ახალი ამბები,  ახალი წიგნები

იანვრის ბიბლიოდღიური

გთავაზობთ 2023 წლის პირველ ბიბლიოდღიურს, რომელშიც იანვარში გამოცემული წიგნების შესახებ წაიკითხავთ:

დევიდ შეფი, კარგი ბიჭი, გამომცემლობა სიესტა, მთარგმნელი: ლელა კოდალაშვილი

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის ,,სიესტა” მიერ გამოიცა დევიდ შეფის „კარგი ბიჭი“

„კარგი ბიჭი“ ავტორის ოჯახის მოგონებებს აღწერს, გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ოჯახის წევრის ნარკოდამოკიდებულებას. წიგნი პირველად 2008 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მანამ კი დევიდ შეფმა The New York Times Magazine-სთვის 2005 წელს დაწერა სტატია, რომელიც იმავე თემას, მისი შვილის პრობლემებს შეეხებოდა.

გივი მარგველაშვილი, „პერეკატასტროიკა“, გამომცემლობა ალონი, მთარგმნელი: ასმათ ფარჯიანი

გივი მარგველაშვილის (1927 ბერლინი – 2020 თბილისი), გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის ეს წიგნი – „პერეკატასტროიკა“ – დროის მოწმის ჩანაწერები, 1988-1993 წლებში იწერებოდა გერმანულად თბილისსა და ბერლინში. წიგნი წარმოადგენს პროცესების უშუალო და ყურადღებიანი დამკვირვებლის პირად ჩანაწერებს მეოცე საუკუნის მსოფლიოში მომხდარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხის – „პერესტროიკისა“ და მის შემდგომდროინდელ მოვლენათა შესახებ.

სილვი დრაპო, მდინარე, გამომცემლობა აგორა, მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი

,,მდინარე” ავტორის პირველი რომანია. იგი ერთი ტკივილიანი ამოძახილია პატარა, ხუთი წლის გოგონასი, რომელიც ოჯახთან ერთად კანადის ჩრდილოეთში, მდინარის შესართავთან ცხოვრობს. იქ, სადაც მდინარე ზღვაში ჩაედინება. მკაცრი კლიმატისა და ველური ბუნების გამო ოჯახის წევრები თავიანთ ერთობას ,,მგლების ხროვას” უწოდებენ. ეს ულამაზესი პოეტური თხრობა ძლიერი, სულის შემძვრელი ემოციითაა დატვირთული.

ეჟი გროტოვსკი, ღარიბი თეატრისკენ, გამომცემლობა კენტავრი, მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოიცა ეჟი გროტოვსკის „ღარიბი თეატრისკენ“.

გროტოვსკი პოლონეთში დაიბადა 1933 წელს. იგი თეატრის რეჟისორი და თეორეტიკოსი იყო, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა. „ღარიბი თეატრისკენ“ კი ავტორის ესეებს, ინტერვიუებსა და ჩანაწერებს აერთიანებს. წიგნი პირველად 1968 წელს გამოიცა.

ერვე ლე ტელიე, ანომალია, გამომცემლობა დიოგენე, მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი

ახალი წიგნი „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ ერვე ლე ტელიეს „ანომალიაა“.

ერვე ლე ტელიე (1957) ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტია. „ანომალია“ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლისთვისაც 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.

2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი – ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მოჰბეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, მოკრძალებული მწერალი, რომელიც უეცრად სახელოვანი ხდება. არიან სხვებიც. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ თავისი საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ…

წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ხელშეწყობით.

20 თანამედროვე ლიეტუველი ქალი პროზაიკოსი, საქართველოს აკადემიური გამომცემლობა, მთარგმნელი: ნანა დევიძე

თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზა მწერალთა სახლის მხარდაჭერითაა გამოცემული.

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო, მოხეტიალე ვარსკვლავი, გამომცემლობა „პალიტრა L“, მთარგმნელი: ვალერი ოთხოზორია

სანამ დედამიწაზე ადამიანები ომობენ, ნეჯმა და ესტერი მოხეტიალე ვარსკვლავებად რჩებიან. ვინ არიან ნეჯმა და ესტერი? არაბი და ებრაელი გოგონები, მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, ვარსკვლავები მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.

თამრი ფხაკაძე, ჩვენ, თურმელები, გამომცემლობა „პალიტრა L“

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიას „იკითხე ქართული ХХI“ თამრი ფხაკაძის წიგნი შეემატა.

 „ჩვენ, თურმელები“ – ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური აგებულება აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა გვაროვნულ-გენეალოგიური ხე.

წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე.

როდის? რატომ? როგორ? – პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.

სიუზენ ზონტაგი, ფოტოგრაფია, გამომცემლობა დიოგენე, მთარგმნელები: გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭილაძე

ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის (1933 – 2004) ესეების კრებული „ფოტოგრაფია“, გამოცემიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ამ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია (ისევე, როგორც ავტორის ბიბლიოგრაფიაში).

ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფიაზე შექმნილი თეორიული ნაშრომი, ზონტაგის თვალსაწიერი, როგორც ყოველთვის, გაცილებით ფართოა, მისი ნააზრევის სიღრმე და ორიგინალობა კი მკითხველის ხედვას სამუდამოდ ცვლის.

„ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის… ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდაუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი გაქვავებით ნებისმიერი ფოტო დროის შეუქცევად დნობას ადასტურებს“.

© არილი

Facebook Comments Box