რეცენზია

დალი კუპრავა – პიტერ კერი, ძარცვა

zarcva-peter kerey

ძარცვა ანუ საკონცენტრაციო ბანაკში დაბადებული ერი

პიტერ კერი, ძარცვა, მთარგმნელი ქეთი ქანთარია, თბ. „დიოგენე“, 2013

ბუკერის ლიტერატურულ პრემიას, თითქმის, ორმოცწლიან ისტორიაში, ორჯერ გამარჯვებული მხოლოდ ორი მწერალი ჰყავს – სამხრეთაფრიკელი ჯონ მაქსველ კუტზეე და ავსტრალიელი მწერალი პიტერ კერი.

იქნებ, ეს ფაქტი თანამედროვე მკითხველის მოთხოვნის ნიშანია, რათა განსხვავებული გეოგრაფიის, ისტორიისა და კულტურის ქვეყნები ლიტერატურამ მეტად დააახლოვოს, ერთ ოჯახად აქციოს.

ლიტერატურა უცხო კულტურულ სამყაროში, უცნობ სოციალურ სივრცეში, სხვა გეოგრაფიულ არეალში „საბოდიალო გზამკვლევია“. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში მიმოსვლა გაიოლდა, ინფორმაციაც სწრაფია და ვიზუალური, მკითხველს, ძველიდან მოყოლებული – დღემდე, მაინც უყვარს ამბის წაკითხვა და რაც უფრო ახალია ეს ამბავი, რაც უფრო ახლოსაა მის დროსთან, ჩნდება „საკუთარის“ განცდა…

აწმყოს ამბების წყურვილით, წასაკითხად ბოლოდროინდელი გამოცემებიდან პიტერ კერის „ძარცვა – ერთი სიყვარულის ამბავი“ ამ პრინციპით შევარჩიე: რაც შეიძლება „ახალი“ და „ახლა“. რომანი 2006 წელს გამოვიდა. ავტორიც, ახალგაზრდა არა, მაგრამ საშუალოდ ხნიერი თაობისაა და დღესაც ცოცხალია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.

ავტორს და რომანის გმირს საერთო სამშობლო აქვთ: ჩემთვის და, ვფიქრობ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც უცნობი ქვეყანა – ავსტრალია. კენგურუ, ოპერის თეატრის შენობა, ბუმერანგი, აქა-იქ შემორჩენილი დაჩაგრული და თითქმის განადგურებული აბორიგენების ამბავი და ყურსმიღმაგატარებული ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი დღეს განიცდის და დიდ ვალშია ამ კონტინენტთან, რომლის სახელმწიფო დროშაზეც ვარსკვლავებიან ზღვისფერთან ერთად ცინიკურად მოჩანს ინგლისურ- შოტლანდიური დროშების ნაჯვარი ბრიტანული დროშაც. ამ უკანასკნელმა ფაქტმა, დროშებითა და ჰიმნებით გატაცებული, ჩემი ოთხი წლის შვილიშვილიც დააფიქრა – ასაკისთვის ნაადრევი, მაგრამ ბუნებრივი შეკითხვა გაუჩნდა: რატომ არის ავსტრალიის დროშაზე დიდი ბრიტანეთის დროშა?!

რა თქმა უნდა, არ მოვყვები კრიტიკას – როგორია ფორმა, აგებულება, რა იქნებოდა უკეთესი, რა ვერ გააკეთა ავტორმა ან რითი დაიპყრო მკითხველები და მისთანები. მე დავწერ, რომ 21-ე საუკუნეში დედამიწაზე ერების დაბადების უწყვეტი პროცესისა უკვე მჯერა, რომ თვისობრიობაში რაოდენობის გარდაქმნასაც შევესწარი და დედამიწაზე ცხოვრება წარმატებულად გრძელდება. აქამდე თუ გამქრალ ერებზე მომითხრობდა ისტორია, ახლა ვიცი, რომ ავსტრალიელი ერი არსებობს: ის არც აბორიგენია და არც „ბრიტანეთის ციმბირში“, ავსტრალიაში გადასახლებული პატიმარი. ამ რომანით, გავიგე, რომ ავსტრალიელი მსოფლიოს ბუნებაში არსებობს. დავიჯერე რომანის ეპიგრაფისა, რომ ავსტრალიელი ტიპი „ქვეყანა რომ თავზე დამხობოდა, ყოველთვის ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც თავად სურდა“.

განსხვავებულ კულტურას რომ ვეცნობოდი, იმითაც მივხვდი, რომ რომანში თანამედროვე ლიტერატურისთვის სახადივით მოდებული  ცინიზმის ნატამალიც არ ჩანს.  უხვადაა იუმორი, ირონია და სატირა, მაგრამ ცინიზმი – არ ჩანს. მთარგმნელმა ქეთი ქანთარიამ რომანი შესანიშნავი ქართულით მოგვაწოდა როგორც ავტორისეულ ტექსტში, ასევე პერსონაჟების მონათხრობშიც, დიალოგებშიც. თუმცა ეს ერთი და იგივეა: რომანი ორი ძმის მიერ მონათხრობი ამბავია, ორი ძმის ოდისეაა ავსტრალიის კონტინენტიდან იაპონიის კუნძულების გავლით ამერიკის კონტინენტზე. ორი ძმისგან ერთი ქალის სიყვარულის ისტორიაა. ერთსა და იმავეზე ორი განსხვავებული ხედვა: ერთი პირველყოფილი, გულუბრყვილობისა და გულწრფელობის განსახიერება, რომელიც ბავშვობას მშვიდ ხანად ახსენებს და ცხოვრების საუკეთესო ხანად ის წლები მიაჩნია, როცა ძმისშვილს უვლიდა; მეორე ძმა – მეოცე საუკუნის გაწბილებული და გულაცრუებული მხატვარია, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ადამიანს მხატვრობასთან არაფერი აკავშირებს, მას ბევრი რამ ეუხეშება და მხატვრის სახელოსნოს იატაკი მისთვის მსხვერპლშეწირვის ადგილია. ძმები ერთად ქმნიან ერთი, საერთო ავსტრალიელის სახეს: ბავშვის და პრიმიტიული კულტურის ადამიანის სახეს. მეოცე საუკუნის პოსტმოდერნისტი მხატვარი როტკო აიგივებდა ბავშვისა და პრიმიტიული კულტურის ადამიანის ნაშრომის  ფორმის შინაგან შეგრძნებას; ამბობდა, რომ გონება არ ერევაო – ის გონების ჩაურევლად იქმნება, მხოლოდ ფიზიკური და ემოციური გამოცდილებით და არა ინტელექტითო. აი, მხატვარი როტკო რამ გამახსენა, ან რომანის ფიზიკურად არარსებულ გმირსა და ფიზიკურად არსებულ მხატვარს შორის მისტიკურ კავშირებზე თავად წაიკითხეთ, ამ სიამოვნებას ვერ მოგაკლებთ.

მხატვარი უფროსი ძმა მეურვეობს თავის უმცროს გონებასუსტ ძმას. მსგავსება-განსხვავება გონებასუსტსა და გონებასრულს შორის ქრება, ხვდები, რომ ეს პირობითობა ის მოყანყალე კრიტერიუმია, რომელსაც ადამიანი საკუთარი ფიზიკური არსებობის გადასარჩენად აწესებს. ძმები ყასბის ოჯახში გაიზარდნენ, სადაც დილა იწყებოდა ცხოველების ხოცვა-ჟლეტით და მთავრდებოდა იმით, რომ დედა 27 გაპრიალებულ დანას საგულდაგულოდ მალავდა. ჰიუს, გონებასუსტს, ცხოვრებაში აზრად არ მოსვლია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა: რა – დანა, რის – დანა.  ლიტერატურაში ბევრი წინაპარი ჰყავს ამ ტიპის ადამიანს, ფიზიკურად თუ გონებრივად – სხვანაირს. გონებაში მთელი გალერეა  გიცოცხლდება: ნოდარ დუმბაძის ბეჟანა, ფოლკნერის ბენჯი, ჰიუგოს კვაზიმოდო, კეპოტის ჰოლი… ბევრია, ძალიან ბევრი.

ჰიუსთან ერთად მეც, ამერიგო ვესპუჩისა არ იყოს, ამერიკა, ნიუ-იორკი აღმოვაჩინე. იმასაც მივხვდი, თუ რატომ აქებენ ამერიკაში ნამყოფები ამერიკულ თავისუფლებასა და სილაღეს, ამერიკულ დემოკრატიას. ის, რასაც ბოლომდე ვერ მოერია უილიამ ფოლკნერი, ამერიკა – ვერა, მხოლოდ მისი რომანები და პერსონაჟები შემაყვარა, მოახერხეს ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ და ჰიუმ: გამიქრა აკვიატებული „აშშ-ში არ ვყოფილვარ, მაგრამ არც მინდა წასვლა, არ მომწონს“.

ცოდვა გამხელილი სჯობსო, და მიყვარს მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა ყველგან და ყველაფერში, ეს თვისება გათავისებაში მეხმარება. გათავისების გარეშე კი ვერაფერს ვაფასებ – ვერ ვიწონებ ან ვერ ვერ უარვყოფ. „ძარცვა“ რომ „სოფის სამყაროსთან“ დავაკავშირე, ესეც ბუნებრივია ჩემი ცნობისმოყვარეობისთვის – წიგნები გვამოგზაურებს იმ სამყაროში, რომელსაც  სულ ვეძებთ, ხან ხელისცეცებით, ხანაც – ყნოსვით, თვალით, სმენითა თუ გემოთიც; წიგნი ხომ იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში გეხმარება, დავით გურამიშვილმა რომ დასვა: ვინ არის, საიდან მოსულა, სად არის და საით წავაო ?! ვაჟა-ფშაველამ კი უტოპიური არჩევანიც გააკეთა: რად გავჩნდი ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადო?! ჰოდა, თუ „სოფის სამყარო“ ამბებით მკითხველს ფილოსოფიურ აზრში ამოგზაურებს, “ძარცვა” მხატვრობის აზრში დაატარებს მას. ვინმე რომ შემეკითხებოდეს, ამ რომანის მიხედვით ხელოვნებათმცოდნეობაში საუნივერსიტეტო კურსსაც „დავამუშავებდი“, ანუ მწერალთან და სტუდენტებთან ერთად გავარკვევდი, თუ რატომ ექიშპება ავსტრალიური სამყარო ნიუ-იორკის სახელოვნებო სამყაროს, რა აქვს მასთან გასაყოფი.

როცა „ბუკერი“ მოიგო, არ მახსოვს – პირველად თუ – მეორედ, პიტერ კერის უთქვამს: “შოკირებული ვარ“.

მართალია, რომანი „ძარცვა“ გამარჯვებული არ ყოფილა, მაგრამ მისი წაკითხვის შემდეგ, ავტორის ემოციას დავესესხები და გავიმეორებ:  შოკირებული ვარ!

© “არილი

Facebook Comments Box