ესე

დარეჯან კიკოლიაშვილი – ფერნანდა პივანო – ბიტთაობის მემატიანე

pivano32

ფერნანდა პივანო, (1917-2009) – მწერალი, ესეისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.

დაიბადა გენუაში. იყო მდიდარი ბანკირის შვილი. დედა შოტლანდიელი ჰყავდა, ამიტომ მათ ოჯახში ინგლისურად და ფრანგულად ლაპარაკობდნენ. სწავლობდა შვეიცარიაში, საუკეთესო ფრანგულ სკოლაში. 1929 წელს საცხოვრებლად გადადიან ტურინში. მასიმო დ’აძელიოს ლიცეუმში შესასვლელად ფერნანდას იტალიურ ენაში მომზადება დასჭირდა. კარგად იცოდა ვინ იყო ვილჰელმ ტელი, მაგრამ არ იცოდა, ვინ იყო გარიბალდი.

ფაშისტური დიქტატურის დროს გადაასახლეს მამა, დედამ მისი გამოხსნა ერთი პირობით შეძლო: მათი კერძო ბანკი რეჟიმს დაუთმო. სამი თუ ოთხი წელი ოჯახს ფერნანდას დედის ძვირფასი სამკაულებით გაჰქონდა თავი.

სწორედ ფაშიზმის პერიოდში იწყება იტალიაში ამერიკული ლიტერატურით დაინტერესება. ეს ლიტერატურა თითქოს საშუალებას იძლეოდა, გაქცეულიყვნენ ახალ, უცნობ სამყაროში და იგივე ხიბლი ჰქონდა, როგორც თავის დროზე ევროპელი მწერლებისთვის უცნობ და მისტიკურ აღმოსავლეთში მოგზაურობას. ჩეზარე პავეზე, ელიო ვიტორინი, ჯორჯო ბასანი თარგმნიან და იკვლევენ ამერიკულ ლიტერატურას. პავეზე დაწერს: “იმ წლებში აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკა არ იყო სხვა ქვეყანა, ახალი ისტორიის დასაბამი, არამედ უზარმაზარი თეატრი, სადაც სხვა ქვეყნების მწერლებზე მეტი გულწრფელობით ჰყვებოდნენ ადამიანური ყოფის დრამას. … ჩვენ ამერიკული კულტურის საშუალებით გიგანტურ ეკრანზე ჩვენი საკუთარი დრამა დავინახეთ”. თარგმნიან მელვილს, უიტმენს, სტეინბეკს, საროიანს, დიკინსონს, კაპოტის… ხოლო იტალო კალვინოსთვის ამერიკა არ არის ქვეყანა, სადაც უნდა გაიქცე, ის მოგზაურობის ბოლო პუნქტი, საბოლოო მიზანი უფროა, და როდესაც საბოლოო მიზანი იცი, მისი მიღწევის გზაც გამოჩნდება.

ტურინის მასიმო დ’აძელიოს ლიცეუმში პრიმო ლევი მისი ჯგუფელია, ხოლო ახალგაზრდა ჩეზარე პავეზე – ლიტერატურის მასწავლებელი. პივანოს და ლევის საშემოდგომო გამოყვებათ. ომის თემატიკაზე დასაწერ თავისუფალ თემაში პივანომ უფრო პატრიოტული ვერაფერი მოიფიქრა და დაწერა, ტყვიის მაგივრად თოფებში ყვავილები ჩააწყვეთო – ბევრად ადრე, ვიდრე “ყვავილების შვილები” გამოჩნდებოდნენ ამერიკაში. სადიპლომო თემისთვის პავეზემ ფერნანდას ურჩია, ინგლისურის მაგივრად, ამერიკული ლიტერატურით დაინტერესებულიყო. გაკვირვებულმა მოსწავლემ ჰკითხა, რა განსხვავებაა ინგლისურსა და ამერიკულ ლიტერატურებს შორისო. პასუხად, პავეზესგან მიიღო ოთხი წიგნი: ჰემინგუეის “მშვიდობით იარაღო”, უიტმენის “ბალახის ფოთლები”, ანდერსონის ავტობიოგრაფია და ლი მასტერსის “სპუნ რივერის ანთოლოგია”. გადაშლის “სპუნ რივერს” რომელიღაც გვერდზე და გადააწყდება ფრენსის ტარნერის სიკვდილის ამბავს: “მერის ვკოცნიდი, სული ბაგეზე მქონდა აკრული, და გამიფრინდა”. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. იწყებს თარგმნას ისე, რომ არავის უმხელს. პავეზე შემთხვევით იპოვის რვეულში ჩაწერილ ლექსებს და პივანოს ეინაუდის გამომცემლობაში მიიყვანს. 1943 წელს ეინაუდი ბეჭდავს ანთოლოგიის არასრულ თარგმანს. ეს პივანოს პირველი თარგმანია. ეინაუდიმ თარგმნის უფლება სახალხო კულტურის სამინისტროსგან ცენზურის გვერდის ავლით მიიღო, რადგან სათაური ოდნავ შეცვალა: “Antologia di S. Reever”. სამინისტროს უკიდეგანოდ განათლებულ ფაშისტ ცენზორებს ვინმე სინიორ რივერის, თუ წმინდა რივერის ცხოვრება ეგონათ. წიგნი გამოვიდა და უამრავ გოგონას და ბიჭს ეს წიგნი ომით გაპარტახებულ და მშიერ იტალიაში ჯიბით დაჰქონდა.

უფრო ადრე, 1941 წელს იცავს დიპლომს მელვილის “მობი დიკზე”. 1943 წელს იღებს დიპლომს ფილოსოფიაში, იკვლევს ეგზისტენციალიზმს.

1943 წელს თარგმნის ჰემინგუეის “მშვიდობით იარაღოს”. ანტიმილიტარისტული განწყობის გამო წიგნი იტალიაში აკრძალულია. ნაცისტური პოლიცია ჩხრეკს ეინაუდის გამომცემლობას, აღმოაჩენს კონტრაქტს, რომელიც რედაქციამ პივანოს დაუდო, ჰემინგუეი რომ ეთარგმნა, მაგრამ სახელი შეცდომით წერია: ფერნანდო პივანო. ესესელები ფიქრობენ, რომ მთარგმნელი ფერნანდას ძმაა და მას აპატიმრებენ. იტალიაში ომი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სასტიკი რეპრესიები არ შენელებულა. ფერნანდას ძმას, რომელიც დეზერტირია, ან დახვრეტა ელის, ან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი. ფერნანდა გამოცხადდება პოლიციაში და დაარწმუნებს ესესელებს, რომ ძმამ ინგლისური არ იცის და მთარგმნელი თვითონაა. მას დააპატიმრებენ, მაგრამ შემდეგ მეთვალყურეობის ქვეშ გაათავისუფლებენ და ყოველ დღე მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს გერმანელი პოლიციელი, მის ბინას კი ღამით რამდენჯერმე ჩხრეკენ, ნებისმიერ საათზე, ისე რომ დედას და ფერნანდას ჩაცმულებს სძინავთ. საბედნიეროდ, ბოლოს ტურინიც გაიწმინდება გერმანელებისგან.

1948 წლის ერთ მშვენიერ დღეს იღებს დეპეშას ჰემინგუეისგან, კორტინაში ეპატიჟება, სურს, გაიცნოს მისი წიგნის მამაცი მთარგმნელი. ფერნანდას დაუჯერებლად ეჩვენება ეს ამბავი, ფიქრობს, რომ ვიღაც მოცლილი გაეხუმრა. მოდის მეორე დეპეშა: “თუ თქვენ ვერ შეძლებთ ჩემთან ჩამოსვლას, მე ჩამოვალ თქვენთან. უნდა დაგელაპარაკოთ”. მათი  თანამშრომლობა და მეგობრობა მთელი სიცოცხლე გაგრძელდება. ბევრს ლაპარაკობდნენ ჰემინგუეის და პივანოს სიყვარულზე. “ჰემინგუეი ულამაზესი იყო, მაგრამ ჩვენ არც კი გვიკოცნია. ღმერთო, რა კრეტინი ვიყავი!” მისი ცხოვრების ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული მისი ქმარი, ცნობილი დიზაინერი და არქიტექტორი ეტორე სოტსასი იყო. სოტსასი სხვა ქალის გამო მიატოვებს მას, ფერნანდას კი იგი სიკვდილამდე ეყვარება.

ერთ-ერთ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, “ფიქრობთ, რომ მსოფლიო ერთი დიდი სოფელია?” ფერნანდა პასუხობს: “ასეა, ქალები ყველგან ერთნაირად ტირიან სიყვარულის გამო”.

ჩეზარე პავეზე, ადამიანი, რომელმაც ფერნანდას მომავალი ცხოვრება განსაზღვრა, ვისი წყალობითაც ამერიკული ლიტერატურის მიმართ უბრალო ინტერესი მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა, ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ უშედეგოდ სთხოვს კოცნას და ორჯერ უშედეგოდ სთხოვს ხელს. ერთ წერილში მისწერს: “ისე მოახერხეთ, რომ შეხვედრისას მხოლოდ ჩვენ ვიყოთ. მინდა გაკოცოთ. ასე გადავწყვიტე”. ამ ამბისგან არაფერი გამოვა, და პავეზე “ეჭვიანობს, როგორც გორილა”.

ცხოვრებამ ბევრი ახლობლის ტრაგიკული სიკვდილის მოწმე გახადა. გადასახლებიდან დაბრუნებული მამა ერთ დღეს იარაღს აიღებს, მაგრამ თავის მოკვლას ვერ შეძლებს, საწოლს ესვრის. თავი ვერ მოიკლა, მაგრამ ვერც გადარჩა, თანდათან ჩაქრა და წავიდა.

თავს იკლავს პავეზე – გადასახლების საშინელებათა გადამტანი, თავს იკლავს პრიმო ლევი, ოსვენციმის გადამტანი და დატოვებს წიგნს – მოწმობას: “ნუთუ ეს არის ადამიანი”.

ამერიკული ლიტერატურა მოაჯადოებს პივანოს, მით უფრო, რომ ფაშიზმის პერიოდიდან მოყოლებული, იტალიური ლიტერატურა გაძეძგილია ყალბი პათოსის ტექსტებით, ხოტბას ასხამენ გმირებს, რომლებიც, მაგალითად, ეთიოპიაში მიდიან სალაშქროდ, და ვერავინ გაბედავს შენიშნოს, რომ ამ გმირებს ფეხზე მუყაოს ფეხსაცმელი აცვიათ.

1956 წელს ფერნანდა პირველად ჩადის ამერიკაში. გაიცნობს ფოლკნერს, რომელიც მიაჩნდა ამერიკის ყველაზე დიდ მწერლად, გაიცნობს დოს პასოსს, ჰენრი მილერს, რომელზეც მოგვიანებით ღიმილით იტყვის, რომ მან “თავგზა აუბნია” და შეშურდა მილერის მაშინდელი მეგობრის, ანაის ნინის ბედნიერება. ამავე წელს დაუახლოვდება ეზრა პაუნდს.

პივანოს თარგმანებით შემოდის იტალიაში ბიტთაობა – ალენ გინსბერგი, უილიამ ბეროუზი, ლოურენს ფერლინგეტი, გრეგორი კორსო, ნილ კესიდი, ჯეკ კერუაკი, გერი სნეიდერი. მისი წყალობით 50-იანი წლებიდან იტალიაში ყველაფერი იცოდნენ ამერიკის შესახებ, კითხულობდნენ სტეინბეკს და ჰემინგუეის, დადიოდნენ კერუაკის გზებზე, სვამდნენ ბუკოვსკითან ერთად, უსმენდნენ ბობ დილანს. პივანო შეიყვარებს მათ, ცნობიერების ახალი ჰორიზონტების მაძიებელ თაობას, რადგან ნახავს, რომ მათი ცხოვრება და მათი ხელოვნება განუყოფელი ერთი იყო. პივანოს საშუალებით გაიცნობს იტალიელი მკითხველი ახალ სამყაროს, ოცნებების, იდეალების, ღირებულებების სამყაროს. პივანოს ადარებენ ამერიკაში ჩასულ ოქროს მაძიებელს, ადარებენ კოლუმბს, რომელმაც მეორედ აღმოაჩენინა ამერიკა იტალიელებს. მისი დაუღალავი შრომის ნაყოფი – ანთოლოგიები, ესეების კრებულები, მოგონებები, ორი რომანი, უთვალავი სტატია, ინტერვიუ და რეცენზია – ედგარ ლი მასტერსიდან ჰემინგუეიმდე, ალენ გინსბერგიდან ბობ დილანამდე, ფასდაუდებელი მასალაა ამერიკული და იტალიური კულტურული ატმოსფეროს გასაცნობად.

გინსბერგის წრესთან მას დააახლოებს საერთო ანტიმილიტარისტული განწყობა, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ანარქიისკენ გადაიხარა და საბოლოოდ რადიკალური მოძრაობის სიმპატიაში გადაიზარდა. პივანო არა მარტო თარგმნიდა, არამედ ყველაფერს აკეთებდა, რომ ხალხს წაეკითხა და მოესმინა ეს თარგმანები. აწყობდა პოეზიის საღამოებს, თან ახლდა ალენ გინსბერგს და გრეგორი კორსოს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში ლიტერატურულ შეხვედრებზე, ჩაწერა უამრავი ინტერვიუ თავის საყვარელ მწერლებთან. ერთხელ სახედასიებულ, უგონოდ მთვრალ კერუაკს ჰკითხა: ჯეკ, მითხარი, რატომ ხარ ასეთი სასოწარკვეთილი? კერუაკმა უპასუხა, მინდა, ღმერთმა თავისი სახე მაჩვენოსო.

ერთ-ერთ ინტერვიუში სევდიანად იტყვის, რომ 60-იანი წლების პაციფიზმმა სრული მარცხი განიცადა. დღევანდელი მსოფლიო მოფენილია ბავშვთა გვამებით. ბიტთაობის იდეალები დასამარდა. მათი ნებაყოფლობითი უპოვარება, ერთობის სული, შეურიგებელი ანტიკონფორმიზმი დღევანდელ მსოფლიოში სრულიად საპირისპირო იდეალებით შეიცვალა. დღევანდელი მომხმარებლური საზოგადოება ცდილობს უზრუნველი ცხოვრება მოიწყოს, არმანის კოლექციის სამოსით, როლექსით და უძვირესი მანქანით მოიწონოს თავი, მის ხელში ფული ძალაუფლების განხორციელების იარაღია.

მიუხედავად ასეთი უნუგეშო სურათისა, პივანოს სჯეროდა, რომ ახალგაზრდები ისევ წაიკითხავდნენ ამ ლექსებს, ეს იდეალები თავის ადგილს მაინც იპოვიდა მომავალი თაობების გულში. გინსბერგი იგონებდა, რომ მაშინაც კი, როდესაც მისი თაობის ოცნებები დაიმსხვრა, პივანოს ისევ მტკიცედ სწამდა, რომ პოეტის ერთ ლექსს სამყაროს გადარჩენა შეუძლია.

როდესაც ჰემინგუეის უნახავს, რომ პივანო სრულებით არ ეკარებოდა სასმელს, უთქვამს, შვილო, ეს რა გამიკეთეო. მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი კაცის ერთგული ცოლი, მთელი ევროპის და ამერიკის ლოთების, ნარკომანების, სექსუალურ ორიენტაციადაკარგულთა მეგობარი, პივანო ერთ ინტერვიუში გაიხსენებს: “ყელამდე ვიყავი ჩაფლული ბიტთაობის უტოპიაში, მაგრამ არასდროს მიმიღია ნარკოტიკი, არ მისვამს, არც არავისთან მიგორავია სექსუალური თავისუფლების ეშხით”. ფერნანდა ყოველი წიგნის თარგმნისას მუშაობდა ავტორებთან, ეკითხებოდა, აზუსტებდა, ცდილობდა გაეგო არა მხოლოდ მათი სიტყვები, არამედ მათი ცხოვრებაც. ეს არ იყო უბრალოდ თარგმანი, ეს იყო ცოცხალი ლიტერატურა. პივანო არასდროს ყოფილა პირმოთნე, საკუთარ აზრს ყოველთვის პატიოსნად გამოხატავდა. ჰემინგუეის შესახებ ერთ მოგონებაში ჰყვება 1948 წელს კორტინაში შეხვედრის ამბავს. ჰემინგუეიმ მისცა, სავარაუდოდ, “ედემის ბაღის” ხელნაწერი, ფერნანდამ კითხვა დაიწყო, მაგრამ დიდი აღფრთოვანება არ ეტყობოდა. ჰემინგუეი ყველაფერს მიხვდა, აკრიფა ფურცლები, გავიდა თავის ოთახში და პივანომ გაიგონა, როგორ დავარდა საწოლზე. ფერნანდა უსიტყვოდ ადგა და სახლში დაბრუნდა. ვიტორინის და პავეზეს მსგავსი მენტორების დრო დასრულდა, პივანოს მსგავსი ადამიანებიც სულ უფრო ნაკლებია და მისი შემცვლელი ალბათ ძნელად გამოჩნდება.

ფერნანდას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ მოგონებაში ფრანკო ბუფონი გაიხსენებს, რომ ამ ტიპის ლიტერატურის თარგმნა და ამ უცნაურ ხალხთან მეგობრობა იყო ალბათ სნობი ლიტერატორების გულგრილობის მიზეზი, რომელთაც ფაქტიურად დაუხურეს აკადემიური კარიერის კარი, კონფერენციებზე ან სემინარებზეც კი არავინ იწვევდა. 1975 წელს ჯანფრანკო ფოლენამ დაარღვია აკადემიკოსთა დუმილი, როდესაც პივანოს პრემია გადასცა და დაასაბუთა, რომ თარგმნა – თანაშემოქმედებითი საქმიანობაა, ორი შემოქმედის პოეტური შეხვედრაა, კრიტიკული ანალიზის და პოეტური სინთეზის ერთობაა, დიალოგია, ორიგინალი და თარგმანი არა რანგით, არამედ მხოლოდ დროის ფაქტორით განსხვავდება. არსებობს ტექსტის შინაგანი სუნთქვა, რიტმი, რომელსაც მთარგმნელი უნდა გრძნობდეს და ამ თვალსაზრისით, პოეზიის და პროზის თარგმანში სხვაობა არ არსებობს. პივანო არასდროს ყოფილა ბენედეტო კროჩეს ან ფრანჩესკო დე სანკტისის ყაიდის ტრადიციული ლიტერატურული კრიტიკოსი. “ყოველთვის მაყვედრიდნენ, რომ კრიტიკულ წერილებში არასდროს ვაფასებ წიგნებს, მაგრამ ჩემთვის საკმარისია, მიყვარდეს ისინი. შეფასების საქმე პროფესორებისთვის დამითმია”.

1986 წელს წერს საკუთარ პირველ რომანს – “მაინც რა არის კეთილგონიერება?”, რომელიც ლამის თამაშით დაიწყო. 1985 წლის ზაფხულში პივანო მარტო დარჩა რომში, მეგობრები ზღვაზე ან მთაში გაიკრიფნენ, საშინლად მოწყენილმა დაიწყო მაროკოში თავს გადახდენილი ამბის ბეჭდვა. ისე გაიტაცა წერამ, დილის 7 საათიდან ღამის 4 საათამდე ბეჭდავდა. მეგობარმა გამომცემელმა ჰკითხა, როგორ გაატარა ზაფხული, პასუხად მიიღო, დიდი არაფერი, წიგნი დავწერეო, მეგობარმა გამოართვა, წაიკითხა და სამი თვის შემდეგ კონტრაქტით მიადგა სახლში. პივანო ეწინააღმდეგებოდა, სთხოვდა, ერთხელ გადაკითხვის დრო მაინც მიეცა. ასე შემთხვევით გახდა მწერალი, თუმცა მისი მიზანი ლიტერატურული კარიერის შეცვლა არ ყოფილა. მკითხველმა თბილად მიიღო, ოფიციალურმა კრიტიკამ – ცივად, ისევე, როგორც მის თარგმანებს არ სწყალობდა თავის დროზე, თუმცა წიგნი ორ თვეში სამჯერ გამოიცა.

ფერნანდა პივანო იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალი. მასთან მეგობრობდნენ ელიო ვიტორინი, დინო ბუცატი, სალვატორე კვაზიმოდო, ენიო ფლაიანო, ინიაციო სილონე, ჩეზარე ძავატინი, მარიო სოლდატი, ყველა, ვინც ქმნიდა ლიტერატურულ და კულტურულ ტენდენციას იტალიაში. ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან აქტიურად ინტერესდება ეკოლოგიური და ფემინიზმის საკითხებით და მაშინ, როდესაც ვერავინ ბედავდა სექსუალურ უმცირესობათა მოძრაობის ღია მხარდაჭერას, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა, პივანო ითანამშრომლებს მათი ჟურნალის რამდენიმე ნომრის მომზადებაში, დაწერს სტატიებს ამერიკული სექსუალური რევოლუციის შესახებ.

მთელი თავისი დღეგრძელი ცხოვრების განმავლობაში ფერნანდა პივანო რჩებოდა იტალიის კულტურული ცხოვრების გამორჩეულ ადამიანად. მისი ძალისხმევით დაიწყო ნიადაგის მომზადება იმ დიდი სოციალური და კულტურული ძვრების გასააზრებლად, რომელიც 60-იანი წლებიდან სამუდამოდ შეუცვლის სახეს იტალიურ საზოგადოებასაც.

© არილი

Facebook Comments Box