თარგმანი,  ინტერვიუ

დევიდ მიჩელი – ჩემი ცხოვრების წიგნები

The Guardian”

ინგლისელი მწერალი დევიდ მიჩელი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიამბობს:

კითხვის პირველი მოგონება

დაახლოებით ხუთი წლის ასაკში, დაწყებით სკოლაში: ამბავი და-ძმის, ჯანეტისა და ჯონის შესახებ, რომლებიც თითქმის არაფერს აკეთებდნენ, წითელი ბურთის სროლის გარდა. ამის შემდეგ, მალევე, როჯერ ჰარგრივზის „მისტერ გრიდი“ – ბევრად უფრო მხიარული და შემაშინებელი, როცა გიგანტი ჩნდება. ყდას ჯერაც ამჩნევია ჩემი ნაკბენების კვალი.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

პენელოპე ლაივლის „თომას კემპეს მოჩვენება“. ბიჭის შესახებ, რომელსაც ალქიმიკოსის სული შეარჩევს შეგირდად. ლამაზად დაწერილია და ჩემი ბავშვობის პროვინციულ გარემოში ვითარდება მოქმედება. მამშვიდებდა ის, თუ როგორ გადაწყდებოდა ხოლმე ამბავი. ძალითა და ეშმაკობით კი არა, მიმღებლობით, დროითა და იმით, რასაც დღეს ემოციურ ინტელექტს ვუწოდებთ.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ე. ბ. უაითის „შარლოტის ქსელმა“ შთამაგონა უსიამოვნო აზრი, რომ ჩემი ბეკონის სენდვიჩის ინგრედიენტებს ისევე სურდათ სიცოცხლე, როგორც მე. „ანა ფრანკის დღიურმა“ და რიჩარდ რაიტის „საკუთარმა შვილმა“ ჩემი პრობლემებისა და უსამართლობის სწორად აღქმის საშუალება მომცა.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ნაოკი იგასიდას წიგნმა, „მიზეზი, რატომაც გადავხტი“, შეცვალა ჩემი შეხედულებები აუტიზმის შესახებ, როცა ჩემს 40-იან წლებში წავიკითხე. მანამდე ჩემი ვაჟის არავერბალური აუტიზმი მესმოდა როგორც კოგნიტიური სისუსტე. მადლობა ამ წიგნს, გავაცნობიერე, რომ თავად მე მე ვცხოვრობდი კოგნიტიური პრობლემებით.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

რამდენიმე, არათანმიმდევრულად: ურსულა კ. ლე გუინის ზღვამიწეთის სერია; კლაივ ლუისის „განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა“; რიჩარდ ადამსის „ბორცვების ბინადარი“; სუზან კუპერის „სიბნელის აღზევების“ კვინტეტი; ბეჭდების მბრძანებლის დასასრული – სემის „დავბრუნდი“. საწოლში ვიწექი შაბათ დილით და წიგნს ვეკითხებოდი: „ამას როგორ აკეთებ? როგორ აგრძნობინებ მკითხველებს თავს ისე, როგორც მე ვგრძნობ ახლა?“

წიგნი ან ავტორი, რომელსაც დავუბრუნდი

ჩაკეტილობისას ჯეიმს ჯოისის „ულისე“ იყო ჩემი საკითხავი. უკვე აუტანელი იყო გაჩუმება და გაუჩინარება, როცა ჯოისი ხდებოდა სასაუბრო თემა. მე პროფესიონალი მწერალი ვარ და ირლანდიაში ვცხოვრობ, ღვთის გულისთვის. ამჯერად რაღაცას მივხვდი.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე წამიკითხავს

ურსულა კ. ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ცხელი”. 10 წელიწადში ერთხელ. ესაა დამაბნეველი, ადამიანური, გონების გამხსნელი, უჩვეულო. წლიდან წლამდე უფრო წინასწარმეტყველური მგონია და მასშია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრაზა: „მეფე ორსულად იყო“. ეს შანსია, ჩემს წარსულ და მომავალ „მეებს“ დავეწიო და ვნახო, როგორ შევიცვალეთ.

წიგნი, რომელიც გვიან აღმოვაჩინე

ჰალდორ ლაქსნესის „დამოუკიდებელი ადამიანები“. მარგარეტ იურსენარის „ადრიანეს მოგონებები“. მარკუს ავრელიუსის „მედიტაციები“. ვან გოგოს წერილები მის ძმას, თეოს. ლიტერატურა არის „აიღე და მიირთვი, რამდენიც გინდა“ მაგიდა და არასოდეს გასდის ვადა.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

„მოულოდნელი მოგზაური“, სარა ჰალის ბოლო პროზაული კრებული. ღმერთო, ის ძალიან ნიჭიერია.

ჩემი კომფორტული საკითხავი

ჯეიმი ოლივერის 5 ინგრედიენტის კულინარიული წიგნი, რომელიც ჩემმა ცოლმა მაჩუქა რამდენიმე წლის წინ, მამის დღეს. არჩევ რამეს, რისი ინგრედიენტებიც გაქვს, მიჰყვები ინსტრუქციას, ალაგებ თეფშზე და ყვირი „მზადაა“. სითბოში მოკალათდები და როცა ყველა პირველ ლუკმას მიირთმევს და სიჩუმე დგება, ჩემი ცოლი ამბობს: „ეს მაშინ უნდა მოამზადო, როცა შენი ძმა მოვა“. თუ გამხნევება მჭირდება, როგორც წესი, ეს მუშაობს.

© არილი

Facebook Comments Box