პროზა

დავით ქართველიშვილი – შორეული პალმები

1

როდესაც მაკლერმა ბინის პოტენციური მყიდველები უკვე მეორედ მოიყვანა სახლის სანახავად, სენიორა ხუანა (ასე მას ზურგს უკან ლათინო-ამერიკული სერიალების უზომო სიყვარულის გამო ეძახდნენ და მან ეს მშვენივრად იცოდა) კიდევ ერთხელ დაფიქრდა სწორ გადაწყვეტილებას იღებდა თუ არა.

საერთოდ, ყველაზე ღრმა და საფუძვლიანი დაფიქრების დროსაც კი სენიორა ხუანა სხვა გზას ვერ ხედავდა: ბინა უნდა გაეყიდა და შვილთან გადაბარგებულიყო საცხოვრებლად ამერიკაში, კერძოდ კი შტატ მონტანაში, რომელშიც მისი შვილი ამჟამად ცხოვრობდა. სენიორა ხუანამ შტატ მონატანის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა.

მისი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვან, საყოველთაო მხარდაჭერას მოიპოვებდა, რომ არ ერთი არაორდინალური გარემოება: სენიორა ხუანას შვილი – მერი – ტრანსგენდერი იყო.

სენიორა ხუანა, ზოგადად, ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს. ერთადერთი ვითარება, რომელშიც ის პრინციპულობას ინარჩუნებდა და უკან ოდნავადაც არ იხევდა ის მომენტები იყო, როდესაც მერის ვიღაც ძველი სახელით მოიხსენიებდა.

სენიორა ხუანა ყოველთვის აზუსტებდა:

“ჩემი შვილის სახელია მერი..”

“ჰო, სულ ეგრე დაარქვი დაბადებისას. “უთხრა სენიორა ხუანას ერთხელ წყობიდან სრულიად გამოსულმა დამ და ტელეფონი გაუთიშა.

სენიორა ხუანას უმცროსი და ასევე ამერიკაში ცხოვრობდა. სწორედ ის იყო სენიორა ხუანას მთავარი ვიზავი და ოპონენტი ცხოვრებაში. ასეც ხდება; ერთ ოჯახში ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანები დაიბადებიან და შემდეგ ერთმანეთს ცხოვრების ტვირთად იქცევიან ხოლმე.

სენიორა ხუანასა და მისი უმცროსი დის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. სახლს ორივე ადრეულ ასაკში გაეცალა. სენიორა ხუანა ქორწინების, ხოლო მისი უმცროსი და ემიგრაციის გზით, მაგრამ მანამდე იყო მცდარი ბავშვობა.

სენიორა ხუანა ბავშვობის გახსენებისას დაბნეულობასა და უღონობას გრძნობდა. არაფერს სხვას.

სენიორა ხუანას ყოველთვის დაუდგენელი ფერის შურით შურდა იმ ადამიანების, რომლებსაც ბავშვობის გახსენებისას თვალები უბრწყინდებოდათ.

თავად ასეთი რამ არ ემართებოდა.

2

ბავშვობაში მომხდარ ამბებზე მეტად სენიორა ხუანას საკუთარი ბავშვობის აურა აბნევდა და აუძლურებდა, ხოლო საკუთრივ ბავშვობა კი უფრო სმენაში ჰქონდა ჩარჩენილი, ვიდრე თვალებში.

სენიორა ხუანამ იცოდა, რომ მშობლებს მასზე მეტად მისი უმცროსი და უყვარდათ და ამის მიზეზი, უმთავრესად, ის იყო, რომ სენიორა ხუანას უმცროსი და, მისგან განსხვავებით, სრულიად ამქვეყნიური, ცხოვრებისეული არსება იყო.

სენიორა ხუანა თავისთვის ადამიანებს სამ კატეგორიად ანაწევრებდა:

  1. ისინი, ვისაც ბავშვობაში საკუთარი ოთახი ჰქონდათ
  2. ისინი, ვისაც – არა.
  3. და ისინი, ვისაც ჰქონდათ, მაგრამ საზიაროდ.

თავად მესამე, მისი აზრით, ყველაზე სტრესულ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

გაქვს რაღაც, მაგრამ ბოლომდე შენი არ არის. მის შემთხვევაში, თანამფლობელი ერთი ჟინიანი და ბუნებით სრულიად მარტივი გოგო იყო, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებულად გამოსვლა სურდა და უმეტესად ასეც იყო.

მაგრამ იყო ერთი საშინელი საიდუმლოც.

და სწორედ ამ საიდუმლოს გამო, სენიორა ხუანამ საშინელი და შემზარავი სიცხადით იცოდა მისი დაბნეულობისა და გახევების მიზეზი საკუთარი ბავშვობის გახსენებისას. ეს საშინელი გადაცდენა და ცოდვა სინამდვილეში ერთადერთი რამ იყო, რაც მას უწამლავდა ცხოვრებას: რამდენიმე კვირიანი ურთიერთობა უმცროს დასთან, რომელიც სრულიად მოულოდნელად და გაუაზრებლად დაიწყო და ზუსტად ასევე შეწყდა.

ამ დროს ის 11 წლის იყო, მისი უმცროსი და – 8-ის.

სენიორა ხუანა უმცროსი დის გაუთხოვრობას სწორედ ამ ბავშვობის ტრავმას აბრალებდა, ხოლო საკუთარ თავი ტრავმის მიმყენებლად მიაჩნდა.

თავად სენიორა ხუანას მომავალი ცხოვრებაც დიდად განსაზღვრა ამ ცოდვამ. როდესაც მისი შვილის ტრანსგენდერობის ამბავი გამჟღავნდა, სენიორა ხუანამ ეს ამბავი ბავშვობაში ჩადენილი უპატიებელი ცოდვის სასჯელად მიიღო, ხოლო როდესაც ამ ამბით თავზარდაცემული მისი ქმარი ღმუოდა: რატომ დავისაჯეთ ასე, რის გამო? სენიორა ხუანას სულ უნდოდა ეთქვა მისთვის: ჩემ გამოო, მაგრამ იცოდა, რომ ქმარი ვერ გაუგებდა და ვერ ბედავდა. მორიგ, უაზრო კონფლიქტს იცილებდა თავიდან დუმილით.

ყველაზე მეტად სენიორა ხუანას მაინც იმის რცხვენოდა, გულის სიღრმეში საქციელს კი არ ნანობდა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის გარეგან შედეგებს.

რადგან ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მის ცხოვრებაში, როდესაც მან გაბედა და გიჟურ თავდავიწყებას მიეცა. ყველა სხვა დროსა და ვითარებაში ის დადგენილი წესების სრული დაცვით მოქმედებდა.

3

სენიორა ხუანამ რამდენჯერმე დააპირა ამ თემაზე უმცროს დასთან დალაპარაკება, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. რაც შეეხება უმცროს დას, ის ამ ამბავს ყოველთვის საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა.

“შენ ხომ იცი რაც გაქვს გაკეთებული?!” – ასე ეტყოდა ხოლმე.

სენიორა ხუანა ადრე გათხოვდა. მისი გათხოვების მიზეზი სახლიდან წასვლა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი იყო. სხვა არც არაფერი.

მალევე მიხვდა, რომ იჩქარა და მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

სენიორა ხუანას ქმარი სწორხაზოვანი და ძალიან ემოციური ადამიანი აღმოჩნდა.

სენიორა ხუანა იშვიათად თუ დაელაპარაკებოდა ხოლმე მას არასაოჯახო, გარე ამბებზე: პოლიტიკაზე ან რელიგიაზე. ეს უკანასკნელი სენიორა ხუანას ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად მისი ფეხმძიმობისას იქცა, ორსულმა სენიორა ხუანამ ეკლესიაში სიარული გადაწყვიტა და ყოველდღიურად ბიბლიის ფრაგმენტული კითხვაც დაიწყო.

ზოგადად, წიგნების კითხვა არ მიეკუთვნებოდა სენიორა ხუანას საყვარელი აქტივობების რიცხვს, ამიტომ ის დღეში ბიბლიის მხოლოდ ერთ ფურცელს თუ კითხულობდა.

დაწერილი ღმერთი უფრო რთული იყო, ვიდრე ამბიონიდან მოსმენილი და, სწორედ ამიტომ, სენიორა ხუანას მთავარი ცოდნა ღმერთზე ზეპირსიტყვიერებიდან მოდიოდა.

რა თქმა უნდა, ის საკუთარი მორიდებული ბუნების (ეს ბავშვობაში ჩადენილი ცოდვის პირდაპირი გამოძახილი იყო) გამო არავის არასდროს ახვევდა თავზე საკუთარ რწმენას. ხანდახან იმასაც კი ეჭვობდა, თავად მართლაც სწამდა ღმერთის       არსებობა თუ უბრალოდ თავს იტყუებდა და ამიტომ ყველაზე გასაგები მისთვის მოციქული პეტრეს სამმაგი უარყოფა იყო.

4

გათხოვებამდე იყო სკოლა. სენიორა ხუანამ სკოლაში ისწავლა: წერა, კითხვა, მიმატება-გამოკლება, გაიჩინა ერთი მეგობარი, რომელიც წლების შემდეგ მაკლერი გახდა და ახლა სახლის გაყიდვაში ეხმარებოდა.

სენიორა ხუანა საკუთარ თავს სამართლიანად დასჯილ ადამიანად მიიჩნევდა: ქმარი და შვილი მიიღო როგორც დამსახურებული სასჯელი. შვილს ყოველთვის იცავდა, რადგან სჯეროდა, რომ ის მის გამო დაისაჯა ასე: დაიბადა ქალად კაცის სხეულში.

სენიორა ხუანა ბავშვობიდანვე ამჩნევდა მერის ვინც იყო ის ბუნებით, ხოლო მსოფლიოში მიმდინარე გადაფასებითი რხევები ნათლად მიანიშნებდნენ მას უკვე წამოზრდილი შვილი რა გადაწყვეტილებს მიიღებდა და არც შემცდარა, საბოლოოდ, ზუსტად ისე მოხდა, როგორც მას ეგონა: მისმა შვილმა სამშობლო დატოვა და საჰაერო გზით ოკეანე გადალახა.

რამდენიმეწლიანი დაპირებების შემდეგ მერიმ ის მოახერხა, რომ დედას შტატ მონტანაში გადასვლა – ან როგორც თავად მერი ამბობდა: ევაკუაცია – შესთავაზა.

სენიორა ხუანა შინაგანად არ ჩქარობდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა გარეგნულად ყველაფერს ისე აკეთებდა, თითქოს გამგზავრება ყველაზე მეტად სწორედ მას ეჩქარებოდა.

საკუთარ თავს მხოლოდ ერთადერთ შეკითხვას უსვამდა: მართლაც უნდოდა წასვლა თუ…

აქ – სახლში – დიდად არაფერი აჩერებდა. არანაირი ცხადი მიზნები და აუცილებელი მოვალეობები მას არ გააჩნდა, რაც შეეხება სრულიად ქვეყანას, მას დიდ და გადასარევ რამედ არ თვლიდა და გულის სიღრმეში საკუთარი უმცროსი დისა და შვილის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულიც კი იყო.

5

შეფერხებისა და ფეხისთრევის ერთადერთი ძლიერი მიზეზი უცხო ქვეყნის შიში იყო. სხვა ენა, სხვა ხალხი.

ერთხელ სენიორა ხუანამ მერის საკუთარი შიში გაუზიარა, მერიმ მოკლედ უპასუხა:

“რა მნიშვნელობა აქვს ენასა და ხალხს, მაინც მთელი დღე სახლში ხარ, აქაც ეგრე იქნები.”

სენიორა ხუანას შვილის სიტყვები გულზე მოხვდა, თან საკმაოდ მძიმედ და მტკივნეულად. ტკივილის სიმძლავრე და სიმძაფრე იმდენად აუტანელი იყო, რომ თავადაც გაუკვირდა.

მართლაც: სენიორა ხუანა უკვე წლები იყო, რაც სახლში იჯდა. ნებაყოფლობით შიდაპატიმრობაში.

ყველაფერი მისი დაქვრივებით დაიწყო. მეუღლის თანამშრომლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი მეუღლე ძალიან ცუდად იყო. სენიორა ხუანა მიხვდა, რომ მისი მეუღლე მორჩა, გათავდა და პირველი, რაც გაიფიქრა, სამარცხვინო სიმართლე იყო: გავთავისუფლდი.

ძალიან მალე უეცრად თავსდატეხილი თავისუფლებით გამოწვეული ზეიმი შიშმა ჩაანაცვლა.

6

სენიორა ხუანამ დაქვრივების შემდეგ გარეთ გასვლას შესამჩნევად უკლო, მხოლოდ ძალიან აუცილებელ საქმეებზე გადიოდა. ფინანსურად დიდად არ ულხინდა, მაგრამ მეუღლის მიერ დატოვებული წილი საარქიტექტორო კომპანიაში საცხოვრებლად საკმარისი იყო.

სწორედ ამ დროს სენიორა ხუანას ცხოვრებაში უდიდესი ცვლილება მოხდა: მან ლათინო-ამერიკული ტელენოველების თავბრუდამხვევი სამყარო აღმოაჩინა.

აქ იყო ყველაფერი, რაც სენიორა ხუანას აკლდა ცხოვრებაში. ავანტიურა, საინტერესო კომუნიკაცია და საბედისწერო სიყვარული.

სენიორა ხუანა სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე დაფიქრდა პირველად სინამდვილეში როგორი იყო მისი პრინცი, უნაკლო მამაკაცი. მანამდე მას მცირედი წარმოდგენაც არ ჰქონდა.

მარტივია იცოდე რას უნდა ფლობდეს მამაკაცი საიმისოდ, რომ ცოლად გაჰყვე, მაგრამ ძნელია, წარმოიდგინო როგორი უნდა იყოს კაცი, რომ ის თავდავიწყებით შეგიყვარდეს.

ერთადერთი, რასაც სენიორა ხუანა ყოველთვის ზუსტად ხვდებოდა, ის იყო, რომ უნაკლო მამაკაცს, პრინცს უნდა შესძლებოდა საინტერესო საუბარი.

სენიორა ხუანა გრძნობდა და იაზრებდა, რომ ცხოვრებაში თუ რამე აკლდა, ეს საინტერესო საუბრები იყო.

თითქმის მთელი ცხოვრება დუმილში გაატარა. ეს არ იყო ოქროსმწარმოებელი დუმილი. ეს სირცხვილის დუმილი იყო. სენიორა ხუანას სჯეროდა, მას ხმა რომ ამოეღო, მისი ბავშვობის დიდი ცოდვა გაცხადდებოდა.

რეალურად მომხდარი ამბავი მხოლოდ მან და მისმა უმცროსმა დამ იცოდნენ. სხვა არავინ. რამდენიმეჯერ აღსარების დაწერა და მღვდლისათვის გადაცემა გადაწყვიტა, მაგრამ ბოლო წუთს უკან იხევდა, ვერ ენდობოდა.

“მერე რა, რომ სასულიერო პირია, პირველ რიგში, მაინც ადამიანია და რაღაცნაირი უპირატესობით ზევიდან დამიწყებს ყურებას და ქაღალდზე გადატანილ აღსარებას ანადგურებდა.

7

სენიორა ხუანას კარგად ახსოვდა, რას წერდა აღსარებაში:

ცოდვილი ვარ, მამაო, და მონანიებას ვთხოვ ღმერთს. არ ვიცი, საიდან დავიწყო, მოვყვე თუ არა დეტალები, თუ ძალიან ზოგადად მოვყვე, რაც მოხდა. მინდა, დეტალურად მინდა, მაგრამ სირცხვილის მწვავს და არ შემიძლია. ყოველ ზაფხულს მე და ჩემ დას სოფელში გვიშვებდნენ მამაჩემის მშობლებთან დასასვენებლად. ამ დროს მშობლები ჩვენგან ისვენებდნენ. ეს ამბავი სწორედ სოფელში მოხდა და სოფელშივე დასრულდა რამდენიმე კვირის შემდეგ. მე და ჩემი და ერთმანეთს შევეხეთ. მე მივუწექი გვერდზე. დღემდე არ ვიცი რა ძალამ გამაკეთებინა ეს. რამდენიმე კვირა ვცოდავდით. უფრო სწორად, მე ვცოდავდი. ჩემი და უმცროსი იყო და მემორჩილებოდა. ღმერთია მოწმე, მინდა, რომ მუხლებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვო ჩემს პატარა დას, მაგრამ თავში საკმარის ძალებს ვერ ვპოულობ, რადგან გარდა ამ მომაკვდინებელი ცოდვისა, მე ჩემ დასთან ზოგადადაც დაძაბული ურთიერთობა მაქვს. გამუდმებით საკუთარ თავს ვადანაშაულებ და გთხოვთ ევედროთ ღმერთს, რომ მომიტევოს და სულიერი სიმშვიდე მომცეს.

8

მიუხედავად იმისა, რომ სენიორა ხუანა მომხდარში საკუთარ თავს მთავარ ცოდვილად და დამნაშავედ მიიჩნევდა, ეს აღიარება არანაირად არ უნელებდა მას ნეგატიურ განცდებს საკუთარი უმცროსი დისადმი. მისი სწორხაზოვნებისადმი, რომელიც მას საშუალებას არ აძლევდა გამოეთქვა ის, რისი გამოთქმაც მას ასე სურდა.

სენიორა ხუანამ ბინის მეორედ დასათვალიერებლად მოსულებს შეხედა. მზერებზე შეატყო, რომ მაკლერისაგან ბინის გაყიდვის მიზეზი იცოდნენ და სენიორა ხუანას ერთდროულად შიშით, სიბრალულითა და ზიზღით უყურებდნენ. მათ იცოდნენ, რომ სენიორა ხუანას ტრანსგენდერი შვილი ჰყავდა.

ან იქნებ სენიორა ხუანას ეჩვენებოდა ასე.

“ბინის დაცლას რამდენ ხანში შეძლებთ?” – ჰკითხა სენიორა ხუანას მყიდველთაგან ერთ-ერთმა.

“მალე“ – თქვა სენიორა ხუანამ და სახლს თვალი ისე მოავლო, თითქოს უკანასკნელად ხედავდა და ემშვიდობებოდა.

“მაინც როგორ მალე?” – მეტი სიცხადე და გარკვეულობა მოითხოვეს მისგან ბინის შესაძლებელმა მყიდველებმა.

“ბინის გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 დღეში.” – დააკონკრეტა სენიორა ხუანამ.

სახლის შესაძლო გაყიდვის ამბავი იმ დღესვე ამცნო მერის.

9

ამ სახლში სენიორა ხუანამ თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. მიუხედავად ამისა, მას არანაირი სენტიმენტი თავად სახლისადმი ან მასში გატარებული წლებისადმი არ ტანჯავდა. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მის განკარგულებაში სხვა სახლი არც არასდროს ყოფილა.

სენიორა ხუანას ოცნების სახლი სულ სხვანაირი იყო: დიდი, კერძო, რამდენიმე სართულიანი, დახვეული კიბით. წინ უზარმაზარი, მწვანე ბაღით, ზუსტად ისეთი როგორც სენიორ ლეონსიოს ჰქონდა სერიალ “შორეულ პალმებში”

სენიორ ლეონსიო მკაცრი და დაუნდობელი მიწათმფლობელი იყო. დიდი, ცისფერი თვალებით. მის მკაცრ მზერას სენიორა ხუანა უძრაობაში და უწონაფობაში გადაჰყავდა.

მაგრამ სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოს მზერას დიდხანს ვერ უძლებდა და ის ეკრანს მორცხვად და ერთისმოწყვეტით აცილებდა თვალებს. რამდენიმე წამის შემდეგ კი, პარვით და ფრთხილად აპარებდა ცალ თვალს ეკრანისკენ და თუ ამ დროს სენიორ ლეონსიოს ჰიპნოზური მზერა უკვე კადრს მიღმა იყო, მხოლოდ ამ შემთხვევაში ის ეკრანს მეორე თვალსაც უსწორებდა.

სენიორ ლეონსიო მარტოსული ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში სენიორა ხუანას ასე ეჩვენებოდა.

ან ასე სურდა.

10

სენიორა ხუანა არა თავად მსახიობით, არამედ მსახიობის მიერ შესრულებული პერსონაჟით იყო მოხიბლული. იგივე მსახიობი, მას სხვა უამრავ სერიალშიც ჰყავდა ნანახი, მაგრამ სხვაგან არსად, არცერთ მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟში სენიორა ხუანა ვერ ხედავდა იმას, რასაც სენიორ ლეონსიოს ხასიათში: მაგიურ, უკიდეგანო სიმარტოვესა და ფარულ დაუცველობას.

სენიორა ხუანა ხვდებოდა, რომ მას და სენიორ ლეონსიოს სწორედ ეს აერთიანებდათ – სიმარტოვე და დაუცველობა.

ამ აღმოჩენის შემდეგ სენიორა ხუანამ ინტენსიური ურთიერთობა დაიწყო სარკესთან. იმ სარკესთან, რომელშიც ერთ სენიორ ლეონსიოსთან ერთად გაუჩინარდა და ახალ სამყაროში დაიწყო ცხოვრება და მოგზაურობა..

სენიორა ხუანა სარკეში საკუთარ თავს თითქოს პირველად ხედავდა, უფრო სწორედ: რიგითობას არც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, უბრალოდ სხვანაირად დაინახა საკუთარი თავი, ახლებურად.

ცხადია – უამრავი დრო ჰქონდა სენიორა ხუანას უკვე განიავებული, წლები არაფერში დაიკარგა. ეს მაშინ გაიფიქრა, როდესაც სარკესთან სრულიად გაშიშვლებული დადგა; ამ დროს მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ ბედნიერი იყო, რომ გაბედა გაშიშვლება და თუნდაც მხოლოდ სარკეში საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება.

11

სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო სენიორა ხუანამ სენიორ ლეონსიოსთან გააზრებულად და გამიზნულად პრანჭვა. მანამდე სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოს თავგადასავლებს საშინაოდ ჩაცმული და თმაგაწეწილი უყურებდა, მაგრამ მიხვდა, რომ ცდებოდა და თავის მიხედვა – მოვლა და გაპრანჭვა იყო საჭიროდ აუცილებელი. იმ დღიდან სენიორა ხუანა მხოლოდ კარგად მოწესრიგებული უყურებდა მუდამ უზადო ფორმაში მყოფ, მაგიურ სენიორ ლეონსიოს ანუ ლეოს, როგორც სენიორა ხუანა მას უწოდებდა გულში.

უკვე ითქვა, რომ სენიორა ხუანა იშვიათად გადიოდა გარეთ. ამის მიზეზი ერთმნიშვნელოვნად მერი იყო, მასზე საუბარს ერიდებოდა ქუჩაში შემხვედრ ნაცნობებთან.

სენიორა ხუანას გადასხვაფერებისას მერი უკვე ორი წლის წასული იყო სახლიდან და მთელი ამ დროის განმავლობაში, რომელიც სენიორა ხუანას მანძილად ეჩვენებოდა, ის სრულიად მარტო ცხოვრობდა.

12

უცებ ყველაფერი შეიცვალა და სენიორა ხუანამ გარეთ გასვლას მოუხშირა. თავიდან ვერც კი ხვდებოდა – რატომ. ბევრს არც ფიქრობდა ამის გამო. ხოლო როდესაც დაფიქრდა, პასუხი მარტივი აღმოჩნდა: სენიორა ხუანა ჩვევადქცეულ უძრაობას, მოძრაობის უძველესი ფორმით – ფეხით სიარულით დაუპირისპირა.

ის მაგიური ლეოს შესახებ თითქმის ყველას უყვებოდა, მაგრამ იყო გამონაკლისიც – მერი და მერის დეიდა. მერისთან და მერის დეიდასთან ისე იქცეოდა ისე, თითქოს ლეო საერთოდ არ არსებობდა და ყველაფერს ისე აკეთებდა და ამბობდა, როგორც ადრე. ამიტომ სენიორა ხუანას ერთი სული ჰქონდა, როდის მოამთავრებდა შვილთან (უმცროს დას იშვიათად ელაპარაკებოდა) ლაპარაკს და დაბრუნდებოდა ფაზენდაზე.

ფაზენდაზე საცხოვრებლად როგორღაც თავისთავად და ბუნებრივად გადავიდა: ნაბიჯ-ნაბიჯ, ევოლუციურად. თავდაპირველად, სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოსთან მსახურად მოეწყო. გასაუბრებას თავად სენიორ ლეონსიო გაუძღვა.

“საიდან მოდიხარ?” – ჰკითხა სენიორ ლეონსიომ სენიორა ხუანას და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.

“ბავშვობიდან” – უპასუხა სენიორა ხუანამ თავისთავად.

“სცენარიდან ნუ გადიხარ!” – მკაცრად გააფრთხილა სენიორ ლეონსიომ ის.

13

მათი ურთიერთობის ძირითადი სირთულეც ეს გახდა: სცენარიდან სენიორა ხუანას გასვლები ანუ მისგან მოვლენების დაჩქარების სურვილი და სულსწრაფობა.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც წესით და წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით მოხდა.

სენიორა ხუანა ჯერ სენიორ ლეონსიოს მსახური გახდა. სენიორ ლეონსიო ახალი დაქვრივებული იყო და ჯერ კიდევ განელებული არ ჰქონდა მძიმე დანაკარგით გამოწვეული ტკივილი,

საცხოვრებლად ფაზენდის უკანა ნაწილში განთავსებული პატარა ქოხი მიუჩინეს; სენიორა ხუანას აქ მხოლოდ ეძინა, სხვა ყველაფერი კი სასახლეში ხდებოდა.

ის მზის ამოსვლამდე იღვიძებდა. წესრიგდებოდა, იცვამდა თავის ღარიბულ, მაგრამ სუფთა ტანსაცმელს, ქოხს ტოვებდა და სწრაფი ნაბიჯით მიემართებოდა სასახლისაკენ.

იმ სერიაში სასახლეში მისულ სენიორა ხუანას სენიორ ლეონსიო ფეხზე დახვდა. ასე მანამდე არასდროს მომხდარა, ამიტომ სენიორა ხუანა მიხვდა: წინ მნიშვნელოვანი საუბარი ელოდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ სცენარიდან არ გასულიყო.

მართალია, იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ეს საუბარი თავისთავად ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იყო. სენიორა ხუანამ იცოდა, რომ ლეოს ის უკვე უყვარდა, მაგრამ რომელ სერიაში გამოუტყდებოდა ის მას და აუხსნიდა სიყვარულს, წარმოდგენა არ ჰქონდა.

14

ხანდახან სენიორა ხუანას უძილობა ტანჯავდა და ღამეებს თეთრად ათენებდა. ამ დროს საკუთარ უმწეო მდგომარეობაზე ფიქრობდა და კიდევ უფრო მეტად სწუხდა. ამ დროს ყველაზე ერთგული მეგობარი მთვარე იყო. სენიორა ხუანა უძილობისას მიდიოდა ფანჯარასთან და მთვარეს უყურებდა ხოლმე. როგორც წესი, ამ დროს არაფერზე ფიქრობდა და მხოლოდ საკუთარ გულისცემას უსმენდა.

იმ სერიაში კი სენიორ ლეონსიო მას გარდაცვლილი მეუღლის შესახებ ესაუბრა.

სენიორა ხუანა, როგორც მსახურს შეეფერებოდა, სენიორ ლეონსიოსაგან მოშორებით იდგა.

სენიორ ლეონსიო წარსულს იხსენებდა:

“ხუანა, არსებობს გაცნობა და არსებობს შეხვედრა. მე და ისადორა ერთმანეთს შევხვდით. ორივე დანიშნულები ვიყავით ამ დროს. ბუნებამ ორივეს კარგი გარეგნობა გვარგუნა, ხოლო გარემოებამ – სიღარიბე. ჩვენი ბედი ბავშვობიდანვე განსაზღვრული იყო. თითოეულს თავის ღარიბი ოჯახისათვის სიმდიდრე უნდა მოეტანა. ჩვენმა მშობლებმა ყველაზე მარტივი და ნაცადი გზა აირჩიეს: მდიდრებზე დაგვნიშნეს. ჩემი დანიშნული ყავის მწარმოებელი ქარხნის დირექტორის ქალიშვილი იყო, ხოლო ისადორასი: ჩვენი პატარა ქალაქის ალკალდის ვაჟიშვილი რიკარდო. მე და ისადორას ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა. ეს მოხდა სანაპიროს კაფეში. ის რიკარდოსთან ერთად იყო. რიკარდოს მივესალმე. ღარიბი ვიყავი და ამიტომ შორიდან. ამ დროს მოვკარი თვალი ისადორას. რიკარდო არც მომსალმებია, მაგრამ ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. თვალებში ვუყურებდი უცნობ მშვენებას და ვგრძნობდი, რომ თავდავიწყებით მიყვარდა. ისიც მიყურებდა და ვგრძნობდი, რომ ისიც იმავეს გრძნობდა ჩემდამი. დიდი დრო არ დამჭირვებია მისი ვინაობის დასადგენად. იმ დროს პორტში ვმუშაობდი მტვირთავად და ბიჭებს გამოვკითხე, ვინ იყო გოგო რიკარდოსთან. მათ მითხრეს, რომ ის ისადორაა. ელ-სალვადორელია და აქ, ფლორიდაში სულ ახალი ჩამოსულია და ალკალდის შვილ რიკარდოზეა დანიშნული. მე და ჩემი ოჯახი უკვე 5 წლის ჩამოსულები ვიყავით ფლორიდის შტატში. ყველაფერი, რასაც ხედავ, ჩემი და ისადორას შრომით არის მოპოვებული. ამიტომ ვარ მკაცრი. ზუსტად ვიცი, რა წვალებით მოდის სიმდიდრე; ტკივილით, შრომით და საკუთარი თავის სრული უარყოფით. შვილი რომ მყავდეს, ის ამ ყველაფერს მემკვიდრეობით მიიღებდა და ამიტომ ურთიერთობებშიც ალბათ უფრო რბილი ვიქნებოდი. მე და ისადორას შვილი არ მოგვეცა. ბუნებამ ინება ასე. ხუანა, შენ გყავს შვილი?”

15

სენიორა ხუანა ამბის გაგრძელებას ელოდა და არა მისდამი დასმულ შეკითხვას. დაიბნა. პატარა გოგოსავით ხელები უკან წაიღო და სენიორ ლეონსიოს მოახსენა:

“დიახ, სენიორ, ერთი, მისი სახელია მერი.”

“სად არის, რატომ არ მინახავს?”

“მოუცლელია, სენიორ, კალიფორნიაში ცხოვრობს (ამ დროს მერი მართლაც კალიფორნიაში ცხოვრობდა) და სწავლობს.” მეტი სოლიდურობისათვის იცრუა სენიორა ხუანამ.

“რას სწავლობს?” – განაგრძობდა დაკითხვას სენიორ ლეონსიო.

“ფიზიკას…” – თქვა სენიორა ხუანამ და ინანა, იურისპრუდენცია რომ არ თქვა.

“საინტერესოა…” – სენიორ ლეონსიომ თავისი ჰიპნოზური მზერით გახედა სენიორა ხუანას და კვლავ გარდაცვლილი მეუღლის გახსენებას საქმეს მიუბრუნდა“ – ჩუმად დავიწყეთ შეხვედრა. კარგად ვხვდებოდით, რომ აქ, ფლორიდის სახიფათო სანაპიროზე, არ გაგვახარებდნენ. აქედან რომელიმე დიდ ქალაქში უნდა გავქცეულიყავით და ჩავკარგულიყავით. დიდხანს არ გვიფიქრია და ამიტომ ნიუ-იორკი შევარჩიეთ. ერთხანს სარდაფში ვცხოვრობდით და რამდენიმეგან ვმუშაობდით. ხმები მოგვდიოდა, რომ რიკარდო მოსაკლავად დაგვდევდა. სწორედ ამ საშინლად სტრესულ გარემოში ერთ სულ და ერთ ხორცად შესანიშნავ იდეამდე მივედით და სამი წლის შემდეგ ტრიუმფატორებად დავბრუნდით ფლორიდაში. როგორაც – სხვა დროს გეტყვი ამ ამბავს” – სენიორ ლეონსიომ პირთან მარჯვენა ხელის ხელისგული მიიტანა, გრძლად დაამთქნარა და თქვა: “სხეული დასვენებას მთხოვს.”

16

სენიორა ხუანამ სწორედ იმ დღეს გაიაზრა, რომ ფლორიდის შტატში ცხოვრობდა და შვილთან უკვე ოკეანე და სახელმწიფოები კი არა, მხოლოდ რამდენიმე შტატიღა აშორებდა, მაგრამ მერის ამას, ბუნებრივია, არ ეუბნებოდა. მერისთან საუბრისას ყველაფერი ძველებურად რჩებოდა.

ის დღე სენიორა ხუანამ სენიორ ლეონსიოზე ფიქრში გაატარა. უძნელდებოდა სენიორ ლეონსიოს ღარიბად წარმოდგენა, მისთვის ლეო რაღაც უცვლელი არსება იყო, თუმცა რამდენიმე საათის წინ შემდგარი საუბარი ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და, ცოტა არ იყოს, სენიორა ხუანა დაფრთხა. იქნებ, ხასიათებით ვერ შევეწყოთ ერთმანეთს? დაეჭვდა სენიორა ხუანა კიდეც.

უკვე ყველაფერი აინტერესებდა ლეოს შესახებ, მაგრამ მისი სტატუსობრივი მდგომარეობა უფლებას არ აძლევდა ყოფილიყო მომთხოვნი, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ მსახური იყო. რამდენჯერმე კვლავ სცენარიდან გასვლა სცადა, მაგრამ შესაშურად დისციპლინირებულმა სენიორ ლეონსიომ მას წესრიგისაკენ მოუწოდა.

ერთი მხრივ, სენიორა ხუანა აღფრთოვანებული იყო სენიორ ლეონსიოს დისციპლინით, მაგრამ, მეორე მხრივ, მისთვის მისი და ლეოს ურთიერთობის დინამიკა შინაგანად სრულიად მიუღებელი იყო. მას ლეო თავდავიწყებით უყვარდა, ხოლო იგი ჯერჯერობით გარდაცვლილი მეუღლის აჩრდილთან თანაცხოვრობდა.

17

სენიორა ხუანას მოვალეობებში დალაგება და საჭმლის მომზადება შედიოდა. სენიორ ლეონსიო ხანდახან ერთ-ორ კვირიან მივლინებებში მიემგზავრებოდა ხოლმე. ამ დროს სენიორა ხუანა ძირითად დროს თავის ქოხში ატარებდა და მის დაბრუნებას ელოდა.

დროის ამ მონაკვეთში სენიორა ხუანა განსაკუთრებული სენტიმენტალურობითა და სიფაქიზით გამოირჩეოდა. ლეო სადღაც შორს იყო: კოლუმბიასა თუ ბოლივიაში, რაღაც, სენიორა ხუანასათვის უცნობ, საქმეებზე. სენიორ ლეონსიოს არყოფნაში ძალაუფლებას მისი ახალგაზრდა დეიდაშვილი, ხორხე ანხელი იღებდა ხელში და თავისებურად განკარგავდა სახლს.

სენიორა ხუანას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ხორხე ანხელთან. მიზეზი მისდამი ხორხე ანხელის დაუოკებელი ფიზიკური ვნება იყო.

სენიორა ხუანას უჭირდა ხორხე ანხელისათვის თვალის გასწორება, რადგან ამ ახალგაზრდა კაცის თვალებში ის დიდ და ყოვლისწამლეკავ საფრთხეს ხედავდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ იმ დროს, როდესაც ლეო შორი-ახლოს ტრიალებდა, ხორხე ანხელი ვერაფერს გაუბედავდა მას, მაგრამ მივლინებებისას სენიორა ხუანა უწყვეტ შინაგან დაძაბულობას გრძნობდა და ხვდებოდა, რომ ფაზენდაზე არც არაფერი ესაქმებოდა.

18

ეს ამბავი გაზაფხულის, თბილ, ოდნავ ქარიან და მთვარიან ღამეს მოხდა. სენიორ ლეონსიო კოლუმბიასა თუ ბოლივიაში იყო ორკვირიანი მივლინებით წასული. ღამით მისი ქოხის კარზე ვიღაცამ მოაკაკუნა. სენიორა ხუანა ჯერ კიდევ ფეხზე იყო, სრულად ჩაცმული კართან მივიდა, სათვალთვალოში გაიხედა და დაინახა მთვარის შუქით განათებული ხორხე ანხელი, რომელიც სრულიად შიშველი იდგა და ხელები ზურგს უკან ჰქონდა წაღებული პატიმარივით.

“დიახ, რა გნებავთ?“ – გასძახა დაკეტილი კარიდან დაძაბულად სენიორა ხუანამ ხორხე ანხელს.

ხორხე ანხელს არაფერი უთქვამს. მარჯვენა ხელი საფეთქლისაკენ წაიღო. სენიორა ხუანამ ხორხე ანხელის ხელში მთვარის შუქით განათებული ძველებური დამბაჩა შენიშნა. ამ დროს ხორხე ანხელმა დამბაჩა საფეთქელთან მიიტანა და სასხლეტს გამოჰკრა.

სენიორა ხუანამ დაინახა, როგორ მოიცელა ხორხე ანხელი და შიშით და არა თანაგრძნობით, მთელი ხმით შეჰკივლა.

19

„რომ არა საბრალო ხორხე ანხელის განწირული ქცევა და თვითმკვლელობის წინა ორსიტყვიანი წერილი, მშვენიერო ხუანა,შენი სილამაზე ჩემთვის იქნებ შეუმჩნეველი დარჩენილიყო… ხუანა, დაჯექი, გთხოვ.“ – უთხრა მივლინებიდან ნაადრევად დაბრუნებულმა ლეომ სენიორა ხუანას.

სამზარეულოში ისხდნენ.

სენიორ ლეონსიო დაღლილი და სევდიანი ჩანდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ისინი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ხვდებოდნენ, რომ მათი ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე დამსაქმებლისა და დასაქმებულის.

სენიორა ხუანა გულში ზეიმობდა, თუმცა საკუთარი განწყობის გამჟღავნებას ყოველგვარად ერიდებოდა. ეუხერხულებოდა. შეუფერებელ საქციელად და სცენარიდან გასვლად მიიჩნევდა…

ხორხე ანხელის ყოვლად შეშლილმა საქციელმა სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოსთან დააახლოვა.

20

იმ ღამეს სენიორა ხუანას ქოხში ბოლოჯერ ეძინა, რადგან სენიორ ლეონსიომ მას სასახლეში გადასვლა შესთავაზა. ქოხში ნანახი ბოლო სიზმარი კარგად დაამახსოვრდა. ამ სიზმარში ხორხე ანხელი ცოცხალი იყო, ხოლო სენიორ ლეონსიო – მკვდარი. ზუსტად არავინ იცოდა სენიორ ლეონსიოს სიკვდილის მიზეზი. ხორხე ანხელი ამბობდა, რომ მისი სათაყვანებელი ბიძა კოლუმბიელმა პარტიზანებმა მოკლეს. ამ ვერსიის რეალურობა გულმკვდარ სენიორა ხუანას ოდნავადაც არ სჯეროდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ლეო ხორხე ანხელმა მოკლა მისი ქონებისა ხელშიჩასაგდებად. კიდევ კარგი, დროულად გამოეღვიძა, თორემ ალბათ დარდი და სასოწარკვეთა მოკლავდა სიზმარში.

სასახლეში გადასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა სენიორა ხუანას ცხოვრებაში. თითქოს სხვა ადამიანი გახდა. არა დამცირებული მსახური, არამედ სენიორ ლეონსიოს გულის მესაიდუმლე. ამ სტატუსობრივმა და ვითარებითმა გადანაცვლებამ სენიორა ხუანას მტრები და მოშურნეები გაუჩინა. განსაკუთრებით სენიორ ლეონსიოს დეიდა, გარდაცვლილი ხორხე ანხელის დედა – როსა აქტიურობდა.

21

როსა ძველი თაობის ადამიანი იყო და ცხოვრებისეული შეხედულებებიც ძველი დროისა ჰქონდა. მას სიამოვნებდა, როდესაც მის ასაკსა და მოსაზრებებს ახალი თაობის ადამიანები პატივს მიაგებდნენ და თუ პირიქით ხდებოდა, ის ემსგავსებოდა შხამიან გველს. სენიორა ხუანა მას დასაგესლად გამზადებულ კობრად ხედავდა და ამიტომ ყველანაირად ცდილობდა ის არ გაენაწყენებინა. ამის გამო ბევრი ირიბი და პირდაპირი დამცირების ატანა უწევდა.

“უნახავო!” – ხშირად ეუბნებოდა მას როსა“ – მოხვდი გომურიდან პირდაპირ სასახლეში. შენ ხომ იცი, აქ რა გზითაც მოხვდი: შენ ჩემი შვილი ხორხე ანხელი მოკალი.”

“მე არ მომიკლავს ხორხე ანხელი, ხორხე ანხელმა თავი მოიკლა” – სენიორა ხუანა თავს იცავდა, რადგან უბრალო იყო.

“შენ აიძულე, შე მიწურის გომბიო!” – აგრძელებდა ლანძღვას როსა, ხოლო სენიორა ხუანა ამ დროს იმითღა ინუგეშებდა თავს, როსამ – ამ საშინლად კონსერვატორმა და რეაქციონერმა ადამიანმა – მისი ბავშვობის უდიდესი ცოდვის შესახებ არაფერი იცოდა და არც მისი შვილი, მერი ჰყავდა ნანახი.

22

სენიორ ლეონსიო განაგრძობდა ვიზიტებს კოლუმბიასა თუ ბოლივიაში. ამ დროს სასახლეში ყოველთვის ხორხე ანხელის სული ბრუნდებოდა, დედის სხეულში სახლდებოდა და მძაფრად უტევდა სენიორა ხუანას.

სენიორა ხუანას სურდა ამის შესახებ ლეოსთვის ეამბა, მაგრამ უკვე იცოდა, რომ ლეოში მხოლოდ მზერა იყო მისტიკური და არაფერი სხვა. ლეო მას გიჟად ჩათვლიდა და ამიტომაც სდუმდა.

გარდაცვლილი შვილის სულით გაძლიერებული როსა უსაზღვროდ შეუწყნარებელი ხდებოდა სენიორა ხუანასადმი.

“მე შენი გულწრფელი სიყვარულის არ მჯერა, მხოლოდ ქონება გინდა“ – და კიდევ სამჯერ იმეორებდა“ – ქონება, ქონება ქონება.” და უკვე გველად ქცეული და დასაგესლად გამზადებული სისინით ეკითხებოდა სენიორა ხუანას: „ლეონსიო ღარიბი რომ იყოს, შეგიყვარდებოდა?”

სენიორა ხუანას ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ტირილს იწყებდა და გველად ქცეულ როსას ემუდარებოდა:

“ნუ მტანჯავთ, როსა. გთხოვთ, ნუ მტანჯავთ. ლეონსიო მე როგორიც გავიცანი, ისეთი შემიყვარდა. გთხოვთ ნუ მტანჯავთ როსა…”

როსა ამ დროს საზარელ ხარხარს იწყებდა ხოლმე და ხარხარი, სიცილის ეს უკიდურესი ნაირსახეობა, მას კვლავ ადამიანად აქცევდა, რადგან სიცილი ჩვევითათ მხოლოდ ადამიანებს.

23

მერე, ერთ დღესაც, სენიორ ლეონსიო აუცილებლად ბრუნდებოდა მივლინებიდან და ყველაფერი კვლავ თავის ადგილზე დგებოდა.

ბოლო დროს სენიორა ხუანას მერი ხშირად ურეკავდა. შვილის უეცრად მოხშირებული ყურადღებით დაეჭვებული სენიორა ხუანა გაორმაგებული          სიფრთხილით იქცეოდა, რომ მერის მის ცხოვრებაში მომხდარი უზარმაზარი ცვლილება არ შეენიშნა.

“რატომ რეკავს, ლეოზე ხომ არ გაიგო რამე?”

სენიორა ხუანს გაახსენდა, რომ ამასწინათ დიდი შეცდომა დაუშვა. მისი სახლის წინ განთავსებულ საცხობში მერის ერთ-ერთ თანაკლასელს შეხვდა და როდესაც მან სენიორა ხუანას გარეგნობაში მომხდარი დადებითი ცვლილებები აღნიშნა, სენიორა ხუანამ ვერ მოითმინა და უთხრა:

“ოჰ, ეს ჩემი ლეოს დამსახურებაა, მან დამიბრუნა ცხოვრება.”

შემდეგ რამდენიმე წუთი უხსნიდა მას თუ ვინ იყო ლეო და როგორ გაიცნო ის.

თხრობა დასრულებული არც ჰქონდა, რომ უკვე ნანობდა თავის საქციელს. “ხომ შეიძლებოდა მას ეს ამბავი მერისთვის ეთქვა?”

24

თუმცა, ერთ დღეს გაირკვა, რომ მერის ზარების გაზრდილ სტატისტიკას სულ სხვა მიზეზი ჰქონდა. მერი ისევ უმუშევრად რჩებოდა, რადგან ოჯახი, რომელშიც მუშაობდა, ისრაელში აპირებდა გადასვლას. მერის შეეძლო მათთან ერთად გადაბარგება, მაგრამ არ სურდა ამერიკის დატოვება, რადგან, მისი აზრით, უცხოობა არსად ისეთი მარტივი არ იყო, როგორც აქ, ამ ქვეყანაში.

“ფული მაქვს, სადმე იაფ შტატში გადავალ და შენს გადმოყვანასაც, ბოლოს და ბოლოს, მოვაბამ თავს, დედა..”

სენიორ ხუანას შვილისათვის უნდოდა ეთქვა – ნუ იჩქარებ, ჯერ ყველაფერი დაალაგე და ჩემს გადმოსვლაზე მერე ვიფიქროთო, მაგრამ მიხვდა, რომ მერიში ამით ეჭვს გააღვივებდა და ამიტომაც საწინააღმდეგო რამ თქვა:

“ჰო, იჩქარე, მეც დავიღალე აქ მარტო.”

“კი, კი, დედა” – უთხრა მერიმ და დედას დაემშვიდობა.

სენიორა ხუანამ მაშინვე ფაზენდაზე მოკურცხლა.

25

“ხუანა, სად იყავი?“ – ჰკითხა ლეომ, მაგრამ როგორც შემდეგი წინადადებიდან გაირკვა, მას ამ შეკითხვაზე პასუხი არ აინტერესებდა, სენიორ ლეონსიომ განაგრძო – “მე ბევრი ვიფიქრე, ხუანა, და გადავწყვიტე, შენზე დავქორწინდე, ხელს გთხოვ, მაგრამ სანამ პასუხს მეტყოდე, მე, როგორც ჭეშმარიტ კაბალიეროს, უფლება არ მაქვს, რომ არ გითხრა ჩემი მთავარი საიდუმლო, რომელიც ჩემი ქონების წარმომავლობას ეხება, კი არ გითხრა, არამედ განახო ის.“

სენიორა ხუანა ჩუმად იყო. ბოლოს და ბოლოს, იმ სერიამდე მივიდნენ, რომელშიც სენიორ ლეონსიო მას ნამდვილ სენიორად ქცევას სთავაზობდა.

სინამდვილეში ერთადერთი, რაც უნდოდა, სიხარულით კივილი იყო და აქეთ-იქით ხტუნვა, მაგრამ ასეთი საქციელი ძალიან ბავშვურად მოეჩვენა და თან არც საქმე იყო ჯერჯერობით მოსრულებული, რადგან ლეოს მისთვის ჯერ საიდუმლო უნდა გაენდო, უფრო სწორად, ეჩვენებინა ის.

ისევ ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ. იმ ღამეს სენიორა ხუანამ თვალი ვერ მოხუჭა. უძილო ღამის პირველი ნაწილი სიხარულს, ხოლო მეორე ნაწილი ცნობისმოყვარეობას დაეთმო.

უხაროდა, რომ მარტო აღარ იქნებოდა, მტანჯველად აინტერესებდა ლეოს საიდუმლო.

26

გავიდა რამდენიმე სერია და დროც.

სენიორ ლეონსიო მოუცლელი იყო და ისინი ერთმანეთს იშვიათად, თვალის მოკვრით თუ ხედავდნენ. ამ სერიებში ლეოს მაგიური მზერა კიდევ უფრო ელვარე, დამატყვევებელი და ახლობელი გახდა.

მერე, მოულოდნელად როსა გაცივდა. თავად როსა ავად გახდომას, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, არა სენიორა ხუანს, არამედ თავის გარდაცვლილ შვილს, ხორხე ანხელს აბრალებდა.

“ყოველ ღამე ხორხე ანხელის სული ფანჯარას აღებს და მოდის ჩემთან. მესაუბრება და მერე მიდის. გუშინ ფანჯარა დარჩა ღია. მე ადგომა გამიჭირდა და აი, ახლა მე ვკვდები.”

“არა, დეიდა, არ მოკვდები” – უთხრა სენიორ ლეონსიომ მას.

“მოვკვდები და ძალიან კარგიც, მიხარია, რომ ვერ ვნახავ, ამ გომბიოს ცოლად როგორ მოიყვან.’’

სენიორა ხუანამ იგრძნო, რომ სიბრაზისაგან გაწითლდა.

“დეიდა, გეყოფა… მე მიყვარს ხუანა” – დაიცვა საკუთარი არჩევანი სენიორ ლეონსიომ.

“ყოველთვის ღარიბი, მდაბიო გოგოები მოგწონდა” – მწარედ და დამცინავად გაიღიმა როსამ და გაბრაზებულმა იქვე სული დალია.

“მეც მიყვარხარ, ლეო…” – თქვა ამჯერად ბედნიერებისაგან გაწითლებულმა სენიორა ხუანამ.

თავს პირველად გრძნობდა შეყვარებულად და საიმედოდ დაცულად.

სენიორ ლეონსიო ამ დროს დეიდის უკვე უსულო სხეულს ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა.

27

როსა დიდი პატივით დაკრძალეს. გასვენებას უამრავი ადამიანი დაესწრო. ამის მიზეზი არა მხოლოდ სენიორ ლეონსიოს სოციალური მდგომარეობა, გარდაცვლილი როსასადმი პირადი პატივისცემა, არამედ სენიორ ლეონსიოს ახალი საცოლის ნახვის სურვილიც იყო ხალხში.

უკვე ყველამ იცოდა მათი ამბავი, თუმცა ჯერჯერობით არაფერი იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი და ჯერ არც საკუთარი საიდუმლო ჰქონდა გამხელილი სენიორ ლეონსიოს სენიორა ხუანასათვის.

გასვენების დროს მოულოდნელად სენიორა ხუანას საკუთარმა დამ დაურეკა.

სენიორა ხუანა გასვენებაში შეკრებილ ხალხს გამოეყო და ტელეფონი ყურთან მიიტანა:

“დაო, როგორ ხარ? – “მოიკითხა ხმამ.

“რა ვიცი, ძველებურად, დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, მე ახლა გასვენებაში ვარ, თუ რამე აუცილებელი არ არის, მერე დაგირეკავ.”

“ვინ მოკვდა?”

„ლეოს დეიდა.”

“ლეო ვინ არის?“ – დაინტერესდა და.

სენიორა ხუანამ ჯერ ენას კბილი მაგრად დააჭირა, რომ არ ეთქვა, ჩემი მომავალი ქმარიო. შემდეგ ენიდან კბილი აიღო და იცრუა:

“მეზობელია.”

“ააა… მეთქი ვინმე ახლობელი, შენ შვილზე მინდა დაგელაპარაკო…“ – და, როგორც ყოველთვის, მერი ძველი სახელით მოიხსენია.

 28

“ჩემი შვილის სახელია მერი…”

“მინდა, იცოდე, რომ შენმა შვილმა რაღაცების დალევა დაიწყო და ძუძუები ებერება. არ ვიცი, შენ იქნებ ვიდეოთი გელაპარაკება და იცი კიდევაც…”

“აბა, როგორ გინდა, გოგოა, უნდა ჰქონდეს ძუძუები“ – დაიცვა შვილი სენიორა ხუანამ. „ვიდეოთი არ ვლაპარაკობთ. რაღაც ვერ ავითვისე ეს კომპიუტერი.”

“ადვილია, თუ მოინდომებ. მოკლედ, მე გითხარი, რომ სახლში დასაბრუნებელ ყველა გზას იჭრის”.

და გაჩუმდა.

სენიორა ხუანამ ვერ მოითმინა და ალბათ პირველად ცხოვრებაში აგრესიულად მიმართა დას:

“ჰო, ვიცი, რაც მაქვს გაკეთებული, ვიცი, ვიცი, ვიცი.” და ტელეფონი გათიშა.

29

გასვენებაში რომ დაბრუნდა, როსას კუბო უკვე გათხრილი სამარის გვერდზე იყო დასვენებული და პრისტი სულთათანას კითხულობდა.

სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოს გვერდზე დადგა. ლეომ პირველად ცხოვრებაში ხელი ხელზე დაადო და სენიორა ხუანამ იგრძნო, რომ რამდენიმე წუთის წინ სრულიად გაციებული სისხლი და სხეული უცებ გაუთბა. სახე ისევ შეუწითლდა და გაიფიქრა:

“კარგია, რომ სამგლოვიარო ვუალი მიფარავს სახეს, ვერ შემნიშნავენ, რომ გავწითლდი.”

სენიორა ხუანა გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა, რადგან აინტერესებდათ, ვინ იყო სენიორ ლეონსიოს რჩეული.

პრისტმა ლოცვა ჩაამთავრა და უკანასკნელი, გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმა სენიორ ლეონსიოს შესთავაზა.

სენიორმა ლეონსიომ შეთავაზება მიიღო და გვერდზე (განზე) გაწეული პრისტის ადგილი დაიკავა.

სენიორა ხუანამ ამ დროს მარტოდ იგრძნო თავი. მთელი გულისყური ლეოზე გადაიტანა და აქეთ-იქით არ იხედებოდა.

30

სენიორ ლეონსიომ სასახლეში დასვენებულ დეიდა როსას დახედა და თქვა:

“დღეს ჩვენ აქ, ჩემს გამზრდელ, უძვირფასეს დეიდას, დონა როსას ვემშვიდობებით. უამრავი რამ მახსენდება. მახსენდება მაგალითად ის დღე, როდესაც პირველად დავდგი ფეხი ამ მიწაზე. გამოუცდელი, პატარა ბიჭი ვიყავი და დეიდა როსას ერთსაძინებლიან, ციცქნა აპარტამენტში შევაფარე თავი. დედა ბავშვობაში გარდამეცვალა, დედობა დონა როსამ გამიწია…”

სენიორ ლეონსიომ ერთხანს კიდევ ილაპარაკა. შემდეგ საფლავში ჩასვენებულ საყვარელ დეიდის სასახლეს ერთი მუჭა მიწა მიაყარა და სენიორა ხუანას ანიშნა, რომ მისთვის მიებაძა და მასაც იგივე გაეკეთებინა.

სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოს გვერდზე დადგა. ამ დროს ყველა მათ უყურებდა ან სენიორა ხუანას მოეჩვენა ასე.

ღამით, სანამ სენიორ ლეონსიო და სენიორა ხუანა ერთმანეთს დაშორდებოდნენ და საკუთარ ოთახებში განმარტოვდებოდნენ, სენიორ ლეონსიომ სენიორა ხუანას უთხრა:

“ყველაფერი, რაც დღეს დასაფლავებაზე ვთქვი, სერიოზულად არ მიიღო. ნებისმიერ კულტურას საკუთარი თავისებურებები ახასიათებს, საკუთარი პომპეზურობა და მოჩვენებითი სევდა ან იქნებ მხოლოდ ჩემი კულტურაა ასეთი”. სენიორ ლეონსიომ სენიორა ხუანას შეხედა – “ხუანა, მე არაფერი ვიცი შენი კულტურის შესახებ, საიდან ხარ, ვინ ხარ. ხვალ მითხარი, ახლა კი დავიძინოთ.” თქვა სენიორ ლეონსიომ და ისინი საძინებლებში განცალკევდნენ.

31

სენიორა ხუანამ ის ღამეც თეთრად გაატარა, მაგრამ სხვა, უკვე გარდასული თეთრი ღამეებისაგან განსხვავებით, ამჯერად არა კუპიდონის ნასროლი და მიზანში მოხვედრილი ისარი, არამედ სირცხვილის მწველი ალები არ აძინებდნენ.

სენიორა ხუანამ ბევრი არაფერი იცოდა საკუთარ კულტურაზე. კუთხეში მომწყვდეული მოგონებებით სკოლაში დაბრუნდა. სკოლა უკანასკნელი ადგილი იყო, სადაც სენიორა ხუანას საკუთარ კულტურზე ინფორმაციის ან თუნდაც ცოდნის მიღება შეეძლო. რაც შეეხება ბიბლიოთეკებს, ის მათ იშვიათად სტუმრობდა. ყველაფერი რაც მშობლიურ კულტურაზე იცოდა, ამ წუთას სამარცხვინოდ მცირედ ეჩვენებოდა, რადგან მის წარმოდგენაში სენიორ ლეონსიო დიდად განათლებული ადამიანიც იყო.

სენიორა ხუანას საკუთარი წარმოდგენის ფაქტობრივი მტკიცებულებაც გააჩნდა, სენორ ლეონსიოს სასახლეში განთავსებული დიდი ბიბლიოთეკის სახით. ბიბლიოთეკაში უამრავი წიგნი განისვენებდა.

სენიორა ხუანა საწოლზე იჯდა და მწარედ სწუხდა, რატომ არასდროს წარსულში არ კითხულობდა წიგნებს, თუნდაც მცირე მოცულობისას, რადგან სქელტანიანი წიგნების უნებურად ეშინოდა…

გამთენიისას როდესაც ლეოსთან შეხვედრა სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა, სენიორა ხუანამ მერის დაურეკა და რამდენიმე წუთიანი მოკითხვა-მიმოხილვითი საუბრის შემდეგ ჰკითხა:

“ჩვენი კულტურა რაზეა?”

“რა?” – კითხვაზე კითხვით უპასუხა მერიმ.

“ჩვენი კულტურა, ჩვენი ქვეყანა რაზეა?”

“დედა, რა გჭირს?“ – შეშფოთდა მერი.

“არაფერი, უბრალოდ დამაინტერესა…”

ერთხანს კიდევ ისაუბრეს.

“დევნა და ტრაბახი, აი, ჩვენი კულტურა…” – ბოლოს თქვა მერიმ, მაგრამ რამდენად დაეჯერებოდა მერის?

ეს სენიორა ხუანამ არ იცოდა. მერი ხომ…

აღარ გააგრძელა ფიქრი.

32

სენიორ ლეონსიო და სენიორა ხუანა ტრადიციულად 7:30-ზე შეხვდნენ სამზარეულოში სასაუზმოდ. სენიორა ხუანას მომენტალურად ის დრო გაახსენდა, როდესაც მსახური თავად იყო.

გაახსენდა და იქვე დაავიწყდა ის.

ხოლო ის, რაც სენიორა ხუანას ვერ ავიწყდებოდა, საკუთარი კულტურის უცოდინარობა და ამ უცოდინარობის ლეოსთან გამომჟღავნების მომავალი უხერხულობა იყო.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ სენიორა ხუანა თურმე სულ ტყუილად ღელავდა და იწამებდა უამისოდაც ნაწამებ თავს. აღმოჩნდა, რომ სენიორ ლეონსიოს არათუ არ აღელვებდა სენიორა ხუანას გენეზისი და მისი თავისებურებები, არამედ აღარც კი ახსოვდა გუშინ, საუბარში მის მიერვე წამოჭრილი საკითხი, ყოველ შემთხვევაში მას იგი აღარ უხსენებია, ხოლო სენიორა ხუანა თავად რატომ გაყოფდა თავს ყულფში?!

“ხუანა, არის რაღაცები ცხოვრებაში, რასაც ვერანაირი სიმდიდრით ვერ იყიდი“ – თქვა სენიორ ლეონსიომ და სენიორა ხუანა მიხვდა, რომ ლეო დილიდანვე სიბრძნისმოყვარულის განწყობაზე იყო, ხოლო სენიორ ლეონსიო კი საკუთარ მოსაზრებას დინჯად, უკვე მტკიცებულებებით განავრცობდა – “მაგალითად, თუნდაც ჭამა ავიღოთ, მე, შესაძლებელი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით დავიქირავებდი ვინმეს, ვინც ჩემ მაგივრად შეჭამდა და ამ გზით მომიკლავდა შიმშილს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.” – სენიორ ლეონსიომ საშუალო ზომის კარაქიანი პურის ნაჭერი აიღო და პირისკენ წაიღო.

სენიორ ლეონსიო ჭამაში იყო დახვეწილი და სენიორა ხუანას ეს ძალიან მოსწონდა.

33

“ხუანა, როგორ არის შენი შვილი, როდის შევძლებ მის გაცნობას. შეგიძლია არდადეგებზე დაპატიჟო აქ.“

“აუცილებლად, მაგრამ არ ვიცი მოახერხებს თუ არა. ვერ დაგპირდები” – თქვა სენიორა ხუანამ. “მეც მაქვს ერთი საიდუმლო…” – სენიორა ხუანამ სენიორ ლეონსიოს შეხედა.

“ოჰ, საიდუმლო, მითხარი მაშინ, არა, ნუ მეტყვი. ჯერ მე უნდა გითხრა და თუ გადაწყვეტ ჩემთან დარჩენას, მაშინ შენ საიდუმლოსაც მოვისმენ”.

საუზმის შემდეგ თავთავიანთ ოთახებში განცალკევდნენ. უფრო სწორად, გეგმა იყო ასეთი, მაგრამ სენიორა ხუანა საკუთარი ოთახის ნაცვლად ბიბლიოთეკაში შევიდა, უზარმაზარი (მაღალი და განიერი) წიგნების თაროს წინ გაჩერდა. თაროს – სენიორა ხუანამ ათვალა – 12 განყოფილება ჰქონდა.

სენიორა ხუანა იდგა უზარმაზარი (მაღალი და განიერი) წიგნების თაროს წინ და ფიქრობდა: “ნეტავ რა წერია ამ წიგნებში? ნეტავ რატომ კითხულობს ხალხი წიგნებს?“ – წარმოდგენა არ ჰქონდა.

34

შუადღეზე სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოს თავლაში ცხენების მოსანახულებლად გაჰყვა. სენიორა ხუნა სენიორ ლეონსიოსაგან განსხვავებით, ცხენების დიდი მოყვარული არ იყო. ცოდვა გამხელილი ჯობს და – სენიორა ხუანა არც ბუნებისა და არც ზოგადად არაურბანული სივრცეებისა და არსებების დიდი მოყვარული არ იყო. ბავშვობაში უყვარდა სოფელში წასვლა, მაგრამ მერე შესძულდა სოფელი. ისევ ძველ ცოდვას მიადგა. სენიორა ხუანა მიხვდა, რომ არა ერთი, არამედ ორი საიდუმლო ჰქონდა გასამხელი ლეოსთვის. საშინელი ადამიანი გამოდის, რას იფიქრებს მასზე ლეო, მაგრამ იქნებ ლეოს საიდუმლო მის ყველა საიდუმლოზე დიდი საშინელებაა. იმედია. ის მას ყველაფერში გაუგებს და მიუტევებს. იმედია, ლეოც ასევე მოიქცევა.

სენიორა ხუანა წუხდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, შეწუხება სახეზე არ აღბეჭდვოდა და არ დაერღვია შუადღის იდილია ლეოსათვის.

სენიორ ლეონსიომ სენიორა ხუანას ცხენით გაჯირითება შესთავაზა. სენიორა ხუანამ აღნიშნა, რომ ის ჯირითში სრულიად გამოუცდელი იყო.

ლეომ დაამშვიდა:

“მე მომისკუპდები უკან.”

და მერე ცხენის შეკაზმვა ბრძანა.

35

სენიორა ხუანამ ლეოს წელზე მოხვია ხელები და ლეომ ცხენი გააჭენა, უფრო სწორად, ჯერ დაძრა და მერე გააჭენა. სენიორა ხუანა პირველად გრძნობდა ლეოს სხეულს. თვალები დახუჭული ჰქონდა და ვერ ხვდებოდა რა მიაქროლებდა, მკლავებში მოქცეული ლეოს სხეული, თუ ცხენი. ალბათ ორივე. ზუსტად არ იცოდა, ერთადერთი, რასაც ხვდებოდა, ის იყო, რომ ასეთი ბედნიერი მანამდე არასდროს ყოფილა.

სენიორ ლეონსიომ ცხენი შეაყენა. რასაც სენიორა ხუანასაგან ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა: მან თავლები გაახილა და დაინახა ცხენი ნაკადულიდან წყალს სვამდა.

“ხუანა, ხომ არ დაიღალე?“ – ჰკითხა ლეომ.

“არა, არა” – იუარა სენიორა ხუანამ.

36

კიდევ ათიოდ წუთი იჯირითეს და მერე თავლაში დაბრუნდნენ. უკანა გზაზე დაღლას გრძნობდნენ ცხენიცა და ადამიანებიც. ცხენის დაბინავების შემდეგ სენიორა ხუანა და სენიორ ლეონსიო მანქანაში ჩასხდნენ. იმ დღეს სენიორ ლეონსიო თავად მართავდა ავტომობილს, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე ასეული ცხენისძალის მქონე სპორტული მანქანით იყვნენ.

მანქანაში ჩუმად იყვნენ. რაღაც მომენტში, ერთმანეთზე გაიფიქრეს, რამე ხომ არ ვაწყენინეო. შემდეგ ეს ერთმანეთისთვის უნდოდათ ეკითხათ, მაგრამ არ იკითხა არცერთმა.

აივანზე ისადილეს, სადილამდე მოწესრიგდნენ, სანამ მოწესრიგდებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ აივანზე ისადილებდნენ, ხოლო მანამდე სახლში დაბრუნდნენ.

“მომავალ სერიაში მინდა კოჩაბამბაში წამომყვე, ჩემი საიდუმლო რომ გაგანდო.”

სენიორა ხუანამ არ იცოდა რამდენი დრო იყო დარჩენილი ზუსტად მომავალ სერიამდე.

37

სადილის შემდეგ ისევ განცალკევდნენ და თავთავიანთ საქმეებს მიხედეს, სენიორა ხუანამ ჭამის შემდეგ კბილები გაიხეხა.

შემდეგ ბიბლიოთეკაში შევიდა, იმავე ადგილას გაჩერდა, სადაც წინა ვიზიტისას და კვლავ წიგნებს შეხედა.

ნეტავ რა წერია ამ წიგნებში? ნეტავ რატომ კითხულობენ ადამიანები წიგნებს? ან, საერთოდ, რატომ წერენ?

სენიორა ხუანას პასუხები არ ჰქონდა საკუთარ შეკითხვებზე, მაგრამ ამის გამო არც დარდობდა და არც წუხდა დიდად.

ბიბლიოთეკაში კიდევ რამდენიმე წუთით გაჩერდა. გაშეშებული იდგა და ვერაფერზე ფიქრობდა. შემდეგ ბიბლიოთეკიდან საძინებელში გადაინაცვლა და მოულოდნელად გააკეთა ის, რასაც უკვე დიდი ხანია აღარ აკეთებდა: მუხლებზე დაეშვა და ღმერთს მიმართა.

38

სენიორა ხუანამ დაზუსტებით არ იცოდა, რა სურდა მას ღმერთისგან, უფრო სწორად: იცოდა, მაგრამ ცოდნას სიტყვებში ვერ ათავსებდა და სწორედ ამ დროს გაიფიქრა, რომ სიტყვები წიგნებში უნდა ეძებნა.

და ისევ ბიბლიოთეკაში გაბრუნდა. მისდა გასაკვირად ბიბლიოთეკაში სენიორ ლეონსიო დახვდა. სავარძელში იჯდა გაშლილი წიგნით ხელში. მისი სახე ნათურის მკრთალი შუქით იყო განათებული. სენიორა ხუანა ლეოს სახეს, როგორც სინათლეს გვირაბის ბოლოს, ისე აღიქვამდა.

სენიორ ლეონსიომ თავი ასწია. სენიორა ხუანა აათვალიერ-ჩაათვალიერა და სწორედ ჩათვალიერებისას გამოელაპარაკა:

“როგორ ხარ, ხუანა?!”

სენიორა ხუანამ მხრები აიჩეჩა და იკითხა:

“რას კითხულობ, ლეო?“

“ანონიმი ავტორის წიგნს.“

სენიორა ხუანას გაახსენდა ამ სიტყვის მნიშვნელობა, რადგან მის ბავშვობაში ანონიმური წერილების წერა იყო საკმაოდ გავრცელებული.

“და რას სწერს ანონიმი, ლეო? “

“წიგნის სათაურია „შავი ბუღალტერია, ტომი 550. ყველა ეს წიგნი ამ სერიიდანაა. ცალკეული ტომებია. ეს ჩემი მათემატიკური თავგადასავალია, ხუანა, და მტკიცედ უკავშირდება ჩემს საიდუმლოს, რომელიც მალე უნდა გაგანდო.”

სენიორმა ლეონსიომ წიგნი დახურა და სენიორა ხუანას შვილის ამბები მოიკითხა.

სენიორა ხუანას მოერიდა არ ვიცი-ს თქმა და უცებვე შეთხზა გამოსავალი:

“დღეს უნდა დამირეკოს.”

“ჩვენ შესახებ თუ იცის, ხუანა, შენმა შვილმა? – “სენიორ ლეონსიო წამოდგა და სენიორა ხუანას პირისპირ შეჩერდა – “მგონი, დროა რომ უთხრა.”

შემდეგ სენიორ ლეონსიომ პატიმარივით ზურგზე ხელები დაიწყო და ნელი სვლით დატოვა ბიბლიოთეკა.

39

სენიორა ხუანას აღარც ახსოვდა ბიბლიოთეკაში რა მიზეზით მოხვდა. საკუთარ ოთახში დაბრუნდა. მობილური ტელეფონი აიღო. შვილთან დარეკვა დააპირა, მაგრამ გაახსენდა, ხილ-ბოსტანში იყო წასასვლელი და გზიდან დარეკვა გადაწყვიტა.

ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.

რთული იყო ფაზენდის დატოვება და ხილ-ბოსტანში წასვლა. ღარიბი ადამიანებისა და შენობების პირისპირ აღმოჩენა. ფაზენდიდან გამოსული, საკუთარ თავსაც ღარიბად გრძნობდა. ეს ასეც იყო.

სენიორა ხუანამ შვილს დაურეკა. მერის ტელეფონი გათიშული ჰქონდა. სენიორა ხუანამ მერის მოკლე აუდიოშეტყობინება დაუტოვა და ხილ-ბოსტნისკენ განაგრძო გზა. ბევრი აღარც აკლდა. რამდენიმე ათეული მეტრი.

სენიორმა ხუანამ ხილ-ბოსტანში შეიძინა ხილიც და ბოსტნეულიც და ფაზენდაში დაბრუნდა. ფაზენდის კარს აღებდა, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. ტელეფონს დახედა. შვილი ურეკავდა.

“როგორ ხარ, დედა, მირეკავდი?!”

“ჰო, ისე, მოსაკითხად.”

“ვმუშაობ და ვარ. სახლზე რა ისმის?”

“იყვნენ, ნახეს ორჯერ. არ დაურეკავთ, ვნახოთ.”

“კაი, დედა. სამუშაო მაქვს. აბა, დროებით.”

“დროებით, მერი.”

სენიორა ხუანა საძინებელში შევიდა და რადგან მის საძინებელში და ზოგადად ფაზენდის ტერიტორიაზე, განსხვავებით ღარიბი ქუჩისგან, უკვე ღამე იყო, მალევე დაიძინა.

40

ერთფეროვნად გადიოდნენ დღეები. მერე მაკლერმა დარეკა და სენიორა ხუანას აცნობა, რომ პოტენციურ მყიდველებს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ  სურდათ სახლის ნახვა, ხოლო იმავე დღის საღამოს, ლეომ სენიორა ხუანას უთხრა, რომ მომზადებულიყო, რადგან დილით კოჩაბამბაში აპირებდნენ გამგზავრებას.

სენიორა ხუანამ ლეოს ერთადერთი შეკითხვა დაუსვა:

“რამდენი დღით მივდივართ, ლეო?”

“ოთხი.”

სენიორა ხუანამ შვებით ამოისუნთქა. მაკლერის მეშვეობით სახლის პოტენციურ მყიდველებთან შეხვედრა ექვსი დღის შემდეგ იყო ჩანიშნული და, რა თქმა უნდა, სენიორა ხუანა უშფოთველად მოახერხებდა: გამგზავრებას, დაბრუნებასა და მაკლერისთვის მიცემული პირობის შესრულებას.

41

კოჩაბამბაში ლეო და ხუანა სენიორ ლეონსიოს კერძო თვითმფრინავით გაფრინდნენ.

მათთან ერთად თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდა ლეოს ხალხი: პილოტი და თანაშემწე, ლეოს მცველები და მისი ფინანსური მრჩეველი.

მთელი ფრენის განმავლობაში სენიორა ხუანა განცალკევებით იჯდა და უნებურად, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, შორეული დღეები ახსენდებოდა.

ხოლო ლეო საკუთარ ფინანსურ მრჩევლებთან ერთად “შავი ბუღალტერიის” რომელიღაცა ტომის გარჩევით იყო დაკავებული.

სენიორა ხუანა ფიქრობდა, გაეზიარებინა საკუთარი ცხოვრების მთავარი სირცხვილი ლეოსთვის თუ არა. გაუგებდა თუ არა ლეო მას. მიიღებდა თუ არა ის მას.

პასუხი არ ჰქონდა. იქნებ ლეოს საიდუმლო უფრო საშინელი იყო?

სენიორ ლეონსიოს კერძო თვითმფრინავი კოჩაბამბის აეროპორტში დაეშვა.

აეროპორტის კერძო გასასვლელი გაიარეს და ლიმოში ჩასხდნენ.

42

სენიორა ხუანა პირველად იჯდა ლიმოში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ფუფუნებას უკვე შეჩვეული იყო, შთაბეჭდილების ქვეშ ნაკლებად იყო ან სულაც არ იყო. ლეოს საიდუმლოებაზე ფიქრობდა და ნატრობდა, ნეტავ მის საიდუმლოზე საშინელი ყოფილიყო ის. ეს მას გაათავისუფლებდა და გაათამამებდა.

“ასეთი რამ უკვე რომელიღაც სერიაში, მგონი, უკვე ვისურვე.”

გაიფიქრა სენიორა ხუანამ.

ლიმო კოჩაბამბას საუკეთესო სასტუმროსთან გაჩერდა.

“ხუანა, დღეს ვისვენებთ, ხვალ კოჩაბამბა მინდა დაგათვალიერებინო, ზეგ საიდუმლოს გაგიმხელ, მაზეგ კი უკან გავემგზავრებით ფაზენდაზე. რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვს ასეთი განრიგის?”

“არა, რა თქმა უნდა, არა, ლეო. მე აქ პირველად ვარ, უშენოდ, აბა, სად წავალ ან რა უნდა მინდოდეს უცნობ ქალაქში. ასე რომ, როგორც შენ იტყვი.” – თქვა სენიორა ხუანამ, თან სიამოვნებდა, რომ ლეოს მისი აზრი და დამოკიდებულებაც აინტერესებდა.

სასტუმროს ნომერში იყვნენ ამ დროს. სენიორა ხუანას ერთდროულად უკვირდა და აფრთხობდა ის გარემოება, რომ ლეომ მას ცალკე ნომერი არ შესთავაზა. ნუთუ, ერთად დარჩებიან, მაგრამ ლეომ ხომ აღუთქვა, რომ საიდუმლოს გამხელამდე მათ შორის არაფერი მოხდებოდა?!!

სენიორა ხუანა სენიორ ლეონსიოს კაბალიეროდ მიიჩნევდა.

43

დღე უქმად, არაფრის კეთებაში გადიოდა. სენიორა ხუანა სავარძელში იჯდა. საწოლზე გაწოლილი სენიორ ლეონსიო “შავი ბუღალტერიის” რომელიღაცა ტომს გულდასმით კითხულობდა და ამიტომ სენიორა ხუანას მცირე ყურადღებას უთმობდა.

დროგამოშვებით თუ ჰკითხავდა სენიორა ხუანას, მოწყენილი ხომ არ იყო, რაზეც სენიორა ხუანა მას პასუხობდა, რომ არა, არ იყო. სენიორა ხუანა არ ცრუობდა. მოწყენილი მართლაც არ იყო, მაგრამ მომავალი ღამე დიდად აფრთხობდა.

და მართლაც, სენიორ ლეონსიო ღამით რომ დარჩენილიყო ნომერში, მაშინ რა უნდა ექნა მას – არ იცოდა.

საღამოსკენ, როდესაც ლეომ რაღაც საქმე დაასახელა მიზეზად და წავიდა, სენიორა ხუანამ გაქცევა გადაწყვიტა. ამ დროისთვის მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ არ იყო ლეოსთან ღამის ერთად გასატარებლად მზად და უცებ, საშინელი რამ გაიფიქრა: ნეტავ ისეთი გაბედული ვიყო, როგორც მაშინ, სოფელში.

და საკუთარი საზარელი ფიქრით თავზარდაცემული სენიორა ხუანა აივანზე გავიდა და ერთ წამს აივნიდან გადახტომაც კი დააპირა.

44

მათი ნომერი ქალაქ კოჩაბამბას საუკეთესო სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარეობდა. სასტუმრო ესპანური კოლონიალიზმის სტილში აშენებულ    ისტორიულ შენობას წარმოადგენდა და სულ ხუთი მაღალი სართულისგან შედგებოდა.

სენიორა ხუანამ წამით ქვევით ჩაიხედა და მიხვდა, რომ წარმატებული თვითმკვლელობის ჩასადენად სრულიად შესაფერის სიმაღლეზე იდგა.

მაგრამ იყო მზად სიკვდილისთვის სენიორა ხუანა?! მან გაიფიქრა: რატომ უნდა დავაჩქარო ის, რაც ერთ დღეს, ისედაც, მოხდება და უცებ ეს დაუდგენელი, მაგრამ გარდაუვალი დღე წარმოიდგინა. არყოფნით შეშინებული სენიორა ხუანა სწრაფი ნაბიჯით შებრუნდა ნომერში. სავარძელში ჩაჯდა და თვალები დახუჭა.

ერთ ხანს ასე იყო. მერე ტელეფონმა დარეკა და თვალები უნებურად გაახილა. ტელეფონის ეკრანს დახედა. სენიორა ხუანას უმცროსი და რეკავდა და უცებ, სენიორა ხუანას გაახსენდა, რომ დღეს მისი დის დაბადების დღე იყო და ახლა ის მის სასაყვედუროდ რეკავდა.

მალევე გაირკვა, რომ – არა, მაგრამ მანამდე სენიორა ხუანამ პირველივე წინადადებაში იცრუა.

“ზუსტად ამ წამს ვაპირებდი დარეკვას, გილოცავ!”

დამ მადლობა გადაუხადა, შემდეგ მოიკითხა, მერე კი მთავარ საქმეზე გადავიდა.

45

“დაბრუნებაზე ვფიქრობ. ალბათ, არ დავბრუნდები, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ.“

“იქ რა უნდა აკეთო?! არაფერი იქ არ არის.”

“სად იქ? “

სენიორა ხუანა მიხვდა, რომ აქ უნდა ეთქვა, რადგან მისმა უმცროსმა დამ ხომ არ იცოდა, რომ ის ლეოსთან ერთად კოჩაბამბაში იმყოფებოდა და ახლა აქედან მისი და მისი უმცროსი დის სამშობლო მართლაც იქ იყო, მაგრამ სიმართლე ხშირად ძნელად დასაჯერებელია.

სენიორა ხუანას უმცროს დას სამშობლოს აქაიქობა ნაკლებად აღელვებდა.

სენიორა ხუანას უმცროსი და ცხოვრების აზრს ეძებდა.

სწორედ მაშინ, როდესაც სენიორა ხუანას უმცროსმა დამ საკუთარი მონოლოგი დაასრულა, სენიორა ხუანამ დუმილი მოკლე და მოულოდნელი აღსარებით დაარღვია:

“ჩემი ბრალია ყველაფერი, მაპატიე თუ შეძლებ..”

46

ქალაქის გაცნობა სენიორა ხუანამ დილით დაიწყო, მაგრამ მანამდე იყო, ეს, ბუნებრივია, ღამე. სწორედ მაშინ ნახა სენიორა ხუანამ პირველად ლეო მთვრალი. სასმელს სრულიად შეეცვალა იგი.

“ხუანა, შენ მე უნდა მიცნობდე მთვრალსაც. მე იშვიათად ვსვამ. მაგრამ როცა ვსვამ, გულჩვილი და სენტიმენტალური ვხდები საკუთარი თავისადმი და წუწუნს ვიწყებ. რა არის ჩემი ცხოვრება, ხუანა?!“ – სენიორმა ლეონსიომ ხელები გაშალა – “არ ვიცი, თითქოს სხვებზე უკეთესად ვცხოვრობ, მაგრამ ამით უკეთესად არ ვარ. ან რა, მარტივად მოვიდა ეს ყველაფერი ჩემთან?! სხვებივით ხომ არ მრგებია მემკვიდრეობა. ჩემით, სულ ჩემი შრომით, ხუანა, ჩემი წვალებით…”

“ვიცი, ლეო. მხოლოდ შენი შრომით.” – დაუდასტურა სენიორა ხუანამ და თან უხაროდა, რომ ლეო გარდაცვლილ ცოლს აღარ ახსენებდა.

“და ღმერთის წყალობით, ხუანა. ღმერთი არ დაივიწყო. არ დაივიწყო ღმერთი არასდროს, თორემ ის გაბრაზდება და ყველაფერს წაგვართმევს, რაც გვაქვს.”

“რატომ უნდა მეშინოდეს ღმერთის, ლეო?”

“რა გულუბრყვილო ხარ, ხუანა!” – თქვა სენიორ ლეონსიომ და გაჩუმდა, ხოლო ის, რაც შემდეგ მოხდა, რთული დასაჯერებელი ან სულაც დაუჯერებელი იქნებოდა სენიორა ხუანასათვის, სხვას რომ ეთქვა და მოეყოლა, მაგრამ საკუთარი თვალით ხედავდა ამას და უჯერებდა საკუთარ თვალებს.

47

დინჯად და უსიტყვოდ მიუყვებოდნენ ქუჩას. სენიორ ლეონსიო დარცხვენილი ჩანდა, ხოლო სენიორა ხუანა – დაბნეული. არა, გაბრაზებული არ იყო და არც ნაწყენი, თუმცა ლეოს გუშინდელი საქციელი ნამდვილად იყო საწყენი, მაგრამ მან ხომ გააფრთხილა, რომ სიმთვრალეში ის უცნაურდებოდა და სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა.

სენიორ ლეონსიო უცებ გაჩერდა და თქვა:

“სანამ პირველი კონკისტადორი დადგამდა ფეხს ამ მიწაზე…” – სენიორმა ლეონსიომ სენიორა ხუანას შეხედა. დარწმუნდა, რომ ის მას უსმენდა და განაგრძო – “სულ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ აქ. მათ საკუთარი ცხოვრების წესი ჰქონდათ, დიდად განსხვავებული კონკისტადორების ცხოვრების წესისგან, მაგრამ კონკისტადორები უკეთესად იყვნენ შეიარაღებულები…”

48

მიუხედავად იმისა, რომ სენიორ ლეონსიო სენიორა ხუანას გვერდზე იდგა, მას მისი სიტყვები მაინც შორიდან მოესმოდა. ამის მიზეზი კი ალბათ მისი შინაგანი მდგომარეობა იყო. სენიორა ხუანა ისევ გუშინდელ, მთვრალ ლეოზე ფიქრობდა. მაინც რა იყო ეს. თვალებს არ უჯერებდა – მთვრალმა ლეომ ტანსაცმელი გაიხადა, მერე საწოლზე ახტა და ხტუნაობა დაიწყო.

სენიორა ხუანას ეშინოდა მთვრალ, საწოლზე მოხტუნავე ლეოს მარცხი არ დამართოდა რამ და სთხოვდა მას ხტუნაობა შეეწყვიტა და საწოლიდან იატაკზე დაშვებულიყო, მაგრამ ლეო ჯიუტობდა.

“გაჩუმდი, ხუანა, დალახვროს ეშმაკმა, გაჩუმდი და მომისმინე, ღვთის გულისთვის.”

სენიორა ხუანა – უცნობია ეშმაკის ლახვრის შიშით თუ უბრალოდ ღვთის გულისათვის – გაჩუმდა.

“მე ბავშვი ვარ, ხუანა, ზრდასრული მამაკაცის სხეულში გამომწყვდეული ბავშვი. თამაში მინდა, გართობა, მინდა, რომ ყველაფერი მივატოვო და გავიქცე სადმე, სხვა პლანეტაზე. აქ ყველა მეზიზღება, შენც მეზიზღები, ხუანა…“

“მე რატომ, ლეო?“ – თქვა სენიორა ხუანამ გულნატკენი ხმით – “დაგიშავე რამე?”

“შენ მე რა უნდა დამიშავო, შე არარაობავ, უბრალოდ მეზიზღები, ყველა მეზიზღება.”

49

სენიორა ხუანას ოდნავადაც არ აღელვებდა სენიორ ლეონსიოს მიერ მოყოლილი ამბავი, რომელიც ამ ადგილმდებარეობის უძველეს ისტორიას ეხებოდა, მაგრამ ლეონსიოს ხმის ჯადოს ვერსად გაურბოდა და თითოეული სიტყვა შორიდან, მაგრამ მკაფიოდ ესმოდა.

თურმე, უძველეს დროში, სანამ ამ ადგილს თანამედროვე სახელი დაერქმეოდა, ამ მიწაზე სრულიად სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც დიდად განსხვავებული გონებისწყობა ჰქონდათ.

“ჩვენ და ჩვენი წინაპრები, ხუანა, ჩვეულებრივი მტაცებლები ვართ. ცხოველებისგან დიდად არც განვსხვავდებით…”

“ალკოჰოლს თუ დავლევთ, განსაკუთრებით…” – ვერ მოითმინა სენიორა ხუანამ და მაინც შეახსენა გუშინდელი უყოფაქცევობა, ირიბად და ღიმილით.

“ნუ მახსენებ, ხუანა, მრცხვენია.”

სენიორ ლეონსიომ ცას მიაპყრო მზერა.

50

სენიორა ხუანა იწვა და ცდილობდა დაძინებას.

უშედეგოდ.

ვერც იძინებდა და როგორც ასეთ დროს ხდება: ვერც მოწესრიგებულად და დალაგებულად ახერხებდა ფიქრს.

ხან საკუთარი ყველაზე დიდი შეცოდება ახსენდებოდა. რასაც ლეოს საიდუმლოების გაცნობის შიში ანაცვლებდა. მერე მაკლერი მოდიოდა კლიენტებთან ერთად. სენიორა ხუანას გასაკვირად, მაკლერი და კლიენტები იმის მაგივრად, რომ ბინაზე დალაპარაკებოდნენ, იმ დღეს ლეოს მიერ მოთხრობილ დაუჯერებელ ამბავს იმეორებდნენ სიტყვა-სიტყვით.

სენიორა ხუანა ცდილობდა წარმოედგინა უკვდავი და მუდამ ბედნიერი ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ და მერე უცებ უკვდავება და ბედნიერება დასრულდა და გაჩნდნენ პირველი მოკვდავები.

მაგრამ მათ ნაცვლად უკვე საკუთარ თავს ხედავდა სოფლის პატარა სახლის მომცრო საძინებელში.

ამ დროს სენიორ ლეონსიოს მშვიდი და უსიზმრო ძილით ეძინა სხვაგან.

51

დილით ნომერში შემოსულ სენიორ ლეონსიოს მარჯვენა ხელში შავი, ძვირფასი ქსოვილის ნაჭერი ეჭირა.

“ხუანა, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ თვალები უნდა აგიხვიო შენივე უსაფრთხოებისათვის.”

სენიორა ხუანამ გულუბრყვილოდ გაიფიქრა, რომ ლეო რომანტიკულ თამაშს ეთამაშებოდა და დიდ და ლამაზ სიურპრიზს უმზადებდა და ამას განზრახ ნიღბავდა ბუნდოვანი და დამაბნეველი სიტყვებით.

სენიორ ლეონსიომ სენიორა ხუანას თვალები შავი, ძვირფასი ქსოვილის ნაჭრით აუხვია და ხელკავი გამოსდო.

სენიორა ხუანა ვერაფერს ხედავდა. აი, თურმე რას ნიშნავს თვალდახუჭული მინდობა და თურმე როგორი სასიამოვნოა ის, როდესაც გიყვარს ადამიანი და გჯერა მისი. ეს მოსაზრება სულ სხვა, ამ მოთხრობისთვის ესთეტიკურად სრულიად გაუმართლებელი სიტყვებით გაიფიქრა სენიორა ხუანამ.

წუხანდელმა თეთრად გათენებულმა ღამემ თავისი ქნა და ლიმოში ჩაჯდომისთანავე (მისმა სხეულმა სავარძელი უმალვე იცნო) თვალებაკრულ სენიორა ხუანას ლეოს მხარზეთავმიდებულს ჩაეძინა.

და სახიფათო, ცალკე სერიად მოსაყოლი სიზმარი დაესიზმრა მას.

52

სენიორა ხუანა სიზმარში მეკობრეებს ჰყავდათ გატაცებული. მეკობრეების მეთაური, რომელიც საოცრად ჰგავდა მის უმცროს დას – თუმცა მამაკაცი იყო – დატყვევებულ სენიორა ხუანას შუაწყალში გადაგდებით ემუქრებოდა გემიდან.

“რატომ, რა დავაშავე?” – სასოწარკვეთილი ხმით ეკითხებოდა სენიორა ხუანა მეკობრეების მეთაურს და პასუხის მოლოდინში მზერას არიდებდა მას, თითქოს და,  წინასწარ იცოდა პასუხი.

არც ცდებოდა.

“იცი შენ, რაც გააკეთე და ისიც იცი, რომ იმსახურებ შუაწყალში გადაგდებას გემიდან.” – უთხრა მეკობრეების მეთაურმა სენიორა ხუანას და მიუახლოვდა. “ზვიგენები შეგჭამენ, შენი სისხლი წითლად შეღებავს წყალს, მაგრამ შენ ამას უკვე ვეღარ იგრძნობ, მკვდარი იქნები.”

“არ მინდა სიკვდილი, არ მინდა. დიდად არც სიცოცხლე მინდა, მაგრამ სიკვდილი უფრო არ მინდა.”

და სწორედ ამ დროს სენიორა ხუანას ლეოს ნაზი ხმით ნათქვამი მოწოდებით-მტკიცებულებითი წინადადება ჩაესმა:

“გაიღვიძე, ხუანა, მოვედით.”

53

ლიმოდან გადმოვიდნენ. რამდენიმე სართულიან შენობას მიუახლოვდნენ. შენობიდან გამომავალი ხალხი სენიორ ლეონსიოს შორით თავს უხრიდა და მოწიწებით ესალმებოდა, ხოლო შენობის შესასვლელთან მათ უკვე ერთი, კონკრეტული კაცი შეეგება:

“მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.” – მიმართა მან პირადად სენიორა ხუანას.

“დაგვტოვე…” – მშრალად და მოჭრილად უთხრა სენიორ ლეონსიომ მას.

სენიორა ხუანამ თვალი გააყოლა შენობაში შემავალ ერთ, კონკრეტულ კაცს და გაიფიქრა, რომ ლეოს საიდუმლო სწორედ ამ შენობას უკავშირდებოდა. მერე ისიც გაიფიქრა, რომ, აბა, ლეო მას აქ ტყუილად ხომ არ მოიყვანდა.

და არცერთ გაფიქრებაში არ ცდებოდა.

54

“იქნებ, საერთოდ ჯობდა კიდევაც, მხოლოდ მომეთხრო შენთვის ჩემი საიდუმლო და მისი მტკიცებულები არც მეჩვენებინა, მაგრამ ასე ვარჩიე. ხუანა მე კოკაინის მეფე ვარ, თეთრი ფხვნილით ვამარაგებ მსოფლიოს.

სენიორა ხუანას გაგონილი ჰქონდა ეს სიტყვა. ზუსტად ახსოვდა ვისგანაც. ერთხელ უმცროსმა დამ დაურეკა და უთხრა, რომ მერი ცხვირს არ იღებდა კოკაინიდან. სენიორა ხუანამ იკითხა, რა იყო კოკაინი, ხოლო უმცროსმა დამ უთხრა – რა და ნარკოტიკი. იმ დღესვე დაურეკა მერის. მერიმ უთხრა, რომ კოკაინი ძვირია და სურვილი რომც ჰქონდეს, მას მისი ფული არ აქვს”.

“მე ბევრი პირდაპირი მტერი მყავს, ხუანა, ბევრი ჩემი ვითომ მოკეთეც ჩემს მტრებს ჰყავთ მოსყიდული. მე შეიძლება მომკლან, მაგრამ არც მე ვარ უმოქმედობაში, გინდა ქარხნის დათვალიერება?“

“მოდი, ლეო, სახლში დავბრუნდეთ.”

55

სენიორ ლეონსიოს მოეწონა სენიორა ხუანას აზრი და მათ სახლში გადაწყვიტეს დაბრუნება.

სენიორ ლეონსიო ლიმოში აპირებდა ჩაჯდომას, მაგრამ უცებ ადგილზე მოიცელა. მას სენიორა ხუანა და მცველები მივარდნენ. სენიორა ხუანამ გაიფიქრა, რომ ლეოს გულის შეტევა დაემართა, მაგრამ საკუთარი ფიქრის სიმცდარეში რამდენიმე წამშივე დარწმუნდა.

ერთ-ერთმა მცველმა სენიორ ლეონსიო ფრთხილად გადმოატრიალა და სენიორა ხუანამ ლეოს მაღალ და ლამაზ ყელში გამჭოლი ჭრილობა შენიშნა.

სენიორა ხუანას ერთბაშად მძლავრად დაეხვა თავბრუ და გული წაუვიდა.

მცველებმა სენიორ ლეონსიოს უსულო სხეული ლიმოში დააბრძანეს და წავიდნენ.

გულწასულ სენიორა ხუანას მცველებმა ხელი არ ახლეს, ადგილზევე დატოვეს საკუთარ ცოდვასთან ერთად.

56

პირველი რაც სენიორა ხუანამ გონზე მოსვლის შემდეგ იგრძნო, პირში მტვრის გემო იყო. მერე უნებურად გაეფიქრა: აი, თურმე რატომ მოკლდებოდნენ თანდათან სერიები.

ფიქრს და მტკიცებულებების მოძიებას აღარ გაჰყოლია.

წამოდგა. მიიხედ-მოიხედა. საკუთარ საძინებელში იყო. ღრმად და სევდიანად ამოისუნთქა და კიდევ ერთხელ მიიხედ-მოიხედა. ამ დროს ტელეფონში ზარი შემოვიდა.

სენიორა ხუანამ ტელეფონის ეკრანს დახედა. მაკლერი რეკავდა:

“გისმენ…” – თქვა სენიორა ხუანამ.

“კარგი ამბავი მაქვს, ბინა გაყიდულია, უკვე საბოლოოდ გადაწყვიტეს. დათქმულ დროზე მოვალთ და შენგან პირდაპირ ნოტარიუსთან წავალთ.”

სენიორა ხუანა მაკლერს დაემშვიდობა. ტელეფონი გათიშა. ფანჯარასთან მივიდა, ფარდა ასწია და შორეული პალმებით გარშემორტყმული ფაზენდა დაინახა.

“მეჩვენება” – გაიფიქრა მან და ფარდა დაუშვა.

© არილი

Facebook Comments Box