პროზა (თარგმანი)

გუსტავ მარტინ გარსო

პროფესიით ფსიქოლოგი, ლიტერატურაში შემთხვევით მოხვედრილად უფრო ითვლებოდა, ვიდრე პროფესიონალ მწერლად. 1994 წელს ეროვნული პრემია მიიღო რომანისთვის “წყაროთა ენა”, თუმცა პროფესიული წრეები მანამდეც იცნობდნენ და აფასებდნენ მის სამ რომანს, კრიტიკულ წერილებსა და მოღვაწეობას ჟურნალში “კიდევ ერთი ანგელოზი”. ყველაზე დიდი პოპულარობა 1999 წლის ნადალის პრემიამ მოუტანა რომანისთვის “მარტასა და ფერნანდოს ისტორიები”. იგი 1948 წელს დაიბადა, ვალიადოლიდში (ესპანეთი). კათოლიკური აღზრდა დაეხმარა რელიგიური სიმბოლიკა ლიტერატურულ მასალად ექცია. მას იცნობენ როგორც აუჩქარებელ, თანმიმდევრულ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ერთი საათი მუშაობს დილაობით და კიდევ ნახევარი საათი – შუადღისას. მწერალი ირწმუნება, რომ არასოდეს უფიქრია თავისი ქალაქის დატოვება, რადგან, მისი აზრით, ყოველი ადგილი საკუთარ თავში მთელს სამყაროს მოიცავს: იგივე კონფლიქტებს, იგივე მისწრაფებებს, საკმარისია მხოლოდ იცოდე, როგორ შეხედო ამ ყველაფერს.

კაცი ბაქანზე

ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა

ეს ფოტო 81 წლის ზაფხულშია გადაღებული. ჩემს გოგონას მაშინ ერთი წელი შეუსრულდა და ზაფხულის გასატარებლად ნოხაში წავედით, სანტანდერის პროვინციაში. ჩემმა მეგობარმა ერთი თვით საკუთარი სახლი დაგვითმო პლიაჟთან ახლოს. ზღაპრებში რომ ქოხებია, ისეთი სახლი იყო. მისმა მეპატრონემ, ანუ ჩემი მეგობრის მამამ – ყოველმხრივ უჩვეულო ადამიანმა – სულ რაღაც ორიოდე წლის წინ გაიყვანა იქ დენი, ამიტომაც წყლის ამოღება ხელის საქაჩით გვიხდებოდა (რაც, მართალი გითხრათ, სულაც არ მხიბლავდა, რადგან ამის გაკეთება ძირითადად მე მიწევდა), მაგრამ ეს დიდად არ გვადარდებდა, სახლი მართლაც არაჩვეულებრივი იყო და მდებარეობაც საუცხოო ჰქონდა. ზღვასთან ახლოს, სხვა სახლებიდან მოშორებით იდგა, იქვე, ახლოს ტბაც იყო, ბალახს ყოველ დილას გარიჟრაჟის პირველი ღრუბელი ნამავდა და გამუდმებით ჩაგვესმოდა ტალღების ხმაური, სანაპიროს კედლებს რომ ეხეთქებოდნენ. ყველაზე საოცარი მაინც ღამეები იყო: ჩვენი ტერასიდან მოწმენდილ ცას გავცქეროდით. ვარსკვლავები ისე უხვად ცვიოდნენ ციდან, როგორც არასდროს და ჩვენც სურვილების ჩაფიქრებას ვერ ავუდიოდით. თავს უბედნიერეს ადამიანებად ვთვლიდით და ამ შეგრძნებას ერთი პატარა ღრუბელიც კი არ ჩრდილავდა. შევყურებდით ჩვენს გოგონას და არ გვჯეროდა, რომ ამ მშვენიერებას შეიძლება ოდესმე რაიმე საფრთხე დამუქრებოდა. ყველა ჩვენი ოცნება, რომელსაც სიჩუმეში ვქმნიდით, მის ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული. ჩვენი მეგობრის მამა და სახლის მეპატრონე ორესტეს სენდრერო, საბუნებათმეტყველო მეცნიერებათა სპეციალისტი, ფრანკოს რეპრესიების მსხვერპლი იყო. ექსცენტრიული და გულკეთილი ორესტეს სენდრერო სხვა პლანეტიდან ჩამოსულს ჰგავდა. ის სახლი მისი თავშესაფარი იყო, მისი ქმნილება, დასტური მისი ბედნიერი არსებობისა. მისი მეორე გატაცება მტრედები იყო. როდესაც გასაღების გამოსართმევად სანტანდერში, სიუდად ხარდინში მივაკითხეთ, მან თავისი მტრედები დაგვათვალიერებინა. ფრინველების სახელებს მტკიცედ, სხაპასხუპით წარმოთქვამდა, მზერასა და საქციელში კი საოცარი აღტკინება ეტყობოდა. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ლუსია მასსავით მომხიბვლელი ადამიანი გახლდათ. შვილები უკვე წამოზრდილიყვნენ და ერთ-ერთ იმ არეულ სახლში ცხოვრობდნენ, რომლის კარებიც გამუდმებით ღიაა.
ამ რამდენიმე დღის წინ მათ სახლში ქურდი შეიპარა. იმ ღამის შესახებ ორივე ონდავ შესამჩნევი მღელვარებით საუბრობდა, რადგან მართლაც უჩვეულო რამ გადახდათ თავს: უკუნეთ სიბნელეში გზააბნეული ქურდი ცოლ-ქმრის საძინებელში შეიპარა და შეცდომით ლუსიას ფეხს ჩაავლო ხელი, რომელიც სიცხის გამო საბანს გარეთ ჰქონდა დარჩენილი. კარგა ხანი დასჭირდა გონს მოსაგებად, შემდეგ კი უკანმოუხედავად გავარდა გარეთ. ცოლ-ქმარი არ განძრეულა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუ ხელს არ შეუშლიდნენ, ქურდი სამუდამოდ გაეცლებოდა იქაურობას.
ორესტესს ეს გადაწყვეტილება კოლომბოფილის* ინსტიქტმა უკარნახა: თუკი საკმარისია, მტრედებს ხელი არ შეუშალო და ისინი ათასობით კილომეტერს შეუსვენებლად იფრენენ, რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს იგივე კანონი ქურდებზე და დანარჩენ ცოცხალ არსებებზე? ასეც მოიქცნენ და ქურდიც იქ გაბრუნდა, საიდანაც მოვიდა. გაჰყვა მაგნიტური გზების ამოუცნობ ნიშანთა ძახილს. მოკლედ, ზაფხული იქ გავატარეთ. ჩვენი გოგონა ფეხს იდგამდა და ჩვენც ერთი თვის განმავლობაში უკან დავსდევდით მის მობარბაცე ნაბიჯებს.
ვალიადოლიდში დაბრუნებისას მატარებლით ვიმგზავრეთ. გზაში რაღაც გადაგვხვდა თავს. ერთ-ერთ სადგურზე მატარებელი გაჩერდა. თუ არ ვცდები, ეს ადგილი კამპოი იყო, სოფელი, სადაც გამუდმებით ბატის სუნი დგას. ჩვენს კუპეში მოხუცებული ქალი ამოვიდა. როგორც კი მისი თანმხლები დავინახეთ, მივხვდით, რომ ეს ხანშიშესული კაცი, დათრგუნული, სევდიანი იერით, ბადეზე ჩემოდნის შემოდებაც რომ უჭირდა, მისი შვილი უნდა ყოფილიყო.
მახსოვს, შემდეგი გაჩერება გამოაცხადეს და იმ კაცმაც ნაჩქარევად დატოვა ვაგონი. იმის შიშით, რომ მატრებელი არ დაძრულიყო, წესიერად დედასაც კი არ დამშვიდობებია. უცებ შევნიშნე, რომ ქალი ჩემს მეუღლესა და ბავშვს მისჩერებოდა, ამ სცენით დატყვებულმა თავის მოვალეობად ჩათვალა რაღაც ეთქვა. და თქვა ის, რამაც ორივე შეგვძრა: როდესაც ჩემი მეუღლე ბავშვით ხელში დაინახა, ის დრო გაახსენდა, როცა თვითონაც ჩვენი ხნის იყო, მისი შვილი კი სულ პატარა. “ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ ახლა ბებერი ქალი ვარ, ის კაცი კი, მე რომ მაცილებდა, ჩემი შვილია.”
ამ დროს მატარებელი დაიძრა. მოხუცი შვილი კვლავ ბაქანზე იდგა, დაბნეული და ჩაფიქრებული, თითქოს თავის თავს ეკითხებოდა ვინ იყო და რას აკეთებდა აქ. “წარმოუდგენელია! ნუთუ ეს კაცი ერთ დროს მართლა ისეთი იყო, როგორც ჩვენი გოგონა, მასავით მხიარული და სიცოცხლით სავსე?”
არა, ეს დუჯერებელი იყო. და შეკითხვაც თავისთავად გაჩნდა: ,”ნუთუ ჩვენი შვილიც ამ კაცისნაირი გახდება?” – წავჩურჩულე მღელვარებისგან გაშეშებულ ჩემს მეუღლეს. მან მკაცრი მზერა მესროლა და მითხრა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო. მაგრამ შემდეგ, როცა მის მოქუფრულ წარბებს შევხედე, მივხვდი, რომ ამ მგზავრობას მასზეც ემოქმედა. ეს ეპიზოდი უცებ გადაგვავიწყდა, რადგან სახლში დაბრუნებისთანავე, ჩვენმა შვილმა სიარული დაიწყო. ეს ნამდვილი სასწაული იყო: მთელი თვე უკან დავსდევდით, რომ არ წაქცეულიყო და ახლა, როგოროც კი ხალიჩაზე დავაყენეთ, ისეთი მტკიცე ნაბიჯებით გაიარა, თითქოს მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი ეკეთებინოს – პატარა ჩიტუნასავით, ჩვენს ხელის გულზე რომ ფრთხიალებს და ხელს გაუშვებ თუ არა, შურდულივით მიფრინავს ტოტებს შორის.
რამდენიმე დღეში კიდევ მოხდა რაღაც. უკვე ვიწექით, როდესაც მოულოდნელად მუსიკალური ყუთის ხმა გაისმა. თავზარი დაგვეცა: ვის უნდა აეხადა მისთვის თავი ამ შუაღამისას? რა თქმა უნდა, ბავშვი ამას ვერ შეძლებდა, ბადიან საწოლში იწვა და ბადეს ვერაფრით გადმოაბიჯებდა. ვიფიქრეთ, რომ ქურდი შემოიპარა, მაგრამ ორესტეს სენდრეროსაგან განსხვავებით, ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ იგი ღამის მაგნიტურ გზებს გაჰყოლოდა, რადგან სახლში ბავშვი გვყავდა. ლოგინიდან წამოვდექი, ქოლგით შევიარაღდი და მკვეთრი მოძრაობით შევხტი ოთახში, თან ცალი ხელით შუქს ჩამოვკარი. მისაღები ცარიელი იყო. ბავშვს ეძინა. იმ წუთას მივხვდი, რომ ხმას მუსიკალური ყუთი კი არ გამოსცემდა, არამედ დიდი ხნის წინ გატეხილი სათამაშო, რომელსაც მექანიზმი მაინცდამაინც ამ შეუფერებელ დროს გაუფუჭდა. ლოგინში გულდამშვიდებული დავბრუნდი და ბევრიც ვიცინეთ ამ სულელურ თავგადასავალზე. მაგრამ იმ წუთას, არ ვიცი რატომ, ის მოხუცი ქალი და მისი შვილი გამახსენდა მატარებლიდან. ამჯერად საბრალოდ და სევდიანად აღარ მომჩვენებიან. პირიქით, მივხვდი, რომ მათ იცოდნენ ის, რაც ჩვენ არ ვიცოდით და გვაფრთხილებდნენ… და უცებ მომეჩვენა, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ ზუსტად განსაზღვრული კი არ იყო, არამედ ყოველ ნაბიჯზე შეტყობინებები და ნიშნები იყო გაბნეული, რომლებიც ჩვენგან ყურადღებას ითხოვდნენ.
რაც გიყვარს, იმას უნდა გაუფრთხილდე – ამბობდნენ ეს ნიშნები და მუსიკაც იმ ღამით იმისთვის გაისმა, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ჩვენთვის ეს ჭეშმარიტება.

* კოლომბოფილი – მტრედების მომშენებელი


© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box