ინტერვიუ

ანა კორძაია-სამადაშვილი – ჩემი ცხოვრების წიგნები

მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება / ბავშვობის საყვარელი წიგნი

პირველად იყო „ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა“, პირველი „წიგნი წიგნი“ – არა მოთხრობების ან ზღაპრების კრებული, არამედ ისეთივე წიგნი, როგორებსაც უფროსები კითხულობდნენ.

ეს არის არამარტო პირველი მოგონება წიგნის შესახებ, არამედ ბავშვობის საყვარელი წიგნიც და ზრდასრულობის საყვარელი წიგნიც. ჰოი, დიდო სელმა ლაგერლოფ!..

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა / მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ერთი წიგნი ვერაფერს დამაკლებდა. ალბათ, მრავალმა მწერალმა შეკრა პირი ჩემ წინააღმდეგ, მატირეს, მანერვიულეს, წამახდინეს.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

სეეს ნოოტებუმი „რიტუალები“. ნამდვილად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე იყო.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ალექსანდრ დიუმა, რობერტ ლუის სტივენსონი – ნამდვილად არ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრნი მყვანან.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

ესენიც ძალიან ბევრნი, ოღონდ სხვადასხვა ნიშნით „არდასაბრუნებლები“ არიან.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

ხუან რულფოს „პედრო პარამო“.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

თავი არავისთან გამიიგივებია, ვიღაც-ვიღაცების თავგადასავლები კი ძალიან მომწონს და სიამოვნებით გადავიხდენდი, მაგრამ ისინი სულ ბიჭები არიან და…

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს / წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ჰარუკი მურაკამის „დასაქოქი ჩიტის ქრონიკების“ შესახებ შემიძლია ვრცელი ამბავი მოგითხროთ – ამბავი იმისა, თუ როგორ გამიმწარა ერთმა მწერალმა ერთი ზაფხული, და ეს ერთი ქალის დიდი ბოროტების და მეორე ქალის დიდი სისულელის დამსახურება იყო.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

პერიხან მაღდენის „ვის გავურბივართ?“ – არ ვარ დარწმუნებული, რომ ავტორის სახელი სწორად „ვთარგმნე“.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

საძაგელი დეტექტივია, დასახელებასაც არ იმსახურებს.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

აღარავის თარგმნა აღარ მინდა, საერთოდ. გამამწარეს გენიოსებმა.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

გრეგორი დეივიდ რობერტსის „შანტარამი“ – წაიკითხეთ, მე მგონი, დიდი სიამოვნება გელით.

© არილი

Facebook Comments Box