ახალი ამბები

მინდია არაბულის რჩევები – რა შევიძინოთ წიგნის ფესტივალზე

პრეამბულა მინდია არაბულისგან:

პირველი რუსი ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში გავიცანი, იყო ბებიაჩემი.

თითქმის მთელი ბავშვობა, როცა „რუსი“ მესმოდა, პირველ ასოციაციად თბილი და ათლარიანების მჩუქებელი ანია მოდიოდა.

კომფორტული იყო ყველა ისტორიული უბედურების გამართლება ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა „იმპერია და არა ხალხი”, „საბჭოთა კავშირი და არა ხალხი”, „ცუდი მთავრობა და არა ხალხი”.  თუმცა, 2008-ის შემდეგ სწორედ ხალხის საკითხი დარჩა ჩემთვის ცაში გამოკიდებული. სადაა რუსი ხალხი ამ დროს? რას აკეთებენ, რას ფიქრობენ და საუბრობენ.

წელს, თებერვლის შემდეგ, კიდევ ერთი სიცხადე მოვიდა:

 „ხალხი და არა იმპერია, მთავრობა ან კავშირი”. ხალხი მიესალმებოდა უკრაინის ქალაქების განადგურებას, ხუჭავდა თვალს ბუჩაზე და რამაც ყველაზე მეტად გამაოცა – როცა საზარბაზნე ხორცის ძალიან აშკარა ფუნქციით დააჯილდოვა მთავრობამ, მაშინაც კი ჩაქინდრა თავი და მორჩილება გამოუცხადა.

შეიძლება, მთავრობა წავიდეს, მაგრამ ხალხი – მთელი თავისი საზოგადოებრივი დანაშაულითა და ისტორიის უარყოფით – დარჩება.

და მიუხედავად იმისა, რომ ტიუტჩევმა დაგვიბარა, “Умом Россию не понять”-ო, სამი წიგნი, რომლებიც შევარჩიე, არის ამ ხალხის აზროვნების გაგების მცდელობა.

ვარლამ შალამოვი, “კოლიმური მოთხრობები”, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022, მთარგმნელი: თამაზ ნატროშვილი

ვარლამ შალამოვი ეკუთვნის საბჭოთა სისტემის მიერ დაღეჭილი, მაგრამ ვერშეჭმული ავტორების სიას.

შალამოვმა 12 წელზე მეტი გაატარა გულაგებში, გამოვიდა 1951 წელს, ხოლო წერა თავის გამოცდილებებზე 1954-ში დაიწყო.

ერთი შეხედვით, ლოგიკურია, რომ რეპრესირებულ მწერალს გულაგის ჯოჯოხეთის ასეთი აღწერა სტალინის სიკვდილის შემდეგ დაეწყო. თუმცა, ხრუშჩოვის ანტისტალინური მოხსენება მხოლოდ 1956-ში გაჟღერდა. შალამოვს ვერ ექნებოდა გარანტია, რომ კომპარტიის რომელიმე წყობა ისევ უკან არ გაგზავნიდა.

მე სხვა მიზეზი მგონია რელევანტური – სტალინის სიკვდილამდე შალამოვისთვის გულაგი ვერ იქნებოდა დამთავრებული.

ერთი რამ, რაც შეუძლებელია, არ შეამჩნიო “კოლიმურ მოთხრობებში”, არის გულაგებში სამუშაო ძალის წარმოუდგენელი არაეფექტურობა. ერთადერთი, რაშიც გულაგი ქირურგიული სიზუსტით მუშაობდა – დეჰუმანიზაციაა. არამხოლოდ ტუსაღების, არამედ ბადრაგებისაც. ხოლო სტალინის ჩრდილქვეშ ეს ლოგიკა მთელ სახელმწიფოზე ვრცელდებოდა. მთელი სახელმწიფო იყო მეზობლების, თანამშრომლების, უცხო ხალხის ზედამხედველი და ბადრაგი.

შალამოვი ამ ყველაფრის აღწერას სოლჟენიცინისეული მესიანიზმის გარეშე ახერხებს. როგორც მეცნიერი, ანთროპოლოგი ანდაც დიაგნოსტიკოსი. მოაქვს გულაგიდან ადამიანის, ბუნების უკიდურესი სიმკაცრისა და სახელმწიფო ძალაუფლების კომბინაციის ამბები ბრედბერის ტანმოხატული კაცივით, უბრალოდ, ამ ვარიაციაში მისი ამბები ციხის ტატუებითაა ჩაწერილი.

ცხადია, რომ საზოგადოება, რომელიც უარს ამბობს თავისი ჯოჯოხეთური წარსულისთვის თვალის გასწორებაზე, გარეთ დაიწყებს დამნაშავეების ძიებას და დიდ მსხვერპლთან ერთად საკუთარ თავსაც გამოჭამს.

ვენედიქტ ეროფეევი, მოსკოვი-პეტუშკი, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2018, მთარგმნელი: დავით ცინცაძე

ამ ნახლაფორთალი იდეოლოგიის ცენტრში, რომლის გადროშებასაც დღეს რუსული პროპაგანდა ცდილობს, ბევრი რელიგიური ელემენტია მოთავსებული.

მეტწილად კი მესიანიზმი, რომელმაც სამყარო უნდა გადაარჩინოს სულიერ გადაგვარებას თავისებური ესენციით, რომელიც რუსულ სულადაა მონათლული. უცნაური ისაა, რომ ამ სულის თანაზიარი შეიძლება როგორც მოწინავე ინტელექტუალი, ასევე წერა-კითხვის უცოდინარი გლეხიც იყოს. და ეს უკანასკნელი ხშირად უფრო ნათლადაც კი განასახიერებს ნახსენებ იდეას. აკი სიხარულით შემოხტა ლევ ტოლსტოი, როცა მაქსიმ გორკი გაიცნო – „Вы – настоящий мужик!” წამოძახილებით.

აი, ვენედიქტ ეროფეევი კი ამ რუსულ სულში მოხეტიალე სალოსია, რომელიც ხეტიალისას ხან ოდეკოლონს სვამს, ხან ღმერთმა არ იცის – რაღას.

გორკი-დოსტოევსკისეულ პერსონაჟებში ალკოჰოლიკები და მკვლელები საკუთარ ჭუჭყში ჩაღრმავებისას მაინც ახერხებენ საკრალურის აღმოჩენას. ეროფეევის პერსონაჟი კი შუა მოსკოვში ხეტიალისას კრემლს ვერ აგნებს. კრემლის ვერპოვნით იმედგაცრუებული მიემართება თავის საყვარელ ქალთან და შვილთან. თუმცა, ალკოჰოლის ბურუსი ისევ და ისევ წრეზე ატრიალებს. ასე დადის ისტორიულ ცენტრსა და პირადს, ოჯახურს შორის დაკარგული და ბოლოს კი ხდება, რაც ხდება.

წელს რომ ყოფილიყო “მოსკოვი-პეტუშკი” დაწერილი, ეროფეევის პერსონაჟს, ალბათ, დაიჭერდნენ ქუჩაში და გაგზავნიდნენ უკრაინაში მობილიზაციით. აშკარაა, რომ აზრისა და მნიშვნელობის მაძებარი ხალხი ყველა შეთითხნილ იდეოლოგიას გადაყლაპავს (ალკოჰოლზე დამზადებული პარფიუმერიის აურაცხელ ოდენობასთან ერთად), ოღონდაც ვიღაც დაჰპირდეს, რომ მისი ხეტიალის ბოლოს ან კრემლს დაანახებს, ანდაც ოჯახს.

დანიილ ხარმსი, „შენ ფანჯარაში დამინახავ“, „წიგნები ბათუმში“, 2018, მთარგმნელი: მანანა მენაბდე

დანიილ ხარმსზე შეიძლება ისეთივე ბიოგრაფიული ეპიზოდებით საუბარი, როგორებითაც წინა ორ ავტორზე – არანაკლებ საინტერესო იქნება. ბოლოს და ბოლოს, ხარმსიც საბჭოთა სისტემამ მოინელა. გერმანელების შემოჭრისას ხარმსმა განაცხადა: „საბჭოთა კავშირმა ომი პირველსავე დღეს წააგო. თუ მომცემენ მობილიზაციის ორდერს, კომისარს სახეში დავარტყამ. მესროლონ, დაე – არ ჩავიცვამ უნიფორმას და არ მოვემსახურები საბჭოთა ძალებს”.

ხარმსი დაიჭირეს და 1942 წელს ფსიქიატრიულ სტაციონარში გარდაიცვალა. თუმცა, ამ მწერლის შემთხვევაში, მგონია, რომ ბიოგრაფია ხელსაც კი შეგვიშლის. ხარმსი ფიგურაზე მეტად შიშველ ტექსტადაა შემორჩენილი.

რევოლუციის მიერ გამოთავისუფლებული მოდერნისტული ენერგია მალევე შეეჩეხა საბჭოთა სოცრეალიზმის კედლებს. ამ შეჯახებამ წარმოშვა ისეთი ხულიგნური ნაპერწკალი, როგორიცაა დანიილ ხარმსი. ამ კუთხით ხარმსი არამხოლოდ სისტემასთან, არამედ, ზოგადად, მნიშვნელობის მნიშვნელობასთან დაპირისპირებული ადამიანი იყო. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ხარმსის გალაშქრებები სპეციფიკურად რუსული იდენტობის დაძლევის მცდელობა იყო, მაგრამ იმ ჩარჩოების სიაში, რომელთა დამსხვრევასაც ხარმსი ცდილობდა, ბუნებრივია, ეს იდენტობაც შედიოდა. დღევანდელ რუსეთში ხარმსი ბევრი რამის გამო არ უყვართ. უფრო ხშირად კი – ვერ ამჩნევენ. ადამიანი, რომელიც, წესით და რიგით, რუსი ჯოისის ტიტულს უნდა ატარებდეს, მხოლოდ ვიწრო ინტელექტუალურ წრეებში შეიძლება ტივტივდებოდეს დროდადრო. ჩემი თვალისთვის ესეც საზოგადოების სიმპტომია, ღირსი ცალკე დაკვირვებისა და დათვალიერების.

© არილი

Facebook Comments Box