ზუსტად ამ 30 წლის წინ, ქრისტეს შობიდან 1962 წელს*, ინგლისის წიგნის ბაზარზე გამოჩნდა ჩვენებური გაგებით ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწერლის, ენტონი ბერჯესის მომცრო რომანი „მექანიკური ფორთოხალი“ — ერთი მელომანი სადისტის ამბავი, ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი რომ შეიქნა, მაგრამ შემდეგ, ხელისუფალთა კონიუნქტურული პოლიტიკის წყალობით, კვლავ მიეცა საშუალება, პირვანდელ მდგომარეობას დაჰბრუნებოდა… მოქმედების დრო – შორეული მომავალი, როცა ინგლისში ტოტალიტარული რეჟიმია გამეფებული; ტექსტი — „მოდერნისტული“, უხვად გაჯერებული ინგლისურენოვანი მკითხველისათვის მეტად ეგზოტიკური ცხოვრებისეული დეტალებითა და რუსიციზმებით (მინიშნება საბჭოეთის ექსპანსიაზე) და კიდევ, ლაიტმოტივი — მეტაფორა: ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, როგორც რომანის მთავარი გმირის, უფრო სწორად კი ანტიგმირის, საქმეთა და საფიქრალთა თანამდევი ფონი. ერთი სიტყვით, ეკლექტიკური, თუმცა შინაგანად დამუხტული მხატვრული ოპუსი, თითქოსდა იმთავითვე განწირული ხმაურიანი წარმატებისთვის. მაგრამ ასე არ მოხდა: მკითხველ საზოგადოებაში რომანის პუბლიკაციას დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, თითო-ოროლა დადებით რეცენზიას თუ არ ჩავთვლით და მხოლოდ ათწლიანი დაგვიანებით, სტენლი კუბრიკისეული ეკრანიზაციის შემდეგ, როცა ალეკს-მაკდაუელის, თუ მაკდაუელ-ალეკსის სახე- ნიღაბმა მსოფლიო კინოთეატრების აფიშები დაიპყრო, ფილმის ლიტერატურულმა პირველწყარომ საყოველთაო ყურადღება მიიქცია.
კაცმა რომ თქვას, ასეთი ნაგვიანევი აღიარება მნიშვნელოვანწილად იმდროინდელი ევროპის საზოგადოებაში გაბატონებული ფსიქოლოგიური კლიმატითაც იყო განპირობებული: ყველას კარგად ახსოვდა ახლად გადაგორებული ახალგაზრდული ჯანყის ტალღა, ერთიანად რომ შეაზანზარა მთელი დასავლური სამყარო, თუმცა თავიდან ინტელექტუალური ელიტა გარკვეული სიმპათიითაც კი შეეგება რესპექტაბელურ „მომხმარებელთა საზოგადოების“ შვილთა ექსტრავაგანტურ გამოხდომებს, ცდილობდა, გაეგო კონტრკულტურის არა მარტო ესთეტიკა, არამედ იდეოლოგიაც იმის მიუხედავად, რომ ხშირად ძნელი ხდებოდა ზღვრის გავლება კონტრკულტურასა და ანტიკულტურას შორის. მეტიც, ჟან-პოლ სარტრი დემონსტრაციულად იმუქრებოდა, ჩემი ხელით გამოვიტან ლუვრიდან „ჯოკონდას“ და ცეცხლში გადავუძახებო; პაზოლინი ჰომოსექსუალიზმით იწონებდა თავს, ენცენსბერგერი კი საერთოდ იმ აზრამდე მივიდა, რომ წიგნი, როგორც ასეთი, საერთოდ არაა საჭირო და არც წიგნის კითხვაში ყრია რამე ხეირიო… მაგრამ როცა 1968 წლის გაზაფხულზე ახალგაზრდა რევოლუციონერები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ და შიგ ევროპული ცივილიზაციის გულში, პარიზში, ძალადობის ნამდვილი ფეიერვერკი მოაწყვეს, „მამების“ თაობა დაბნეულობამ შეიპყრო. თვით „ახალ მემარცხენეთა“ უფროსი თაობის იდეოლოგი, ჰერბერტ მარკუზეც კი შეწუხდა და საქვეყნოდ განაცხადა: მე ეს არ მინდოდაო…
სწორედ ამ დროს გამოვიდა ეკრანებზე კუბრიკის ფილმი და ბერჯესის რომანმაც, როგორც იტყვიან ხოლმე, ახალი ცხოვრება დაიწყო.
საქმე ისაა, თუკი ბერჯესის შემოქმედებითი ლაბორატორიისათვის გასაღების მორგებას დავაპირებთ, თუკი შევეცდებით იმ ფორმულის პოვნას, ლაკონიურად რომ განსაზღვრავდეს მისი მწერლობის არსს, ალბათ ყველაზე უპრიანი იქნება სიტყვა ერეტიკოსი (აქ, რასაკვირველია, გამოვრიცხავთ ამ ცნების შეფასებით მნიშვნელობას). ერეტიკოსი მეამბოხისაგან კი უპირველესად იმით განსხვავდება, რომ მას თავისი თეორიული ბაზისი აქვს; ერეტიკოსი არასოდეს უარყოფს მხოლოდ უარყოფის მიზნით, იგი საკუთარი თვალსაზრისის დამტკიცებას ცდილობს ყველგან და ყოველთვის…
ერთი შეხედვით, ამგვარი დახასიათება ბერჯესის მიმართ ნაკლებად გამოდგება ყოველ შემთხვევაში, „მექანიკური ფორთოხალი“ მთლიანად თავისუფალია ავტორ-დემიურგის მორალისტური თუ კონცეფციური ქადაგებისაგან, მაგრამ ერეტიკოსი რა ერეტიკოსია, თუ დაკანონებულ ნორმას არ გადაუხვია და ის ფაქტი, რომ ბერჯესის რომანი ათი წლის დაგვიანებით აღიარეს, შეიძლება არა იმდენად სოციალურ-პოლიტიკური ვითარებით, არამედ გარკვეული ლიტერატურული დოგმატების დარღვევითაც იყო გამოწვეული. ჯორჯ ორუელის „1984“ ხომ გამოსვლისთანავე მონათლეს წინასწარმეტყველებად, თუმცა იგი არსებულის აღნიშვნა უფრო იყო; აი „ფორთოხალი“ კი – სხვა ანტიუტოპიებთან შედარებით – ნამდვილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
ანტიუტოპია, ფაქტობრივად, არსებული სინამდვილის უტრირებული მოდელია მხოლოდ, ოღონდ ბერჯესს არც უცდია მისი რაიმე ახალი მოდელის შექმნა — „ფორთოხალი“ ანტიუტოპიის პაროდია უფროა; რომანში თხრობა პირველი პირით მიმდინარეობს, მაგრამ ამაოდ ვეცდებით მასში რაიმე აღსარების მსგავსის ძიებას – იგი აღმსარებლური პროზის პაროდიაცაა, თავად ნაწარმოების ტექსტი კი თავისუფლად შეიძლება აღვიქვათ როგორც ჯოისისეული შინაგანი მონოლოგისა და ორუელის ახალი ენის პაროდირებული ვარიანტი.
მოკლედ, რა ჟანრობრივი მოდელიც უნდა მივუსადაგოთ, „ფორთოხალი“ ყოველთვის წარმოგვიდგება როგორც ნებისმიერი ჟანრის ერესი. ამიტომ ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ვერ გაიაზრეს თავის დროზე ალეკსის მხატვრული სახე წინასწარმეტყველებად: თვით წინასწარმეტყველების მექანიკა იყო მეტისმეტად რთული, უფრო სწორად, გართულებული. ალეკსის სულიერი ნათესაობა 60-იანელ მეამბოხეებთან სიღრმისეული სიახლოვეა და არა ზედაპირულ-პუბლიცისტური. მათ ნიჰილიზმი აერთიანებთ, თორემ, თავის პარიზელ თუ ნიუ-იორკელ თანამოძმეთაგან განსხვავებით, ალეკსს პოლიტიკა სულ ფეხებზე ჰკიდია, ხოლო „ბითლზის“ Roll Over, Beethoven ალბათ მკრეხელურადაც კი მოეჩვენებოდა. რასაკვირველია, ბერჯესს შეეძლო რომანში იმთავითვე გადაენაცვლებინა აქცენტები, მოეხსნა ყოველგვარი პოსტმოდერნისტული შენიღბვა და უფრო ცხადად მოეხდინა თავისი წინასწარმეტყველების მექანიკის დემონსტრირება, მაგრამ ეს ჩვენში გავრცელებული მოდური თქმა რომ გამოვიყენოთ, უეჭველად მისი მწერლური მრწამსის ღალატი იქნებოდა…
რაც შეეხება თვით იდეას, ბერჯესი ერეტიკოსია სწორედ კანონიკური გაგებით: კათოლიკური აღმსარებლობის მწერლისთვის ფუნდამენტურ პრინციპად თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი — უფრო სწორად, ამ პრინციპის აბსოლუტიზაცია ქცეულა. თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა ბერჯესს ნეტარი ავგუსტინეს სახელგანთქმული ოპონენტის, სწორედ იმ პელაგიუსის მემკვიდრედაც კი მიიჩნევს, რომელიც აღაფრთოვანებდა ერაზმ როტერდამელს და ნერვებს უშლიდა ლუთერს…
და ენტონი ბერჯესიც — მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი და კომპოზიტორი, როგორც ჭეშმარიტ ერეტიკოსს შეშვენის, შესაშური შეუპოვრობით ავითარებს თავის თხზულებებში თავისუფალი არჩევანის უზენაესობის პრინციპს, ლიტერატურული ფანდებითაც რომ შენიღბოს სათქმელი. მისი იდეების პროტაგონისტები იშვიათად არიან „დადებითი გმირები“, ხშირად კი იდეა რამდენიმე, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟშია გაფანტული. „ფორთოხალში“ ასეთი პროტაგონისტი თითქოს ჩარლი კაპელანია – ლოთი და კარიერისტი მღვდელი; კიდევ ერთი კათოლიკე (და ერეტიკოსი!) მწერლის, გრემ
გრინის დაკომპლექსებულ გმირებს რომ მოგვაგონებს, მაგრამ როგორც პატრიოტული რიტორიკის მოძულე ჯეიმზ ჯოისმა (ასევე კათოლიკემ და ასევე ერეტიკოსმა) სამშობლოსადმი სიყვარული „ულისეს“ მეშვიდე ეპიზოდში მავანი ირლანდიელი ორატორის პაროდირებული სიტყვით გაამჟღავნა, ენტონი ბერჯესის შემოქმედებითი კრედოც მისი ყველაზე სახელგანთქმული რომანის მეორეხარისხოვანი გმირის — ბედოვლათი, „იმ ჩემის მწერლის“ დაუმთავრებელი თხზულების ფრაგმენტითაა გადმოცემული: „…ყოველგვარი მცდელობა, თავს მოვახვიოთ ადამიანს — არსებას მზარდსა და ღვთის ბაგეებზე სიტკბოების შესაძლო მომტანს თავს მოვახვიოთ-მეთქი კანონები და ის პირობები, მექანიკური ქმნილებისათვის რომ უფროა შესაფერისი, აი ამის წინააღმდეგ მივმართავ მე კალამს ჩემს ერთადერთ მახვილს…“
„მექანიკური ფორთოხლის“ ამ თავისებურ იუბილესთან დაკავშირებით, რომელსაც ინგლისის ლიტერატურულ და მუსიკალურ წრეებში ყოვლად სერიოზულად აღნიშნავენ, ერთი ის შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მხრივ მას ჩვენში, უბრალოდ, გაუმართლა: 1990 წელს პირველად გამოვიდა წინამდებარე თარგმანი, რომელშიც მშვენივრადაა გადმოქართულებული მწერლის ეკლექტიკური, ფარული ალუზიებითა და რემინისცენციებით დახუნძლული ტექსტი. ეს იმანაც განაპირობა, რომ თვით ორიგინალისადმი მიდგომაც გარკვეულწილად ერეტიკული იყო: თარგმანი ისე თანაბრად მიედინება, ქუჩის ჩხუბის სცენებიც კი(!) ისე ბუნებრივადაა აღწერილი, მკითხველში ეჭვის გრძნობას აღძრავს, აქ რაღაცაშია საქმეო… ან რა გასაკვირია უკვე მივეჩვიეთ კიდეც, რომ თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანს, როგორც წესი, ცოტათი მაინც უნდა აჩნდეს ნაძალადეობის, ხელოვნურობის კვალი, რაც მისი „უცხოურობის“ საბუთად ითვლება. მაგრამ რომანში ინგლისურენოვანი მკითხველისათვის უცხო რუსიციზმებიც კი ზედმიწევნით ბუნებრივადაა „გადმოქართულებული“ და ასეთი სარკისებური სიმეტრია სწორედაც რომ საჭირო ეფექტს იძლევა: ინგლისელისთვის ტოტალიტარიზმი მაინც ფანტასტიკაა, ბერჯესის რუსულ-ინგლისური ჰიპოთეტური, ხელოვნური ენა, ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ყოველდღიური, ყოფითი რეალობა გახლავთ…
მაგრამ, მიუხედავად ამისა ან შეიძლება სულაც ამიტომ, ქართულ თარგმანს ორიგინალის ბედი დაჰყვა. კარგი უცხოელი მწერლის კარგი თარგმანი ჩვენში მუდამ ლიტერატურულ (და არა მხოლოდ ლიტერატურულ) მოვლენად აღიქმებოდა: მთარგმნელს ლამის ორიგინალის ავტორზე მეტ პატივს მიაგებდნენ და ლიტერატურის სპეციალისტთა წრეში ბუნებრივად იხსენიებოდა იმგვარი არაბუნებრივი რამ, როგორიცაა „მაჩაბლის შექსპირი“, „ვახუშტის ჰაფეზი“, „გოგიაშვილის რაბლე“, „წერედიანის ვიიონი“, „ჯემალ აჯიაშვილის ებრაული პოეზია“ და ა.შ., მაგრამ „მექანიკური ფორთოხალი“ მაინც ვერ გახდა „ჭუმბურიძის ბერჯესი“. ლიტერატურულმა კრიტიკამ პირში წყალი ჩაიგუბა და სოციალურ-პოლიტიკური ვითარების სიმწვავემაც ითამაშა გარკვეული როლი, მაგრამ მთავარი აქ მაინც სხვაა: „ფორთოხლის“ ქართული თარგმანი, როგორც თავისთავადი ღირებულება, ორიგინალივით ერეტიკული სულისკვეთებისაა: ერეტიკული როგორც ჩვენში დამკვიდრებული მთარგმნელობითი პრინციპების, ისე მთლიანად დახავსებული ლიტერატურული ტრადიციების მიმართ, ოღონდ ეს ყველაფერი მხატვრულ ქსოვილში ისეა ჩამალული, დღემდე არც არავინ აღშფოთებულა და არც ცვლილებების ჟინით ანთებულა…
რას იზამ, ერთი ათი წელიც კიდევ დავიცადოთ, საიუბილეო თარიღებს რა გამოგვილევს.
* – მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, წერილი პირველად 2002-ში დაიბეჭდა — „ფორთოხლის“ II გამოცემის წინათქმად, თუმც კი ზუსტად ათი წლით ადრეა დაწერილი…