
ადრე, სანამ კომპიუტერს დავეუფლებოდი და ცხოვრების ონლაინ რეჟიმზე გადავიდოდი, თითქმის ყოველდღე დღიურებს ვწერდი. დღიური, რაც არ უნდა მცირე დრო გვაცილებდეს მომხდართან, მაინც გახსენების ფორმაა, ის მოგონებაცაა და გამოგონებაც ან, უფრო ნაკლებად პოეტურად რომ ვთქვათ, ქაღალდზე გადატანილი საკუთარი აკვიატებები, რომლებიც ძილის წინ უნდა მოიცილო, რომ დაძინება შეძლო.
ჩემი ერთ-ერთი ასეთი აკვიატება იყო 31 აგვისტოს დღიურის ამ სტრიქონით დაწყება: „უკანასკნელი დღეა ზაფხულის…“ მას შემდეგ, რაც ეს ფრაზა ჩემს დღიურში პირველად ჩავწერე, 31 აგვისტო ყველაზე იდუმალებით მოცულ თარიღად იქცა, თითქოს ჩემი საკუთარი ახალი წელი ამ დღიდან იწყებოდა. ახლა დღიურებს იშვიათადღა ვწერ, მაგრამ დღიურებიდან ეს რიტუალური ფრაზა მაქვს გამოყოლილი და ყოველი წლის 31 აგვისტოს გალაკტიონის ამ ერთ პატარა ლექსს აკვიატებულად ვიმეორებ:
„ჰაეროვანი ფრთა შემოდგომის,
შემდეგ ზამთრისა და გაზაფხულის,
გაფრინდა, დროა უეცარ ტყდომის
უკანასკნელი დღეა ზაფხულის.
ჯერ კიდევ არ სჩანს ფერები ლომის,
უკანასკნელი დღეა ზაფხულის,
აგვისტოს კრთომის, სისავსის ნდომის,
უკანასკნელი დღეა ზაფხულის,
უკანასკნელი დღეა ზაფხულის!“
ყველაფერი 1991 წელს დაიწყო, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე გადავედი და ზაფხულის არდადეგებს კახეთში ერთმანეთის გვერდზე მდებარე სოფლებში – საბუესა და ალმატში ვატარებდი. 2 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა ყვარლის რაიონ სოფელ საბუეში პატარა, ძველი სახლი იყიდეს 1500 მანეთად და იქიდან მოყოლებული არდადეგების დიდი ნაწილი იქ ვიმყოფებოდი. საბუეს და ალმატს ერთმანეთისგან ყოფს მდინარე ინწობა, რომელზედაც მხოლოდ ერთი ხიდია გადებული ამ ორი სოფლის დასაკავშირებლად. საღამოს, მზის ჩასვლისას ან უკვე ღამით ამ ხიდზე თუ დადგები და თავს ჩრდილოეთით მიმართავ, ცხვირის რეცეპტორები შეიგრძნობენ მომაჯადოებელი სურნელების მთელ თაიგულს, რომელშიც მყინვარიდან მომავალი ყინულის სურნელიცაა.
1970-80-იან წლებში საბუე-ალმატში მოაგარაკეები გაჩნდნენ, იმდროინდელი თბილისელი ინტელიგენციის ის კატეგორია, რომელსაც წინაპრებისგან არც სოფლის სახლი ერგოთ, არც იმისი ფინანსური საშუალება ჰქონდათ, რომ აგარაკები თბილისის შემოგარენში შეეძინათ, და არც ზღვისპირა კურორტებზე ეარათ დასასვენებლად. კახეთის პერიფერიულ სოფლებში რიყის ქვითა და აგურით ნაშენი, კეთილმოუწყობელი, მაგრამ თავისებური სტილის მქონე კახური სახლების შეძენა, თავისი კარ-მიდამოებიანად, ინტელიგენციისთვის ხელმისაწვდომ ფასად იყო შესაძლებელი. როცა წამოვიზარდე და გარკვეული კულტურული მოთხოვნილებები გამომეკვეთა, აღმოვაჩინე, რომ ჩემი სწავლა-განვითარებისთვის ყველაზე საინტერესო ადამიანები ჩემს მეზობლად ისვენებდნენ საბუე-ალმატში. უკვე სტუდენტობის პერიოდში ეს ადგილი ჩემთვის იდილიურ სამყაროდ იქცა, სადაც ჩემთვის უძვირფასეს და, ამავე დროს, ყველაზე ავტორიტეტულ ადამიანებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში ვიყავი. მრავალი წლის შემდეგ ისიც გავაცნობიერე, რომ სწორედ ამ ადამიანებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ჩემი ცნობიერების და ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ალმატში ორი, ერთმანეთისგან ორასიოდე ნაბიჯით დაშორებული სახლი იქცა ჩემთვის აკადემიად, სადაც ზაფხულობით მეტ ცოდნას ვიძენდი, ვიდრე მთელი ორი სემესტრის მანძილზე უნივერსიტეტში. ერთში ზურაბ კიკნაძის და თენგიზ მირზაშვილის ოჯახები ისვენებდნენ (ამ სახლში გაატარა უკანასკნელი წლები ზურაბ კიკნაძემ) და მეორე სახლი მიხეილ შუღლიაშვილს და მის მეუღლეს, მანანა იოსელიანს ეკუთვნოდათ. გარდა სახლების პატრონებისა და მათი ოჯახებისა, ზაფხულობით მათთან კიდევ ბევრი ოჯახის ახლობელი ისვენებდა და ალმატი-საბუეც ერთ დიდ საზაფხულო აკადემიას ემსგავსებოდა. დღის პირველ ნახევარში ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული. მაგალითად, თენგიზ მირზაშვილი, ანუ „ჩუბჩიკა“, ხილფაფებს და კომპოტებს ამზადებდა და მხოლოდ ნაშუადღევს იცლიდა ხატვისთვის. შუადღიდან მოყოლებული ერთმანეთთან მიმოსვლა იწყებოდა და ბოლოს გვიან ღამემდე ან კიკნაძე-მირზაშვილებთან, ან შუღლიაშვილებთან ერთობლივი საღამოებით მთავრდებოდა. ზაფხულის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი იყო „ბაიროითის ფესტივალი“, რომელსაც მიხეილ შუღლიაშვილი 25 ივლისიდან 28 აგვისტოს შუალედში იმავე თანმიმდევრობით ატარებდა, როგორითაც ბაიროითში მიმდინარეობდა. ამ დღეებში ალმატში ფირსაკრავით ვაგნერის ოპერებს ვისმენდით, რასაც მერე ვაგნერზე ხანგრძლივი საუბრებიც მოჰყვებოდა. ეს ერთადერთი კალენდარული და დაგეგმილი ღონისძიება იყო. ყველა დანარჩენი დაუგეგმავად ხდებოდა. სალაპარაკო თემებიც ყოველთვის თავისით ჩნდებოდა, პოზიციებიც საკმაოდ არაერთგვაროვანი. მაგალითად, თუ ზურაბი რელიგიური მოაზროვნე იყო, მიხო შუღლიაშვილი განცხადებულად არარელიგიური და ეს ანტინომია უკვე ხედვის პერსპექტივების მრავალფეროვნებას წარმოშობდა. ერთსულოვნება პოლიტიკურ საკითხებში გვქონდა, თანაც იმ ზაფხულს, 19 აგვისტოს მოსკოვში პუტჩი მოხდა. ის სამი დღე შუღლიაშვილების სახლი გადაიქცა პოლიტიკურ სათათბიროდ (ახლა ვიფიქრე, რომ ზურაბ კიკნაძეზე საუბარს სიტყვა „საფიხვნო“ უფრო მოუხდებოდა, როგორც ეს მისი და თამაზ ჩხენკელის თარგმნილ „ოდისეაშია“). შეიძლება იმიტომ, რომ შუღლიაშვილებს სახლში რადიომიმღები ჰქონდათ და 21 აგვისტოს ღამეც რადიოს სმენაში გავათენეთ და პუტჩის მარცხიც ერთად ვიზეიმეთ. ამასობაში ზაფხულიც მიილია, სექტემბრიდან თანდათანობით თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით და გადავწყვიტეთ, ზაფხულთან გამოსამშვიდობებელი საღამო მოგვეწყო. იდეა მე და ლელა პატარიძეს გვეკუთვნოდა. ლელა კიკნაძეებთან ისვენებდა. იმ ზაფხულს, ივლისის დასაწყისში, ზურაბმა ლელა და მე წაგვიყვანა ხორხის ხეობაში, სადაც ფოლკლორულ ნიმუშებს ვაგროვებდით. 12 ივლისს, მთის წვერზე ხატობასაც დავესწარით და პირველად მეცნიერული თვალით მსხვერპლშეწირვის რიტუალებსაც ვაკვირდებოდით. თუმცა ყველა დაკვირვება-გაანალიზებაზე მეტი თავად ზურაბ კიკნაძის ერთი უნარი იყო, ფორმით ბავშვის თამაშის მსგავსი, როცა ის ბილიკებზე ხეტიალისას ყველა საგანს, რაც გზაში გვხვდებოდა, ასულიერებდა, – ნაკადული, ჩანჩქერი თუ მდინარეზე გადებული „ბეწვის ხიდი“ – ყველაფერი მითოლოგიური არსებებით დასახლებული ჰყავდა. ამით ისეთი ატმოსფერო იქმნებოდა, რომ ჩვენც მითების სამყაროში დავაბიჯებდით.
მითოლოგია იყო მიზეზი ან, შეიძლება, საბაბი, რის გამოც პირველკურსელი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, პირველ სართულზე მდებარე ფოლკლორისტიკის კათედრაზე მივედი, რომელსაც ზურაბ კიკნაძე ხელმძღვანელობდა. მე საკურსოს ვწერდი მითოსის თემაზე და რჩევებისთვის მივაკითხე. მისი „შუამდინარული მითოლოგია“ ახალი წაკითხული მქონდა და მთლიანად მისი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფებოდი. ზუსტად არც ვიცი, რამდენჯერ მაქვს ეს წიგნი წაკითხული. გარდა წმინდად სამეცნიერო ღირებულებისა, მის ყოველ გადაკითხვაზე სულ უფრო მიმყარდება აზრი, რომ ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია, რაც ქართულ ენაზე შექმნილა, ქართული სალიტერატურო ენის და მისი შესაძლებლობების ბრწყინვალე ნიმუში. ისევე, როგორც ქართული პოეტური ენის შედევრებია ზურაბ კიკნაძის თარგმნილი „გილგამეშიანი“ და შუმერულ-აქადური პოეზია. ეს ის იშვიათი შემთხვევებია, როდესაც თარგმნილი პოეზია იქცა ქართული პოეზიის ორგანულ ნაწილად, ორიგინალურ ქართულ პოეზიად, რომელმაც ქართულ პოეტურ ენაში ახალი პერსპექტივა შექმნა. მაგრამ ამ ყველაფერს გვიან მივხვდი. მაშინ კი, 18 წლის სტუდენტისთვის, ზურაბ კიკნაძე თვითონ იყო მითოლოგიური ფიგურა, არა უბრალოდ უნივერსიტეტის პროფესორი ან მთარგმნელი. შესაბამისად, მასთან მისვლა და მისთვის რჩევა-დარიგების თხოვნა ერთგვარი კადნიერებაც კი იყო ჩემგან. ჩემი მთავარი მოტივაცია არა მხოლოდ ერთჯერადი კონსულტაცია, არამედ მის შეგირდად ქცევა იყო. საპასუხოდ მისგან მეგობრობა მივიღე. ეს არ ყოფილა რიტორიკული ჟესტი, როგორც მალევე მივხვდი, ზურაბი მასზე 37 წლით უმცროს შეგირდს ისევე მემეგობრებოდა, როგორც მის თანატოლ მეგობრებს. ამ ფაქტმა უზარმაზარი გავლენა იქონია ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. ამის შემდეგ მხოლოდ იმათგან შემეძლო რამე მესწავლა, ვინც არაიერარქიულად, მეგობრული ურთიერთობის ფორმით მასწავლიდა. ყოველგვარი ავტორიტარული მოსწავლე-მასწავლებლის დამოკიდებულება ჩემში სრულ უკურეაქციას იწვევს და სასწავლო საგნის მიმართ ინტერესს მიკარგავს. რაც მე გავხდი მასწავლებელი, მეც მხოლოდ ასე შემიძლია სწავლება. რამდენი ვისწავლე ზურაბ კიკნაძისგან, ამისი აწონა-გაზომვა დიდი ხნის შემდეგ, 2013 წელს მომიწია. ჩემი პირველი წიგნი გამოდიოდა გერმანიაში („გენეზისი და გენეალოგია“) და მის წინასიტყვაობას ვწერდი, სადაც აუცილებელი ფორმაცაა მადლობის მოხდა ყველა იმ პიროვნებისათვის, ვინც ამ წიგნზე მუშაობაში დაგეხმარა. ჰოდა, მეც გადავთვალე და მივხვდი, რომ წიგნის ნახევარი იმ სამყაროდან მოდიოდა, რომელშიც ზურაბ კიკნაძემ შემიყვანა. არასდროს მისი ოფიციალური სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ თუკი ვინმესგან რამე მისწავლია, ყველაზე მეტი ზურაბ კიკნაძისგან. მისი გავლენითა და შთაგონებით იქცა მითოსი ჩემი ცხოვრების ნაწილად, რომელიც არა მხოლოდ ინტელექტუალური განსჯის სფეროს მიეკუთვნება, არამედ განიცდება კიდეც. ამ ცოდნას გვიმხელდა მე და ლელა პატარიძეს იმ ექსპედიციაში, 1991 წლის ივლისში, ეს იყო ჩემი პირველი პრაქტიკული სავარჯიშოც. ლელას უნივერსიტეტიც დამთავრებული ჰქონდა და საკანდიდატო დისერტაციაც დაცული და უკვე ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. მითოსს ლელას სამეცნიერო კვლევაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ამდენად, მისი ექსპედიციაში ყოფნა და მასთან მუდმივი საუბრები ჩემთვის დამატებითი სკოლა იყო.
თუმცა ლელა და მე მითოსზე მეტად ლექსებმა დაგვაახლოვა. იმ დროს ჩემს სამეგობროში სრულიად სპონტანურად არაფორმალური ლიტერატურული გაერთიანება გაჩნდა. ჩვენ თითქმის ყოველკვირეულად ერთმანეთის ბინებში ვიკრიბებოდით და პოეზიის საღამოებს ვაწყობდით, რომელსაც „სალონს“ ვეძახდით. ამ სალონების ძირითადი ბირთვი სტუდენტები ვიყავით, თუმცა შიგადაშიგ უფროსებიც გვიერთდებოდნენ. ვკითხულობდით როგორც საკუთარ, ასევე უკვე ცნობილი პოეტების ლექსებს ან თარგმანებს. ზურაბიც ხშირად გვესწრებოდა. ვახუშტი კოტეტიშვილმა თავისი გენიალური თარგმანი – ბროდსკის „ორი საათი რეზერვუარში“ – ასეთ სალონზე წაგვიკითხა. კიდევ ერთმანეთს პოლემიკურ წერილებსაც ვუწერდით და საჯაროდ ვუკითხავდით. ერთ-ერთი პირველი სალონი ლელას სახლში, ასათიანის (იმ დროს ენგელსის) ქუჩაზეც ჩატარდა. მახსოვს, სოლოლაკმაც, ლელას სახლმაც, რომლის დიდ ოთახში ძველებური მაგიდა იყო გაშლილი და მასზე ასევე ძველებური ჭურჭლით ჩაი, ნამცხვრები და მურაბები, მართლაც XIX საუკუნის სალონური აურა გააჩინა. თვითონ ლელაც, თავისი ფერწერული გარეგნობით, ამ აურის მატარებელი იყო. ამიტომაც, 31 აგვისტოსთვის ალმატში „სალონის“ მოწყობის იდეაც ლელასთან ერთად გაჩნდა. თან იმ დღეებში მამუკა სალუქვაძეც ალმატში შუღლიაშვილებს სტუმრობდა (მიხოს პირველი მეუღლე – ინოლა გურგულია – მამუკას დედა იყო, შესაბამისად, მიხო მამუკას მამობილი გამოდიოდა). მამუკას ლექსების პირველი კრებული ახალი გამოსული იყო. მე მისი ერთი ლექსი ზეპირადაც ვიცოდი. ჰოდა, ამ შანსის გამოყენებაც მინდოდა. ჩვენი იდეებით ზურაბს მივადექით. გადაწყდა, რომ „ზაფხულის გაცილება“, როგორც ამ „სალონს“ დავარქვით, კიკნაძე-მირზაშვილების სახლის წინა ეზოში ჩატარდებოდა. ჭიაკოკონას დავანთებდით, ღვინოს მივაყოლებდით და ლექსებს წავიკითხავდით. ზურაბი ენთუზიაზმით ჩაერთო საღამოს მომზადებაში, მხოლოდ ერთი დავალება მოგვცა: ორივეს ზეპირად უნდა გვესწავლა და საღამოზე წაგვეკითხა გალაკტიონის „ჰაეროვანი ფრთა შემოდგომის“. როცა შუაღამე დადგებოდა, ამ ლექსით უნდა გაგვეცილებინა ზაფხული.
მოსაღამოებულზე შევიკრიბეთ კიკნაძე-მირზაშვილების სახლის წინა ეზოში, ჭიაკოკონა დავანთეთ და ირგვლივ შემოვუსხედით. საღამოც დაიწყო. ყველა იქ მყოფს თითო ლექსის წაკითხვა მაინც ევალებოდა. არ მახსოვს, ვინ რა წაიკითხა. იმ ზაფხულს ზურაბს ხელში სულ ერთი თხელყდიანი წიგნი – პოლ ვერლენის ლექსების ორენოვანი (ფრანგულ-გერმანული) გამოცემა ეჭირა. როცა მდინარე ინწობის ყველაზე ცნობილ საბანაო ადგილზე – საჯარზე – დავდიოდით, სადაც ჩანჩქერი ბუნებრივ აუზს ქმნის, ზურაბს ვერლენი იქაც თან ჰქონდა და როცა ჩვენ ჩანჩქერიდან ვხტებოდით, ის იქვე ჩრდილში იჯდა-ხოლმე და ვერლენის ლექსებს კითხულობდა. შუამდინარული პოეზიის, ძველი და ახალი აღთქმის, „ოდისეას“, „ბაკხი ქალების“ და კიდევ ბევრი სხვა თხზულების ორიგინალებიდან მთარგმნელს, როცა ვეკითხებოდით, რამდენი ენა იცითო, გვპასუხობდა, ქართულიო. იმ ზაფხულს, გვიან ღამით ხატობიდან რომ ვბრუნდებოდით, კიდევ ერთი ენის ცოდნა გაგვიმხილა. ზურაბი ნასვამი იყო და შუა გზაში უცებ ჩემთვის გაურკვეველ ენაზე ალაპარაკდა. ვერლიბრი რომ იყო, ადვილად მივხვდი, თითქოს ლათინურს ჰგავდა, მაგრამ აშკარად არ იყო ლათინური. აღმოჩნდა, რომ დანტეს რომელიღაც „კანტოს“ გვიკითხავდა იტალიურად. მაგრამ იმ საღამოს, ზაფხულს რომ ვაცილებდით, ვერ გამიხსენებია რა წაგვიკითხა. მხოლოდ ის მახსოვს, მე რა წავიკითხე. შეიძლება იმიტომაც დამამახსოვრდა, რომ ჩემმა გამოხტომამ უხერხული მხიარულება გამოიწვია. რადგან მამუკა სალუქვაძე იქ იჯდა, ხოლო მე მისი ერთი პატარა ლექსი ზეპირად ვიცოდი, გადავწყვიტე ეს ლექსი წამეკითხა, ავტორის ხსენების გარეშე:
ბავშვს უთხარით, ყვავილებს ნუ კრეფს,
დაუტოვოს საკვებად ნუკრებს,
თორემ, სულელებს იცით, რა მოსდით?!
პეპლებს ჭამენ და რქები ამოსდით.
პირველი რეაქცია მიხო შუღლიაშვილს ჰქონდა: „ეს რა სისულელე წაგვიკითხე, ვისი დაწერილიაო?“ – სიცილით იკითხა. უცებ საშინელი უხერხულობა დამეუფლა, მორიდებით გავიხედე მამუკასკენ, რომელმაც მშვიდი ხმით უპასუხა, „ჩემი ლექსიაო“. ამას საყოველთაო სიცილი და მხიარულება მოჰყვა, მაგრამ მაინც საღამოს მთავარ კურიოზად იქცა. თუმცა მეორე უხერხულობა 12 საათზე დადგა, როცა ზურაბმა ლელას და მე გადმოგვხედა და გვანიშნა, დროაო. ლელამ და მე ერთმანეთს შევხედეთ და სიცილი აგვიტყდა: აღმოჩნდა, რომ „ჰაეროვანი ფრთა შემოდგომის“ არცერთს არ გვესწავლა ზეპირად. ასე ალბათ ზურაბი არასდროს არ მიწყენინებია, სავარაუდოდ, არც ლელას. „ერთი სტროფი ლექსის სწავლა გთხოვეთ და ეგეც დაგეზარათო“, – ნაწყენი და საყვედურიანი ინტონაციით გვიმეორებდა.
სულ რამდენიმე დღეში ჩვენი ზაფხულის იდილია დამთავრდა. თბილისში დაბრუნებულებს დიდი არეულობა დაგვხვდა, რომელიც სწრაფად მწვავე სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომში გადაიზარდა. ამის შემდეგ ყველაზე მძიმე და პირქუში წლები დაიწყო. ალმატი-საბუის „აკადემიაც“ გაქრა, ყველა მიმოიფანტა და ასე ერთად აღარასდროს შევკრებილვართ. 1996 წელს მოულოდნელად მიხო შუღლიაშვილი გარდაიცვალა, 55 წლის იყო, როგორც მრავალი წლის შემდეგ აღმოჩნდა, ქართული ავანგარდისტული მუსიკის უდიდესი წარმომადგენელი, რომლის ნაწარმოებები მის სიცოცხლეში, ფაქტობრივად, არც შესრულებულა. რამდენიმე თვეში მისი მეუღლე – მანანა იოსელიანიც გარდაიცვალა, თუ სწორად მახსოვს, მიხეილ შუღლიაშვილის ერთი საფორტეპიანო ნაწარმოები მხოლოდ მანანას ჰქონდა შესრულებული ერევანში. 1997 წელს მოულოდნელად მამუკა სალუქვაძე გარდაიცვალა. 2008 წლის 1 იანვარს ზურაბმა თენგიზ მირზაშვილის, „ჩუბჩიკას“ გარდაცვალება შემატყობინა და მისი ფოტო გამომიგზავნა, რომელზეც მას მარჯვენა ხელი მაღლა ჰქონდა აწეული, თითქოს ვიღაცას ემშვიდობებოდა. 2009 წელს ლელა პატარიძე გარდაიცვალა, 45 წლისაც არ იყო.
1998 წლიდან ბერლინში ვცხოვრობდი. საქართველოდან ისე წავედი, რომ უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი, წლები გადიოდა და აქაურობა არც მენატრებოდა. 2005 წელს ზურაბმა მომწერა, დიდ კრებულს ვამზადებთ – „საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე“ ერქმევა და შენც დაგვიწერე რამე, სამშობლოს, ერის ან პატრიოტიზმის თემას რომ ეხებოდესო. უკვე 7 წელი იყო გასული, რაც ქართულად აღარაფერი დამეწერა. დიდი ენთუზიაზმით არ შევხვედრილვარ ამ შემოთავაზებას, იმიტომ დავთანხმდი, რომ ზურაბს ვერ ვეტყოდი უარს. მერე სტატიის თემაზე დავიწყე ფიქრი, „სამშობლოს“, „სახლის“ იდეაზე, რომელთანაც კავშირი მქონდა გაწყვეტილი და ისიც კი არ მსიამოვნებდა, როცა მახსენებდნენ. ბერლინში ისე ვიყავი, როგორც ზღაპრის ერთი გმირი, რომელიც შემთხვევით რაღაც ჯადოსნურ ადგილას მოხვდება, სადაც ის უკვდავ-უბერებელია და ბედნიერად ცხოვრობს, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამშობლო არ უნდა გაახსენდეს. მსგავსი სიუჟეტი არქაულ მითოლოგიაშიცაა, შუა საუკუნეების ლეგენდებსა და ეპოსშიც. ერთი ასეთი სიუჟეტია ლოენგრინის თქმულებაშიც: ის ბედნიერად ცხოვრობს თავის მეუღლე, ელზასთან ერთად შორეულ ქვეყანაში და უფლება არ აქვს გასცეს თავისი წარმომავლობა. მაგრამ ელზა აიძულებს ვინაობის გამხელას და მაშინვე მოცურდება გედი და ლოენგრინი თავის სამშობლოში მიჰყავს. ერთხელ გვიან ღამით ველოსიპედით დავსეირნობდი ბერლინის ქუჩებში, ყურსასმენში ვაგნერის „ლოენგრინი“ მქონდა ჩართული და თან ზურაბის დავალებაზე ვფიქრობდი. უცებ დაიწყო ლოენგრინის ცნობილი არია – In fernem Land („შორეულ ქვეყანაში“), რომელშიც ის თავის ვინაობას ამხელს. უცებ მთელი სხეულით ისეთი გულისამაჩუყებელი სევდა ვიგრძენი, თავი ძლივს შევიკავე, ქვითინი რომ არ დამეწყო. ეს იყო ნოსტალგია. ბერძნულად ეს სიტყვა „სახლის გამო ტკივილს“ ნიშნავს. თუმცა ეს სახლი, რომელიც თავისი გრავიტაციით უკან გვექაჩება, წარსულ დროშია და არა სივრცეში. მაგრამ რადგან დროში დაბრუნება შეუძლებელია, სივრცეში ვბრუნდებით, სადაც ყველაფერი შეცვლილი გვხვდება, როგორც იმ ჯადოსნური ზღაპრის მოტივშია, ნოსტალგიაშეყრილი იმ მარადიულ ადგილს ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება, რომელიც იმდენად შეცვლილია, რომ ნაცნობს ვეღარავის პოულობს. ისე მოხდა, რომ ამ წერილის დაწერის შემდეგ მოვუხშირე თბილისში ჩამოსვლებს. თავიდან მეც ისეთი განცდა მქონდა, რომ უცხო ქალაქში ვარ, სადაც ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ უცნობობამდე შეცვლილი. 2008 წლის 8 აგვისტოსაც თბილისში ჩამოვედი დასასვენებლად. მთელი აგვისტოს ომი თბილისში გავატარე. მერე ზურაბმა მე და ლუკა ნახუცრიშვილი ალმატში წაგვიყვანა, გვინდოდა ცოტა ხნით თბილისის დეპრესიულ გარემოს გავცლოდით. ისევ ზაფხული იყო და ისევ ალმატში ვიყავით ზურაბთან სახლში. აქ უკვე მართლა თავი იმ ზღაპარში მეგონა, როცა ყველაფერი თითქოს ადგილზეა, მხოლოდ ის ხალხი აღარაა, ვინც იმ ადგილს მოსანატრებელს ხდიდა. კიდევ 6 წელი გავიდა, როცა თბილისში საბოლოოდ დავბრუნდი და თბილისიც კიდევ უფრო მეტად შეცვლილი დამხვდა, იმდენად, რომ დაბრუნების განცდაც არ მქონია, უფრო ახალ ემიგრაციას ჰგავდა. ბოლო სამი-ოთხი წელი ზურაბი ალმატში გადასახლდა და აღარც მინახავს. ეს პერიოდი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო მის შემოქმედებაში. წელიწადში რამდენიმე წიგნს გამოსცემდა. მისი ახალ-ახალი წიგნების კითხვა მასთან საუბრის განცდასაც მიქმნიდა. სულ ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. მერე პანდემიაც დაიწყო, ალბათ ყველაზე მძიმე და შემზარავი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერთმანეთზე მიყოლებით დედა და მამა დავკარგე. ზურაბი რომ ალმატში იყო, ეს მამშვიდებდა და ვერც მის მონახულებას ვერ ვბედავდი, უნებლიედ რამე ინფექცია არ ჩამეტანა. ამასობაში, პანდემიაც დასასრულს უახლოვდებოდა. 2022 წლის აგვისტოს ბოლოს გავიგე, რომ ზურაბი თბილისში უნდა ჩამოსულიყო და მეც მეტი გაბედულება მექნებოდა, რომ ამდენი ხნის უნახავი მომენახულებინა. ზურაბი სექტემბრის დამდეგს თბილისში ჩამოვიდა და პირველსავე დღეს კოვიდი შეეყარა. ორთვე-ნახევარი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და 23 ნოემბერს გული გაუჩერდა. მის დაკრძალვაზე, გამომშვიდობების მომენტში საიდანღაც გალაკტიონის ლექსი გაჩნდა. მე თავი ჩავქინდრე და უხმოდ ჩავიკითხე:
ჰაეროვანი ფრთა შემოდგომის,
შემდეგ ზამთრისა და გაზაფხულის,
გაფრინდა, დროა უეცარ ტყდომის
უკანასკნელი დღეა ზაფხულის...
© არილი