კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  რეცენზია

დავით მაზიაშვილი – შექსპირი ბრექსიტის წინააღმდეგ

I

ანტონიოსი და კლეოპატრა

დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ექსპერტი ხდება

ნოამ ჩომსკი

In democratic society everybody becomes an expert

Noam Chomsky

ინგლისელთა ეროვნული პოეტისა და დრამატურგის, უილიამ შექსპირის შემოქმედებას ლონდონის ნაციონალური თეატრი ახალი დადგმებით თითქმის ყოველ წელს წარმოადგენს. 2018 წელს „მაკბეტის“ პრემიერის შემდეგ დიდი მოლოდინი იყო „ანტონიოსი და კლეოპატრას“ მიმართ, რადგან რეჟისორ საიმონ გოდვინს ამ პიესის დადგმა რამდენიმე წლით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი. 2018 წლამდე ანტონიოსისა და კლეოპატრას სასიყვარული ამბავი ლონდონისა და ბრიტანეთის მთავარ თეატრალურ სივრცეში ორჯერ წარმოადგინეს. პირველად 1987 წელს, რეჟისორ პიტერ ჰოლის დადგმა ენტონი ჰოპკინსისა და ჯუდი დენჩის მონაწილეობით და მეორედ 1998 წელს, შონ მათიას სპექტაკლი ალან რიკმანისა და ჰელენ მირერის შესრულებით.

როგორც ცნობილია, შექსპირის პიესა რომის იმპერიის იმ პერიოდს შეეხება, როდესაც ანტონიოსის, ოქტავიოსისა და ლეპიდოსის სახით მსოფლიოს ტრიუმვირატი მართავდა. სწორედ ამ დროს ტრიუმვირატის ერთ-ერთი წევრი, ანტონიოსი, სასიყვარულო ურთიერთობას აბამს ალექსანდრიის დედოფალთან. შეყვარებული ანტონიოსი ივიწყებს ყველაფერს და კლეოპატრასთან გადადის საცხოვრებლად, თუმცა დროებით, რადგან ცოლის, ფულვიას სიკვდილი მოვალეობის გრძნობას უღვიძებს. იგი ტოვებს ალექსანდრიას, ჩადის რომში, რომელიც იმ დროს პომპეოს უმცროსთან საომარ მდგომარეობაში იყო, მოლაპარაკების გზით ზავს დებს პომპეოსთან, ცოლად ირთავს ტრიუმვირატის წევრის, ოქტავიოსის დას ოქტავიას და მასთან ერთად ათენს მიემგზავრება. სწორედ ამ დროს ოქტავიოსი აპატიმრებს ტრიუმვირატის მესამე წევრს ლაპიდოს, კლავს პომპეოსს და რომის იმპერიის ერთპიროვნულ მმართველად აცხადებს თავს. ანტონიოსი კეისართან მოსალაპარაკებლად ათენიდან რომში ოქტავიას გზავნის, თუმცა თავადაც ტოვებს ათენს, საბოლოოდ კლეოპატრასთან ბრუნდება  და მასთან ერთად ალექსანდრიის სამეფოს მმართველი ხდება. ამის შემდეგ კეისარი ანტონიოსს ომს უცხადებს და მას აქტეონის ბრძოლაში ამარცხებს. ანტონიოსს ჰგონია, რომ მარცხის მიზეზი კლეოპატრას ღალატია და მას მოკვლით ემუქრება. შეშინებული კლეოპატრა მსახურების მეშვეობით ანტონიოსს ამცნობს, თითქოს ის მკვდარია, რის შემდეგაც ანტონიოსი თავის მოკვლას გადაწყვეტს და სიცოცხლეს კლეოპატრას მკლავებში ასრულებს. ანტონიოსის სიკვდილის შემდეგ კეისარი კლეოპატრას დატყვევებას გადაწყვეტს, თუმცა კლეოპატრაც თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ანტონიოსი და კლეოპატრა ერთად არიან დაკრძალულები, ხოლო მათი სიყვარულის ისტორია, რომეო და ჯულიეტას ისტორიის მსგავსად, უკვდავი გახდა.

შექსპირის „ანტონიოსი და კლეოპატრა“ 1606-1607 წლებით თარიღდება და  გამოჩენის დღიდან ლიტერატურათმცოდნეთა შორის და თეატრის სამყაროში მას უამრავი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მკვლევართა აზრით,   შექსპირის პიესას სხვადასხვა წყარო უდევს საფუძვლად, მაგრამ უმთავრესი პლუტარქეს ნაშრომის „ცხოვრება მარკუს ანტონიოსისა“ (The Life of Marcus Anthony) და „დემეტრიუსისა და ანტონიოსის შედარება“ (Comparison of Demetrius with Antonius) სერ თომას ნორთისეული თარგმანია (1579). პერსონაჟების თხზვის, ენობრივი, სტილისტური თუ სხვა ტექსტუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ პიესას კრისტოფერ მარლოს შემოქმედების გავლენაც აქვს (Munson Deats 2005:

153, 154, 164,165). სემუელ კოლრიჯი „მაკბეტის“, „მეფე ლირის“, „ჰამლეტის“ და „ოტელოს“  გვერდით „ანტონიოს და კლეოპატრას“ შექსპირის უძლიერეს ტრაგედიათა რიცხვს მიაკუთვნებდა (Munson Deats 2005: 1). მოგვიანებით კოლრიჯის მოსაზრებაზე კრიტიკოსები სხვადასხვა თვალსაზრისს გამოთქვამდნენ (Munson Deats 2005:1) (Potter 2007: 80): ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ „ანტონიოსი და კლეოპატრა“ უდიდეს ტრაგედიებს შორის არ უნდა ყოფილიყო განხილული, რადგან ის უპირველესად სასიყვარულო ტრაგედიაა; მეორე ნაწილის აზრით, პიესის ცენტრალური თემა წარმატებაა და არა სიყვარული (Potter 2007: 82, 83). მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ფემინისტ კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ პიესას „კლეოპატრა“ უნდა რქმეოდა (Munson Deats 2005: 21,22), ხოლო გასული საუკუნის 90-იანი წლებისა და 2000-იანი წლების დასაწყისში პოსტკოლონიალისტური კრიტიკა გამოჩნდა, რომელიც პიესას ეთნიკური და რასობრივი მიმართულებით განიხილავდა (Munson Deats 2005: 4,5). მიმაჩნია, რომ შექსპირი, ანტონიოსის და კლეოპატრას სიყვარულის ისტორიით არა მხოლოდ დასავლური და აღმოსავლური კულტურის განსხვავებულობას, ორი იმპერიის დაპირისპირებას ან სამყაროს ე.წ. აპოლონურ-დიონისურ ბუნებას წარმოგვიდგენს, არამედ, უპირველესად, განსხვავებათა ისტორიულ კავშირს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიის მმართველთა სიყვარულითაა გაერთიანებული.

როგორც პოლ აინისი (PAUL INNES) აღნიშნავს, შექსპირის პერიოდის ძლიერი პროტესტანტული ინგლისის სცენაზე რომაული (თუნდაც ანტიკური პერიოდის) პიესის გათამაშება დაკავშირებული იქნებოდა რომთან, რომელიც დღევანდელი რომის მსგავსად კათოლიკური სამყაროს დედაქალაქი იყო. „ანტონიუსი და კლეოპატრას“ იმ დროს დადგმა პროტესტანტი ტუდორების მიერ კათოლიკე სტუარტებთან ასოცირდებოდა (Innes 2015:121). ჰოპკინსის აზრით, შექსპირის პიესა სკოტების მეფეებზე ლეგენდასაც გახსენებს, რომლის მიხედვით ისინი სკოტას, ფარაონის ქალიშვილის, შთამომავლები არიან და შესაბამისად, პიესაში კლეოპატრა მეფე ჯეიმზთან ასოცირდება, რაც, რა თქმა უნდა, ინგლისზე სკოტების მეფობასთანაა დაკავშირებული, ხოლო ანტონიუსის პერსონაჟი კანონისა თუ სახელმწიფოს მოწყობის რომაულ სისტემასთან, რომლის დამკვირდებასაც მეფე ჯეიმზი ბრიტანეთში ცდილობდა (Innes 2015:  121, 122) (Munson Deats 2005:233, 234). აღსანიშნავია, რომ სკოტას მითის მიხედვით, სკოტების წინაპრები ბოშები იყვნენ, რომლებიც თავის მხრივ ეგვიპტიდან იღებდნენ დასაბამს და მათი ინგლისში  მიგრაცია სკოტლანდიიდან ხდებოდა (Munson Deats 2005:232). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პიესა „ანტონიოსი და კლეოპატრა“ შექსპირის ეპოქაში მიგრაციის საკითხებსაც შეეხებოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სკოტას მითის მიხედვით ეგვიპტე სკოტლანდიასთან ასოცირდებოდა, კლეოპატრას ეგვიპტე ინგლისსაც გამოხატავდა, ხოლო კლეოპატრას დედოფალ ელიზაბეთის მხატვრულ სახედ მოსაზრებას, კრიტიკოსები არაერთი ისტორიული პარალელით ამყარებენ, მათ შორისაა დედოფლების სამხედრო უნარები, რომელიც კლეოპატრას შემთხვევაში აქტეონის, ხოლო ელიზაბეთ I-თან ტილბერის ბრძოლაში გამოვლინდა (Munson Deats 2005: 24, 236). შექსპირის პიესის ამგვარ აღქმას ანამორფული ეწოდება.

საიმონ გოდვინის ინტერპრეტაციით, „ანტონიოსი და კლეოპატრა“ თანამედროვე დროში ვითარდება და მასში შენარჩუნებულია პიესის ანამორფულობა, რომელიც შექსპირს ჰქონდა ჩაფიქრებული. ამჯერად საინტერესოა თავად სპექტაკლის ანამორფულობის თანამედროვე მხარე და ბუნებრივი შეკითხვა – რატომ გახდა საჭირო ლონდონის ნაციონალური თეატრის სცენაზე ანტიკური პოლიტიკური თუ  სასიყვარულო ისტორიის კიდევ ერთხელ გაცოცხლება. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თავად მსახიობი რეიფ ფაინზია. მისი ძლიერი ინტელექტუალური და ფიზიკური სამსახიობო უნარები. ფაინზის ანტონიოსი 2011 წელს მის მიერ გადაღებულ და განსახიერებულ შექსპირის სხვა რომაელ სარდალს, კორიოლანოსაც მოგვაგონებს. საიმონ გოდვინის სპექტაკლი „ანტონიოსი და კლეოპატრა“ შექსპირის პიესის მსგვასად 42 სცენისგან შედგება და მაიკლ ბილინგტონის ნათქვამისა არ იყოს, კინოფილმის რიტმში მიმდინარეობს. რეჟისორი კარგად იყენებს თანამედროვე თეატრის ყველა ტექნიკურ შესაძლებლობას. სცენოგრაფიიდან დაწყებული, გახმოვანების სისტემებითა თუ ვიზუალური ეფექტებით დამთავრებული და სპექტაკლის ყურებისას შთაბეჭდილება გრჩება, რომ კინოთეატრში ხარ. ყოველივე ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს კლეოპატრას სასახლის, ტრიუმვირატის და პომპეოსის შეხვედრისა თუ აქტიონის ბრძოლის სცენებში, რა დროსაც სცენაზე სცენოგრაფია მთლიანად იცვლება. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქმედება ერთ შემთხვევაში აღმოსავლური დიზაინის თანამედროვე მდიდრულ სასახლეში ვითარდება, მეორე შემთხვევაში სცენის სიღრმიდან პომპეოსის წყალქვეშა ხომალდი ამოიზრდება, ხოლო აქტიონის ბრძოლის დროს სრული ილუზია გექმნება, რომ ანტონიოსისა და მისი რაზმის ბრძოლის თანამონაწილე ხარ.  რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებლებს, რეიფ ფაინზი და სოფი ოკონედო უბადლოდ ასრულებენ დასავლური და აღმოსავლური სამყაროს მმართველების სასიყვარულო ისტორიას და საოცრად წარმოაჩენენ პიესის დუალურ  მხარეებს, რომელიც რომი-ეგვიპტის, (დასავლეთი – აღმოსავლეთი), ომი-სიყვარულის, საზოგადო-პირადულის, მოვალეობა-განცხრომის, გონება-ვნების, კაცი-ქალის (Potter 2007: 134) თუ სხვა სახით სპექტაკლშიც ხილულია. დუალურ მხარეებთან ერთად თვალშისაცემია პიესის ანამორფულობაც – ანტიკური სამყარო და შექსპირის თანამედროვე ინგლისი, რომელიც  პიესის ტრაგიკულ ქსოვილში კომიკური ელემენტებითაა გადმოცემული. სპექტაკლში მთავარი მოქმედი გმირები ანტონიოსი და კლეოპატრა არიან, ხოლო მთავარი თემა მათი სიყვარულის ისტორიაა. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენე, მათი სიყვარული კულტურათა ურთიერთობაა და სწორედ ამ კონტექსტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრიუმვირატის პოლიტიკური ინტერპრეტაცია.

როგორც ალან ბლუმი შექსპირის პიესის განხილვისას შენიშნავს, იულიუს კეისრის ძალა, მისი სიკვდილის შემდეგ ორ მეტოქეში გადანაწილდა. ანტონიოსს წილად ერგო მეომრის ხელოვნება, ხოლო ოქტავიოსს გონიერება, სიფრთხილე და წინდახედულობა (Bloom 1993: 43). პიესის მსგავსად,  ანტონიოსი სპექტაკლშიც უდიდესი ძალაუფლების მფლობელია, რომელიც დიდი ავტორიტეტით გამოირჩევა სამხედროებში. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ  ოქტავიოსი პირდაპირ ვერ უპირისპირდება მას. ოქტავიოსს ანტონიოსის თანადგომა და, შესაბამისად, ჯარის ერთიანობა (კოალიცია) სჭირდება აჯანყებული პომპეოსის დასამარცხებლად. სპექტაკლში ოქტავიოს  აფროამერიკელი მსახიობი განასახიერებს, რომელიც თავისთავად  გულისხმობს მულტიეთნიკური თანამედროვე რომის, ანუ ევროპის სახეს. იგი რომის ინტერესების დამცველად გვევლინება და პიესის მსგავსად სპექტაკლის დასაწყისიდანვე ნათელი ხდება, რომ ანტონიოსისა და ოქტავიოსის ბუნებიდან, ხასიათიდან თუ მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მათ შორის დაპირისპირება გარდაუვალია.  ლაპიდოსს კი ხნიერი მსახიობი თამაშობს, რომელიც ნომინალურ ფიგურად გამოიყურება და მხოლოდ გარკვეულ ეპიზოდებში დამბალანსებლის ფუნქციას ასრულებს, რადგან რეალური ძალაუფლება ანტონიოსისა და ოქტავიოსის ხელშია. სწორედ აღნიშნავს ალან ბლუმი როცა ამბობს, რომ: „რიცხვი სამი მშვიდობის აღმნიშვნელია, ხოლო რიცხვი ორი დაპირისპირებისა“(Bloom 1993: 43).ოქტავიოსისა და ანტონიოსის პერსონაჟების დაპირისპირების კონტექსტში საინტერესოა ოქტავიას ფუნქცია. მისი და ანტონიოსის ქორწინება ცალსახად ძმის – ოქტავიოსის და ანტონიოსის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული, რათა მათ შორის დაძაბული ურთიერთობა დროებით განიმუხტოს. ოქტავიოსი დას ანტონიოსის სამართავად იყენებს, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, პომპეოსთან ომის დროს მას არ აწყობს ანტონიოსთან დაპირისპირება. სპექტაკლში ოქტავიას ქერათმიანი მსახიობი თამაშობს, რომელიც მკაცრი, პრაგმატული დასავლელი ქალის გამოხატულებაა და რომელიც კარგად აცნობიერებს საკუთარი როლის მნიშვნელობას ოქტავიოსის პოლიტიკურ სვლებში. სწორედ ამიტომ იგი საკუთარ მოვალეობას უსიტყვოდ ასრულებს. იგი რადიკალურად განსხვავდება კლეოპატრას პერსონაჟისგან, რომელიც მულატი, ვნებიანი, მოსიყვარულე, გიჟური და სექსუალური ქალის სტიქიაა. სპექტაკლის ფინალში, როდესაც ოქტავია ანტონიოსისთვის მკვდარ კლეოპატრას დაჰყურებს, მის მზერაში ეჭვიანობა, შური, თუმცა იმავდროულად, ამგვარი ვნებისა და სიყვარულის ობიექტად თავად ყოფნის სურვილია გადმოღვრილი.

შეიძლება ვთქვათ, რომ საიმონ გოდვინის მიერ 2017 წელს ლონდონის ნაციონალურ თეატრში დადგმული შექსპირის კომედიის „მეთორმეტე ღამე“ სიყვარულის ისტორია, ანტონიოსისა და კლეოპატრას სასიყვარული ისტორიის სახით ტრაგედიისკენ მიემართება, რომლის ტრაგიკულობასაც პოლიტიკური თამაშობანი განაპირობებს. ვფიქრობ, რომ გოდვინის „ანტონიოსი და კლეოპატრა“ სასიყვარულო და პოლიტიკური თემატიკა ისევ ბრექსიტთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ 2018 -2019 წლები ინგლისის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სივრცისთვის გადამწყვეტია და, შესაბამისად, მთავარი განხილვის თემა ბრექსიტია. ზოგადად შექსპირის ეპოქის ბრიტანეთისთვის ბრექსიტი უცხო არ იყო. სწორედ ერთ-ერთი პირველი ბრექსიტი მეფე ჰენრი VIII-ს სახელს უკავშირდება, როდესაც რომის კათოლიკური ეკლესიისგან ინგლისის გამოყოფა დაიწყო. მოგვიანებით დედოფალ ელიზაბეთ I-მაც იმავე პოლიტიკის გატარება განაგრძო და საბოლოოდ ინგლისი პროტესტანტულ და ანგლიკანურ ქვეყნად ჩამოყალიბდა. შექსპირის დროის ევროპაში კი სწორედ რომი, ქრისტიანობა და კათოლიციზმი იყო დასავლეთ ევროპის გამაერთიანებელი. ხოლო აქ აქტუალური ხდება ბევრი კრიტიკოსის მოსაზრება შექსპირების ოჯახის და თავად უილიამ შექსპირის ე.წ.რეკუზატობის შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი კათოლიკე დისიდენტი უნდა ყოფილიყო (იხ. ჩემი სტატია შექსპირის სიმულაკრი).

როგორც ცნობილია, იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ კასკა, კასიუსი და ბრუტუსი ანტონიოსთან ბძოლაში დამარცხდნენ, რის შემდეგაც რომის იმპერია ტრიუმვირატის მმართველობაში გადავიდა. ისევე, როგორც 1945 წელს ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ე.წ. ტრიუმვირატმა  (სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი) მსოფლიო გადაინაწილა, ხოლო 1957 წელს ხელი მოეწერა ე.წ. „რომის შეთანხმებას“, რომელსაც მოგვიანებით ბრიტანეთიც შეუერთდა და კონტინენტურ ევროპასა და ბრიტანეთს შორის ევროკავშირის წიაღში „პოლიტიკური სასიყვარულო ერთობა“ დამყარდა, რომელიც დღეს ბრექსიტის სახით დასასრულს უახლოვდება. ეს დასასრული კი შესაძლებელია დამღუპველი აღმოჩნდეს იმ კულტურათა დიალოგისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც დასავლელი ანტონიოსისა და აღმოსავლელი კლეოპატრას სახითაა წარმოდგენილი ან თუ გნებავთ, კლეოპატრა-ელიზაბეთი – ინგლისისთვის და ანტონიოსი – რომი – ევროპისათვის, ან კლეოპატრა – ბრიტანეთი და ანტონიოსი, როგორც მის წიაღში შემავალი სკოტლანდია-ირლანდია და, შესაბამისად, ევროპას შორის (სკოტლანდიის და ირლანდიის ამგვარი ინტერპრეტაცია ისტორიულად და შექსპირის პიესის კონტექსტში პირდაპირ უკავშირდება სკოტას მითს.)(იხილეთ – Munson Deats 2005: 239). შექსპირის „ანტონიოსი და კლეოპატრა“  ელიზაბეთის მმართველობის შემდგომ დაიწერა და ლეონარდ ტენენჰაუსის აზრით, ის დედოფლის ძალაუფლების ელეგიაა (Holderness, Laughrey, Murphy 1996:9). სარა მუნსონ დითის აზრით კი, შექსპირის მხრიდან აბორიგენულ ქალურ მმართველობაზე მამაკაცური მმართველობის საბოლოო გამარჯვების მხარდაჭერაა (Munson Deats 2005: 9), რაც შექსპირის ეპოქის მონარქისტული მმართველობის კონტექსტის გარდა, შესაძლებელია გავიგოთ, როგორც მამაკაცური-პაპისტური რომის აღიარებად. ხოლო თანამედროვე კონტექსტში პარალელები შეიძლება გავავლოთ ბრიტანეთის ქალი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მოღვაწეობასთან, რომლის საქმიანობა ბრექსიტთანაა დაკავშირებული და ეს საკითხი მისი, როგორც თანამედროვე კლეოპატრას – ბრიტანეთის ელეგიადაც შესაძლოა მივიჩნიოთ.

ჯორჯ ბრენდის აზრით, შექსპირის მიზანი პიესაში „ანტონიოსი და კლეოპატრა“, „მეფე ლირის“ მსგავსად მსოფლიო კატასტროფის ემოციის გამოწვევა იყო (Potter 2007: 58). პიესის მოქმედება ევროპის ერთ გარკვეულ ტერიტორიაზე კი არ ვითარდება, არამედ მსოფლიო სცენაზე. „ანტონიოსი და კლეოპატრა“ „ოტელოს“ ან „ჰამლეტის“ მსგავსად ერთი ქვეყნის ოჯახურ ტრაგედიას არ გვიამბობს. აქ არ ვხვდებით ახალგაზრდა ფორტინბრას („ჰამლეტიდან“),  რომელიც ახალი, ბედნიერი მომავლის შექმნის პირობას იძლევა. ბრენდის აზრით, ოქტავიოსის გამარჯვება არავის ანიჭებს დიდებას. შექსპირს ამ პიესით ე.წ. გლობალური ანიჰილაციის ჩვენება სურდა, რომელიც იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ რომის იმპერიის დიდებას მოჰყვა (Potter 2007: 58, 59). აღსანიშნავია, რომ ამგვარი უნივერსალური კატასტროფა პიესაში არაერთი ბიბლიური ეპიზოდითაც არის წარმოჩენილი (Innes 2016: 123, 124). მაგალითად IV მოქმედების 2 სურათში ანტონიოსის გამოსათხოვარი წვეულება დანახულია, როგორც ქრისტეს საიდუმლო სერობა (Potter 2007: 72), ხოლო ენობარბოსის დეზერტირობა, როგორც იუდას საქციელი (Munson Deats 2005: 28). აგრეთვე კლეოპატრას სიტყვები: “Now no more The Juice of Egypt’s grape shall moist this lip…”(Act 5 scene 2) (…კვლავ ვეღარადროს ამ ტუჩთ ეგვიპტის ყურძნის წვენი ვეღარ დაალბობს…)(თარგმანი ი. მაჩაბლისა), შეესატყვისება სიტყვებს მათეს სახარებიდან: „I will not drink the fruit of the vine, until the kingdom of God shall come…” (Mattew26; 29)(…ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.) (მათე 26:29) (Potter 2007: 76). პიესის უკან ოვიდიუსის „მეტამორფოზებსაც“ ხედავენ (Potter 2007: 99, 102). ასეც რომ არ იყოს, ერთი რამ ცხადია, რომ  გარდა სასიყვარულო და პოლიტიკური ტრაგედიისა, პიესა დიდ ცვლილებებს შეეხებაა, რომელიც, არა მხოლოდ რომის იმპერიის მმართველობაში ავგუსტინეს მოსვლას, ან შექსპირის ინგლისში სკოტლანდიელი მეფე ჯეიმზის გამეფებას, არამედ ქრისტეს მოვლინებით ძველი სამყაროს ახლით ტრანსფორმირებას უკავშირდება.

რთულია პიესის ამგვარი ინტერპრეტაციის შემდეგ სპექტაკლის თანამედროვე კონტექსტში პარალელები არ გავავლოთ ახლანდელი რომის იმპერიის (ევროკავშირი) ბრიტანეთის (ევროპის კონტინენტის ერთი მესამედის) ანტონიოსივით კლეოპატრასთან გასვლით შექმნილ რეალობას შორის, რომელიც ოქტავიოსის გამარჯვების მსგავსად ხელს არავის უნდა აძლევდეს. შეიძლება ვთქვათ, რომ თანამედროვე ლონდონის სცენაზე დადგმული ანტონიოსისა და კლეოპატრას სასიყვარულო ისტორიით დასავლეთსა და ევროპაში ბრექსიტის სახით მიმდინარე ტრანსფორმაციაა მოყოლილი, რომელიც 2000 წლის წინ ევროპაში იმპერიის ტრიუმვირატის დაშლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ მაშინ დაიმსხვრა რომაული დემოკრატია და აღმოცენდა ავგუსტინეს იმპერია. სწორედ ანტონიოსისა და კლეოპატრას კულტურათა სიყვარულის – ბრიტანული თვითმკვლელობით (რეფერენდუმი) თანამედროვე ტრიუმვირატის – ევროკავშირის და, შესაბამისად, მსოფლიოს ტრანსფორმაციის  მომსწრენი ვართ, რომელიც ავგუსტინეს კალენდრისა არ იყოს, ძველის დასასრულის და რაღაც ახლის დასაწყისის მომასწავლებელია.

II

ტრაგედია მეფე რიჩარდ მეორისა

ჯო-ჰილ გიბინსის მიერ 2018 წელს ლონდონის თეატრ „ალმეიდაში“ დადგმულ შექსპირის ისტორიულ პიესას „ცხოვრება და სიკვდილი მეფე რიჩარდ მეორისა“ ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის კრიტიკა შეიძლება ვუწოდოთ. სპექტაკლი შექსპირის პიესით, ინგლისის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს გვახსენებს და ისტორიის ხელახლა გადაკითხვით თანამედროვე ბრიტანეთის პოლიტიკურ რეალობას წარმოაჩენს.

როგორც ცნობილია, უილიამ შექსპირმა „რიჩარდ მეორე“  დაახლოებით 1595 წელს დაწერა, წყაროდ კი ჰოლინშედის ქრონიკები (1587) გამოიყენა. თუმცა პიესას სემუელ დანიელის ეპიკური პოემის „სამოქალაქო ომების პირველი ოთხი წიგნი“ (The First Four Book ofthe Civil Wars)(1595), ქრისტოფერ მარლოს „ედვარდ მეორე“ (1595) და ანონიმური ავტორის პიესა „ვუდსტოკის“ (Woodstock) (1591-95) გავლენაც აქვს (Forker 2013: 113, 117). ასევე უცნობია შექსპირის „რიჩარდ მეორე“ პირველად რომელ თეატრში ითამაშეს, რადგან სპექტაკლი თანაბრად  შეიძლებოდა წარმოედგინათ იმ დროის ლონდონში მოქმედი ბარბიჯის თეატრში, „ქართინსა“ (Curtain), თუ თეატრში „სვანი“ (Swan). ასევე ვარაუდობენ, რომ 1601 წლის 7 თებერვლის ცნობილი აჯანყების მცდელობის წინ სწორედ შექსპირის „რიჩარდ მეორე“ გაითამაშეს გლობუსის თეატრში (Forker 2013: 121,122).

როგორც ცნობილია, ელიზაბეთის I-ის გამეფებისთანავე პარლამენტში და მის გარეთ საუბარი დაიწყეს მისი მემკვიდრის შესახებ. კანდიდატებს შორის სახელდებოდა მერი სტუარტი, ლედი მარგარეტ სტუარტი, ლედი ქეთრინ გრეი, მისი ვაჟი და ა.შ. კათოლიკეები მხარდაჭერას სკოტლანდიის დედოფალ მერი სტუარტს უცხადებდნენ, ხოლო პროტესტანტები კეთრინ გრეის და მის ვაჟს (Forker 2013:  9).1570 წლის თებერვალში რომის პაპმა პიუს V-მ დედოფალი ელიზაბეთი, როგორც ჰენრი VIII-ის ტახტის მემკვიდრე, არალეგიტიმურად ცნო (Hadfield 2004: 2). ამას მოჰყვა დედოფალ ელიზაბეთის კრიტიკა ბრიტანეთშიც. როგორც რიჩარდ სიმფსონი 1874 წელს აღნიშნავს, დედოფალ ელიზაბეთის წინააღმდეგ კათოლიკე-პოლემისტის, ტომას მორგანის, რიჩარდ როულენდის და რობერტ პარსონის მიერ 1584 და 1592 წლებში სამი მოკლე პროპაგანდისტული თხზულება გამოქვეყნდა. პირველი პამფლეტი დედოფალს აფრთხილებდა, რომ მას ედვარდ მეორის, რიჩარდ მეორისა და ჰენრი მეექვსის ბედი ელოდა. მეორე პამფლეტი მიმართული იყო ელიზაბეთის ხაზინადარის, ლორდ უილიამ სესილის წინააღმდეგ და იგი დედოფლის სახელის გამოყენებით მოსახლეობის სასტიკ მოპყრობაში იყო დადანაშაულებული. მესამე პამფლეტი, რომელიც პარსონის მიერ ლათინურად იყო დაწერილი და ინგლისურად თარგმნილი, კათოლიკეების წინააღმდეგ ელიზაბეთის სასტიკ კანონებს შეეხებოდა. ყოველივე ამას ისიც ემატებოდა, რომ კათოლიკების მსგავსად დედოფლის მთავრობის მიმართ რადიკალი პურიტანებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილნი. საქმე იქამდეც მივიდა, რომ 1576 წელს დედოფლის მრჩევლებს პარლამენტში ღიად აკრიტიკებდნენ (Forker 2013: 8). მონარქის მრჩევლები კი რეალური ძალაუფლების მფლობელნი იყვნენ, რადგან მათი მეშვეობით ხდებოდა დასახული პოლიტიკის აღსრულება (Hadfiled 2004: 2, 3).

1590-იანი წლების ინგლისს პოლიტიკური კრიზისის პერიოდად მოიხსენიებენ. 1580 წელს ინგლისსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ესპანელებმა მხარი დაუჭირეს კათოლიკეების შეთქმულებას, რომელთა მიზანი ელიზაბეთ I-ის მოკვლა და ტახტზე მისი ბიძაშვილის, კათოლიკე მერი სტიუარტის დასმა იყო. ამის შემდეგ 1584 წელს ინგლისსა და ესპანეთს შორის ომი დაიწყო და 1590 წლამდე გაგრძელდა (Hadfield and Hammond 2004: 4,5). ყოველივე ამას 1594-1603 წლებში ირლანდიასთან 9-წლიანი ომი დაემატა, რომელიც კათოლიკურ ევროპასა და პროტესტანტულ სამყაროს შორის ომად აღიქმებოდა (Hadfield and Hammond 2004: 14). იმავდროულად ელიზაბეთის გარემოცვაში გრაფ ესექსსა და ელიზაბეთის მრჩევლებს შორის მწავე დაპირისპირება იყო. ელიზაბეთის გარემოცვას ეჭვი ჰქონდა, რომ  გრაფ ესექსს პოლიტიკური მოკავშირეები ირლანდიაში, პაპთან და ესპანეთში ჰყავდა (Hammer 2008:  8). სწორედ 1599 წელს დედოფალ ელიზაბეთის და გრაფი ესექსის ირლანდიაში სამხედრო ინტერვენციისას, ინგლისში სერ ჯონ ჰეივარდის წიგნი „მეფე ჰენრი IV ცხოვრების და მეფობის პირველი ნაწილი“(The First Part of the Life and Raigne of King Henrie IV) გამოქვეყნდა, რომელიც გრაფ ესექს ეძღვნებოდა (Forker 2013: 12) (Hammer 2008: 9,10). წიგნში აღწერილი იყო რიჩარდის მიერ გვირგვინის დაკარგვა და ჰენრი მეოთხის გამეფება. იმ დროს კი რიჩარდ მეორე დედოფალ ელიზაბეთთან ასოცირდებოდა. ამას მოწმობს თავად დედოფლის სიტყვებიც, რომელიც 1601 წლის აგვისტოში წარმოთქვა: “…I am Richard II, know ye not that?…” (Hadfield 2004: 16). გრაფი ესექსი უარყოფდა რაიმე კავშირს ჰეივარდის წიგნთან და ყოველივე ამას დედოფლის მრჩევლების მხრიდან მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარს“ უწოდებდა. მიუხედავად ამისა, ე.წ. ირლანდიის კრიზისის შემდეგ ელიზაბეთმა გრაფი ჯერ დააპატიმრა და ყველა სამეფო ტიტული ჩამოართვა (Hammer 2008: 6), ხოლო 1601 წელს სიკვდილით დასაჯა.

1601 წლის 7 თებერვალის აჯანყება სწორედ გრაფი ესექსის სახელს უკავშირდება. ესექსის  მხარდამჭერებმა შექსპირის დასს 40 შილინგი გადაუხადეს და აჯანყებამდე ერთი დღით ადრე გლობუსის თეატრში „რიჩარდ მეორის“ წარმოდგენა შეუკვეთეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ სპექტაკლი აჯანყებისთვის კარგი პროპაგანდა იქნებოდა (Forker 2013: 11). ვინც აჯანყების წინა დღით შექსპირის „რიჩარდ მეორის“ წარმოდგენა დაუკვეთა, დიდი ალბათობით, პარალელებს ხედავდა მათ აწმყოსა და ისტორიულ წარსულს შორის. აღსანიშნავია, რომ ესექსის მომხრეები შექსპირის პიესაში ბოლინგბრუკის თანამოაზრეთა შთამომავლები იყვნენ. ისევე, როგორც ელიზაბეთ I – რიჩარდ მეორის, ხოლო გრაფი ესექსი ბოლინგბრუკის შთამომავალი (Dawson and Yachnin (edit)2011: 5). ისტორიულ წიაღსვლებში რომ არ გადავიდეთ, ინგლისის ისტორიიის ეს მონაკვეთი დაკავშირებულია ბრიტანეთის შიდა პოლიტიკურ საკითხებთან, ინგლისის, ირლანდია-სკოტლანდიისა და კათოლიკური ევროპის ურთიერთობებთან, რომელიც საბოლოოდ ტუდორების დინასტიის შეცვლით და მეფე ჯეიმზ სტუარტის გამეფებით დასრულდა. ჯეიმზის გამეფება კი ინგლისში კათოლიკური რელიგიის შემწყნარებლობასთან და ირლანდიისა და სკოტლანდიის ერთიან ბრიტანულ სამეფოში გაერთიანებას პირდაპირ უკავშირდება.

შექსპირის მეფე რიჩარდი სამეფო ტახტს და გვირგვინს საკუთარ ბიძაშვილს ბოლინგბრუკს უთმობს, რომელიც ინგლისიდან საფრანგეთში იყო გაძევებული და საფრანგეთიდან მომავალი ინგლისის მეფის ტახტზე ჯდება. ისტორიული თვალსაზრისით, პიესის ეს მონაკვეთი ელიზაბეთის და მისი ბიძაშვილის, ჯეიმზ სტუარტის დედის, მერი სტუარტის პარალელებს აღძრავს, რომელიც ბოლინგბრუკის მსგავსად საფრანგეთიდან სკოტლანდიის გავლით ინგლისის ტახტისკენ ისწრაფოდა. შექსპირის „რიჩარდ მეორე“ სწორედ ელიზაბეთის კარზე მიმდინარე დაპირისპირებას ასახავს და ჯეიმზის გამეფებამდე მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს შეეხება. აგრეთვე პიესის ერთ-ერთი მთავარი თემა სუსტი მმართველი და მმართველობაა. სუსტი მმართველის კონტექსტში საინტერესოა ჯონ გონტის აზრები რიჩარდის ინგლისზე:

“…This royal trone of kings, this sceptred isle,

This earth of majesty, this seat of mars,

This other Eden, demi-paradise,

This Fortress built by Nature for herfelt

Against infection and the hand of war…”

„…ეს ტახტი მეფეთა, მბრძანებელი კუნძული ესე,

ეს მიწა-წყალი დიდებისა, მარსის სადგური,

სამოთხის მსგავსი, ვით მეორე ედემი იგი,

ბუნების ხელით აგებული ციხესიმაგრე,

ყოველგვარ ჭირთა და ომთაგან ბუნების მცველი…“

(II მოქმედება, სურათი 1) (თარგ. გ.გაჩეჩილაძისა).

ჯონ ბლეიდის განმარტებით, გონტის სიტყვები პიესაში ინგლისის გარდასულ დღეთა დიდებას შეეხება. როგორი იყო ინგლისის სარაინდო დოქტრინა და ერთიანი ქრისტიანული ფასეულობების სისტემა, რომელიც ჯვაროსნული ომების დროს ერთიანი დასავლური ღირებულებების გამომხატველი იყო. ყოველივე ეს კი დასაბამიდან ბრიტანეთის დამაარსებლის, ბრუტუსის სახელს უკავშირდება. გონტის აზრით, ინგლისი ომის ღმერთის, მარსის სახლია, რომელიც რომულუსის და რემუსის მამაა და რომის მითოლოგიაში ერთ-ერთი უპირატესი ღმერთია (Blade: 2013: 24,25). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გონტი ინგლისის დიდებას ერთიან დასავლურ წარმართულ თუ ქრისტიანულ კონტექსტში მოიაზრებს და როგორც ლაგეტი აღნიშნავს, ინგლისის წარსულისა და აწმყოს განსხვავებას წარმოგვიდგენს (Leggatt 1988: 55). რიჩარდის ხელში კი ინგლისი გადაიქცა:

„ინგლისი იგი, ადრე სხვათა ქვეყნის მპყრობელი,

საკუთარ თავის სამარცხვინო მპყრობელად ქცეულა“.

(II მოქმედება, სურათი 1) (თარგ. გ.გაჩეჩილაძისა).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ელიზაბეთის მეფობის დროს აქტუალური იყო თემა – თუ ვის ეკუთვნოდა გვირგვინი, ელიზაბეთს თუ მის ბიძაშვილს, სკოტლანდთა დედოფალ მერის. ეს საკითხი დღევანდელ ბრიტანეთშიც აქტუალურია. ვის ირჩევს ინგლისი, პროტესტანტულ-პურიტანულ კონსერვატიულ პოლიტიკას თუ პროკათოლიკურ, დღეს უკვე პროევროპულ ერთიან ევროპულ სივრცეს?! ტუდორების და შემდეგ უკვე ჯეიმზ პირველის მმართველობის დროსაც მსგავსი პოლიტიკური საკითხები იყო აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ 1605 წლის აპრილში მეფე ჯეიმზ I ე.წ. ჯეკის დროშის ქვეშ ბრიტანეთის გაერთიანებას შეეცადა, 1607 წელს ინგლისის პარლამენტმა ეს წამოწყება დაბლოკა, რადგან მიაჩნდათ, რომ გაერთიანება ინგლისზე სკოტლანდთა მმართველობას გააძლიერებდა (Hadfield 2004: 98), ისევე როგორც თანამედროვეობაში, ბრექსიტის კამპანია იდეოლოგიურად აწყობილი იყო იმ აზრზე, რომ ინგლისი უნდა იმართებოდეს ინგლისიდან და არა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან. ბრექსიტის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი კი იყო „დავიბრუნოთ კონტროლი“ (Take Back Control).

შექსპირის პიესის მსგავსად ჯო ჰილ გიბინსის მიერ „ალმეიდაში“ დადგმული „რიჩარდ მეორის“ მთავარი პრობლემაც სუსტი მმართველობა, შიდაპოლიტიკური დაპირისპირება დააჯანყებაა. შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლს  ლაიტმოტივად ჯონ გონტის ზემოაღნიშნული სიტყვები გასდევს: „ინგლისი იგი, ადრე სხვათა ქვეყნის მპყრობელი,საკუთარ თავის სამარცხვინო მპყრობელად ქცეულა“, რომელსაც აფროამერიკული წარმოშობის მსახიობი წარმოთქვამს. სპექტაკლში შექსპირის პიესა შემცირებულია და თანამედროვე დროშია გადაწყვეტილი. რიჩარდის როლს საიმონ რასელ ბილი თამაშობს, რომელიც „ნაიკის“ სპორტულ ფეხსაცმელში და თანამედროვე ყოველდღიურ სამოსშია გამოწყობილი. სპექტაკლის სცენოგრაფია უსარკმელო ყუთის მსგავსი სივრცეა, რომელიც სამარტოო საკანს მოგვაგონებს. პიესის ამგვარი გადაწყვეტა თითქოს მარტო დარჩენილი მეფე რიჩარდის ფსიქიკურ ან/და გონებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. სცენაზე 6 სათლი დგას, რომლებსაც Soil (მიწა), Water (წყალი) და Blood (სისხლი) აწერია. ეს კი გარკვეულწილად ეხმაურება პიესაში ყველაზე ხშირად ნახსენებ სამ სიტყვას waste (ფუჭი), blood (სისხლი), land (მიწა), რომელიც როგორც ჯონ ბლეიდი აღნიშნავს, პიესის ცენტრალური ელემენტებია და ინგლისსა და მეფეს გამოხატავს (Blades: 2013: 41). სპექტაკლის ამგვარი სცენოგრაფიული გადაწყვეტა ჰამლეტის და როზენკრანცისა და გილდენსტერნის დიალოგს მოგვაგონებს, როცა ჰამლეტი დანიას საპყრობილეს უწოდებს, რაზეც როზენკრანცი პასუხობს,  რომ მაშ მთელი სამყარო საპყრობილე ყოფილაო (მოქ.II სურ.2). გიბინსი სწორედ თანამედროვე საპყრობილეში მიმდინარე პოლიტიკურ ბაკქანალიას წარმოადგენს, რომელშიც რიჩარდს თავზე ჯერ წყალს ასხამენ, შემდეგ მიწას (როგორ ტალახს) აყრიან და ბოლოს სისხლს ასხამენ. ვფიქრობ, რომ გიბინსის რიჩარდი მხოლოდ ერთ-ერთი მონარქი კი არაა, არამედ იგი თანამედროვე ინგლისია, რომელიც პიესის კონტექსტში და თანამედროვე პოლიტიკურ დისკუსში მეფობას, დიდებას და სახელმწიფოს მმართველობის კონტროლს კარგავს. ხოლო ბოლინგბრუკი თანამედროვე ინგლისელებს გამოხატავს, რომლებიც ბრექსიტით ინგლისს, გაერთიანებულ სამეფოს და ევროკავშირს აუჯანყდნენ. ამის სათავე კი ისტორიულად, პიესაში, 1599-1601 წლების ელიზაბეთის ინგლისსა და თანამედროვე ბრიტანეთის პოლიტიკურ რეალობაშიც ორი დაპირისპირებული მხარეა: პიესაში ჯერ ბოლინგბრუკი და მოუბრეი, შემდგომ რიჩარდი-ბოლინგბრუკის სახით,  შექსპირის ეპოქაში ჯერ გრაფი ესექსის და დედოფალი ელიზაბეთის მრჩევლები, ხოლო მოგვიანებით ელისაბეთისა და გრაფი ესექსის დაპირისპირების სახით. თანამედროვე ინგლისის კონტექსტში კი მმართველი კონსერვატიული პარტიის ორი ფრთის დაპირისპირებაა, რომელიც რეფერენდუმის შედეგად ევროპას, ირლანდია-სკოტლანდიას და კონსერვატიულ (პურიტანულ) ინგლისს შორის დაპირისპირებად გადაიქცა. რეჟისორისთვის  თანამედროვე ინგლისის პოლიტიკური დისკურსი სპექტაკლის სცენოგრაფიის მსგავსად სამარტოო საკანია, იზოლაცია, რომელშიც  რიჩარდი, როგორც ქვეყანა მოხვდა, რადგან როგორც გონტი აღნიშნავს: „ინგლისი იგი, ადრე სხვათა ქვეყნის მპყრობელი, საკუთარ თავის სამარცხვინო მპყრობელად ქცეულა“.

შეიძლება ითქვას, რომ ჯო ჰილ გიბინსის რიჩარდ მეორე, შექსპირის კონტექსტში მოყოლილი თანამედროვე ინგლისის მდგომარებაა, რომელიც 1399, 1599 თუ 1601 წლის თებერვლის ისტორიათა ერთობით 2019 წლის თებერვალში მისულ მაყურებელს ინგლისის აწმყოს მოუთხრობს. სპექტაკლში წარმოდგენილი რიჩარდის რეალობა თანამედროვე ინგლისის ბრექსიტულ რეალობასა და რიჩარდის შესახებ ლაგეტის მოსაზრებას კარგად ესადაგება: „ეს მხოლოდ შეურაცხყოფა არაა, არამედ პარადოქსიცაა: მე, მეფე, ვაცხადებ, რომ მეფე არა ვარ; და მხოლოდ მე შემიძლია, რომ ეს გავაკეთო, რადგან მეფე არა ვარ…“ (“This is not just a violation but paradox: I, the King declare I am not the King; and only I can do this because I am not the King…. “). რიჩარდი ბუმონტისა და ფლეჩერის ტრაგიკომიკული გმირივით A King and no King…”  – მეფედ და თან არა მეფედ გვევლინება (Leggatt 1988: 69).

 

შეჯამებისას უნდა აღინიშნოს, რომ ელიზაბეთის ინგლისში შექსპირის გარდა ბევრი დრამატურგი წერდა პიესებს, რომლებშიც მოქმედება ევროპაში ვითარდებოდა. აგრეთვე წერდნენ ანტიპაპისტური მმართველობის შესახებაც, რომელთა შორისაც იყო ქრისტოფერ მარლო (Hadfield and Hammond 2004: 173,174,175). ეს გასაკვირი არცაა, იმ დროის ინგლისსა და კათოლიკური ევროპის თუ საფრანგეთსა და ზოგადად ევროპაში მიმდინარე ე.წ.რელიგიური ომების ფონზე. ელიზაბეთის დროის პიესები არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკური რეალობის, არამედ ალეგორიულად ინგლისის შიდა პოლიტიკური რეალობის გამომხატველიც იყო (Hadfield and Hammond 2004: 192). შექსპირის დროს ერთიანი დასავლური ინტელექტუალური სივრცე არსებობდა, რომელშიც ლიტერატურა მხოლოდ ფიქციური ტექსტი არ ყოფილა, ის მეცნიერების, ფილოსოფიის, მედიცინის, პოლიტიკის და ზოგადად ჰუმანისტური აზროვნებისა და ცოდნის გადაცემისა და გავრცელების საშუალებაც იყო, რომელიც თავის მხრივ ბერძნულ-რომაულ ფესვებს ეფუძნება. შექსპირის შემოქმედება, რომელსაც დღესაც ვსწავლობთ ერაზმუსის, მაკიაველისა თუ მონტეგის მიერ ანტიკური იდეების ხელახალი გააზრებით, მათი მედიატორობითა და გავლენით შეიქმნა (Hadfield and Hammond 2004: 114), ამიტომ შექსპირი, მთელი თავისი ჰუმანისტური სულისკვეთებით დასავლელი იყო, რაც იმთავითვე ევროპელობას ნიშნავდა, რადგან როგორც აღვნიშნე, ყოველივე დასავლურის წყარო ბერძნულ-რომაული და ქრისტიანული სამყაროა.

დამოწმებანი:

შექსპირი, უილიამი, ტრაგედიები II, ანტონიოსი და კლეოპტარა, თარგმანი იოანე მაჩაბლისა, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1987;

შექსპირი, უილიამ, რიჩარდ მეორე, თხზულებები ხუთ ტომად, მეორე ტომი, რედ: ნიკო ყიასაშვილი, თარგმანი გივი გაჩეჩილაძისა, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი 1985;

Bloom, Alan, Shakespeare on Love and Friendship, Unversity of Chicago Press 1993;

Blades, John, Shakespeare The Histories, Palgrave Macmillan 2013;

Forker, Charles (edit), King Richard II, The Arden Shakespeare, Bloomsbury 2013;

Hadfield, Andrew, Arden Critical Companion Shakespeare and Renaissance Politics,Bloomsbury2004;

Hadfiled, Andrew and Hammond, Paul (Edit),  Arden Critical Companion Shakespeare and Renaissance Europe, Bloomsbury 2004;

Hammer, Paul E. J.,Shakespeare’s Richard II, The Play of 7 Februray 1601, and the Essex Rissing, Shakespeare Quarterly Vol. 59, No. 1 (Spring, 2008), pp. 1-35 Oxford University Press;

Holderness, Graham, Laughrey, Bryan & Murphy, Andrew (Edit & Introdaction) Shakespeare: The Roman Plays, Longman 1996;

Innes, Paul Shakespeare’s Roman plays, Palgrave 2015;

Leggatt, Alexander,Shakespeare’s Political DramaThe History Plays and the Roman Plays, Routledge London 1988;

Munson, Deats Sara (edit), Antony and Cleopatra New Critical Essays, Routledge 2005;

Pason, Anthony B. and Yachnin,Paul(Edit), The Oxford Shakespeare, Richard II, Oxford University Press  2011;

Potter, Nicholas, Shakespeare Antony and Cleopatra, A reader’s guide to essential criticism, Palgrave 2007;

Shakespeare, William, Antony and Cleopatra, http://shakespeare.mit.edu/cleopatra/full.html

Shakespeare, William, The Life and Death of Richard the Second, http://shakespeare.mit.edu/richardii/full.html

© არილი

Facebook Comments Box