კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  რეცენზია

დათო აბრამიშვილი – საქართველო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე

IMG_8259

10-იდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, ვენაში ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს არტ-ბაზრობაზე, საქართველო პოლონეთთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. “დუეტი”, ასე ერქვა გამოფენის ამ ნაწილს, სადაც ორივე ქვეყანამ სხვადასხვა თაობის სხვადასხვა მედიაში მომუშავე თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები წარადგინა. საქართველოს სახელით ფორუმში, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ვენაში მცხოვრები ქართველი არტისტებიც იღებდნენ მონაწილეობას. სულ ქართულ სტენდზე 14 ხელოვანის: მარიკა ასათიანის, ნათელა გრიგალაშვილის, ანდრო ერაძის, გიორგი ხანიაშვილის, ნინო ქვრივიშვილის, მამუკა ჯაფარიძის, კოკა რამიშვილის, კოტე სულაბერიძის, მაია სუმბაძის, გიორგი ოქროპირიძის, გია რიგვავას, თამუნა სირბილაძისა და თათია სხირტლაძის  ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. კურატორები კი კრისტინა შტაინბრეხერ პფანდი და ირინა პოპიაშვილი იყვნენ. ქართველი არტისტების ვენის არტ-ბაზრობაზე მონაწილეობას საქართველოს კულტურის სამინისტრომ შეუწყო ხელი.

Vienna fair ავსტრიის უდიდესი ხელოვნების ბაზრობაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ბაზრობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების პავილიონებსა და გამოფენებს, დისკუსიებს თანამედროვე ხელოვნების შესახებ. თუმცა გამოფენის ძირითადი მიზანი მაინც გალერისტებისა და კოლექციონერების სტუმრობაა. ყველა არტ- ბაზრობას საკუთარი პროფილი აქვს. ვენის არტ-ბაზრობაც ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზეა ორიენტირებული, ანუ ერთიან პავილიონში სწორედ ამ ქვეყნებიდან იფინება ნამუშევრები.

დღეს, თანამედროვე არტ-ბაზრობებსა თუ აუქციონებზე, ყველაზე ხშირად რუსულ ენას გაიგონებთ. Vienna fair-ზეც ასე იყო. თუმცა ენაზე მეტად იქ ფული ჭრიდა. ოლიგარქების ცოლები კურატორებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პავილიონებში ეძებდნენ მომავალ ვარსკვლავებს, რომლებშიც სიამოვნებით გადაიხდიდნენ დიდ ფულს. საბოლოოდ, ეს ნამუშევრებისთვის კი არა, იმიჯის შეძენისთვის გამართული ერთგვარი შეჯიბრი უფროა. კერძო გალერეებსა და მსხვილ სააუქციონო სახლებს ახლა სწორედ ისინი აფინანსებენ. რამდენიმე წლის წინ ვენის არტ-ბაზრობის თითქმის 70% სწორედ რუსებმა შეიძინეს. ეს საქმე მათთვის ერთდროულად მოდური გასართობიცაა და საკუთარ ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის ხელის შეწყობაც. ვენეციის ბიენალესგან განსხვავებით, არტ-ბაზრობა უფრო მეტად ორიენტირებულია გაყიდვაზე, მარკეტინგული მხარე აქ ყველაზე მთავარია, კურატორები მდიდარ კოლექციონერებთან ერთად საათობით არჩევენ, ფიქრობენ, ღირს თუ არა ნამუშევარსა თუ არტისტში ინვესტიციის დაბანდება. ეს ყველაფერი დიდ თამაშს ჰგავს, რომელსაც ფულის შოვნასთან ერთად “არტ-ლომკაც” მოაქვს. მთლიანობაში, სამი დღის მანძილზე, ვენის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობას 120 ათასი ადამიანი სტუმრობს.

საქართველო, როგორც ქვეყანა, ვენის არტ-ბაზრობაში პირველად მონაწილეობდა, თუმცა შარშან, ირინა პოპიაშვილის პირადი ინიციატივით სამხატვრო აკადემიას ჰქონდა საკუთარი სტენდი ვენაში. მუზეუმის დირექტორების, ადგილობრივი კურატორებისა და გალერისტების განსაკუთრებულ ინტერესს მასპინძელი ქვეყნების – პოლონეთისა და საქართველოს სტენდი იწვევდა. თუმცა განსხვავება ჩვენსა და პოლონეთის სტენდს შორის საკმაოდ დიდ იყო. პოლონეთი, როგორც მხარე, ვენაში ქვეყნის საერთო პავილიონითა და რვა გალერეით იყო წარმოდგენილი. საქართველოს  სტენდის ქვეშ 14 არტისტი გაერთიანდა, გალერეას კი მხოლოდ ვატო წერეთლის სისიეი წარმოადგენდა.

საქართველოს მონაწილეობას არტ-ბაზრობაზე ყურადღებით აკვირდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამედროვე ხელოვნების ჟურნალის, არტ-ფორუმის რედაქტორი ქეროლაინ ბასტა. მან სპეციალურ კონფერენციაზეც გამოთქვა საკუთარი აზრი თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ: „პირველად საქართველოში თითქმის 10 წლის წინ ჩავედი, თუმცა მაშინ არტეფაქტების ძიება არა მუზეუმებში, არამედ არტისტების სახლებში მიწევდა. სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტებს თბილისის სხვადასხვა უბნებში ვხვდებოდი და, შესაბამისად, მათსავე ოჯახებში ვეცნობოდი თანამედროვე ქართულ ხელოვნებასაც. 2 წლის წინ საქართველოში ისევ ჩავედი, უფრო დიდი ხნით და, ძალიან მესიამოვნა, როდესაც დავინახე, რომ არტისტებს უკვე ნაკლებად უწევდათ ზრუნვა საკუთარ გამოფენებზე; ეროვნულ გალერეაში მოხვედრაც, როგორც მითხრეს, ისეთი ძნელი აღარ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ხელოვნების აღქმა წინა წლებთან შედარებით გაიოლებულია. ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი არტისტია, ამაზე მეტყველებს სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ვენის არტ-ბაზრობის სპეციალური სტუმარია“.   

ქართულ სტენდზე გამოფენის სახელის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა კოტე სულაბერიძის აკვარელში შესრულებულმა ტილომ „ჩემი კავკასია“. ამ ნამუშევრის მსგავსად, გამოფენასაც საერთო სახელი – „ჩვენი კავკასიონი“ ეწოდა.  „ჩვენი კავკასიონი” თავისი კონცეფციით გოგლა ლეონიძის “ნატვრის ხეს” ეხმაურება. გამოფენა მოიცავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრებს, თუმცა „ნატვრის ხის“ პერსონაჟებივით, მათაც ის საერთო აქვთ, რომ ყველანი ერთ „სოფელში“ ცხოვრობენ. სტენდზე სხვადასხვა თაობის არტისტების მონაწილეობა, ნამუშევრების ვიზუალური და სტილისტური განსხვავება, საბოლოოდ ერთიან კონტექსტს და, რაც მთავარია, თაობებს შორის თანმიმდევრული კავშირის განცდას ქმნიდა. ეს კი, უპირველესად, კურატორ ირინა პოპიაშვილის დამსახურება იყო. სწორედ ირინას სახელს უკავშირდება შარშან თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის (ყოფილ ცისფერ) გალერეაში, 90-იანი წლების არტისტების გამოფენის – ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენის – ორგანიზებაც.

14 ქართველი მხატვრიდან 4 ვენაში მცხოვრები ხელოვანი იყო: გია რიგვავა, თამუნა სირბილაძე, გოგი ოქროპირიძე და თათია სხრიტლაძე. საქართველოში მოღვაწე ხელოვანებისგან განსხვავებით, ევროპაში მცხოვრები ქარველი არტისტები შეიძლება გაცილებით ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა გალერეებში, თუმცა ეროვნულ სტენდზე წარმოჩენა მხატვრის ავტორიტეტს ერთიორად ამაღლებს და ხელოვანს კიდევ უფრო საინტერესო კონტექსტში დაფიქსირების შანსს აძლევს. მაგალითად, გოგი ოქროპირიძე ვენაში საკუთარ ნამუშევრებს კარგა ხანია ყიდის, აქვს საკუთარი სახელოსნო და არც ავსტრიელი კურატორების ყურადღებას უჩივის, თუმცა ქართულ სტენდზე გაიცნო მისი შემოქმედება იტალიელმა აგენტმა, რომელიც ტურინში და იტალიაშიც, საკმაოდ ცნობილი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის Fondazione Sandretto re Rebaundengo წარმომადგენელია. ეს კი ხელოვანისთვის ახალი გზაა, გამოწვევაა, რომ კიდევ უფრო დიდ ბაზარზე მოხვდეს. „Sandretto ძირითადად დასავლეთ ევროპის არტისტებზეა ორიენტირებული, თუმცა ამჯერად გოგი ოქროპირიძის ნამუშევარმა დააინტერესა, მოითხოვა ინფორმაცია მასზე და პირადადაც დაუკავშირდა. სწორედ ასეთ დიდი ბაზრობებზე ყალიბდება ურთიერთობა, რომელიც შემდგომ, შესაძლოა მხატვარმა, გალერისტმა და მუზეუმმა გააგრძელონ. მაგალითად, ვაშინგტონ სმიტსონიანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ადამ ბუდაკი ძალიან დაინტერსდა ქართველი მხატვრებით. ლაიფციგის გალერეის კურატორს მოეწონა მაია სუმბაძე და ნათელა გრიგალაშვილი. Mმაგრამ აქვე ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი სივრციდან ევროპის დიდ გალერეებში  სოლო გამოფენაზე საუბარი აბსურდს ჰგავს, ვინაიდან ქართველმა არტისტებმა ჯერ კარგი კურატორების დახმარებით  ჯგუფური გამოფენებით უნდა გააცნონ  საკუთარი თავი ევროპას და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ინდივიდუალურად სადმე დაფიქსირდნენ“ – აცხადებს ირინა პოპიაშვილი.

თუკი კოკა რამიშვილს, მამუკა ჯაფარიძესა და გია რიგვავას ხელოვნების მოყვარულები კარგად იცნობენ, ასეთი მასშტაბის არტ-ფორუმში პირველად წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები 20 წლის ანდრო ერაძემ და გიორგი ხანიაშვილმა, რომლებისთვისაც ეს საერთოდ პირველი უცხოური გამოფენა იყო. თუმცა მაია სუმბაძისა და ნათელა გრიგალაშვილის შემდეგ, ქართული პავილიონიდან ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ გიორგის ნამუშევრებმა დაიმსახურა. რაც შეეხება პოლონურ სტენდს, ნატალია სტახონის სკულპტურები ალბათ, არა მარტო კონკრეტული პავილიონის, არამედ წლევანდელი VIENNA FAIR-ის მთავარი აღმოჩენა იყო.

       Sorry where is the Contemporary Art Museum???

შეიძლება ვენაში გამართულ ბაზრობაზე ქართული სტენდის გამორჩეულობას ისიც უწყობდა ხელს, რომ უკრაინის, რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გალერეები ზედმეტად წააგავდნენ ერთმანეთს როგორც სტილისტურად, ასევე სივრცით. სიურრეალისტური სოცრეალიზმი კი აღნიშნულ გალერეებში წარმოდგენილი ყველა მხატვრის მთავარი კონცეფცია იყო. ამ ფონზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილი არტისტების ნამუშევრებს სრულიად განსხვავებული შინაარსის, ფორმის, პლასტიკური რეპრეზენტაციისა თუ გაფორმების თვალსაზრისით, გაცილებით მეტი საერთო ჰქონდათ თანამედროვე ევროპულ არტთან. პოსტსაბჭოთა გალერეების რიგს გამოყოლილი ევროპელი დამთვალიერებელი, ერთნაირად ჭრელ ტონალობაში გადაწყვეტილი სოცრეალიზმისა თუ სიურრეალიზმის შემდეგ, მამუკა ჯაფარიძის არატიპიური მასალითა და განათებით შესრულებულ ნამუშევარსა და კოკა რამიშვილის მოულოდნელი სივრცობრივი აღქმით დანახულ პეიზაჟს ეჯახებოდა. სტილი, კონცენფცია, ხედვა და აბსოლუტურად განსხვავებული თანამედროვე ხელოვნების კონტექსტი – სწორედ ამან განაპირობა ინტერესი, რომელიც 3 დღის განმავლობაში არ აკლდა ქართულ სტენდს. ავსტრიაში მცხოვრები ახალგაზრდა კურატორი, თინა ნაცვლიშვილი, ვერ აუდიოდა კითხვებს, თუ ვინ იყო ამა თუ იმ ნამუშევრის ავტორი, როდის და სად შექმნა არტისტმა ობიექტი, იყო თუ არა ჩვენთან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

თუმცა, ვიზუალური ნაწილისგან განსხვავებით, პრესკონფერენციამ, რომელიც ბაზრობის დასკვნით დღეს გაიმართა, რეალობას ყველაზე უკეთ წარმოაჩინა. მაშინ, როდესაც ქართული ავანგარდის ასწლოვან ტრადიციაზე, ვენეციის ბიენალეში ჩართულობასა და სხვადასხვა სახის არტ-ფორუმებში მონაწილეობაზე  საუბრობდენ პროექტის წარმდგენები, პრესკონფერენციაზე დამსწრე ევროპელ ჟურნალისტებს ლოგიკური კითხვები გაუჩდათ:

– უცნაურად ჟღერს, მაგრამ ცოტა პარადოქსიულია, როცა ამ ყველაფრის შემდეგ თქვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის თანამედროვე ხელოვნების განვითარების პლატფორმა, არ არის დამოუკიდებელი მუზეუმი, სადაც შეიძლება ახალგაზრდა არტისტები გამოიფინონ. ჩვენ ვიცით და ვამაყობთ ანდრო ვეკუასა და თეა ჯორჯაძის შემოქმედებით, მაგრამ ეს არტისტები ევროპაში ცხოვრობენ და გერმანიისა და შვეიცარიის სახელით მოღვაწეობენ. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება თქვენთან და რა კეთდება თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის.

პრესკონფერენციას საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარიაც დაესწრო, რომელსაც აღნიშნულ პრობლემებზე გავესაუბრეთ:

 „ვენის ბაზრობაზე თანამედროვე ქართველი არტისტების გამოფენამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც მე სტიმულს მაძლევს, რომ უკვე მომავალ წელს გამოიძებნოს ადგილი, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აშენდება. ჩვენდა სამარცხვინოდ, დღეს არ გვაქვს ასეთი მუზეუმი; როცა ერს ჰყავს დავით კაკაბაძე და არ გააჩნია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩვენს მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს კი ასეთი ტიპის ორ-ორი და სამ-სამი სივრცე აქვთ. რომ არ გვყავდეს ნიჭიერი მხატვრები, მაშინ მუზეუმის არსებობის იდეა დღის წესრიგში ასეთი სიმწვავით არც დადგებოდა. ბატონი პრემიერიც მოწადინებულია, რომ მსგავსი ტიპის სივრცე ჩვენს ქვეყანაში უახლოეს პერიოდში შეიქმნას“.

ეპილოგი, რომელიც პროლოგს სჯობს

ვენის არტ-ბაზრობაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან გავემგზავრე. ხელოვნების  ეს ორი სხვადასხვა სფერო, პრობლემებითა და მათი გადაჭრის გზებით წააგავს ერთმანეთს. დღეს ქართველი მხატვრები იმავე გზას გადიან, რასაც მწერლები, პრობლემებიც თითქმის იდენტურია. მუშაობენ, იფინებიან, პრეზენტაციებზე კი ერთი და იგივე ხალხი დადის, უქებენ ახალ ნამუშევარს, თუმცა ყველაფერი ისევ შიდა, ვიწრო სივრცეში გამოკეტილი რჩება. ანუ ხელოვანიცა და ნამუშევარიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავიდანვე განწირულია სიზიფეს შრომისთვის. ვერც კარგი მწერალი და ვერც კარგი მხატვარი, ჩვენში საკუთარი წიგნითა თუ ნამუშევრით თავს ვერ შეინახავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ვენის არტ-ბაზრობის მსგავს ფორუმებში მონაწილეობა ქართველი ხელოვანებისთვის შანსია, რომ ვიღაცამ შეგვამჩნიოს – ვითარგმნოთ, გამოვიფინოთ და ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე, გაყიდვამდე მივიდეს. მით უფრო, რომ ამის პრეტენზია როგორც თანამედროვე ქართველ მწერლებს, ისე მხატვრებს, ნამდვილად გააჩნიათ. კარგია, რომ გვყავს ფიროსმანი, კაკაბაძე, გუდიაშვილი, თუმცა სტატიკურ სამუზეუმო სივრცეში გამოკეტილი ფიროსმანი, ნამდვილად არაა იმის გარანტი, რომ დღეს ახალს შევმატებთ რამეს მსოფლიო ხელოვნებას; როცა ჩვენი აკადემიის სტუდენტები გამოცდებზე ისევ დოქებსა და ნატურმორტებს ხატავენ, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მე-19 საუკუნის მერე ანომალიად ითვლება, როცა დაუსრულებელი გრანდიოზული გამოფენებით მხოლოდ მამების 100, 120, 150 და 200 წლის იუბილეებს აღნიშნავენ (სავარაუდო ინვესტორიც მხოლოდ ასეთ პროექტს აფინანსებს), ჩვენ ამ დროს ვცდილობთ, კეთილდღეობის იერი შევუქმნათ ჩვენს სოციალურ სტატუსებს ფეისბუქში, თუმცა ხელოვნების სოციალურ ფუნქციაზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობს.

განათლებასთან ერთად, აუცილებელია ვიზუალური ინფორმაციის გაცვლაც. ვენაში, სადაც  3 დღე გავატარე, ერთდროულად, ლუსიენ ფროიდის, კოკოშკას, მატისის, იოკო ონოს, ბასკიას და ეგონ შილეს გამოფენის აბრები ისევე ეჯიბრებიან ერთმანეთს, როგორც ჩვენთან საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კედლის პლაკატები.

იმისათვის, რომ გავიცნოთ და  გაგვიცნონ, აუცილებელია განათლების მიღებასთან ერთად ვიზუალური ინფორმაციის გაცვლაც დაიწყოს. კარგი იქნება, თუკი გაიხსნება არაკაადემიური სტილის სკოლები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გზებით ვითარდება თანამედროვე ხელოვნება და ექსპერიმენტების გზას უნდა მივყვეთ. სწორედ ამიტომ, უნდა შეიქმნას თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, მუზეუმი ან რაც გინდათ ის დაარქვით, რადგან ჩვენთან, ნამდვილად არიან კარგი არტისტები, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე ხელოვნების კეთება.

© “არილი

Facebook Comments Box