ინტერვიუ

გოგი გვახარია – ჩემი ცხოვრების წიგნები

პროფესორი და ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

„ბიძია ტომის ქოხი“. მგონი 6 თუ 7 წლის ვიყავი, როცა წავიკითხე. ევას სიკვდილის შემდეგ მთელი ღამე ვტიროდი. მგონი მაშინვე დავუდგინე ჩემს თავს ლიტერატურისა და ხელოვნების შეფასების კრიტერიუმი – თუკი წიგნი, ფილმი, მუსიკა გატირებს, ე. ი. რაღაც ძალიან კარგთან ურთიერთობ. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

მონტეირუ ლობატოს „ყვითელი კოდალას ორდენი“ (ლენა ჭავჭავაძის თარგმანი). რეალურის და ზღაპრულ-სახიერის ერთიანობა, რაც ასე ძალიან მიყვარს კინოს ენაში, პირველად მგონი ამ წიგნში დავაფასე. „ყვითელი კოდალა“ ისეთ შემოქმედებით იმპულსებს აღვიძებს ბავშვებში, რომ მკითხველს ხან მხატვარი ჰგონია თავი, ხანაც – თეატრის თუ კინოს რეჟისორი. ბავშვობის მეორე წიგნი, რომელიც ახლაც საპატიო ადგილს იკავებს წიგნის თაროზე, „სამი მუშკეტერია“ – ჩემი ცხოვრების დევიზით „ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის“

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

რომენ როლანის „ჟან კრისტოფი“ – წიგნი, რომელმაც შემაყვარა ყველაფერი, რაც მუსიკაზეა დაწერილი და მასწავლა, არასდროს შემეშინდეს მარტოობის. უფრო მეტიც – საყვარელი ადამიანების დაკარგვისაც კი.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ლევ ტოლსტოის „ივან ილიჩის სიკვდილი“ ყველაზე ძლიერი, ასე ვთქვათ, „პოზიტიური ტრავმა“ იყო ჩემს ცხოვრებაში. აქამდე ვერავინ დამარწმუნებდა უბრალო, არაფრით გამორჩეული ადამიანის ჰეროიზაციის შესაძლებლობაში. ისედაც, ტოლსტოის დათმობას ვერასდროს შევძლებ. ვერც „კულტურის გაუქმების“ დღევანდელ ეპოქაში.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

დომინიკ ფერნანდესის „ანგელოზის ხელისგულზე“ პიერ-პაოლო პაზოლინის ფსევდობიოგრაფიაა, რომელმაც ჯერ ამ უცნაური ჟანრით დამაინტერესა და შემდეგ „ცრემლიანი სათვალის“ დაწერის სურვილი გამიჩინა.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ვიქტორ ფრანკლის „ადამიანი აზრის ძიებაში“ – წიგნი, რომელიც იმ სანთელს ჰგავს, არასდროს რომ არ იწვის. ასევე არასდროს ვაბრუნებ თაროზე პავლე ფლორენსკის „იკონოსტასს“ – წიგნს, რომელმაც მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სივრცის განცდა ცხოვრებასა და მხატვრულ ნაწარმოებში.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

ვფიქრობ, დოსტოევსკის აღარასდროს წავიკითხავ. მით უმეტეს უკრაინის ომის შემდეგ.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

გუსტავ ფლობერის „ნოემბერი“ – უბრალოდ კინემატოგრაფისტის დაწერილი ნოველაა. ასევე ჩემი გატაცება ერიკ რომერის ფილმებით დასრულდა რომერის საყვარელი მწერლის, ბალზაკის ხელახლა აღმოჩენით.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ჰანს კასტორპი. ჩემს ცხოვრებაში იყო დღეები, როცა აბსოლუტური იდენტიფიკაცია მქონდა ამ გმირთან. რაც შეეხება გმირ-იდეალს, ეს თავადი სალინაა ლამპედუზას გენიალურ რომანში „ლეოპარდი“.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

კარლ იუნგი. ფსიქოლოგიის სიყვარულის მიუხედავად, სულ მგონია, რომ მისი თეორია ყალბია და ხელოვნური. არაა გამორიცხული, აზრი შემეცვალოს.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

მურაკამის „კაფკა პლაჟზე“. შეიძლება, რაღაც სხვას ველოდი, ანდა არ ვიყავი განწყობილი… ფაქტია, რომ ტექსტი ვერ დავასრულე.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

რონალდ სუნის „იმპერიის მარცხი“ – კითხვა ჯერ არ დამიწყია. გამოვიწერე იაპონური კინოს საუკეთესო სპეციალისტის, შიგეჰიკო ჰასუმის ახალი წიგნი იასუძორე ოძუზე, რომელსაც მოუთმენლად ველოდები.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

სამწუხაროდ, ბოლო დროს მხატვრული ლიტერატურისთვის ვეღარ ვიცლი. არადა ძალიან მინდა ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნის წაკითხვა. 2 დღეა დავიწყე სელია ბერტენის სქელტანიანი წიგნი ჟან რენუარზე.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

უნგრელი მწერლის ტიბორ დერის „დაუმთავრებელი ფრაზა“. 1947 წელს დაწერილი ეს რომანი, ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია დღეს ჩვენთვის. რომანი ოჯახისა და საზოგადოების დეგრადაციაზე. გამიხარდებოდა, თუკი ქართულად გამოსცემდნენ ინგრიდ ბერგმანის მემუარებს – ეგოსგან სრულიად დაცლილ მოგონებებს დიდი მსახიობისა და გენიალური ქალისა.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“ –  რომანი-ლაბირინთი. სიზმარს ჰგავს, რომელიც არ გინდა, რომ დასრულდეს.

© არილი

Facebook Comments Box