თეონა დოლენჯაშვილი, „ჩიტი არ გამოფრინდება“, გამომცემლობა ინტელექტი, 2020.
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
გალაკტიონი
წინარე – ანუ ყველაფერი ის, რაც უნდა ითქვას არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად
პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს რამდენიმე კარგი ამბავიც მოხდა. ერთ-ერთი ისაა, რომ გამომცემლობა ინტელექტმა თეონა დოლენჯაშვილის რომანი, „ჩიტი არ გამოფრინდება“ გამოსცა. აღსანიშნავია, რომ წიგნს განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია მანამ, სანამ ლიტერატურული პრემია „საბას“ მოკლე სია არ დაიდო, სადაც ავტორმა საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა. მაშინ მწერალმა თქვა, რომ მისი წიგნის ჟიურის მხრიდან არდაფასება მხოლოდ ლიტერატურულ პროცესს აზარალებს, ვინაიდან რომანს ამით არც არაფერი აკლდება. ცხადია, თეონა დოლენჯაშვილი გულისხმობდა, რომ მკითხველი ყოველგვარი პრემიის გარეშეც შეაფასებს რომანის ღირებულებას და მასზე შესაბამის მოსაზრებასაც გამოთქვამს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ავტორმა სთხოვა მკითხველს მისი წიგნის გულისყურით წაკითხვა, რათა ისინიც დარწმუნებულიყვნენ, თუ რაოდენ ღირებული ნაწარმოები გამორჩათ „საბას“ ჟიურის წევრებს. საჭიროდ მივიჩნიე, აღნიშნული ტექსტი ორი მიმართულებით გამეანალიზებინა. ერთი მხრივ, აუცილებლად მეჩვენება საკუთრივ რომანის ზოგიერთ მნიშვნელოვან სემანტიკურ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, რათა კარგად ვაჩვენო, თუ რა თემები წამოწია ავტორმა ზედაპირზე; მეორე მხრივ, გვერდს ვერ ავუვლი მწერლის მეტაფორული აზროვნების თავისებურებას, რაც ცალკე გამოყოფას იმსახურებს.
დანის პირზე სირბილი – იქით და აქეთ
ლაშა ბუღაძე თეონა დოლენჯაშვილის აღნიშნულ რომანთან დაკავშირებით წერს: „ეს არის საოცრად ეპიკური და მეტაფორებით სავსე წიგნი. ბევრი ტექსტი წამიკითხავს ამ თემაზე, მაგრამ მე ასეთი სიმძიმის, ასეთი დრამატულობისა და შთაბეჭდილების აღწერა არაფრისგან მიმიღია. ეს ძალიან დიდი ლიტერატურაა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე…“ შეფასება გრძელდება, თუმცა ჯობს აქ შევყოვნდეთ და გავიაზროთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ლაშა ბუღაძის მოსაზრებისა, რომ ეს დიდი ლიტერატურაა და თეონა დოლენჯაშვილიც მეტაფორების ნამდვილი ოსტატია, შევეცდები ავხსნა, თუ რა არ უნდა გამოგვრჩეს თვალთახედვის არეალიდან, როცა ამგვარ ტექსტს ვკითხულობთ. ხანდახან ზოგიერთი დეტალი განგებ გვეპარება, ხან კიდევ შეგნებულადაც შეიძლება დავხუჭოთ თვალი რიგ მიზეზთა გამო. ამ შემთხვევაში მგონია, რომ უფრო მეორე ამბავთან გვაქვს საქმე, ვინაიდან მაინც გულის სიღრმეში მჯერა, ლაშა ბუღაძემ იცის, თუ რა არის დიდი ლიტერატურა.
აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თეონა დოლენჯაშვილი ცდილობს ომის სახის ჩვენებას და ამისთვის თანამედროვე ამბებზე კონცენტრირდება. ერთი მხრივ, აფხაზეთის ომის მოვლენებს წამოატივტივებს, მეორე მხრივ, სირიის ცხელ წერტილში არსებულ რეალობას გვიხატავს. ორივე ამ ამბავს ის აერთიანებს, რომ მთავარი მოქმედი გმირი ერთი ჰყავს, რომელიც აღნიშნულ გზას გადის აფხაზეთიდან სირიამდე. ნატა, რომელიც აფხაზეთის ომის პერიოდში პატარა გოგონა იყო და საკუთარი თვალით ხედავდა ომის სიმძიმესა და საშინელებას, ახლა ალეპოში ჩავა სიუჟეტის მოსამზადებლად. ის პროფესიით ფოტოგრაფია, შესაბამისად, კადრების დაჭერაშიც დაოსტატებულია. რომანში ნატა სხვადასხვა ადამიანს გადააწყდება, რომელთა ისტორიასაც მწერალი ცალკე ქვეთავად მოგვითხრობს და პარალელურად გვიჩვენებს მთავარი გმირის ამბავთან პარალელს. თეონა დოლენჯაშვილი ცდილობს დაანახოს მკითხველს ის კავშირი, რაც ამ ორ ომს აერთიანებს. ერთგვარად, ეს არის მცდელობა შეიქმნას ომის საერთო ხატი, რომელსაც, საბოლოოდ, ავტორი ან მკითხველს მიანდობს, ან ყუმბარას ესვრის და გაანადგურებს. ასაფეთქებლის სროლა ავტორის ერთგვარი გამორჩეული ნიშანი, ასე ვთქვათ, საყვარელი ლიტერატურული ხერხია, რომელზეც ქვემოთაც გვექნება საუბარი, ვინაიდან ამ დეტალის გარეშე წარმოუდგენელია ამ რომანის გაანალიზება.
ავტორი წინასწარვე აფრთხილებს მკითხველს, რომ ისინი რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულ ამბავს კითხულობენ. ასეთ ფრაზას, ძირითადად, სამ შემთხვევაში შეხვდება ადამიანი. პირველი, რაც მახსენდება, ეს საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებებია (ფილმებიც მათ შორის), როცა დასაწყისში ან ბოლოს შემქმნელი გვიმხელს, რომ აქ აღწერილი მოვლენები რეალობაა და ოდესმე ვიღაცას შეემთხვა. ეს კარგად ნაცადი ხერხია, რათა ემოცია კიდევ უფრო გაუმძაფრდეს მკითხველს (მნახველს) ან წინასწარვე შექმნას განწყობა, რომ ბოლოს იმედგაცრუება აირიდოს თავიდან (ასეთი იყო რეალობა და სხვა რა უნდა მექნა – ავტორისთვის დიდი ვერაფერი არგუმენტია, მაგრამ ცდად ხომ ღირს). მეორე შემთხვევა პირველისგან განსხვავებულია. ის უბრალოდ გვახსენებს, რომ აქ რაც წერია, მართლაც რეალურად მოხდა და ავტორი ერთგვარი შუამავალი, მედიუმია (ცხადია, თავის ხელსაც ატყობს მონათხრობს) ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის. ასეთი მწერალია მაგალითად სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელმაც ნობელის პრემიაც კი დაიმსახურა. ბოლო ამბავი წინა ორზე ცხადია. აქ მწერალი ცდილობს, რომ შეცდომაში შეგვიყვანოს და გვეთამაშება. ამიტომ წინ წამძღვარებული ფრაზის მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ მკითხველმა ტექსტი რეალობის სრულყოფილად ლეგიტიმურ სახეობად აღიქვას, როგორც ეს ბორხესის ბევრ მოთხრობაში ხდება. თეონა დოლენჯაშვილის შემთხვევას ყველაზე კარგად მეორე ვარიანტი აღწერს. ის ცდილობს იქცეს ქართველ სვეტლანა ალექსიევიჩად, გვიჩვენოს, რომ აღნიშნული რეალობა, რასაც ბელარუსი ავტორი აღწერდა, არც ქართველს უგრძნია ნაკლებად. საქმე ის გახლავთ, რომ ქართველ მწერალს ერთი გადაულახავი პრობლემა აქვს. ეს არის ზედაპირული მიდგომა საკითხებისადმი. სვეტლანა ალექსიევიჩი მხოლოდ იმიტომ არის დამაჯერებელი, რომ ის თითოეულ დეტალს ყურადღებით ეკიდება, ჯერ მუშაობის პროცესში კონცენტრირდება მათზე, შემდგომ კი ნაწერშიც შესაბამისი ფორმით გადააქვს (მაგალითისთვის, უამრავ ადამიანს ხვდება, რომელთაც შეემთხვათ ტრაგედია, იწერს მათ ისტორიებს, ამუშავებს, შემდგომ საარქივო მასალას ეცნობა, სწავლობს საერთო პოლიტიკურ თუ სოციალურ ფონს, რაც ქმნიდა აღნიშნულ სიტუაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს წერას). ჩვენ შემთხვევაში ასე არ ხდება. თეონა დოლენჯაშვილი ცდილობს თავისი გონებით წარმოიდგინოს გარკვეული დეტალები, შესაბამისად, რომანის მსვლელობასთან ერთად ეს ყველაფერი არადამაჯერებელი ხდება. საბოლოოდ, ვიღებთ იმას, რომ ფარდის უკან ისევ ფარდა გვხვდება, ადამიანთა რეალური სახე კი კვლავაც ამის მიღმა რჩება. საილუსტრაციოდ მოვიხმოთ რამდენიმე მაგალითი ტექსტიდან. მეტაფორების ოსტატი ავტორი, ნაწარმოების დასაწყისშივე ომის ქარცეცხლში გადაგვისვრის და ერთ-ერთ ქალაქში მგზავრობის პარალელურად, შემდეგ პასაჟს გვთავაზობს: „…ახლაღა ვაკვირდები, რომ ალექსის ფურცელზე მისამართი სამ ენაზე დაუწერია – ინგლისურად, თურქულად და არაბულად. …ეს ხომ მას შემდეგ მოხდა, რაც ღმერთმა ადამიანებს ენები აურია, სარწმუნოებები აურია, მცნებები აურია, ქალაქი დანგრეულ ბაბილონის გოდოლს ჰგავს და ფურცელზეც მისამართი სამ ენაზე წერია.“
ერთი მხრივ, აქ ვლინდება მწერლისათვის მეტად დამახასიათებელი ერთი თავისებურება – ავტორი იმდენად არ ენდობა მკითხველის ალღოს, რომ ცდილობს თავად განუმარტოს ყველა ალუზიის, ქვეტექსტის შემცველი ფრაზის მნიშვნელობა, ბოლომდე გაუშიფროს, ვიყოთ გულწრფელები – ამ შემთხვევაში ის საკმაოდ მარტივი სტრუქტურის სიმბოლო, რომელზეც ეს ასოციაცია დგას, მეორე მხრივ კი, სრულიად გაუგებარია ციტირებული მეტაფორის დანიშნულება. თუმცა რა კავშირი აქვს ამ ფაქტს ნაომარ ქალაქთან? მწერალი აღფრთოვანებულია საკუთარი მიგნებით, რომელიც სრულებით არაა ორიგინალური და ავიწყდება მეორე ხაზი, აი, ის, ამ წინადადებამდე რომ დაიწყო. სოდომსა და გომორას შეიძლება ნაომარი ქალაქის სიმძიმე ეტვირთა, მაგრამ ეს ზედმეტი იქნებოდა ერთი აბზაცისთვის, შესაბამისად თეონა დოლენჯაშვილმა მკითხველი დაინდო, რათა არ გადაეტვირთა ტექსტი გენიალური მიგნებებით.
ამ ისტორიიდან მალევე მწერალი გვიამბობს სირიელი გოგონას ისტორიას, თუმცა მთელ ამ ამბავში კვლავაც ერთი გონებამახვილური მიგნებაა ჩაქსოვილი. ავტორი გვიყვება ბიჭზე, რომელმაც ნაღმის აფეთქებისას ხელი დაკარგა და საავადმყოფოში ისიდამ (ზემოთ ნახსენებმა გოგონამ) წაუღო თავისი ძმის სპაიდერმენის ფორმა. თეონა დოლენჯაშვილი არ ღალატობს საკუთარ სტილს და ამ სიმბოლოსაც უშიფრავს მკითხველს: „მეორე დღეს კი ცაში გაფრინდა ზუსტად სპაიდერმენივით…“ წესით ავტორი ასე იმიტომ წერს, რომ ემოცია გაამძაფროს, კიდევ უფრო კარგად გვიჩვენოს, თუ როგორ ოსტატურად ათამაშებს სიმბოლოებს, მაგრამ ამას საპირისპირო ეფექტი აქვს რომანში. გადამეტებული ემოცია მთლიანად პასაჟს ხდის არადამაჯერებელს. ომის სახეს არა აღნიშნული შენიშვნები, არამედ აღწერილი გარემო ქმნის, რომელსაც მკითხველი თავად მიჰყავს შესაბამის დასკვნებამდე.
ნაწარმოებში არის ერთი დეტალი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სირიელი გოგონა, ისიდა, ომის დღიურს აწარმოებს, სარდაფში, სიბნელეში, მაშინ როცა გარეთ ჭურვებს ისვრიან, კედელზე ცარცით წერს. გამოიცანით რას აღმოაჩენს ერთ დღეს, როცა იქ ფარნით შეიარაღებული ჩავა? ის, რომ კედელი თეთრია და მისი ნაწერიც არ ჩანს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს პასაჟი ნამდვილად იმსახურებს მოწონებას. თეთრ დაფაზე დაწერილი ისტორიაა იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ომის ქარცეცხლიდან გამოდიან. მათი სახელები დიდწილად ყოველთვის დაკარგვისთვისაა განწირული.
თუკი აღნიშნულ ნაწილს შევაჯამებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავტორის მიზანი, მეტაფორებისა და გონებამახვილური შედარებების მაგალითზე აჩვენოს ომის რეალური ბუნება არც ისე წარმატებულია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს რაღაცით დანის პირზე სიარულს ჰგავს და აქ თითოეული ნაბიჯი აუცილებელია, რომ გააზრებული ჰქონდეს მწერალს, ვინაიდან ერთმა უადგილოდ ნათქვამმა ფრაზამ შესაძლოა მთელ ეპიზოდს დაუკარგოს აზრი. ავტორი ცდილობს, რომ მეტაფორულ აზროვნებაში ჩაითრიოს მკითხველი, თუმცა ხშირ შემთხვევაში საპირისპირო შედეგს აღწევს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თეონა დოლენჯაშვილი დეტალებზე მუშაობას არ ცდილობს. მწერალი საკუთარი მეტაფორებით ხშირ შემთხვევაში იმდენადაა აღფრთოვანებული, რომ სრულებით ავიწყდება რამდენიმე წინადადების წინ აღწერილი ეპიზოდები, რაც შემდგომ გარკვეულ გაუგებრობას იწვევს მკითხველში.
ისიდა
მეტაფორებისა და გონებამახვილური მიგნებების გარდა, რომელთა ნაწილიც უკვე ზემოთ აღვნიშნე, აუცილებელია ერთ საკითხზეც შევაჩერო ყურადღება. ნარატიული ტექსტების შესწავლისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, თუ ვინ მოგვითხრობს ამბავს, ვისი პერსპექტივიდან ხედავს მკითხველი ისტორიას. თეონა დოლენჯაშვილის რომანში ჩვენ არ გვჭირდება გმირების ასაკთა გამოცნობა. მწერალი ამ მხრივ საქმეს გვიმარტივებს და ნაწარმოებში ყველა ადამიანის წლოვანებას გვიმხელს. პრობლემაც სწორედ აქედან იწყება. ისიდა, რომელიც უკვე არაერთგზის ვახსენეთ, 9 წლის გოგონაა, მაგრამ მის აზროვნებაზე იმავე არ ითქმის. თავი რომ არ შეგაწყინოთ, საილუსტრაციოდ მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან. პირველ შემთხვევაში, 9 წლის გოგონა ფილოსოფიურ დილემათა წინაშე დგას. ის სვამს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: „თუკი დაბადებამდე სიცარიელე იყო, ხომ შეიძლება სიკვდილის მერეც ასე იყოს? თუ ჩემი სული უკვდავია და მარადიული, მაშინ სად იყო ის იქამდე ვიდრე გავჩნდებოდი?“ მამა ამ კითხვებზე პასუხის მოძებნას შვილს ყურანში სთხოვს, რაზეც ბავშვი გაიფიქრებს: „ყურანში სურებია, პასუხები – არა.“ ცოტა არადამაჯერებელია 9 წლის ადამიანისთვის ჯერ იმგვარი განსჯის უნარი, რომ დაბადება-სიკვდილის საკითხს მსგავსად იაზრებდეს და შემდგომ დარწმუნებით აცხადებდეს, რომ ყურანში სურებია და იქ პასუხებს ის ვერ წააწყდება. ამგვარად არ მსჯელობენ 9 წლის ბავშვები.
ხედვის პერსპექტივის აღრევის უფრო მკაფიო მაგალითი ისიდას ამბის ბოლოს გვხვდება, როცა გოგონა შენიშნავს: „ჩვენი ღმერთიც სწორედ ასე უკუნ სიბნელეში გვწერდა სიცოცხლის წიგნში და ამიტომ მერე უკვე გაჩენილებს ვეღარც გვხედავდა.“ ან კიდევ: „ასეა: ვერავინ გვხედავს ჩვენ – მოჩვენებითი ქალაქის ცოცხალსა და მკვდარ აჩრდილებს.“ აღნიშნულ ფრაზებს თუკი 9 წლის ბავშვს მივაწერთ, ყველაფერი კომიკურ ელფერს შეიძენს. ადამიანს, რომელსაც იმის სჯერა, რომ ღმერთი დაბომბვისას ზოგიერთის სახლს ხელს აფარებს და ამით იხსნის მათ ჭურვების წვიმისგან, წარმოუდგენელია ასეთი ფიქრები აწუხებდეს. ის ვერაფრით შეძლებს იმის წარმოდგენას, თუ როგორი მოჩვენებითია მისი ყოფა (მითუმეტეს ვერც იმ მეტაფორას დაბადებას საკუთარ თავში, რომ ყველანი „მოჩვენებითი ქალაქის ცოცხალი და მკვდარი აჩრდილები“ არიან). ავტორი ისიდას ნაწილის წერისას გაორებულია. ერთი მხრივ, სურს შეინარჩუნოს მისი ბავშვურობა, ცნობისმოყვარეობა და სხვა, მაგრამ, ამასთან, ვერ ეგუება, რომ მსგავსი შენიშვნები შეიძლება დაიკარგოს. შესაბამისად, მასაც პატარა 9 წლის გოგონას პირით გამოთქვამს. ცხადია, ეს დიდი, ეპიკური მნიშვნელობის მქონე წიგნებისთვის დამახასიათებელი არ გახლავთ.
ავტორი ვერ ახერხებს პერსონაჟის თვალსაწიერის კონტროლს. კითხვისას იმის განცდაც კი რჩება, რომ შეიძლება მწერალმა ბავშვს ლექცია არისტოტელეს უძრავი მამოძრავებლის შესახებ წააკითხოს და შემდგომ ღმერთის ნიცშესეულ გაგებაზეც ათქმევინოს რამდენიმე სიტყვა. ცხადია, ამგვარი მიდგომა ვერ უზრუნველყოფს პერსონაჟის რეპრეზენტატულობას. მეტიც, ეს არაავთენტურია. შესაბამისად, შედეგად ვიღებთ გმირს, რომლის ასაკიც რომ არ ვიცოდეთ, წამით ვერ მივხვდებოდით, რომ ის ბავშვია.
მარიამი და რიჰმანი
ნაწარმოებში ავტორი სიკვდილის საკითხსაც ეხება. ალბათ, მწერალს მიაჩნია, რომ მას საოცრად პოეტურად გამოსდის ამ აქტის აღწერა, ვინაიდან სადაც კი საშუალება მიეცა, ყველა გმირს მოუსწრაფა სიცოცხლე. მეეჭვება ეს ამბავი შემთხვევითი იყოს. აქვე შევნიშნავ იმასაც, რომ თეონა დოლენჯაშვილი ცდილობს ზღვა ემოცია ელვასავით დაგვატეხოს თავს, მაგრამ ამის ნაცვლად ვიღებთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „იქამდე, ვიდრე ტანს ცეცხლი მოედება და თმები აალდება, იქამდე, ვიდრე მკერდს გამოფუტრავს და გულს მისწვდება, იქამდე, ვიდრე გონებას დავკარგავ, გთხოვ, ძალა მომეცი! … მერე სულად ვიქცევი. თავისუფალ და მქროლავ სიო…“ წარმოიდგინეთ, ადამიანი იწვის და ფიქრობს, რომ სიოდ უნდა იქცეს, რომელსაც მკერდი ექნება „გამოფუტრული“. ცხადია, ეს ყველაფერი მკითხველში მძაფრი ემოციის ნაცვლად, ღიმილსაც კი იწვევს, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ცეცხლის ალში მყოფ გმირს შემდეგი სიტყვები აგონდება:
„ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს
შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.“
ვნებისგან ტანს მოტმასნილი სუდარის არ ვიცი და სიკვდილი კი ორ ნაბიჯშია მთავარი გმირისგან. ამ დროს პოეზიაზე ფიქრის თავი არ მგონია ვინმეს ჰქონდეს. ეს უფრო ავტორის „სენტიმენტალობის შემოტევას“ ჰგავს, რომელიც ნაწარმოებს რაიმე ღირებულებას კი არ მატებს, არამედ აზიანებს. ასეთ ადგილებს მკითხველი ტექსტში მრავლად წააწყდება. პოლ ედვარდსი თავის ესეიში „ეგზისტენციალიზმი და სიკვდილი“ აღნიშნულ საკითხთა განხილვისას იშველიებს სენეკას ფრაზას, რომლის თანახმადაც, სიკვდილი „ეს ნავსადგურია, რომლამდეც ჩვენ ადრე თუ გვიან მივაღწევთ და ვერაფრით მოვახერხებთ იქ შესვლაზე უარის თქმას.“ შესაბამისად, ამ გარდაუვალობის შენიღბვა და მისი პოეტურ საბურველში გახვევა ყალბ ელფერს იძენს. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ თეონა დოლენჯაშვილი რიგი საკითხების მიმართ ზედაპირულ დამოკიდებულებას იჩენს და ცდილობს რაღაცების წარმოდგენას, გამოგონებას, რათა მონათხრობს გარეთ მყოფი ისტორია შეავსოს (ვინაიდან მან არ იცის მარიამის უკანასკნელი ფიქრები, ის ცდილობს მის წარმოდგენას, საბოლოოდ კი, სიტყვათა ლაბირინთში იკარგება). ამ დროს მწერალი ყოველთვის დანის პირზე დაიარება, სადაც ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველა მცდელობა წყალშია გადაყრილი. მკითხველი რომ არ შევიყვანოთ შეცდომაში და არ ვაფიქრებინოთ, რომ ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ გმირთან მიმართებაში ხდება, ამის საილუსტრაციოდ მეორე პერსონაჟის, რიჰმანის, ნაღმზე აფეთქების ისტორიაც მოვიხმოთ. ადამიანი, რომელიც პალმირას აღდგენის საკითხზე მუშაობს მოულოდნელად მხოლოდ იმიტომ კვდება, რომ ავტორს მასთან მიმართებით გეგმა აღარ აქვს და, შესაბამისად, ფიქრობს, რომ თუკი მას იმქვეყნად გაისტუმრებს, ამით ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ასეა თუ ისე, ნაღმზე ფეხის დაბიჯების შემდეგ, თეონა დოლენჯაშვილი ცდილობს კადრი გააჩეროს და გვიჩვენოს სიკვდილის პარალელურად არსებული 1 წამი, როდესაც სამყარო ასრულებს არსებობას ჩვენში. რომანში ვკითხულობთ: „ჩემს თავზემოთ მზე აქრობს ყველა ჩრდილს და ვხვდები, რომ ჩემთვისაც ყველაფერი ქრება, სრულდება.“ არ მეგონა, უკვე მკვდარ ადამიანს რაიმეს მიხვედრა თუ შეეძლო, მაგრამ ჯობს ბოლომდე მივყვეთ აღწერას: „ხილვები უდაბნოს ქვიშასთან ერთად უკან მიჩოჩავს, თითქოს მოძრავი ლენტიაო. მე კი ვდგავარ და ვხედავ როგორ მიედინება საგანთა რიგი და ჩემს უკან მიცურავს, იკარგება, ქრება ცხოვრება… შავ კვამლში ვეხვევი, ათას ნაწილად ვიფანტები, ისე, როგორც პალმირას ფერფლი, მისი მტვერი, მისი ერთ-ერთი მცველი, მარადისობის ერთი კენჭი და უმცირესი ნაწილი.“ საინტერესოა, რომ მკვდარი ადამიანი, მარადისობის კენჭებზე ფიქრობს. დიდოსტატური გადაწყვეტაა, არა? მოდით მაინც ავხსნათ აღნიშნული ეპიზოდი. ისევ პოლ ედვარდსს თუ დავესესხები, ადამიანთა უმრავლესობას სწამს, რომ გარდაცვლილებს ღრმად სძინავთ საფლავებში. სწორედ აქედან მოდის ფრაზაც „საფლავში გადატრიალდა კაცი“-ო. ახლა კი შეგვიძლია ამოვიცნოთ თეონა დოლენჯაშვილის ოსტატობა. იმდენად დიდებული სიკვდილი არგუნა მან პერსონაჟს, რომ საფლავიც არ დაუტოვა, რათა გემრიელად გადატრიალებულიყო ამის შემყურე. ამ მხრივ მაინც დაინდო ავტორმა რიჰმანი, „მარადისობის ერთი კენჭი“.
ნატა
ნატა ამ წიგნის ერთგვარი გამაერთიანებელია. ის ორ ომს ხედავს და მათ ერთნაირ ბუნებას ამჩნევს. სიკვდილი, შიში, უიმედობა, დევნილობის განცდა და სხვა… ეს ყველაფერი მან ზედმიწევნით კარგად იცის. მოცემულ ნაწერში ვერ შევჩერდები ავტორის მიერ აღწერილ აფხაზეთის ამბებზე, ვინაიდან ეს ცალკე ვრცელი სასაუბრო თემაა და მასზე უფრო დიდი ნაშრომის წაკითხვაც არ იქნებოდა ურიგო, თუკი ამას კარგი მკვლევარი მოკიდებდა ხელს. მე მხოლოდ მინდა კვლავ ვაჩვენო ავტორის ის ზედაპირული მიდგომა, რომელსაც საკუთარი პერსონაჟების მიმართ იჩენს და მკაფიოდ გამოვკვეთო ფინალობის პრობლემა, რამაც სხვადასხვა გმირთან, მათ შორის ნატასთანაც, იჩინა თავი. ამის საილუსტრაციოდ სამ ეპიზოდზე ვკონცენტრირდები. რომანში თეონა დოლენჯაშვილი უბრუნდება საკითხს, რომელსაც „ერთი ნახვით შეყვარება“ ჰქვია და გვიჩვენებს, თუ როგორ შეუყვარდა პატარა ნატას უფროსკლასელი, რომელსაც პირველად სხვა გოგონასთან სიყვარულისას წაასწრო. ავტორი აღნიშნულ ამბავს ისე აღწერს, თითქოს ადამისა და ევას სექსს შეესწრო და ახლა ღმერთთან უნდა წავიდეს ენის მისატანად. ამავე ეპიზოდში გაისმის ფრაზები: „აქ რა ჯანდაბა გინდა? ჯაშუშობ?“ ან კიდევ: „ნამდვილი ვირთხები არიან (იგულისხმებიან ბავშვები, გ.მ.). ყველგან დაძვრებიან და ჯაშუშობენ. დარწმუნებული ვარ, ცხვირასთან ჩაგვიშვებს.“ საინტერესოა, ასე უცნაურად წარმართული დიალოგის მერე ნატას გამოფხიზლება, როცა კარგად შეათვალიერებს ბიჭს და გულში ჩაუვარდება. ავტორი, ალბათ, აქაც აღფრთოვანებულია საკუთარი მიგნებით, როცა წერს, რომ „ეს იყო ნამდვილი ვიტრაჟიდან გახედვა. შეყვარება.“
ბოლო პერიოდის ქართულ ნაწარმოებებში ერთი ასეთი პრობლემა შეინიშნება. ისინი აუცილებლად რაღაც ფორმით ეხებიან „ვარდების რევოლუციას“ და მის შემდგომ მოვლენებს, რაც სრულებით არაა ცუდი (მეტიც, ეს საფუძვლიან შესწავლას იმსახურებს. ამ პერიოდის გააზრება ნამდვილად შესანიშნავ სარომანე მასალას იძლევა), მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ამგვარი გახსენება, საბოლოო ჯამში, კარიკატურული ბუნებისაა. შეგვიძლია გავიხსენოთ ნინო ხარატიშვილის ნაწარმოები „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, სადაც მთავარი გმირი 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის დღეს იხსენებს. ის სახე-ხატები, რასაც ავტორი ქმნის თავის რომანში, ნაკლულია. აღნიშნული ფაქტი იმიტომ გამახსენდა, რომ თეონა დოლენჯაშვილის ნაწარმოებშიც ვხვდებით მიტინგს და მასთან დაკავშირებულ ამბებს. მართალია, ავტორი 2003 წლის ამბებს იხსენებს, თუმცა შედეგობრივად დიდად არ განსხვავდება ის ნინო ხარატიშვილის ზემოთ ნახსენები რომანის ამბისგან. ნატა სწორედ ამ მიტინგზე დაინახავს იმ უფროსკლასელს, რომელიც მას ზემოთ ნახსენები შეხვედრისას ჩაუვარდა გულში. ეს ბიჭი სპეცრაზმელი აღმოჩნდება და „გაყინული ზონდერის სახით“ მიმოიხედავს გარშემო, როცა გოგონა მის სახელს დაიძახებს. პრობლემა ისაა, რომ ავტორი ამ შემთხვევაშიც ცდილობს დარჩეს თანამედროვე მოვლენათა ერთგული და სრულებით არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ეპიზოდი მთლიანად კარიკატურულია. ჩვენ ვხედავთ იმედგაცრუებულ ადამიანს, თუმცა მთელი ეს ეპიზოდი იწერება იმისთვის, რომ მწერალმა ერთადერთი ფრაზა: „გაყინული ზონდერის სახე“ თქვას და ამით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. სიუჟეტის ამგვარ ლაბირინთში შეყვანის ნაცვლად, შეიძლებოდა ავტორს ეს საკითხი ბევრად მარტივად გადაეწყვიტა, თუმცა მაშინ არ იარსებებდა იმ სპეცრაზმელის სახე, რომლის ჩვენებაც ავტორს ასე ძალიან სურდა. მართალია, სწორი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება ცუდი არასდროსაა, მაგრამ არ მგონია, რომ ადამიანებს ლიტერატურა ამ მიზნით შეექმნათ. მიმაჩნია, რომ მწერალი არ უნდა ფიქრობდეს ტექსტში ხელოვნურად რაიმე ეპიზოდის ჩართვაზე მხოლოდ იმისთვის, რომ ამ დროს საკუთარი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსიროს. ამისთვის სხვა სივრცე არსებობს, სადაც ბევრად ეფექტურად შეიძლება მსგავსი ამბების მოყოლა და საკუთარი პოზიციის გამოკვეთაც.
მესამე ეპიზოდი უშუალოდ ფინალობის საკითხს შეეხება. საქმე ისე მიდის, რომ თითქოს მშვიდობით უნდა დასრულდეს რომანი, ნატას მისიაც სირიაში ამოწურულია და იქ მისი უფროსი ალექსიც ჩადის, რომელთან ერთადაც მთელი ღამე ნებივრობს გოგონა (აღსანიშნავია, რომ დაბომბვის ფონზე სექსი კიდევ ერთი დიდებული მიგნებაა იმ სხვა მრავალთაგან, რომლებიც ზემოთ მიმოვიხილეთ). მეორე დღეს კი, როცა უკვე თითქოს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ავტორი კვლავ თავის ნაცად ხერხს მიმართავს და ყუმბარას ესვრის მთავარ გმირს, რის შედეგადაც ალექსი კვდება, ხოლო ნატა კი ცოცხალი რჩება. კიდევ ერთი ტრაგედია გოგონას ცხოვრებაში, მაგრამ კვლავაც უსაგნო. ის ანდაზა კარგად აქვს გააზრებული მწერალს, „გაჭირვებულს ქვა აღმართი წამოეწია“-ო, მაგრამ აქ ხედვის კუთხე სხვაა. თეონა დოლენჯაშვილი მიიჩნევს, რომ ქვა კი არა, ყუმბარა უნდა წამოეწიოს ადამიანს ყველგან, რათა ტრაგედიის მასშტაბები მკითხველმა სრულყოფილად გაიაზროს. მეტიც, დაიჯეროს, რომ ომგამოვლილი ადამიანი მართლაც უბედურია. მერწმუნეთ, ეს ყოველგვარი მსგავსი ჰიპერბოლიზების გარეშეც მიღწევადი რამაა, თუკი ავტორი კონკრეტულ დეტალებზე კონცენტრირდება. მაშინ საჭიროც აღარ გახდება ნაწარმოებში ყოველი მეორე პერსონაჟის სიკვდილი.
ბოლო გაჩერება
თეონა დოლენჯაშვილის ზემოთ განხილული რომანი, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წიგნია, რაც ომის თემატიკაზე დაწერილა. განა იმიტომ, რომ ამბავი არაა საინტერესო, ანდაც ნაკლებად ტრაგიკულია ის, რასაც ავტორი მოგვითხრობს. არამც და არამც. სისუსტის მიზეზი ისაა, რომ ავტორი ზედაპირულია მთელი რიგი საკითხების მიმართ, პერსონაჟების განვითარება არასრულია, მათ თანმდევ ტრაგედიას კი ხშირ შემთხვევაში ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს. მართალია, ავტორს სჯერა, რომ ამ წიგნის არდაფასებით ისევ ლიტერატურულმა პროცესმა იზარალა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. საქმე არც ეპიკურ ლიტერატურასთან გვაქვს და, მითუმეტეს, არც დიდთან. ეს არის მორიგი მცდელობა, როცა ადამიანები ცდილობენ ომთან მიბრუნებას, მისი რეალური ბუნების ჩვენებას, თუმცა აღნიშნული მოვლენები კარგად უნდა გაიაზროს მწერალმა. შესაძლოა მოსაწონი იყოს ავტორის გამბედაობა, ვინაიდან მან აფხაზეთის თემატიკას მოჰკიდა ხელი, თუმცა, ამასთან, აუცილებელია, რომ მან საკითხი (მათ შორის სირიის კონფლიქტიც) დეტალურად დაამუშაოს, რათა შედეგად არ მივიღოთ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც ამბავს მოყვებიან და უემოციოდ გაქრებიან. მათგან საერთოდ არაფერი დარჩება, არც ამბავი, არც ემოცია. ისინი მხოლოდ დროის დაკარგვისთვის განწირულ პერსონაჟებად იქცევიან, იმ დროის, რომელსაც ადამიანს ვერავინ დაუბრუნებს.
დასასრულს ერთი რჩევაც მინდა მივცე მკითხველს. შესაძლოა ამ ტექსტის დასაწყისში ყურადღება არ მიიქცია გალაკტიონის ფრაზამ, ანდაც იფიქრეთ, რა საზიზღარ ღამეზე იყო საუბარი (საერთოდ, რა კავშირი ჰქონდა ამ სიტყვებს ტექსტის განხილვასთან). აღნიშნულ რომანს ორი ღამის განმავლობაში ვკითხულობდი და მერწმუნეთ, მხოლოდ ეს ორი ფრაზა მიტრიალებდა თავში:
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
© არილი