატურის ნიმუშმა დაარღვიოს თავისი დროის ჩარჩოები, გარკვეული გაგებით, შეცვალოს ხელოვნების განვითარების გეზი, შეცვალოს ადამიანთა მიერ დაკანონებული შეხედულებები სილამაზის, სიყვარულის, რეალურობისა და აბსურდულობის, თუ გნებავთ, რომანის ფორმისა და სტილის შესახებ, რადგან ყოველივე ამის გარეშე ნამდვილი ლიტერატურა ინტელექტუალური ნარკოტიკის ნაირსახეობად ვერასოდეს გადაიქცევა.

© ”წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box