წმინდანოფობია
ღმერთო, როგორ მეშინია ცრუწმინდანების,
უფრო სწორად: მეშინია წმინდანებისა,
რადგან აქ, სადაც ხელთ არა მაქვს
უბიწობის ინდიკატორი,
როგორ ვარკვიო,
ვინ ცრუა და ვინ ნამდვილია,
ვინ რას იჩემებს,
და ვის თავზე მოჩუხჩუხებს
ღვთიური მადლი…
ხილაბანდები წაუკრავთ თავზე,
ჰგონიათ, რომ ბანაობენ შარავანდედში…
როგორ ვიცნო შენი წმინდა ხელი, უფალო?
მე ხომ იქ გხედავ,
სადაც სხვები ვერაფრით ვერ წარმოგიდგენენ:
მეძავი ქალის
გადაქანცულ, სნეულ საშოში,
ნარკომანის დასუსტებულ, მიმკრთალ ვენებში,
იმ ტრასვესტიტის მოჭრილ ასოში,
რომელსაც სურდა ღვთისმშობელი ყოფილიყო,
და ისე სურდა,
რომ საკუთარ თავსაც კი გასცდა,
მაგრამ მეტი,
როგორც ხედავ,
არაფერი გამოუვიდა…
რად ჩამინერგე დახურული სივრცის შიში,
თუკი ლიფტში უნდა მეცხოვრა? –
ამ სიმყრალეში,
სადაც
იმასაც კი ვერ ვარკვევ,
საით მივდივარ:
ზემოთ –
შენკენ,
თუ ქვემოთ,
იქ,
ეშმაკებისკენ…
მივექანები
და თავს კედლებს ვუხათქუნებ
და არაფერი არ ინგრევა,
არაფერი, არაფერი,
არაფერი, არაფერი,
აღარაფერი…
რად დახურე ეს სამყარო სიწმინდეებით?
სადაც ყველაფერს მუდამ ერთი მნიშვნელობა აქვს,
ხოლო ენად სინონიმთა ენა მომეცი,
რომელიც მუდამ გაიღება ნიუანსისკენ
სათქმელისა და არსის უკეთ გამოსახატად.
განა ფანჯარა
სრულად იტევს მზეს და სინათლეს,
განა სიტყვა უკვე მტკიცე ჩარჩო არ არის,
რომელიც საზღვრავს, აფასებს და განიკითხავს
სოფელს, შენ რომ უსაზღვროდ შექმენ…
რა არის ცოდვა?
სიყვარული?
მაგრამ შენ ხომ სიყვარული ხარ,
ისე საშიში,
როგორც ძრწოლა დახურული სივრცის წინაშე,
ანდა
როგორც სიმაღლის შიში,
მწვერვალზე მდგომს
ზურგიდან რომ ხელსა გკრავს და
უფსკრულისკენ მიგაფრიალებს…
რა არის ცოდვა?
როგორ მტანჯავს ერთი სიზმარი:
ჩვენს უბანში
მოყუჩებულ ადგილებში
დაყრილ შპიცებზე
ფეხშიშველი დააბიჯებს
ჩემი რვა წლის სულელი ბიჭი…
გული – თურინჯი
გახსოვს აღმოსავლურ ზღაპართა წყევლა? –
“ღმერთსა ვთხოვ,
გულში სამი თურინჯის
ტრფობა ჩაგივარდეს.
ის თურინჯები
ცხრა მთას იქით,
დაბეჭდილ ბაღში ხარობს;
სიცოცხლეს უნდა გასცდე და
იქამდე მიაღწევ!”
მე კი
აქვე,
რატომღაც,
ერთი ხე შემიყვარდა.
მწუხარედ,
მარტოდმარტო შრიალებდა და
მშვენიერ ლექსებად ჩამესმოდა
იმისი შრიალი…
მიყვარხარ-მეთქი, –
როგორც კი გავუმხილე,
კენწეროზე მაშინვე
თურინჯი გამოიბა
და თვითონვე უკვირდა,
რომელი ჯადოსნური ქვეყნიდან
მონაბერმა ქარმა მოუტანა
იმ თურინჯის
უჩვეულოდ ბრდღვიალა ნაყოფი.
ხეო მშვენიერო,
ლექსებად მოშრიალევ,
ის თურინჯი ჩემი გული იყო,
გასკდა და იქიდან
ქალი გადმოვიდა,
აღმოსავლურად მრუში და კადნიერი,
შიშველი
ევასავით.
ედემის გარსში
სიშიშვლეს არ იმჩნევდა,
უბიწო იყო და
საკუთარ უბიწობასვე ეძლეოდა
წელში გადრეკილი…
ხელში აპარატი ეპყრა,
სურათებს იღებდა…
მე კი ხედვის რეალისტურ პრინციპებს ვერ ვიტანდი
და, მაინც და მაინც,
მინიატურათა პირობითობების ტრფიალი ვიყავი…
მინიატურების გულში
ერთი ხე შრიალებდა
და ხეს მხოლოდ იქ,
მოშლილ-მორღვეულ განზომილებებში შეეძლო
თურინჯის სიყვარული…
დედა-აღმოსავლეთი ასე ჩამეხურა:
როგორც კი მივესალმე,
დევის დედასავით
პირში სინამდვილის მწარე ძუძუ მომცა,
გული თურინჯივით გამიხეთქა
და იმ თურინჯის სისხლში ამომივლო
სიცოცხლის ზღაპარი…
ვირი
თუმც კახელი არ გახლავართ,
მაგრამ სიმარტოვის კართან –
რა მაქვს თქვენთან დასამალი! –
ერთი ვირი შემიყვარდა.
ყურპანტურა საოცარი
სიჯიუტით მატერორებს,
თითქოს ვირი კი არა და
ხიმენესის პლატეროა.
ეჰ, რამდენი ქალი დადის:
კეკე, თამრო,
თუნდაც მართა…
მე კი ეს რა დამემართა,
რაღა ვირი შემიყვარდა?!
ზოგს მღვდლის ცოლი, ზოგსაც კიდევ
მღვდელი უყვარს ალთა-ბალთა,
მე კი ეს რა დამემართა,
ერთი ვირი შემიყვარდა.
თქვენ რა გიჭირთ, ქართველებო,
ღვთისმშობლის რომ გფარავთ კალთა,
სულ სხვა არის…
მე კი ცოდვილს,
ხომ იცით,
რაც დამემართა!
იდგა ჩყპყ წელი,
ვარდობისა ანუ ვარდთა
ყვავილობის მიწურვილი,
როცა ვირი შემიყვარდა.
რა უნდა ქნას იმ საბრალომ,
როგორ იყოს, რაც არაა,
ვირად ვირი კარგი არის –
მშვენიერი ნაცარაა.
აღმა-დაღმა დაბაკუნობს,
ცხრაგან უდევს გზა და ბინა,
მე რომ ბანი ბან დავეძებ,
იმას ბაღჩის ბოლოს სძინავს.
სულ ტრამალ და ტრამალ დავდევ,
(მაგას ჩემმა მტერმა სდია!)
მცხეთას საკეტურებს ვუმტვრევ,
ტაძრებს ვლეწავ კელაპტრიანს.
ვეუბნები, უმიჯნუროდ
მზეც არ სუფევს კამარაზე,
შენ კი გულის ყველა კარი
ასე როგორ გამორაზე?!
მართლაც ბრმაა სიყვარული,
ვერვინ იტყვის უფრო მართალს,
ამ დროულ კაცს რაღა ვირი…
ეს რა სნება დამემართა!
თან სულ უფრო მეტად მიყვარს,
რაც კი გადის დრო და ხანი
და ნეტავ დრო მაინც მქონდეს
შმაგი თავის მოსაფხანი.
არც მცალია, არცა ყრმა ვარ,
არც ლამაზი, არცა უხვი,
არც ბრძენი ვარ და მაკლია
ზნეობრივი ფახი-ფუხიც.
“სიყვარული აღგვამაღლებს” –
ეჟვანივითYვჟღერ და ვტირი,
რომ რაც უნდა შეიყვარო,
მაინც ვირად რჩება ვირი!
მესამე ზედმეტს
ორნი მუდმივად კარგად არიან
შეფარებულნი ერთურთის კედლებს,
და არ ფიქრობენ, რა ეშველება
მარტო დარჩენილ მესამე ზედმეტს.
ყოველი მხრიდან უმყუდროვებენ
გულს ამოყოლილ სიმღერის მოტივს,
ხოლო მესამე მარტო შრიალებს,
ვით ფანჯარაში შემძვრალი ტოტი –
ვერშემჩნეული, თუ ორის მიერ
საგულდაგულოდ არდანახული…
ის კი ყვავილობს და ორს უყურებს
იმ ყვავილების თვალის ფახურით.
ვერ მიხვდებიან, ყვავილობამდე
ტოტი რა მკაცრმა ქარებმა ხედნეს,
თუმცაღა შენ ხომ ყველაფერს ხედავ,
ღმერთო, უშველე მესამე ზედმეტს –
სხვის სიყვარულის მბრწყინავ ნათელში
თვალშეუვლებს და მუდამ უჩინარს,
რომელსაც სიმწრით ნაგლეჯ თმასავით
ხელში ყვავილთა ბღუჯა უჭირავს.
ირინეს
ერთხელ მითხარი, ტელეფონით,
შენ თუ არა,
თვითონ ჩამოვალ,
ჩამოგაკითხავ
შენს უცნაურ ზღაპრულ ქალაქში
და მერე ერთად, სამუდამოდ ერთად ვიქნებით…
მე გამეცინა,
მაგრამ არა სამუდამო ერთად ყოფნაზე,
უფრო იმაზე,
რომ შენ – ბავშვი –
ვერასოდეს მოახერხებდი,
ვიზის აღებას
და ჩამოსვლას უცხო ქალაქში,
რომელიც მაშინ ასე ჟღერდა:
თეირანშიც კი გამოგყვები…
შენ გამომყევი,
მაგრამ არა თეირანში,
სადაც ერთხელ,
ერთხელაც კი ვერ წაგიყვანე,
არამედ ცოლად
გამომყევი
და ამით თითქოს
პოეზიას აქციე ზურგი,
რადგან ცოლისთვის მიძღვნილი ლექსი
ვერ იქნება
ისეთი მძაფრი,
თავი ნამდვილ პოეზიად შემოგვასაღოს…
ცოლქმრობაში რაღაც იწყება –
წარმოუდგენლად მომქანცველი,
როგორც ბავშვის ავადმყოფობა –
ერთდროულად სახიფათოც და უმნიშვნელოც,
რაღაც გროვდება წვეთ-წვეთობით
სიძულვილივით,
რომელიც ერთხელ ისეთ ზაფრას დაგცემს,
თითქოსდა,
სნეული ბავშვის სასთუმალთან
წამით ჩათვლემილს გამოგაღვიძებს,
ჯერ ბავშვს დახედავ,
დარწმუნდები,
რომ კარგად არის,
მერე მზერას ჩემკენ ფრთხილად გადმოანაცვლებ და
მზერით მეტყვი:
ხომ წამოგყევი,
ახლა მიდი,
ფანჯარაში გადაიხედე:
გარეთ ქალაქი,
ეს ქალაქი
თეირანია
და ეს ჩვენი ცხრაწლიანი თანაცხოვრებაც
ყველაზე ყოფით რამეებსაც
ყველაზე ღრმა პოეზიად შემოაბრუნებს…
ჩანაცვლება
ერთს მეორეთი ვერასოდეს ჩაანაცვლებ.
არ დაემთხვევა:
ან ღიმილი
ან ვნება და
ან გულგრილობა.
ყოველწამიერ აღმოაჩენ –
ის არ იქნება,
ვისაც ელოდი,
ვინც დაკარგე
და მუდმივად იმეორებდი
გუნებაში იმის ჟესტებს,
რომ არასდროს დაგვიწყებოდა
შენი თავი –
იმ ჟესტებში წარმოსახული.
მაგრამ ახლიდან
დარწმუნდები:
მეორე გიყვარს,
და ერთი გიყვარს,
რადგან არასდროს არაფერი არ დაემთხვევა.
დგახარ იმავე მდინარეში,
ტანს კი სულ სხვა წყალი გისველებს..
ცალმხრივ გათიშული
ცალმხრივადა ვარ გათიშული! –
მიზეზია შესანიშნავი…
რა თქმა უნდა, მობილური იგულისხმება
და არა ის,
შეკითხვაზე ან უბრალო გამოწვევაზე
პირდაპირ პასუხს რომ გაურბი,
თავს რომ არიდებ…
შესანიშნავი მიზეზია –
არცერთ მესიჯს არ უპასუხო,
ან მიმოწერა იქ შეწყვიტო,
როცა მთავარი უნდა ითქვას,
სადაც რაღაც უნდა გაირკვეს.
სწორედ უპასუხო გრძნობათაგან ბურბურებს
ჯოჯოხეთი –
ხეობა,
სადაც ყვავილები გადაიშლებოდა,
შენ რომ ერთხელ მაინც გეპასუხა
გადამწყვეტ მომენტში…
მთელი ცხოვრება ცეცხლს მივარღვევ
ცალმხრივ გათიშული…
და ყველაფერში
არა შენი გულგრილობა,
არამედ
ეს მობილური იგულისხმება…
“ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში…”
წუხელ სიზმარში თამარა ვნახე,
ის კი არა –
ფრესკებიდან გადმოსული
დედა ქართლისა,
სათნო, ზვიადი, მარტოობით გაწამებული,
დიდი,
დიდი
დედა თამარი,
არამედ ეს –
უბნის “დედა”,
ჭორის დეიდა
თამარა –
წითლად თმაშეღებილი,
გესლის სიტყვით პირანთებული,
უუდაბნოო მოციქული
თამარა –
რისხვა,
დამცველი ხალხის ზნეობისა,
თვით ქალიშვილი,
მიწის რუხი მკლავებისთვის
საიმედოდ თავშენახული…
უბანია მისი უდაბნო.
აქ შეაყენა უბიწობის დიდმა ძალამ მქადაგებელად,
როცა ფანჯრიდან ჭვრეტდა უბანს ანუ სამყაროს
და ომში წასულ შავლეგოს თავს როს მისტიროდა,
უეცრად იგრძნო მოზღვავება ტემპერამენტის,
რომელსაც მერე ძველებურად “გზნება” დაარქვა.
არ დაუბრუნდა ის შავლეგო დიდი ომიდან,
უცხო მიწაში ჩალპა მისი ქამარ-ხანჯალი,
აქ კი თამარა გაბოროტდა,
დარდით ჩამოხმა,
შემოისაზღვრა მისი ყოფა ერთი ფანჯარით.
უბანი ჩანდა ამ ფანჯრიდან,
როგორც სამყარო…
ადგა და უბანს სამუდამოდ გაუუცხოვდა
თამარა –
ყბედი და ჭრიალა,
ყურისმომჭრელი,
სიტყვა “რამეთუ” დღევანდელი ენის სინტაქსში
მოძველებული, მაგრამ მაინც ხმარებადი
აწ და მარადის…
რა უარეა ახლა ენის არქაულობა,
ან რას მიქვიან ტკბილი სიტყვა,
როცა გაირყვნა
ერი და ბერი,
კალაპოტიდან გადავიდა,
როგორც მდინარე
და გიზგიზებს ხორცის ქვაბში ბრიალა კუპრი…
შესდექ, თამარა!
იქადაგე:
თავი გაგიხმეთ,
ნურც გღირსებიათ სატრფოს ტანქვეშ მოგვრილი შვება,
რა გახმაურებთ,
როცა წახდა,
აღარ არსებობს
ჩვენი მამული,
ენა ჩვენი
და ჩვენი რწმენა…
ხოლო
რა ენა წახდეს,
იცით,
ერიც დაეცეს
(უყვარს თამარას XIX-ეს კლასიკოსები
და სულ კითხულობს,
თუმც არ ესმის,
მაინც კითხულობს,
იქით ისინი
და აქეთ ეს
ი ტ ა ნ ჯ ე ბ ი ა ნ !)
თამარა – ცეცხლი
და ნაცრის ქვეშ
უცხოდ მღუარი
ქალი – ლეგენდა,
ერის დედა,
უბნის ბებია…
მეოცეც უყვარს:
“სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო”…
როცა კითხულობს თვალზე მუდამ ცრემლი ადგება,
რადგან იქდაღვრილ სისხლის გამო
აქ მისი სისხლი
თავის ერთადერთ ბრძოლის ველზე
ვერ დაიღვარა,
წლები წავიდა
და ამ სისხლმა ვერჩამოღვრილმა
თეთრი თმიდან გამოსჟონა
ბრიალ-ბრიალით…
და აღახვნა ბაგე თვისი
დედა თამარამ
და პირქუშად დამიძახა:
“ნუვინ გიყვარან!”
სამჯერ მითხრა,
მომაფურთხა,
დამამუნათა
და თავდაცვისთვის
პირჯვარიც კი გადაიწერა…
უფალო, ეს რა კოშმარია:
ჩემს სიზმარში ფრესკა ასე როგორ გაცოცხლდა:
დიდი თამარი
უბნის დედა თამარად იქცა
და წყველა-კრულვით მიდგას კვალში გავეშებული,
ერთმა ასომ ასე ნეტავ როგორ შესცვალა,
როგორ ბრიალებს
წმინდანურად თავაწყვეტილი…
გამომეღვიძა:
კიდევ კარგი სიზმარი იყო,
წყალს მოვუყვები,
აწ თვით ძრწოდე, სიზმრის თამარავ,
ვეღარაფერსაც ვერ დამაკლებ,
ჩაგადუდუნებ და
წყალთან ერთად გაგისტუმრებ ჩხრიალ-ჩხრიალით…
ანდა ამაზე ავად როგორ უნდა ამიხდე:
ჩვენი სამშობლო იმ შენი ყმა შავლეგოსავით
ომში წავიდა,
შიდა ომში,
მტერთან კი არა
და იქიდან ხეიბარი ჩამოგვიბრუნდა,
მოცელილი,
უნიათო,
დაკუტებული,
სულ რომ სძინავს და
ვერაფერი ვერ გაუგია
ვეღარ მიმხვდარა,
რა უჭირდა და რა სტკიოდა…
ონკანს მივვარდი
და სასწრაფოდ
უცებ მოვუშვი,
მაგრამ არც გაზი
და არც წყალი
არ მოდიოდა…
და მაშინ მე,
ვით თამარამ,
ვიწყე ღაღადი:
მართალი უთქვამთ:
ჯობს არ გქონდეს სულაც სამშობლო,
რომელიც მუდამ ნერვებს გაწყვეტს და ძარღვებს გიშლის,
ვიდრემდე ის, რომ ერთადერთი სამშობლო გქონდეს,
ერთხელ იხილო,
ერთხელ მხოლოდ
და ისიც
ძილში…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“