
დარიუშ სოსნიცკი დაიბადა 1969 წელს. ცხოვრობს ქალაქ პოზნანში და ასწავლის პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განათლებით ფილოსოფოსია, თუმცა ცნობილია, როგორც პოეტი, რედაქტორი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი. გახლავთ რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი და თანადამფუძნებელი. ამჟამად მუშაობს გამომცემლობაში „Filtry“. გასული წლის შემოდგომაზე გამოიცა სოსნიცკის ესეების პირველი წიგნი „შეშლილი კარლის ორმაგი კბილები“. გთავაზობთ ერთ-ერთ ესეს ამ კრებულიდან.
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
მოდი, პირდაპირ ვიტყვი: ეს არ არის კარგი წიგნი. მკითხველო, თუ გინდა, რომ მისი ავტორი იმ პოეტად გახსოვდეს, ვისთვისაც ლიტერატურულ გემოვნებას არასდროს უღალატია, ამ წიგნს ნუ გადაშლი. არაკეთილსინდისიერებაში არავინ ჩამოგართმევთ, თუნდაც იმიტომ, რომ „შავი სიმღერა“ ვისლავა შიმბორსკას არ შეუდგენია და, მით უმეტეს, არც გამომცემლობაში მიუტანია გამოსაცემად. და თუ უკან არ დაიხევ და მაინც შეუდგები ამ წიგნის კითხვას, წინ უდავოდ საინტერესო პროცესი გელის. ავტორის შემოქმედებით დილემათა მასშტაბი შენს ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. მისი ენობრივი მოუქნელობა გაგაოგნებს. აქა-იქ ისე მკვეთრად ჩაგესმება სხვისი დიქცია, რომ ინსტინქტურად ბრჭყალებს დაუწყებ ძებნას. სამაგიეროდ, ამ ყველაფერთან ერთად ტექსტში რამდენიმე მარგალიტსაც პოვებ – ფრაზებს, პწკარებს, მთელ სტროფებს, რომლებსაც ვერავინ დაწერდა შიმბორსკას გარდა. იმასაც შენიშნავ, რა გულგრილად აუქცია გვერდი ავტორმა ამ მარგალიტებს და კვლავ მცდარი გადაწყვეტილებებისა და ნასესხები ფრაზების ტევრში ჩაიკარგა. შენიშნავ და სურვილი გაგიჩნდება, თოჯინების თეატრში მჯდარი ბავშვივით ხმამაღლა შეჰყვირო: ფრთხილად იყავი! შენ უკანაა!
იოანა შჩესნას წინასიტყვაობიდან იხატება ავტორის კიდევ ერთი მოულოდნელი ხატი – ეს გახლავთ სხვა ადამიანებსა და გარემოებებზე დამოკიდებული ვისლავა შიმბორსკა. „შავი სიმღერის“ გამოქვეყნება მხოლოდ ერთია რიგ იმ შემთხვევათაგან, რომლებზეც ავტორს, ფაქტობრივად, არ ჰქონია გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნს მისი სახელი და გვარი აწერია. გამოქვეყნებამდე შეგროვდა და ერთად დალაგდა პოეტი ქალის 1944-1948 წლებით დათარიღებული ლექსები, რომლებიც ისე იყო მიმოფანტული, რომ ზოგიერთის აღდგენა დახეული ხელნაწერის ფრაგმენტებიდან მოუწიათ. სწორედ ასე მოიქცა 1970 წელს ადამ ვლოდეკი, შიმბორსკას იმ დროისთვის უკვე ყოფილი ქმარი და მისი შემოქმედების გულშემატკივარი, რომელმაც პოეტთან განქორწინების შემდეგაც მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. ვლოდეკს თავისი ჩანაფიქრით სურდა, პატივი მიეგო შიმბორსკას „პრესაში სენსაციური დებიუტისა“ და, ამავდროულად, მათი გაცნობის ოცდახუთი წლისთავისთვის. მართლა გამოიწვია თუ არა ამ დებიუტმა სენსაცია ლიტერატურულ წრეებში, ამას იოანა შცესნა არ გვიმხელს. სამაგიეროდ, დებიუტის კულისები უდავოდ სენსაციური გახლდათ. რედაქტორებს[1] – მათ შორის ადამ ვლოდეკს – შეებრალათ მათთვის უცნობი ახალბედა ავტორი, ვისი ლექსებიც დასაბეჭდად სუსტად მოეჩვენათ. ამიტომაც გადაწყვიტეს, ერთი მათგანი მაინც თვითონ გაერანდათ და გამოექვეყნებინათ. ბატონების მიერ გამოყენებული რედაქტირების მეთოდი კი სრულიად მოდერნისტული აღმოჩნდა: მათ ლექსიდან ჯერ საუკეთესო ფრაგმენტები ამოჭრეს, შემდეგ კი ამ ფრაგმენტებიდან საკუთარი გემოვნებით შეადგინეს ახალი ტექსტი, ბოლოს კი მას ახალი სათაურიც შეურჩიეს, კერძოდ კი: „დავეძებ სიტყვას“. ეს სათაური, რომელიც მდარე ხუმრობასავით ჟღერს, საკმარისზე მეტს ამბობს ორივე რედაქტორსა და მათ უნარებზე. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ვისლისპირელი ეზრა პაუნდი, რომელმაც „უნაყოფო მიწის“ ავტორს თვალნათლივ უჩვენა „რადიკალური მონტაჟის“ კულისები. შიმბორსკას რედაქტორების საქციელს კი თანამდებობის ბოროტად გამოყენება უნდა ერქვას.
თუმცა ვინ იცის, შეიძლება, ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო – ვისლავა შიმბორსკამ ეს გაკვეთილი კარგად ისწავლა და მას შემდეგ კოლაჟებს მხოლოდ თავისუფალ დროს აკეთებდა და თანაც – შესანიშნავად. მისმა პოეზიამ კი იმ დანაწევრებულ სიტყვიერ გამოსახულებებს გვერდი აუარა და თვითგამოხატვის იმთავითვე საკუთრივს თუ არა, უთუოდ სულ სხვა გზას დაადგა. „შავ სიმღერაში“, სულ მცირე, ორი ტექსტი გვხვდება გზად ყოფნასა და ადგილის შეცვლაზე – „დღის ავტობიოგრაფიიდან“ და „ლაშქრობები“, რომლებიც ამ თემაზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდიან. ორივე ლექსი შიმბორსკასთვის საკმაოდ არატიპურია: შემდგომში პოეტი იშვიათად წერდა რამდენიმე ნაწილიან ლექსებს, ხოლო მისი გმირები, როგორც წესი, უფრო საინტერესო საქმიანობას ირჩევდნენ, ვიდრე ტექსტში რაღაცის საძებრად ბორიალია. სამაგიეროდ, აქ ისინი ნამდვილად ძიებაში არიან. ორივე ლექსის მოქმედება დილით იწყება და დაბინდებისას მთავრდება; პირველის გმირი სათაურად ქცეული დღეა, ხოლო მეორისა – უცნობი ბიჭი. როგორი ბიჭი? „ბიჭი, რომელსაც ლექსის სიტყვა და დღის სინათლე ენდობა“, – წერს პოეტი „ლაშქრობების“ მეორე სტრიქონში. სავსებით ცხადი ალეგორიაა – მაშასადამე, ეს ბიჭი მომავალი პოეტია.
„ბიჭი, რომელიც სიმართლეს ეძებდა, არავის მოკავშირე არ იყო“ – და მაინც, გარკვეული გადაწყვეტილება მიღებულია: „ლექსის სიტყვა და დღის სინათლე“ ერთად უნდა დარჩეს. ხილული სამყაროსკენ მიმართული ეს ჟესტი, შეიძლება ზედმეტად თავისუფალი წარმოსახვისა და ზედმეტად აბსტრაქტული სპეკულაციის მიმართ უნდობლობის ნიშნად ჩაითვალოს. ეს კი არა მხოლოდ შიმბორსკასთვისაა დამახასიათებელი, არამედ მთელი ე. წ. პოლონური პოეზიის სკოლისთვის – სწორედ ამაში გამოიხატებოდა მისი ანტიმოდერნისტული ჟესტი. ამ ჟესტის კავშირები დიდაქტიკურობასთან, მათ შორის, სოციალისტურ რეალიზმთან ასოცირებულთანაც კი, ცალკე თემაა და ის არაერთხელ განხილულა, განსაკუთრებით ნობელის პრემიის მომავალ ლაურეატთან მიმართებით. ლექსის – „დღის ავტობიოგრაფიიდან“ – მესამე ნაწილის ბოლოს ჩვენი უთვისებო, გადაუწყვეტელი, როგორც პოეტი ამბობს, შიშსა და იმედს შორის „გაჭიმული“ დღე „სათხოვარს ანთებს“:
ველი ისტორიას, გელით თქვენ,
მინდა, მიწვევდეს
დამარცხება ანდა დიდება.
ეს გამოწვევაც არ დაიგვიანებს, ის 1949 წელს მოვა და პოეტი მას ორი ახალი კრებულით უპასუხებს: „ამიტომ ვცხოვრობთ“ (1952) და ორი წლის შემდეგ გამოქვეყნებული „თვითდასმული კითხვებით“. ამჟამად კი შუაგულ 40-იან წლებში ვიმყოფებით; ერთი მხრივ – სოციალისტური სიმპათიები, მეორე მხრივ – ომის ტრაგედიის ფონზე გამოხატვის საშუალებათა გამარტივება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დაიწეროს ისეთი ლექსი, როგორიცაა „კინოდან გამოსვლა“ (მეოთხე ნაწილი ლექსისა „დღის ავტობიოგრაფიიდან“). ლექსი იწყება სიტყვებით: „თეთრ ტილოზე ციმციმებდნენ სიზმრები“, ხოლო სრულდება შემდეგი განაცხადით:
ვბრუნდები თქვენთან, ნამდვილ სამყაროში,
შავბედობით სავსეში, ხალხმრავალსა და ბნელში,
შენთან, კარიბჭესთან მდგარო, ცალხელა ბიჭო,
და შენთან, გოგონავ, იმედგაცრუებული თვალებით.
ვერ ვიტყვი, რომ პირველსა და მეორე ციტატას შორის ფაქიზი განსხვავებაა. პირველი ისტორიის ამსახველია, მეორე კი იმ ადამიანების ხვედრის, რომლებსაც ისტორიამ თავისი მსახვრალი ხელი დაატყო. პირველი ციტატიდან აღმოცენდება სოციალისტური რეალიზმის მარცხი, მეორიდან კი – მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პოლონური პოეზიის დიდება.
„დღის ავტობიოგრაფიიდან“ სრულდება კიდევ ერთი განაცხადით, რომელიც გაცილებით უფრო ახლოა იმასთან, რაც პოეტის გვიანდელ, გაცილებით მომწიფებულ წიგნებში ამოგვიკითხავს, მაგრამ მე მას მაინც განაცხადად მივიჩნევ, თანაც ესთეტიკური სიმეტრიისადმი ზედმეტი ნდობით აღსავსედ:
მსურს – ვიდრე გავხდები გუშინ – ვუყურო,
მსურს – ვიდრე გავხდები ხვალ – გავერკვე.
თუ ამ გასეირნებისას რამე აღმოჩენა გაკეთდა, ის ზემოთ ციტირებულზე ორი პწკარით ადრეა დაფიქსირებული: „ცაზე კი სხვებთან ახლო მზეები“. აი, ეს გახლავთ ნამდვილი შიმბორსკა – მისი უეცარი და გამომაფხიზლებელი რაკურსის ცვლილებით: ადამიანურიდან – არა ადამიანურისკენ, მიწიერიდან – არამიწიერისკენ. უნივერსალურობით, რომლისთვისაც, არ ვიცი, როგორ, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. შიმბორსკა – მსუბუქი (ვითომ) და, ამავდროულად, ჯოჯოხეთურად გონიერი (მართლა).
ასეთი ფრაგმენტები მრავლადაა ამ წიგნში. მათი შემჩნევა ძნელი სულაც არ არის – ჰორიზონტამდე გადაჭიმულ, ცდების, შეცდომებისა და სხვადასხვა სტილის მორგების მცდელობათა ზღვაში გაფანტულ კუნძულებს ჰგვანან. ავიღოთ თუნდაც ლექსი „უცნობი ჯარისკაცის კოცნა“:
ტყვიისგან ისე ნაკბენი,
რომ ყველაფერი ადამიანური მეუცხოება,
გარდა დროისა, რომელსაც დავაკლდები.
ეს, ალბათ, ამ წიგნის სამი საუკეთესო პწკარია – იმ ლექსების ჩაუთვლელად, რომლებიც მთლიანად გადარჩნენ და შემდგომ კრებულებში შევიდნენ. ისევ ეს ადამიანურ – არა ადამიანური, ისევ პერსპექტივის მოულოდნელი შეცვლა, ხოლო ფონად – ფრაზეოლოგიასთან ფრთხილი თამაში, რომელიც შიმბორსკას ერთგვარ ხელწერად იქცა.
დავაკვირდეთ თუნდაც ასეთ ფრაგმენტს ლექსიდან „პოეზიისადმი მიძღვნილი“ (ნაწილი 3):
რომელიმე ბავშვის სალტე –
დედამიწისთვის მოხსნილი ეკვატორი.
ან კიდევ დასაწყისი ლექსისა „ებრაელების ტრანსპორტი“ – წინამორბედი გენიალური ლექსისა „ჯერ კიდევ“, კრებულიდან „იეტის ძახილი“:
გარეთ სამყაროა მთელი,
ტყით დანაყრებული სიშორე,
წყაროებით დარწყულებული ბორცვები.
ეს ხომ ჭეშმარიტი შიმბორსკაა? მაგრამ, მერწმუნეთ, მხოლოდ სამი პწკარით – მეოთხე უკვე სრულიად ანადგურებს ამ შთაბეჭდილებას, ხოლო შემდგომ უფრო და უფრო უარესდება. ეს „დანაყრება“, „დარწყულება“ და „გარეთ“ სავსებით იკმარებდა მომწიფებული პოეტისთვის კონტრასტების მეშვეობით ვაგონის შიდა სივრცის აღსაწერად, მაგრამ ახალგაზრდა პოეტი ქალი არ მხოლოდ უარს ამბობს კონტრასტის გამოყენებაზე, არამედ ზედმეტად პირდაპირი და პათეტიკური ხდება და ამით პოლონურ ენასაც ზიანს აყენებს. ზემოთ მოყვანილ სამ პწკარს მხოლოდ ერთი რამ უტოლდება – რეფრენი, რომელიც მატარებელში გასულ ღამეებს ითვლის:
როგორც წესია, პირველ ღამეს
დიდხანს იცადა მატარებელმა,
მაგრამ ყველას ვერ დაელოდა.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: ღირდა კი ჩიტი ბრდღვნად? სწორი გადაწყვეტილება იყო „გამოუქვეყნებელი კრებულის“, „ავტორისა და რედაქტორისთვის განკუთვნილ ორ ეგზემპლარად გადაწერილი ციმელიის“ „შავ სიმღერად“ გამოცემა? თავს არ ვიტყუებ – ვიცი, რომ ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდებოდა. ერთადერთი, რაც ამ წამოწყების მიმართ წინააღმდეგობის გრძნობას აღძრავს, მინიშნებაა, რომ ჩვენ ნობელის პრემიის ლაურეატის წიგნთან გვაქვს საქმე – ოდნავ განსხვავებულთან, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი სხვა კრებულების ტოლფას კრებულთან. არა. ეს ნამდვილად არ არის ასე. „გამოუქვეყნებელი კრებული“, როგორც თავად სახელიც ამბობს, ის კრებულია, რომელიც არ იყო გამოსაქვეყნებლად გამიზნული. მას უჯრასა და ლეგენდას შორის უნდა ეცხოვრა. შეიძლებოდა მასზე საუბარი, შეიძლებოდა ცალკეული ლექსების ამოღება და მათი რჩეულ ნაწარმოებთა კრებულებში გამოქვეყნება. იმაზე მსჯელობაც შეიძლებოდა, რა მოხდებოდა, რომ გამოეცათ, მაგრამ მისი გამოცემა ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება.
და მაინც, როგორც აღმოჩნდა, ბაზარს ყველაფერი შეუძლია. მოდი, ამაზე მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ. ნურც იმ დაკარგულ რწმენაზე ვიტყვით რამეს, თითქოს პოეტი ქალისთვის მის შეუდარებელ ლიტერატურულ გემოვნებას არასოდეს უღალატია. „შავი სიმღერა“ ერთ შეუფასებელ შესაძლებლობას გვაძლევს – ვნახოთ, თუ როგორ იბრძოდა ახალგაზრდა ვისლავა შიმბორსკა, არა მარტო ესთეტიკური, არამედ იდეური ღირებულებებისთვის. დღეს, როცა პოლონური პოეზიის სკოლის მემკვიდრეობა მისთვის დამახასიათებელი ისტორიული პესიმიზმით ლიტერატურის ისტორიაში უკვე დახურული თავია, მასში ასახული გზაგასაყარი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ცხადი და ამიტომ ძველებურად საინტერესოდ რჩება. თუმცა, ცხადია, ამ წიგნიდან იოლ სარგებელს ვეღარ მივიღებთ – ჩვენ ხომ სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. სამაგიეროდ, შესაძლოა, შთაგონების წყაროდ გვექცეს.
[1] ჟურნალი Dzięnnik Polski, 1945 (მთარგმ.)
© არილი