ესე

დათო ქარდავა – წვერა, მურწა, ჭანარი…

Zveli_Tbilisi

ყველა დიდი ქალაქი დიდი მდინარის პირასაა გაშენებული. შესაბამისად, გადახლართულია ქალაქისა და მდინარის თავგადასავლებიც. ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც მტკვარ-თბილისის წყვილია, თუმცა ამის მიუხედავად მტკვარს – საქართველოს უპირველეს მდინარეს, სხვა დიდი მდინარეებისგან განსხვავევბით, დღემდე არ ღირსებია მეტ-ნაკლებად სრულყოფილი აღწერა, გამოკვლევა და, თუ გნებავთ, ბიოგრაფია. დათო ქარდავას წიგნი “მტკვარი და მისი ორი ნაპირი”, რომელსაც სულ მალე ბაკურ სულაკაური გამოსცემს, ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა. ეს არის მტკვრის ერთგვარი ილუსტრირებული ბიოგრაფია, მდინარის კულტურული თავგადასავალი თბილისის ფარგლებში: ავჭალიდან ორთაჭალამდე, დაარსებიდან დღემდე.

მრავალი საუკუნის განმავლობაში მტკვარი იყო თბილისის (მისი ყოფისა და კულტურის) ნაწილი, მისი სასიცოცხლო ძარღვი. მტკვრის წყლით იკლავდნენ წყურვილს, რწყავდნენ თბილისის სახელგანთქმულ ბაღებს. მტკვარში იჭერდნენ თევზს, გრილდებოდნენ ზაფხულის ხვატში; მტკვარი და მისი ორივე ნაპირი შეუცვლელი ადგილი იყო ქეიფისა და დროსტარებისთვის, ანუ როგორც გრ. ორბელიანი იტყოდა „ლაზათიანი ჩასხდომისათვის“. გარდა ამისა, მტკვარზე გამართული წისქვილებით ფქვავდნენ ხორბალსა და სხვა მარცვლეულს. მტკვრის კალაპოტში მოპოვებული რიყის ქვით იკირწყლებოდა ქუჩები და შენდებოდა სახლები. მტკვრის საშუალებით გადაჰქონდათ ტვირთი და მტკვარზე (როგორც ქართველთა იორდანეზე) სრულდება მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალები, თუმცა ასეთი ვითარება იყო მანამ, ვიდრე კომუნისტებმა მტკვარი „გრანიტის აკავნში“ არ ჩააწვინეს და საავტომობილო მაგისტრალებით არ ჩახერგეს მდინარემდე მისასვლელი გზები. შედეგად მტკვარი დაიკარგა, გაქრა თბილისელთა ყოფიდან, რასაც ხელი შეუწყო წყლის დაბინძურებამ. მასში ჩაღვრილი საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. “მტკვარი და მისი ორი ნაპირი” – ეს არის მცდელობა, დაუბრუნოს თბილისელებს „დედა მდინარე“, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი უწოდებდა მტკვარს.

გთავაზობთ მეთევზეებისადმი მიძღვნილ თავს დათო ქარდავას წიგნიდან.

 

„ზის მტკვარსა შინა თევზნი მრავალნი და გემოიანნი, რომელსა იპყრობენ ბადით, კონით, ფაცრით, ნევს-კავითა, საფიჩხულითა და ოჩხითა; ჟამად იპყრობისცა ზუთხი“.

ვახუშტი ბაგრატიონი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“

 

„წინ შეეგებეთ, წვიმაში გადით,

შფოთიან მტკვარში ჩასძახეთ თევზებს,

მებადურები მოდიან ბადით

და კალმახები უსხედან მხრებზე!“

ილო მოსაშვილი, „თბილისის წვიმა“

 

„თუ შენ, ჩემო ძმაო და ტოლო, ტყეში გიყვარს ნადირობა შველებზედ და ხოხბებზე, – თბილელი ყარაჩოღელი მტკვარში ნადირობს! თუ შენ, თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარს, მაინც გეშინიან გაუდაბნოვებულ ნადირისა და ყოველი ხის ჭახაჭუხი ქაღალდის ფერს გაძლევს, თბილელის კარაბადინში შიში არ არსებობს. იგი თამამად გადაისვრის ხოლმე ტყვიებით შემძიმებულ ბადეს წყალში, ხოლო თუ ამას საჭიროება მოითხოვს,  – თითონაც ზედ გადაჰყვება და უვნებლად ჩაიყურყუმალავებს შიგ“.

იოსებ გრიშაშვილი, „საიათნოვა“

 

„მიღელავს მტკვარი, ძლიერი დევზე,

გაურკვეველი საყვედურებით

და გამალებით იჭერენ თევზებს

ორთაჭალელი მებადურები“.

ხარიტონ ვარდოშვილი, „მუხრანის ხიდი“

 

ძველი ტფილისისა და მისი ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო მებადურთა საძმო – გაბერილ ტიკებზე შემდგარი გაწუწული მეთევზეები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთისა და მტკვრის იმედად იყვნენ. ტფილისელ მებადურთა ღირსეული წარმოადგენელია არჩილ სულაკაურის მოთხრობის („წყალდიდობა“) პერსონაჟი – მეთევზე ლადო, რომელიც „მიწაზე თითქოს გაუბედავად დადიოდა, თითქოს რაღაცას ეკრძალებოდა, ხოლო როდესაც ნავში იდგა… აქ ვერაფერი შეედრებოდა. ნავი თითქოს განუყოფელი ნაწილი იყო მეთევზის სხეულისა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. თავისი ბრტყელძირიანი ნავით ლადო ყოველთვის ჩაგრავდა მტკვარს, როგორი მშფოთვარე და გახელებულიც უნდა ყოფილიყო მდინარე.“

ტფილისელ მეთევზეებზე საუბრისას ძნელია ფიროსმანისათვის გვერდის აქცევა. ალბათ, ხატვისას ფიროსმანასაც სცემდა თევზისა და მდინარის სუნი, რომელიც ნადავლით ხელდამშვენებულ წითელპერანგა მებადურს ასდიოდა.  პოზირებისას ჯერ კიდევ წყალში მდგომი მებადური, ალბათ ცოტა ხნის წინ მთვარის შუქით აელვარებულ მდინარეს მიუყვებოდა ნავით და სწრაფად აკეცილ ბადეს მარჯვედ აფენდა მტკვრის მოვერცხლილ ტალღებს. ვინ იცის, ეგება ფიროსმანის ეს მებადური ირჯებოდა ოვანეს თუმანიანიანის ერთ–ერთ მოთხრობაშიც?

„ხიდქვეშ მტკვარი ემსხვრევა ქარვასლის კედლებს. მორევთან ტალღა ტალღას ატრიალებს და ყრუ ხმაურობით იწევს მეორე ხიდისკენ. ნაპირთან შორიახლოს ტორტმანობს მწვანე ნავი, რომელშიც მოჩანს ორი კაცი. ერთი ბადეს ეწევა. ხოლო მეორე დგას ნიჩბით ხელში და ნავს ყარაულობს.“ (ო. თუმანიანი, „გიქორ“)

მეთევზე (მებადური) იყო გაბრიელ სუნდუკიანცის ყველაზე ცნობილი პიესის „პეპოს“ მთავარი პერსონაჟი, რომლის შესახებაც იოსებ გრიშაშვილი („გაბრიელ სუნდუკიანცი და ქართველი საზოგადოებრიობა“) წერდა:

„პეპო ქალაქის ტიპია, პეპო ალალმართალი ადამიანია თავისი შრომით მცხოვრები, პეპო მეთევზეა, მებადური, მისი ქონება – ბადეა, მისი შემნახავი – მტკვარი. მართალია, პეპოს მამას თავის კვალობაზე ცოტაოდენი თანხაც ჰქონია ზიმზიმოვზე გასესხებული (კეკეს მზითევი), მაგრამ თვითონ პეპო ყოველდღიურად გამოსული მუშაკია: სწორედ პეპოს ასეთმა მდგომარეობამ მიკარნახა მეთქვა შემდეგი სტრიქონები:

 

„სისხამ დილით თევზებს ვიჭერ,

ბადით ხელში მივალ წყალზე,

ვენაცვალე ჩემ ძმა–ბიჭებს –

არ ფიქრობენ მომავალზე.

დღეს მოგებულს, დღესვე ვხარჯავ,

შესანახად ვის აქვს თავი?

ბადე – ჩემი ქონებაა,

მტკვარი ჩემი შემნახავი.

გაიშალე,

ბადევ, მალე,

გენაცვალე!

როცა წყალში ვისვრი ბადეს, –

თითქოს ახლად დავიბადე.

მთვარე მტკვარზე აფენს სხივებს

და თევზებიც – ჯან – ლივლივებს.

მდიდრებივით არ ვარ უქმად,

მე ღია მაქვს ყველგან კარი.

ვენაცვალე ალალ ლუკმას,

ტკბილია და უწყინარი!

 

ღამით დაჭერილი თევზი დილით ბაზარში ხვდებოდა, სადაც თევზის დიდი რიგი იდგა, რადგან თბილისი უთევზოდ ვერ ძლებდა:

„ქალაქ თბილისში ძველ დროიდანვე სანოვაგის უმთავრეს ბაზარად ითვლებოდა რიყე. მხოლოდ 1880 წლიდან თევზის ბაზარი გადმოიტანეს პუშკინის ბაღის ადგილას, სადაც ურმებით იდგნენ და აუწონრათ იაფ თევზს ყიდდნენ. თევზს მაღალ თვლებიან თათრის ურმებით შეუწყვეტლათ სალიანიდან მოეზიდებოდნენ, თევზეულში მარტო ორაგული იყიდებოდა წონით, რადგანაც მეტათ დიდია და ერთი ადამიანი ვერ იყიდის. ახალი თევზი, სუდაკა, საზანი, კუტუმი ზუთხი, იშხანი, შამაია და სხვა ესენი სულ იყიდებოდა აუწონრათ. ორაგულის თავი ღირდა ორი შაური, კარგი ადგილი გირვანქა სამი შაური, კუტუმი მთელი სამი შაური, საზანი ერთი აბაზი, იშხანი და გელაქნური წყვილი ერთი აბაზი, შამაია წყვილი სამი შაური, ზურგიელი და დოში გირვანქა ორი შაური, ხიზილალა ათი შაური.“ (კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბები“)

გიორგი კაკაბაძეც, ფიროსმანის ცხოვრებაზე დაწერილი წიგნის ავტორი ამბობს, რომ ზოგ ქალაქში იმდენ პურს არ ჭამდნენ, რამდენსაც თბილისში თევზს გეახლებოდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტფილისის ბაზრებში მხოლოდ მტკვარზე დაჭერილი თევზი იყიდებოდაო:

„კასპიის ზღვიდან, ალაზნიდან, სევანიდან, მტკვრიდან და არაქსიდან შემოჰქონდათ. სავაჭროებში როფები იდგა, რომელშიც კალმახი ცურავდა, ირგვლივ ჭილობებზე ლოქო, მურწა, ქორჭილა, სვია, ჭანარი, შამაია, ტარაღანა და ხრამული ეწყო. კასრებში დამარილებულ ქაშაყს ინახავდნენ. დუქნის ყველაზე მშრალ ადგილას კი ჭერში ზუთხის, ორაგულისა და თართის დოშები ეკიდა. მათ ქვემოთ პატარა ლამბაქები ჩაემწკრივებინათ, რომ ჩამოწვეთებული ცხიმი არ დაღვრილიყო. ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, რა თქმა უნდა, რამდენიმე სახეობის ხიზილალა ეწყო, რომელიც მაშინ ერთი გირვანქა აბაზი ღირდა.“

„სახალხო ფურცლის“  1915 წლის №211-ში განთავსებულია თევზის მრეწველი ძმ. ძეგველოვების (პუშკინის ქუჩა, საკუთ. სახლი №7 ტელეფ. №712, განყოფილება ავლაბარში კახეთის ქუჩა, საკუთ. სახლი №7 ტელ. 712) სარეკლამო განცხადება:

„ყოველდღე მოგვდის საკუთარ და სავაჭრო სახლ „ლ. მაილოვ-შვილებით“ სრულებით ცოტა მარილიანი, შავი მეშოჩნი ხიზილალა. აგრედვე ახალ-ახალი მტკვრის ზუთხი, თართი, ფარგა და ლოქო. გვაქვს აგრედვე მიღებული ყოველგვარი კონსერვები და სარდინკები რუსეთისა საზღვარგარეთის ფორმებისა. ხანგრძლივ ინახება.“

თუ მწერალ კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ვერწმუნებით, ყველა თბილისელმა იცოდა  ზნე-ჩვეულება ორთაჭალელი მეთევზეებისა, რომლებიც მთელი დღე მტკვარში ბადესა შლიდნენ, საღამოს კი თევზით სავსე ვედროს ხელში დაიჭერდნენ და თბილისის ქუჩებს მოედებოდნენ.

„ისინი ყველგან თამამად შედიოდნენ, სადაც კი დაფა-ზურნის ხმას გაიგონებდნენ. სუფრას მტკვრის ცოცხალით დალოცავდნენ, ოჯახს გაახარებდნენ და ისევ თავის გზას გაუდგებოდნენ.“ („ორთაჭალელი მეთევზეები“)

მეთევზეთა შრომას დიდად აფასებდა ძველი თბილისის არისტოკრატია, რომელსაც თევზის საჭერად საგანგებო კაცები ჰყოლია. მეთევზენი ბადით, კონით, ფაცრით, ნემსკავით, საფიჩხურითა და ოჩხით იჭერდნენ  სხვადასხვა სახის თევზეულს და პატრონებთან მიჰქონდათ.

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით ნიკოლოზ ბარათაშვილის მამას – მელიტონს „ორი ყმა კაცი გლეხი მიჩენილი ყავდა ყოველდღე ზამთარ-ზაფხულს თევზი ეჭირნათ მტკვარში“ (ზ. ჭიჭინაძე „სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი“).

ცნობილია, რომ გრიგოლ ორბელიანს თევზით ამარაგებდა ორთაჭალელი „მეჩანგლე და მოკრივე“ მიხუა – მეტსახელით ლოპიანა, რომელსაც, როგორც იოსებ გრიშაშვილი ამბობს, ერთი ძველი მოქალაქის, გრიგოლ მამრაძის სიტყვით, ყოველდღე მიჰქონდა გრიგოლ ორბელიანთან „ცოცხალი“ (თევზი): „თვითონვე გამოშიგნავდა, შეამზადებდა „ორთაჭალურად“ და მერე ერთად შეექცეოდნენ სადილს საზანდრებითო! წელიწადი-თორმეტი თვე სულ ერთად იყვნენ და, ჩემის თვალით მინახავსო, დასძენს ციხისუბნელი მამრაძე: ორბელიანს „პარადის“ დროსაც კი თან დაჰყავდა ლოპიანა და ეს ვეება ვაჟკაცი ყველას ხიბლავდა თავის სიტყვა-პასუხით, ნაკვთიერობით, ბუდაღი ფერით და ნიკაპზე აყვავებული  ცნობილი ხალითო!“ (ი. გრიშაშვილი „საიათნოვა“). აკი, უკვდავყო კიდეც თბლისელი მეჩანგლე პოეტმა-გენერალმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსში, როცა დაწერა:


„ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის…

ვის რათ უნდა ლოპიანა, ვინ არის,

მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის…“

(გრ. ორბელიანი, „მუხამბაზი“)

 

იოსებ გრიშაშვილი „საითანოვაში“ იმასაც ამბობს, რომ თბილელებმა იცოდნენ თავის პატივი და „პირის გემო“. მათ უყვარდათ, რომ სუფრაზე ხორაგეული ნაირნაირობდა. აკი, გრიგოლ ორბელიანიც იგონებდა: „მოთალი, თევზი, მწვანილი აგვიჭრელებდნენ წინ სუფრასო…“  თუმცა, იმავე გრიშაშვილის თქმით, თბილელები განსაკუთრებით ეტანებოდნენ ცოცხალ თევზს, რომელშიაც შედიოდა ყველა ჟიჟმატი (წვრილი) თევზი: ფიჩხული, თხუნელა, ლურჯა, მურწა, ჭიჭყინა, ნაფოტა, ღონა და სხვ…

თევზის სიმრავლე სათანადოდ აისახებოდა თბილისელთა კულინარიულ მიდრეკილებებზეც. სუფრა წარმოუდგენელი იყო თევზეულის გარეშე, განსაკუთრებულად განთქმული იყო ორთაჭალაში დაჭერილი და „ორთაჭალურად“ მომზადებული თევზი. აკი, ლადო ასათიანიც თბილისის ყველაზე ცნობილი მხატვარის შესახებ წერდა:

 

„უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები,

გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

(„ფიროსმანის მეგობრებთან“)

 

თბილისურ ქეიფსა და დროსტარებაზე ოცნებობენ კახის ბატონის დატყვევებული მოციქული დიაკვნები დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირშიც“:

 

„ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,

მეორემ – თევზით გავძღები ზურგიელ გელაქნურითა,

მესამემ – მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა“.

(დავითიანი, „კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველის ბატონისაგან“)

 

ცხადია, შეძლებულ თბილისელ მოქალაქეებს ზუთხისა და ხიზილალისგან მომზადებულ კერძებზეც მიუწვდებოდათ ხელი, ხელმოკლეებისთვის კი ნოყიერ საზრდოდ თევზის შიგნეულიც გამოდგებოდა. შემთხვევით არაა, რომ ბარბარე ჯორჯაძის “სრულ სამზარეულოში” თევზეული შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი. 1874 წელს გამოცემული ამ წიგნის მიხედვით, შვინდის ჩურჩით გელაქნურის მოსამზადებლად საჭირო იყო ერთი აბაზი (წყვილი გელაქნურის შესაძენად), შვინდის ჩურჩა – ერთი სტაქანი, ხახვი – ორი თავი და დანაყილი ნიგოზი – ორი სტოლის კოვზი.

„გელაქნური თუ დიდი არის, სამად გასჭერით და პატარა – ორად; მერმე კარგად გარეცხეთ და თავის შესაფერს ქვაბში აადუღეთ კილოთ მარილ-წყალი, გემოთ გასინჯეთ, როგორც მლაშე არ ვარგა, ისე უმარილოც არ უნდა იყოს და ის გელაქნური ჩაყარეთ; რომ წამოდუღდეს, ქაფი მოხადეთ, ერთი რიგობა ისე ძალიან უნდა აადუღოთ, რომ რძესავით გადმოვიდეს და რაც ჭუჭყი აქვს თან გადმოიტანოს; მოხარშვა რომ შეატყოთ, ბლუდზე ამოაწყეთ და წვენი ამ რიგად მოუმზადეთ: ერთი სტაქანი შვინდის ჩურჩა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, ორი თავი ხახვი წვრილად დაჭრილი, დანაყილი ნიგოზი, დაასხით ერთი ჯამი წყალი და კარგად მოხარშეთ; მერე გელაქნურს მოასხით ეს წვენი ან მარტო დანაყილი ნიგოზი წყალში გახსნილი.“

ტფილისური სამზარეულო თევზეულის სხვა არაერთ კერძს იცნობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ეგზოტიკური ალბათ „ორაგულის შიგანურებია“. მასალად საჭიროა: ორაგულის შიგნეულობა – ერთი, დაფნის ფოთოლი, ქინძი, ძმარი – ერთი სტაქანი, პილპილი – ხუთი მარცვალი, მარილი:

„ერთი ორაგულის შიგნეულობა კუჭ-ღვიძლით და ნაწლავებით კარგად გარეცხეთ, ნაწლავები ქინძის თავის წვერით დახიეთ, კიდევ კარგად გარეცხეთ; შიგანურები დასჭერით წვრილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაჰფაროს; შიგ ჩააყარეთ მარილი, პილპილი, დაფნის-ფოთოლი; დუღილში ქაფი მოხადეთ; როცა მოიხარშოს, ქვაბი გადმოდგით, სიმსუქნე მოხადეთ და ცალკე შეინახეთ; სხვა წვენი გადაწურეთ, ერთი სტაქანი ძმარი დაასხით და თან დაუმატეთ მოწვნეული სიმსუქნე, წვრილად დაჭრილი ქინძი. ასე გაკეთებული სამი დღე შეინახება.“

კიდევ უფრო მეტად ეგზოტიკურ კერძებს ამზადებდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში ჩამოყვანილი ტყვეები, რომელთა შრომას, როგორც საქართველოს მაშინდელი პირველი კომუნისტი კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს, თბილისის საქალაქო მშენებლობებზე იყენებდნენ:

„ტყვეთა დიდი უმრავლესობა გერმანელი იყო, მაგრამ მათში საკმაოდ ერივნენ რუმინელები და უნგრელებიც… ორთაჭალაში სამუშაოზე მყოფმა რუმინელმა ტყვეებმა კრწანისის მიდამოებში კუ სულ გაწყვიტეს. ისინი კუს კვერცხის ერობო-კვერცხსაც ამზადებდნენ და მადიანად შეექცეოდნენ. ვაკეში მომუშავე იაპონელმა ტყვეებმა კი კუს ტბის გზა ისწავლეს, წყლის კუს მოხერხებულად იჭერდნენ და მისგან საყვარელ კერძს იმზადებდნენ. სხვათაშორის, იაპონელები კუს ტბაში მალარიის კოღოს კვერცხების მშთანთქავ პატარა თევზ გამბუზიასაც დახვრეტილი ვედროებით იჭერდნენ.“

სხვათა შორის, კანდიდ ჩარკვიანის გადმოცემით, იყო დრო (1951 წ.), როცა კუს ტბა მტკვრის წყალით ივსებოდა. ფრაგმენტი კ. ჩარკვიანის წიგნიდან “განცდილი და ნააზრევი“:

„ვაკის პარკს, ტყეპარკთან ერთად, 120 ჰა ფართობი უნდა დაეკავებინა, თუმცა მცირეკვეთიანი გვირაბით ვარაზის ხევის ჩამონადენი კუს ტბაში ჩავუშვით, აქ იმდენი წყალი არ გროვდებოდა, რომ ასეთი ფართობი მოერწყო. გადავწყვიტეთ წყალი ისევ მტკვრიდან მოგვეყვანა. იყო ვერეს ჩამონადენის გამოყენების წინადადებაც, მაგრამ      ის უარვყავით, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს მდინარე პარკის საიმედო წყალმომარაგებას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინდელი ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ახლოს, მტკვართან, დაიდგა სატუმბავი სადგური, რომელიც მილსადენით წყალს კუსტბამდე აწვდიდა. ტბის დონე ამაღლდა, მისი სარკე რამდენჯერმე გადიდდა. ამით პარკი უფრო დამშვენდა და ტბაც სარწყავი წყლის საკმაოდ ტევად რეზერვუარად იქცა. რაკი მტკვრის წყალი მოხვდა, ნარგაობამ თითქმის უკლებლივ გაიხარა.“

თუმცა, მტკვრით ნასაზრდოები კუს ტბა და მისი ბინადარი კუ და გამბუზიები იქით იყოს. უშუალოდ მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემი ყოფილა 9 სახეობა. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. გარდა ამისა, იხტიოლოგების თქმით, მტკვრის აუზში ასევე გვხვდება: მტკვრის ციმორი და ტობი, ნაფოტა,  შამაია, ქაშაყი, ხრამული, მტკვრის გოჭალა, ღორჯო, კობრი,  კაპარჭინა და სხვა („მდინარე მტკვრის ჰიდრობიოლოგიური რეჟიმი და იხტიოფაუნა“. ავტ. ცისკარიშვილი, სუპატაშვილი, მგელაძე, 1980.)

ცხადია, იხტიოფაუნის ასეთი მრავალფეროვნება მანამდე იყო, ვიდრე ბრაკონიერობისა და კაშხლების აშენების გამო თევზაობის ალო წავიდოდა. საქმე ის არის, რომ მტკვარსა და სხვა მდინარეებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობები სპეციალური თევზსასვლელების გარეშე აშენდა. ამ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ წერდა გაზეთი „თბილისი“ სტატიაში „თევზს გზა უნდა“:

„…აი, რას ამბობს საქართველოს თევზდაცვის სამმართველოს უფროსი მიხეილ თოდრაძე: „განცვიფრებული დარჩებით იმ გულმავიწყობით, რომელსაც ვიჩენდით ჩვენს რესპუბლიკაში მდინარეებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების, განსაკუთრებით კაშხლების მშენებლობისას. ჩვენი მდინარეები „თეთრი ნახშირის“ უამრავი ენერგიის გარდა, მეტად მნიშვნელოვან და საჭირო სხვა დოვლათსაც გვინახავენ თევზის მდიდარ მარაგის სახით. მურწა, ჭანარი, ხრამული, თევზების დედოფალი – კალმახი, შამაია, სვია, რიპუსი, კობრი, ზუთხი, ლოქო და სხვა, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს მდინარეებსა და წყალსაცავებში თევზის მარაგს აშკარად დაეტყო კლების ტენდენცია. მაგალითად: 1946-1950 წწ.-ში ჩვენი მეთევზეობის მეურნეობები რესპუბლიკის მდინარეებში საშუალოდ ყოველწლიურად იჭერდნენ 1 800 ცენტნერ თევზს, 1958 წელს მხოლოდ 873 ცენტნერი ამოიყვანეს წყლიდან, ხოლო შარშან თითქმის იმდენივე. საქართველოს მდინარეებში გაიშვიათდნენ ისეთი ძვირფასი თევზები, როგორიც არის ორაგული და ლოქო. რა მოხდა, რამ გამოიწვია ჩვენი მდინარეების ტალღებქვეშ ბუნების მიერ შემონახული ამ სახალხო საუნჯის დაკნინება?

…კასპიის ლოქოს სახელი აქვს განთქმული. ისიც ქვირითის დასაყრელად მტკვარს გამოჰყვება ხოლმე სათავისკენ. ეძებს მყუდრო, სუფთა, დაწმენდილ ადგილს. ერთმა იხტიოლოგმა გვირჩია, ორთაჭალჰესის კაშხალთან თევზების ბრძოლის სეირისთვის გვეცქირა. მართლაც განსაცვიფრებელ სურათს წააწყდება ხოლმე ადამიანი აქ ხანდახან, როცა მდინარეში წყალი დაწმენდილია და თევზები ქვემო მხრიდან ზედა მიმართულებით დაიძვრებიან. უამრავი თევზი გროვდება კაშხლის ქვედა ბიეფში. ბადის ნაცვლად თოკმობმული კალათაც რომ ჩაუშვათ წყალში, თევზით სავსეს ამოიღებთ.

თევზის დაუსრულებელი ჯოგი სათავის მიმართულებით მიილტვის, კაშხალი ვერ გადაულახავს და უმწეოდ ფართხალებს, ხტება, უნდა ჩანჩქერზე ახტეს, მაგრამ საამისო ძალა ყველას არ შესწევს. მართლაც კარგი სანახაობაა, მაგრამ მარტო ორთაჭალის კაშხალთან როდი იმართება ხოლმე თევზის ასეთი ალიაქოთი. არცერთ მდინარეზე, არცერთ კაშხალთან, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა არცერთ კომპლექსში არ არის გაკეთებული თევზსასვლელი გზა. …ასე იყო დღემდე, მაგრამ აღარ იქნება ამიერიდან. შეუდარებელ ჩვენებურ კალმახს, მურწას, ჭანარს, ხრამულს მალე გაუხსნიან გზას. პირველი ასეთი თევზსასვლელის გაკეთება განზრახულია წლეულს ორთაჭალჰესის კაშხალზე“. („თევზს გზა უნდა“,  „თბილისი“, 1960 წ. 12 თებერვალი)

ბოლო დროს სანაპიროზე კვლავ მომრავლდნენ თბილისელები, რომლებიც თევზის ჭერით ირჩენენ (თუ იქცევენ) თავს და თბილისსაც, ძველი მებადურების მსგავსად, მტკვრის ნაპირიდან აჰყურებენ. კვლავ არჩილ სულაკაურს დავესესხოთ: „მეთევზეს ქალაქი მხოლოდ მტკვრის ნაპირიდან ჰქონდა დანახული და განცდილი, დაბლიდან შესცქეროდა ხეებს, სახლებს, ხიდებს, მტკვრის ნაპირიდან ყველაფერი მაღალი იყო, დიდი…“

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box