ახალი ამბები

გიორგი კაკაბაძის რჩევები – რა შევიძინოთ წიგნის ფესტივალზე

ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 4, 5 და 6 ნოემბერს წიგნების ბაზრობას მასპინძლობს. მწერალი და მთარგმნელი გიორგი კაკაბაძე გვირჩევს, რა შევიძინოთ ფესტივალზე.

კნუტ ჰამსუნი, „მიწის მადლი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2020, მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

ფუნდამენტური რომანი ბუნების პირისპირ დარჩენილი ადამიანისა და პირველყოფილი ჰარმონიის დარღვევის შესახებ. მთავარი გმირი – ისააკი ცივილიზაციისგან მოშორებით ცხოვრებას ირჩევს, აშენებს სახლს, მოგვიანებით ქმნის ოჯახს, აშრობს ჭაობს, თესავს, ხნავს, იღებს მოსავალს და საერთოდ, მძიმე ფიზიკური შრომა უწევს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ბუნებასთან ჰარმონიაშია. მიწა ნაყოფს აძლევს, პიროვნულად კი თავისუფლებასა და ავტონომიურობას იძენს. შეიძლება დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ავტორის კონცეფციას, რადგანაც რომანში ორივე მოსაზრებისთვის საკმაოდ ბევრი არგუმენტია მოყვანილი, მაგრამ ერთი რამ უდავოა, ესაა ადამიანის შეუპოვრობისა  და თავისუფლების მოყვარეობისადმი  მიძღვნილი ჰიმნი. წიგნი საკმაოდ ადვილად იკითხება და ბრწყინვალედაა ნათარგმნი.

ჯუნიჩირო ტანიძაკი, „ნაზი თოვა“, „დიოგენე“, 2022, მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი

იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, შეიძლება ითქვას, ტრადიციული იაპონური კულტურის ენციკლოპედია. რომანში გასული საუკუნის იაპონიის 20-იანი წლების ცხოვრებაა აღწერილი. ესაა ოდესღაც ძლევამოსილი და პატივსაცემი ოჯახის ისტორია, რომელიც ახალი ეპოქის დადგომასთან ერთად კარგავს თავის გავლენას და დაცემის პირას მიდის. ამ არისტოკრატიული გვარის კრიზისის მიზეზიც ისაა, რომ ოჯახის ზოგიერთი წევრი ვერ ამჩნევს დროის  ცვლილებას, თვალს ხუჭავს თანამედროვე პროგრესზე და ინერციით განაგრძობს ცხოვრებას. ძალიან საინტერესოა, რომ რომანი, ერთი შეხედვით, მოულოდნელად, მაგრამ შემაშფოთებელი მღელვარების ფონზე მთავრდება. ეს ის საფრთხეა, რომელიც ამჟამად არ ჩანს, მაგრამ მომავალში აუცილებლად მოხდება.

ტანიძაკი ბევრს წერს სილამაზეზე, ბუნებაზე, ქალებზე, ცხოვრების ტრადიციულ სტილზე, დაწვრილებით აღწერს აუჩქარებელ იაპონურ ყოფას, ხასიათსა და მენტალიტეტს და მკითხველსაც აჩვენებს, თუ როგორ უნდა დატკბეს მარადიული სილამაზის ცვალებადობით.

თომას ვულფი, „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“, „არტანუჯი“, 2019, მთარგმნელი: ნინო ქაჯაია

მასშტაბური, ეპიკური და გრანდიოზული რომანია. მისი წაკითხვა რაღაც ძალიან დიდთან, მარადიულთან და მიუწვდომელთან შეხების განცდას დაგიტოვებთ.

ყოველი ადამიანის ცხოვრება ცალკეული სიუჟეტია თავისი ხასიათებით, ემოციებითა და განსხვავებული ხედვით, ამიტომაც თომას ვულფმა პირადი ისტორია თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან რომანად გადააქცია. ეს არის რომანი საკუთარი თავის ძიებაზე, პიროვნების ზრდაზე, ოცნებებსა და იმ იმედგაცრუებაზე, რასაც ცხოვრების მანძილზე ყოველი ადამიანი განიცდის. წიგნში სიუჟეტი არ არის მთავარი, აქ ვერ შეხვდებით ინტრიგებს,  მკვლელობებს და პიკანტურ სცენებს (რაც ჩვენი დროის ძირითადი საბაზრო მიმართულებებია). სამაგიეროდ, ასე ვერავინ წერს, ავტორი სავსეა შთაბეჭდილებებით, ცხოვრებას მრავალმხრივ აღიქვამს და ყველაფერ ამას ძლიერი ემოციური ნაკადით გვაწვდის. თხრობის ფეთქებადი, ძარღვიანი და მეტაფორული მანერა სამუდამოდ შეგაყვარებთ ამ რომანს.

რთული, მაგრამ მშვენიერი წიგნების კითხვის უპირატესობა იმაშია, რომ ისინი სხვა, არანაკლებ საინტერესო წიგნებს გაპოვნინებენ და ამას დასასრული არ ექნება.

© არილი

Facebook Comments Box