ახალი ამბები

ენჰედუანა – პირველი ავტორი, რომლის სახელიც ისტორიამ შემოგვინახა

“BBC”

ნიუ-იორკში ენჰედუანასთან დაკავშირებული გამოფენა გაიმართა. ენჰედუანა პირველი ავტორია, რომლის სახელიც ისტორიამ შემოგვინახა. ის მესოპოტამიელი პოეტი, პრინცესა და ქურუმი გახლდათ. სიდნი ბებქოკის, ნიუ-იორკის მორგანის ბიბლიოთეკის გამოფენის კურატორის თქმით, როცა ხალხს ეკითხება, ვინ არის პირველი ავტორი, ისინი არ ფიქრობენ, რომ პირველი ავტორი მესოპოტამიელი შეიძლება იყოს და არასოდეს ჰგონიათ ქალი.

ჩვეულებრივ, ანტიკური საბერძნეთიდან ასახელებენ ვინმეს; ხოლო თუ საერთოდ ახსენებენ ქალს, ეს საპფოა, რომლის ნაკლები ნამუშევარია გადარჩენილი, ვიდრე ენჰედუანასი.

ენჰედუანა 1927 წლამდე სრულიად უცნობი იყო, სანამ არქეოლოგმა ლეონარდ ვულიმ არ ამოთხარა საგნები, რომლებზეც მისი სახელი იყო შემორჩენილი. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს სახელი შუმერულად „სამოთხის ორნამენტს“ ნიშნავს, ენჰედუანა კი მთვარის ღვთაების ქურუმი იყო. მან ტაძრისთვის 42 ჰიმნი და სამი დამოუკიდებელი ლექსი შექმნა, რომლებიც, გილგამეშის ეპოსის მსგავსად (რომელიც სახელდებულ ავტორს არ ეკუთვნის), მეცნიერების აზრით, მესოტოპამიის ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რელიგიური ფიგურის სტატუსთან ერთად, მას ჰქონდა პოლიტიკური ძალაუფლებაც, როგორც სარგონ დიდის ქალიშვილს – იმ ისტორიული ფიგურის, რომელსაც ბევრი ისტორიკოსი მსოფლიოს პირველი იმპერიის დამაარსებლად მიიჩნევს. კონკრეტულად, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მესოპოტამიის ჩრდილოეთ რეგიონის, აქადის შემოერთებაში, სადაც პირველად მოიპოვა სარგონმა ძალაუფლება, სანამ შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებს დაიპყრობდა სამხრეთში. ეს მოახერხა შუმერების ქალღმერთ ინანასა და აქადელების ქალღმერთ იშტართან ასოცირებული რწმენისა და რიტუალების შერწყმით, ლიტერატურულ და რელიგიურ ჰიმნებსა და ლექსებში მათ შორის არსებული კავშირების ხაზგასმით. ამგვარად, მან რწმენის საერთო სისტემა შექმნა მთელ იმპერიაში. ენჰედუანას ჰიმნები მფარველი ღვთაების განსაკუთრებულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს. ამ ჰიმნებს ტაძრებში გადამწერები ინახავდნენ მისი სიკვდილის შემდეგ, ასწლეულების განმავლობაში.

ენჰედუანას ჩანაწერები ლურსმული დამწერლობითაა შესრულებული. ერთ-ერთ მონაკვეთში, რომელსაც მის ლექსში ვკითხულობთ, ის შემოქმედებით პროცესს აღწერს, ასევე საკუთარ ავტორობასაც უსვამს ხაზს.

 „ხმა, რომელიც ამ ჰიმნებში ისმის, ნიჭით დაჯილდოებულ პოეტს ეკუთვნის. ის გულწრფელად აღწერს ყოველდღიურ ცხოვრებას, საზრუნავს, ღვთაებების ბუნებასა და მათ სალოცავებს. კოსმოსს, რომლითაც გარშემორტყმულია, აქტიური, უკონტროლო, ღვთაებრივი არსებებით ასახლებს“ – წერს მისი მთარგმნელი.

ენჰედუანასთან დაკავშირებული გამოფენა, როგორც იმედოვნებენ, უფრო ხილვადად აქცევს მას. ჩვენ ვხედავთ მის გამოსახულებას კალციტის დისკზე, რომელიც 1927 წელს ვულიმ აღმოაჩინა. ამოტვიფრული სცენა ასახავს ენჰედუანას, სამ სადად გამოწყობილ მხლებელთან ერთად, რომლებსაც სარიტუალო საგნები უჭირავთ. ენჰედუანას ამოვიცნობთ მისი გულმოდგინედ დამუშავებული თავსაბურავითა და მანტიით. მისი სახე პროფილშია აღბეჭდილი და ჩანს, როგორ უყურებს ინანას, სიყვარულისა და ომის ქალღმერთს.

© არილი

Facebook Comments Box