პროზა

გიორგი კეკელიძე – სხვა ცის ამბავი

ბავშვებისთვის, რომლებიც არ უნდა შიმშილობდნენ

დიდებისთვის, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ ბავშვები იყვნენ

თომას ზღაპრები

წიგნი მეორე

ისევ თ-ს

რედაქტორი – ზაალ ჩხეიძე 

თომა და ნიკა ლო ცაში ფეხით მიდიან  

ბებოს კალენდარზე 9 აგვისტო ეწერა, გარეთ კი ისე თოვდა, თითქოს ცაცანცალას ბალიში დაჭრეს და თეთრი ბატის ბუმბულები გადმოყარესო. ცაცანცალა არ იცით? მფრინავი ჯუჯაა, თომას მეგობარი ჯუჯების სკოლიდან. დადის და დაცანცალებს ცაზე, ღრუბლიდან ღრუბელზე დახტის და დაეხეტება. თან დიიიიდი –  ხუთი რომ ხუთზე გავამრავლოთ, ორი დავუმატოთ და არაფერი გამოვაკლოთ – იმხელა ღრუბლისხელა ბალიშს დაათრევს, მეზობელი ბატის ბუმბულებით სავსეს. ჰოდა, თოვდა, თოვდა. დიახ! მძინარე ცაცანცალას ბალიში დაუჭრეს, ნამდვილად! და ახლა თავი რომელიმე ღრუბელზე უდევს და ვერაფერს ვერ ხვდება.  რა იცის, რომ 9 აგვისტოა და მისი ძილისგუდობის და ცის ონავარი მახრების გამო – თოვლის მოდის!

– ასე არ გამოვა – თქვა თომამ – შოკოლადის ხეები რომ გაიზარდოს, მზის სხივები გვჭირდება. მზე კი არა, თოვლი მოდის. ხე თეთრ შოკოლადებს მოისხამს, ჩვენ შოკოლადისფერი შოკოლადები გვინდა!

– ასე არ გამოვა – ნიკა ლომც გაიმეორა – და რადგან ასე არ გამოვა, მაშინ, როგორც მათემატიკის მასწავლებელი, სახელად ათიათასხუთიგავყოთშვიდზე, გვასწავლის – ისე უნდა გამოვიდეს. ანუ ცაცანცალა უნდა გავაღვიძოთ!

თომამ და ნიკა ლომ მოტორიანი ცოცხები მოქოქეს, მოქოქეს და ის იყო, უნდა გაფრენილიყვნენ ცაცანცალას გასაღვიძებლად, თომას ცოცხმა ხმამაღლა დააცხიკვა – ჩხიკ! ჩხიკ!ჩხიკ! და გაჩერდა.

  • რა მოგივიდა? – დაღონებით ჰკითხა თომამ.
  • დავიღალე – უპასუხა ცოცხმა – და თან ნამდვილი ცოცხობა მომენატრა, ამ საძაგელი მოტორის და აქეთ-იქით ფრენის გარეშე. შეხედე, რამდენი ნაგავია ირგვლივ. უუუფფფფ! რას დავგვიდი!
  • ერთხელ მაინც დამეხმარე და მერე ბებიას მიგაბარებ! – სლუკუნით უთხრა ცრემლემორეულმა ბიჭუნამ.
  • არცერთხელ! ჩვენი ცოცხები, რასაც ვამბობთ, ერთხელ ვამბობთ და აღარ გადავთქვამთ! შენ იატაკის ჯოხში ხომ არ გეშლები? – ამაყად შესძახა ცოცხმა და კედელს მიეყუდა.

თომა იქვე დაჯდა და ატირდა.  ცრემლები ცეკვაცეკვით მოსრიალებდნენ ლოყიდან, მერე ბზრიალთ მიწას ენარცხებოდნენ და სადღაც გარბოდნენ, აქაოდა ვინმემ არ შეგვაჩნიოსო. ვინმე კი აუცილებლად იქნებოდა ახლომახლო. მერე რა, რომ თოვდა, მაინც ზაფხული იყო და ხალხი მიდი-მოდიოდა.

  • ტირილი არ შეიძლება! ბიჭი ხარ და ტირი? – დაუყვირა მეზობელმა ავყანყალამ, გამხმარი ფიცრებისგან აწყობილმა კაცმა, ამ ზღაპარზე გრძელი ცხვირით და იმ ცხვირზე გრძელი ენით.
  • თუ ცრემლი მაქვს, მაშინ ტირილი რატომ არ შეიძლება? – უპასუხა თომამ.
  • ცრემლი მარტო იმიტომ გაქვს – ჩაფიქრდა ავყანყალა, იფიქრა, იფიქრა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიფიქრა, ბევრი ვერაფერი მოიფიქირა და ამოულიღლუღა – იმიტომ,  რომ ჩაყლაპო!
  • ბებიამ მითხრა, რომ ჩაყლაპული ცრემლი ყველაზე მავნეა ავყანყალა! მუცელი ამტკივდება და შენ ვერ მომარჩენ! – არ ნებდებოდა თომა.
  • ბებიაშენმა რა იცის! – დაიყვირა ავყანყალამ – ბებიაშენიც გოგოების ქალაქიდან არის და გატყუებს!
  • როგორ მატყუებს, იმ დღეს, სკოლაში რომ მერხიდან ჩამოვვარდი, მუხლები მეტკინა, შემრცხვა, ცრემლები ჩავყლაპე და მთელი ღამე მუხლების მაგივრად, მუცელი მტკიოდა. ეს შენ ხარ ცრუპენტელა! – გაცხარდა პატარა თომა – ახლა აქედან მოუსვი, სანამ ჯუჯების ჯარს დავუძახე! ცრემლები იმიტომ მაქვს, რომ უნდა ვიტირო!

ავყანყალა უკმაყოფილო აბუზღუნდა, ენა დაკეცა, ძირს დაშვებული ცხვირი გაისწორა და ავყანყალური ყანყალით წაყანყალდა.

თომა დაჯდა და ტირილი განაგრძო.

  • ამ ცოცხზე ორივე ვერ დავეტევით – უთხრა ნიკა ლომ – ამიტომ არც მე არ მინდა ცოცხი, მოდი, ფეხით წავიდეთ!
  • ეგ როგორ? – გაუკვირდა თომას
  • ბევრი უნდა ვიაროთ, ბევრი, მაგრამ სიარული არ ყოფნის, გზაში კიდევ უფრო ბევრი, ბევრი უნდა ვიოცნებოთ.
  • ვიოცნებოთ?
  • კი, კი, ვიოცნებოთ – უპასუხა ნიკა ლომ – მერე ეს ოცნებები ერთმანეთს უნდა მივადგათ და ცაზე ავიდეთ. მხოლოდ ოცნებებისგან კეთდება ისეთი კიბე, ცაზე მიყუდება რომ შეიძლება! მზად ხარ?
  • მზად ვარ! – შესძახა თომამ და მეგობრები გზას გაუდგნენ. ძველი მეგობარი თომთეც და რაღა თქმა უნდა, რომ თუთაც, ეს საოცარი სიფრიფანა გოგონა, არ დავიწყებიათ.

თომა – ჩვენი  ძველი მეგობარია. ბიჭი, რომელიც ბავშვების ქალაქში ორი წინადადებით გახდა ცნობილი. პირველი ზეპირად ვიცი – ,,თუბავშვობამართლაიქმთავრდება, როცალოგინისქვეშშეხედვისაღარგეშინია, მაშინფანჯრიდანუნდამოვისროლოჩემისაწოლი’’  ხო, ესეც ერთი და მეორე, თუ ზუსტად მახსოვს,  ასე იყო:  ,,სიყვარულიუდრისთავდაყირასიარულს. ასეწერიაგრძნობებისმათემატიკაში’’

თომა თავდაყირა თუთას გამო დადიოდა. აი, თუთა კი ცაზე უფრო ცისფერთვალებაგოგონა იყო. ბაფთებად ფითქინა, ფითქინა პეპლები ასხდნენ ოქოროსფერ თმაზე, ძილის წინ გაფრინდებობდნენ პეპლების ქვეყანაში და დილის ნიავთან ერთად ბრუნდებოდნენ. თუთა ძილის წინ წიგნის კარადის კარს ღია ტოვებდა, წიგნებს რომ ესუნთქათ, ამიტომაც, წიგნებში დამალული ფიფქიები, თურმე, დღემდე თუთას უახლოესი მეგობრები არიან.

ნიკა ლო თომას ახალი თანაკლასელია. ნიკა ლო ბიჭია. აბა, საკვირველი თითქოს რა ვთქვი, მაგრამ თომა, ხომ გახსოვთ, ნახევრად ჯუჯაა. აი, ნიკა ლო – მთლიანად ბიჭია. თან სუპერ-ბიჭი. მხატვარია. ამ ზღაპრებში რომ ნახატებია, ეგ ყველა ნიკა ლომ დახატა. თქვენც დაგხატავთ, თუ ყურადღებით წაიკითხავთ. ნიკა ლო კეთილი ხომ ბიჭია, ისეთი, რომ სიკეთის მასწავლებელმა უთხრა, წლის ბოლოს ნიშნის მაგივრად უუუუზარმაზარი ათიანის ტორტს გამოგიცხობო. ხომ მაგარია?!

თომთე სტუმარია ზამთრის ქვეყნიდან. ჯუჯების ათეულის უფროსი. როგორც ძველ წიგნებში ეწერა: თომთესერთიჯადოსნურითვისებაჰქონდა. შეეძლოხმამსოფლიოსნებისმიერკუთხემდემიეწვდინა. თუძველ, უკვე უხსოვარ დროშითომთეებსამისთვისმთელიდედამიწისმცხოვრებლებისგადაყრუებაუწევდათ, ისეხმამაღლაგაჰყვიროდნენ, ჩვენითომთექარსატანდადაპირდაპირსასურველჯუჯასთანმიქროდასიტყვები.

ჰოდა, მიდოდნენ და ოცნებობდნენ მეგობრები. ოცნებოდნენ და მიდიოდნენ. გზა გრძელი იყო,  დაგრეხილი და სახიფათო. ვნახოთ, ვნახოთ – ამბობდნენ გულში..ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია, იგივეს ვიტყვით და ჩუმად, ფეხაკრეფით გავყვებით ცისკენ.

მეგობრები ხვდებიან ბუმბოს

იოცნებეს, იოცენებეს, ოცნებებისგან ათასფერა კიბე დაწნეს,ცას  მიადგეს, მერე იარეს, იარეს, ხუთი ქარის მთა, ექვსი თვალჭუტია ვარსკვლავი, ხუთჯერ ექვსი კუდკანკალა ვარსკვლავი გადაიარეს და თომა, თუთა, თომთე და ნიკა ლო ერთ ვეეებერთელა, იასამნისფერ ღრუბელს მიადგნენ. ღრუბელს ღობე არ ჰქონდა და როგორც უღობეო ღრუბლების წესია – არც ჭიშკარი.

  • აბა, დაუძახე მასპინძლეს ნიკა ლო! – თქვა თომამ – რაც შეიძლება ხმამაღლა დაიყვირე! ეგებ ვინმე გამოჩნდეს და შეგვიპატიჟოს.

ნიკა ლოს, ფიზიკის აყალაყუდა მასწავლებელი ხომ მაღალია და მასზე მაღალი ხმა ჰქონდა. დილაობით მთელ სოფელს აღვიძებდა ერთი ომახიანი შეძახილით – გათენდაა!  გათენდააააა! – ისე გაჰყვიროდა, რომ სოფლის მაღვიძარა მამალი თანამდებობიდან გადააყენეს, ოღონდ ნიკა ლოს დაჟინებული თხოვნით, გასამრჯელო შეუნარჩუნეს გულდაწყვეტილ ამაყ მამლაყინწას.

  • ჰეიიიიი! – დაიყვირა ნიკა ლომ – არის აქ ვინმეეეე?!!

ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.

  • ჰეეიიიი! – მიაშველა ხმა თომთემ.

ექო მაინც გაეგონათ – ღრუბელზე არავინ ჩანდა.

კარგი – თქვა თომამ – წავიდეთ და დავზვეროთ აქაურობა. სულიერს თუ არა, ნისლის ქოხს მაინც წავაწყდებით,  თორემ მთვარის სხივებს შუაღამისას ვერ გადავურჩებით. დიახ, დიახ, არ მოგესმათ – ამ ღრუბელთან მთვარე ძალიან, ძალიან ახლოს იყო და მზეზე მეტად აცხუნებდა.

ბევრი იხატიალეს, მაგრამ უზარმზარი, ქაფქაფა მთების გარდა, ვერაფერს წააწყდნენ. ეჰ, რა გაეწყობოდა.

ვერაფერს ვიზამთ – ამოიხრა თომამ – ეს ღრუბელი ეტყობა უკაცრიელია და არც ნისლის ქოხები აუშენებია ვინმეს

  • ეტყობა – სევდიანად თქვა თომთემ – მოგვიწევს აქედან სახედაბრაწულებს წასვლა!

რა ცუდია! – ჩაიბურტყუნა ნიკა ლომ და თუთას გახედა. თუთა შორს იყურებოდა. თითქოს ვიღაცას თუ რაღაც ხედავსო და უცებ, ჰოი, საკვირველებავ, იასამნისფერი კლდეებიდან დიდრონთვალება ვირუკელა გამოვიდა. თვალები ხომ უზარმაზარი, მაგრამ ყურები… ყურები თვალებზე ხუთჯერ დიდი ჰქონდა. იმ ყურებზე, სასაცილოდ რომ აპარტყუნებდა, რაღაც უცნაური ნიჟარები მიემაგრებინათ.ნიჟარები, აშკარად დიდი ოსტატების გაკეთებულს ჰგავდნენ და სხვა ღრუბლებიდან ჩამოატანათ – ეს არავის უთქვამს, მაგრამ გულში ერთხმად დაასკვნეს თომამ, თომთემ და ნიკა ლომ.

ჰეეეი! – დაიყვირა თომამ – გამარჯობა ვირუკელა!! რატომ არ მოგვესალმე?!

ვირუკელამ შეხედა თომას და თავი დახარა.

  • რა საქციელია! – უკმაყოფილოდ შეუბღვირა თომთემ – ჩვენ აქ უშორესი მიწიდან მოვედი და შენ გამარჯობასაც კი გვამადლი!
  • აბა, აბა! – არ ჩამორჩა ბატონი ნიკა ლო – როგორი მასპინძლობა სცოდნიათ ამ იასამნისფერ ღრუბელზე. არადა, სულ სხვა რამე ეწერა ჯადოქრების გეოგრაფიის სახელმძღვანელოში.

ვირუკელას თვალებზე ცრემლი მოადგა და თავი საცოდავად გაიქნია.

ჩვენი მოგზაურებიც აღარ აპირებდნენ ლაპარაკს. გაბრაზებულმა ზურგი აქციეს მასპინძელს და ისე ჩამოსხდნენ რბილ, მოლივლილე ქვებზე.

ვირუკელა გაშეშებული იდგა.

რა ლამაზი ხარ! – ჩაირჩულა უცებ თუთამ. ძალიან, ძალიან ხმადაბლა

მეეე? – იკითხა მოულოდნელად ვირუკელამ

კი, შენ – ოდნავ ხმამაღლა უთხრა თუთამ

მადლობა! მადლობა! – წამოიძახა ვირუკელამ და ყურებით ტაში შემოჰკრა.

შეშინებული ბიჭუნები შემოტრიალდნენ.

მე  ბუმბო მქვია! – წამოიწყო ვირუკელამ – ბუმბო მქვია და საერთოდ არ მესმის, როცა მიყვირიან. საერთოდ, სულ, სულ პატარა რომ ვიყავი, როგორც ჩემმა მშობლემა მითხრეს, არაფერი მესმოდა – მერე ეს ჯადოსნური ნიჟარა მომამაგრეს ყურზე და ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა. დიახ, მე ბუმბო მქვია და მხოლოდ მაშინ მესმის, როცა გარკვევით ლაპარაკობენ, გარკვევით კი მხოლოდ მაშინ ლაპრაკობენ, როცა კარგ სიტყვებს ამბობენ – გინდ ხმამაღლა, გინდ ხმადაბლა!

ბიჭუნებს ძალიან, ძალიან შერცხვათ. სახე ისე აუწითლდათ სირცხვილისგან, ხვალ მთვარის სხივები სანატრელი ექნებოდათ.

  • არ იღელვოთ – წამოიძახა მხიარულად ბუმბომ – ყველაფერი შესანიშნავადაა – ჩვენ აუცილებლად ვიმეგობრებთ! ღამდება და ახლა ზამთრის მთვარე ამოვა. ზამთრის მთვარე ყველაზე მცხუნვარეა იასამნისფერ ღრუბელზე. ამიტომაც უნდა ვიჩქაროთ. მე მიგასწავლით ნისლის ქოხებისკენ გზას.

დარცხვენილმა ბიჭუნებმა თუთას გახედეს. თუთამ ცალი წარბი ასწია, რაც დათანხმებას ნიშნავდა. ბუმბო უცებ შეხტა – ერთი, ორი, სამი და და  კლდეებისკენ წაკუნტრუშდა. თომა და მეგობრებიც, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, დაედევნენ. შორს, შორს, კლდეებიდან ათი ჩაფიქრების მოშორებით ნისლის ქოხის სახურავი მოჩანდა.

ნისლის ქოხის კაცუნა

ათი არა, ცხრა ჩაფიქრება და ორი გაღიმება ეყოთ. იმ საოცარ ქოხს კი, ღრუბლის ეზოსი არ იყოს, არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა. მთლიანად ნისლისგან გაეკეთებინათ და როცა გინდოდა, ხელის ერთი მოსმით, კარსაც გამოჭრიდი და ფანჯარასაც.

  • მასპინძელოო! – დაიძახა თუთამ.

არავინ ჩანდა. არ ჩანდა, მაგრამ ქოხის შიგნით აშკარადა ვიღაც რაღაცასაც აჭრაჭუნებდა. ჭრააააჭ-ჭრუუუუუჭ!   ან თუ ასე უფრო კარგად გაიგონებთ – ჭრრრრრრრრრრ!

– უჰ, ვიღაც ძალიან უცხვირპიროა!  – ფეხები დააბაკუნა თუთამ.

– დიახ, დიახ! – მხარი აუბა ბუმბომ.

– მაშინ ასე დავუძახოთ – თქვა ნიკალომ, ხელები პირთან მიიტანა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა შეყვირა – ეეეეი, უცხვირპიროოოო!

თომას, თომთეს, თუთას და ბუმბოს ერთად გაეცინათ. სიცილს მივუმატოთ სიცილი – ხარხარს უდრის და ჰოი, საოცრებავ, ხმამაღალი სიცილის გაგონებაზე ნისლის ქოხში კარი გამოიჭრა და გამოვიდა მრგვალი კაცუნა, აი, ძალიან მრგვალი, მრგვალზე უფრო მრგვალი, ოღონდ უცხვირპირო კი არა, უუუგრძელესი ცხვირით და უზარმაზარი პირით.

-ვინ ხართ? – იკითხა კაცუნამ და სახე გაებადრა.

-მოგზაურები ვართ – უპასუხა თომა.

-ჰოდა, მოგზაურებო – ჩაიხითხითა მასპინძელმა – იმ ქოხში, ხმას ვერ გამაგონებთ, მხოლოდ სიცილი ისმის. სულ რომ სამყაროს ბუშტები დახეთქოთ, ვერაფერს გავიგონებ. აი, სიცილის ხმა უცებ მიღიტინებს ყურში.

მეგობრები გაოცებული უსმენდნენ კაცუნას.

  • ჰო, მე ხუთხუთ-ხითხითა მქვია – გააგრძელა ნისლის ქოხის მბრძანებელმა – ხუთხუთა იმიტომ, რომ ხელზე ხუთი თითი მაქვს, ჩემი მოდგმის კაცუნებს კი, ჩვეულებრივ – შვიდი. ხითიხითა კიდევ, ხომ ხვდებით რატომაც – აქ ცოტა ეშმაკურად ჩაიცინა და მრგვალი მუცელი შეათამაშა.
  • ისე გარკვევით ხითხითებს, რომ მეც კი მესმის – მხიარულად დაიყვირყროყინა ბუბმომ – კარგად უმეცადინია!
  • კი არ მიმეცადინია – მიუგო ხორხოცით კაცუნამ – ჩვენი ჯიში ასეთია, დაბადებიდანვე ვიცინით და ვიცინით. ამიტომაც ვიცით მზესთან მისასვლელი გზები!
  • რაო!? – ერთად დაიყვირეს მეგობრებმა – შენ ეს გზა იცი?
  • გზა არა, გზები – გადაიხარხარა ხუთხუთ-ხითხითამ – მოკლეც და გრძელიც! ჩემს ცხვირზე გრძელი! დიახ!
  • ჩვენს ქვეყანაში – წამოიწყო თომამ.
  • რა თქვენს ქვეყანაში? – იცინოდა კაცუნა. სხვანაირად ხომ არ შეეძლო. – სად არის თქვენი ქვეყანა?
  • მიწაზე – თქვა თომთემ – ჩვენი ქვეყანა მიწაზეა.
  • უფ! ძნელია ალბათ მიწაზე ყოფნა – დარცხვენილი ღიმილით თქვა კაცუნამ, თითქოს მეგობრები შეეცოდაო – იქ ხომ მზის ათასღრუბელგამოვლილი სხივებით თბებით. დაღლილი სხივებით. ალბათ ამიტომაც დადის მანდ, თქვენთან, მიწაზე, ბევრი მოღუშული ადამიანი. თქვენ ადამიანებს სიცილის სწავლა გჭირდებათ, დილაობით, შუადღისას და საღამოთი, თითო გაკვეთილი არ გაწყენდათ. კიდევ…
  • ეს ჩვენც ვიცით ბატონო ხითხითა – მორიდებით შეაწყვეტინა ნიკა ლომ – ვიცით და ვაპირებთ კიდევაც, მაგრამ მანამდე შოკოლადი უნდა ვჭამოთ, შოკოლადებს შოკოლადის ხეები ისხამენ, ხეებს კიდევ სცივათ – მზე დაიმალა!
  • მერე? – გაიცინა კაცუნამ
  • მერე ის რომ – ერთად შესძახეს თუთამ და თომამ – ის, რომ მზეს ჯუჯების ძველი მეგობარი ცაცანცალა იცნობს. შეიძლება მზის ბრალი არ არის და ცაცანცალას ჩაეძინა, მავნე მახრებმა კი ბალიშები დაუჭრეს. თუ ცაცანცალას არ სძინავს და მაინც თოვს, მაშინ მიგვყება მზესთან ის ეტყვის, რომ თუ რამე ვაწყენინეთ, გვაპატიოს და გამოჩნდეს. ის ხომ მზის კარის მეზობელია!
  • კარგი – თქვა ხითხითამ – აი, იქ, იმ ყვითელი ღრუბლის წვერზე რამეს თუ ხედავთ?

მეგობრებმა გახედეს და ოქროსფრად მოელვარე სახურავი დაინახეს.

  • იქ, თქვენთან, ქვევით, ბოროტი ადამიანები, ტირში სათამაშოებსთოფს რომ ესვრიან და პატარა ტყვიებით ხვრეტენ, აი, იმ ტირიდან გამოპარული სათამაშოები მკურნალობენ ჭრილობებს. კიდევ, კედლებთან მიგდებული და ნაგვის ურნაში ჩატენილი სათამაშოებიც ხომ გახსოვთ? წვიმაში საწყლად რომ ყრიანდა მომლოდინე თვალებით იყურებიან. იქ იკრიბებიან ეს სათამაშოებიც. ცის პოლიცია, შუაღამისას, ჩუმად ჩადის მიწაზე და ქუჩებიდან იპარავს. იმ სასახლესთან უნდა მიხვიდეთ და სამჯერ ხმამაღლა დაიძახოთ ადამიანების სახელით: ბოდიში! ბოდიში! ბოდიში! სათამაშოები კეთილები არიან და გაპატიებენ და აი, როგორც კი გაპატიებენ, გზაც მაშინ გამოჩნდება.

სათამაშოების სასახლე, რომლებიც სათამაშოები არიან და არც არიან

იცით? არაფერია იმაზე უფრო სევდიანი, ვიდრე ქუჩის კუთხეში, სანაგვე ურნასთან მიგდებული ხელმოტეხილი სათამაშო დათუნია. ბაბუას რომ სათვალეს დავუმალავთ, ეძებს, ეძებს, მერე ცხვირს ჩამოუშვებს და ფანჯარასთან თავდახრილი დაჯდება, იმაზე მეტად მოწყენილია. აბა. გაიხსენეთ – წვიმს და დათუნიას დაჭყეტილ თვალებზე წვეთები ცრემლებივით მოგროვილან. აგერ, ორი დარდიანი გაფიქრების და ერთი ციდა მონდომებისმოშორებით ზის. მოწყენილი და ჩვენი მომლოდინე. ჩვენ კი არც ვდარდობთ და არც ვინდომებთ. არადა, იცით? ამ დათუნიას სცივა და ტკივა. მართლა, მართლა. ზღაპარში ტყუილს ხომ ვერ დავწერ – აკრძალულია და ფერადი სიზმრების გამორთვით ისჯება. ღამით, ჯუჯების რაზმი მოვა და მატყუარას ძილში შეიპარება, სიზმრების ეკრანს გადამალავს და ფაფუ! აბა, უსიზმრო ადამიანი კიდევ რა ადამიანია?! ჰოდა, სცივა და ტკივა დათუნიას. თანაც ძალიან, ძალიან. და იმ ნიანგუკას და ფისოს? აი, ტირში რომ დაუკიდებიათ და ტყვიებს ვესვრით. დააკვირდით როგორ კანკალებენ, სანამ ვუმიზნებთ. კარგად დააკვირდით. ხმას რომ ვერ იღებენ, იმიტომ? ეჰ, ხან რა ადვილია ეს მესამე, ჯუჯური თვალის გახელა და როგორ ძალიან, ძალიან გვეზარება.

აი, თომა და მეგობრები კი, ხომ იცით როგორი ბეჯითები იყვნენ, დაუჯერეს ხითხით-ხუთხუთას და რვა გაღიმებისა და თვრამეტი კეთილი სიტყვის მოშორებით მდგარ უუუუუზარმაზარ ღრუბლის სასახლეს მიადგნენ, სადაც დედამიწიდან გამოპარული გადაყრილი სათამაშოები ცხოვრობდნენ. სასახლეს,  ათას ჩურჩხელას რომ ერთი გამოვაკლოთ, ბებოს დავუმალოთ და კვლავაც იმდენი ეგონოს, რამდენიც გუშინ, აი, ზუსტად ამდენი კარი ჰქონდა. ყველა კარი ღია იყო.

შემოდით, შემოდით! – მხიარულად დაიძახეს სათამაშოებმა – შემოდით! ვიცით, რაც გითხრათ ხითხითამ. ზუსტად ვიცით! მაგრამ ჩვენ ბოდიში არ გვჭირდება! ისე გაგიხსნით მზისკენ გზას! ჩენ ყველაზე კეთილები ვართ ამ სამყაროში!

დიახ! დიახ! – გამოცუნცულდა პატარა ლეკვი, სახელად გუნდრაქუცი, რომელსაც ცალი ყური მინდორში თამაშისას მოაგლიჯა ონავარმა ბავშვმა, მერე ასეთი ცალყურა აღარ მოეწონა და მინდორშივე დატოვა. კიდევ კარგი, ცის პოლიცია იმ დღეს ტბების მხარეს ათვალიერებდა და შემთხვევით მოკრა თვალი.

რა ლამაზი ვირუკელაა ! – კოჭლობით გამოვარდა ცალთვალა დათუნია, იასამნისფერი კაბით და თეთრზე თეთრი თმისაბნევებით – რა გქვია?

  • ბუმბო! – გაიღიმა თომას ახალმა მეგობარმა.
  • მე მელანია – უთხრა დათუნიამ – ჩემმა პატრონმა ახალი სათამაშო იყიდა, როცა მე დავძველდი. სამი წელი რაღაც სკივრში ვეგდე, იმ სკივრს არასდროს ხსნიდნენ და მხოლოდ სახურავს ვხედავდი. იქ ხის ჭიებს დავუმეგობრდი. ხის ჭიები ძალიან კეთილები არიან, ღამით, ჩუმი ჭრიალით ღრნიდნენ სახურავს და ზუსტად ჩემი დაბადების დღე რომ მიდიოდა, მაშინ გახსნეს. გამოვიპარე და აი, ახლა აქ ვცხოვრობ. აქ ძალიან, ძალიან კარგია.

უცებ ნიკა ლოს გოჭუნა დაეჯახა. გოჭუნა კი არა, უზარმაზარი გოჭი იყო, ნიკა ლოს რომ თომთე მხარზე შემოჯდომოდა და თავზე კიდევ  ფოკუსების მკეთებლის ხუთი ქუდი დაეხურა – იმაზე მაღალი. ღრუტი-ღრუტი ერქვა და ჯერ ლაპარაკი არ იცოდა. ღრუტი-ღრუტი სათამაშოების სახელოსნოდან მოიპარა ცის პოლიციამ. გამკეთებელს ფეხები ძალიან დიდი გამოუვიდა, იფიქრა არ გაიყიდებაო და იქვე მიაგდო. მეორე დილით დაშლას და გადაკეთებას უპირებდა.

აივანზე ფიფქია ფიფქა, ჯარისკაცი ბუნდურა,  წიწილა წუწა და ულამაზესი პეპელა გამოეფინენ. პეპელას ძალიან უცნაური სახელი ერქვა: ,,აფრრრცქნკკკკუნჭუკკკკაჭკა’’ არც ახსოვდა ვინ დაარქვა, მაგრამ ნამდვილად იცოდა, რომ ასე ერქვა. თქვენ დაიმახსოვრებთ ამ სახელს? გაიმეორებთ? არ მგონია. ძალიანაც ნუ იწვალებთ, მაგრამ სცადეთ აბა.  თუ სამჯერ გაიმეორებთ შეუცდომლად, ეს პეპელა თქვენთან გაჩნდება.

თუთა და ფიფქია უცებ დამეგობრდნენ. ფიფქია საოცრად ჰგავდა თუთას, უბრალოდ თმები არ ჰქონდა. თურმე ავად იყო და გასცვივდა.

  • ავად ჩვენ ყველანი ვხდებით – უთხრა თუთამ ღიმილით – ზოგი ბავშვობაში, ზოგი დიდობაში.
  • კი, ვიცი – გაიღიმა ფიფქამ – მე უბრალოდ ბავშვობაში გავხდი და სხვა ფიფქიებმა არ მაპატიეს. განა შეიძლება ავადმყოფობის არ პატიება? თმები რომ გამცვივდა, თქვეს, ჩვენ ოქროსფერი კულელები გვაქვს, შენ ხოტორა თავი და მაინც ფიფქია გქვია, პრინცები რომ მოვლენ, შეგამჩნევენ, იფიქრებენ, რომ ყველა ასეთი გავხდებით, ამიტომაც ჩვენთან აღარ იმეგობროო.
  • რა სირცხვილია! – წამოიძახა თუთამ და ლოყები, ანბანის წიგნიდან ამოჭრილი ჭარხალი რომ დავწუროთ და თეთრს ქაღალდს გადავუსვათ, ისე გაუწითლდა.
  • სირცხვილია, მაგრამ მე უფრო მრცხვენოდა. წამოვედი, ვიარე, ვიარე და გზაზე ბუნდურას გადავეყარე. ბუნდურა უთოფო სათამაშო ჯარისკაცია. ერთ დღეს, თვითონ მოიხსნა და გადააგდო თოფი, მის ნაცვლად სალამური დაიჭირა და უკრავდა. თოფიანმა ჯარისკაცებმა გამოაგდეს და ასე, გზაზე გადამეყარა. ერთად წამოვედით და ერთად მოვაგენით ცაზე ამ ღრუბლის სასახლეს.
  • იცი, რა? – უთხრა თუთამ – შენ უთმოდ ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ. ახლავე მოვიჭრიდი კულულებს და დაგამაგრებდი. ეს ჯადოქრობა ჯუჯების მეორე კლასში გვასწავლეს, მაგრამ მგონია რომ არ გჭირდება – ასე, უთმოდ, უმშვენიერესი ხარ!

ამასობაში ცის საღამოც ახლოვდებოდა.მეგობრებს ცაცანცალსთან ეჩქარებოდათ და სათამაშოებმა გზა აჩვენეს. აბა, რა გითხრათ, ძნელი იყო ეს განშორება, მაგრამ ერთამენთს დაპირდნენ, რომ აუცილებლად და ხშირად შეხვდებოდნენ. ამ ზღაპარს როცა კითხულობთ, შეიძლება უკვე არაერთხელ შეხვდნენ კიდეც. არავინ იცის.

 

მზე

მზე სულ არ ჰგავდა მზეს. ისე იმაზე პატარაც კი იყო, ყოვედლღე ამაყად ცაზემოსიარულეს რომვხედავთ. აი, სახელმძღვანელოებში რაცსწერია, თითქოს  მისი დიამტერი (რა უცხო და გაუგაბერი სიტყვაა!) 1 392 684კილომეტრია და დედამიწაზე 109-ჯერ დიდი გახლავთ –  ეს ამბავი   სულ უნამასო ტყუილი გამოდგა. მზე სინამდვილეში ერთი მოხუცი, ახირებული კაცია.სტაფილოსფერი ტანსაცმლით გამოწყობილი, ცეცხმოდებული ქუდით და ხელში ერთი უხეირო კომბალი უჭირავს. სამი ცხვარი ჰყავს. გადარეკავს ამ ცხვრებს და გადმორეკავს. ცის აქეთ და იქით.გზას ეს ცეცხლიანი ქუდი უნათებს. თუ მასთან ლაპარაკი გინდა, თან უნდა აედევნო. ორ სიტყვას მოგიგდებს და შენსკენ არც გამოიხედავს. ასე ამბობენ, ამ ორ სიტყვას ხმამაღლა ამბობს, თორემ გულში ათასხუთასოცს მიაყოლებსო. აბა, მზემ ის რომ ილაპარაკოს, რაც აგერ თითქმის 5 მილიარდი წელია, საკუთარი თვალით დაუნახავს და საკუთარი ყურით მოუსმენია, სულ არ მოგინდება დედამიწაზე დაბრუნება. მზემდე როგორ მივიდნენ? სათამაშოებისგან გზად ცაცანცალა ნახეს. უბალიშო და უძინარი. ცოტა გაბრაზებული და ნამტირალევი, კუდიან ვარსკვლავს რომ შარშან კუდი მოსწყდა, იმ კუდზე იჯდა და ხელში დახეული ღრუბელი ეჭირა.

  • ჩემი ბრალი არ არის და როგორც ხედავთ, არც მძინავს! – ამოიხრა ცაცანცალამ.
  • აბა?
  • არ ვიცი, მე არაფერი არ ვიცი! ეს ორი ღრუბელიც კი ვერ გადავაბი ერთმანეთს, პატარა ბალიში რომ შევიკერო!
  • კი, მაგრამ შოკოლადის ხეები?
  • აი, იმას ჰკითხეთ, მე არაფერი ვიცი! – თქვა ბრაზნარევი ხმით ცანცალამ და მოხრილი მოხუცისკენ მიუთითა, რომელიც ჯიუტად მიუყვებოდა ცის დაღმართს.
  • ჩვენს ქალაქში შოკოლადის ხეები აღარ იზრდებიან – მიახალა თომამ მზეს ისე, რომ მგონი, გამარჯობის თქმაც კი დაავიწყდა – სულ ღრუბელია და სულ თოვს.
  • თანაც ძალიან ცივა – მიაყოლა თომთემ.
  • თანაც ზაფხულია, აგვისტო! – მიეშველა ნიკა ლო.
  • დიახ, აგვისტოა, მე კი შუა ცის სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ნათესავი ვირუკელები, დედამიწაზე, ახლა წესით ისევ მწვანე ბალახს უნდა წიწკნიდნენ – კვერი დაუკრა ბუმბომ.

მზემ ერთი შეხედა, ქუდი შეისწორა, მხრები შეათამაშა, ალბათ გულში ჩაილაპარაკა – ,,ერთიც მოგცლიათო’’ და გზა გააგრძელა.

  • იცით, ბატონო მზეო – ჩქარი ნაბიჯით მისდევდა და ქოშინით ესროდა მზეს წინასწარ მოფიქრებულ სიტყვებს თომა – თუ შოკოლადის ხეები არ გაიზრდებიან, ეს ნიშნავს რომ..
  • ეს ნიშნავს რომ! – წამოიძახა ნიკა ლომ.
  • ეს ნიშნავს რომ, შოკოლადის ხეების შოკოლადის კანფეტებს ვეღარ მოისხამენ! – გაჰყვიროდა თომთე.
  • და თუ შოკოლადის კანფეტებს ვეღარ მოისხამენ!
  • და თუ შოკოლადის კანფეტებს ვეღარ მოისხამენ, მაშინ!
  • მაშინ – შეურთდა მეგობრებს თუთა – მაშინ ჩვენ უცებ უფროსებად გადავიცქევით!
  • დიახ, დიახ! და თუ ყოველდილით შოკოლადის კანფეტებს არ შევჭამთ, უფროსებად გადავიქცევით.
  • და თუ უფროსებად გადავიქცევით, მაშინ ჯუჯების ჯადოქრობაც დაგვავიწყდება!
  • ყირამალა სიარული დაგვავიწყდება!
  • ოცნებების ახდენა დაგვავიწყდება!
  • კეთილები რომ ვართ, ისიც დაგვავიწყდება!
  • და ერთმანეთს ჩხუბს და ლანძღვას დავუწყებთ!

არ ცხრებოდნენ მეგობრები. ეს და კიდევ ხუთიათასთხუთმეტი წინადადება უთხრეს.  უცებ მზე შეჩერდა, წარბები აწია, კომბალი პატარა მეტეორზე დადო, ჩაახველა და იკითხა:

  • და ჩემთან რა გინდათ?!
  • როგორ თუ რა გვინდა?! – ვეღარ მოითმინა თომამ – ადექით და ჩვენს ქალაქში გამოანათეთ!
  • და თქვენ ეს გგონიათ მთავარი? – უცებ განრისხდა მზე. განრისხდა და შეეტყო – ორ სიტყვაზე მეტის გამეტებას აპირებდა. წარმოიდგინეთ, გულში რამდენ რამეს ამბობდა, აქ რომ ამსიგრძე წინადადებები მიაწყო – ჰო, თქვენ გგონიათ, რომ ეს არის მთავარი?! კი, ვხედავ – გგონიათ! და იცით რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ თქვენს ქალაქს ხედავთ! მხოლოდ, თქვენს სახლებს და ეზოებს. თქვენს ლამაზ ოთახებს. აი, მე დავდივარ და დავდივარ. ყველა ქალაქში და სოფელში ვიყურები, ყველას ვხედავ – დიდრონსაც და პაწაწუნასაც. და იცით? ბევრგან, სადაც არც ღრუბელია და არც თოვლი, ბევრგან, სადაც ნაკადულები ჩუხჩუხებენ და სულ გაზაფხულია, ბევრგან, ძალიან ბევრგან – შოკოლადის ხეები ვერ ხარობენ. და იცით რატომ ვერ ხარობენ? ოდესმე წაგიკითხავთ შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესი? რა თქმა უნდა  – არა. შოკოლადის ხეები რომ გაიზარდნონ არც მზეა საჭირო, არც სითბო და არც გაზაფხულ-ზაფხული. ასე წარმოიდგინეთ – არც წვიმა. შოკოლადის ხეები რომ გაიზარდნონ, ბავშვებს არ უნდა შიოდეთ.  აი, ეს წერია შოკოლადის ხეების სიცოცხლის წესში. და თქვენს ქალაქში, მეგობრებო, ეტყობა გამოჩნდა ბავშვი, რომელსაც შია. აი, თქვენ კი, ვერ შეამჩნიეთ. ვერ შეამჩნიეთ და ცაცანცალას ბალიშს დააბრალეთ ყველაფერი. ახლავე დაბრუნდით მიწაზე! აქ ცაში რა დაგრჩენიათ?! დაბრუნდით და ის ბავშვი იპოვეთ. იპოვეთ და გემრიელი ორცხობილებები მიუტანეთ. აი, მაშინ გაიხარებს შოკოლადის ხეები! აი, მაშინ მოისხამს შოკოლადის კანფეტს!

უთხრა მზემ, კომბალი აიღო და ნელი ნაბიჯით გასწია. მიდიოდა და დანანებით იყურებოდა დაბლა, დედამიწაზე. მიდიოდა და გულში ლაპარაკობდა. ვინ იცის, რას.

დუშეთი. ჩანადირთკარი. 2020 წელი

© არილი

Facebook Comments Box