ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია

გიორგი შალიკაშვილი – ცოტა რამ სახვითობის პრობლემის შესახებ

shalikashvili-34

 რა არის სახვითობა? რასთან აქვს კავშირი სახვითობას? როცა ადამიანი გამოსახავს, გამოდის, რომ მას რაღაც ვიზუალური უკავშირდება?…

შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება, როგორც ასეთი, აუცილებლად არის ის, რაც ადამიანს უკავშირდება, რადგან, თავისთავად, ისედაც არსებობს ხატულობები სამყაროში, თუნდაც, ცხოველების მოხატულობა, თევზების, ფრინველების, ქვების, ხეების, წელიწადის დროების შეფერილობა და ა. შ. თავისთავად, სამყარო შეფერილია და ფორმადქმნილი.

მაგრამ, რა ხდება, როცა ადამიანი ქმნის ახალ შეფერილობას, ახალ ფორმას? შემდეგ კი – თავის კონტექსტს და კონცეპტსაც? რატომ ჩნდება ადამიანში გამოხატვის სურვილი?

წარმოდგენილი, პრეზენტირებული სამყარო არის ერთგვარი მოცემულობა. ეს მოცემულობა რაღაცას მალავს. მალავს არარსებობას. ესე იგი, ჩვენ არ ვიცით, არარსებული რა არის. მაგრამ რთულია წარმოიდგინო, რომ არაფერი არ არსებობდა, რადგან რასაც ვქმნით, რაღაც არსებულიდან ვქმნით. თავისთავად, არაფრიდან მატერიის შექმნა შეუძლებელია.

ამიტომ, ალბათ, თავის ბოლო შესაძლებლობაში, ხელოვნება არის თამაში ფორმებით, ფერებით, ბგერებით და ა. შ. (მაგრამ რ ო გ ო რ ი თამაში?!).

ერთადერთი, ადამიანი რასაც უსხეულოდ ქმნის, ეს მისი აზრია. ცნობიერებას არ აქვს არანაირი საგნობრიობა, თუმცა, ცნობიერება საგნების გამოცდილებიდან არსებობს. აზროვნებით თამაში ხდება ხელოვნება, და ეს აუცილებლად ჩნდება ფორმაში, იწერება, გამოითქმება და ა. შ. სიტყვაც ხომ მატერიაა, ბგერების და ტალღების ერთობლიობა. თუმცა, ადამიანი ხელოვნებას იყენებს თავისი პრობლემების გამოსახატავადაც. ანთროპომორფულ სამყაროში ადამიანის ძალაუფლება უზენაესია. მან ხელოვნება თავისი გამოხატვის სივრცედ გაიხადა. სამყაროსგან ,,ნასწავლი’’ რეპრეზენტულობა ადამიანმა თავისი პრობლემების განსახილველ სივრცედაც აქცია.

ესე იგი, ხელოვნება ადამიანისთვის ზოგჯერ არის ,,თამაში’’ და ზოგჯერ – საფუძველი პრობლემაზე ფიქრისთვის. თუმცა, ორივეს გადათამაშებაც შესაძლებელია. ხელოვნებით გამოხატული პრობლემები შეიძლება იყოს ყველანაირი სახის და კონტექსტის, განსაკუთრებით ფილოსოფიური, სოციალური და მრავალი სხვ.

უდარდელობის დისკურსი, რომელიც ხელოვნებამ შეითვისა, მხიარულია და ადამიანი ხარობს იმ ჰარმონიისა და კანონზომიერებების აღმოჩენით, რომლებიც ფორმებს, ფერებს, ბგერებს აქვს და ა. შ. მხატვარი კმაყოფილია, რომ მას აქვს საღებავი, მას აქვს ტილო, მას აქვს ფუნჯი, მას ჰყავს ნატურა და ის იწყებს ფერის ,,გარდაქნას’’ ქალად და ქალისა – ფერად. ის ცდილობს იგრძნოს ქალი და ექსტაზურად ,,ჩაიძიროს’’ ყოფიერებაში, მიმესისით, ბაძვით გადმოაქვს ტილოზე თავისი კონსტრუირებული რეალობა. თითქოს პრობლემა არ არსებობს, მაგრამ კულტურის ტერიტორია ამ ნამუშევარს უამრავ პრობლემას შეუქმნის…

თავისთავად, არც ერთ ნამუშევარში არანაირი პრობლემა არ არსებობს. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ის კულტურაში იწყებს ავტორიზაციას და ეს ავტორიზაცია წამიერად ხდება, როცა ჩვენს ნამუშევარს შევხედავთ. აქ ხდება წაკითხვა კულტურულ კონტექსტში, და იმის გამორკვევაც, თუ რომელი ვიზუალური სამეტყველო ენის განმეორებაა ეს ნამუშევარი, როგორია ის თვისობრივად და რამდენადაა პირველადი ან მეორადი ტექსტი, ვინაა ავტორი და ა. შ.

უნდა ითქვას, რომ ხელოვნება, როგორც ასეთი, ამ სახით არ არსებობდა უწინ და არც ასეთი ჰერმეტული იყო ვიზუალურ ენებს შორის სივრცეები. პირველადი ხელოვნება უფრო რიტუალური შინაარსიდან იქმნებოდა და ამიტომ არ არსებობდა ,,ხელოვნება ხელოვნებისთვის’’. რენესანსის დროიდან დაიწყო ხელოვნების, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული ენების სიმრავლის ავტორიზაცია. მხატვრობაში სხვადასხვა მიმართულებები, სტილები გაჩნდა. იყო სხვადასხვა ოსტატი და სხვადასხვა შედეგი. თუმცა ეპისტემე მაინც ერთი იყო.

ადამიანმა ხელოვნებაშიც ის გაიმეორა, რაც ენასთან მიმართებაში მოხდა. ყველა სხვადასხვა ენაზე ,,ალაპარაკდა’’…

ხელოვნებას მოშორდა ის ნორმა, რასაც ესა თუ ის რელიგია და დიქტატი აწესებდა. თავად რელიგიას სჭირდებოდა გამოსახულება იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო რელიგიური ტექსტები. ფაქტობრივად, რაღაც პერიოდი ხელოვნება ტექსტებისა და წინასწარმეტყველებების, მითების სტრუქტურაზე იდგა.

დღეს კი ადამიანი თავისთავად მარტოა, რასაც უნდა იმას გააკეთებს, მაგრამ აქ უკვე ვიზუალური ენები იწყებენ დიქტატს და სრულიად გაუცნობიერებლად ასიმილირდებიან ადამიანის თავისუფალი გამოხატვის ნებაში.

ამიტომ, დღეს, შესაძლოა, მითები უფრო თავისუფალი სივრცე იყოს ინსპირაციისთვის, ვიდრე – რომელიმე ვიზუალური ენით გართობა.

მაგრამ, ხელოვანის პრობლემა არ უნდა იყოს ის, თუ რა გამოსახოს და როგორ გამოსახოს.

პრობლემა არის ის, რომ ხელოვანმა განასხვაოს თავისი ენა სხვათა ენისგან, რადგან, როცა ის თვითონ სხვის ენაზე ამეტყველდება, ეს მეტყველება კულტურისთვის სიჩუმე იქნება, იმიტომ, რომ ამ ენაზე უკვე სხვა მეტყველებს. ესე იგი, ეს სივრცე მკაცრად ძალაუფლებრივია, თუმცა ხელოვანს შეუძლია იმეტყველოს სხვის ენაზე, მაგრამ ეს მაინც თავის თავთან დააკავშიროს; რაღაც ისეთი კონტექსტი შექმნას, რომელშიც ის მიიპყრობს ყურადღებას და, შესაბამისად, ერთგვარი პლაგიატი გაჩნდება, რომელიც მსგავსების გამო რაღაც ტერიტორიებს წაართმევს ავთენტურ ენას. თუმცა რადგან ორი სხვადასხვა ხელოვანი მეტყველებს ერთ ენაზე, ეს სხვადასხვაობა მაინც განსხვავებულს ხდის ამ ორ მსგავს ენას. კულტურულ კონტექსტში ეს მაინც ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ოღონდ – არა ჰეტეროგენული შინაარსით, არამედ – ჰომოგენურით.

თუმცა, სანამ ხელოვანი ამ ყველაფერზე დაფიქრდება, მან უნდა წაიკითხოს ის ვიზუალური ენები, რაც არსებობს, კოდი უნდა ჰქონდეს წაკითხვისთვის, და როცა ის ამ კოდს ფლობს, მისთვის აღარ არსებობს შეკითხვა, თუ როგორ გამოსახოს, რადგან გამოსახვის როგორობა გულისხმობს უკვე არსებულ გამოხატვის ფორმებში არჩევანის გაკეთებას, რაც ხელოვანის თავისუფალი ნებისთვის არ არის იმანენტური.

და რა არის ხელოვანის თავისუფალი ნება? ისევ და ისევ თამაში?

ეს თამაში არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც ამ სიტყვის კონოტაცია გვატყუებს. ამ ჰერმეტულ სივრცეებში სათამაშოდ ცელქობა დიდ შინაგან საყრდენს მოითხოვს. საიდანღაც უნდა შემოვიტანოთ ახალი სივრცე თამაშის დასაწყებად. სივრცე კი გარეთ არსად არის. ყველა გზა ამოქოლილია…

როცა გამოქვაბულში ადამიანი პირველად ხატავდა, მას არ ჰქონდა ამის მაგალითი, და ეს პირველი ნახატი იყო თავად ადამიანის შესაძლებლობების აღმოჩენა ადამიანისთვის. ამ პირველად საწყისს თუ ავირჩევთ, როგორც ნათელ მაგალითს, მაშინ ასე უნდა ვიფიქროთ: თამაშისთვის სივრცე რომ გვქონდეს, როგორღაც იმ მდგომარეობაში უნდა აღმოვჩნდეთ, რომელშიც პირველი მხატვარი იყო. ამისთვის ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავაუქმოთ ცნობიერებაში ყველა ის ენა და ვიზუალური კოდი, რომელიც არსებობს, და დავიწყოთ არსებობა სრულიად სტერილურ სივრცეში.

თუმცა, ამ სივრცეში სრულიად მარტო მოგვიწევს ყოფნა და ჩვენს სხვადასხვა ენაზე ,,ნამეტყველებ’’ გონებასაც უკიდურესად გაუჭირდება, პირველადი შეხება ჰქონდეს თავისსავე ენასთან, უკიდურესად გაგვიჭირდება საკუთარი ენის შექმნა. თუმცა უფრო მეტად გაგვიჭირდება საკუთარის მოძიება იქ, სადაც სხვისი ,,ნაგავი’’ ყრია. ის, რაც მე არ მჭირდება (თუნდაც სხვისთვის საჭირო იყოს), ჩემთვის ზედმეტია და უნდა მოვიშორო, მე აუცილებლად მჭირდება სტერილური სივრცე, რათა ვარსებობდე…

ალბათ, კულტურის პირველად სტენოგრამად დასუფთავების აქტი შეიძლება მივიჩნიოთ. პირველყოფილი ადამიანი სწორედ ნაგვის გატანის შემდეგ გახდებოდა კულტურული არსება. გამოქვაბულში, სადაც ბევრი ნარჩენი დაგროვდებოდა, დიდ დროში ფიზიკური არსებობის პრობლემა შეიქმნებოდა და იქ მყოფი ადამიანებისთვის ნაგვის გატანა სრულიად მატერიალური, სივრცობრივი და საგნობრივი მიზეზის გამო მოხდებოდა. ამ ამოვსებულ სივრცეში პირველმა ადამიანმა არჩევანი გააკეთა, თვითონ გასულიყო გამოქვაბულიდან თუ ზედმეტი ნარჩენი გაეტანა, და ამით მან პირველი ნაბიჯი გადადგა კულტურის გზაზე…

შემდეგ, ადამიანი მიხვდა, რომ მას თავისი პირადი სივრცეც სჭირდება და სხვა ადამიანებმაც შეიძინეს ,,ზედმეტის’’ ,,შეფერილობა’’.

პირველი ჟესტი ნაგვის გატანისა იყო პირველი კულტურული ჟესტიც – ასე გამოდის. ამიტომ, მთელი კულტურის სტენოგრამა, შეიძლება ითქვას, აღებისა და გადადების, დალაგების, სტერილიზაციის აქტია.

არსებობს არა სისუფთავის იდეა, არამედ – ამის ქორეოგრაფია, აღებისა და გადადების აქტი. ბავშვს ნაგვისგან სუფთა ქალაქის იდეა კი არ წარმოუდგება, როცა დედას ბაძავს ნაგვის გადაგდების დროს, მას აღებისა და ურნაში გადაგდების ეს მოძრაობა მოსწონს, ეს მისთვის თამაშია. ყოველ შემთხვევაში, თუ ყველა ბავშვისთვის არა, შეიძლება არსებობდეს ბავშვი, ვისთვისას ეს ზუსტად ასე იქნებოდა.

გამოდის, რომ თუ პირველყოფილ ადამიანს ფიზიკური მუშაობა დასჭირდა სტერილიზაციისთვის, თანამედროვე ხელოვანი ამას მენტალურად მოახერხებს. პირველყოფილისთვის ამ სტერილიზაციის შედეგი იქნებოდა ის თამაშები, რომლებსაც ის მოიფიქრებდა ნაცრისგან გასუფთავებულ ახალ გამოქვაბულში ცეცხლის ალების წინ. იქვე დახატავდა თამაშ-თამაშით და, ვინ იცის, კიდევ რა განწყობილება ექნებოდა. მაგრამ თანამედროვე ადამიანს ბევრად უფრო რთულად აქვს საქმე, სტერილიზაციის შემდეგ მან შეიძლება ვერაფერი გააკეთოს იმიტომ, რომ ენა და გამოხატვის ფორმა, რომელიც თავში მოუვა, შეიძლება ძალიან ჰგავდეს სხვისას, და აღარ გამოსახოს. ან გამოსახოს ძალიან ცოტა, ყველაფერი, რაც თავისი იქნება. ჩვენში ხომ დასუფთავებული კულტურის ტერიტორია არ ნიშნავს რეალობაში ამ კულტურული ენების გაქრობას.

იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ კულტურის ტერიტორია უსასრულოდ ნაგვიანდება სხვადასხვა ენით, კოდით და ამას არასოდეს არაფერი არ ეშველება, რადგან კულტურა ყველაფერს იმახსოვრებს. ხელოვანს კი სულ უფრო და უფრო მცირე ადგილი რჩება გამოხატვისთვის, იწურება ფორმებისა და კომბინაციების რაოდენობა, ან ძალიან ემსგავსება ისინი ერთმანეთს.

და ამ მცირედის განსხვავებულობა არადამაჯერებელია…

აქ მივადექით მეორე გზას თამაშისთვის: გზას, რომელიც გულისხმობს ყველაფრის ისე დატოვებას, როგორც არის. მთელი კულტურის ,,ნაგავი’’ ხდება საშენი მასალა ხელოვანისთვის, და იგი დაკავებულია მუდმივი ციტირებებით. არაფერს არ ეძებს, ყველაფერი აქვს, უბრალოდ პოულობს ახალ-ახალ კავშირებს. შეიძლება ითქვას, ამ მიდგომით მთელი კულტურა ისევე აღიქმება მოცემულობად, როგორც – თავისთავადი მატერია და სამყარო. ანუ კულტურამ აზრი დაკარგა და იგი ისეთივე მოცემულობა გახდა ადამიანისთვის, როგორც – რომელიმე პეიზაჟი ტიბეტის ზეგანზე.

მაშასადამე, ძალაუფრებრივი სისტემა ამავე ძალაუფლებამ ჩამოაქცია და გაანეიტრალა. ყველაფერი დასაშვები გახდა და არავინ არაა პასუხის მომთხოვნი. როგორც პირველი მხატვარი გამოქვაბულში, იმავე მდგომარეობაშია ხელოვანი დღეს. თუმცა ხელოვანი პასუხს თავის თავს სთხოვს. მას უნდა, რომ დაიჯეროს თავისი ავთენტურობა და ნამდვილობა იმიტომ, რომ გამოხატულ ახალ ენებს ძალაუფლებრივი უნარები შეუსუსტდა. ამიტომ ხელოვანი ცდილობს ძალაუფლება სხვა გზებით მოიპოვოს და სხვანაირად გახდეს სხვა ხელოვანებისგან გამორჩეული. თანამედროვე ხელოვნება აღარაა ხელოვნების დაპირისპირება ნიშნობრივ დონეზე. დღესაა ხელოვანთა ,,დაპირისპირება’’ ერთმანეთთან, პოპულარულობის მიზეზით. დღეს ხელოვანის ტიტულები და მისი პორტფოლიო უმნიშვნელოვანესი გახდა…

და ფსონიც პოპულარულზე კეთდება, კარგად აღარავინ აკვირდება, რას ხატავს მხატვარი, მთავარი საზომი პოპულარულობაა.

ასე რომ, გზა ისევ ორია, მარკეტინგის და პიარის ან – ტრანსცედენციის.

ტრანსცედენციის გზა გულისხმობს სტერილიზაციას, თუმცა ენერგიისა და მრავალფეროვნების გამოხმობა ტრანსცენდენციიდან მოგვიწევს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ ორი გზის სხვადასხვაგვარი კომბინაცია, მაგრამ საწყისები ასე ჩანს.

აქ შეიძლება დავსვათ კითხვა, ზოგადად ან კონკრეტულად რა არის ის განმსაზღვრელი ბიძგი, რაც ხელოვანს აწყებინებს რეპრეზენტაციას. შესაძლებელია, დღეს ეს იყოს, უბრალოდ, რაღაც ძალაუფლების სისტემაში შემოსვლა: რომ აქ მოიპოვოს ადგილი და ხელოვანად ყოფნას არ ჰქონდეს რაღაც სხვა გარდაუვალი მიზეზი. მართალია, შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლებასთან ურთიერთობა მაინც გარდაუვალია, მაგრამ რა არის თავად სახვითობის პირველადი მიზეზი, რაც თვით ადამიანში წყდება და არა – გარეთ, სადაც მერე ეს ნიშანი გადის ძალაუფლებრივ სისტემაში?

უნდა ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული ხელოვანი მაინც თავის ნამუშევრებზე დგას, მაინც ეს, თავისი პროდუქტია ის რაღაც, საჩვენებელი, რაღაც, რაც შეფასდება…

ამიტომ, ყველაზე ნამდვილი და სიღრმისეული პრობლემა უნდა იდგეს ხელოვანსა და მის ნამუშევარს შორის.

ამ პრობლემების შედეგი, შეიძლება, სწორედ ნამუშევრებში იკითხებოდეს.

თუკი სამყარო მალავს რაღაცას, ესე იგი, ხელოვანი, რომელიც ცდილობს აბსოლუტურად ყველაფერი ჩართოს თამაშში და ეძებს განსხვავებულ ფორმებსა და კონტექსტებს, რაღაც მიჯნაზე აღმოჩნდება. მიჯნაზე, რომლის იქითაც შესაძლებლობები ქრება.

ეს არ არის ფსიქოდელია, უბრალოდ, არსებობს X ჩვენს აღქმასა და საგანს შორის. ჩვენი ცნებები და საგნები სცდებიან ერთმანეთს, ჩვენი აღქმა რეალურად კონსტრუირებული ჩვენი სამყაროა. რისი მიმესისიც კეთდება, იმას ჯერ ჩვენი გონება ასტრუქტურებს ჩვენივე ხასიათისა და გამოცდილების მიხედვით. ხოლო თავად რეალობა სადღაც განყენდება, როგორც უცხო.

მხატვარი, რომელიც კმაყოფილია იმით, რომ მას აქვს საღებავი, ყველაფერი აქვს, რომ დახატოს (და ისიც იწყებს ხატვას), უბრალოდ იმ პოზის კულტურულ დაგემოვნებას ახდენს, რომელსაც მხატვრობა ჰქვია, იგი კულტურის კონსტრუქციას იღებს და ამას ერგება, აქ ერთობა, კმაყოფილდება თავისი ვიწრო გაქანებითა და მიზნებით, რომლებიც არასდროს არ ცდილობს რეალობის აღმოჩენას.

მხატვარი, რომელიც განყენდება თავისი ,,პალიტრიდან’’ და დაუშვებს, რომ არსებობს X, უკვე ნამდვილ თამაშში ებმება. ნამდვილია ეს თამაში იმ გაგებით, რომ მხატვარს აქვს გამოწვევა რაღაც უცნობის, რაც რამენაირად უნდა ჩართოს თამაშში. ხოლო თამაში აუცილებლად გულისხმობს სანახაობას, რადგან ნებისმიერი თამაში იმითაა საინტერესო, რომ წინასწარ არ არსებობს ცოდნა ამ თამაშის შედეგზე, თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ის ამიტომ არის პრინციპულად სანახაობრივი თავის არსში…

ხოლო თამაში ვიზუალურ ხელოვნებაში გულისხმობს ორმაგ გამოწვევას, მხატვრისთვისაც და მაყურებლისთვისაც. მაშასადამე, სანახაობა (ნახვადობა) უსასრულოდ პარალელურად მიჰყვება ვიზუალურ ხატს და – მის უცვლელობას დროის ნაკადში… თითქოს, უსასრულოდ მეორდება, ბრუნდება თამაში და ზუსტად ერთი და იგივე ხდება, მაგრამ არასდროს მთავრდება და, შესაბამისად, ვერ ვხედავთ შედეგს. აქ X პრინციპულად, ონტოლოგიურ დონეზეა მყარი. ესე იგი, თამაში უზრუნველყოფს ვიზუალის სანახაობრიობას და, ამავე დროს, მის მარადიულ დაბრუნებასაც. გამოდის, რომ სახვითი ხელოვნების ნიმუშები ,,დაუმთავრებელი’’ ონტოლოგიური საგნებია… ,,დაუმთავრებელი’’ – სწორედ თამაშის მიზეზით და არა – ონტოლოგიურის ცნებისმიღმიერი გაუგებრობით. ონტოლოგიური აქ მხოლოდ სიმყარეა რაც X-ის ჩაუნაცვლებლობას პირწმინდად უზრუნველყოფს (და ამავე დროს გამორიცხავს სხვაგვარ შესაძლებლობას).

პირველი მხატვრის უკან, ალბათ, არაფერი არ იყო. არ ვიცით, რა იყო პირველი ხელოვნების გაჩენის საწყისი, აღვნიშნოთ ესეც X-ით.

 

მაშასადამე: რომ არ ყოფილიყო X, არც ხელოვნება იქნებოდა. რომ არ ყოფილიყო X, არც სამყარო იქნებოდა ასეთი. აუცილებლად შეიცვლებოდა ჩვენი აღქმა, რომ ვიცოდეთ ყველა მიზეზის მიზეზის მიზეზი. სავარაუდოდ, სამყარო ზუსტად ასეთი სანახაობრივი იმიტომაა, რომ ის რაღაცას მალავს. იგი სრულიად ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ სავსეა. მეცნიერული და ადამიანური მოიაზრებს, რომ ოდესღაც არაფერი იყო, არც სივრცე და არც დრო, და შემდეგ ყველაფერი გაჩნდა, ისეთი დასრულებული და უნივერსალური, როგორიც დღეს არის.

ასეთი სამყარო კარგი სიუჟეტია ადამიანის დასაინტრიგებლად და ყველაფერზე მისი თვალის გასაშტერებლად, და, ამავე დროს, მყისიერად თამაშში გამოსაწვევად… ესთეტიკური ობიექტები ხომ X ნიშანს ტოტალურად ატარებენ…

ადამიანმა კარგად მოარგო თავის ეგოს ხელოვნება, და ადამიანის ეგოსაც მოსწონს, როცა მისი ნამუშევარი მოსწონთ (ოღონდ ეგოს სამყაროსეულ თამაშთან არ აქვს კავშირი). თუმცა ასეც რომ არ იყოს, ყველა დიდი ხელოვანი იმ თამაშს ქმნის, სადაც X სახვითობაში იმალება, ეს გამოსახულება და X ხდება გაცილებით უფრო ლოკალური და უცხო, ვიდრე თავად სამყაროა ნაცნობი ადამიანისთვის. ამიტომ მას მაყურებელი თვალს ვეღარ სწყვეტს…

ყოველი სურათი, რომელიც X-ს არ ჩაირთავს რაიმე გზით, დგას სახვითობის პრობლემის წინაშე.

მთელი ადამიანის გენია, ალბათ, იმაში ვლინდება, რომ მას შეუძლია აღმოაჩნინოს X, ჯერ დაუშვას მისი არსებობა და მერე ეურთიერთოს მას. მხატვარი, რომელიც ხედავს მხოლოდ საღებავს, მოცემულობას (ნატურას), ტილოს და ამ გარემომცველი სამყაროთი კმაყოფილდება (ან კულტურაში არსებული ენებით ერთობა და ა. შ.), ვერასდროს დახატავს ისეთ საინტერესო სურათს, რომელიც კულტურის ტერიტორიისგან განყენებულ თვალს მოხიბლავს…

ის ვერასოდეს დახატავს ქალს, რომელიც მის წინ დგას შიშველი და რომელსაც ხატავს. მას ჰგონია, რომ იქ ნამდვილად დგას ქალი. ქალი რომ დახატო, ქალი უნდა გაქრეს…

© არილი

Facebook Comments Box