პოეზია

დიანა ანფიმიადი – აუტიზმი. ამეტყველება და სხვ. ლექსები

diana anfimiadi 23

აუტიზმი.

ამეტყველება

როგორ სათითაოდ ჩამოხოცა

მავთულზე ჩამომსხდარი სიმღერები

ყინვამ.

ყურებზე ხელი ავიფარე

ვისმენ – სიტყვა სად იბადება,

ვინ ვარ.

დავდივარ თვალებით – ღია გალიებით –

რომ შიგნით მოვიმწყვდიო

ჭრელი თუთიყუში – ქვეყანა.

ჩემ წინ და ჩემ უკან სამიოდ ნაბიჯი

და მერე ხელახლა

და მერე თავიდან

მსოფლიოს გარშემო რკინიგზა გამეყვანა

მსურდა.

და ვტრიალებ, ვტრიალებ

ვტრიალებ

ვიწევი. ვმუსუბუქდები, ვმჩატდები, ვვარდები…

ღრუბლების ხაო და ნოტიო შეხება

დედამ ჩამოკიდა ახალი ფარდები.

პირში მიწის ოდნავ მომჟავო გემო აქვს

ბიჭს, ჩემში რომ უდგას საწოლთან ტორშერი

და თბილი ხელების  დამთრგუნველ შეხებას

ძვირფასი თვალების ალესილ შეხედვას

კაშკაშა პროჟექტორებს თოფივით მოშვერილს

იშორებს…

ცაში კი სიტყვები ჩხავიან

როგორც თოფის სროლით დამფრთხალი ყვავები

გაჩუმდი, გეყოფათ!

ერთს  მოვდე ანკესი –

და თავზე

და თავში

მთელი ცა  მემხობა!

 

ვიწყებ –

დავაწერე ყვავების გუნდები

სანოტო ხაზებს, ტელეფონის მავთულებს –

პირში მიჩხავიან მარტივი სიტყვები –

რომელთაც თან და ქვე ვაწყობ

და

ვართულებ.

 

ყვირილი

ყვირილი ზღაპრული ალვის ხეა

ორ წამში იზრდება.

მოჭრიან, დაწვავენ

თუ ერთი ნაფოტიც გადარჩა

თუ ერთი მისხალიც დატოვეს

სახლს მიასუფთავებს,

ეზოსაც დახვეტავს

კვერებსაც შეაცხობს ღადარში

– გახდება ყველას და ყველაფრის პატრონი.

ყვირილი ზღაპრული ჩიტია

ცეცხლის ფრთებს ფანჯრის მინას აზომებს,

ზრიალით იმსხვრევა

ზამთრის გამჭვირვალე სარკმელი,

როცა ის გამოჩეკს ბარტყებს

– უბუმბულოს – ძახილის…

მეც აქ ვარ

ჩემივე ყვირილი გადამცდა შვილივით,

ან უკეთ, ქვასავით

და ზღვაში მარილის კრისტალებს ვაზავებ…

ვყვირი –

სისხლით და

და ხმით დობილი

ჩნდება ყოველი მომდევნო სიტყვა –

მკვდრადშობილი.

ჰო, მუდამ ასეა –

გზიდან  – ხმის სიმაღლის მწვერვალიდან

უკან ვეღარასდროს ვბრუნდები.

 

შობის სიმღერა

ვიღაცა ჩიტივით ეხლება ამ ღამის

ყინვას  – მოხატულ მინას  და

მინავლულ სიმღერას დიეზებს, ბემოლებს

ცეცხლივით ვუკეთებ – გძინავს.

კართან კი მგზავრები და ძაფგამობმული

ვარსკვლავი – ჰელიუმის ბურთივით.

მინავლულ სიმღერას დიეზებს, ბემოლებს

ვუმატებ და ხმაურს ვურთავ.

ზამთარმა ჩვენი სახლის სარკმელთან ჩამოქსოვა

თოვლის უნაზესი მაკრამე

ვიღაცა თოვლიან ფეხსაცმელს იბერტყავს

კართან, აკაკუნებს, მაგრამ მე…

 

იმიტომ

რანაირი სიტყვაა „იმიტომ“

თითქოს რეზინის ბურთია,

რომელსაც კბილები უნდა მოუჭირო

როცა კითხვებით მუცელს გისერავენ,

გაუყუჩებლად.

რანაირი სიტყვა – თან პასუხია, თან პირიქით

და კითხვასაც, როგორც გემის გეზს, ვერ შეაბრუნებ.

სიტყვა კი არა, თითქოს სხვა ქვეყნის საზღვარია –

სადაც ზეთისხილის ბაღი შრიალებს,

ქაფქაფა რძით იცინიან ცელქი გოგონები,

საზამთროს ღიმილები – ყურებამდე,

ქალები-გარუჯული მკლავებით,

კაცები- კისერზე შემოსმული ბავშვებით…

დაუფიქრებლად  მათ ზღვაში  ხტები –

იქნებ ვინმემ გადაგარჩინოს

რომელიმე ბადეს ამოჰყვე…

რანაირი სიტყვაა „იმიტომ“

ბავშვობის ყველა თამაში ერთად –

გადაახტე საკუთარ ძარღვებს,

გააშეშო შეგრძნებები,

ისე დაიმალო, დაიკარგო,

ისე დაიხუჭო – დაბრმავდე…

რანაირი სიტყვაა „იმიტომ“

თანხმოვნის ყულფში თავგაყოფილი ხმოვანი

და

შენი პასუხი ყველა ჩემს კითხვაზე,

ღმერთო.

© არილი

Facebook Comments Box