ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ რეზო გეთიაშვილთან – “აღარაფრის გამოგონება აღარ გვიწევდა, თვითონ რეალობა იყო ნახევრად გამოგონილი”

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია პოეტი რეზო გეთიაშვილი

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დავიბადე ქვეყანაში, რომელიც დაიშალა. ჩემს ბავშვობაში ზამთარში თოვდა და თოვლი დიდხანს არ დნებოდა. სახლში ექვსნი ვიყავით…

აქვე ვიტყვი, რომ ავტობიოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ჩენდლერის დროს, ანუ როცა ბევრს ვწერდი, სატერზვეიტთან და სხვებთან ერთად, რეალობის ინტერპრეტირება, უფრო კი, პირიქით, გამონაგონის ინტერპრეტირება რეალურ ცხოვრებაში, ამოსავალი წერტილივით იყო. ადამიანებისგან კი არ ვქმნიდით ტექსტებს და პერსონაჟებს, პირიქით, პერსონაჟებისა და ტექსტებისგან – ადამიანებს. პერსონაჟს კი თავისი სტანდარტები აქვს: პირველ რიგში, ის არ უნდა იყოს სტანდარტული. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ იყოს ბუნებრივი და არა რაღაც „პოეტური“ და მით უმეტეს – „პროზაული“… ცოტა წინააღმდეგობრივი, კონფლიქტური და ა. შ. მოკლედ, ცხოვრებაში ამან აგვაცილა ყოველგვარ პოეტურ სენტიმენტებს, წერისას კი აღარაფრის გამოგონება აღარ გვიწევდა, თვითონ რეალობა იყო ნახევრად გამოგონილი. შეიძლება, ერთი შეხედვით,  უცნაური ჩანს, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია – ცხოვრებაში ყველა ისედაც თავის სცენარს ავითარებს, ბოლოს ეს სცენარები ერთმანეთისგან დიდად განსხვავებულიც რომ არ იყოს.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ახლა ეს ომია, უკრაინაშიც და ჩვენი ბოლო 30-წლიანი ომიც. ძალიან მაღელვებს დიდი ლიახვის ხეობა, სადაც ომს და ოკუპაციას ჩვეულებრივმა სოფლებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. სუსტ სახელმწიფოში ზოგჯერ ძლიერი „სოფელი-სახელმწიფოები“ ყალიბდებიან, რომლებიც ბოლოს მაინც მარცხდებიან. დიდი ლიახვის ხეობის სოფლებიც ამ უთანასწორო ომში დამარცხდნენ. ეს იყო „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება. სახელმწიფოს ადრეც უწევდა, გვერდზე გამდგარიყო და ხალხი მარტო დაეტოვებინა. ეს საოცარი ადამიანები ახლა ჩასახლებებში ცხოვრობენ, სოფლები კი უმკაცრესად დაისაჯა – ფიზიკურად გაქრა. სამაგალითო უსამართლობაა.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ჩარლზ ჩენდლერი – ჩემი ფსევდონიმიც და ავტონიმიც. აგათა კრისტს ისე ჰქონდა, რომ მისი ეს მეორეხარისხოვანი გმირი იყო ბოლო – ჩენდლერებს შორის. მერე აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი გვარი აქვთ, ერთი მათგანი ჩემმა მეგობრებმაც კი იპოვეს და დამაკავშირეს. სწორედ ჩენდლერი იყო რეალობისა და გამოგონილის სინთეზის ყველაზე იოლი ფორმა. როცა აგათა კრისტის პერსონაჟის სახელს ირქმევ, „ცხოვრება და მოღვაწეობა“ იოლდება.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ბევრი იქნება, საბავშვო ლიტერატურიდან დაწყებული. განგებ არაფერი შემომინახავს. უბრალოდ, რაღაცას კითხულობ და რაღაცას – ვერა. ბოლო დროს ფსალმუნების კითხვა მომიხდა და საინტერესო იყო – თავისი ისტორიულ-გეოპოლიტიკური კონტექსტით, რომელიც ზოგჯერ რელიგიურ კონტექსტსაც კი ფარავს, სახელმწიფო ლიდერის პოლიტიკურად მოტივირებული ქვეტექსტებით. ცოტა უცნაურიც კია – თითქოს სხვა დანიშნულებით დაიწერა და ახლა სხვა დანიშნულებით ვიყენებთ.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

სტალინი. მისი დაწყებული „საქმეები“ დღემდე „გრძელდება“ და მგონია, რომ უშუალოდ მეხება – მეც და კიდევ მილიონობით ადამიანს, შეიძლება – მილიარდობითაც. ესაა მაგალითი, რამდენი რამის გაფუჭება შეუძლია ერთ ჩვეულებრივ, თავზეხელაღებულ ადამიანს.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ჩაპლინი და მისი ფილმები. ასე, წინასწარ დაგეგმილად არ ვუყურებ, მაგრამ თუ შემთხვევით წავაწყდი, ბოლომდე თუ არა, იმდენ ხანს მაინც ვჩერდები, ვიდრე გადამართვევინებენ. ნოვატორია და ჰუმანისტი, მისმა „მაწანწალამ“ უკვე საუკუნეს გადააბიჯა და ისევ ფორმაშია.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

მხატვრებს და მუსიკოსებს ჯადოქრებად აღვიქვამ. მგონი, ერთი პატარა და ჩემთვის ყველაზე საყვარელი „ჯადოქარი“ ოჯახშიც გვყავს. ვნახოთ.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

უცნაური და თან უარყოფითი რაც არის, პასიურობისკენ მიდრეკილება და აქტიური ადამიანების მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერაა. ეს უფრო ზოგადი ჭირია. იცი, მაგრამ არ რეაგირებ, შენთვის ხარ, თითქოს მოტივაცია არ გყოფნის. არადა, ხედავ, რომ ვიღაც იტყუება, რაღაც ზიანდება, მთელი დედამიწა შეიძლება თავზე დაგემხოს და შენ ისევ შენთვის ხარ, ვითომც არაფერი, ნეიტრალური, ყველა და ყველაფერი თავის ნებაზე გაქვს მიშვებული. მიზეზი შეიძლება კონფლიქტების აცილებაა, სიმშვიდე გვირჩევია, მშვიდად დაღუპვა.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

შეიძლება, სულ ცრურწმენები და აკვიატებებია ყველა ის გარემოება, რომელიც ჩარჩოში გვსვამს. შეგიძლია გახვიდე, გააღწიო, შეცვალო, მაგრამ არ აკეთებ. მეორე მხრივ კი, ნამდვილად კარგია, ბევრი რამ ჯერ კიდევ რომ არ ქცეულა ცრურწმენად. უკვე ლექსებზეც ვფიქრობ ხოლმე, აკვიატება არ იყოს.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

იმაზე გაცილებით ნაკლებს, ვიდრე იმსახურებს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

მიწა, მცენარეები, ბუნება. უნდა ვაღიარო, რომ ამ გატაცებებს ადრე უფრო დიდი სიამოვნება მოჰქონდა. მახსოვს, ბავშვობაში, ღამე არ მეძინა, როცა თოვდა.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

1990-იანი წლებიდან მოყოლებული შევცვლიდი ბევრ რამეს. პრობლემა კი ისაა, რომ წარსულში კი არა, დღესაც ვერაფერს ვცვლი.

დიონისე თუ აპოლონი?

შეიძლება მითოლოგიაში ჰქონდათ კიდეც კონფლიქტი, ეს აღარ მახსოვს, მაგრამ ცხოვრებაში ისინი მშვენივრად თავსდებიან. თუ მაინცდამაინც ერთის არჩევაზე მიდგებოდა საქმე, მაშინ – აპოლონი. დიონისე მაინც წამის გამოჭერაა, აპოლონი კი – გაგრძელება. ცივილიზაციას მარტო დიონისეთი რომ ეცხოვრა, თვითონ დიონისე დაზარალდებოდა, რადგან კარგ ღვინოსაც ვერ შევქმნიდით.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ჩარლზ ჩაპლინის „ჩემი თავგადასავალი“; ოღონდ, რა თქმა უნდა, წლებს და სხვა დეტალებსაც შევცვლიდი.

ადამიანი, ვისიც გშურთ

მშურს ხოლმე „ჩემნაირების“, ვინც თვითრეალიზაცია შეძლო. მაგალითად, ერთი პერიოდი მშურდა ჩემი ექიმი მეგობრის, რადგან მეგონა, რომ ეს სფერო ჩემთვისაც შეიძლებოდა ყოფილიყო თვითრეალიზაციის საშუალება.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ამაზე სალაპარაკოდ მხატვრული ტექსტები სჯობია. თუ წერ, ყველაზე მეტს შეცდომები გაწერინებს.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ერთდროულად ამდენი კარგი ავტორი არასდროს გვყოლია. ალბათ, რაც დღეს საქართველოში იქმნება, ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ლიტერატურაა. შეიძლება რუსულენოვანი ჩაკეტილი წრის გარღვევა იყოს მიზეზი – ქართული და მსოფლიო მემკვიდრეობა ერთ ქვაბში სწრაფად მოიხარშა და კარგი კერძები თუ რეცეპტები მივიღეთ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

რუსეთი.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის“

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ისიც კი არ ვიცი, ჩემთვის რომელია, თან ერთის დასახელება მეორეს აკნინებს, თან შეიძლება ბოლოს წაკითხულებს მიანიჭო უპირატესობა, თუ მართლა რამე განსაკუთრებული არ გაქვს. ალბათ, ეს რეიტინგებიც საჭიროა, განსაკუთრებით, მომავალი თაობის გემოვნებისთვის. მაგრამ ამას ჩემს თავზე არ ავიღებ.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ბოლო წლებში მქონდა, ამ გაზაფხულამდე: „აი, ეს მინდა დიდხანს და მეტი არაფერი“! ახლა, როცა ეს აღარაა, შეიძლება ვთქვა, რომ „კარგი დრო იყო“.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი“… კარგია, როცა პერსონაჟები ასე ლაპარაკობენ, თან პოემაში და თან 1000 წლის წინ.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

„ვეფხისტყაოსანი“. ჩემთვის ეს მარტივი კითხვაა – შემდეგი 10 საუკეთესო რომ გააერთიანო, ვერ გადაწონის. მარტო ქართულიც არა – ათი საუკეთესო ინგლისური, გერმანული, ფრანგული, სკანდინავიური, სპარსული, აქადური, ყველა ერთად…

რამდენ ენაზე კითხულობთ?

მხატვრულ ლიტერატურას – ქართულად.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ზევითაც ვთქვი, ისეთი ფავორიტები მყავდა სხვადასხვა წიგნიდან, რომ მათი ორეულების პოვნას რეალურ ცხოვრებაში ვცდილობდი. ეს ძალიან ადრე იყო. არ მინდა, რომ ახლა, მათი ჩამოთვლით, ნამდვილ ადამიანებს შევეხო.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

გალაკტიონთან ვისაუბრებდი, ღვინის თანხლებით – მის ცხოვრებაზე, ტრაგედიებზე ან უბრალო, ყოფით ამბებზე, ვთქვათ, მის მეზობლებზე… ილიას მოვუსმენდი ხოლმე სიამოვნებით.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

დრო.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

უახლოეს წარსულში, თუნდაც 1 წლის წინ ან უფრო -10 წლის წინ. მეტი დრო მექნებოდა… 12 წლის წინ – უკვე აღარ.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„შუშანიკის წამების“ დასაწყისზე მაქვს საკუთარი აზრი – მაინც პირველი წინადადებაა ქართულ მწერლობაში: „იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში“. ტრადიციულად, სიტყვა „წარემართა“ გაგებულია „წავიდას“ მნიშვნელობით და ითვლება, რომ ავტორი გვეუბნება პერსონაჟის სამეფო კარზე მისვლის შესახებ. ჩემი აზრით კი, ამ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს „მართავდას“ მნიშვნელობა. ტექსტის შემდეგი, გამხსნელი ფრაზა მოიცავს ინფორმაციას ვარსქენის ქრისტიანობაზე და ქრისტიან მშობლებზე. ეს პირველი წინადადების ერთგვარი განმარტებაა იმაზე, თუ რატომ „მართავდა“ ან რატომ „წავიდა“. ლოგიკურად, ქრისტიანი მშობლები უფრო უკეთესად ხსნის ქართლის სამეფო კარის მართვას, ვიდრე სპარსეთის კარზე მისვლას. ეს სამეცნიერო ვარაუდი არ არის, არასდროს მიკვლევია, თუმცა, მეცნიერულ პასუხს სიამოვნებით მოვისმენდი.

რომელია საუკეთესო დასასრული?

„მართლა რომ ცოდოა, მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო“…

ენა თუ ამბავი? რატომ?

პოეზიაში – ენა, პროზაში – ფანტაზია. იდეა, სიახლე და სათქმელი – ორივეგან.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი, რადგან, სინამდვილეში, შედეგიც პროცესია… ერთი შედეგის გარდა, რაზეც ცალკე კითხვაც იყო. თუმცა, სიკვდილიც პროცესია.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

„იპოვეთ მეთორმეტე“… ზოგადად, მცნებები სულ იმაზეა, თუ რა არ უნდა ვაკეთოთ. კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა, თუ რა უნდა ვქნათ. თუმცა, არის ერთი გამონაკლისი, სადაც ღმერთი გაჩერებას და ერთი დღე დასვენებას გვთავაზობს. კარგი მცნებაა.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

  • მერე რა?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ვერ დავიმახსოვრე, რის მერე რა შეიქმნა, მაგრამ დასამახსოვრებელი ის იყო, რომ ღმერთი დროდადრო ჩერდებოდა, უყურებდა და მოსწონდა.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ბიზნესი რომ ვიყო, ჯერ კრიტიკოსებს დავაფინანსებდი და მერე – მწერლებს.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

არ მახსოვს.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ბევრჯერ გამომიცდია – ადამიანების დაკარგვა.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

სიზმარში ვხედავდი ხოლმე: ვარ ჩემს სახლში, სოფელში, სიმწვანეა და ბატების გადაფრენა. გუნდები სულ უფრო ახლოს დაფრინავენ, სადღაც ახლომახლო სხდებიან, ეზოშიც კი. გაღვიძებისას სულ მქონდა შეგრძნება, რომ სამოთხეში ვიყავი.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ან უარს ვიტყოდი, ან შეიძლება ივანე ჯავახიშვილის ყველა ტომი მომეთხოვა.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

  • რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ოღონდ სავარაუდო და სადავო პასუხები მეც ვიცი.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

თქვენ როგორ გესმით სიტყვა „წარემართას“ მნიშვნელობა „შუშანიკის წამების“ დასაწყისში: „კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში“?

© არილი

Facebook Comments Box