აკო, 40 წლის, სახელმწიფო მოხელე
ნინიკო, აკოს ცოლი, 30 წლამდე
ვასო (ჟურნალისტი), 25 წლის გამხდარი ყმაწვილი, ჭყეტელა პერანგსა და ჟილეტში
ბატონი გრიშა, სასტუმროს ადმინისტრატორი, 65 წლის მამაკაცი, „სტალინის ულვაშებით“
მამაკაცი
სამხედრო
საზღვრისპირა სოფელი, ე.წ. „საოჯახო სასტუმროს“ ნომერი. კედელზე ხალიჩა, ხალიჩაზე ხანჯლები, ხმალი, თოფი, ყანწები. იქვე, შორიახლო სტალინის დიდი პორტრეტი მძიმე ჩარჩოში. ოთახში ორი საწოლი დგას.
ნინიკო: ღიაა!.. არის ვინმე? (ხმამაღლა) ბატონო გრიშა, მგონი კარი ღია დაგრჩენიათ!..
აკო: ჩუ, რა გაყვირებს!
ნინიკო: კარგი რა, შემოდი, რა გულს მიხეთქავ!
აკო: ჩუმად-მეთქი!!!
ნინიკო: (თავისთვის) რა დავაშავე ასეთი!..
აკო: ჩუ-მეთქი! აი, არ გესმის ეს ხმა? ახლაც იტყვი, გეჩვენებაო?
ნინიკო: გეჩვენება, საყვარელო, გეჩვენება! გადაიღალე, დაისვენებ და ყველაფერი გაგივლის. აქ ვის რა ხელი აქვს… ვერ ხედავ, მხოლოდ ჩიტები დაფრინავენ… (წაიმღერებს) „ჩიტები ვის რას უშლიან, ვის აყენებენ ზიანსააა…“
აკო: მორჩი, ნუ სულელობ! აი, კიდევ…
ნინიკო: რა კიდევ?
აკო: არ მეჩვენება, ვიღაცა ნამდვილად თხრის, მაგრამ ნიჩბით კი არა… ძალაყინით, არა, უფრო სწორად, – წერაქვით… კი, ნამდვილად წერაქვით. მიწა სველი და ღორღიანია… თავიდან, თბილისში, მეც მეგონა, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ არა, ნამდვილად თხრის, შეუსვენებლად… აი! აი! ყური მიუგდე… წერაქვის პირი ბოლომდე ჩაეფლო მიწაში… ახლა კი მოზრდილ ქვას მოხვდა…
ნინიკო: ნერვების ბრალია, საყვარელო! მეხუთე დღეა – ეხუმრები?
აკო: (შეცვლილი, გამხნევებული) არა, ომს თუ აპირებდნენ, ეთქვათ მაინც! გავხიზნავდით ოჯახებს მთებში და ვიომებდით! არ გვიომია თუ რა! ახლაც, გადაგიყვან საზღვარზე და უკან დავბრუნდები, ჩემ გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს!
ნინიკო: აბა, რა საყვარელო! შენ გასაკეთებელ საქმეს სხვას არც გავაკეთებინებ (წელზე ხელს შემოხვევს და ყელზე კოცნის)…
გრიშა: (კარში შემოყოფს თავს და ძალიან ხმამაღლა) მეძახდით?
ნინიკო: (შეშინებული გვერდზე გახტება) ბატონო გრიშა, კარი ღია იყო!
აკო: (უხერხულობის გაფანტად) ღია კარს რატომ გვამტვრევინებთ, ბატონო გრიშა?
გრიშა: ღია იყო? ააა, სულ დამავიწყდა, ჟურნალისტმა მთხოვა და შემოვუშვი.
ნინიკო: (აღშფოთებული) ვინ ჟურნალისტმა? აკო, გესმის, ჟურნალისტიო…
გრიშა: ჰო, ჟურნალისტი, ვასილი ჰქვია. დამამახსოვრდა, სტალინის შვილის სეხნიაა…
ნინიკო: სტალინის რა არის?
გრიშა: სეხნია, ოღონდ სტალინის არა, სტალინის შვილის! ერთს ხომ ერქვა იაკობი… აი, იმას, ტყვედ რომ ჩავარდა… ეგ არა, მეორეზე გეუბნებით, ვასილზე, ლიოჩიკი რომ იყო…
ნინიკო: აკი, ჟურნალისტიო…
გრიშა: არა, ჟურნალისტი ეს არის, ეს ვასილი და არა ის… ის ვასილი ზეცაშია, ეს ვასილი კი – სხვენში…
ნინიკო: აკო, გაიგე რამე?
აკო: სხვენში? (გაღიზიანებული) სხვენში რას აკეთებს?
გრიშა: (ჩურჩულით) რაღაც მოწყობილობა აქვს ყურზე მიმაგრებული და სულ ვიღაცას ელაპარაკება. ჩართვა მაქვს, ჩართვა მაქვსო, გაიძახის და ალო, ალოს ყვირილით ხან აი იმ ბორცვზე არბის და ხანაც აქ, ამ სხვენში მიძვრება…
აკო: (თითს ზევით იშვერს) ახლაც იქაა?
გრიშა: ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ შემოვუშვებდი, მაგრამ ჟურნალისტია და, ხო იცით, ჟურნალისტების ამბავი: მეშინია შარში არ გამხვიოს… ისე, ხუთი წუთით შემიშვიო, მთხოვა, თანაც სხვენში ასასვლელი მარტო ამ ოთახს აქვს…..
ნინიკო: თუ ჟურნალისტია, სხვენში რა უნდა? ვერაფერი გავიგე…
გრიშა: რა არის გაუგებარი! ამას წინათ რომ იყო, კავშირს ამყარებდა… ალბათ, ახლაც კავშირს ამყარებს…
ნინიკო: აკო, არ მინდა ნერვები მოვიშალო, ჰკითხე ბატონ, ბატონ…
გრიშა: ბატონი გრიშა… (თავს დაუკრავს) გრიგოლ ბენიძე, ჩემო ბატონო!
ნინიკო: ჰკითხე ბატონ გრიგოლს, ვისთან და რა ტიპის კავშირს ამყარებს?
აკო: (ხმამაღლა) ვისთან და რა ტიპის კავშირს ამყარებსო?
გრიშა: (ნაწყენი) რა ვიცი, ვისთან! მაგისას რას გაიგებ, ხან ვისთან და ხან ვისთან… სხვენში კარგად იჭერს… სხვაგან ან ვერ იჭერს, ან წამდაუწუმ წყდებაო… იქნებ, იტყუება, რა ვიცი!
აკო: (შეშფოთებული) სულ ასე იყო, თუ ბოლო დროს გაფუჭდა?
გრიშა: რა გაფუჭდა?
აკო: სატელეფონო კავშირზე გეკითხებით, ბატონო გრიშა!
გრიშა: რაზე?
აკო: კავშირზე, კავშირზე, სატელეფონო კავშირზე!.
გრიშა: საბჭოთა კავშირზე?
აკო: (ხმამაღლა) არა, ბატონო, რა დროს საბჭოთა კავშირია, სატელეფონო კავშირზე გეკითხებით!
გრიშა: სატელეფონო კავშირი? რაში გაინტერესებს, სვიზისტი ხარ, შვილო?
აკო: (დაბნეული) ააააარა, არა, უბრალოდ მაინტერესებს!
გრიშა: სვიზისტებზე გამახსენდა… ჟუკოვი ახალი შეცვლილი იყო მალინოვსკით…
ნინიკო: ბატონო?
გრიშა: ოცდაერთი-ოცდაორი წლის ვიქნებოდი… როგორ ჟღერს: გვარდიი მლადში სერჟანტ რადიო-ტეხნიჩესკოგო ბატალიონა, ოტლიჩნიკ ბოევოი ი პოლიტიჩესკოი პადგატოვკი გრიგორიი ბენიდზე!.. ჰოდა, ერთი გენერალი იყო, კამკორი, კამანდირ კორპუსა, დაბიჟა-კაზაროვ… სალამი ჰქონდა პირდაპირ სასწაული… აღლუმზე ასე გვესალმებოდა ხოლმე: ზდრასტვუიწე ტავარიშჩი სვიზისტააა… ჩვენს გვერდზე არტელიერისტების კოლონა იდგა ხოლმე. იმათ რომ ჩაუვლიდა, შესძახებდა: ზრდრასტვუიწე ტავარიშჩი არტილერისტააა… ტანკისტებს რომ ჩაუვლიდა ზდრასტვუიწე ტავარიშჩი…
აკო: (გაღიზიანებული) ტანკისტააა… ბატონო გრიშა, როდის გაფუჭდა კავშირი, გუშინ, გუშინწინ თუ სულ ასე იყო?
გრიშა: რა ვიცი, ადრე არ შემინიშნავს… ოთხი თუ ხუთი დღე იქნება… მგონი, რაც ეს ომი დაიწყო…
აკო: როგორ, აქაურობაც დაბომბეს?
გრიშა: არა, მაგრამ ველოდებით, დაგვაწყდა ნერვები!
აკო: ისე, კარგად მომზადებული ჩანხართ… (კედელზე იარაღის კოლექციას მისჩერებია) ვინტოვკაა?
გრიშა: კარაბინია! ცხონებულ მამაჩემს კარგი სამსახურისთვის ვაროშილოვმა აჩუქა. ხუმრობა საქმე კი არ არის, ვარაშილოვსკი სტრელოკი იყო! იცოდა იარაღის ფასი, თოფს ქალივით უვლიდა, ცხონებულს სულ მუდამ დაზეთილ-დატენილი ჰქონდა… მამის სეხნია ვარ მეც, გრიგორი გრიგორიჩ ბენიდზე! პენსიაში გასვლამდე სამხედრო საქმეს ვასწავლიდი სკოლაში, სტრაევოი შაგი, ავტომატის დაშლა-აწყობა… ორი დათვი და სამი მაჩვი მყავს მოკლული… ბეწვი რომ არ გაფუჭდეს, შიგ თვალში ვუმიზნებ… ეგ არის, რომ ნემსი გაუცვდა, ერთ გამოკვრაზე აღარ ისვრის, შობელძაღლი…
ჟურნალისტი: (სხვენში აშვერილი კიბიდან ეშვება, თუმცა ბოლომდე არ ჩამოდის, საფუხურზე რჩება. უცაბედად ჩამოვარდნილ სიჩუმეს არღვევს) უკაცრავად, მაგრამ ჩემზე ლაპარაკობდით? რატომ გაჩუმდით, გამოტყდით, რომ ჩემზე ლაპარაკობდით!
გრიშა: (დაბნეული) ჩვენ, ჩვენ უბრალოდ. ვლაპარაკობდით…
ნინოკო: დიახ, უბრალოდ ვლაპარაკობდით! დიდი ბოდიში, მაგრამ სხვენში რას აკეთებდით? არ მითხრათ ახლა კომბლებს ვაწყობდიო! მიყურადებული იყავით?
ჟურნალისტი: რატომ მელაპარაკებით ასე?
აკო: როგორ გელაპარაკებით? ჩვეულებრივ გელაპარაკებით, უბრალოდ გვაინტერესებს…
ჟურნალისტი: ესე იგი გაინტერესებთ! ძალიან გაინტერესებთ! რას ვაკეთებდი და რუსებს დასაბომბი ობიექტების კოორდინატებს ვაწვდიდი… რა უნდა მეკეთებინა: რეპორტაჟს გადავცემდი შუადღის გამოშვებისთვის. კავშირი გაწყდა და შემთხვევით თქვენს ლაპარაკს მოვკარი ყური, ყველაფერი გავიგე… ეს მე ვარ შობელძაღლი?
გრიშა: (შეწუხებული) არაა… შობელძაღლი მე ვქვი, ისე, სულ სხვა გაგებით…
ჟურნალისტი: რა გაგებით?
გრიშა: რა გაგებით და… არ მახსოვს რა გაგებით…
აკო: მართლა არავის უკადრებია…
ჟურნალისტი: როგორ, საკუთარი ყურებით (გაახსენდება ერთ ყურზე ტელეფონის აქსესუარი რომ უკეთია)… ყურით გავიგე, სხვენშიო, ჟურნალისტიო, შობელძაღლიო… ვინ არის შობელძაღლი!
აკო: არ ვიცი, ვინ არის შობელძაღლი!.. ამ ბატონმა სიტყვა „შობელძაღლი“ მართლაც ახსენა, მაგრამ თქვენზე კი არა, სხვაზე თქვა…
ჟურნალისტი: აჰ, ესე იგი სხვაზე?
აკო: სხვაზე!
ჟურნალისტი: ვინ სხვაზე! თქვენ მე ვინ გგონივართ, ვინ სხვაზე!
აკო: იმაზე… რა ქვია… მარშალ ვოროშილოვზე…
ჟურნალისტი: ვოროშილოვზე?
ნინიკო: ვოროშილოვზე კი არა, უფრო ზუსტად, მის ნაჩუქარ თოფზე…
ჟურნალისტი: დამცინით? რა ვოროშილოვი! რა თოფი!…
აკო: აი, ის თოფი, კედელზე რომ ჰკიდია!
ჟურნალისტი: კედელზე სტალინიც ჰკიდია…
გრიშა: სტალინზე არაფერი წამოგცდეს, შე მართლა შობელძაღლო შენა, თორემ ეს იარაღი მიჭედებული კი არაა… ჩამოვიღებ და გაგიხვრეტ შუბლს!
ნინიკო: დამშვიდდით, ბატონო გრიშა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას…
აკო: (ჟურნალისტს) როგორ იქცევი, არა გრცხვენია, ბაბუის ტოლა კაცს როგორ ელაპარაკები?
ჟურნალისტი: მე უნდა მრცხვენოდეს? მე ვლაპარაკობ ცუდად? ჯერ შობელძაღლიო, მერე შუბლს გაგიხვრეტო… ეს ხომ შეურაცხყოფა და მუქარაა… მე თქვენ ვინა გგონივართ, მე ცნობილაძე ვარ, ცნობილი ჟურნალისტი! მე, მე რადიო „უცნობში“ ვმუშაობ და ყველას ვიცნობ… სტალინისთვის მე არაფერი მიკადრებია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს…
გრიშა: რა პოზიცია! რა პოზიცია! თუ კაცი ხარ, ჩამოდი ძირს და ისე მითხარი, რა პოზიცია გაქვს… შენისთანებზე გაუცვდა ამ თოფს ჩახმახი, მაგრამ, იცოდე, ერთხელ როგორღაც კიდევ გაისვრის… კიდევ გაისვრის!
ჟურნალისტი: არ გამიხეთქოთ გული!… მე არაფრის მეშინია, მღებრიშვილიც ეგრე მემუქრებოდა!.. თქვენ მე ვინ გგონივართ!.. (რეკავს ტელეფონი. ზარი: გაზმანოვის ტი მარიაჩკა, ია მარიაკ) ალო, ალო… ხაზზე ვარ, გისმენ, ერთი წუთი მაცალე, უკან დავბრუნდები… გესმის? ცოტაც და მზად ვიქნები… უკვე მზად ვარ, დავიწყო? მოგესალმები ანკა, მივესალმები რადიომსმენელს, მე ახლა ვიმყოფები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან… უფრო სწორად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც საქართველოს ათასობით მოქალაქე ცდილობს საზღვრის გადაკვეთას… ანკა, უნდა გითხრა, რომ მესაზღვრეები ვერ აუდიან საქმეს, ხალხი კი პანიკაშია, რამდენიმე მათგანს გამოველაპარაკე, ვინაობა არ გაამხილეს, თუმცა მითხრეს, რომ რუსების შემოსვლის შიშით თბილისი ნაუცბათევად დატოვს… ამჟამად საზღვართან სავარაუდოდ 5-6 კილომეტრიანი რიგი დგას, ადამიანები მანქანებიდან არ გადმოდიან და, შესაბამისად, სახესაც მალავენ, თუმცა ნომრების მიხედვით მე რამდენიმე ცნობილი ადამიანისა და მაღალჩინოსნის მანქანა ამოვიცანი… (ხმა ნელნელა იკარგება)
გრიშა: აჰა, წავიდა სხვენში!.. სად მიდიხარ, დაბრუნდი, გესმის, დაბრუნდი! (მიყვება, კიბეზე ადის)
აკო: (ნირწამხდარი) გაიგონე, რეები ილაპარაკა? რომ მიცნოს, მთელ ქვეყანას შემიყრის, გაიქცა, გაიქცაო! რას იტყვიან დეპარტამენტში, რას იტყვის ბატონი ოთარი?..
ნინიკო: დამშვიდდი რაა! ჯერ ერთი ვერ გიცნობს. საიდან უნდა გიცნოს, სულ ერთხელ გამოჩნდი ტელევიზორში და მაშინაც ულვაში გქონდა გაპარსული… მერე კიდევ, რა უნდა თქვან დეპარტამენტში, ვის აქვს შენი დარდი, ალბათ, უკვე ყველამ უშველა თავს…
აკო: კი მაგარამ, ბატონი ოთარი?
ნინიკო: ბატონი ოთარი ყველაზე ადრე გაიქცეოდა!
აკო: ყველაზე ადრე?
ნინიკო: დამიჯერე!
აკო: არა, დასამალი რა მაქვს… მე არსად გავრბივარ, გადაგიყვან საზღვარზე და ეგრევე უკან დავბრუნდები… მაგრამ, ბატონ გრიშასი არ იყოს, ხო იცი ამ ჟურნალისტების, ამ მართლა (დაბალ ხმაზე) შობელძაღლების ამბავი? ათას კუდს გამოაბამენ, გაიქცაო, სამშობლო განსაცდელში მიატოვაო… ისე, არ უნდა დამეჯერებინა შენთვის, არ უნდა გამოვქც… წამოვსულიყავით, რაღა ჩვენ დაგვეცემოდა ბომბი ან რაღა მაინცდამაინც ჩვენ მოგვადგებოდნენ ტანკები ვარკეთილში? შენი ბრალია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაინც არ ვიყო, როგორ ვიმართლო თავი, ყველაფერი რომ დამთავრდება…
ნინიკო: კარგი რა, მარტო შენ ხომ არ ხარ მოადგილე, შოთაც მოადგილე არაა?
აკო: მერე, შოთას მადარებ? შოთას იცი რა ბედი აქვს? შოთა ახლა წინა ხაზზე იქნება გასული, მერე მსუბუქად დაიჭრება ხელში ან მხარში და გამოჩენილი გმირობისთვის გორგასლის ორდენს დაკიდებენ საზეიმო ვითარებაში… პატრიარქიც დალოცავს, პრეზიდენტიც ხელს ჩამოართმევს, ტაშსაც დაუკრავენ, ბოლოს კი დეპარტამენტის თავმჯდომარედაც მაგას დანიშნავენ!
ნინიკო: დანიშნავენ და დაინიშნონ, დიდი ამბავი, ჰქონდეს ეგ დეპარტამენტია თუ რაც არის, სიკეთეში მოახმაროს ღმერთმა.
აკო: მერე ჩემი კარიერა, მომავალი, სამსახური, რომელსაც წლები შევალიე!..
ნინიკო: (აჯავრებს) „კარიერა“! „სამსახური“! „წლები შევალიე“! ცარიელი სიტყვებია ეგ ყველაფერი! წლები კი არ შეალიე, წყალში გადაყარე! რა სამსახური ეგაა, შენს მაგივრად მე რცხვენია. სად მუშაობს შენი აკოო, გოგოები რომ მეკითხებიან, ხან რა ტყუილს ვიგონებ და ხან – რას…
აკო: (აღშფოთებული) რა თქვი, მრცხვენიაო? რა აქვს ჩემ სამსახურს სამარცხვინო? ასე არასოდეს გილაპარაკია… ერთი კარგად შემომხედე, გაგიჟდი? ხომ არ გავიწყდება, ჩემზე და ჩემ სამსახურზე რომ ლაპარაკობ! სამსახურზე, რომელიც გაცმევს, გაჭმევს და, სხვათაშორის, ხანდახან რაღაც რაღაცეები იმ შენ მაწაკ დაქალებსაც ერგებათ ხოლმე…
ნინიკო: ერთი ესა ნახე! ნეტა, ვიცოდე რომელი ჩაგიხტა კალთაში! მითხარი ერთი, რომელი ჩაგიხტა კალთაში… რამის თავი მაინც გქონდეს, შე უბედურო!
აკო: (ყვირის) ნინო! ძალიან გთხოვ, ასე ნუ მელაპარაკები!
ნინიკო: როგორ ნუ გელაპარაკები, როგორ? გელაპარაკები როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთესლეობის დეპარტამენტის, იგივე „ბოსტანჯიშთესლის“ თავმჯდომარის მოადგილეს ეკადრება!..
აკო: (ხელს აწევს, თითქოს უნდა დაარტყას, მაგრამ გადაიფიქრებს) ზედმეტი მოგდის! (პაუზა) დაწყნარდი, მეც დავწყნარედები. რაღას გამოვრბოდით, თუ მაინც უნდა დაგვეხოცა ერთმანეთი… სხვათაშორის, „ბოსტანჯისთესლისა“ და ჩემნაირი მეთესლეების დამსახურებაა, რომ აქამდე არ დავკარგეთ და, შეიძლება ითქვას, გადაშენებას გადავარჩინეთ ყველაზე ძვირფასი ეროვნული საგანძური: ყურძნისა და ხორბლის ენდემური ჯიშები! წიწიბურაზე აღარაფერს ვიტყვი… მაგრამ შენ რა გესმის…
ნინიკო: შეიძლება არც მესმის, მაგრამ კარგად ვხედავ: მაგ შენ ენდემურ ჯიშებს ახლა ცეცხლი უკიდია და შენ, ჯარისკაცის მამისაგან განსხვავებით, არ ყვირი „ხლებ გარიტო“, შენ და შენნაირი მეთესლეები უკან მოუხედავად გარბიხართ…
აკო: (აღშფოთებული) ახ, მე, მე გავრბივარ, არა? მორჩა, აღარსად მივდივართ, უკან ვბრუნდებით!
ნინიკო: დაბრუნდი, ვინ დაგიშილა მერე! ვინ დაგაძალა, გინდა თუ არა, წამოდიო… დაგავიწყდა როგორ იყო? მე ვიკითხე, ყველა გარბის და ჩვენც ხომ არ ვუშველოთ თავს-მეთქი, შენ მითხარი: საზღვართან ახლოს ერთი ოჯახური სასტუმრო მეგულება და იქ შეფაროთ თავიო, თუ თბილისს აიღებენ, დავახვიოთ აზერბაიჯანშიო და თუ გადაიფიქრებენ, უკან დავბრუნდეთო…
აკო: მოიცა, მაგით რისი თქმა გინდა? (ჩურჩულით) ესე იგი, მე შემეშინდა და გავიქეცი? (მივარდება) მე, მე, შენზე ვზრუნავ, შე ჩათლახო! ვინ ვინ და შენ ხომ კარგად იცი, რომ არაფრის მეშინია, ხომ იცი, რომ ყველა ომში ვარ ნამყოფი და დაჭრილიც ვარ.
ნინიკო: დაჭრილი ხარ?
აკო: ხო, ხო დაჭრილი ვარ!
გრიშა: (სხვენიდან მოისმის ყვირილი) სად?
აკო: (აღელვებული ვერ ამჩნევს, რომ შეკითხვის ადრესატი არაა და აგრძელებს) სად და აი, აქ! (ხელს იდებს მკერდზე) აი, აქ! და განა, მარტო აქ? (სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ირტყამს ხელებს) აქაც, აქაც და აქაც! საცერივით ვიყავი, ერთი ვედრო სისხლი დავკარგე, ძლივს გადამარჩინეს!..
გრიშა: (აღელვებული, კიბეზე ჩამოდის) ეს რა გაბედა! ეს რა გაბედა! (კედლიდან თოფს იღებს, ამოწმებს დატენილია თუ არა და უკან კიბისკენ ბრუნდება) ეს რა გაბედა!
ნინიკო: რას აკეთებთ, ბატონო გრიშა, თოფი რად გინდათ?
აკო: რისთვის უნდათ თოფი, არ იცი? გადარევენ ადამიანს და მერე ეკითხებიან, რისთვის გინდაო. (გრიშას) რა გითხრათ ასეთი, ბატონო გრიშა, რა გაკადრათ?
გრიშა: (ჩერდება) მაკადრა? ჯანდაბას ჩემი თავი! (ხელს სტალინის სურათისკენ იშვერს) იმასაც აკადრა! (აკოს მიეჭრება და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს)
აკო: რას მელაპარაკებით!
გრიშა: აბა, ორივემ – შენ და შენმა სტალინმა ერთმანეთს გაასწარით, სამ ასოზე წადითო!
აკო: (მოჩვენებითი აღშფოთებით) სამზეო, კაცოო!
გრიშა: ხო, სამზეო, სამზეო! (კიბეს მივარდება, საფეხურზე შედგება და თოფს ზევით, სხვენში დაუმიზნებს). ჰოდა, მეც სამამდე ვითვლი!
ნინიკო: რას აკეთებთ, ბატონო გრიშა, გადაირიეთ?
გრიშა: ვინ ვის და სად გაგზავნის, მაგას ვაჩვენებ, მე! ერთიი…
აკო: ბატონო გრიშა, დაწიეთ ეგ თოფი, მართლა არ გაგივარდეთ, ამ სიბერეში ვიღაც ნაძირალა ჟურნალისტის გამო ციხეში არ მოხვდეთ!
გრიშა: (ჩურჩულით) ნემსი არ უვარგა, არ ისვრის (ხმამაღლა) ხომ გავაფრთხილე სტალინზე არაფერი წამოგცდეს-მეთქი, ხომ გავაფრთხილე! ჩამოდი და ბოდიში მოიხადე! ორიი…
აკო: (კიბესთან მიდის) ბატონო გრიშა, ფრთხილად იყავით, მაინც თოფია, დატენილია, ეშმაკს არ ძინავს… მე მიმიშვით, დაველაპარაკები, იქნებ, წამოცდა, ბოდიშის მოხდა უნდა…
ჟურნალისტი: (ყვირის) გაწიეთ ეგ ჟანგიანი თოფი, ნუ მიმიზნებთ, თორემ ხომ გაგიგონიათ, ყველა ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპებაო…
ნინიკო: აუ, ესა ნახე, რა ქადაგება დაარტყა: ნეტა, რომელ სასტუმროში აქვს სასულიერო განათლება მიღებული… ბატონო გრიშა, ბიბლია თქვენც გაქვთ ნომრებში?
გრიშა: ბიბლიაც გვაქვს და სატელეფონო ცნობარიც, მაგრამ ამას ახლა ვერცერთი უშველის… ესე იგი, არ ჩამოხვალ?
ჟურნალისტი: არა!
გრიშა: არა ხო?
ჟურნალისტი: არა!
გრიშა: მაშინ სამი! (ისმის გასროლის ხმა)
გასროლას მოჰყვება სიჩუმე, სულ მალე კი თვითმფრინავის ზუზუნისა და ჩამოგდებული ბომბის ხანგრძლივი, გულისგამაწვრილებელი ხმა, რომელსაც ძლიერი აფეთქება შეცვლის. ისმის მსხვრევის ხმა და განწირული ადამიანების ყვირილი. ბნელდება. ისადგურებს სიჩუმე. მოქმედება სრულ სიბნელეში გრძელდება. მხოლოდ ხმები ისმის.
აკო: (ყვირის) ნინო! ნინიკო!
ნინიკო: (კვნესის) ნუ ყვირი, ისედაც თავი მისკდება!
აკო: სად ხარ! რატომ ვერ გხედავ! რამე ხომ არ დაგემართა!…
ნინიკო: ვერ მოესწრები! (კვნესის) ეს რა იყო, რა მოხდა?
გრიშა: ბომბი დაგვეცა, ამხანაგებო, ბომბი!.
ჟურნალისტი: ხო, გაგაფრთხილეთ, არ ისროლოთ-მეთქი, რატომ არ დამიჯერეთ?
გრიშა: არ უნდა გავარდნილიყო…, ამასწინათ სანადიროდ მინდოდა წასვლა, მაგრამ ხმა ვერ ამოვაღებინე. ხელოსანთანაც მივიტანე, მაგარამ ვერაფერი უშველა, უიმედოა, ნემსი აქვს შესაცვლელიო, მითხრა. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო…
ჟურნალისტი: რაც გინდათ, ის იფიქრეთ. ყველაფერი რომ დამთავრდება, გიჩივლებთ…
გრიშა: მეც გიჩივლებთ…
ჟურნალიტი: თქვენ რის გამო, მიჩივლებთ? გამლანძღეთ, დამემუქრეთ, მესროლეთ და კიდევ თქვენ მიჩივლებთ?
გრიშა: გიჩივლებთ!
აკო: სანამ უჩივლებთ, იქნებ, ვინმე დამეხმაროს. მგონი დაჭრილი ვარ. ვერაფერს ვხედავ… იქნებ, ვინმემ შუქი აანთოს… ბატონო გრიშა, შუქი…
ნინიკო: სანთებელა მქონდა, მაგრამ ვერ ვპოულობ… ბატონო გრიშა, რამე მოახერხეთ, ლამფა გექნებათ…
გრიშა: ლამფა? კართან ეკიდა კედელზე, მაგრამ კედელი აღარ არის და ლამფა იქნება?
ჟურნალისტი: კედელი კი არა, საერთოდ არაფერი აღარ არის! მგონი, აღარც ჩვენ ვართ!..
აკო: როგორ არ ვართ! აბა, როგორ ვლაპარაკობთ, როგორ გვესმის ერთმანეთის?
ჟურნალისტი: (ზარი სხვენიდან: ტი მარიაჩკა, ია მარიაკ) გისმენ, ანკა, გისმენ,… რას ამბობ! გაფიცებ! არა მართლა! სი-ენ-ენმა გადმოსცა? რას მელაპარაკები! სად, სად? ორთაჭალასთან?.. ალო, ალო, ცუდად მესმის! ორჭოსანთან?… ხო, გავიგე, აუხვიეს, ორჭოსანთან აუხვიეს!.. ეგ სადღააა!… რატომ აუხვიეს?. დამთავრდა? ალო! ალო!.. სხვა რა ხდება… (ისმის ტელეფონის ზუმერის ხმა. კრეფს ნომერს, მაგრამ ავტომატი პასუხობს, რომ ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან)… არა, ოღონდ ახლა არა რა! ახლა არა!
აკო: რაო, რა დამთავრდაო?
ჟურნალისტი: ომი დამთავრდაო, ომი!
აკო: ეგ როგორ, ამ წუთას არ დაგვბომბეს?! დამთავრდა არა!
ჟურნალისტი: ვა, დამთავრდა-მეთქი, გეუბნები! სი-ენ-ენ-მა გადმოსცა. მორჩა, თბილისზე აღარ მოდიანო!
აკო: ესე იგი, დამთავრდა?
ჟურნალისტი: ხო, დამთავრდა!
აკო: ვააა! ვინ იფიქრებდა, რომ ხუთ დღეში დამთავრდებოდა!
გრიშა: დამთავრდა? რა დამთავრდა! მე რა მეშველება, ვინ ამინაზღაურებს ამხელა ზარალს? ვინ გადაიხდის ბანკის ვალს?
ჟურნალისტი: სტალინი გადაიხდის, სტალინი!
გრიშა: ეე, ნეტა, იყოს სტალინი და…
ჟურნალისტი: რა იქნებოდა, რა..
გრიშა: ომი არ იქნებოდა, შიმშილი არ იქნებოდა, შენნაირები არ იქნებოდნენ…
ნინიკო: ბატონო გრიშა, რატომ გგონიათ, რომ თქვენნაირებს დაინდობდა?.. თქვენც რომ დაეხვრიტეთ?…
გრიშა: დავეხვრიტე მერე! დიდი ამბავი! თუ საქმეს ასე სჭირდება, უნდა დაგხვრიტოს კიდეც! აბა?
ნინიკო: როგორ, ბატონო გრიშა, სიცოცხლეს დათმობდით?
გრიშა: გადამრევს ეს ხალხი! იმასთან შედარებით ჩემი სოცოცხლე რა მოსატანია! მე ვინა ვარ, ის კი ყველა ხალხის მამა იყო… გენერალსინუსი იყო!
აკო: გენერალისიმუსი!
ჟურნალისტი: (იცინის) კოსინუსი! კოსინუსი!
გრიშა: მოვკლავ, ამ ლაწირაკს!
ნინიკო: (აკოს) შენ კიდევ ამბობ, დამთავრდაო…
აკო: დამთავრდა არა…. ხუთ დღეში არაფერი მთავრდება! მეც კარგი ნათრევი ვარ სასტუმროებში და ერთი-ორჯერ მეც გადამიშლია ბიბლია… ხუთ დღეში ღმერთმა ვერ დაასრულა თავის საქმე… არადა, ისე რო დაფიქრდე, რა კარგი იქნებოდა, რომ გაჩერებულიყო ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე, მხეცებზე… მაგრამ არა! აღორძინდით და გამრავლდითო და აჰა, ჩვენც ავღორძინდით და გავმრავლდით!..
ნინიკო: ნეტა რეებს ბოდავ, თუ იცი!
აკო: ვიცი! ძალიან კარგადაც ვიცი!
ნინიკო: რა იცი!
აკო: რა და ის ვიცი, თუ რატომ არ ენახვება ხალხს…
ნინიკო: ვინ?
აკო: ვინ და ის, ის ზემოთ რომ არის!
ნინიკო: (აჯავრებს) ვაა! ნეტა, რატომ?
აკო: თავის ნამოქმედარის რცხვენია!
ნინიკო: რა?
აკო: რაც გაიგე! თავის ნამოქმედარის რცხვენია!
ნინიკო: დიდი ხანია, რაც ეგ საიდუმლოება შეიტყვე?
აკო: არა, სულ ახლახან, ბომბასავით დამეცა!
ნინიკო: ბომბასავით?
აკო: ხო, ბომბასავით და გამინათდა…
ნინიკო: ესე ეგი, მიწამ თავი დაგანება და ახლა ზეციდან ჩაგესმის ხმები… არა რა, ხო ვამბობდი, სასტუმროებში არაა ბიბლიიის ადგილი-მეთქი!.. წაიკითხავენ ძილის წინ ორ აბზაცს და მერე მთელი ცხოვრება ბოდავენ!.. ამათ მხოლოდ სატელეფონო ცნობარი უნდა აკითხო, არც წიგნი, არც გაზეთი და არც ჟუნალი, მხოლოდ სატელეფონო ცნობარი!…
გრიშა: ჩუ! მგონი ვიღაცა მოდის! (ისმის ლაპარაკი, ხმაური, სირენის ხმა) აქეთ! აქეთ!
ჟურნალისტი: აანთეთ რა, შუქი აანთეთ, ვერ ვიტან სიბნელეს!
აკო: გაჩუმდი, რა გაყვირებს, შე მართლა ბნელო, შენა, რას ვერ იტან, სულ სიბნელეში არა ხარ, ცოტაც მოითმინე!..
ჟურნალისტი: აანთეთ! აანთეთ!
გრიშა: აქეთ! აქეთ!
აკო: არ აანთოთ, გაზის მილი არ იყოს გამსკდარი, არ ავფეთქდეთ, გესმით არ აანთოთ, არ დაუჯეროთ, არ აანთოთ!..
ნინიკო: კარგი, დაწყნარდი, რა მოგივიდა, აანთონ, შენი რა მიდის…
აკო: როგორ რა მიდის, რომ მიცნონ?
ნინიკო: ვინ უნდა გიცნოს?
აკო: იმან!
ნინიკო: ვინ იმან?
აკო: იცი შენ, ვინც!
ნინიკო: შოთამ?
აკო: თუნდაც შოთამ!
შორიდან ხმა: არის ვინმე ცოცხალი?
აკო: ნამდვილად მისი ხმაა?
გრიშა: აქეთ, აქეთ!..
ჟურნალისტი: გვიშველეთ, გვიშველეეეთ!
ნინიკო: (გრიშას და ჟურნალიტს) გემუდარებით, გაჩუმდით, ცოტა ხანი გაჩუმდით რა!
შორიდან ხმა: (მკაფიოდ) არის ვინმე ცოცხალი, ხმა გაგვეცით, არის ვინმე ცოცხალი?
აკო: ისაა, ხმაზე ვიციანი! ნამდვილად ისაა!.
ნინიკო: შოთა?
აკო: კი, შოთაა, შოთა! ნეტა, რას გადამეკიდა, რა უნდა! საიდან გაიგო აქ რომ ვარ? ვინ თხოვა ჩემი გადარჩენა!… რა ვუთხრა, როცა მკითხავს, აქ რა გინდა, ან სად იყავი ამდენი ხანიო? რა ვუთხრა, შემეშინდა და გავიქეციო?
ნინიკო: კარგი რა, შენი ჭირიმე! მარტო შენ ხომ არ გაქცეულხარ, მთელი ქვეყანა გარბოდა!..
ჟურნალისტი: აანთეთ, შუქი აანთეთ!
გრიშა: აქეთ, აქეთ!
ნინიკო: ბოლოს და ბოლოს, მართლა რა გახდა, აანთეთ ეგ დამპალი შუქი!
ინთება შუქი. სცენაზე ყრიან მოქმედი პირები. სამხედრო ფორმიანები მათ გვამებს აგროვებენ და საკაცეებზე აწვენენ. შემოდის მამაკაცი.
მამაკაცი: არავინ გადარჩა?
სამხედრო: არავინ, პირდაპირი ნავოდკითაა დაცხრილული! საბაჟო გამშვები-პუნქტიდან დაუნახავთ: ჯერ ამათ უსვრიათ სხვენიდან…
მამაკაცი: რა იარაღიდან ისროლეს?
სამხედრო: ესე ერთი შეხედვით ძნელია რამის თქმა, ექსპერტები მუშაობენ…
მამაკაცი: ზუსტად იცით, რომ არავინ გადარჩა?
სამხედრო: ისე არიან დასახიჩრებული, რომ ამოცნობაც კი გაჭირდება!
მამაკაცი: (თავისთვის ჩაილაპარაკებს) უცნობი გმირები… უცნობი გმირები… კარგი რეპორტაჟის გაკეთება შეიძლება ამაზე… (იღებს მობილურს, თან ნელი ნაბიჯით მიიწევს კულისებისკენ. ტელეფონის მენიუში იქექება) „ჟურნალისტი“… „ჟ“, „ჟ“… ჟჟორა არა, ჟუჟუნა, ჟოორესა, სად დაიკარგა… აი, ჟურნალისტიც… რვა-ცხრა-ცხრა… (რეკავს, თითქმის გასულია სცენიდან. თავისთავს ელაპარაკება) უცნობი გმირები! საქართველოს ისტორია სავსეა უცნობი გმირებით, ამიტომაც მოვაღწიეთ აქამდე! გავიდა! ჰა, აიღე ახლა, აიღე!
(გადის სცენიდან. ცარიელ სცენაზე აგდია მობილური ტელეფონი. ისმის მისი ზარის ხმა: ტი მარიაჩკა, ია მარიაკ…)
ფარდა
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“