ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

დავით ჩიხლაძე – შოთა იათაშვილი – დღის სინათლის ფრაგმენტები

სიმეტრიულობა და სქემატურობა შოთა იათაშვილის პოეტიკისთვის უცხო არ არის. ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც მან საკუთარ განვლილ გზას თვალი გადაავლო, რაზედაც დანამდვილებით მეტყველებს 2015 წელს გამოცემული მისი ლექსების კრებულის სათაურიც – „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“), გადაწყვიტა, რომ ცალკეულ ლექსებს აღარ დასჯერებოდა და უკვე მთელი წიგნი აეგო სქემატური მონახაზით. ცხადია, წიგნის დალაგებისას ნებისმიერი ავტორი თუ რედაქტორი მისთვის სასურველ ჩარჩოსა და წესრიგს მისდევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტ მოწესრიგებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეს მხოლოდღა წიგნის ერთიანი კომპოზიციის შექმნა იქნებოდა.

ამ საკითხში ბოლომდე გარკვევა არც მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ გავიხსენებდით, რომ შოთა იათაშვილი ფორმალური საუნივერსიტეტო განათლებით მათემატიკოსიც არის და კინორეჟისორიც და შეიძლებოდა მოენდომებინა, რომ წიგნი, მართლაც, კინოსურათივით აეგო, ცალკეულ რეტროსპექტიულ ნოველებად, შემდეგ კი ერთიან სიუჟეტად შეეკრა და მთლიანი სურათი დაეხატა.

თუმცა, კიდევ უფრო ყურადღებით დაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ ლექსების არანაირ ციკლზე არ შეიძლება აქ საუბარი იყოს. წიგნში მოცემული ცალკეული ნიმუშები არანაირ კავშირს არ ავლენენ ერთმანეთთან. არადა, აგრძელებ კითხვას და აშკარად გრძნობ, რომ რაღაცაშია საქმე, ამ ყველაფერს საერთო პლატფორმა ნამდვილად უნდა გააჩნდეს, ეს ლექსები რაღაც უხილავი ძაფებით მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან.

ასევე, იმის გახსენებაც შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომ ცოტა ხნით ადრე ავტორმა ერთი საყურადღებო წიგნიც გამოსცა, მართალია, ლექსების კი არა, არამედ წლების მანძილზე დაგროვილი საკუთარი კრიტიკული წერილებისა და მას „დალაგება“ დაარქვა სახელად. მეორე მხრივ, როგორც ლიტერატურულ ჟურნალ „ახალი საუნჯის“ (მანამდე, „ალტერნატივის“) დიდი ხნის გამოცდილების მქონე რედაქტორს, მას, ცხადია, ისედაც ყოველთვის უხდებოდა დალაგება, სისტემატიზაცია და გარკვეული საჭიროებებისას – სქემატიზების მეთოდის გამოყენებაც.

ასე, თანდათანობით, შეგვიძლია მივუახლოვდეთ სასურველ პასუხს, თუ წიგნის რომელ მოდელთან გვაქვს საქმე შოთა იათაშვილის პოეტური კრებულის შემთხვევაში, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი რეგულაციებით არის სქემატიზებული. ის იქნებ გზამკვლევია, ან საკუთარი თავის განმადიდებელი და მისი პოეტური გამოცდილების რაიმე უჩვეულო ცნობარი?! … ან, სულაც, სახელმძღვანელო?! და სქემატიზებაც ხომ ყველაზე მეტად სწორედ სახელმძღვანელოს მოუხდებოდა!

გამოდის, რომ არ შევმცდარვართ: წიგნი ხომ პოეტიკის მეთოდების ახსნით იწყება და ეს ლექსების ფორმითაა გადმოცემული. საგანთა ასეთ განლაგებაში, პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვივარაუდოთ, რომ პოეტს ცხოვრებისეული სათქმელი შემოლევია. თუმცა, ისიც ხომ დასაშვებია, რომ შეიძლება თვით პოეტიკასაც ახლდეს ისეთი სამხატვრო სათქმელი, რაც მაინცდამაინც ლექსთმცოდნეობის ენით არ უნდა გადმოიცეს?! ან მხატვრული მეთოდების პოეტური აღწერებისას რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს წინაშე არ გამოვლინდება კიდეც იმის მსგავსი სურათები, რასაც, ჩვენ, ჩვეულებრივ, ცხოვრებასთან ვაკავშირებთ და რის გადმოცემასაც პოეზიას ვავალებთ, ბოლოს კი, ლექსთმცოდნეობას სათავსოებში ვგზავნით, როგორც პოეტურ პრიზმაში გარდასახული დღის სინათლის ფრაგმენტების დაუნანებელ საჩუქარს? და თუ ცხოვრება პოეზიია, ხოლო პოეზია კი – ცხოვრება, როგორც ამ რელატივისტურ პოსტმოდერნისტულ მიდგომას შოთა იათაშვილი ერთ ლექსში ლაკონურად დეკლარირებს კიდეც, მაშინ, რატომ აღარ შეიძლება, რომ პოეზიის შემდგომი პროდუქტიც – პოეტიკა კვლავ შებრუნებული იქნას ცხოვრებაში, როგორც სახეობრიობის ახალი რეციკლირებული, მიმოქცეული წყარო?

   პოეზიას ჰგავდა ეს და არქმევდნენ ცხოვრებას.

   ხან კი ცხოვრებას ჰგავდა და პოეზიას არქმევდნენ.

   (მიმოქცევა)

მაგრამ, შეგვეპასუხება დაეჭვებული ოპონენტი, ლექსებზე ხომ არავინ წერს ლექსებს, ხელოვნებას ბუნებრივი მშვენიერი სჭირდება და ვის გაუგონია, რომ პოეტიკა პოეზიის წყაროდ ქცეულიყოს?! ამ გავრცელებულ შეხედულებას შოთა იათაშვილი ერთი უსათაურო ლექსის თვალსაჩინო მაგალითით უარყოფს, რომლის პირველი სტრიქონიცაა: „ლექსის წერის დღე გამითენდა“ და ბოლო სტრიქონია: „ლექსის წერის დღე გამითენდა“. ლექსის თავსა და ბოლოში დარაჯად დაყენებული ეს ორი ჩამკეტი სტრიქონი ლექსის სხეულის გარეთ არსებულ ნებისმიერ შესაძლებელ შინაარსს, რომელსაც უნდა აღწერდეს ეს ლექსი, რომლის დაწერის შესახებაც ავტორი გახარებული გვაუწყებს – შეუძლებელს ხდის, მოცემული ტექსტის შინაარსს თავის თავში ჩაჰკეტს, ისე რომ ის აღარაფერს მიემართებოდეს და იძულებულს ხდის, რომ თავადვე იქცეს ერთადერთ და საბოლოო ლექსად.

 

ამგვარად, თვით რეფლექსია ლექსის დაწერაზე ქცეულა ლექსად. თან ეს მთლად რეფლექსიაც ხომ აღარ არის, რადგან ის ლექსის დაწერამდე ცოტა ადრე გვამცნობს, რომ ლექსი უნდა დაიწეროს. და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი, ასეთი გართულებული სემანტიკური სქემა, ისე იოლად იკითხება და აღიქმება, თითქოსდა სოფლის პეიზაჟის უბრალო და გასაგებ აღწერასთან გვქონოდეს საქმე.

თუმცა, მოცემულ სქემას ჩვენ მაინც ვერ ჩავთვლით იმ საკითხის გადამჭრელ პასუხად, რის შესახებაც უნდა გავაგრძელოთ საუბარი და რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელმძღვანელოსთან გვაქვს საქმე, აჯობებს, რომ ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

მართალია, და თანდათანობით ამაში სულ უფრო და უფრო დავრწმუნდებით, რომ შოთა იათაშვილის კრებული „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ ეჭვგარეშედ რთული (მწარე) წიგნია, მაგრამ ის იმთავითვე გატკბილდება კიდეც; ე. ი. ერთდროულად არის რთულიც და ძალზე იოლი წიგნიც. შეიძლება აქვე იყოს კიდეც პარადოქსული სიმეტრიულობისაკენ სწრაფვის ყველაზე მთავარი მოტივაცია მოსაძებნი, – რომ შეძლოს და როგორმე მიაგნოს ისეთ ფორმას, რომელიც ერთდროულად რთულიც იქნება და ძალზე იოლიც. მოცემული წიგნის მაგალითზე, ჩვენი აზრით, ეს მიზანი, მნიშვნელოვანწილად, მიღწეულია.

ამიტომაც აღიქმება ეს კრებული პოეტის საეტაპო წიგნად. ის რაღაც ახალსაც უნდა უხსნიდეს მომავალში გზას, ან, შეიძლება, რიგით სახასიათო გამოვლინებადაც დარჩეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ახალი ფორმები ყოველთვის მოიზიდავს ახალ, სასიამოვნო თუ პრობლემატურ სათქმელს, თითქოს ახალი უცნობი სამყაროების კარს უხსნის ავტორს.

წიგნი სულ თავიდან აღმოსავლურ ყაიდაზე იწყება. პროლოგად მოცემულ ლექსს, რომელიც ტრადიციული მიძღვნის ადგილს იკავებს, „წიგნის გამოცემის მიზეზი“ ჰქვია, სადაც მკითხველისთვის დაწვრილებით არის განმარტებული, თუ ავტორისთვის რა აუცილებლობამ განაპირობა ამ წიგნის დაწერა და შემდეგ მისი გამოცემა. სწორედ აქ, შესავალში, ერთნიშნად იკითხება კიდეც, რომ შოთა იათაშვილისთვის პოეტიკური ძიებები უპირველეს ადგილს იკავებს ლექსების წერისას და, თავისთავად, იმის პირველ დადასტურებასაც წამოადგენს, რომ ჩვენს წინაშე მეთოდოლოგიის პოეტური სახელმძღვანელოა. ამიტომაც, არ უნდა გვეგონოს, რომ იათაშვილი ისე, უბრალოდ, წერს ლექსებს. ის ახერხებს, რომ ასე მოგვაჩვენოს თავი, სინამდვილეში კი სხვა რამეს აკეთებს, სხვა რამით დაკავებულა. როგორია მისი დანარჩენი ლექსები (ანუ მეთოდები)?

– მეთოდოლოგიის ჩამონათვალში პირველ ლექსს სათაურად აქვს „ლექსის წერის მეთოდი – 1“ და ეს პირველი მეთოდი – ყველაფრის ერთმანეთში შერევა და შემდეგ კი, მათი გამოცალკევება, უმაღლეს და ამომწურავ მეთოდად არის გამოცხადებული:

   აურიე ადამიანები ნივთებში,

   მერე გამოაცალკევე.

   სანამ გამოაცალკევებ,

   ერთმანეთის თვისებები გადაედებათ.

   ჰოდა, მერე წერე ადამიანებზე, როგორც ნივთებზე და

   რაც მთავარია – პირიქითაც…

 

   …აურიე. ერთი სიტყვით – აურიე.

   კარგად, ბოლომდე აურიე.

   და მერე შეეცადე გამოაცალკევო.

   ეგაა, მეტი არაფერი

   პოეზია.

– მომდევნო ლექსში „ლექსის წერის მეთოდი – 2“ პარადოქსულ ბინარულ სენტენციას შევხვდებით, საიდანაც შევიტყობთ, რომ ჩვენს პოსტმოდერნისტულ და არა-მეტაფიზიკურ ეპოქაში, რომლის კულტურულ პროდუქტსაც ეს წიგნი წარმოადგენს, თურმე პოეზიის მთავარი მოტივატორი კვლავ ონტოლოგიურ სფეროშია მოსაძებნი, რაც შეიძლება თავიდანვე გაცხადდეს ან ბოლოს გამოვლინდეს, ან სულაც უხილავად გამსჭვალოს ლექსი.

მაგრამ პირველ სტრიქონად ქცეული ეს ამოძახილი,

   რომელმაც დაძრა ტექსტი,

   ყოველთვის გადაიხაზება ხოლმე.

   და გამოდის ნაწერი,

   სადაც თითქოს ღმერთი გამქრალია,

   სადაც თითქოს სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი.

   …და იგი რჩება შენთან,

   როგორც ლექსის ექო,

   რადგან ტექსტი უკვე შეთხზულია და

   მის გადახაზვას არანაირი აზრი აღარა აქვს.

– შემდეგი ლექსი უფრო თხრობითი ხასიათისაა და აღსანიშნისა (სინამდვილის, გარშემომყოფი ადამიანების) და აღმნიშვნელის (ლექსის, პოეტის) ურთიერთობას აღგვიწერს.

 

მათ შეუძლიათ იცხოვრონ.

   მე შემიძლია ვწერდე.

   (პოეტური გამოცდილების სიმწარე)

და როგორც უკვე კარგად ჩანს, საინტერესო გალერეა იწყებს გამოვლინებას, სადაც ყველა სურათზე თვით ავტორია გამოსახული.

– მეხუთე ლექსი ეთიკის შესახებ გვესაუბრება: რომ აუცილებლად უნდა იყო წესიერი ლიტერატორი, არ უნდა ეხებოდე ტაბუებს, არ მიმართავდე ეპატაჟს. თუმცა, იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ ასეთი პოზიცია დღეს შეიძლება უკვე უცნაურიც კი იყოს სხვებისთვის, რადგან წესიერება მოდაში აღარაა. აი, სად ყოფილა ყოველგვარი ეპატაჟისა და გამომწვევი ქცევის უპირველესი მიზეზი – პოეტი ცდილობს აგვიხსნას, რომ ეს დაკვეთა თვითონ ხალხისგან მოდის, ჩვენს ეპოქაში მონაწილე ადამიანთა დიდი უმრავლესობისაგან. მათთვის რატომღაც დასაცინი გამხდარა წესიერება ცხოვრებაში და, უფრო კი, ალბათ, ლიტერატურაში. პოეტი ამას არ თანხმდება და ამიტომაც, მის პოეზიაში, ერთი მხრივ, სოციალური კრიტიკის ელემენტი, მეორე მხრივ კი, სინამდვილის გათვალისწინების და მასთან შესაბამისობის პრობლემატიკა იწყებს შემოსვლას.

   …ისინი გრძნობენ, რომ კითხულობენ

   რაღაც იშვიათს,

   თითქმის გამქრალს, გადაშენებულს

   ლიტერატურული სამყაროდან.

   …მე ვიცი, მე ვგრძნობ,

   ჩემს ზურგს უკან ნორმალური,

   ანუ უწესო ლიტერატორები და მკითხველები

   სინანულით როგორ აქნევენ თავებს,

   როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთს შორის ჩუმად:

   საწყალი…

   თავის თავის უბედური…

   ამას უკვე არაფერი ეშველება…

   ნეტა რას იტანჯავს თავს,

   ვითომ რა უნდა რომ ამით თქვას?..

   მე ვიცი, ზურგს უკან ბევრი დამცინის კიდეც:

   ჩემს წესიერ სტრიქონებს ციტირებენ და მწარედ

   ხითხითებენ…

   (წესიერი ლიტერატორი)

გადაწყვეტას კი მაინც ირონიაში პოულობს, მსგავს სიტუაციაში სწორედ ირონიაში თუ ჩანს გამოსავალი, და ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ კეთილგანწყობილი ირონიული თხრობა და ინტონაცია შოთა იათაშვილის პოეზიაში ერთ-ერთი მთავარ ესთეტიკურ იარაღს წარმოადგენს, რითაც ის ისეთ თანამედროვე პოეტურ ტენდენციებთან ამჟღავნებს სიახლოვეს,  მოსკოვისა და ნიუ-იორკის ლიტერატურულ-ინტელექტუალურ წრეებში რომ შეიძლება შეგხვდეთ:

მკითხველს რაღაც იზიდავს ჩემს ნაწერებში –

   ისინი ვერანაირად ვერ ხვდებიან, თუ რა –

   მაგრამ ფაქტია, რომ იზიდავთ –

   აღიზიანებთ, მაგრამ იზიდავთ.

 

   ამის საიდუმლო კი მხოლოდ მე ვიცი:

   მე ხომ უკანასკნელი წესიერი ლიტერატორი ვარ

                                   მსოფლიოში,

   უკანასკნელი კი მუდამ საინტერესოა.

– ამ ჩამონათვალთა რიგს, წესით, პუბლიკაციები და რედაქციებთან ურთიერთობები უნდა მოსდევდეს. მაგრამ, არა – ჩვენს წინ გადაიშლება პოეტური ფესტივალისა და საერთაშორისო ურთიერთობების პერიპეტიები მთელი სიგრძე-სიგანით, მაგრამ, არა – სიღრმე-სიმაღლით, რადგანაც ის ავტორს სრულიად არაფერს აძლევს, არაფერს უტოვებს, გარდა უმიზნო გამოფიტვისა და სიცარიელის მწვავე გრძნობისა. თანაც, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლექსი პარიზშია დაწერილი, სულ ცოტა ხნის წინ ხელოვნების მექად რომ იყო აღიარებული.

   ლექსის წერის ოსტატები შეყარეს ერთად.

   ერთად აჭმევენ პურს და ერთად ასმევენ ღვინოს.

   ერთად მიყავთ ნახირივით

   სამვარსკვლავიან ბოსელში და კეტავენ ერთად.

   ტაშსაც ერთად უკრავენ ხოლმე,

   ერთად ამწყვდევენ კრებულებში,

   ერთად აქებენ.

– შემდეგ ლექსს „ჟანგბადის ბალიშები“ ჰქვია და ამით ვხვდებით, რომ რაღაც არასასიამოვნო შემთხვევების შესახებ უნდა გვამცნონ. ასეც ხდება, და აქედანვე დღის წესრიგში დგება პრობლემატიკის, უფრო კი – პრობლემების თემა. ეს პუნქტი უშუალოდ გამომდინარეობს წინა პუნქტიდან, განავრცობს მას და უფრო მწვავე საკითხებსაც წამოჭრის, არა მხოლოდ პოეტის, არამედ, ზოგადად, მკითხველის წინაშეც. თუ მოკლედ ვიტყვით, საქმე ინტერნეტის ეპოქისათვის დამახასიათებელ ღირებულებათა ნიველირებას, ყველაფრის გათანაბრებას, საყოველთაოდ ხელმისაწვდომ საშუალოობას ეხება. მე ამას მილიონი და არცერთი მწერლის თემას ვეძახი და ამგვარადვე არქმევს ამ მოვლენას სახელს კრებულის ავტორიც. ხშირად მოჰკრავთ ქილიკს ყურს, რომ თურმე საბჭოთა კავშირის დროს ჩვენს მწერალთა კავშირს 300 თუ 400 წევრი ჰყოლია და დაუშვებლად მიაჩნიათ ეს, ვითომდა უკვირთ, განა ამდენი პოეტის არსებობა შესაძლებელიაო? ავიწყდებათ, რომ ამ რიცხვში არა მხოლოდ პოეტები იგულისხმებოდნენ, არამედ კრიტიკოსები, მთარგმნელები, ისტორიკოსები, დრამატურგები, პროზაიკოსები, და პოეტებიც, მათ შორის, და ისინი თვითნებურად ვერასოდეს შეძლებდნენ ამ სტატუსის მიღებას. ამისთვის საჭირო იყო, რომ უკვე გამოცემული ჰქონოდათ წიგნები, არა პირდაპირ სტამბაში ან ინტერნეტში, არამედ გამომცემლობების გზით, რასაც სჭირდებოდა ვიზირება რედაქტორებისგან, რომლებიც გამოჩენილი მწერლები იყვნენ, მანამდე კი – პუბლიკაციები პერიოდიკაში, ჯერ „ნობათში“ და „ცისკარში“, შემდეგ „მნათობში“ და „ლიტერატურულ საქართველოში“.

ჩემი ღრმა რწმენით, ის კი არ უნდა უკვირდეთ, რომ მაშინ 300-400 მწერალი იყო თავმოყრილი მწერალთა კავშირში, არამედ ის, თუ რატომ ჩანდა მხოლოდ ათი-თხუთმეტი პოეტი? აქედანაც 3-4 იყო სახალხო პოეტი, ერთი-ორს კი ბაზარში სცნობდა ხალხი და მათი ლექსებიც ზეპირად იცოდნენ. აი, ნამდვილად ეს უნდა უკვირდეთ, როგორ მოხდა, რომ ვიღაც ზემოთ მოექცა, ვიღაც გამორჩეული აღმოჩნდა?! დღეს ხომ ეს ლამის აკრძალულია, როგორც საყოველთაო თანასწორობის დარღვევის დანაშაული. პარადოქსია, რომ კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის – ესე იგი, უკიდურესი ინდივიდუალიზმის გარემოში მიუღებელი ხდება ინდივიდუალური გამორჩეულობის აღნიშვნა. 90-იან წლებში შოთა იათაშვილს ჟანგბადის ბალიშები კი არა, ბენზინის ყვავილები ახარებდა და აკმაყოფილებდა, ამჯერად კი, დაფიქრებული წერს:

   ის, რაც ადრე თავმოყრილი ოციოდე პოეტში იყო,

   ახლა ასეულათასობით ადამიანში გადანაწილდა.

   როგორ ვსდიო?

   სად ვაგროვო?

   ისევ როგორ გავამთლიანო?

   ქინქლებივით ირევიან მელოდიებიც ჰაერში და

   მათ რაღა შეკრავს?

   რამდენიმე მუსიკოსი – თვითკმარი მთელი ეპოქისათვის –

   აღარ არსებობს.

   მუსიკოსი მილიონია,

   და მხოლოდ ერთი ჯოულია ენერგია თითოეულში…

– და აი, როგორც იქნა გათენდა ლექსის წერის უბრალო და ჩვეულებრივი დღეც. ვიჩქარეთ და ეს ლექსი მკითხველს ზემოთ უკვე დავუხასიათეთ. მაგრამ, ჩვენი ასეთი სულსწრაფობა იმით იყო გამოწვეული, რომ სწორედ ამ ადგილიდან მოველოდით მეთოდოლოგიების ჩამონათვალისაგან გათავისუფლებას და მიგვაჩნდა, რომ ჩვეულებრივი ლექსების კითხვაც უნდა გვღირსებოდა. ეს ლექსი, რომელიც აღწერს იმას, რომ გათენდა ლექსის წერის დღე (რომელიღაც ლექსის, რომელიც თვითონ აქ არ ჩანს), ამას გვპირდებოდა კიდეც. იმაზეც უკვე შევთანხმდით, რომ არა უშავს, თუ ის მეორე და მთავარი ლექსი, რომელსაც ეს შესავალი ლექსი ეძღვნება, აქ არ ჩანს – სამაგიეროდ ეს ლექსი ხომ ჩანს?! და ის უკვე მეთოდი კი აღარ არის, არამედ ნამდვილი ლექსია. თუმცა…

…გამოდის, რომ ავტორმა მაინც მოახერხა, ისევ მორიგი მეთოდი შემოეჩეჩებინა ხელში – თვითრეფლექსიის პოსტმოდერნისტული მეთოდი მოქმედებაში – ნაწარმოები ნაწარმოებისთვის.

   ლექსის წერის დღე გამითენდა.

   ჟინჟღლავდა და მზე ანათებდა.

   დავდექი წვიმის წვეთების და მზის სხივების ქვეშ.

   ვიდექი და ვიცვლებოდი.

   …ფურცელი და კალმისტარი მოვითხოვე.

   მომიტანეს.

 

   …ლექსის წერის დღე გამითენდა.

და არც ბოლომდე მოვუტყუებივართ, რადგან კრებულის ჩვეულებრივი ლექსების ნაწილი აქედან ნელ-ნელა მართლაც იწყებს უკვე გახსნას.

– „დროის ფენომენოლოგიით“ ექსპოზიცია მთავრდება და გამოჩნდება თვით ავტორი, რომელიც ამ პოსტმოდერნისტულ ორომტრიალში არსადაც არ გამქრალა, პირიქით, ზომაში ცოტა მომატებულა კიდეც. ის დიდი ყურადღებით და ყველა შესაძლებელი კუთხიდან აკვირდება დროისა და სივრცის ფენომენს, თუმცა კი, განწყობა ლირიკული აქვს. ასე იმიტომ ხდება, რომ ამ დაკვირვებათა საბოლოო მიზანს საკუთარი თავის დანახვა წარმოადგენს დროსა და სივრცეში. დაუფარავად მიაგებს მას პატივს და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოც ჯერ კიდევ აგრძელებს ჩვენს დევნას. გარდა ამისა, ამ ლექსიდან იმასაც შევიტყობთ, რომ ავტორი არ მომკვდარა იმიტომ, რომ ის – არც დაბადებულა, მუდმივ ნეტარებაშია, რადგან ყველა ავტორს საკუთარი დრო და სივრცე (სტილი) გააჩნია.

– მიმოქცევის მეთოდი (ლექსი „მიმოქცევა“). აქედან უკვე პოეზია და ცხოვრება იწყებს ერთმანეთთან ადგილების ურთიერთგაცვლას და მიმოქცევას და პოსტმოდერნისტული რელატივისტური ონტოლოგიის კარიბჭე ბოლომდე იხსნება.

   ეს ზღვის მიმოქცევას ჰგავდა:

   ისინი იღლებოდნენ, რათა დაესვენათ

   და ისვენებდნენ, რათა დაღლილიყვნენ.

   …ეს კი ქარის ქროლვასავით იყო:

   ამოვარდებოდა, რათა ქარი ქრისდაწერილიყო.

   და ჩადგებოდა, რათა ქარი ქრისწაეკითხათ.

 

   პოეზიას ჰგავდა ეს და არქმევდნენ ცხოვრებას.

   ხან კი ცხოვრებას ჰგავდა და პოეზიას არქმევდნენ.

– ლექსი სათაურით „ომი“ ფრიად მოულოდნელი ლექსია. აქედან შოთა იათაშვილის ზემოთ ნახსენები ახალი პოეტური სტილიც იჩენს თავს – ზომიერი აბსტრაქცია, ნახევრად ირონია, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელიც მოჰყვება. სათაურიდან გამომდინარე, ალბათ, არ უნდა ვცდებოდეთ, თუ ვიტყვით, რომ საქმე თანაავტორობასთან ან ალტერ ეგოსთან და ფსევდონიმთან დაკავშირებული მახასიათებლების აღწერასთან გვაქვს. და რადგანაც შოთა იათაშვილის მიერ თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოებები არ გვახსენდება, ჩანს, ის აქ საკუთარ ფსევდონიმთან – დიანა ვაჩნაძესთან დამოკიდებულებას განიხილავს:

   შეუტიეს ორივემ ერთად.

   დაამარცხეს თეთრი ფურცელი.

– ლექსი სახელწოდებით „სტილი“ პირდაპირი გაგებით სტილზე და ენაზე გარემოს ზემოქმედებაზე გვესაუბრება, ბიოგრაფიული ნიუანსების ჩანართებით. პირდაპირ და ლაკონურად მარქსისტულ თეზისზე მიგვითითებს: რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას. ამ პუნქტთან შოთა იათაშვილმა მეთოდების აღწერა დაასრულა.

– შემდეგ ამას მოსდევს ოდები – თუმცა კი, ისინი თბილი ადამიანური მოგონებებია. სულ ოთხი ოდაა, პირველი ორი ოდა გარდაცვლილი ახლობელი პოეტებისთვისაა აღვლენილი. „მისვლა“ ზაზა თვარაძეს ეძღვნება, „პარკინსონით“ კი ნოდარ ადეიშვილის ხსოვნა აღნიშნა პოეტმა და ის ძალზე ლამაზი და ჰარმონიული რითმიანი ლექსია.

   …და ბეღურამ უჩივლა:

 

   თუ სათქმელი მართლა გაქვს

   ასე მიამიტური,

   თუ კანკალებ და მართლა

   შენ ხარ კაცი ჩიტური,

 

   გაბედე და გვითხარი,

   თუ რა გველის პატარებს,

   ფრენა იმქვეყნისაკენ

   რა გზებს გადაგვატარებს…

 

   მათი გზები იცოდა,

   მაგრამ ხმა არ გაიღო,

   ტაბლეტები აკენკა,

   ბეწვის ხიდი გაიდო

 

   ჩიტების შორ მხარეში,

   და წავიდა ცახცახით,

   უყურებდა ლექსებით

   მიწას, ხოლო ცას სახით…

   (პარკინსონი)

 

დარჩენილი ორი ოდიდან ერთი, „ოდა ზღვის კომბოსტოს კონსერვს“, ახალგაზრდობის პოეტურ წრეს და იმდროინდელ ინტერესებს და გატაცებებს აღწერს, ჩვენს მიერ ერთობლივად გამართულ გასტრონომიული პოეზიის ტურნესაც იხსენებს, როდესაც ცარიელ გასტრონომებში მარტო ზღვის კომბოსტოს კონსერვები ეწყო დახლებზე, ჩვენი გაცნობისა და დამეგობრების წლებს. „ოდა სანთებლებს“ კი აგრძელებს გარდასულ დღეების რეტროსპექტივას და იმდროინდელ ცხოვრებისეულ გარემოსა და პოეტის საცხოვრებელ სახლს შეეხება.

– ძალიან გავწვალდით. ლექსით „სლოკინი“, როგორც ჩანს, შოთა იათაშვილი კვლავ მეთოდოლოგიის აღწერას უბრუნდება. ის ლაპარაკობს სლოკინზე, როგორც ლექსის რიტმზე, რომელიც სამყაროს რიტმსაც კი განსაზღვრავს. ეს ლექსი, ეტყობა, რომელიღაც განვლილი ეტაპის დასასრულის დრამატული აღმნიშვნელია.

– და აი, მართლაც, გამოჩნდება კიდეც ახალი ეტაპის პირველი სხივები. ლექსი „ყაყაჩოს ლოცვა“ პოეზიის ზოგად რელიგიურ ბუნებას უსვამს ხაზს და ამით ცდილობს გადაჭრას პოეტურისა და რელიგიურის დაპირისპირების თითქოს არსებული დილემა. პოეტური ლოცვისა და მონანიების შემდეგ კი ბავშვობის (საბჭოთა) თემატიკა იჭრება და ავჭალის მინის ქარხანაში პიონერების სტუმრობას აღწერს („მინის ქარხანა“).

– სულ ბოლოს, როგორც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო კიდეც, შოთა იათაშვილი მეთოდოლოგიის საკითხთა წრეს ლიტერატურის ისტორიის პუნქტით ასრულებს, ცდილობს განსაზღვროს თაობის (არა მხოლოდ ლიტერატურული თაობის) მახასიათებლები და ლექსით „პირსახოცი”, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი ლექსების კრებული გადაიშლება ჩვენს წინ.

აქედან კი, განსახილველად ჩვენთვის საინტერესო იმდენად აღარაფერია დარჩენილი, პოეტმა უკვე მთლიანად გადაინაცვლა ისეთი მიუწვდომელი სიმაღლეებისკენ, რასაც ლექსი „ცხოვრების ჭერი“ შეიძლება უკვე თავისივე სათაურით აღნიშნავდეს  და მკითხველს იმასღა ვურჩევდით, რომ შოთა იათაშვილის კრებული „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ იქნებ სადმე მოიძიოს და იქ წარმოდგენილ დანარჩენ შესანიშნავ ლექსებს – რომელთა შორისაც აუცილებლად შეხვდება ასევე სიმაღლის აღმნიშვნელ „აივნის ლექსებსაც“ – პირადად გაეცნოს. აქვე, თავს უფლებას მივცემდი, კრებულში ჩემს ორ რჩეულ ლექსად „ციმციმი“ („აივნის ლექსების“ ციკლიდან) და ფინალური ლექსი „ჯოხი ცაში“ დავასახელო, რომელთაც, ადგილის შესძლებლობის შემთხვევაში, საილუსტრაციოდ სრულად მოვიყვანდი. ჩემი აზრით, მეთოდოლოგიის მთელი ეს ექსპოზიცია სწორედ ამ ორი ფინალური ლექსისათვის გაკეთდა, რომელთაგან ერთმა („ციმციმი“) მაქსიმალურ ვიბრაციაში აიყვანა შოთა იათაშვილისათვის დამახასიათებელი სტრუქტურული განმეორებადობა და, რაც არ უნდა დაუჯერებელი ჩანდეს, ეს თითქოსდა ჩაკეტილი ენობრივი სტრუქტურა მაქსიმალური ლირიკული ინტონაციითაც აღჭურვა, მეორე ლექსმა კი თვალნათლივ დაგვანახა ურღვევი კავშირი თხუთმეტი წლის წინანდელ და ასევე საეტაპო კრებულთან „ფანქარი ცაში“, რითაც ჩვენს მიერ განხილული თუ ყურადღების მიღმა დარჩენილი სხვადასხვა ვერსიფიკაციული ძიებები პოეტის ერთიანი სტილის ძირითადი მდინარების დამხმარე შენაკადებად წარმოგვიდგინა.

   ციმციმი

   ადამიანები არჩევდნენ საქმეს.

   პატრულის მანქანა ციმციმებდა.

 

   ადამიანები არჩევდნენ

   საქმეს.

   პატრულის მანქანა

   ციმციმებდა.

 

   ადამიანები

   არჩევდნენ

   საქმეს.

   პატრულის

   მანქანა

   ციმციმებდა.

 

   ადამიანები ციმციმებდნენ.

   პატრულის მანქანა კი არჩევდა საქმეს.

 

   ადამიანები

   ციმციმებდნენ.

   პატრულის მანქანა კი

   არჩევდა საქმეს.

 

   ადამიანები

   ციმციმებდნენ.

   პატრულის

   მანქანა კი

   არჩევდა საქმეს.

 

   ადამიანები

   ციმციმებდნენ.

   პატრულის

   მანქანა კი

   ციმციმებდა.

 

   ადამიანებები ციმციმებდნენ.

   პატრულის მანქანა კი

   ციმციმებდა

 

   და ციმციმებდა.

 

   ადამიანები

   ციმციმებდნენ.

   და მანქანაც

   ციმციმებდა.

 

   ადამიანები ციმციმებდნენ.

   და მანქანაც ციმციმებდა.

 

   მე კი ვიდექი აივანზე

   და ვციმციმებდი.

 

   მე ვიდექი

   აივანზე და

   ვციმციმებდი.

 

   მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი.

 

   მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი.

 

   ანუ:

 

   ადამიანები ციმციმებდნენ.

   მანქანა ციმციმებდა.

   მე ვციმციმებდი.

 

   ხოლო ზემოთ

   ვარსკვლავები წვალობდნენ

   რომ ეციმციმათ

 

   ისე

   როგორც

   ჩვენ.

 

   ჯოხი ცაში

 

   ვიჯექი და ვუყურებდი –

   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

   გაკვირვებული ვუყურებდი,

   მზერას ვძაბავდი.

   არაფერი იცვლებოდა –

   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

   დილა იყო.

   აივანზე ვიჯექი და,

   როგორც წესი, ვეწეოდი.

   ნაწვიმარზე, სიჩუმეში,

   ჟივჟივებდნენ ჩიტები და –

   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

   რა უნდოდა ჯოხს ზეცაში,

   ან ზემოდან რანაირად ჩამოდიოდა

   ვერ ვხვდებოდი –

   მზერას ვძაბავდი,

   და ვძაბავდი გონებას, მაგრამ

   არაფერი იცვლებოდა,

   არც პასუხი მოდიოდა,

   ჩიტები ფრენდნენ, ჭიკჭიკებდნენ,

   მეზობლები ფუთფუთს იწყებდნენ,

   ციდან კი ჯოხი კვლავ ჯიუტად ჩამოდიოდა.

 

   „ფანქარი ცაში“ რომ დავწერე,

   ალბათ ამიტომ მამასხარავებს

   ახლა ღმერთი (თუ ეშმაკი),

   უნდა რომ „ჯოხი ცაში“ დავწერო

   და საბოლოოდ გადავგვარდე, როგორც პოეტი –

   დავასკვენი.

   გავედი, ფურცელი და კალამი ვიპოვე და

   უკან დავბრუნდი.

   მოვემზადე, ხელი შევუწყვე

   საბოლოო გადაგვარებას.

 

   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა –

   დავწერე ერთხელ.

   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა –

   დავწერე კიდევ.

   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა… –

   აი, ფრაზა, რაც ადასტურებს

   ჩემს საბოლოო შემოქმედებით გადაგვარებას.

 

   ამასობაში ჯოხის სიგრძეც გაიზარდა.

   ჩამოეშვა.

   წამონაზარდიც გაუჩნდა: რგოლი.

   მერე ფეხებიც.

   ანუ ნისლი გაიფანტა.

 

   და ვიჯექი მოწყენილი,

   დათრგუნული,

   ანძას ვუმზერდი მთაწმინდაზე.

   ჩიტები ფრენდნენ,

   მეზობლები ყაყანებდნენ,

   პოეზიის ბოლო ნასახი –

   ჯოხი ცაში –

   უცებ მოკვდა.

 

   მე გადავგვარდი?

   თუ პოეზია გადაგვარდა?

   თუ ერთდროულად გადავგვარდით?

   თუ გადავრჩით?

   თუ უბრალოდ ნისლი ჰაერში გაიფანტა? –

   ვერაფერს მივხვდი.

 

   იმას კი მივხვდი,

   მაინც რა კარგი იყო, როცა

 

   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

© არილი

Facebook Comments Box