ესე

დავით ცარელაშვილი – ცხოვრება შერლოკ ჰოლმსისა  

 

(მოთხრობილი სერ უილიამ ჩარლზის მიერ)

 

შერლოკ ჰოლმსის ცხოვრება დიდწილად ბურუსითაა მოცული, რაც, ერთი მხრივ, მისტერ ჯონ უოტსონის, ხოლო, მეორეს მხრივ, თავად ჰოლმსის ბრალია: მისტერ უოტსონი უდავოდ კარგი მთხრობელი იყო, მაგრამ მისი მეგობრის ცხოვრების მრავალ საკვანძო ეპიზოდსა და თარიღს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და ცდილობდა, გენიალური გამომძიებლის შესახებ მხოლოდ ის დეტალები გამოეტანა სააშკარაოზე, რომლებიც, მისი აზრით, მკითხველს დააინტერესებდა; ჰოლმსის დანაშაული კი მხოლოდ იმაში ვლინდება, რომ ზედმეტად კარჩაკეტილ ცხოვრებას მისდევდა, თავის წარსულსა და ოჯახზე იშვიათად საუბრობდა და ბედის ირონიით, ერთადერთ მეგობრადაც ის ადამიანი აირჩია, რომელიც კარგი ექიმი და კარგი მოკალმე კი გახლდათ, მაგრამ არა ნიჭიერი ბიოგრაფოსი. ეჭვი გვაქვს, მისტერ უოტსონი ჯეროვნად ვერ აფასებდა, რა მასშტაბის პიროვნებასთან ჰქონდა საქმე და რაოდენ დიდ სახელს მოიხვეჭდა იგი მომავალში.

შერლოკ ჰოლმსი 1854 წელს დედოფალი ვიქტორიას ზეობის ხანაში დაიბადა, სწორედ იმ საუკუნეში, რომელსაც ტომას კარლაილმა მექანიკური უწოდა. მის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე ლონდონში, ჰაიდ პარკში, უზარმაზარი შუშის სასახლე ააგეს, სადაც სამყაროს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები განათავსეს. „დიდი გამოფენა“ მილიონამდე ადამიანმა მოინახულა და მთელს ბრიტანეთში გააღვივა სწრაფვა სიახლისა და განვითარებისკენ. და ალბათ, ეპოქის დამსახურებაც იყო, რომ შერლოკ ჰოლმსი სამყაროს უფრო მეცნიერის, მკვლევრის თვალით უყურებდა და იმ დროისათვის უკვე დრომოჭმული დარგები ნაკლებად იზიდავდა.

მშობლები სამხრეთელი სკვაირები უნდა ყოფილიყვნენ და ტრადიციულ ვიქტორიანულ წეს-ჩვეულებებს არად დაგიდევდნენ, რადგან ვაჟებს გავრცელებული ინგლისური სახელების ნაცვლად მაიკროფტი და შერლოკი დაარქვეს (თუმცა უმცროსი შვილისთვის ჯერ შერინფორდის დარქმევა სურდათ, შემდეგ შერინგტონისა). მისტერ უოტსონის ჩანაწერებში არაფერია ნათქვამი ჰოლმსის სამხრეთელობაზე, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ არნოლდ ბენეტისგან განსხვავებით თავის პროვინციალიზმით ხალხს ყურებს არ უჭედავდა, ლამის თვალდახუჭული ამჩნევდა მისი კლიენტების ფეხსაცმელზე შერჩენილ სასექსის თიხასა თუ ცარცს, და კარიერის დასრულების შემდეგაც მშვიდი ნავსაყუდელი სწორედ იქ, მის მშობლიურ მხარეში პოვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ სასექსში დაიბადა და გაიზარდა.

ძმები ჰოლმსები ტანმაღალი ყმაწვილები იყვნენ, რომლებიც ბავშვობიდან გამოირჩეოდნენ მახვილი თვალით, არაჩვეულებრივი მახსოვრობითა და დედუქციის განსაკუთრებული უნარით. თუმცა, იმავდროულად, ძალზე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. უფროსი ძმა, მაიკროფტი ცოტა უფრო სიმსუქნისკენ იყო მიდრეკილი და მეტისმეტად ზანტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა (არამარტო ტოვებდა, იყო კიდეც), რომელსაც თითქოს ყველაფერი ეზარებოდა, მაშინ როცა ტანთხელი შერლოკი ბავშვობიდან ცოცხალი, მოუსვენარი ბუნებისა იყო. მაიკროფტს რიცხვებთან და ციფრებთან ურთიერთობა უყვარდა და, როგორც წესი, გასართობად შინიდან გარეთ იშვიათად გადიოდა. შერლოკი კი პირიქით, ადრეული ასაკიდანვე დაეუფლა ვიოლინოს და გული გამუდმებით ოპერებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტებისკენ მიუწევდა. ამიტომ, როცა ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, მისტერ ჰოლმსი მექანიკურ, დედუქციურ მანქანად წარმოაჩინონ, რომელიც მხოლოდ კრიმინალური თავსატეხების ამოხსნაზე ფიქრობდა და ადამიანურ თვისებებს მნიშვნელოვნად მოისაკლისებდა (და ცოდვა გამხელილი სჯობს, თვითონაც არაერთხელ უთქვამს იგივე საკუთარ თავზე), სულ მცირე, არასწორია. როდის აქეთაა რაციონალური, ზედმეტად პრაგმატული და უგრძნობი ადამიანები მოცალეობის ჟამს თავს ვიოლინოს დაკვრით ირთობენ, დამღლელი დღის შემდეგ მეგობარს ვაგნერის ოპერის მოსასმენად მიარბენინებენ და პარტერში მსხდომნი იმდენად იძირებიან მუსიკაში, რომ მათდაუნებურად დირიჟორობასაც იწყებენ (რაც, უნდა აღინიშნოს, გვერდით მსხდომი მსმენელებისთვის არცთუ მოსახერხებელია). ან როდის აქეთაა, ცივსისხლიანი დეტექტივები შოპენის მუსიკით ტკბებიან, მატარებლით მგზავრობისას პეტრარკას სასიყვარულო პოეზიას კითხულობენ, შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებს ჩაჰკირკიტებენ და რასკინისა და პრე-რაფაელიტების ეპოქაში თავიანთი დროისთვის ახალ, ლამის აბსტრაქტულ სახვით ხელოვნებას ეთაყვანებიან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კლასიკური მუსიკისადმი სიყვარულს უკავშირდება ერთი იმ ორიოდ დასაძრახი საქციელთაგანი, რაც შერლოკ ჰოლმსს თავის სიცოცხლეში ჩაუდენია – ჰოლმსმა საკუთარი ავტორიტეტით ბოროტად ისარგებლა და მსგავს საქმეებში ჩაუხედავ ებრაელ ვაჭარს  სულ რაღაც 55 შილინგად დასცინცლა სტრადივარიუსის ვიოლინო. ერთი სიტყვით, შერლოკ ჰოლმსიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვენი მოდგმისთვის დამახასიათებელი უამრავი ღირსებითა და მცირეოდენი ნაკლით, რომელზეც, მოგვიანებით, კიდევ გვექნება საუბარი.

შერლოკმა და მაიკროფტმა, სავარაუდოდ, კარგი განათლება მიიღეს, მაგრამ უმცროსი ჰოლმსი გეოგრაფიასთან და ასტრონომიასთან ცოტა მწყრალად იყო. გამუდმებით ერეოდა გეოგრაფიული ადგილები (რასაც, ზოგჯერ გვგონია, რომ მიზანმიმართულად აკეთებდა, მეგობარს ამასხრებდა) და ამაყად აღნიშნავდა, თითქოს არ იცოდა, რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებდა (არადა, ლონდონის ყველა კუთხე-კუნჭულს თვალდახუჭული სცნობდა). ცხადია, გარკვეულ ასაკს რომ მიაღწია, უნივერსიტეტშიც ჩააბარა, მაგრამ მისი ბიოგრაფიის მკვლევრებისთვის დღემდე გამოცანად რჩება ეს უნივერსიტეტი ოქსფორდი იყო, თუ კემბრიჯი. რაღაც მანქანებით ისე მოხდა, რომ ჰოლმსის სტუდენტობის წლებზე ბევრი ჩანაწერი არ მოიძევება და მხოლოდ იმით ვიგებთ, რომ სწავლა ამ ორიდან ერთ-ერთ სასწავლებელში განაგრძო, რომ ლათინურს კარგად ფლობდა და უოტსონთან საუბარში რამდენჯერმე ახსენებს სტუდენტობისდროინდელ ნაცნობებს. საბოლოოდ, ბევრი ცნობისა თუ საუნივერსიტეტო ტერმინის შეჯერების შედეგად, მაინც ვასკვნით, რომ ჰოლმსი ოქსფორდში სწავლობდა. ოქსფორდი კი, მოგეხსენებათ, ტრადიციებს ერთგულად (ზოგჯერ ბრმადაც) მისდევდა და კვლავ კლასიკური დისციპლინების სწავლებას განაგრძობდა, რაც ჰოლმსის მისწრაფებებსა და ინტერესებს ვერ ერგებოდა. მას არაორგანული ქიმია აინტერესებდა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში ყველა სტუდენტზე ორი თავით მაღლა იდგა და უკვე მეორე კურსზევე გამოავლინა თავისი განსაკუთრებული დედუქციური უნარები – რამაც მთელს ოქსფორდში გაუთქვა სახელი – ბევრი აღარ უფიქრია და თეორიული (და პრაქტიკული) ცოდნის გასაღრმავებლად ლონდონს მიაშურა. ერთი ხანობა წმინდა ბართლომეს საავადმყოფოს ქიმიის ლაბორატორიაში ათენ-აღამებდა, იკვლევდა სისხლთან დაკავშირებულ საკითხებს, ექსპერიმენტებს ატარებდა კურდღლებზე (ვიმედოვნოთ, რომ ჰუმანურ მეთოდებს მიმართავდა) და იყო შემთხვევები, როცა პროზექტურაში დასვენებულ მიცვალებულებს ჯოხით სცემდა, რათა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა სიკვდილის შემდეგ ადამიანს ჩალურჯებები გაუჩნდეს. გარდა ამისა, ხარბად ეუფლებოდა ანატომიას და ცდილობდა რაც შეიძლება საფუძვლიანად შეესწავლა საწამლავების ბუნება. ჰოლმსს სწავლა არ დაუსრულებია და მისი მეგობრისგან განსხვავებით არც დიპლომირებული ექიმი ყოფილა – არასდროს ჰქონია ექიმად მუშაობის სურვილი – მას სხვა მიზანი ამოძრავებდა და ზემოხსენებული მეცნიერებებიც მხოლოდ ამ ერთი მიზნისთვის შეისწავლა.

ჰოლმსისთანა ცოდნის, უნარებისა და სანაცნობო წრის მქონე ადამიანისთვის, წესით, ნებისმიერი თანამდებობის კარი ღია უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ეს სახელოვნებო სფერო, პოლიტიკური ასპარეზი, სამეცნიერო წრეები, თუ ძვირადღირებული იურიდიული კარიერა, მაგრამ ჰოლმსმა მაინც კერძო დეტექტივობა არჩია. მკვლევრები დღემდე მსჯელობენ, მაინც რამ უბიძგა ამისთანა გაქანების კაცს თავი ასეთი სახიფათო და, უმეტესად, დაუფასებელი პროფესიისთვის დაეკავშირებინა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ყველაფრის საფუძველი მის ბავშვობაში იმალება, სადაც, დიდი ალბათობით, რაღაც ძალიან დიდი უსამართლობის მოწმე გახდა და იმ დღიდან გადაწყვიტა მომავალი ცხოვრება კრიმინალთან ბრძოლისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის მიეძღვნა. ამასთან, როცა ჰოლმსზე და სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მას კანონისა და სამართლის თავისებური, ძალზე ინდივიდუალური გაგება ჰქონდა. როგორც მისტერ უოტსონის ჩანაწერებიდან ირკვევა, ხშირად ყოფილა, რომ ჰოლმსს ინგლისის კანონების მიხედვით დამნაშავე მართლმსაჯულებისთვის აურიდებია, რადგან მიიჩნევდა, რომ ბუნებითი (ან უფრო სწორი იქნება, ჰოლმსიანური) სამართლის მიხედვით უდანაშაულო იყო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად თავადვე დაურღვევია დაწერილი სამართლის ნორმები, რათა უფრო დიდ სიმართლესა და სიკეთეს გამოქომაგებოდა.

თავდაპირველად მონტეგი სტრიტზე ცხოვრობდა, ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ხშირად დადიოდა და კრიმინალურ ისტორიებს ეცნობოდა. კარიერის დასაწყისშივე გამოაქვეყნა კვლევა თამბაქოს ფერფლის შესახებ და რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმეც გახსნა: მათ შორის იყო ჩარლზ პირველის დაკარგული გვირგვინის პოვნა, რამაც მალევე მოუხვეჭა სახელი, გაუჩნდა შემოსავალი, მოემატა კლიენტები და შედეგად ნათელი გახდა, რომ საქმიანობისთვის და სტუმრების მისაღებად უფრო მოსახერხებელი ბინა უნდა მოეძებნა. მაშინ სულ რაღაც ოცდარვა წლისა იყო, მაგრამ თუკი ჩანაწერებს ჩავხედავთ და მის ილუსტრაციებსაც დავაკვირდებით, იფიქრებთ, თითქოს ორმოც წელზე მეტისა უნდა იყოს, რაც არასწორია და უმეტესად ჰოლმსზე შეთხზული ტექსტების პირველი ილუსტრატორის ბრალია, რომელმაც ისე შექმნა ჰოლმსის პორტრეტი, პირადად ერთხელაც არ უნახავს და კერძო დეტექტივი თავის არსაით ძმას უფრო მიამგვანა, ვიდრე ვიქტორიანული ინგლისის უპირველეს გმირს.

ახალი საცხოვრებელი ბეიკერ სტრიტზე მდებარეობდა, მაგრამ მონტეგი სტრიტის სახლზე ბევრად დიდი და, შესაბამისად, ძვირი იყო, ამიტომ ჰოლმსმა ისეთი კაცის ძებნა დაიწყო, ვინც მასთან ერთად იქირავებდა ბინას და თანხის გადახდაში შეეშველებოდა. ასეთი კაცი აღმოჩნდა ექიმი უოტსონი, ოღონდ ამ ამბავში ერთი რამაა უცნაური. ჰოლმსი არასდროს ყოფილა გახსნილი პიროვნება, კარჩაკეტილი კაცი იყო და, როგორც ზემოთ ვთქვით, მეგობრების სიმრავლითაც არ გამოირჩეოდა. ამიტომ, გასაკვირია, რატომ მოისურვა ვიღაც უცნობი ადამიანის გვერდით ერთ ჭერქვეშ ეცხოვრა. ის, რომ თითქოს ბეიკერ სტრიტის სახლის ქირაობა არ შეეძლო, სისულელეა, ჰოლმსს კლიენტები ბუზებივით ეხვია (მათ შორის მდიდრებიც და ღარიბებიც) და არც ფინანსური პრობლემები უნდა ჰქონოდა, რადგან ხშირად კლიენტისთვის საქმის გახსნის სანაცვლოდ პენსიც არ გამოურთმევია. შესაძლოა, მოსწყინდა ოცდარვაწლიანი მარტოობა და მეგობრის გაჩენა მოისურვა ან, რამდენადაც ამბიციური ადამიანი გახლდათ, ხოლო მის მიერ გახსნილი საქმეებისთვის მთელ პატივს სკოტლენდ იარდის გამომძიებლები გრეგსონი და ლექსტრეიდი მიიწერდნენ ხოლმე, გადაწყვიტა ვიღაც გარეშე პირიც ჩაერთო გამოძიების პროცესში და ამ უკანასკნელს მისი სახელი უფრო ხმამაღლა გაეჟღერებინა. არის კიდევ ერთი ვერსია – ჰოლმსი პრაგმატული კაცი იყო და არ სურდა, ტყუილუბრალოდ ეხადა უზარმაზარი ქირა იმ სახლისთვის, რომლის ორი-სამი ოთახი სრულიად საკმარისი იქნებოდა მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ერთი სიტყვით, ცოტა ბუნდოვანი ისტორიაა, მაგრამ როცა საქმე ჰოლმსს ეხება, მსგავსი ბუნდოვანებები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამრიგად, უოტსონი და ჰოლმსი შეამხანაგდნენ და ბინა ბეიკერ სტრიტის 221B ნომერ სახლში დაიდეს, ოღონდ ეგაა, ლონდონის იმ ქუჩაზე მსგავსი ნუმერაციის სახლი არ არსებობს. კი ბატონო, 1880 წლისთვის ბეიკერ სტრიტი სიგრძეში ორჯერ გაიზარდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ორასზე მეტი ნაგებობა მდგარიყო. აქ, დიდი ალბათობით, მისტერ უოტსონის კეთილშობილურ და მახვილგონივრულ ოინთან გვაქვს საქმე. რამდენადაც მისმა ნაწერებმა ჰოლმსი უზომოდ პოპულარული გახადა, ბინის ნამდვილ ნომერს მალავს და ამ გზით მრავალრიცხოვან კორესპონდენტებსა და დეტექტივის აბეზარი გულშემატკივრების უზარმაზარ ამალას მასთან მისასვლელ გზებს უხლართავს. ვერაფერს იტყვი, ძალზე ჭკვიანური ჩანაფიქრია უოტსონის მსგავსი საშუალო ინტელექტის ადამიანის კვალობაზე. მასზე ბევრს არ ვისაუბრებთ; რატომ უნდა შეალიო ენერგია მიწაში ვერცხლის ძებნას, როცა შორიახლოს ოქროსა და ალმასის საბადოები გეგულება? უოტსონი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი სწორხაზოვანი, სტანდარტული ინგლისელის ბუნება კიდევ უფრო თვალნათელსა და ხილულს ხდის ჰოლმსის გამორჩეულ პიროვნულ თუ პროფესიულ თვისებებს. ზოგჯერ იმასაც კი იფიქრებ, თითქოს განზრახ შეარჩია ჰოლმსმა თავის მეგობრად, რომ მასთან შედარებით ნამდვილი გენიოსი გამოჩენილიყო. არა, უოტსონი წესიერი და პატიოსანი კაცი გახლდათ, გოლიათური აღნაგობის სპორტსმენი, ზუსტად ისეთივე სიმაღლისა, როგორიც მისი მეგობარი (დიდ შეცდომას უშვებენ ილუსტრატორები და ახლა უკვე კინემატოგრაფისტები, როცა მას უფრო ტანდაბალს წარმოაჩენენ), მაგრამ ოპტიკური ილუზიის წყალობით ტანთხელი ჰოლმსი უფრო მაღალი მოჩანდა ხოლმე, როცა კი ამ ორს ქუჩაში თვალს მოჰკრავდი.

ჰოლმსმა და უოტსონმა რვა წლის მანძილზე ერთ ჭერქვეშ იცხოვრეს და მრავალი საიდუმლო და დანაშაული გამოააშკარავეს. ერთმანეთს კარგად უგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლმსი საშინლად მოუწესრიგებელი ადამიანი იყო (განსხვავებით მისი გონებისგან, მის ირგვლივ ყოველთვის ქაოსი სუფევდა), ხოლო უოტსონი პირიქით, ყოველმხრივ მოწესრიგებული და, როგორც ჰოლმსი იტყოდა, კატასავით სუფთა ჯენტლმენი ბრძანდებოდა. მაგრამ ყველაფერ კარგს აქვს დასასრული და 1889 წლისთვის მათი ჰარმონიული, უცოლო მამაკაცებისთვის დამახასიათებელი დარდიმანდული ცხოვრება შეიცვალა, უოტსონმა ცოლი ითხოვა (არაჩვეულებრივი ქალბატონი, გამორჩეული გონებით, სიმამაცითა და თანაგრძნობით ქმრის მეგობრის მიმართ),  მასთან ერთად გადავიდა სხვა სახლში და ხელი საექიმო პრაქტიკას მიჰყო. ჰოლმსმა, როგორც ჩანს, ძალიან განიცადა მეგობართან განშორება, ისედაც მანიაკალური დეპრესია სტანჯავდა და უოტსონის წასვლის შემდეგ უარესი დაემართა. რაც მთავარია, კიდევ უფრო მიეძალა მორფსა და ოპიუმს, რასაც ყოველთვის გმობდა და შიშის თვალით უყურებდა უოტსონი. შესაძლოა თანამედროვე მკითხველს გაუკვირდეს, მაგრამ ოპიუმი მე-19 საუკუნის მიწურულს ბრიტანეთში (ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში) აკრძალული არ იყო – ოპიუმი, კოკაინი, აბსენტი და სხვა მსგავსი თრობის საშუალებები Fin de siecle პერიოდის ბოჰემური ცხოვრებისა და გართობის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენდა – მაგრამ წესიერსა და პატიოსან საზოგადოებაში მაინც ცუდ ტონად მიიჩნეოდა. და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ზოგიერთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში უოტსონის ნაწერები კი თარგმნეს, მაგრამ გამოტოვეს ეპიზოდები, სადაც ჰოლმსის ნარკოტიკზე დამოკიდებულებაა აღწერილი – მსგავსი მახინჯი იმპერიული წარმონაქმნები, როგორც წესი, ვითომდა ჯანსაღი საზოგადოების აღზრდის მოტივით ხშირად ამახინჯებენ ხოლმე უცხოენოვან ლიტერატურულ ნაწარმოებებს. რაც შეეხება ჰოლმსს, ნარკოტიკებს უმეტესად მაშინ იღებდა, როცა ემოციურად უჭირდა ან „ხეირიანი“ დანაშაული არ ხდებოდა. გრეგსონისა და ლესტრეიდისგან განსხვავებით, ყველაფერში ესთეტი ჰოლმსი გამოძიებებსაც კი მხოლოდ მაშინ ჰკიდებდა ხელს, თუკი დანაშაული საინტერესო და ორიგინალური ხერხით იყო ჩადენილი. ჯეკი მფატრავის გამოსააშკარავებლად თითიც არ გაუნძრევია, სამაგიეროდ, ჩრდილოეთ დენოვნში გაემგზავრა ფარულად და ბასკერვილ ჰოლთან დაკავშირებული ვეება ძაღლის საიდუმლო გამოააშკარავა. რიგითი მკვლელობები, ქურდობები და თავსატეხები არ აინტერესებდა.

იმავე რთულ პერიოდში ჩნდება მის ცხოვრებაში „ერთადერთი ქალი“, როგორც თავად უწოდებდა ხოლმე. თუ უოტსონი არაფერს გვიმალავს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰოლმსი რომანტიკული გმირი არასდროს ყოფილა და ქალბატონებთან მისი ურთიერთობის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით; მაგრამ აირენ ადლერი გახლდათ ის, ვინც ჰოლმსი იმდენად მოხიბლა, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ მდედრობით სქესზე გული საბოლოოდ აიცრუა. რაც არ უნდა გონისმიერ (და არა გრძნობისმიერ) არსებად მივიჩნიოთ ჰოლმსი, იგი მაინც მამაკაცი იყო და ადლერის ქალურმა მომხიბვლელობამ აშკარად განაიარაღა, მაგრამ მთავარი რასაც ამ ქალბატონში აფასებდა, მაინც გონება გახლდათ და არა გარეგნობა. თუმცა, საკითხს თუ უფრო კარგად შევხედავთ და ადლერის თვისებებს დავაკვირდებით – წარმოსახვის განსაკუთრებული უნარი, ლოგიკური აზროვნება, გარდასახვის ხელოვნების უზადო ცოდნა, მაღალი ინტელექტი და დრამატიზმი – შეუძლებელია მათში თავად შერლოკ ჰოლმსი არ დავინახოთ. არახალია, ადამიანები ხშირად იმიტომ გვხიბლავენ, რომ მათში იმ თვისებებს ვხედავთ, რაც თავად არ გაგვაჩნია, ჰოლმსს კი პირიქით, საკუთარი ანარეკლი მოეწონა, რომელიც აირენ ადლერში დაინახა. დიახ, ეგოიზმისა და ნარცისიზმის იშვიათი ნაზავია, მაგრამ რას ვიზამთ, დიდ ადამიანებს დიდი ვნებებიც ახასიათებთ და, როგორც წესი, სწორედ მათი ნაკლოვანი ბუნება უფრო გვხიბლავს – სრულყოფილი გმირები, მადლობა ღმერთს, ანგლო-საქსების ეპოქასთან ერთად მივაბარეთ წარსულს.

და აი, ახლა მივადექით ჰოლმსის ცხოვრებისა და კარიერის ყველაზე რთულ მონაკვეთს. უოტსონი ორი წლის დაოჯახებული იყო, როცა ასპარეზზე კრიმინალური სამყაროს მბრძანებელი გამოვიდა. დოქტორი მორიარტი უამრავი დანაშაულის მიღმა იდგა, მაგრამ 1891 წლისთვის ჰოლმსმა საბოლოოდ გამოააშკარავა და მათი გადამწყვეტი დაპირისპირება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ერთ სამყაროში ჰოლმსი და მორიარტი ვერ მოთავსდებოდნენ. ჰოლმსს ერთდროულად აძრწუნებდა მორიარტის ფიგურა, მისი სისასტიკე, მაგრამ იმავდროულად ხიბლავდა კიდეც „კრიმინალური სამყაროს ნაპოლეონის“ მახვილგონიერება, რადგან, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველად გადაეყარა ანტაგონისტს, რომელიც ინტელექტით ტოლს არ უდებდა. ჰოლმსის მსგავსად, მორიარტისაც შეეძლო ოქსფორდის დასრულების შემდეგ ნებისმიერი კანონიერი კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, განგებას სურდა ეს ორი თანაბარი შესაძლებლობების გენიოსი სიკეთისა და ბოროტების მბრძანებლებად ექცია და მოგვიანებით ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ჰოლმსი და მორიარტი არამხოლოდ ინტელექტით, გარეგნულადაც ჰგავდნენ ერთმანეთს და ისევე როგორც ადლერის შემთხვევაში, ჰოლმსი მასშიც საკუთარი თავის გამრუდებულ ანარეკლს ხედავდა.

ეპიკური ფინალური დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის რაიხენბახის ჩანჩქერთან გაიმართა. ამ დაპირისპირების დასასრული ყველამ კარგად ვიცით, ჰოლმსი გადარჩა, რადგან გვიანი ვიქტორიანული პერიოდის პოპულარულ აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას, ბარიტსუს ფლობდა (კრივიც არანაკლებ ეხერხებოდა), თუმცა, იცოდა რა, მორიარტის კაცი, პოლკოვნიკი მორანი პნევმატური იარაღით აღჭურვილი ჩასაფრებოდა და მზად იყო გამარჯვებულისთვის ტყვია შუბლში დაეჭედებინა, ჰოლმსმა სიკვდილი გაითამაშა და რამდენიმე წლით გაუჩინარდა. მთელს ინგლისში ძალიან განიცადეს სათაყვანებელი გმირის სიკვდილი. ვაჭრებმა, ბანკის მოხელეებმა და კლერკებმა შავი სამკლაურები გაიკეთეს და ასეთი ფორმით იგლოვეს დეტექტივი. ჰოლმსმა კი მომდევნო წლებში სინგერსონის სახელი მოირგო და ლამის ნახევარი მსოფლიო მოიარა. იმოგზაურა ტიბეტში, იქიდან გადავიდა შუამდინარეთში, ფარულად მოინახულა მექა და რამდენიმე აღმოსავლური ქვეყნისა თუ ქალაქის მოვლის შემდეგ ევროპას დაუბრუნდა. ერთ ხანს მონპელიეში დარჩა, სადაც კარიერის ადრეული წლები გაიხსენა და ქიმიურ ცდებს ატარებდა. აქვე უნდა ითქვას, არსებობს ეჭვი, რომ აღმოსავლეთში მოგზაურობასთან ერთად ჰოლმსი გარკვეულ ინფორმაციასაც აგროვებდა და მაიკროფტის შუამავლობით ბრიტანეთის მთავრობას უგზავნიდა – მაიკროფტი მთავრობის საიდუმლო სამსახურში იდგა და ერთადერთი მხოლოდ მან იცოდა თავისი ძმის გადარჩენის შესახებ. მონპელიეში ყოფნისასვე შეიტყო ჰოლმსმა, რომ პოლკოვნიკი მორანი ჯერაც ცოცხლებში ეწერა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა. ამ ისტორიის დასასრულიც ცნობილია, ჰოლმსმა მორიარტის უკანასკნელი საცეციც მოსპო.

ლონდონში დაბრუნებულ ჰოლმსს ტრაგიკული, მაგრამ მისთვის აშკარად სასიამოვნო ამბავი დახვდა. უოტსონს მეუღლე გარდაეცვალა და აღარაფერი აბრკოლებდა ჰოლსმთან ერთად დაბრუნებოდა ბეიკერ სტრიტის სახლს, რომელიც მისის ჰადსონისა და მაიკროფტის წყალობით დეტექტივის დაბრუნების მოლოდინში ვიღაც უცხო ადამიანებზე გაქირავებას გადარჩენილიყო. გარდა ამისა, ჰოლმსმა იმდენი მოახერხა, რომ მის შორეულ ნათესავს უოტსონის საექიმო პრაქტიკის გადაბარებაში დაეხმარა და ამ გზით ერთგული მეგობარი სამუდამოდ დაიბევა 221B ნომერში.

1894 წლიდან ბეიკერ სტრიტზე კვლავ სრულმა ჰარმონიამ დაისადგურა. ჰოლმსი იძიებდა, უოტსონი კი აღწერდა, აქვეყნებდა და ახალ-ახალ აგურს მატებდა მისი მეგობრის დიდების ისედაც მონოლითურ ნაგებობას. ბრიუს პარტინგტონის წყალქვეშა გემის მოპარული ნახაზების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდეგ ჰოლმსს წილად ხვდა პატივი დედოფალ ვიქტორიას პირადად შეხვედროდა (თუმცა უფრო საინტერესო ისაა, რომ მაიკროფტი, კაცი რომელიც კაბინეტიდან ფეხს არ დგამდა, თავისი ფეხით მიეახლა უმცროს ძმას, რათა ეს ამბავი ეცნობებინა) და მისგან მცირე, მაგრამ სამახსოვრო საჩუქარიც მიეღო – ზურმუხტით შემკული ჰალსტუხის ქინძისთავი. მეცხრამეტე საკუნის ბოლოს ჰოლმსი უმეტესად მსგავს სახელმწიფო საქმეების აგვარებდა და ალბათ ამიტომაც იყო, რომ 1902 წელს რაინდის წოდება შესთავაზეს, რაზეც, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სურდა ძველებურად ჩრდილში დარჩენილიყო, უარი განაცხადა.

რამდენიმე წლის შემდეგ ჰოლმსმა საბოლოოდ დაანება თავი კერძო და სახელმწიფო თავსატეხების ამოხსნას, დაბრუნდა მშობლიურ სასექსში და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. რატომ გაერიდა აქტიურ ცხოვრებას, არ ვიცით, მაგრამ თუ უოტსონის ბუნდოვანი მინაწერის მიხედვით ვიმსჯელებთ, სავარაუდო მიზეზი ავადმყოფობა უნდა ყოფილიყო ან უბრალოდ ისევ ნარკოტიკებს მიეძალა. 1912 წლამდე მშვიდად და უდრტვინველად ცხოვრობდა, უვლიდა ფუტკრებს და მონოგრაფიის დაწერაც მოასწრო მეფუტკრეობის თემაზე. სიმშვიდე ისევ სახემწიფოს, იმპერიისა და ევროპის კეთილდღეობის მიზეზით დაურღვიეს. პრემიერ მინისტრისა და საიდუმლო სამსახურის მდივნის გადაწყვეტილებით აუცილებელი გახდა გერმანელი ჯაშუშების გამოაშკარავება და სამოც წელს მიღწეული ჰოლმსიც დათანხმდა ამ უკანასკნელ გამოწვევას. რასაც ჰოლმსი ხელს ჰკიდებდა, როგორც წესი, ყველაფერი მის სასარგებლოდ სრულდებოდა და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. იგი ჩიკაგოში გაემგზავრა და დიდი ომის დაწყებამდე ყველა გერმანელი ჯაშუში გამოააშკარავა. მოგვიანებით კვლავ საკუთარ ფერმაში დაბრუნდა და იმ დღის შემდეგ ჰოლმსის შესახებ ერთი სიტყვაც აღარ გვსმენია.

არ ვიცით, სად და როდის გარდაიცვალა, სადაა მისი საფლავი, რა წერია ქვაზე, რას აკეთებდა სიცოცხლის ბოლო წლებში. მხოლოდ ის ვუწყით, რომ ისიც ადამიანი გახლდათ და ცას ვერ გამოეკერებოდა. ამ წერილის წერისას, ყველა გამოთვლით, გარდაცვლილი უნდა იყოს. მისი სახელი ახლა ისე ქუხს, როგორც არასდროს. ისიც შეუერთდა ბრიტანელი გმირების პანთეონს და როგორც ყველა ბრიტანელს გვჯერა, რომ გაჭირვების ჟამს მეფე არტური გაგვიძღვება დიდებული გამარჯვებებისკენ, ასევე უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიღაც მიყრუებულ კუნჭულებში ჯერაც ბინადრობენ ჰოლმსისთანა რაინდული სულის ინტელექტუალები, რომლებიც ყოველთვის მზად იქნებიან, დანაშაულისა და უსამართლობის წინააღმდეგ ხმალი იშიშვლონ.

© არილი

Facebook Comments Box