ესე (თარგმანი),  თარგმანი

პატრიკ ფრენჩი – ღია წერილი დეტექტივებსა და ფსიქოანალიტიკოსებს

თარგმნა თამარ ლომიძემ

 

ფსიქოანალიტიკოსებისა და მაძებრების საქმიანობას შორის შეიძლება ერთგვარი სტრუქტურული პარალელი გავავლოთ. ფარული ჭეშმარიტების გამოსავლენად ისინი აანალიზებენ აშკარად გამოხატულ სიმპტომებს (პირველ შემთხვევაში) ან ეჭვმიუტანელ სამხილებს (მეორე შემთხვევაში). ამასთან, ეს სტრუქტურული ანალოგიაც და ფარული ჭეშმარიტების „ამოცნობის “ მოდელიც საეჭვო გახდება, თუკი ღრმად გავიაზრებთ ფროიდისა და ლაკანის ტექსტებს. მართლაც, ფროიდმა შემოგვთავაზა ამოცნობის თეორია, მაგრამ ეს თეორია, ფაქტობრივად, ძირს უთხრის იდეას სიზმრების შინაარსში ნაგულისხმევი ფარული ჭეშმარიტების გაცხადების ან მალული დანაშაულის გამოაშკარავების შესახებ, რადგან სიზმრების ფროიდისეული ახსნიდან ან ინტერპრეტაციიდან გამომდინარეობს სიზმრების სინტაქსის უპირატესი ღირებულება ამავე სიზმრების შინაარსთან შედარებით. დეკონსტრუქტივისტი კრიტიკოსები, მაგალითად, ჟაკ დერიდა ან ჯეფრი მელმანი ამტკიცებდნენ, რომ ფროიდის მიერ სინტაქსის უპირატესობის აღიარებას ეწინააღმდეგება შინაარსში ნაგულისხმევი ჭეშმარიტების, მყოფობის, სემანტიკური პრინციპის პოსტულირება ან სწრაფვა ერთმნიშვნელოვანი საზრისის მიგნებისკენ. ასე ხდება, როდესაც დეტექტიურ ნაწარმოებში სიუჟეტისგან მიღებულ სიამოვნებას, საბოლოო ანგარიშში, აქარწყლებს ბოროტმოქმედების ან ბოროტმოქმედის მიკვლევა. ჭეშმარიტების დადგენა იმედგაცრუებას იწვევს. უფრო მეტიც: დეკონსტრუქტივიზმის თვალსაზრისით, ამოცნობა არ წარმოადგენს საზრისის პასიურ აღქმას ან მოხმარებას, არამედ – საზრისის გენერირებას ტექსტთან ან სხვა ტექსტებთან ტრანსფერული „თამაშის “ მეშვეობით. ამოცნობისას უნდა მოხდეს ტრანსფერის გაცნობიერებაც და ესეც ეწინააღმდეგება ზემოთ შემოთავაზებულ პარალელს, რომელიც ემყარება ამოცნობის, როგორც აღმოჩენის მარტივ, სწორხაზოვან მოდელს. ფსიქოანალიზიც, დეტექტიური ლიტერატურაც და დეკონსტრუქციაც გვთავაზობენ ტკბობას (jouissance) სინტაქსით, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, გარდუვალად ქმნიან თავიანთი დისკურსების სემანტიკურ ბირთვს, ჭეშმარიტებას, საზრისს.

თუკი შევეცდებით ფსიქოანალიზის კონცეფციის გამოყენებას დეტექტიური ლიტერატურის პირველი ნიმუშების მიმართ, მივხვდებით, რომ ამ უკანასკნელში იმთავითვე გვხვდება ინტუიციური განჭვრეტის მოტივი, რომელიც ეწინააღმდეგება წარმოდგენას ამოცნობის, როგორც ერთმნიშვნელოვანი ჭეშმარიტების აღმოჩენის შესახებ. აქ შემოგთავაზებთ ზემოთ მითითებული „აშკარა “ პარალელისგან განსხვავებულ პარალელს, რომელიც ემყარება ამოცნობის თეორიას. ვიკითხოთ: რას გვთავაზობს ფროიდი – ამოცნობის მოდელს თუ თეორიას? ეს თითქოსდა თეორიული საკითხი, ასევე, მიემართება თანამედროვე კულტურას. რადგან თუკი თანამედროვე საზოგადოება შეპყრობილია დეტექტივის მითითა და იდეოლოგიით (კარგი იქნებოდა, ვინმეს გამოეკვლია – ისე, როგორც იკვლევდა ხოლმე ამა თუ იმ საკითხს ფუკო – თუ ზუსტად როდის გაჩნდა თანამედროვე ისტორიაში დეტექტივი, როგორც იდეა), გამოდის, რომ ჩვენ შეპყრობილნი ვართ ტექსტებისა და ფილმების ამოცნობის პროცესით. როდესაც თავს ვაიგივებთ რომანის პერსონაჟ მამაკაცთან ან ქალთან, განა რომანი არ გვიბიძგებს, მაძებრის როლი შევასრულოთ და განა ფილმი არ რთავს მაყურებელს ფილმის სიუჟეტში, ისე, თითქოს ვიზუალური ან სმენითი სამხილების, ან კიდევ – უკვე განცდილი ან სამომავლოდ მოსალოდნელი სიმპტომების ინტერპრეტატორები ვიყოთ? იმის გასარკვევად, თუ როგორ უწყობს ხელს ფსიქოანალიზი დეტექტიური ლიტერატურის „ამოცნობას “, თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, გვთავაზობს თუ არა ფსიქოანალიზი ამოცნობის თეორიას.

ზემოთ შემოთავაზებული პარალელის დამაჯერებლობა თვალის დახამხამებაში გაბათილდებოდა, ვისმე რომ ევარაუდა, თითქოს ფსიქოანალიზი შეიმუშავა ან აღმოაჩინა მწერალმა – დეტექტივების ავტორმა. იმ ეფექტის წყალობით, რომელსაც ფროიდმა Nachtriiglichkeit, ანუ გადავადებული მოქმედება უწოდა, ფსიქოანალიზს (ამ თეორიის შემუშავებამდე 60 წლით ადრე, 1841 წელს) წინ უძღოდა მისი ლიტერატურული ხორცშესხმა:

„აზროვნების ეგრეთ წოდებული ანალიტიკური უნარი, თავისთავად, ნაკლებად ექვემდებარება ანალიზს. ჩვენ მას მხოლოდ შედეგების მიხედვით აღვიქვამთ. მის შესახებ ვიცით, სხვათა შორის, ისიც, რომ ვინც დაჯილდოებულია ანალიზის განსაკუთრებული უნარით, ეს უნარი ყოველთვის უდიდეს სიამეს ანიჭებს პატრონს. როგორც მძლავრი ვაჟკაცი ხარობს თავისი ფიზიკური ღონით და სიამოვნებით ეტანება ისეთ ვარჯიშს, რომელიც მის კუნთებს ამოქმედებს, ასევე ანალიტიკოსიც თავმომწონეობს და ამაყობს ახსნა-განმარტების გონებრივი უნარით. მას სულ უბრალო, მცირე საქმეც კი სიამოვნებას ანიჭებს, თუ იგი მისი ნიჭის გამოყენებას მოითხოვს. უყვარს გამოცანები, თავსატეხები, რებუსები, რომელთა ამოხსნაში ისეთ გონებამახვილობას იჩენს, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს ზებუნებრივად მოეჩვენება. მის დასკვნებს, რომელნიც სინამდვილეში მიღებულია მხოლოდ ჭეშმარიტი, მეთოდური კვლევის შედეგად, მთლიანად ინტუიციის იერი     ადევს. ახსნა-განმარტების ნიჭი, შესაძლოა, ფრიად გაძლიერდეს მათემატიკის შესწავლით; განსაკუთრებით მისი იმ მაღალი საფეხურის შესწავლით, რომელსაც უმართებულოდ და მხოლოდ მისი უკუქცევით, უკუსვლით მოქმედებათა წყალობით, უმეტესად ანალიზურს უწოდებენ. მაგრამ გაანგარიშება, თავისთავად, ანალიზი არ გახლავთ “.

ეს ციტატა ამოღებულია ედგარ ალან პოს ნოველიდან „მკვლელობა მორგის ქუჩაზე “, რომელიც დეტექტივის, როგორც ჟანრის, პირველ ნიმუშად მიიჩნევა. „მკვლელობა მორგის ქუჩაზე “ პირველი ნოველაა ტრილოგიიდან მაძებარ ოგიუტ დიუპენის შესახებ. მათგან მესამე ნოველა – „ნაპარავი წერილი “ – საფრანგეთში გააანალიზა ფსიქოანალიტიკოსმა მარი ბონაპარტმა, ასევე – ჟაკ ლაკანმა თავის Ecrits-ში, შემდეგ კი – ჟაკ დერიდამ, რომელმაც ამით საფუძველი ჩაუყარა „ნაპარავი წერილის “ თეორეტიზაციების მთელ ინდუსტრიას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამოცნობის თეორიას.

თავის ტექსტში პო კვლავ მსჯელობს, შაშის თამაშის ანალოგიით, ანალიზის უზენაესი უნარის შესახებ, რომელიც ემყარება მოწინააღმდეგის ინტელექტის შეფასებას, მის ინტელექტთან იდენტიფიკაციას: „ჩვეულებრივ საშუალებებსა და შესაძლებლობებს მოკლებული ანალიტიკოსი თავისი მოპირდაპირის სულში ჩაწვდომას ცდილობს, თავს მასთან აიგივებს, მისი თვალსაზრისით განსჯის საქმეს და ხშირად ამ გზით თვალის დახამხამებაში განჭვრეტს ერთადერთ სვლას, ხანდახან მარტივსა და ადვილს, რომელიც აცდუნებს მოწინააღმდეგეს, ანდა ხელს შეუწყობს მის დაბნევას. “ მაძებარი – ამ შემთხვევაში, დიუპენი – ფსიქოანალიტიკოსის ერთგვარი პირველსახეა. ის ცდილობს დათრგუნოს „პაციენტის “ ეგოს რეპრესიული ძალები ან უბიძგოს მას სიმპტომატური შეცდომისკენ. დეტექტიური რომანის უფრო გვიანდელ ფორმაში მაძებარი – ფსიქოანალიზის ზეგავლენით – ანალიტიკოსიცაა და პაციენტიც. ის ტრანსფერის მეშვეობით აიძულებს დამნაშავეს, აღიაროს ჩადენილი ბოროტმოქმედება ან აპატიმრებს მას, რათა ამ ხერხით გააცხადოს ჭეშმარიტება.

მაგრამ თუკი აშკარაა პარალელები დიუპენის იდენტიფიკაციურ მეთოდებს, ფროიდის ტრანსფერულ კონცეფციასა და თანამედროვე მაძებრების პრაქტიკას შორის, ამოცნობის წესები – განსაკუთრებით, მატერიალური ობიექტების ამოცნობის წესები – სამივე შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. შემოგთავაზებთ თანამედროვე კულტურული ფორმების, ისევე, როგორც ფსიქოანალიზის კრიტიკას პოს ნაწარმოებების ანალიზის მეშვეობით.

პოს და კონან დოილის დეტექტივებში შეინიშნება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ბლუმისეული აგონისტური ინტერტექსტუალობა კანონის წარმომადგენლებთან ან, მარტივად რომ ვთქვათ, პოლემიკა მათთან: პოლიციის მეთოდთა კრიტიკა და მათი დარღვევა. პო, ისევე, როგორც მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი მალარმე, პოპულარული პრესის გაწაფული ინტერტექსტუალური მკითხველია და „მარი როჟეს საიდუმლოებაში “ დანაშაულის გასახსნელად იყენებს ხოლმე „გაზეთების ანალიზს “. მაგრამ ყველა მაძებარი და ყველა მკითხველი როდია იმდენად გამჭრიახი, რომ ჩაერთვეს ამ ინტერპრეტაციისა და კონტრინტერპრეტაციის თამაშში. ჩვეულებრივი დეტექტივი კმაყოფილდება იმით, რომ შეუძლია ნიშნების ამოცნობა, ისევე, როგორც – ფსიქოანალიტიკოსს. მაგრამ ამოცნობის ხელოვნებაში მათ წინ გაუსწრო სემიოლოგიამ. თავის ერთ-ერთ პირველ ესეში – ბარტის „მოდის სისტემის “ მიმოხილვაში – იულია კრისტევა მიუთითებდა, რომ სემიოლოგია როგორც მეცნიერება, საბოლოო ანგარიშში, აღწევს ტავტოლოგიურ სისრულეს იმის წყალობით, რომ თვითონვე წარმოადგენს ნიშნის იმ იდეოლოგიის პირმშოს, რომელსაც შეისწავლის. ეს სისრულე (ან წრე) განაპირობებს შეზღუდულობას დეტექტივისა, რომელიც მატერიალური სამხილების ამოცნობას არ ავსებს ტრანსფერული დინამიკით. სემიოლოგიის ისტორიაში ფსიქოანალიზისადმი მიდრეკილნი იყვნენ კრისტევა და ბარტი. გონებაშეზღუდული დეტექტივი ვერაფერს გააწყობს კანონთა კოდექსის წინააღმდეგ, ხოლო ფსიქოანალიზი არ „მუშაობს “ ტრანსფერის გარეშე. ფროიდი ამტკიცებს, რომ ფსიქოანალიზის ორი ძირითადი აღმოჩენა – ესაა ინტერპრეტაცია და ტრანსფერი. მეორე მათგანი უზრუნველყოფს პირველის წარმატებით განხორციელებას, რომელიც იბლოკება განდევნის მექანიზმით.

ყოველივე ამას შეიძლება თვალი მივადევნოთ დეტექტიური ჟანრის განვითარების ძალზე ზოგადი მონახაზის მეშვეობით, რომლის პირველი ეტაპი უკავშირდება ედგარ პოს დიდებულ და ძალზე თვითმყოფად (ჩემი აზრით) შემოქმედებას. კონან დოილის შერლოკ ჰოლმსი კიდევ უფრო ოსტატურად „ამოიცნობს “ მატერიალურ ნიშნებს თავისი თითქმის ზებუნებრივი ლოგიკისა და ფაქტებისადმი ტრანსფერული, იდენტიფიკაციური მიდგომის მეშვეობით, მაგრამ არა მთლიანად. ეს უკანასკნელი მიდგომა, რომელიც ნაკლებად შესამჩნევია მოთხრობებში ჰოლმსის შესახებ, ძლიერდება რეიმონდ ჩანდლერთან, იმ მთავარი და არსებითი განსხვავებით, რომ სუბიექტი, რომლის უდანაშაულობაც მაძებარმა უნდა დაამტკიცოს, თვით მაძებარია. როგორც ჩანს, ჩანდლერთან ფსიქოანალიზი ფარული ან აშკარა ქვეტექსტია მაძებრისთვის, რომელსაც სურს მიაკვლიოს არა იმდენად ჭეშმარიტებას (ბოროტმოქმედების შესახებ), რამდენადაც – წარსულში (ხშირად საკუთარ წარსულში) განცდილ ტრავმას. დეტექტივმა, ისევე, როგორც ფსიქოანალიტიკოსმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს ტრანსფერში დამნაშავესთან ან პაციენტთან, უნდა მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება დამნაშავესთან, რათა გაიკვლიოს გზა პირველ ტრავმამდე. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. პატრიშა ჰაისმითის გმირის, მისტერ რიპლის პრობლემა ისაა, რომ შეურიგდეს საკუთარ ფსიქოტურ ცვლილებებს და თავი აარიდოს კონფრონტაციას თავის თავთან. ასეთ შემთხვევაში მაძებარი, როგორც მთხრობელი, ბოროტმოქმედის როლში გვევლინება: ამ ტრანსფერს შედეგად მოსდევს პიროვნების დესტრუქცია და ჟანრის კანონების რღვევა. ბევრ მსგავს ნაწარმოებში დამნაშავე მაძებრის ორეულად იქცევა ხოლმე. ამგვარია დეკერი  “დანის პირზე მორბენალში “, რომელიც ნაწილობრივ დეტექტიური, ნაწილობრივ კი – ფანტასტიკური რომანია. დეკარდი ეძებს და კლავს ხელოვნურად შექმნილ ადამიანებს – ე.წ. „რეპლიკანტებს “, იძიებს საკუთარ წარსულსაც. იგულისხმება, რომ ბოლო მსხვერპლი თვითონ დეკარდი იქნება, რადგან ისიც „რეპლიკანტია “; მისი ტრავმა – ესაა წარმომავლობის გაურკვევლობა, სიზმრები, რომლებიც, დეკარდის აზრით, მისი საკუთარი სიზმრები არაა. ამ უფრო გვიანდელ ნიმუშში მაძებარი ერთდროულად ფსიქოანალიტიკოსიცაა და პაციენტიც, თვითშემეცნების პროცესში ბოროტმოქმედი ორეულად იქცევა. დეკარდი ცდილობს მატერიალური სამხილების ამოცნობას და ტრანსფერსაც მიმართავს სხვა ბოროტმოქმედთან იდენტიფიკაციის გზით.

თუკი გარკვეულ ეპოქას (რომელსაც, ზოგადად, შეიძლება მოდერნი ვუწოდოთ), განვსაზღვრავთ, როგორც ნიშნის ეპოქას, რომლის გმირი მაძებარია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პოსტმოდერნისტულ კულტურას ამბივალენტური მდგომარეობა უკავია ნიშნებისა და იდეების კულტურასა და, მეორე მხრივ, ვიზუალური ან აუდიალური აღქმის კულტურას შორის, რომლის ძირითადი თემა ძალმომრეობაა. ტრაგიკულია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ძალმომრეობაა გამეფებული, დეტექტიური ლიტერატურა ლოგიკის, საზრისის გაუფასურებას ემსხვერპლა. პოსტმოდერნისტულ კულტურაში დეტექტივს მყარად ჩაენაცვლა კრიმინალური ჟანრი, დაწყებული ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „ბონი და კლაიდი “ და „სიკვდილი უდაბნოში “ და დამთავრებული „მძვინვარე ძაღლებითა “ და „ბუნებითი მკვლელებით “ და ა.შ. ეს ფენომენი, რომელსაც სიმარტივისთვის შეიძლება ვუწოდოთ „ტარანტინოს ეფექტი “, განპირობებულია გადანაცვლებით ნიშნებიდან ძალმომრეობამდე, რომელიც არ ახასიათებდა წინამორბედ ეპოქას.

ფსიქოანალიზი ავსებს და ამდიდრებს სემიოლოგიას, ისევე, როგორც დეტექტივის ფილოსოფიას. ფროიდის მიხედვით, ობიექტები, რომლებიც გვეცხადებიან სიზმრებსა ან ფანტაზიებში, სხვა არაფერია, თუ არა აღმნიშვნელები, რომლებიც წარმოადგენენ რაღაც სხვა ობიექტებს. ამოცნობის ფროიდისეული თეორია, გარკვეულწილად, სახელმძღვანელოა მაძებრისთვის როგორც სემიოლოგისთვის.

„სიზმრების ახსნაში “ ფროიდი აყალიბებს სიზმართა ამოცნობის, მათი განმარტების ორ ტრადიციულ მოდელს: სიმბოლურ მეთოდსა და დეკოდირების მეთოდს. სიმბოლური მეთოდი უბრალოდ „თარგმნის “ სიზმარს, როგორც მთლიანობას, და წარმოგვიდგენს მას, როგორც საზრისის მქონე ფსიქიკურ ფენომენს, ხოლო დეკოდირება „თარგმნის “ სიზმრის თითოეულ ნიშანს, კრიპტოგრაფიის მსგავსად. ამოცნობის ორივე მეთოდი – მთელი სიზმრის ან ცალკეული ელემენტების თარგმნა ნამდვილად მცდარია, მაგრამ ფროიდი მიმართავს მათ „ფილოსოფოსებისა და ფსიქიატრების “ წინააღმდეგ, თუმცა უპირატესობას გაშიფვრის უკანასკნელ მეთოდს ანიჭებს და განიხილავს სიზმრებს, როგორც ფსიქიკურ მოვლენათა რთულ კონგლომერატებს. როგორც ჩანს, ფროიდის ახალი კონცეფციის ძირითადი თავისებურება ისაა, რომ ინტერპრეტაციის ამოცანა ეკისრება თვით სიზმრის მხილველს, ფსიქოანალიტიკოსი კი ობიექტურად აანალიზებს პაციენტის მონათხრობს. ამგვარად, ამოცნობა ყოველთვის ორმაგი პროცესია. ფსიქოანალიზი ემყარება იდენტიფიკაციისა და ტრანსფერის ცნებებს, მაგრამ, ედგარ პოსი არ იყოს, გაანგარიშება ყოველთვის საკმარისი როდია; ანალიტიკოსის მიერ ნიშნების „მშრალ “ თარგმნას უნდა დაემატოს დიუპენის დახვეწილი იდენტიფიკაციური თამაში, ისეთი, როგორსაც მიმართავს პოლიციელი გ. ამ ნოველებში ან ლესტრეიდი კონან დოილთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია როლან ბარტის, როგორც მწერლის დახვეწილი ტრანსფერული დინამიკა, რომელიც შეავსებს, გაამდიდრებს ბარტისავე სემიოლოგიას, თუკი გვსურს მივაღწიოთ წარმატებას რაიმე საქმიანობაში, შაშის თამაში იქნება ეს, თუ გამოძიება.

დავუბრუნდეთ ამოცნობის პრობლემას. აღმნიშვნელს ან ობიექტს ფროიდისტული თეორია აანალიზებს კონდენსაციისა და შენაცვლების ინვოლუციური ცნებების მეშვეობით. ეს წარმოდგენა ნიშანთა მრავლობითობისა და შენაცვლებადობის შესახებ ერთგვარად ავსებს ტექსტებისა და კულტურების სტრუქტურალისტურსა და პოსტსტრუქტურალისტურ კონცეფციებს, რომელთა პირველსახეს წარმოადგენს ედგარ პოს შემოქმედება და ამდიდრებს დეტექტიურ პრაქტიკას. ამასთან, ამოცნობისადმი ფროიდის მრავლობითსა და მობილურ მიდგომას, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება მის მიერ ჭეშმარიტების წარმოდგენის საკმაოდ პირდაპირი და დოგმატური ფორმა. თავის ნაშრომში «Le facteur de la verite» დერიდა შენიშნავს: „ყველაფერი, რაც არ მიეკუთვნება ოიდიპოსის კომპლექსის პირველად ბირთვს, მეორადი რევიზიის მცდარი ან შენიღბული შედეგია “. ამოცნობის თეორიის შესახებ უნდა ითქვას, რომ ფროიდი ცალი ხელით გვთავაზობს იმას, რასაც მეორე ხელით გვართმევს. ერთი მხრივ, ფროიდი გვთავაზობს რთულ, მრავლობითსა და მობილურ თვალსაზრისს აღმნიშვნელის ფუნქციის შესახებ, მეორე მხრივ – ერთ შინაარსს ანაცვლებს მეორით და კატეგორიულად აცხადებს, ესა და ეს სიზმარი სწორედ ამასა და ამას აღნიშნავსო. დერიდას თქმით, ლაკანი ანალოგიურ ოპერაციას ასრულებს თავის კომენტარში „ნაპარავი წერილისადმი “, როდესაც ამტკიცებს, რომ ამ ნოველაში შეინიშნება აღმნიშვნელის უპირატესობა დენოტატთან შედარებით. ჯეფრი მელმანის შენიშვნით, ფროიდი თავისი სიზმრის (პაციენტ ირმას შესახებ, ნაშრომში „სიზმრების ახსნა “) ინტერპრეტაციისას გვთავაზობს ორიგინალურ და რადიკალურ წარმოდგენას სიზმრის, როგორც ერთგვარი სინტაქსის თაობაზე, რომელიც ენაცვლება წარმოდგენას სიზმრის, როგორც შინაარსის შესახებ. სიზმარში ეს გამოიხატება ქიმიური ნივთიერების, „ტრიმეტილამინის “ ფორმულით, რომელიც წარმოადგენს ამოცნობის ხერხს ტიპოგრაფიკის მეშვეობით (მას ქვემოთ დავუბრუნდები). ამგვარად, ფროიდი აღიარებს ტრანსფერის აუცილებლობას და გვთავაზობს ამოცნობის რთულ თეორიას, რომელიც ითვალისწინებს ნიშნების მრავლობითობასა და მობილობას, მაგრამ მაინც მონოლითური და წრფივია. შეიმჩნევა პარალელი ფსიქოანალიზსა და დეტექტიურ რომანს შორის, როდესაც ორივე მათგანი გვთავაზობს რთული ტექსტუალური მოცემულობების კითხვის, მათი ამოცნობის რთულ მოდელებს, მაგრამ თითოეულ მათგანში ამოცნობის ამ თეორიას ეწინააღმდეგება მონოლითური, ერთმნიშვნელოვანი ჭეშმარიტების ძიება.

როგორია ნიშნების ამოცნობის ზღვარი? რას გვეუბნება ედგარ ალან პო ამოცნობის შესახებ? მაძებარი ცდილობს ამოიცნოს მატერიალური ნიშნები, სამხილები, ისევე, როგორც ფსიქოანალიტიკოსი ისწრაფვის ენობრივი მასალის განმარტებისა და ამოცნობისკენ. მაგრამ რა სახის ნიშნებია სამხილები? მაძებრები – დიუპენი ან ჰოლმსი – პოულობენ ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას მხოლოდ აღმნიშვნელის მატერიალურ, ხელშესახებ თვისებებზე დაკვირვების შედეგად. სამხილი არის ნიშანი, რომელიც ყოველდღიური, ყოფითი გამოყენებისგან განყენების შედეგად იძენს განსაკუთრებულ საგნობრიობას, სპეციფიკურ სტრუქტურულ ან ტექსტობრივ თავისებურებებს, რომელთაც მხოლოდ მაძებარი ამჩნევს. მაძებარი „კითხულობს “ რადიკალურად განსხვავებულ მატერიალურ დისკურსს. ეს უკანასკნელი უპირისპირდება პლატონის ფილოსოფიას, რომლის თანახმად, ფორმები იდეებს წარმოადგენენ. მაძებრისთვის ნიშანთა სისტემა, რომელსაც ემყარება კულტურა და კომერცია, უბრალოდ, მატერიალური მოცემულობაა, მაგრამ მაძებარი სწორედ მისი წყალობით აღწევს სასურველ მიზანს. ამგვარი ინვერსიისას ობიექტი განიძარცვება თავისი ჩვეული მნიშვნელობისგან; ის აღარ წარმოადგენს იდეის უბრალო ხორცშესხმას, არამედ აღიჭურვება აქტუალობით, სიმკვრივით, ფიზიკურობითა და საგნობრიობით. მაგალითად, ნოველაში „მკვლელობა მორგის ქუჩაზე “ პოლიცია მარცხს განიცდის, მაგრამ დიუპენი ხსნის ბოროტმოქმედებას: იმას, თუ როგორ გამოძვრა მკვლელი დაკეტილი ოთახიდან, განმარტავს უბრალო მატერიალურ ფაქტზე – თავმოტეხილ ლურსმანზე – დაკვირვების შედეგად. ეს ხერხი წააგავს „გაუცნაურების “ ხერხს, რომელიც ვიქტორ შკლოვსკიმ მიაწერა პოეზიას. რა თქმა უნდა, დიუპენიც პოეტია. შესაძლოა, სწორედ ამის გამო ის უკეთ „კითხულობს “ მატერიალურ ნიშნებს, ვიდრე – ფროიდი, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან, როგორც დერიდა ამტკიცებს ლაკანის სემინარის კრიტიკისას, „ნაპარავი წერილი “ ნაწილია ტრილოგიისა, რომელშიც გაერთიანებულია, ასევე „მკვლელობა მორგის ქუჩაზე “ და „მარი როჟეს საიდუმლოება “. ისინი ერთობლივად უნდა გავიაზროთ: ერთი მხრივ, დიუპენი ხსნის მორგის ქუჩაზე ჩადენილ დანაშაულს და აღიარებს, რომ მისი მიხვედრა ამგვარი უჩვეულო მკვლელობის ჩამდენის – გაქცეულ ორანგუტანგის შესახებ – ემყარებოდა მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა თანახმად, დამნაშავე უცნაურ (არაფრანგულ) ენაზე ლაპარაკობდა; მეორე მხრივ, ნაპარავ წერილს დიუპენი საპირისპირო ხერხით პოულობს: მისი აღიარებით, ეს საიდუმლოება იმდენად მარტივი იყო, რომ პოლიცია ვერ გახსნიდა დანაშაულს და ვერ იპოვიდა წერილს,რომელიც დამალული კი არ იყო, არამედ საჩინო ადგილას იდო.

პოლიციაც და ფსიქოანალიტიკოსიც მარცხს განიცდიან ხოლმე, რადგან ყოველთვის ეძებენ რაღაც ფარულს, რაღაც საიდუმლოებას. დეტექტიური ლიტერატურა ხშირად ფეტიშისტურად ეკიდება ამოცნობას. ის ყურადღებას ამახვილებს ობიექტზე, რათა იპოვოს მის მიღმა მიმალული ფარული ჭეშმარიტება და რაც უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ობიექტზე, მით უფრო დიდია მისი შიში იმის წინაშე, რაც ამ ობიექტის მიღმა იმალება. დიუპენის ან ჰოლმსის მატერიალურობისგან მიღებული სიამოვნების ნაცვლად გონებაჩლუნგი მაძებარი (ან თანამედროვე მკითხველი) ინუსხება ობიექტით, როგორც ფეტიშით და მის მიღმა ტრავმულ ჭეშმარიტებას ვარაუდობს. დიუპენის მეთოდი უნდა გაითვალისწინოს კულტურამ, რომელიც შეპყრობილია „ფარულის “ კულტით, მაგრამ ის მიუღებელია პოსტმოდერნისთვის, რომელიც საზრისისგან დაცლას ქადაგებს. ამოცნობის მეთოდი, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს მატერიალური, ტექსტუალური, საგნობრივი გამოცდილების წყალობით, იგივე როდია, რაც ძალმომრეობითი ან, უბრალოდ, ბანალური გამოცდილების პროპაგანდა, რომელიც დამახასიათებელია პოსტმოდერნისთვის.

მაგრამ საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოები მხოლოდ ფარული ჭეშმარიტების ძიებას როდი ასახავს. ჭეშმარიტების მიკვლევა ნიშნავს იმედგაცრუებას, სიუჟეტის წრფივი მონოვალენტურობისადმი მიბრუნებას. ედგარ ალან პოს „მარი როჟეს საიდუმლოება “ მანამ მთავრდება, სანამ ჭეშმარიტებას შევიტყობდეთ. სწორედ ამ წრფივობის დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა მეტანარატივი, ინტერტექსტუალობა. პოს ნოველა შედგება ძირითადად გაზეთებში დაბეჭდილი ცნობებისგან. ჩანდლერის გმირებს მაზოხისტურ სიამოვნებას ანიჭებს კორუმპირებული მასებისგან გაუცხოება და ისინი გაცილებით მეტ დროს უთმობენ იმას, რასაც ფროიდი უწოდებდა განდევნის მექანიზმის „მოკლე ჩართვას “, ენამახვილობას, ვიდრე – ჭეშმარიტების ძიებას. ჩვენ მხოლოდ იდუმალი, დაკარგული გრაალისა ან ფალოსის, ან კიდევ – მიუწვდომელი objet petit a-ს ინფანტილური ძიებით როდი ვტკბებით, არამედ ბიწიერ, ბაროკულ სიამოვნებასაც გვანიჭებს მატერიალური, ტექსტობრივი მოცემულობები. ედგარ ალან პოს „ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი “ – უკვე ტიპოგრაფიკული ფიგურა – მოიცავს ტექსტუალურ ფიგურას, რომელიც წარმოიშობა თითქოსდა მატერიის ნაკეცებიდან, როდესაც მთხრობელი უნებლიეთ უსვამს კუპრს აფრის კიდეებს. ის წერს: „ბედის უკუღმართობაზე ვფიქრობდი და მექანიკურად ვუსვამდი კუპრიან ფუნჯს კიდეებს კოხტად დაკეცილი აფრისა, რომელიც ჩემ მახლობლად, კასრზე იდო. ახლა ეს აფრა გაშლილია და ჩემმა მექანიკურმა მონასმებმა შეადგინა სიტყვა „აღმოჩენა “.               წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტება და ბედისწერა როგორღაც ჩამალულია ნაკეცში, ისევე, როგორც – ნაპარავ დაკეცილ წერილში, ჭეშმარიტების ის სახეობაა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ფსიქოანალიზის წრფივი და მონოლითური, ფალოგოცენტრისტული ვერსიისგან. ჭეშმარიტება არარაა, ის მხოლოდ რადიკალური უარყოფაა, მორევია, რომელსაც გემი უახლოვდება; ის მალსტრემია, ან კიდევ – მისტერ ვალდემარის უჩუმარი ხმა, რომელიც სამარიდან გაისმის.               აქ ორი შესაძლო გზა ისახება: პირველი – ესაა დეტექტიური რომანის დაკავშირება სიკვდილის ფსიქოანალიტიკურ ხედვასთან, ანუ განმეორებადობისადმი ლტოლვასთან, რაც აისახება სამხილთან მიმართებაში ან მაძებრის დამოკიდებულებაში გვამისადმი. მეორე გზაა დაბრუნება იმისადმი, რასაც, მელმანის თანახმად, ფროიდი უგულებელყოფს სიზმარში ირმას შესახებ, მაგრამ რომელსაც, არსებითად, გვთავაზობს შენაცვლებისა და კონდენსაციის ფიგურათა გამოყენებისას: სიზმარი, როგორც სიუჟეტი, ან სიუჟეტის გაბატონება სემანტიკაზე, ტექსტობრივისა – ჭეშმარიტებაზე. დიუპენს უყვარს თავსატეხებით თამაში, როდესაც ერთმა მოთამაშემ უნდა მოძებნოს მეორის მიერ ჩაფიქრებული სიტყვა რუკის „ჭრელ, დამაბნეველ ზედაპირზე “. გამოცდილი მოთამაშე ირჩევს ისეთ სიტყვებს, რომლებიც მთელი რუკის ზედაპირზეა აღბეჭდილი, ყველაზე მსხვილი ასოებით. ასეთი სახელწოდებები, ისევე, როგორც ძალზე დიდი აფიშები, ყურადღებას არ იქცევს, იმის გამო, რომ ძალზე თვალში საცემია. ჩვენი მხედველობის ეს თავისებურება სრულად შეესაბამება უგულისყურობას, რომლითაც ჩვენივე ინტელექტი გვერდს უვლის ზედმეტად თვალსაჩინო მოსაზრებებს. „ზედმეტი თვალსაჩინოება “ არის სიცხადე, რომლის მატერიალური სტრუქტურა წაკითხვადია, ამოცნობადი, და რომელიც ჭეშმარიტებას თავისი ჭრელი ზედაპირის ნაკეცებში ინახავს.

ედგარ პოს ნოველებში თავს იჩენს წინააღმდეგობა გაწაფულ მაძებარსა და, მეორე მხრივ, ჭეშმარიტების დიფერენცირებულობასა და მრავლობითობას შორის, მაგრამ დეტექტიური ჟანრიც (რომელსაც, როგორც ჩანს, საფუძველი ჩაუყარა პოს სამმა ნოველამ – თუმცა, შემდგომში მწერალმა უგულებელყო ეს ჟანრი) და ფსიქოანალიზიც ასეთსავე მდგომარეობაში არიან, რადგან მათში შეიმჩნევა წინააღმდეგობა საკუთარ ტექსტუალობასა და, მეორე მხრივ, ტექსტუალობის „ჭრელი, დამაბნეველი ზედაპირის “ დაუფლებისადმი მიმართულ მათსავე ნებას შორის. დეტექტივიც და ფსიქოანალიტიკოსიც ესწრაფვიან გაბატონებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ორივეს სჩვევია ინფანტილურობა, ტექსტის ინდივიდუალობის გაკონტროლების სურვილი. შესაძლოა, ამ ინფანტილურობამ ისინი ძალზე მოწვყლადი გახადა კულტურისთვის, რომელიც აფექტური ძალმომრეობით ტკბობის მიზნით განადიდებს ყველაფერს, რაც ზედაპირულია და ანადგურებს საზრისს. საბედნიეროდ, შეიძლება დავასახელოთ ისეთი ტექსტები, რომლებსაც შეცდომით უწოდებენ „პოსტმოდერნისტულ ნარატივებს “. ეს რთული ტექსტები, როგორც ჩანს, განურჩეველია ბოროტმოქმედების ჭეშმარიტების მიმართ. კერძოდ, პინჩონის, ოსტერის ან რობ-გრიიეს ნაწარმოებები გვაშფოთებენ, თუკი ვეძებთ ფარულ ჭეშმარიტებას და გვაჯილდოებენ, თუკი ვეძებთ სიამოვნებას ნაკეცების სირთულეში. რაც შეეხება ტრავმის რეპრეზენტაციას, ჩემი აზრით, პერეკის La Disparition-ში თავს იჩენს ტრავმა, რომელიც მიმალული კი არაა, არამედ ძალზე თვალსაჩინოა ტექსტის ზედაპირზე: ესაა ძალზე აშკარა გამოტოვება e ასოსი, რომელიც ასახავს eux-ის გაქრობას და, ამგვარად, აღბეჭდავს ჰოლოკოსტის ტრავმას ტექსტის ზედაპირზე.

თუკი პარალელი დეტექტივსა და ფსიქოანალიტიკოსს შორის ცხადყოფს მათ თანამონაწილეობას ფეტიშისტურ მშფოთვარებაში ფარულ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, ამ მშფოთვარებისა და ამ თანაზიარობის პარადიგმა (დერიდას თქმით) იქნება ტრანსცენდენტური ღმერთის არსებობის მტკიცე რწმენა, მყოფობის პოსტულირება საგნების მატერიალური ტექსტურის მიღმა. იმისთვის, რათა გავაგრძელო ზემოგამოთქმული – გარკვეულწილად მოსალოდნელი ან სასურველი – მოსაზრებების ჯაჭვი, მსურს დავასრულო უტოპიური წარმოდგენით მატერიალისტური მაძებრის, ფსიქოანალიტიკოსის ან მკითხველის შესახებ, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს ის, რასაც ფროიდი უწოდებდა პერვერსიას, „დაყოვნებას “ სრული სექსუალური სიამოვნების და ფარული ჭეშმარიტების გაცხადებისადმი მიმავალ გზაზე.

 

The Art of Detective Fiction. Edited by Warren Chernaik , Martin Swales and Robert Vilain. Published by PALGRAVE MACMILLAN. New York, 2000.

© არილი

Facebook Comments Box