პოეზია (თარგმანი)

დენის ლევერტოვი – ლექსები

levertov 43334

ინგლისურიდან თარგმნა ეფემია ჭავჭანიძემ

ქალაქის ფსალმუნი

მკვლელობები ახლაც გრძელდება, ყოველწამიერ
ტკივილი და უბედურება მოქმედ არეალს აფართოებს
გენეტიკურ მიმდევრობაში, უსამართლობას განზრახ სჩადიან, ქარი
ნაშთს მკვდარი იმედების - ჰაერში ფანტავს,
და მაინც,
ამ მტვრის სუნთქვისას
ამ ხალხმრავალ ტროტუარებზე,
დასახიჩრებულ ცხოვრებათა ლაბირინთებში სიარულის დროს,
მაისის მზით დამაბრმავებლად განათებულ ავტოსადგომზე,
ჯეკჰემერების დამანგრეველ, მრისხანე ხმაში
არა გარეთ, არამედ შიგნით, სადღაც,
ყრუ სევდაში, ადამიანთა გატეხილი ნებისა და მახინჯ
ბეტონის ფასადებს მიღმა, მე დავინახე
სხვა მწუხარება,
როგორც ნამზე სათუთი სხივი, გულმოწყალების მყუდრო სავანე
და გავიგონე
ხმა არა გარე, არამედ შიგნით ამ ხმაურის
გუგუნი როგორ ეახლება მშვიდ ღიმილს - ნაპირს.
არაფერი შეცვლილა, მხოლოდ - თითქოს სხვა მხარიდან მოეფინა სინათლე ყოველს
არც მკვლელობები შეწყვეტილა, უბედურებაც კვლავ განაგრძობდა არსებობას,
არც მიფიქრია, რომ ბოლო  მოეღო სასოწარკვეთას,
მაგრამ, როგორღაც, საიდუმლოს ამოხსნისას, გამჭვირვალე ცხადმა სინათლემ
ყველაფერი სულ სხვაგვარი გახადა, და კურთხეული, და ეს იყო ნეტარება
მე სამოთხე დავინახე მტვრიან ქუჩაში.


როგორები იყვნენ ისინი?

1) იყენებდნენ ქვის ფარნებს
ადამიანები – ვიეტნამიდან?

2) ატარებდნენ ცერემონიებს

გაზაფხულზე ყვავილობის პატივსადებად?

3) ხშირად და მშვიდად იცინოდნენ?
4) იყენებდნენ ძვალს, სპილოსძვალს,
ნეფრიტსა და ვერცხლს – სამკაულთათვის?

5) ეპიკური პოემა ჰქონდათ?.. თუ არა?

6) განასხვავებდნენ მეტყველებას სიმღერისაგან?

 

1) სერ, მათი გულის ნათელი ჩაქრა, ქვად გადაიქცა.
და აღარ ახსოვთ, თუ ოდესმე მათი ბაღების
ქვის ფარნები ჰფენდა ნათელს საამო საქმეთ.

2) შესაძლოა, მათ სურდათ, რომ ეზეიმათ – ყვავილობა და გაზაფხული
თუმც მას შემდეგ, რაც ბავშვები მოკლეს
აღარსად იყო ყვავილები, აღარც კვირტები.

3) სერ, სიცილი მწარე ხდება დამწვარ ბაგეზე.

4) მრავალი სიზმრის წინ იყო ასე, შესაძლოა. სამკაული სიხარულს ამკობს.

ყველა ძვალი კი ნახშირად იქცა.

5) ეს დაივიწყეს.  გავიხსენოთ,
უმეტესობა მათთაგან ხომ გლეხები იყვნენ;  მათი ცხოვრება კი
ბამბუკის და ბრინჯის ყანები –
ცაში მშვიდად მცურავ ღრუბლებს რომ ირეკლავდნენ,

წყლის კამეჩები ტერასების გასწვრივ მძიმედ დააბიჯებდნენ,
შეიძლება სწორედ მაშინ – ძველ თქმულებებს უამბობდნენ ვაჟებს მამები.
და როცა ჭურვებმა დაამსხვრიეს ეს სარკეები
დრო დარჩა მხოლოდ მოთქმისა და ტირილისათვის.

6) აქ არ ისმის გამოძახილი
მათი საუბრის, როგორც სიმღერის
როგორც ამბობენ, მათი მღერა
წააგავდა ფარვანას ფრენას – მთვარის შუქზე.
მაგრამ ვინ იცის? აქ და ახლა სიჩუმე სუფევს.

 

მერრიტ-ხეივანი

სულ ასე ხდება,
ისინი მუდამ მოძრაობენ,
თუკი ჩვენ ვაგრძელებთ სვლას.

ფერმკრთალი ცის ქვეშ – სადაც
აინთო ვარსკვლავები, სხივმა
გაჰკვეთა ნისლი  და

განუხრელად მისდია უკან
მარადისობას,
ჩვენი გზების ეს ექვსი ზოლი
უსასრულო სიზმარს მიაგავს.

და ეს ხალხი – ისინი ჩვენ ვართ!
ადამიანები – მანქანიდან
გადმოსულები, მხოლოდდამხოლოდ
ბენზინგასამართ სადგურებზე,
ეჭვის თვალით ვუმზერთ ერთმანეთს
ვუთვალთვალებთ.

 

აჩქარებით, გადარბენაზე ყავას გადავკრავთ
სათამაშო ავტომატებთან და სასწრაფოდ
უკან ვბრუნდებით, მანქანებში
რომ დავიმალოთ
სამარადისოდ
და მოძრაობა გავაგრძელოთ –

სახლები ახლა, ამ წუთებში და შემდეგ – მიღმა
დაშტამპულ გზების, და ხეები/ხეთა, ბუჩქთა
გვერდის ავლით, და ჩავლით
მანქანებს შორის, რომლებიც სვლას აგრძელებენ ჩვენს
წინ, ჩვენს შემდეგ,
კვალში  გვიდგანან
და
მარცხნისაკენ, ზევით, გასწვრივაც, მიმოდიან
საპირისპიროდ, მკვეთრი სინათლით.
მოძრაობა შეუსვენებლად და გამუდმებით

ექვს საგზაო ზოლში სრიალი
ჩრდილოეთის თუ სამხრეთის მიმართულებით, და სიჩქარე

გაურკვეველი ხმების თანხლებით –

 

წვიმაში მოსეირნენი

მოხუცი მამაკაცი – მისი შავი პირისახე
ქუჩის ფარნებს ქვეშ

მოოქროსფრო-ყავისფერად ლაპლაპებს, სველი კენჭებივით,

ის ორ, არა-წმინდა ჯიშისა და
განსხვავებული აგებულების  ძაღლს ასეირნებს,

საღამოსპირის, დასვენებულ, წვიმიან ქუჩაზე.

 

ერთი მათგანი, ტანმორჩილი, დაბალი ბეწვით, ჯიუტად აყოვნებს,

თითქოს სანაგვე ურნის ძახილს უგდებდეს ყურს.
მაღალი და ხუჭუჭა კი

ჯიქურ მიიწევს წინ, სასეირნოდ; მბზინავი ბორდიურებისკენ

რომლებიც რაღაც ახლის, იდუმალის დაპირებით აცდუნებენ.

წვიმა მატულობს. თავშიშველი მოხუცი კაცი

საკუთარ თავს უღიმის და ჩუმად ბუზღუნებს.

განათება იცვლება: და გამზირზე

უსასრულოდ  ჩამწკრივებული შენობები ეხმიანება
ლუტურგიის  ხმებს, მის წითელ ფერს. კაცი მერყეობს

 

ამ ორი ძაღლის სურვილს შორის.

სამივე – მათგან – ერთმანეთის შეგრძნებებით არის მოცული  –

ახლა კუთხეში ჩაუხვიეს  გზაჯვარედინის გადასავლელად

ერთმანეთით გართულებმა და ამ ამინდით,

ურთიერთთან უთანხმოების რაღაც დუნე დაძაბულობით

და პრივატული სიჩუმით
– უცნაურად ბედნიერებმა.

© არილი

Facebook Comments Box