ესე (თარგმანი),  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

დეინა ჯოია – ბოდლერის მოდერნიზმი

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

შარლ ბოდლერს შეიძლება პირველი თანამედროვე პოეტი ვუწოდოთ. მისმა მგზნებარე, მომხიბვლელმა და საოცრად ორიგინალურმა (როგორც სტილის, ისე – შინაარსის მხრივ) პოეზიამ ჩამოაყალიბა და გააფართოვა უფრო გვიანდელი პოეტების წარმოსახვა. ბოდლერმა ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ფრანგულ, არამედ, ზოგადად, ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურაზეც. მისმა შემოქმედებამ ბიძგი მისცა სიმბოლისტურ მოძრაობას, რომელიც დომინირებდა მოდერნისტულ პოეზიაში. ის შთააგონებდა დეკადენტურ და ესთეტურ მოძრაობებს. ნახევარი საუკუნის შემდეგ მისი აჩრდილი მოსვენებას არ აძლევდა სიურრეალიზმს. ბოდლერმა ზეგავლენა მხოლოდ ლიტერატურაზე როდი მოახდინა. მისი იდეები ხელოვნების ავტონომიურობის, ხელოვანის გაუცხოებულობის, ადამიანის ქცევის ირაციონალურობის, პოეზიის ინტელექტუალიზაციის, მშვენიერების (და ბოროტების) კულტისა და სექსუალური თემატიკის დეტაბუირების შესახებ მოდერნისტული ესთეტიკის მთავარ თემებად იქცა. ბოდლერმა პოპულარული გახადა, ასევე, იმგვარი ოდიოზური კულტურული ტენდენციები, როგორებიცაა სატანიზმი, სექსუალური დეგრადაცია და ნარკოტიკების გამოყენება შთაგონების მიღწევის მიზნით. ყველა ეს იდეა ბოდლერმა როდი შემოიტანა, მაგრამ მათი ბოდლერისეული ფორმულირება საერთაშორისო მოდერნიზმის lingua franca-დ იქცა.

ბოდლერის უდიდესი ავტორიტეტი მით უფრო საინტერესოა, რომ თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში პოეტი არც ისე მნიშვნელოვანი წარმატებით სარგებლობდა. თანამედროვენი მის ქმნილებებს იშვიათად კითხულობდნენ, და თუ კითხულობდნენ, თითქმის არაფერი ესმოდათ – ამიტომ ბოდლერი ლიტერატურული სამყაროს პერიფერიაზე იმყოფებოდა. მას არასოდეს შეუკრებია ხალხმრავალი აუდიტორია, თუმცა საფრანგეთში სახელი გაუვარდა სასამართლო პროცესის შედეგად, როდესაც პოეტს ბრალად დასდეს მორალის ნორმების დარღვევა და მკრეხელობა. თუმცა, 1867 წელს (სწორედ მისი გარდაცვალების წელს) ბოდლერს გაუჩნდნენ თაყვანისმცემლები – პოეტები, რომლებმაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ფრანგული პოეზიის განვითარება განსაზღვრეს: პირველ რიგში, პოლ ვერლენი, არტურ რემბო და სტეფან მალარმე. მათ შექმნეს ბოდლერის კულტი, რის წყალობითაც ბოდლერის სახელი მალევე გასცდა პოეტის სევდიანი ფანტაზიების სფეროს. ის თანამედროვე პოეზიის კატალიზატორი გახდა. რემბომ ბოდლერი „პოეტების მეფედ, ჭეშმარიტ ღმერთად” გამოაცხადა. ალჯერნონ ჩარლზ სუინბერნმა პირქუში და უცნაური ძმა ჰპოვა ბოდლერში, რომელიც „მშვენიერ შხამიან კვირტებს” ჭვრეტდა. სტეფან გეორგემ Les Fleurs du mal გერმანულად თარგმნა და ახალგაზრდა ინტელექტუალურ ელიტას სიმბოლიზმის პრინციპები გააცნო.

1924 წელს პოლ ვალერი ირწმუნებოდა, რომ ფრანგ პოეტებს შორის ყველაზე მეტად ბოდლერი ითარგმნებოდა და რომ ის იყო ერთადერთი პოეტი, რომლის ნაწარმოებები ქვეყნის საზღვრებს მიღმა გავრცელდა და საერთაშორისო აუდიტორია მოიპოვა. „არსებობენ ბოდლერზე უფრო თვალსაჩინო და ნიჭიერი ფრანგი პოეტები,” – შენიშნა ვალერიმ – „მაგრამ არც ერთი მათგანი არაა უფრო მნიშვნელოვანი”. 1939 წელს ვალტერ ბენიამინმა დაადასტურა ეს თვალსაზრისი და გამოაცხადა: Les Fleurs du mal არის უკანასკნელი ლირიკული ქმნილება, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა მთელი ევროპის ლიტერატურაზე; ვერც ერთმა მოგვიანებით დაწერილმა ნაწარმოებმა ვერ დააღწია თავი მეტ-ნაკლებად შეზღუდულ ენობრივ სფეროს.” ბენიამინი აქ რამდენადმე აზვიადებს – რაინერ მარია რილკეს პოეზიის ხიბლი უკვე იპყრობდა მკითხველთა ყურადღებას საერთაშორისო მასშტაბით – მაგრამ მისი დაკვირვება გულწრფელია. ბოდლერის სიკვდილის შემდგომ მისი სახელი ფრანგული პოეზიის იმდენად მაღალ მონოლითად იქცა, რომ მას უცხოეთიდანაც ხედავდნენ. ბოდლერმა დაჩრდილა თავისი თანამედროვენი; თუ ისინი შთამომავლებმა შეამჩნიეს და დააფასეს, ეს, ძირითადად, სწორედ ბოდლერის წყალობით მოხდა.

ბოდლერის პოეზიის ავტორიტეტულობა იმანაც განაპირობა, რომ იმხანად პარიზი მეცხრამეტე საუკუნის ევროპის კულტურული ცენტრი იყო. მართალია, ხელოვნება ყვაოდა ყველგან – პეტერბურგიდან მადრიდამდე – მაგრამ ხელოვანები და კრიტიკოსები მთელ კონტინენტზე სწორედ პარიზს მიმართავდნენ ხოლმე ნოვატორული ტენდენციებისა და სრულყოფილების ძიებისას. პარიზის უპირატესობას არ განსაზღვრავდა მხოლოდ ქალაქის სიმდიდრე, ზომები და დახვეწილობა; პარადოქსია, მაგრამ ამის მიზეზი პარიზის პოლიტიკური არასტაბილურობაც გახლდათ. იქ მუდმივი კულტურული და პოლიტიკური ქაოსი სუფევდა. რევოლუციონერი რეფორმატორები ებრძოდნენ სოციალურ კონსერვატორებს; სეკულარული პროგრესისტები ეკამათებოდნენ რელიგიურ ტრადიციონალისტებს. და ვერც ერთი ფრაქცია ვერ იმარჯვებდა სხვებზე. მუდმივი კონფლიქტები ფრანგულ კულტურას განსაკუთრებული ენერგიით მუხტავდა. ინტენსიურმა დიალექტიკამ აქ შექმნა უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გარემო, ვიდრე – ევროპისა თუ ამერიკის ნებისმიერ სხვა ქალაქში. პარიზი ახალი იდეებისა და კულტურული ინსტიტუციების ლაბორატორია იყო – არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ ფერწერაშიც, ქანდაკებაში, არქიტექტურაში, ოპერაში, თეატრსა და ქორეოგრაფიაში. ყველა ქვეყნის ხელოვანები ოცნებობდნენ იმაზე, რომ პარიზში ჩასულიყვნენ. ისევე, როგორც ჰოლივუდი (ერთი საუკუნის შემდეგ ), პარიზი ის ადგილი იყო, სადაც ხელოვანებს შეეძლოთ, მოეხვეჭათ ფული და სახელი.

პარიზის შთამაგონებელი ზემოქმედება არსად ვლინდებოდა უფრო თვალსაჩინოდ, ვიდრე პოეზიაში, რომელსაც საგანგებო კულტურული ავტორიტეტი ჰქონდა და დროის სულისკვეთება უნდა გამოეხატა. შეიცვალა საფრანგეთის ისტორია. შეიცვალა ფრანგული პოეზიაც; თითოეული ახალი მიმდინარეობა ახალ ეპოქას თავისებურად აღიქვამდა და ასახავდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისურ და გერმანულ პოეზიაში უმეტესად რომანტიზმი ბატონობდა, საფრანგეთში რომანტიზმი მხატვრული ინოვაციების ციკლის მხოლოდ ერთი ეპიზოდი გახლდათ. საუკუნის დასაწყისში ფრანგულ პოეზიაში კვლავ დომინირებდა კლასიციზმი, რომელმაც იქ უფრო მეტ ხანს იარსება, ვიდრე – ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამის შემდეგ ერთმანეთს თანმიმდევრობით ენაცვლებოდნენ რომანტიზმი, პარნასიზმი, დეკადანსი და სიმბოლიზმი (რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, საფრანგეთი, ასევე, იყო რეალიზმისა და ნატურალიზმის ცენტრი). ამ მოძრაობათა სწრაფი განვითარება გამოხატავდა ლიტერატურულ ენერგიას პარიზისა, სადაც ახალგაზრდა მწერლები იკრიბებოდნენ კაფეებში, ტრაქტირებსა და სალონებში, რათა ეკამათათ ხელოვნებისა და იდეების შესახებ. იმავდროულად, გაზეთებსა და ჟურნალებს – იმდროინდელ მასმედიას – სულ უფრო მეტი გვერდის შევსება სჭირდებოდათ. ბეჭდური მედიის ზრდამ ხელი შეუწყო მწერალთა ახალი ურბანული კლასის წარმოშობას. პირველად მოხდა, რომ დიდი რაოდენობით მწერლებს შეეძლოთ, თავი გაეტანათ ოფიციალური პატრონაჟის გარეშე.

იმ პერიოდის მრავალფეროვანი ესთეტიკური თვალსაზრისები ერთმანეთს ერწყმოდა (და ზოგჯერ უპირისპირდებოდა კიდეც) ბოდლერის შემოქმედებაში. მან შეითვისა სხვადასხვა ლიტერატურული სკოლის კონცეფციები და შექმნა ინდივიდუალური პოეტიკა, რომლის კლასიფიკაცია შეუძლებელია. ბოდლერის უდიდეს მიღწევას წარმოადგენდა რომანტიზმისგან განთავისუფლება, თუმცა ის, თავისი ბუნებით, რომანტიკოსი იყო. მან უგულებელყო გვიანდელი უნიათო რომანტიზმი, შექმნა ახალი პოეტური სტილი და მგრძნობელობა, მაგრამ შეინარჩუნა რომანტიზმის ჰეროიკული ენერგია. ბოდლერმა რეალისტურად ასახა თანამედროვე ქალაქის ცხოვრება და, ამასთან, დაინახა მისი ავბედითი სილამაზე და იდუმალება. თანამედროვე მეგაპოლისის აღსაწერად მან შექმნა ახალი პოეტური ხატები. ბოდლერის ნოვატორულმა სიტყვიერმა და ვიზუალურმა ენამ პოეტებს საშუალება მისცა, შემოეტანათ ლიტერატურაში თემა რთული ქალაქური სამყაროსი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ტრადიციული პოეზიის პასტორალური პეიზაჟებისგან.

ბოდლერმა სრულად როდი დაარღვია ტრადიციები. მან შეიმუშავა დახვეწილი კლასიკური სტილი – ლაკონიური, ლირიკული და ორიგინალური – რათა ეწერა პირქუში, ამაზრზენი და თუნდაც უხამსი საკითხების შესახებ, რომლებიც, ფრანგული ლიტერატურული კონვენციების თანახმად, ან უგულებელყოფილი იყო, ან დაბალ სტილს მიეკუთვნებოდა. მანვე შეიმუშავა საკმარისად ტევადი ესთეტიკა დედაქალაქის ცხოვრების ახალი მოვლენების, ძვრებისა და კონფლიქტების ასასახავად. ბინძურ სცენებს ბოდლერმა რელიგიური დახვეწილობა მიანიჭა; ტრადიციული და ნოვატორული ელემენტების სინთეზის მეშვეობით, რომელიც შთაგონებულია ავტორის საოცარი გულწრფელობით, გადმოგვცა თანამედროვე პარიზის უცნაური და გამაოგნებელი სილამაზე.

ბოდლერის სიკვდილის შემდეგდროინდელი პოპულარობა მხოლოდ მისმა ლიტერატურულმა შემოქმედებამ როდი განაპირობა. ვინსენტ ვან გოგის მსგავსად, მის ცხოვრებაში ხორცშესხმული იყო განწირული და გაუცხოებული თანამედროვე მხატვრის მითი. პოეტის ცხოვრების ტრაგიკული დეტალები – სიღარიბე, დეპრესია, ცილისწამება საზოგადოების მხრივ, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, სექსუალური აღვირახსნილობა და დაავადებები – poète maudit-ის ანუ „დაწყევლილი პოეტის” განსახიერებად იქცა. სიფილისისგან უდროო სიკვდილის გამო ის წმინდანად შერაცხეს, როგორც ახალი ტიპის ტრაგიკული გმირი, ტანჯული ხელოვანი, რომელმაც ყველაფერი შესწირა შემოქმედებით თავისუფლებას გულცივ ბურჟუაზიულ სამყაროში.

ბოდლერმა მოინადირა ისეთი სფეროები, სადაც თანამედროვე პოეზია, ჩვეულებრივ, ვერ აღწევს. არსებობს ყავის ჭიქები, მაისურები და ქუდები წარწერით „ბოდლერი“. ასევე – პლაკატები, ბალიშები, კორსეტები, კაპიუშონები, წინდები და პლაჟის პირსახოცები; მემორიალური დაფები, ქანდაკებები, ბეჭდები და მედალიონები. შეგიძლიათ იყიდოთ სირჩა ბოდლერის გამოსახულებით და დეკლარაციით: „Il est l’heure de s’enivrer! Pour n’être pas les esclaves martyrisés du Temps, enivrez-vous; enivrez-vous sans cesse! ”(„თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს“[1]). რომელი სხვა ფრანგი პოეტია ეგზომ სახელგანთქმული, რომ ამა თუ იმ პროდუქტის პოპულარობა გამოიწვიოს? განა სადმე შეიძენთ პოლ ვალერის კორსეტს ან თეოფილ გოტიეს კაპიუშონს?

ბოდლერს ცოლ-შვილი არ ჰყოლია, მაგრამ ლიტერატურამ მას სამი შვილი აჩუქა. ესენი არიან ვაიოლეტი, კლაუსი და სანი – დანიელ ჰენდლერის რომანთა (სულ ცამეტი რომანია) ციკლის მრავალტანჯული გმირები (ისინი ავტორმა გამოაქვეყნა ფსევდონიმით „ლემონი სნიკეტი”). ციკლის სახელწოდებაა A Series of Unfortunate Events. მოზრდილმა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მკითხველებმაც კი იციან, რომ ბოდლერის გვარის მქონე ბავშვები განწირულნი არიან უიღბლო არსებობისთვის. Les enfants maudits! ლიტერატურათმცოდნეობისთვის ღირებული არაა არც ერთი ამ გასართობ ნაწარმოებთაგან, მაგრამ მათ სიმრავლეს საშუალო მკითხველი მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს. ბოდლერის მემკვიდრეობაში არის რაღაც უნიკალური და ურჩი, რაც არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ლიტერატურით. მაგრამ ვერც ბოდლერის მხატვრული ნოვატორობა და ვერც მისი ლირიკული გენია ადეკვატურად ვერ ახსნის შთამომავლებზე მისი შემოქმედების მომნუსხველ ზეგავლენას. ვიქტორ ჰიუგოს ასეთივე ძალუმი ნიჭი ჰქონდა და ძალზე ორიგინალური პოეტიც იყო, მაგრამ მისი პოეზია ჯერ კიდევ უცნობია საფრანგეთის საზღვრებს გარეთ. ბოდლერის ფანტაზია სრულიად განსხვავებულია. Les Fleurs du mal ავტორის განცდებს – და თვით ავტორსაც – არაჩვეულებრივად გულახდილად და ურცხვი ინტიმურობით წარმოგვიდგენს. მიუხედავად ამისა, ამ ლექსებში შეიმჩნევა უცნაური ორაზროვნება, ბუნდოვანება, რომელიც ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. მკითხველს შეუძლია, შეაღწიოს ბოდლერის სულში, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩასწვდება მას.

ცნობილია უოლტ უიტმენის სიტყვები: „ჩემს თავს ვეწინააღმდეგები?/ ძალიან კარგი. მაშასადამე, ჩემს თავს ვეწინააღმდეგები,/ დიდი ვარ, მრავალს ვიტევ ჩემში.)” ბოდლერთან შედარებით, უიტმენის წინააღმდეგობები მარტივი ჩანს; მკითხველს შეუძლია გაიგოს, რას ფიქრობს „კეთილი ჭაღარა პოეტი“ ნებისმიერ საგანზე, ბოდლერის პოეზიაში კი შეურიგებელ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტი ვერ ერკვეოდა საკუთარ თავში, თუმცა მისი ცხოვრება დემორალიზებული და უწესრიგო იყო. ბოდლერის ბუნდოვანების წყარო ისაა, რომ პოეტს არ სურს საკუთარი გამოცდილების გამარტივება ან დაყვანა ერთმნიშვნელოვან დასკვნებამდე; საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ მოატყუოს მკითხველი (ან საკუთარი თავი) და ამტკიცოს, ადამიანის არსებობა გონივრული ან ჰარმონიულიაო.

ბოდლერი ამაყობდა თავისი შემოქმედებითი პროცესის ინტელექტუალურობით (მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ედგარ ალან პოს „კომპოზიციის ფილოსოფიამ”, სადაც „ყორნის” კომპოზიცია აღწერილია, როგორც ცნობიერი, ინტელექტუალური გადაწყვეტილებების სერია.), მის ვერსიფიკაციაში თავს იჩენს უზადო კლასიკური ლოგიკა, ლექსებში ჭარბად გვხვდება იდეები და მოსაზრებები. მაგრამ ეს ბოდლერის პოეზიის მარტოოდენ გარეგნული, ზედაპირული ასპექტია. ბოდლერის აზროვნება იშვიათადაა ანალიტიკური ხასიათისა; ის ინტუიციური, ემოციური და შესაძლოა, ვიზიონერულია. პოეტი ცოცხალი, ხალასი უშუალობით წარმოაჩენს თავის აზრებსა და განცდებს. ფორმალური და რიტორიკული სრულყოფილება მის ლექსს ანიჭებს მოჩვენებით რაციონალურობას, რომელიც ნიღბავს ფარულ მღელვარებასა და დაბნეულობას.

საზოგადოებაში ამჟამად გავრცელებული მითის თანახმად, ინდივიდს ერთიანი ცნობიერება აქვს. ადამიანს მონოლითურ არსებად მიიჩნევენ. მაგრამ თანამედროვე ნეირომეცნიერებამ დაადასტურა, რომ ამგვარი წარმოდგენა ილუზიაა; ადამიანის ცნობიერება კონფლიქტური იმპულსების, ინსტინქტებისა და მოთხოვნილებების მუდმივად ცვალებადი ერთობლიობაა. ბოდლერი მეცნიერებამდე და ფსიქოლოგებამდე ადრე მიხვდა ან, ყოველ შემთხვევაში, ინტუიციურად ჩასწვდა ამ შემაძრწუნებელ ჭეშმარიტებას.

ბოდლერის მხატვრულ მეთოდში მთავარი ადგილი მუსიკას ეკავა. პოეზიას ის ჯადოსნობად მიიჩნევდა. ლექსი ერთგვარი სიტყვიერი შელოცვაა, რომელსაც მკითხველი გადაჰყავს ტრანსის მდგომარეობაში, უმძაფრებს აღქმის უნარს და საშუალებას აძლევს, განიცადოს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები და ემოციები, შეიგრძნოს ფარული მინიშნებები და კავშირები, რომლებიც ლექსში სრულად არასოდეს ვლინდება. მკითხველი განმარტავს ლექსს – არა როგორც განზრახ შექმნილ რებუსს, არამედ – როგორც გააზრების, წვდომის უსასრულო პროცესს. ვერბალური მუსიკა გვაგრძნობინებს, რომ ლექსში გამოხატული სცენებისა და გრძნობების მიღმა – წესრიგია.

ბოდლერის მეთოდი მკითხველისთვის უფრო რთულად გასაგებია, ვიდრე ფრანგული კლასიციზმის გამჭვირვალე ნაწარმოებები ან რომანტიკოსთა ინდივიდუალისტური დეკლარაციები. რასაკვირველია, მკითხველებს კლასიცისტური ან რომანტიკული ლექსების ინტერპრეტირებაც უწევდათ, მაგრამ ავტორებმა და ტრადიციამ მათ საამისოდ დეტალური მითითებები მიაწოდეს. როდესაც ალფონს დე ლამარტინი აცხადებს, რომ უყვარს ქალი, ეს განცხადება იქცევა საიმედო საფუძვლად მომდევნო გამონათქვამების ინტერპრეტაციისთვის, თუნდაც ლექსში ასახული განცდები და აზრები საკმარისად რთული იყოს. ხოლო როდესაც ბოდლერი აცხადებს, რომ მას უყვარს თავისი სატრფო – ჟანა დიუვალი, ეს განცხადება, ფლან ო’ბრაიენის აზრით, „აუხსნელი, მიუწვდომელი შესაძლებლობების ამოცნობას გულისხმობს”.

ბოდლერის მიმზიდველობა მისი ინტერპრეტაციის სირთულესაც უკავშირდება, განსაკუთრებით – დახვეწილ მუსიკალურ ბგერწერასთან და სენსაციურ თემებთან ერთად. მისი პოეზია საგანგებო მკითხველებს საჭიროებდა და ისინიც გამოჩნდნენ. ბოდლერის პოეზიის ბუნდოვანება მისსავე მემკვიდრეებს გადაეცა: ბოდლერმა წინასწარ განსაზღვრა სიმბოლიზმის ესთეტიკა, რომელმაც Les Fleurs du mal-ის ელემენტები დახვეწა და ისეთი სტილი შექმნა, რომელიც მოიცავდა ვარაუდებს და არა მტკიცებებს, მუსიკას და არა პარაფრაზირებად მნიშვნელობებს. სიმბოლიზმს კიდევ უფრო დახვეწილი მკითხველები სჭირდებოდა. და სწორედ მათ გახადეს შესაძლებელი მოდერნისტული პოეზია.

ამ ბუნდოვანების გამოა, რომ ბოდლერს, როგორც რელიგიურ პოეტს, თავგამოდებით იცავდნენ კათოლიკეები, ხოლო ეგზისტენციალისტები – როგორც ნიჰილისტს. მარქსისტები ქება-დიდებას ასხამენ მას, როგორც პროტორევოლუციონერს, რომელმაც გამოხატა ურბანული მასების გაუცხოება, ხოლო დეკადენტები უწოდებენ არისტოკრატიულ ჰედონისტს, რომელმაც უარყო ბურჟუაზიული მორალი აკრძალულ სიამოვნებათა ძიებისას. ის, როგორც წმინდა ფანტაზიის პოეტი – სიმბოლისტიცაა და, ასევე, სატანიზმის მიმდევარი ცოდვილიც.

ბოდლერი მკითხველს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს მისი ნაწარმოებების საბოლოო ინტერპრეტაციაში. მისი წარმოსახვა შექსპირისეულს არ ჰგავს; ბოდლერს არ შესწევს უნარი, წარმოაჩინოს სხვა ადამიანების სულიერი სამყარო. ბოდლერის პოეზიაში წარმოჩნდება მხოლოდ თვით ბოდლერი – რეალურად არსებული ხელოვანი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანების პარიზში. ტრანსგრესიული თუ ტრადიციული, მკრეხელური თუ საკრალური, ბოდლერი განუმარტავია. თუმცა, ის არასოდეს გაურბის მკითხველს, თამამად ხვდება მას პირისპირ, არ ერიდება თავისი ნაკლოვანებებისა და წარუმატებლობებისა. იცის, რომ მისმა სიმღერებმა ის მშვენიერი გახადა.

ბოდლერის პოეტიკა

ბოდლერი მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი იყო. მისმა ორიგინალურმა თუ ადრინდელი ავტორებისგან ათვისებულმა შეხედულებებმა რადიკალურად შეცვალა ევროპული ლიტერატურა. ის ბევრს წერდა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ შთამომავლები ბოდლერს პოეტად თვლიან, თანამედროვეები მას ძირითადად პროზითა და თარგმანებით იცნობდნენ, და კიდევ – Les Fleurs du mal-ის უხამსობის გამო გამართული სკანდალური სასამართლო პროცესით.

 ბოდლერი სისტემატური თეორეტიკოსი არ გახლდათ. მისი საუკეთესო კრიტიკული თხზულებებიც კი ხშირად გაფანტულია, არაორგანიზებული და განმეორებებს შეიცავს. და მაინც, ეს თხზულებები ავტორიტეტულია. ბოდლერის პროზის სტილი მისივე იდეების ორიგინალურობასა და და გამჭრიახობას შეესაბამება. „ყოველთვის პოეტი იყავი, – წერდა ის, – პროზაშიც კი”. მიუხედავად იმისა, რომ ბოდლერი აფასებდა წმინდა ინტელექტს შემოქმედებით პროცესში, ის კრიტიკას არ მიიჩნევდა მშრალ, ანალიტიკურ საქმიანობად; აღტაცებული იყო „დიდი კრიტიკოსების რელიგიური მგზნებარებით“. ამგვარი მგზნებარება მსჭვალავს მის საუკეთესო, ემოციური ენერგიით აღსავსე ესეებს. ბოდლერი იკვლევდა პოეტიკას პრაქტიკოსი პოეტის პოზიციიდან. ის ეძებდა სიცხადეს იმ საკითხებში, რომლებიც აღელვებდნენ მას, როგორც ხელოვანს. საკუთარი შემოქმედებითი დილემის ანალიზისას ბოდლერმა ჩამოაყალიბა იდეები, რომლებიც გადამწყვეტი აღმოჩნდა შთამომავლობისთვის.

ბოდლერის პოეტიკის ცენტრალური იდეა ხელოვნების ავტონომიურობაა. ის ამტკიცებდა, რომ ლიტერატურას და, ზოგადად, ხელოვნებას არ გააჩნია კონკრეტული მორალური მიზანი და იცოდა, რომ ეს თეორია ეწინააღმდეგებოდა პოპულარულ აზრს, თითქოს ლიტერატურას ეთიკური, რელიგიური ან პოლიტიკური მიზანი უნდა ჰქონდეს. „ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს” – წერდა ის – „რომ პოეზიის მიზანი არის დამოძღვრა, რომ მან უნდა განამტკიცოს სინდისიერება ან სრულყოს მანერები, ან, მთლიანობაში, გარკვეული სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას“. ბოდლერის აზრით, დიდაქტიკურობა ესთეტიკური ერესია. „პოეზიას” – ამტკიცებდა ის – „არა აქვს სხვა ობიექტი, საკუთარი თავის გარდა”. მისმა რწმენამ გავლენა მოახდინა მის მიერვე დაწერილ ლექსებზე; ბოდლერისთვის პოეზია მარტოოდენ ლირიკული საშუალებაა. როგორც ვალერიმ შენიშნა, Les Fleurs du mal თავისი ეპოქისთვის უჩვეულო წიგნი გახლდათ: ის არ შეიცავს ისტორიულ ლექსებს, თხრობას, ფილოსოფიურ ნაწარმოებებს ან პოლიტიკურ მოსაზრებებს, ეს კი ფრანგული რომანტიზმის ნორმების რადიკალური გარღვევაა. ამის ნაცვლად, მან წარმოადგინა „ხიბლი, მუსიკა, მძლავრი მგრძნობელობა”.

ბოდლერის თეორია ხელოვნების ავტონომიურობის შესახებ უფრო დახვეწილია, ვიდრე შთამომავალთა მარტივი ლოზუნგი „ხელოვნება ხელოვნებისთვის”. მართალია, მას სწამდა, რომ ჭეშმარიტ ხელოვნებას არ გააჩნია მორალური მიზნები, მაგრამ მაინც აღიარებდა, რომ ხელოვნების ცალკეულ ნაწარმოებებს შეიძლება მორალური შედეგები მოჰყვეს. Les Fleurs du mal-ის მეორე გამოცემის „შავ“ წინასიტყვაობაში ის ცდილობდა, პასუხი გაეცა იმათთვის, ვინც მის შემოქმედებას უხამსობასა და მკრეხელობას სდებდა ბრალად. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკანდალმა პოეტს გული ატკინა, მან გულგრილად განაცხადა: „ზოგმა მითხრა, რომ ეს ლექსები მავნეა; ამან როდი გამახარა. სხვები – კეთილმოსურნეები – მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ლექსები კეთილისმყოფელია; ამის გამო არ შევწუხებულვარ.” ბოდლერი არ უარყოფს თავისი შემოქმედების მორალურ ზეგავლენას; ის აცხადებს, რომ ამ ზეგავლენას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ლექსის დადებითი თუ უარყოფითი მორალური შედეგები არ განსაზღვრავს მის მხატვრულ ღირებულებას. როგორც ოსკარ უაილდმა დაწერა ოცდაათი წლის შემდეგ „დორიან გრეის პორტრეტის“ წინასიტყვაობაში, „არ არსებობს უზნეო ან ზნეობრივად სრულყოფილი წიგნი. წიგნები ან კარგადაა დაწერილი, ან ცუდად. ესაა და ეს.” ეს შეხედულება დღესაც საკამათოა, ისევე, როგორც ორივე ავტორის სამართლებრივი დევნის დროს. საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა ბოდლერსა და უაილდს და არ აპატია მათი ესთეტიკა.

 ხელოვანთა აზრით, ზოგიერთი იდეა უფრო სასარგებლოა, ვიდრე სხვები. ბოდლერის შეხედულება ხელოვნების ავტონომიურობის შესახებ და დიდაქტიკის უგულებელყოფა დამაჯერებელი იყო მომავალი თაობის საუკეთესო პოეტებისთვის, რომელთაც სურდათ, თავი დაეღწიათ მორალური და პოლიტიკური იდეოლოგიის, მათ შორის, ნაციონალიზმის ტრადიციული ტვირთისთვის, ეს კი განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო რომანტიკული ეპოქისთვის. მხატვრული ავტონომია შთამაგონებელ პრინციპად იქცა სიმბოლისტებისთვის, ისევე, როგორც დეკადენტური, ესთეტური და ადრეული მოდერნისტული მოძრაობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოდლერის პირველი მიმდევრები იყვნენ ფრანგები – თავდაპირველად ვერლენი, რემბო და მალარმე, შემდეგ კი ვალერი, ჟიულ ლაფორგი და პოლ კლოდელი – მის იდეებს საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა. სიმბოლიზმმა გავლენა მოახდინა მრავალ პოეტზე, მათ შორის უნდა დავასახელოთ უ.ბ. იეიტსი, ტ.ს. ელიოტი, უოლეს სტივენსი, ჰარტ კრეინი, სტეფან გეორგე, რაინერ მარია რილკე, გაბრიელე დ’ანუნციო, ეუჯენიო მონტალე, ალექსანდრ ბლოკი, ოსიპ მანდელშტამი, ემილ ვერჰარნი, ფედერიკო გარსია ლორკა და ანტონიო მაჩადო.

თუ პოეზიას არ გააჩნია არც მორალური და არც დიდაქტიკური მიზანი, სხვას რას უნდა ესწრაფოდეს ის, გარდა გრძნობების, ემოციებისა და წარმოსახვის აღგზნებისა? როგორი ღირსსახსოვარიც უნდა იყოს ფრაზა: „ხელოვნება ხელოვნებისთვის”, ის მარტოოდენ ცირკულარული ლოგიკური პოსტულატია. რაღა გვრჩება, გარდა შეგრძნებათა თვითკმარი მიკროკოსმოსისა? ბოდლერის პოეტიკის საფუძველია გადამწყვეტი პასუხი ამ კითხვაზე. ის აღიარებს, რომ ვიწრო ესთეტიზმი წარმოშობს ხელოვნებას, რომელიც მხოლოდ დეკორატიულია (ესაა განწყობილებათა გადმოცემა ლექსითი ფორმით) და გამოიხატება ისეთი ეფემერული ცნებით, როგორიცაა poésie pure; ამგვარი პოეზია შედგება მშვენიერი ბგერებისა და შთამბეჭდავი ხატებისგან და არავითარ გარეშე რეალობას არ უკავშირდება. ასეთი ესთეტიზმი თითქოს საგანგებოდ აკნინებს პოეზიას. ბოდლერს კი შეიძლება ბევრი რამ დავაბრალოთ, გარდა კნინი, უმნიშვნელო მისწრაფებებისა.

ბოდლერისთვის პოეზიის მიზანი მშვენიერებაა, მაგრამ მშვენიერება თვითმიზანი როდია. პოეზიაში ასახული მშვენიერების წყალობით მკითხველი ახლებურად აღიქვამს რეალობას. მშვენიერების განცდა ცვლის ცნობიერებას; ის საშუალებას აძლევს ადამიანს, აღიქვას საგანთა თვისებები და შესაბამისობანი იმგვარად, როგორც ეს შეუძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოდლერის წარმოდგენა მშვენიერების შესახებ ტრანსცენდენტური ცნობიერების თითქმის მისტიკურ გააზრებას გულისხმობს. ხელოვნება იმდენად ექსტაზურია, რომ წამიერად ანადგურებს თვითებას და ათავისუფლებს ადამიანის ცნობიერებას აპათიისა და ეგოიზმისაგან: „სულის თითქმის ზებუნებრივ მდგომარეობებში, – წერდა ის – ცხოვრების სიღრმე სრულად ვლინდება ნებისმიერი სანახაობის ჭვრეტისას, როგორი ჩვეულებრივიც უნდა იყოს ის, და მის სიმბოლოდ იქცევა“. მშვენიერების ექსტაზური განცდა ბოდლერის პოეტიკაში წარმოქმნის იმგვარ ცნობიერებას, რომელიც აღიქვამს ფარულ შესაბამისობას არსებობის ფიზიკურ და სულიერ სფეროებს შორის.

მეცნიერები კამათობენ იმაზე, როგორ უნდა გავიგოთ მშვენიერების ბოდლერისეული თეორია: პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. შესაძლოა, აქ, ისევე როგორც ხშირად ხდება ხოლმე მის ნაწარმოებებში, ბოდლერი ერთდროულად გამოთქვამდა ორ წინააღმდეგობრივ თვალსაზრისს. მან ვერაფრით შეცვალა ღმერთი თავის მსოფლმხედველობაში (ასე რომ არ იყოს, ღვთაებრივი წესრიგის უბრალო იგნორირების ნაცვლად, მის წინააღმდეგ არ ამბოხდებოდა). ბოდლერს სწამდა რეალობის ზებუნებრივი სფეროს არსებობისა, რომლისკენაც ხელოვნება ისწრაფოდა. ეს რწმენა მშვენიერების გამოვლინებებს ობიექტურობას ანიჭებდა; ადამიანი ნამდვილად მონაწილეობს რაღაც რეალურში, მაშინაც კი, როდესაც ამ გამოცდილების კონცეპტუალური გადმოცემა რთულია. ჟაკ მარიტენის ცნობილი ფრაზა რომ გავიხსენოთ, მშვენიერება წარმოადგენს „ყოფიერების იდუმალებათა გამოსხივებას გონებაში”. ამ თვალსაზრისით, მშვენიერებას გამათავისუფლებელი უნარი აქვს; ის საშუალებას აძლევს ცოდვილ კაცობრიობას, წამიერად ეზიაროს იდუმალ მადლს.

ამასთან, თუ ბოდლერის თეორიას გადატანითი მნიშვნელობით გავიაზრებთ, მაშინ მშვენიერება გვთავაზობს მხოლოდ მნიშვნელობის იმ ფორმებს, რომელთაც ინდივიდი სუბიექტური საზრისებით ავსებს. ამგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც პოპულარულია ფროიდისტებსა და პოსტმოდერნისტებს შორის, თვით პოეტის მიერ მიკვლეულ იდეებს ემყარება. ბოდლერს ესმოდა, რაოდენ მიმზიდველია ცნობიერების ის მდგომარეობა, რომელიც მიიღწევა სტიმულატორებისა და ნარკოტიკების მეშვეობით. მან გააანალიზა ხერხები, რომლებითაც ეს ნივთიერებები ცვლის რეალობის ინდივიდუალურ აღქმას. ხელოვნება გვთავაზობს მსგავს, თუმცა კი უფრო დახვეწილ ხერხს, რათა გავექცეთ არსებობის ტვირთს. ხელოვნება ასხივოსნებს წარმოსახვას, მეხსიერებასა და გრძნობად აღქმას. მაგრამ გადატანითი ინტერპრეტაციისას ის (ხელოვნება) არ სცილდება ადამიანის ცნობიერებას, თუმცა კი აკავშირებს მას ყოფიერების უფრო მაღალ ან იდეალურ სფეროსთან.

აი, ახლა ხდება რევოლუციური ძვრა ბოდლერის პოეტიკაში, რომლის წყალობითაც მისმა შემოქმედებამ გარდამტეხი გავლენა მოახდინა ადრეულ მკითხველებზე. თუკი მშვენიერება აღქმის უზენაესი ფორმაა, რომელშიც რეალობის მისტიკური შესაბამისობები ვლინდება, მაშინ ასეთ ინტენსიურ ცნობიერებას შეუძლია გარდაქმნას იმ საგნების აღქმა, რომლებიც მახინჯად ან ბოროტად მიიჩნევა. მშვენიერების აღმოჩენა ავადმყოფობაში, ბოროტებაში, თრობაში, გახრწნაში, ავლენს მათი არსებობის იდუმალ მიზნებს. თუ ხელოვნებამ უნდა გაათავისუფლოს ადამიანის ყოფიერება უმიზნობისგან, მაშინ მან უნდა განავითაროს თანამედროვე ცხოვრების ბინძურ და ბოროტ ასპექტებთან შეგუების უნარი. ხელოვნებამ უნდა განავითაროს ბოროტების პოეტიკა.

რა თქმა უნდა, ბოდლერის პოეტიკის უფრო ბნელი ასპექტების საფუძველი მისი ხასიათი იყო. პოეტის მელანქოლიური ტემპერამენტი ყოველთვის განსაზღვრავდა მშვენიერების მისეულ გრძნობას – ამას მოწმობს ბოდლერის მგზნებარე სიყვარული პოს მიმართ. „ვერ წარმომიდგენია” – წერდა იგი თავის დღიურში – „ისეთი მშვენიერება, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სევდასთან”. ეს შეხედულება ბოდლერმა ზოგად თეორიად აქცია. „Le beau est toujours bizarre” („მშვენიერი ყოველთვის უცნაურია”) – განაცხადა მან. მისი პოეტური ჩანაფიქრი გულისხმობდა მშვენიერების აღმოჩენას უკეთურ და მახინჯ საგნებში. ეს მიზანი საჭიროებდა იმდენად ტევადი მგრძნობელობის შექმნას, რომ მოეცვა გროტესკულიც და ამაღლებულიც. ბოროტების პოეტიკა, ასევე, საჭიროებდა სტილს, რომელიც მასალის შესაბამისი იქნებოდა, მაგრამ მაინც სიამოვნებას მიანიჭებდა მკითხველს. „Aux objets répugnant nous trouvons des appas” – დაწერა მან: „უმსგავს საგნებში ჩვენ ხიბლს ვპოულობთ”. „Les Fleurs du mal“- ის დაუმთავრებელ წინასიტყვაობაში ბოდლერი ამაყობს თავისი მიღწევით: „ეს თავშესაქცევი და სასიამოვნოც კი იყო, რადგან რთული ამოცანის წინაშე ვიდექი: ბოროტებაში მშვენიერება უნდა მეპოვა”.

ბოდლერის მიერ ბოროტების მშვენიერების აღმოჩენა რევოლუციური მომენტი იყო ევროპულ ესთეტიკაში. პოეტმა უგულებელყო საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენები მშვენიერების შესახებ და შემოგვთავაზა, დავმტკბარიყავით „უკეთური“ (როგორც გრძნობადი, ისე მორალური თვალსაზრისით) საგნებით. ამ იდეის გამოძახილები ჯერ კიდევ ექოსავით გაისმის ხელოვნებასა და ლიტერატურაში. თანამედროვე წარმოდგენა ტრანსგრესიული ხელოვნების შესახებ სწორედ Les Fleurs du mal-იდან მომდინარეობს. პოეტები ბოდლერამდეც ასახავდნენ თავიანთ ნაწარმოებებში გროტესკს, სიმახინჯესა და ბოროტებას, მაგრამ ეს თემები საგანგებოდ როდი უკავშირდებოდა მშვენიერს ან ამაღლებულს; პოეტები არც იმას აცხადებდნენ, რომ ეს თემები მორალური განსჯის საზღვრებს სცდებოდნენ. ბოროტების ესთეტიზებამ ბოდლერის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი დაიკავა და წარუშლელი კვალი დააჩნია ბელეტრისტიკას, დრამატურგიასა და პოეზიას.

ამასთან, ბოროტების ბოდლერისეული პოეტიკა საკუთარი ბუნდოვანებით გამოირჩევა. როგორც იზოლირებული იდეა, ის საკმაოდ მარტივია, მაგრამ როგორ უნდა განვმარტოთ ის ბოდლერის პოეტიკის უფრო ფართო კონტექსტში? ეს ინტეგრაცია არსებით კითხვებს ბადებს. არის თუ არა ბოროტების ესთეტიკა თვითმიზანი ან, იქნებ, ის ღირებულებათა უფრო ფართო სპექტრს უკავშირდება? ტრანსგრესიულია თუ გამათავისუფლებელი ბოროტების მშვენიერების აღმოჩენა? ანადგურებს თუ არა ბოდლერისეული ესთეტიკური რევოლუცია ტრადიციულ წარმოდგენებს მშვენიერების შესახებ და, მათ შორის, მის განუყოფელ კავშირს ჭეშმარიტებასა და სიკეთესთან? შესაძლოა, ბოდლერი მხოლოდ აფართოებს მშვენიერების სივრცეს, რათა შეარიგოს, შეათანხმოს ყოველივე და სამყაროს იდეალური წესრიგი წარმოაჩინოს?

როგორც ჩანს, ბოდლერის მსოფლმხედველობაში მშვენიერების მიზანი მართლაც იდეალური წესრიგის წარმოჩენაა. ბოდლერმა დაადასტურა პოს აღტაცებული სიტყვები იმის შესახებ, რომ კაცობრიობა „გაშმაგებით ცდილობდა” ჩასწვდომოდა მშვენიერების არსს ან თუნდაც „მშვენიერების ნაწილს, რომლის ელემენტები, შესაძლოა, მხოლოდ მარადისობას განეკუთვნება“. მაგრამ ბოდლერი მიუთითებს, რომ ბოროტება და ავადმყოფობაც მშვენიერია. წინააღმდეგობრიობა შეუთავსებელი ჩანს, სანამ არ გავიხსენებთ პოეტის გატაცებას თავდაპირველი ცოდვისა და კაცობრიობის დაცემის იდეებით.

ბოდლერმა განჭვრიტა ადამიანის არსებითი გაორება, რის გამოც ის „როგორც ღმერთის, ასევე სატანის ერთგულია“ . მისი პოეტიკა ამ წინააღმდეგობრივი ლტოლვების შერიგებას ცდილობდა. ეს სინთეზი წარმოადგენს სეკულარიზაციას ქრისტიანული წარმოდგენისა, რომ ყველაფერი, რაც კი არსებობს, ბოროტების ჩათვლით, ღვთაებრივ მიზანს ემსახურება. ბოდლერს თეოლოგიური კონცეფცია ღმერთიდან ადამიანზე გადააქვს. ვინაიდან მისი პოეტიკა ადამიანურია, მან უნდა ასახოს გაორებულობა დაცემული ადამიანისა, რომელიც ნახევრად სულია და ნახევრად ცხოველი. ადამიანში ხომ ორი ურთიერთსაპირისპირო ძალის მუდმივი ჭიდილი მიმდინარეობს. „ღმერთისადმი ან სულიერებისადმი ლტოლვა ზეაღსვლის სურვილია“ – წერს იგი თავის დღიურში – „ხოლო სატანისა თუ ცხოველების სურვილი – დაცემით ტკბობა.“ ბოდლერს ვერ წარმოედგინა ერთ ძალა მეორის გარეშე; ცალ-ცალკე ვერც ერთი მათგანი ვერ მოიცავს მთელ სინამდვილეს.

ბოდლერისთვის მშვენიერება განუყოფელია ადამიანის ბუნების წინააღმდეგობრივ ელემენტთა უსასრულო დიალექტიკისგან. და ამ დიალექტიკის ენერგია ცხოველმყოფელობას ანიჭებს ბოდლერის შემოქმედებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება განვმარტოთ, თუ რატომაა ასე რთული მისი პოეზიის ინტერპრეტაცია; ეს სტატიკური გაგება კი არაა, არამედ დაპირისპირებულ ძალთა დინამიკურ ურთიერთმიმართება. ბოდლერის აზრით, ხელოვნებამ უნდა განასახიეროს და გამოხატოს ადამიანური ბუნების როგორც ღვთაებრივი, ასევე – დემონური მხარე, მათი განცალკევების გარეშე.

ბოდლერის პოეტური ხედვის ღრმა მიზანი და მისივე თვითმყოფობა მეტყველებს, თუ რატომ მოხიბლა ეგზომ ძლიერ „Les Fleurs du mal“-მა შთამომავლები. წიგნის ჩანაფიქრი და ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა შეესაბამება ავტორის ნოვატორულ ესთეტიკას. ცალ-ცალკე მისი ლექსები შესანიშნავი ლირიკული ნაწარმოებებია, რომლებიც შთაგონებულია ავტორის მუსიკალური გენიალურობით და ემოციური გულწრფელობით; ათობით ლექსი დამოუკიდებელ ნაწარმოებებადაა წარმოდგენილი ანთოლოგიებსა და სახელმძღვანელოებში. ბოდლერის მიერ რუდუნებით შედგენილ კრებულში, ერთი-მეორის მიყოლებით წაკითხვისას, ეს ნაწარმოებები წარმოაჩენენ ადამიანის ყოფიერების მთელ სირთულესა და წინააღმდეგობრიობას. მათში იგრძნობა ავტორის მიერ განცდილი სიხარული, მწუხარება და გულისტკივილი. ბოდლერი არ ცდილობდა სიკეთისა და ბოროტების საზღვრების მიღმა გაღწევას; სურდა, მკაფიოდ დაენახა ორივე მათგანი, როგორც რეალობის დიალექტიკის ნაწილი. მას ესმოდა ბუნდოვანების, ორაზროვნების ძალა, რომელიც ადამიანის სულის გაორებულ ბუნებას შეესაბამება.

Le Voyage-ის ბოლო სტრიქონებში ერთგვარად შეჯამებულია Les Fleurs du mal. სიკვდილისკენ უკანასკნელი მოგზაურობისას პოეტს ახარებს „ექსტაზური წინასწარჭვრეტა” ყოფიერების სისრულისა, რომელსაც ეზიარება მოკვდავი:

Plonger au fond du gouffre, Enfer ou Ciel, qu’importe?

Au fond de l’Inconnu pour trouver du nouveau!

სამოთხე იყოს, უფსკრული თუ თვით ჯოჯოხეთი,

 შეუცნობელის სიღრმეებში ვპოვებ სიახლეს.

The New Criterion

Vol. 40, No. 2 / ოქტომბერი 2021


[1] თარგმანი ზვიად გამსახურდიასი.

© არილი

Facebook Comments Box