ესე (თარგმანი)

დიმიტრის ნოლასი  – უკანასკნელი შორეული მოგზაურობა

კრებულიდან, „პატარა მოგზაურობები

ახალბერძნულიდან თარგმნა ანი ჩიქოვანმა

ამბობენ, რომ ევქსინის უშორესი ადგილია

და სანაოსნოდ უკიდურესი

სტრაბონი. გეოგრაფია 11.2.16[1]

ქართული ხმა

ჩვენ თვალწინ იყო საქართველო. გადააჯაჭვეთ
ედემის ბაღი და ქვესკნელი, ტკბილი და მწარე,
მზიან სათბურებს ყინულების კაბა ჩააცვით
და თქვენ მიიღებთ საკვირველ
ხარე[2]

ბორის პასტერნაკი

ამ მოგზაურობის დროს, რომელიც საბოლოოდ სამ ეტაპად განხორციელდა და რომელიც შესაძლოა ჯერ არ დასრულებულა, ძალიან ხშირად დავფიქრებულვარ, რა მიზეზით მაინტერესებდა ეს მხარე. რატომ შავი ზღვის მეორე კიდე? შეკითხვა ჯერ კიდევ მკაფიო და ცალსახა პასუხის გარეშეა, პასუხის გაცემა კი შეუძლებელია, რადგან ეს ადგილი ჩემში მაშინაც კი იწვევდა აღფრთოვანებას, სანამ ახლოდან გავიცნობდი.

მრავალი მოგზაურობა გამგზავრებამდე ხორციელდება. დანიშნულების ადგილის შესახებ ჩვენში წინასწარ არსებული მოსაზრება ამ მოგზაურობისადმი ჩვენს განწყობას განაპირობებს. ხშირად, გამახვილებულ ყნოსვას ნაცნობ ადგილებში მივყავართ, სადაც იმედები არ გაგვიცრუვდება. ასე რომ, მოგზაურობა ერთგვარად ეკლესიაში შესვლას ჰგავს – მოსალოცად შესვლას და არა შესასწავლად.

რაღა თქმა უნდა, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, თუ რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს ასეთი პოზიცია. პირიქით, რაც უფრო მეტად შეესაბამება აღმოჩენის ადგილის შესახებ ქვეცნობიერ სუბიექტურ ხედვას, მით უკეთესია ტურისტული გიდებისა და ტურ-ოპერატორებისთვის. თავიანთი საქმის გაკეთებას ყოველთვის შეძლებენ.

თბილისი

            ფართოდ არის გავრცელებული წმინდა გიორგის თაყვანისცემა, რაც იმისი მიზეზი გამხდარა, რომ ბევრ ქართველს გიორგის არქმევენ. დასავლეთმაც ამ მიზეზით უწოდა “გეორგია” ქვეყანას, რომელსაც მისი მოსახლეობა საქართველოს უწოდებს. კლასიკურ წარმოდგენაში აღბეჭდილი დრაკონის ადგილას, რომელსაც მეომარი წმინდა გიორგი ლახვარს სცემს, ხშირად გამოსახავენ სამეფო ფიგურას, დიოკლეტიანეს, ქრისტიანთა უკანასკნელ მდევნელს. ძლიერმა რელიგიურმა გრძნობამ სტერეოტიპის შეცვლა გამოიწვია, რაც იმ დრაკონთან ომის სურვილზე მიუთითებს, დაუნდობლად რომ ებრძოდა ქრისტიანობას.

            მიუხედავად უამრავი ეკლესიისა და ღრმა რწმენისა, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი მოახერხა გადარჩენა, ქართველები რჯულთშემწყალებლები არიან და სულიერი სიღრმე და გახსნილობა ახასიათებთ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ თბილისის ცენტრში, ქალაქის ძველ უბანში, ერთმანეთის გვერდით და უპრობლემოდ თანაარსებობს სინაგოგა, მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი, მეჩეთი და მონოფიზიტური სომხური ეკლესია. და ეს ყველაფერი მე-5 საუკუნიდან, როდესაც სამეფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში, თბილი წყაროების ქალაქში გადაიტანეს.

უკიდურესი სიღარიბე და უბედურება იგრძნობა, მაგრამ, ამავდროულად, სიამაყის ძლიერი გრძნობაც თვალსაჩინოა. არიან ადამიანები, რომლებიც დახმარებისთვის ხელს იშვერენ, მაგრამ ძალიან ცოტანი გამოდიან ქუჩაში. ისინი, ძირითადად, ეკლესიების შესასვლელებთან იკრიბებიან, რადგან იციან, რომ მოწყალების მიღების უფრო მეტი შანსი აქვთ მორწმუნისგან, ვიდრე გულგრილი გამვლელისგან.

თებერვლის ბოლოა და ქალაქი თოვლს მთლიანად დაუფარავს, ასეთი რამ, როგორც ჩანს, ხშირად არ ხდება. ამას იმით მიხვდები, რომ ყველა ძალიან გახარებულია. მეამბოხე თინეიჯერები ქუჩების კუთხეებში, მიწისქვეშა გადასასვლელების გასასვლელებსა და შესასვლელებში ჩასაფრებულან და თოვლის გუნდებს შერჩეულ სამიზნეებს ესვრიან. როგორც წესი, ეს სამიზნეები სასიამოვნო გარეგნობის გამვლელები არიან, ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც მიდი-მოდიან ქუჩებში, სახეზე ,,პარიზელი ქალის” მკრთალი ღიმილითა და აღმოსავლური ცეცხლით აღვსილნი. ტანზე მუქი ფერის ზამთრის სამოსს ატარებენ. ჭარბობს შავი და ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი ზღვისფერი მუქი ლურჯი ფერები. ყველა გოგონა მკაცრი და დიდებულია.

პუშკინის სკვერში, სასულიერო სემინარიის მოპირდაპირედ, სადაც სტალინი ახალგაზრდობაში სწავლობდა და დღეს ქართული ხელოვნების მუზეუმია, გაუბედურებული ადამიანები, ხან კი შემთხვევითი ვაჭრები, გაჭირვებულების როლს რომ ირგებენ, განსაკუთრებული ხერხით ყიდიან ძვირფასეულობას. დადიან ტროტუარზე, თითო თითზე ხუთი-ექვსი ოქროს ბეჭედი აქვთ წამოცმული, ყელზე ოქროს ჯვრები და ძეწკვები ჩამოუკიდებიათ. ამ ნაკეთობებს ტროტუარზე, როგორც პანელზე, დაატარებენ.

ეს კიდევ ერთი თავისუფალი ბაზარია, სხვა დანარჩენების მსგავსად ხალხის შიმშილისგან გადასარჩენად შექმნილი. მისი მსგავსია მცირე მოვაჭრეთა ათასობით დახლი და კუსტარული ჯიხური, განათებული ნავთის ლამპებით, რომლებიც შორიდან საეკლესიო კანკელებს ჩამოჰგავს, მოდერნიზაციისა და თავისუფალი ეკონომიკისკენ გზას რომ უჩვენებს მომხდურს.

განადგურებულ გზებზე მოგზაურობისას, ეს ქვეყანა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორსაც, სავარაუდოდ, საბერძნეთი ტოვებდა 1945 წელს, გერმანელთა ოკუპაციის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ.

სუნთქვა გეკვრის გზაზე, რომელზეც ყველა საოცრად თავდაჯერებული გადაადგილდება. მოძრაობენ გზის მთელ სიგანეზე, ზოგჯერ მარცხნივ, ზოგჯერ მარჯვნივ და ზოგჯერ ცენტრში, რათა თავიდან აიცილონ ორმოებში ჩავარდნა და დაიცვან საკუთარი ავტომობილები. გზები ისეთ მდგომარეობაშია, თითქოს მათ კეთილმოწყობაზე პასუხისმგებლები ვულკანიზაციებთან და ავტოფარეხებთან თანამშრომლობენ. გზები ორმოებითაა სავსე და იმისათვის, რომ მანქანა არ დაამტვრიო, ილუზიონისტის ოსტატობაა საჭირო, ამავდროულად კი, საოცარი მეტაფიზიკური გრძნობა – სხვასაც რომ არ დაეტაკო. სულაც არ მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ამ უსასრულო გასართობ პარკში ჩვენც შესაჯახებელი მანქანების ატრაქციონის მანქანებივით ვმოძრაობთ. ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ, საბოლოოდ, მანქანები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეტაკებას. ისინი ჩვენ ირგვლივ ცეკვავენ.

ქალაქებში სიტუაცია უკეთესია, მაგრამ შუქნიშნების სიმცირე აქაც პრობლემატურს ხდის ავტომობილის მართვას. ვგრძნობ, რომ ადამიანებს უჭირთ მანქანა-მექანიზმებთან ურთიერთობა.

არაინტენსიური მოძრაობის დროა, უნივერსიტეტის მახლობლად ცენტრალურ გზაზე გადავდივარ, ქუჩაში ერთადერთი მანქანა მოძრაობს, ნელა, ბღუილით მიახლოვდება, მისი სიჩქარე საათში 10 კილომეტრს არ აღემატება. ვუყურებ მძღოლს, თან გზაზე გადავდივარ, ჩემგან დაახლოებით ოცდაათი მეტრით არის დაშორებული და ისე მოდის ჩემკენ, თითქოს გაჩერება არ შეუძლია. სპეციალურად არ მიმიზნებს, როგორც ზოგჯერ ხდება, როდესაც მძღოლს სურს ფეხით მოსიარულის თვალებში შიში დაინახოს. არა, ნელა მიახლოვდება, შეშინებული, თითქოს სამუხრუჭე პედალს ვერ პოულობს. ბოლოს, სწორედ მე დავინახე მის თვალებში შიში, როდესაც საოცრად ახლოს ჩამიარა და ჩემი პალტოს კიდეს შეეხო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მართვის მოწმობა არ სჭირდებათ. თითქოს ერთმანეთს საჭის დაჭერა ასწავლეს და სულ ესაა.

სვეტიცხოვლის ეკლესია

ვიზიტი საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში. თბილისიდან ოც კილომეტრშია, მაგრამ იქ მისასვლელად დაახლოებით ერთი საათი გვჭირდება. ვტოვებთ მწვანე ბორცვებიან თბილისს და ლამაზად მოხაზულ ველებსა და ვენახებს ვუახლოვდებით. ამ ქვეყნის შესახებ ესქილემ დაწერა, ესააო ველური სილამაზის ადგილი, აქაფებული მდინარეებით, რომლებიც კავკასიის მწვერვალებიდან მოედინება. მისი მწვერვალები ვარსკვლავებს ემეზობლება, მის მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, მიწა კი ისეთი ნაყოფიერია, რომ წელიწადში ორჯერ ან სამჯერ იძლევა მოსავალს.

გარემო, რომელსაც ესქილე „მიჯაჭვულ პრომეთეში“ აღწერს, გადასახლებისათვის იდეალური ადგილია. სხვაგან სად უნდა ეფიქრათ ღმერთებს პრომეთეს მიჯაჭვა, თუ არა იმ ადგილას, სადაც ტყვეობის მიუხედავად ირგვლივ სამოთხის დანახვასა და შეგრძნებას შეძლებდა.

პრომეთეს დანაშაული დიდია, სასჯელი ორმაგი. როგორც ჩანს, მხოლოდ კავკასიაა შესაფერისი ადგილი სასჯელისა და სიხარულის ზეციური სიმაღლეებისთვის.

სტრაბონიც თავის „გეოგრაფიაში“, როდესაც ესქილეს ეპოქიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მოიხსენიებს საქართველოს, მაშინდელ იბერიას, აღწერს სამოთხის ბაღს, რომლის მიწა წელიწადში ორჯერ და სამჯერ იძლევა ნაყოფს. და ეს ყველაფერი ხვნა-თესვის გარეშეც. ადამიანის ძალისხმევისა და ოფლის გარეშე. ვენახს არ თოხნიან, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ცვლიან და იმდენი ნაყოფი გამოაქვს, რომ დიდ ნაწილს ტოტებზე ტოვებენ.

მცხეთაში შესვლამდე, გორაკზე, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს, სადაც მდინარეები მტკვარი და არაგვი ერთდება, დგას ჯვრის ეკლესია ძველი ციხისა და მონასტრის ნანგრევებით. მონასტრისაკენ მიმავალ აღმართზე გვხვდება „ნატვრის ხეები“, გაყინულ ჰაერში მათზე ქსოვილის ნაკუწები ფრიალებს. ნატვრის ხე – გამხმარი ხეა ცნობილი და სასწაულმოქმედი ეკლესიების მახლობლად, რომლის ტოტებზეც მორწმუნენი პირადი სამოსის ან ცხვირსახოცის ნაკუწებს ჰკიდებენ და სურვილს ჩაუთქვამენ ხოლმე.

მცხეთაში, სვეტიცხოვლის უნიკალურად ლამაზი ეკლესიაა, ეკლესია, რომელიც საქართველოსთვის იგივეა, რაც აია სოფია იყო ბიზანტიელებისთვის. აქ პატრიარქი აღავლენდა წირვას, აქ მეფეებს გვირგვინს ადგამდნენ და კრძალავდნენ.

ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ ქვაა, მასზე ხელისა და არქიტექტორული გონიოს რელიეფური გამოსახულებით. ქვეშ კი წარწერაა: ხელი მონისა არსუკისძისაი. შეუნდვეთ.

მე-11 საუკუნის დასაწყისში პატრიარქმა ცნობილ ხუროთმოძღვარს, არსუკიძეს, საკათედრო ტაძრის აგება დაავალა იმ ხის ტაძრის გარშემო, იმავე ადგილას მე-4 საუკუნიდან რომ არსებობდა. ლეგენდის თანახმად, მცხეთის მკვიდრნი იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ ტაძრით, რომ გადაწყვიტეს ხუროთმოძღვრისთვის ხელი მოეკვეთათ და კედელში ჩაეშენებინათ, რათა მომავალში მსგავსის აშენება გამორიცხულიყო.

ვარდები მანქანაში

ავთანდილის სახლისკენ მიმავალ გზაზე, გამზირის კუთხეში, მოვლილი, თეთრთმიანი და სუფთა, მაგრამ შელახული ტანსაცმლით მოსილი ქალი ქანდაკებასავით დგას. მისი გაჭირვების ერთადერთი ნიშანი მარცხენა ხელზე ჩამოკიდებული, გასაყიდად გამზადებული ყელსაბამებია.

გარშემო სხვა ქალები ჩიტებივით გნიასობენ და ქარვისა და შავი, ნახევრად ძვირფასი ქვის ყელსაბამებს ათვალიერებენ. გეგონება ქალის გაპუტვას აპირებენ, თან მასზე უკეთესად არიან ჩაცმულები. ის კი მათ მიღმა იყურება და ზოგჯერ ორიოდე სიტყვას ეტყვის – ინფორმაციას ნაკეთობის მასალისა და ფასის შესახებ. აუღელვებელია, გაცვეთილ ჟაკეტში გამოწყობილი, კავკასიური მზის ქვეშ, რომელიც სიღარიბის ნიშნებს აუფერულებს და ვარსკვლავივით გამოკვეთს ქალს. თბილი მზე, რომელიც ეფერება და აყალიბებს ამ ლამაზ ადამიანებს.

ის, რაც ჩემ თვალწინ ხდება, სიტყვით გამოხატული ამ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე თავისუფლების მოედნის, ყოფილი ლენინის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ადამიანები სიგარეტის, თასმების, ტყემლისა თუ ქაღალდის პარკებში ჩაყრილი მზესუმზირას გაყიდვით ცდილობენ თავის გადარჩენას. შუახნის ქალი გასაყიდ საქონელს ალაგებდა და სულის შემძვრელი ხმა აღმოხდა. – ამდენი სწავლა, დიპლომი და წერა-კითხვის სიყვარული რა იქნა ეს ყველაფერი, სად წავიდა? ყველაფერი დაიკარგა?

            გიორგი წულაძეს გააჟრჟოლა და თქვა: “წამო, წავიდეთ”… რამდენი წელი უნდა გავიდეს, აქედან რომ ამოვძვრეთ?”

            ამ სულისშემძვრელი ხმის კაეშანი დაბალჭერიან მიწისქვეშა გადასასვლელში ჯერ კიდევ გაისმოდა, როდესაც ქუჩაში ამოვედით.

            ერთ საღამოს, ერთ თბილ, ნათელ საღამოს, ვოლგა – რუსული შავი ლიმუზინი, კაფე „ვაკის“ წინ გაჩერდა. მანქანიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა, გრძელ კაბაში გამოწყობილი, დახატული და მორთული, თითქოს ქორწილში მიდიოდა. მისი თანამგზავრი საბარგულს ხსნის და ყვავილების უზარმაზარი თაიგული გადმოაქვს. ნამდვილად რაღაც დღესასწაულზე მიდიან. ქალი იღებს თაიგულს, შედის კაფეში, მიდის მაგიდიდან მაგიდასთან, იქ, სადაც კომპანიაში ქალები არიან და თავის ვარდებს სთავაზობს გასაყიდად. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სანამ ეს საკმაოდ რთული ტრანზაქცია გრძელდება, მამაკაცი უფრო პროზაული საქმეებითაა დაკავებული. მანქანის კაპოტი აქვს ახდილი და ამოწმებს, თან ბრტყელი ბოთლიდან ორიოდ ყლუპს მოსვამს ხოლმე. მზად რომ იყოს შემდეგი კაფესთვის, შემდეგი ქორწილისთვის.

გორში

ქოხი, სადაც სტალინი დაიბადა, ძეგლის სახით არის დაცული, მის გვერდით კი ბრწყინვალე სასახლე-მუზეუმია აღმართული სტალინის ცხოვრების ფოტოგრაფიული დოკუმენტებითა და ნივთებით, ავეჯით და კლასიკური ხაკისფერი კიტელით. აქვეა მისი პირადი ვაგონ-აპარტამენტი, რომელსაც მოგზაურობებისას იყენებდა.

            ვიზიტორები ახლა თითზე ჩამოსათვლელია, მაგრამ გორის მოსახლეობა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ფოლადის მწრთობელი ბელადის ჩრდილში ცხოვრობს. უაღრესად საამაყოა მათთვის, ისევე, როგორც დანარჩენი ქართველებისთვის თანამემამულე, რომელმაც საქართველოს სახელი განადიდა, მთელი 30 წლის განმავლობაში მართავდა იმპერიას და ბოლო მსოფლიო ომში ნაცისტური ჯარი დაამარცხა. მას თაყვანს სცემდნენ და თაყვანს სცემენ, თუმცა საკუთარი სამშობლოსთვის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, როგორც ეს ნებისმიერ დიდ ბელადს შეეფერება, ვინც საკუთარი თავი მსოფლიო პროლეტარიატის სამსახურს უძღვნა.

მოგვიანებით ქალაქის ახლოს მდებარე სოფლის სახლში გვიმასპინძლეს, მასპინძელი წყლიანი დოქით დაგვხვდა სუფრასთან დაჯდომამდე ხელები რომ დაგვებანა. აქ, ისევე როგორც ჩვენთან, საპონი არ გადადის ერთი ხელიდან მეორეში, ცუდის ნიშანია.

            თბილისელ მეგობრებს, ვინც ამ სახლში წაგვიყვანა, მასპინძლის ოჯახთან მჭიდრო კავშირები უნდა ჰქონდეთ, ეს უკანასკნელნი შეუჩერებლივ თავს გვევლებიან, სახიდან ღიმილი არ შორდებათ. ქართველები ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებენ, რომ მათ შორის გარკვეული კავშირია, ნათესაური ან სოციალური, თუმცა ძალიან ძლიერი. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სულ ერთმანეთის ხათრის გაწევაში არიან, იმდენად, რომ საუკუნოდ დავალებულნი არიან ერთი მეორისაგან და თანაც ამგვარად თუ ამის გამო თვითმკვლელობის რიცხვი მათთან საოცრად მცირეა.

            ყველაფერი დაუსრულებლივ მოძრაობს და ერთმანეთზე ხვავდება. მწვადზე შემოწყობილი ოქროსფერი ფორთოხლები, კალმახზე შემოწყობილი ბოლოკი, ყურძენი, ვაშლი, ფელამუში და შოკოლადის კრემიანი ნამცხვრები. და სადღეგრძელოები. პოეტური სადღეგრძელოები, რომლებიც შეიძლება რაღაცას ძალიან ყოველდღიურს ეხებოდეს, როგორიცაა დაბადება ან გამგზავრება, მაგრამ ხშირად მაღალფარდოვან იდეებთან და ამბიციურ, მიუწვდომელ გეგმებთანაა დაკავშირებული.

            ქართულ სადღეგრძელოებს თავისი წვლილი მიუძღვით პიროვნების კულტის აღზევებაში და უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი უძლიერესი ფესვი, რომელსაც ეს კულტი ეყრდნობოდა.

            როდესაც ლენინის დატოვებული მემკვიდრე პარტიისა და სახელმწიფოს სათავეში აღმოჩნდა, მას არ დავიწყებია თავისი ქართული წარმომავლობა. არც დედა დავიწყებია, რომელიც ყოველ ჯერზე უთვლიდა, თავის საქმეზე ეზრუნა და კარგი ადამიანი გამხდარიყო, არც სამშობლოს სუფრის ტრადიციები დავიწყებია. პოლიტბიუროსა და ცენტრალური კომიტეტის სხდომებზე ყაზახეთის უხეშ დელეგატებთან ან ყინულოვან ლატვიელებთან შეხვედრების მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ნამდვილ ქართულ სადღესასწაულო სუფრებს აწყობდა დაახლოებულ წრესთან ერთად. ლავრენტი, ბიჭო, გაშალე სუფრა ამ საღამოს, თანაც ბოლშოის მოცეკვავეები ხომ შენი სისუსტეა. შენ კი, ორჯონიკიძე, შეუკვეთე, ჩვენებური ღვინო მოიტანონ. ასე შლიდნენ სუფრებს და იწყებოდა სადღეგრძელოები. გადმოცემით, ტრადიციისამებრ პირველი სადღეგრძელო მასპინძლის ოჯახის იყო, მერე დედა რუსეთის და დიდი სსრკ-ის. შემდეგი სადღეგრძელო დაუყოვნებლივ მასპინძლის ჯანმრთელობის, რომელსაც ესა და ეს ღირსება და დადებითი თვისებები ახასიათებს. ვინც დიდია და ძლიერი, ბრძენი და ფოლადივით მტკიცე და გამოწრთობილი. მერე კი გადადიოდნენ ალავერდს ერთი მოქეიფე მეორესთან, იწყებოდა საკმევლის კმევა, ქეიფი და დროსტარება არყითა და კავკასიური ზვრების ღვინით. ბელადის სიდიადის სადღეგრძელოს შესასწავლად ყველა სხვისთვის, ვისაც წილად არ ხვდა ბედნიერება ქართველად დაბადებულიყო, გზა მოკლე იყო და ამას პიროვნების კულტს უწოდებენ.

            როდესაც ჩვენს მაგიდასთან დაიწყო დედის სადღეგრძელოები, ვიღაცამ მოყვა გაჭირვების რთულ წლებში დედამისი როგორ წვებოდა პირველი გაყინულ საწოლში, რათა გაეთბო გაყინული ზეწრები და ისე დაეძინა მის შვილს.

            ტარიელმა დასძინა, რომ მისი დედიკო, ოთხმოცდაათი წლის მოხუცი, გარდაცვალების დღეს ადგა საწოლიდან და პურის ცომი მოზილა. როცა ჰკითხეს: „აქ რას აკეთებ, დედაო?“ მან უპასუხა: “ჩემი შვილებისთვის მოვზილე, პური რომ ჰქონდეთ საჭმელი.” და როცა პური გამოცხვა, კეთილი დედა დაწვა და გარდაიცვალა.

ბოლოსწინა სადღეგრძელო – ტრადიციის თანახმად ბოლო სადღეგრძელო წარმატებულ სუფრაზე არ უნდა იყოს – არწივების ჯანმრთელობისა და კავკასიონის თოვლით დაფარული მწვერვალების სადღეგრძელო იყო. “და არა ტრამალ-ველების ტალახის სადღეგრძელო”, – ხაზგასმით აღნიშნა თამადამ. როგორ ფიქრობთ, ტრამალ-ველებში მცხოვრებ ადამიანებსაც აქვთ სული?

ქართული პორტრეტები

ქართული ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ფიროსმანის ჯადოსნურ სამყაროს ვეზიარები. მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მისი სამყარო, ძირითადად, დუქნებისა და პატარა სამიკიტნოების ხედებს მოიცავს, იქ კი გარეული ცხოველები, ბუნების პეიზაჟები, მხატვრის ბუნებაში თავისუფლად ცხოვრების ნოსტალგიას ავლენს, თბილისში გადმოსვლისას რომ მიუტოვებია. აქ ცხოვრობდა და გარდაიცვალა 1918 წელს, ხატავდა აბრებს და სარეკლამო ფირნიშებს. მის ერთადერთ ქონებას ის ტანსაცმელი წარმოადგენდა, რაც ტანთ ემოსა და პატარა ჩემოდანი საღებავებითა და ფუნჯებით. კავკასიის თეოფილოსი, მისი ფერები, ძირითადად, ლურჯი და შავი იყო, მის სამყაროს თითქოს მუდმივად დანათის და ანათებს მთვარის შუქი. იმდენად მარტოსული იყო, რომ მისი საფლავიც ვერ იპოვეს.

გვერდითა დარბაზში თანამედროვე მხატვართა ნახატებია. მათ შორის არის ქეთევან მაღალაშვილის პორტრეტები. ეს წარმატებული პორტრეტისტი ოდნავ მძიმე წონითი კატეგორიის ქალი უნდა ყოფილიყო, უბრალო სახით, როგორც ეს მის მიერ დახატული ერთი ავტოპორტრეტიდან ჩანს. მის გვერდით, მეორე პორტრეტზე მანანა ხიდაშელია გამოსახული. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ პორტრეტი 1938 წელს არის შესრულებული და იშვიათად დაუხატავს ქალს ასე ეროტიკულად სხვა ქალი.

მანანა ხიდაშელის ამ პორტრეტის ცქერით და აღტაცებით არასოდეს დავიღლები. რამდენჯერაც ფიროსმანის სანახავად ავედი მუზემში, იმდენჯერვე ამ პორტრეტის სანახავად მივედი. ქალის სახე ანათებს პატარა, მუქ დარბაზს. შუქი და აურა. მყარ დივანზე ზის და წელს ოდნავ ქვემოდან დაუხატავს მხატვარს, რათა თეთრი ლამაზი ხელები გამოეჩინა, გვერდითა მხარეს უზრუნველად დაწყობილი. უკან გადაწეული თავი ქედმაღალ იერს სძენს. მისი მზერა გრძელი, მძიმე, დახრილი წამწამებით ოდნავ ცერად იყურება ჩვენს თავებს მიღმა. ქალის სახე ისე ანათებს, თითქოს მისივე საკუთარი გამჭვირვალე კანი ანათებდეს. ძალიან უნდა ჰყვარებოდა იგი მაღალაშვილს, ასე ლამაზი და იდეალიზებული რომ დაეხატა.

ჯადოსნური მთა

ახალციხისკენ მივემგზავრებით, თბილისიდან ორასი კილომეტრის მანძილზე, სამხრეთ-დასავლეთისკენ მდებარეობს, სულ ერთი ნაბიჯითაა დაშორებული თურქეთს. თავიდან დასავლეთისკენ მივდივართ, მარჯვენა მხარეს კავკასიონის მწვერვალებია. აქაფებული ღრუბლის ქულების ფენა მთების დათოვლილ მწვერვალებს უერთდება და მთლიანად თეთრ ზოლს ქმნის ლურჯ ცასა და შავ მიწას შორის.

როდესაც სამხრეთის მიმართულებით გადავუხვიეთ, მდინარე მტკვრის გაყოლებაზე, ტყიანი მთის ფერდებსა და ციხეების ნანგრევებიანი მთის წვერებს შორის მივდიოდით. დავიწყეთ ასვლა სამხრეთის ან მცირე კავკასიონზე, რომელიც სომხეთისა და თურქეთის მთებს უერთდება, დასავლეთით კი პონტოს მთაგრეხილს.

ეგრეთ წოდებული მცირე ან სამხრეთის კავკასიონი უფრო ძველია, ვიდრე კავკასიონის ქედის ის ნაწილი, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს რომ განსაზღვრავს და საქართველოს რუსეთისგან ყოფს. სამოციდან ოთხმოცამდე მილიონი წლისაა, დიდი კავკასიონი კი – მხოლოდ ორი მილიონი წლის. თავბრუ გეხვევა, როდესაც იმაზე ფიქრს იწყებ, რომ სულ ცოტათი ქვემოთაა არარატი, სადაც ნოეს კიდობანი მიადგა ნაპირს და ახალი აღმართი დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში.

ბორჯომში ვჩერდებით, რომელიც თავისი წყლით არის ცნობილი. ნაძვის, ფიჭვისა და წიფლის ხეებსა და მორაკრაკე ნაკადულებს შორის რომანოვების ზამთრის სასახლე იმზირება, რომელსაც მოგვიანებით დასასვენებელ ადგილად იყენებდა სტალინი, დღეს კი ახალი ხელისუფლება, მაინც, რომ ვიცოდეთ და აზრზე ვიყოთ.

ახალციხეში დაღამებამდე ჩავაღწიეთ და ავედით სოფელ ანში, 1600 მეტრის სიმაღლეზე. დაისის ნათების წყარო თითქოს ყოველი მხრიდანაა: ტყეებში ხეების უკნიდან, უსაზღვრო ჰორიზონტიდან და იმ პენსიონერი მასწავლებელი წყვილის სახეებიდან, ჩვენ რომ გვიმასპინძლეს.

თემში ასოცი ოჯახია, სკოლაში სამოცდათხუთმეტი ბავშვი სწავლობს. გაშლილი მაგიდის გვერდით, ჩვენთან ერთად სუფრასთან სკამზე წამოსკუპებულია მანქანის აკუმულატორი, რათა დენი მიაწოდოს ეულ ნათურას, მარტოსულად რომ ჰკიდია დიდი ხნის გათიშულ ჭაღზე. ჩივიან გარე სამყაროდან მოწყვეტის გამო – დენი დიდი ხნით წყდება ხოლმე. არ წუწუნებენ ოღონდ. თითქოს საუკუნეებია, ისედაც არ არსებობს ელექტრო დენი. მერე რა, რომ ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ელექტრონათურას „ლენინს“ ეძახიან, იმის მოსაგონრად, რომ განაცხადა: ელექტრობას მივუმატოთ საბჭოეთი უდრის კომუნიზმსო, აბსოლუტურ მიწიერ კეთილდღეობას.

ჩვენი მასპინძლების წყვილი მასწავლებლები არიან, ერთსა და იმავე ადგილას ორმოცდახუთი წელი უმუშავიათ, მაგიდის კიდეში სხედან და სიამოვნებით ისმენენ მათ მიმართ ნათქვამ სადღეგრძელოებსა და სურვილებს. მოხუცი მასწავლებელი მამაკაცი ან იქნება სამოცდაათი წლის, ან – არა, მისი შვილიშვილი გოგონები შემოდიან სასადილოში მორიდებული ნაბიჯებით და შემოაქვთ საჭმელი, რომელსაც მათი ბებია, დედა და დეიდა ამზადებენ.

ცოტა ხანში სოფლის მოქმედი ისტორიის მასწავლებელი შემოგვიერთდება. ჩვენი მოხუცი მასპინძელი, პატარა სიტყვას წარმოთქვამს – „გაუმარჯოს განათლებას და ყველას, ვინც მას ემსახურება“, ამის შემდეგ კი სვამს ყველა ჩვენგანის სადღეგრძელოს. 30 წლის მასწავლებელს, სოფლის 75 ბავშვზე პასუხისმგებლობა რომ აკისრია, აზრად არც კი მოუვა მოითხოვოს გადაყვანა უახლოეს ქალაქში, მით უმეტეს – თბილისში.

ძალიან ხშირად მოსახლეობა თურქეთის მხარეს გადადის, რათა შეიძინოს ის პროდუქტები, რაც მათ ქალაქში ძნელად იშოვება. იმ ოჯახში, სადაც საღამო გავატარე, პატარა მოსწავლის სამეცადინო მაგიდაზე თურქული წარმოშობის რვეულები ელაგა, მათ ფერად გარეკანზე ამერიკული მულტფილმების საზარელი პერსონაჟები ეხატა.

ამ რეგიონის პრობლემა ჰგავს ყველა სასაზღვრო რეგიონისათვის დამახასიათებელ პრობლემას, როდესაც შენზე ძლიერ მეზობელს ესაზღვრები და ის „უანგარო“ დახმარებას გთავაზობს. თურქებმა შესთავაზეს მუსლიმური უნივერსიტეტის გახსნა, სადაც ხარჯებს მთლიანად თავად დაფარავდნენ. ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ბერიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და ადგილობრივ მკვიდრთა მხარდაჭერით ეწინააღმდეგება. „სანამ ჩვენ ვართ აქ, ეს არ მოხდება“, ამბობს ის.

აი, თერმოპილეს კიდევ ერთი მცველი.

ვარძიის გზაზე

მომდევნო დღე მიცვალებულთა მოსახსენიებელი შაბათია და დილის სუფრაზე სხვა საჭმელთან ერთად მოხარშული ხორბალიცაა – ქიშმიშით, ნიგვზითა და თაფლიანი წყლით შეზავებული. მაყვლის ტკბილი წვენი არყის ბოთლს უმშვენებს გვერდს. თოვს შეუჩერებლივ, დღე რთული იქნება და მოძლიერება გვჭირდება. მდინარის გასწვრივ უნდა ვიაროთ, ვარძიამდე რომ მივაღწიოთ.

რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო აქაფებულია მტკვარში წყალი, მდინარის თავზე ჰაერში ლივლივებენ ხისგან დამზადებული გადასასვლელი ხიდები, რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე სოფლებს აკავშირებენ.

გზის ერთ შესახვევში, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ჩვენ წინ მოულოდნელად ამოიმართა გრანიტის მთა, თითქოს მდინარის წყლებიდან ამოიზარდა. განუწყვეტლივ თოვს წვრილი ფანტელით, ოღონდ თითქოს დადებას არ აპირებს. ეს კლდე ფასადზე ამოკვეთილი სენაკებით ისეა განათებული, თითქოს სკა იყოს. სამონასტრო კომპლექსს, რომელმაც განვითარების უმაღლეს მწვერვალს მე-12 საუკუნეში მიაღწია, გარს მაღალი კედელი ერტყა, რომელიც ასი წლის შემდეგ მიწისძვრამ დაანგრია. იქ, მთის ფერდებზე გამოკვეთილ კლდეებში ლამაზი დედოფალი გაივლიდა ხოლმე თავისი ლეგენდარული თაყვანისმცემლების თანხლებით ზაფხულის ცხელ დღეებში. გრძელი იყო სავალი, საათები კი ნეტარი და დამღლელი მწველი მზის ქვეშ.

იმ სავაჭრო ღერძთან ვიმყოფებით, რომელიც იწყებოდა კონსტანტინოპოლში, გაივლიდა ტრაპიზონსა და ბათუმს, ახალციხის იმ ადგილებს, სადაც ახლა ვართ, თბილისს, გაივლიდა აზერბაიჯანის ტერიტორიას, შემოუვლიდა კასპიის ზღვას –რათა შეეყო თავი აზიის სიღრმეში, ჩინეთში.

უკანა გზაზე უზარმაზარი სატვირთო მანქანების ქარავანთან გადავიკვეთეთ (თურქული და სომხური წარწერებით), რომელიც უძველეს მარშრუტს იმეორებს. იგივე გზა, ახალი საშუალებებით.

ბათუმში ერთ ცისფერ ღამით

ჟილინი მოუყვა მათ თავის თავგადასავალს და დაუმატა,

„რაც დავგეგმე, იქედან არაფერი გამოვიდა,

აღარც შინ გამგზავრება, აღარც დაქორწინება.

 არა, ეტყობა ჩემი ბედი არ ყოფილა“.

და დარჩა ჟილინი სამუდამოდ კავკასის სამსახურში.

ლევ ტოლსტოი. „კავკასიის ტყვე“

ღამის მატარებელი ფანჯრებზე ჩამოფარებული პატარა ფარდებით ამ ნელი მატარებლის ყველაზე მოვლილი ნაწილია. მატარებელი შუაში კვეთს კავკასიის ნათელ ღამეს და თბილისიდან ბათუმში ჩამოვყავართ.

ზემოდან ჯვრის ტაძარი ანათებს, მცხეთას რომ ვუახლოვდებით, ჯვარს გარს ვუვლით და მდინარის გასწვრივ მივუყვებით გზას, ეს ეკლესია შუქურას მოგვაგონებს. უფრო მაღლა თოვლი ბრწყინავს მწვერვალებზე, სადაც არასდროს დნება, რათა იგრძნო შენს თავში, ერთი საფეთქლიდან მეორეში გაატარო კავკასიის გიგანტური მთები.

გიორგი წულაძესა და კარენთან ერთად უარი ვთქვით უნივერსიტეტის პროფესორების ზრდილობიან მოპატიჟებაზე და დავბინავდით „ოსკარში“, პატარა სასტუმროში პორტთან, გორგასლის ქუჩაზე.

ნინომ გონიოს ციხისა და არქეოლოგიური გათხრების სანახავად წაგვიყვანა და მეგზურობა გაგვიწია. ეს ადგილი თხუთმეტი კილომეტრის დაშორებითაა თურქეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ სარფთან, რომელსაც საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის ორად ყოფს.

ქედმაღალ სელჩუკებს, მათ, ვინც პირველებმა მოაღწიეს იონიის სანაპიროებიდან, რადგან გზად შეფერხებები არ შეხვედრიათ და რომლებიც ამ მიზეზით საიდუმლო ხიბლსა და დაფარულ აღტაცებას იწვევენ სხვებში, თავისი ტერიტორიის ნაწილში მდებარე სარფის მხარეს აუშენებიათ მეჩეთი ძალიან მაღალი მინარეთით, რომელიც ღრუბლებს სწვდება. პონტოს ვერტიკალური გადამწვანებული მთები აქედან იწყება და თან გასდევს შავ ზღვას, აუღებელი ციხის კედლებივით, რომლებიც იცავენ ქვეყნის შიდა ტერიტორიებს. ზაფხულის ნისლში ოხშივარი ასდით.

ირინი პაპანდოპულო, კლასიკური ფილოლოგის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი, ამბობს: „ბაბუაჩემს სურს სასმელით გაგიმასპინძლდეთ“. ირინი ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს: „გთხოვთ, წამოხვიდეთ, ახლოსაა, ცოტა ხანს გავჩერდებით“. არც ახლოს იყო და არც ცოტა ხანს დავრჩენილვართ.

პანაიოტის პაპადოპულოსი ტრაპიზონიდან ლტოლვილ ბერძენთა ოჯახიდანაა, რომლებიც ამ ადგილებში გასული საუკუნის ბოლოს დამკვიდრდნენ. იგი 1920 წელს დაიბადა აქვე, ყოროლისთავში.

გადამწვანებული გორაკია, აი, ისეთი, ბათუმს რომ უხვად აკრავს გარშემო, მანდარინის, კარალიოკისა და გარგარის ხეებში ჩაძირული. ცხელი, ნესტიანი და დაბინდული დღე. მიწა სასიამოვნო სურნელს აფრქვევს. ზღვის წყალი ტყვიისფერი ცას უერთდება. პორტიდან ზემოთკენ რომ მივიწევდით, სოფელი არ ჩანდა, ზაფხულის ნისლს დაეფარა.

70 წლის პანაიოტისის ბაბუის მიერ, 100 წლის წინ რომ ჩამოსახლდნენ, მაშინ შეძენილმა 50 სტრემა ციტრუსებიანმა მიწის ნაკვეთმა გამოკვება და განათლება მისცა ბერძენთა სამ თაობას, როლებიც ბერძნულ ანბანს მხოლოდ 20 ასო-ბგერით შეისწავლიან. ერთნაირი ჟღერადობის ხმოვნები უარუყვიათ. ადგილობრივ ბერძნებს პაპადოპულოსი „რომეელებს“ უწოდებს და ამით საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. „მთავრობაში რომეელი, კოლმეურნეობაში რომეელი, სკოლაში რომეელი, სათვისტომოშიც, ყველგან. ყოველთვის ბევრნი ვიყავით აქ რომეელები და ყველა განათლებული“.

პანაიოტისი გვიყვება ამ რეგიონში მცხოვრები ბერძნების ამბავს და უეცრად ოთახი ელინიზმით ივსება. ყოველი ფრაზის ბოლოს შეკითხვას მისვამს [პონტოურად] „გრიკას მე?“ [„გესმის ჩემი“]

 „გრიკო სე“, [„მესმის შენი“], პანაიოტი.

„ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები“ ამბობს დაჟინებით, ვსხედვართ მაგიდის გარშემო, რომელიც დატვირთულია ხილით, ტკბილეულით, ღვინით, გამაგრილებელი სასმელებითა და იმ წუთას გამზადებული ხაჭაპურით. „ძველად, ძალიან დიდი ხნის წინ, ჩამოვიდნენ ვიღაც ადამიანები, ბერძნები, მასწავლებლები პარტიიდან, რაღაცის წარმომადგენლები, არ მახსოვს. კარგა ხანს ვისხედით აქ ბაღში, სიგრილეში. შიგნით ქალები სუფრას შლიდნენ, ამზადებდნენ რაღაცებს.როდესაც ვუთხარი: „მობრძანდით, გეპატიჟებით“, ერთმა მათგანმა შეხედა სავსე მაგიდას და თქვა: „რა ამბავია ამდენი რამე!… ზედმეტია“. და მაშინ ვუთხარი, „რატომ არის ზედმეტი? არაფერი არ არის ზედმეტი. თუკი რამე არ მოგწონს, გვითხარი და სხვა რამეს გაგიმზადებთ, შევცვლით. ნუ ამბობ, რომ ზედმეტია რამე, ჩემი ბიჭი…“ არაფერი არ ესმოდა. მე კი მახსოვს, ის სიბრიყვე, რაც თქვა. იმდენად განსხვავებულია იმისგან, ჩვენ როგორც ვცხოვრობთ, რომ ამის გამო დამამახსოვრდა“.

ამ პანაიოტის პაპადოპულოსს, ბერძენ სანტექნიკოს ხელოსანს, მდინარის სათავეში წყარო გაუკეთებია იქ, სტუმართმოყვარე პონტოსის სიღრმეში, სტალინის ბიუსტითაც შეუმკია. საბჭოთა კავშირის დაშლა რომ დაიწყო, ბიუსტი დაიკარგა, ბრინჯაოსგან იყო და წაიღეს გასაყიდად. წყარო კი დარჩა საძირკველზე ამოტვიფრული პანაიოტისის სახელით, გამვლელთა წყურვილის დასაოკებლად.

ამაღამ უკან უნდა გავემგზავროთ. ტკბილია საღამო უქარო პორტში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთითაა მიმართული. სანაპირო დამშვენებულია ფინიკის, კედრისა და ცაცხვის ხეებით. გარშემო გორაკებზეც ხშირი სიმწვანეა. წვიმა აქ ხშირად მოდის და არემარე პონტოს ღრმა მწვანე წყლებივით არის გადამწვანებული.

ამ ადგილებში  – პორტს არ შეუცვლია ადგილმდებარეობა, მაშინ, როდესაც რკინიგზის სადგური, რომელიც პორტის მოსაზღვრედ იყო, უფრო შორს გადაიტანეს – 1920-იანი წლების დასაწყისში შეიკრიბნენ ბერძნები გარშემო სოფლებიდან, ასევე ყარსიდან, სომხეთიდან, მთელი კავკასიიდან. შეიკრიბნენ, რომ ასულიყვნენ გემზე და გამგზავრებულიყვნენ საბერძნეთში, რათა გადარჩენილიყვნენ. „საქართველოს მთავრობამ თითოეულ ოჯახს თითო დიდი თავი პური დაურიგა, რაც იმ დროს გადარჩენის ტოლფასი იყო. ლტოლვილებმა პური ხარბად შეჭამეს და დაილოცნენ, დალოცვილი ყოფილიყო ეს ქვეყანა, ციური მანანით რომ გაუმასპინძლდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მაცხოვრებლებს თავად არ ჰქონდათ საკმარისი საჭმელი და დიდი ხანია შიმშილობდნენ…“

სანაპიროს მეთევზეებს რომ შეხედავ, იტყვი, რამდენიმე დღეა არ დაძრულან და არ გადაადგილებულან საკუთარი ადგილიდანო. ერთი მხრივ, ანკესით თევზაობა ხომ მოთმინების წვრთნაა, ამას დაუმატეთ მოდუნება, გარინდებულობა, ჰაერში ლივლივი და მიიღებთ მარადიულობის წამს. ვსვამ მუქ ქარვისფერ ლუდს, „ქართულს“ და გონებაში ავადმყოფური სცენარი გათამაშდება იმ ადგილას, რომელიც ჩემს მაგიდასა და მეთევზეებს შორის მდებარეობს. ეს ამბავი თავს ისე მატყდება, თითქოს რომელიღაც ლიფტს ამოუტანია, მაგრამ ვერ ვახერხებ გავარჩიო, ზემოდან მოდის თუ ქვემოდან. როდესაც ჩემამდე მოაღწევს, საშინლად გრუხუნებს, გეგონება უეცრად მკვეთრად გაჩერდა გზაში და არა იმ სართულზე, რომელზეც საჭირო იყო.

წინა საღამოს ერთ გადაცემას ვუყურებდი ადგილობრივ სატელევიზიო არხზე. აჭარა, რომლის დედაქალაქიც არის ბათუმი, ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებში, ზუსტად ისევე, როგორც აფხაზეთი, რომელიც მას განუდგა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. როდესაც სახელმწიფო სატელევიზიო არხზე ახალი ამბები დაიწყო, ადგილობრივ არხზე, რომელიც სახელმწიფო არხთან არის დაკავშირებული, ახალი ამბების გადაცემა „გაქრა“ ეთერიდან, ეკრანზე გამოჩნდა აბრა წარწერით „ტვ აჭარა“, სავარაუდოდ იმისათვის, რომ სამთავრობო არხი არ გამოჩენილიყო. ჩანს, რაღაც პრობლემა არსებობს. აფხაზეთის გამოყოფას ხელს უწყობდნენ და, როგორც ჩანს, აგულიანებდნენ კიდევაც რუსები, აჭარაში კი თურქები არიან დაინტერესებულები. რაც უფრო მეტად არის დასუსტებული საქართველო, მით უკეთესი ნადავლია.

ამ სცენარის ჩამოყალიბებაში, რომელიც ჩემს გონებაში მაშინ გაჩნდა, როდესაც ასე მშვენივრად ვისვენებდი სანაპიროზე და გრილ „ქართულს“ ვსვამდი, გარკვეული როლი ითამაშა პრუსიული ტიპის რუსი სამხედროების ჯგუფის გამოჩენამ, რომლებიც ერთ-ერთ გემზე ასასვლელად ემზადებოდნენ, შავი ზღვის გარშემო რომ დაცურავს. ავადმყოფური სცენარი იმას გულისხმობს, რომ დღეს საღამოს, სანამ უკან დასაბრუნებელი მატარებელი ამოიქოქება, გამოცხადდება სეპარატისტული მოძრაობა და, რაღა თქმა უნდა, ჩაიკეტება ყველა გასასვლელი ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე. ნუთუ ასე ძალიან მინდა დარჩენა?

აქ ჩავიკეტები, მოახლოებული სამოქალაქო კონფლიქტის არეულობაში, ტკბილი მარინა გიორგაძე შეეცდება დაუკავშირდეს გორდეზიანს თბილისში, რომ რამენაირად გააშვებინოს ჩემი თავი და გათავისუფლდეს ჩემგან.

მარინამ, ჩემთვის სამწუხაროდ, თქვა, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე გავემგზავრებოდი, რადგან სავარაუდოდ, შეუძლებელია, ამგვარი რამ მოხდეს. ნინომ, გაკონტროლირებული უიმედობით დასძინა, „ამინ“.

სხვაგან სადაა შესაძლებელი, რომელ ენაში, რომელიც ასე უცნაურად და გაუგებრად ჟღერს, როგორც ქართული, რომ ნატვრის ბოლოს გაარჩიო ნათელი, მკაფიო და გალობით ნათქვამი „ამინ“?

ოდა საქართველოს

ერთ მშვენიერ, სუსხიან დილას შევიძინე „ვეფხისტყაოსანი“ და დავიწყე წიგნის კითხვა გადახურული ცენტრალური ბაზრიდან ცოტათი ქვემოთ, მდინარის მახლობლად მდებარე კაფეში.

ძნელია, საქართველოში მოხვდე და შოთა რუსთაველს არ გადაეყარო, თუნდაც ინგლისურად. ცნობილია, რომ მნიშვნელოვან ნაწარმოებს გვერდს ვერ ავუვლით და ერთ მშვენიერ დღეს – და ასე ხდება ყოველთვის – ის მოვა და თავად გიპოვის. სწორედ ამაშია განსხვავება დიდსა და პატარა ნაწარმოებს შორის.

რუსთაველი თავდავიწყებით იყო შეყვარებული დედოფალ თამარზე. პოეტი, რომელიც მიუწვდომლისაკენ, იდეალურისკენ ისწრაფვის და ვერ ბედავს თვალი სათაყვანებელ ქალღმერთს გაუსწოროს, ქმნის ეპიკურ ლირიკულ პოემას, სიყვარულის, რწმენისა და მეგობრობის საგალობელ ჰიმნს.

ხორციელი ქალის სიყვარული ერთხელაც ყველას ეწვევა. განსხვავება დიადი პოეტისა, როგორიც რუსთაველი იყო, იმაშია, რომ როდესაც ის თავის სიყვარულზე ლაპარაკობს, სიტყვებს არ წონის. ამგვარად საყვარელი ქალის სახე იდეალიზდება და იდეის დონემდე ადის. სიყვარულის სიყვარულად იქცევა.

ამის გამო, თინათინი, პოემის მეფის ასული, რომლის სახეშიც რუსთაველი თამარს ხედავს, ალვის ტანადია, მისი წამწამები გულს ისარივით აპობენ, სასურველი ვარდია, მზიანი სახე აქვს, შუადღის მზის სხივივით ნათელია, თუმცა მოკვდავი ადამიანი, რომელიც მას დაინახავს, გიჟდება და გული ნაცრად ეფერფლება.

ის კი, როდესაც დაუძახებს ავთანდილს, თავის ხელქვეითს, რომლის პერსონაჟშიც შეყვარებული რუსთაველი მოიაზრება, მოიწვევს იმისათვის, რომ ვეფხისტყაოსანი მოყმის მოძებნა და მოყვანა დაავალოს, ასეთი სიტყვებით ესაუბრება:

შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,

 ვიცი, რომე გაუწყველად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,

 შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

 ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:

 პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,

 მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;

 წა და იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად...

ამ მე-13 საუკუნის კლასიკური ნაწარმოების გაგრძელებას, რომლის ნაწყვეტებსაც იცნობენ და ზეპირად ჰყვებიან სპეციალური განათლების არმქონე უბრალო ადამიანებიც კი, თანამედროვე საქართველოში ნადიმების დროს ქართველების მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოებში ვხედავ. სუფრა სიტყვასიტყვით მაგიდის გადასაფარებელს ნიშნავს და იმასაც, რაც მასზე დევს. ამასთანავე, სუფრაა ნადიმი, რომლის ცენტრალური სუბიექტი არა მხოლოდ მრავალგვარი და გემრიელად მომზადებული კერძებია, არამედ, უმთავრესად, ის, თუ როგორ სვამენ თანამეინახეები. ამ საოცარ ინსტიტუტში, რომელიც ძველი ბერძნული სიმპოსიონის თანამედროვე გამოხატულებაა, როდესაც პიროვნებაზე ან მდგომარეობაზე საუბრობენ, ეპითეტებს და ლამაზ სიტყვებს არ იშურებენ.

ჭამა-სმა მას შემდეგ იწყება, რაც აირჩევენ ნადიმის უფროსს, თამადას,  რომელიც არ არის სავალდებულო, მასპინძელი იყოს. და ეს იმიტომ, რომ ის, ვინც სუფრას შლის, აუცილებელი არაა ავტომატურად იყოს ის, ვისაც ენა უჭრის. თამადად ყოფნა მოითხოვს ცოდნას, სენტიმენტალურობას და რიტორიკულ უნარებს. კარგად უნდა იცნობდეს თანამეინახეებს, გრძნობდეს, როდის დადგა მომდევნო სადღეგრძელოს დრო. ენციკლოპედიური ცოდნის, პოეზიისა და მაღალფარდოვანი ნააზრევის ცოდნის უშრეტი მარაგი უნდა ჰქონდეს. ეს თვისებები კი არ არის ყოველთვის კომპლექტში სუფრის გაშლის მატერიალურ შესაძლებლობასთან.

თამადა დგება და პირველ სადღეგრძელოს ამბობს. მანამდე და ამ დროსაც მიირთმევენ ნაირგვარ კერძებს და სვამენ მინერალურ წყალს ან ლიმონათს საკუთარი სურვილისამებრ, მაგრამ არა ალკოჰოლს.

როდესაც თამადა დაასრულებს სადღეგრძელოს, რომელიც თეატრალური, დახვეწილი და მაღალფარდოვანია, თანამეინახენი სათითაოდ დგებიან და ყოველთვის წარმოთქმული სადღეგრძელოს ფარგლებში, ზოგჯერ ჩურჩულით და ზოჯერ მხიარულად, ზოგჯერ მოკლედ და ზოგჯერ მაწამებლად ნელა – თუმცა ყოველთვის  სახეზე ნახევარღიმილით, რომელიც შარავანდედივით მოსავს მას  მთიელის სიმკაცრით, რაც ხაზს უსვამს ნათქვამის სერიოზულობას – ამატებენ საკუთარ სადღეგრძელოებს სხვებიც. მხოლოდ ამის შემდეგ სვამენ იმის გამარჯვებისას, ვისი სადღეგრძელოც ითქვა.

სუფრას სახლის მასპინძელი ხშირად არ შლის. ნადიმი სადღესასწაულო ღონისძიებაა, რომლის საბაბიც სიხარულის, ანდა მწუხარების გაზიარებაა, მაგალითად დაკრძალვა ან მოსახსენიებელი წლისთავი.

მასპინძელი, რა წუთიდანაც სუფრის გაშლას გადაწყვეტს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნადიმი ხვავრიელი და სრულყოფილი გამოვიდეს. ტრადიციისამებრ, რაც უფრო შეძლებული და ხელგაშლილია მასპინძელი, იმდენად ნაკლებად სჭირდება ოჯახის გაფრთხილება. მივა თავის სტუმრებთან ერთად, ჩვეულებრივ მხოლოდ მამაკაცების სამეგობროსთან ერთად და დაავალებს, რომ სუფრა გაშალონ. თუ სახლში საკმარისი რაოდენობით ქალები არ არიან, მეუღლე ნათესავს ან მეზობლის ქალს დაიხმარს და მალევე სუფრა მზადაა.

ფორმალობა ყოველთვის დაცულია, ამაზე თამადა ზრუნავს. თამადა ნადიმის მბრძანებელია. აძლევს ან ართმევს სიტყვის უფლებას, მოითხოვს სუფრის ყველა წევრის ყურადღებას, როდესაც საუბრობს თავად, ან ის, ვისაც სიტყვა მისცა. ასახიერებს „მონარქის ნოსტალგიას, რომელსაც ყველა ქართველი საკუთარ თავში ინახავს“, როგორც სწორად შენიშნავს რუსი პოეტი. ყველას უნდა, რომ თამადა იყოს, თუმცა სუფრა წყვეტს და ასე სრულდება სამართალი.

სუფრა, რომელიც უფრო მეტად ცხოვრების ფორმაა, ვიდრე ბიოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილება, გამოირჩევა წესრიგითა და წესიერებით; ის გულწრფელია და ამავდროულად თავისუფალი. თუკი არ გაქვს უფლება დალიო საკუთარი ჭიქიდან, როდესაც მოგინდება, ყოველთვის თანამეინახეებთან ერთად უნდა შესვა, უნდა დაელოდო, რომ დასრულდეს გრძელი, მოსაწყენი თხრობა, რათა შესვა საკუთარი სასმელი, მაშინ, ღვინის წინაშე ასეთი მოკრძალების განცდის პირობებში, ძალიან ძნელია დათვრე და ზღვარს გადახვიდე. ასე და ამგვარად, სუფრა შეიძლება დასრულდეს ისე, როგორც დაიწყო. გემივით, რომელიც ანთებული შუქებით მშვიდად დაბრუნდება პორტში, თუკი მას გამოცდილი კაპიტანი მართავს ღირსეულ და დისციპლინირებულ მეზღვაურებთან ერთად.

შუადღისკენ აღმართს ავუყევი და გადახურულ ცენტრალურ ბაზარში ავედი. თუკი ქალაქების ცენტრალური ბაზრები იმის მიმანიშნებელია, რამდენად აუდის ესა თუ ის ადგილი საკუთარი ადამიანების გამოკვებას, მაშინ საქართველო ხვავრიელების რქასავითაა, რომელიც გადაივსო, გადმოვიდა და ცისარტყელას ყველა ფერი კავკასიონიდან პირდაპირ თბილისის ცენტრში გადმოიღვარა. ზამთრის ყურძენი, ბროწეული, ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ლიმონი და მანდარინი, ძოწისფერი ბოლოკი და კისერწაჭრილი ჭარხალი, ვერცხლისფერი მდინარის თევზი და ძუძუს გოჭები, წვნიანი პომიდვრები (თურქეთიდან შემოტანილზე უფრო ძვირი რომ ღირს), თაფლი და ჩაი და თამბაქოს ყვითელი, გამომშრალი ფოთლები, ნიგვზისა და თხილის გორები, შაფრანი და ყველა სახეობის სანელებელი საოცარი საწებლების დასამზადებლად, რომელშიც ხრაშუნად შემწვარ წიწილებსა და რბილ მწვადს აწობენ.

პატარა თავი შებოლილი ყველი ვიყიდე და ერთი ბოთლი წითელი ღვინო და მოვახერხე მემწვანილე და მედუქნე ქალებთან მოლაპარაკება. როდესაც იმ დახლს ჩავუარე, პეინირლის ფორმის პურები რომ ეწყო, ჩემი მზერა გამყიდველი ქალის მზერასთან გადაიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ თავსაბურავი ეკეთა, ქალის გვერდით გადაწეული თმა ბზინავდა, კვიპაროსის ფერის თვალები ჰქონდა. შევხედე და უბრალოდ კი არ დამაკვირდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ჩემს შუბლს დერმატული ანთების კვალი ატყვია, არამედ მზერა პირდაპირ თვალებში ჩამასო, თითქოს უნდა გაგვეგრძელებინა საუბარი, რომელიც ეს-ეს არის შევწყვიტეთ.

უცნაური შეგრძნება. ნათელი სახეები, ნუშისებრი თვალები, რომლებიც ფერმკრთალ და გამჭვირვალე სახეებს ამშვენებს. ოდნავ დახრილი ქუთუთოები, ნიჰილისტურად. და მზერა, რომელსაც არასდროს ხრიან. დანაშაულის იმ გრძნობის გარეშე, რომელიც, ჩვეულებრივ, დაბუდებულია ქალების თვალებში და აიძულებთ მათ მზერა აარიდონ, როდესაც მამაკაცის მზერასთან გადაიკვეთება. აქაური ქალები, კავკასიური გამბედაობით აჩვენებენ, რომ არაფრის ეშინიათ, ამიტომაც მათი მზერა პირდაპირია, არწივისებრი და სამკაპივით მძიმე.

სამხედრო გზა

შორიდან ქროდნენ უდარდელი მთათა სიონი,
და თეთრდებოდა ყრუ ნაღველით კავკასიონი.[3]

ბორის პასტერნაკი

ისინი, ვინც თერგის წყალი დალიეს, მდინარისა, რომელიც კავკასიონის უმაღლესი მწვერვალიდან, ყაზბეგიდან ეშვება. თერგის წყლები უკანასკნელია, რაც შემოგხვდება, თუ სამხედრო გზას გაუყვები, ერთადერთ გზას, აგერ უკვე 2 საუკუნის განმავლობაში, რომელიც ნათელი მთის მეორე მხარისკენ, ვლადიკავკაზისკენ მიდის, რუსეთის ნაცრისფერი სტეპისკენ.

აქედან, მწვერვალის სახელწოდების სოფლიდან, რომ არ დაბრმავდე, ნახევრად მოჭუტული თვალებით უყურებ ყაზბეგს, ხუთიათას სამას ოცდაცამეტი მეტრის სიმაღლის მბრწყინავ მწვერვალს, გადასახლებისათვის იდეალურ ადგილს, სადაც სულს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თავისუფლების ნოსტალგიის ლახვარი დაესმის. მწვერვალები შექმნილი პრომეთესათვის და ამირანისთვის – ქართული მითოლოგიის ანალოგიური გმირისათვის. ბუნებრივი სილამაზის აუტანელი სიმძიმე.

„თერგდალეულების“ წრე იმ რომანტიკოსებისგან ჩამოყალიბდა, ვინც თერგის წყალი იგემა. ქართული ინტელიგენციის ელიტა მე-19 საუკუნეში თბილისის ეპარქიული ცხოვრებიდან პეტერბურგისკენ მიემგზავრება, იქიდან კი პარიზისკენ, მაგრამ არ იკარგება დასავლეთში. ქართველი რომანტიკოსები არ მოხიბლულან ლეთეს ნაყოფით, არც საკუთარ მიწა უარუყვიათ, რადგან მანამ, სანამ კავკასიონის მეორე მხარეს გადავიდოდნენ, თერგის წყალი დალიეს და დაბრუნდნენ. საქართველო, ტკბილი სამშობლო.

ათიოდე წლის წინ, და ალბათ ასი წლის შემდეგ თერგდალეულ რომანტიკოსთა წრის ჩამოყალიბებამდე, იყო მცდელობა, საქართველოს ოფიციალურ ენად რუსული გამოეცხადებინათ. წარმოჩინდა მიზეზიც (განა ყოველთვის არ არსებობს საზარელი მიზეზი, რომელსაც წარმოადგენენ ხოლმე, როგორც უტყუარ მიზეზს?) რომ რუსული უკვე გამხდარია ლინგუა ფრანკად, ქართულზე უფრო მეტად ქვეყანაში მცხოვრები მრავალი ეთნიკური უმცირესობისათვის. და მაშინ ისინი, ვისაც არასდროს გაუპროტესტებიათ რამე, არასდროს წამოუყენებიათ საკუთარი პრეტენზია რამეზე, სულ უმცირესზეც კი, გამოვიდნენ ქუჩებში და ისეთი ძალით გააპროტესტეს, ისეთი დაჟინებით და მანიაკალურად დაიცვეს საკუთარი ენა, რომ მათ დასაშოშმინებლად მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობით ჩამოსვლა გახდა საჭირო, რადგან სიტუაცია ძალიან დამძიმდა.

არა მხოლოდ აჯანყდნენ და ჩაშალეს კანონპროექტი, არამედ მაშინვე, ლამის მეორე დღესვე ქალაქის ცენტრალურ პარკში აღმართეს ბრინჯაოს ქანდაკება – მშობლიური ენის ძეგლი, ამ ქმედების სამახსოვროდ. შავ, გრძელ პალტოებში ჩაცმული მკაცრი ფიგურები, თითქოს გადმოვიდნენ ლადო გუდიაშვილის ნახატებიდან, გააპროტესტეს და არ მისცეს სიკვდილს გავლის საშუალება. გლოვისა და თანადგომის ქვეყანაში მიხვდნენ, რომ ასეთი რამ უკანდახევას ნიშნავდა. პოლიტიკური ეკონომიის გაკვეთილი მომავალი საუკუნისთვის. პურის გარეშე შეიძლება გაძლო, შენი ენის გარეშე კი მოკვდები.

მომდევნო დღეს, ისევ სუფრასთან ტრადიციული გაწელილი სადღეგრძელოებითა და გადამეტებული ქართული სტუმართმოყვარეობით. რა ხდება აქ? მხოლოდ ის კი არ ახდენს შთაბეჭდილებას, თუ როგორ იღებენ სტუმარს, როგორც წმინდა პიროვნებას და ყოველმხრივი ყურადღება, რომელსაც აქცევენ. ასევეა ეს ფლანგვა, თითქოს უნდა დაიცალოს მარანი ყველა იმ კარგი პროდუქტისგან, რაც სახლში აქვთ. ეს სიმბოლური ჟესტი უკიდეგანო ფლანგვის, მატერიალური დოვლათის დაცლა მაგიდაზე, იქნებ სხვა რამესაც ნიშნავს, გარდა აბსოლუტური სტუმართმოყვარეობისა. მატერიალურისაგან, მოხმარებადისგან განთავისუფლება, რაც იმის განაცხადია, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეკავება აქ. ნებისმიერ წუთას მზად ვართ ასამაღლებლად.

საქართველო, შეთავაზებებისა და პოტლაჩის ქვეყანა („ყველაფერი დაამსხვრიე, ყველაფერი დაწვი და მე გიყვარდე“).

მასპინძლის ქალიშვილი ფორტეპიანოზე უკრავს. მისი ხშირი, გაშლილი წარბები არწივის გაშლილ ფრთებს ჩამოჰგავს, ჰორიზონტის კიდეს რომ უახლოვდება და მისი სახის ნათელ სიფერმკრთალესა და ნახშირივით მწველ თვალებს უსვამს ხაზს.

ამასობაში, მამაკაცები, რომლებმაც უკვე დალიეს ყველა თანამეინახის, ასევე ყველა გვერდით არ მყოფი ნათესავისა და მეგობრის სადღეგრძელო, ერთ ყლუპ ღვინოს ერთ ლუკმა პურზე აპკურებენ და წასული წინაპრების მოსაგონარს სვამენ. შემდეგ კი, სიმბოლოს რადიკალური ცვლილების მოწმენი ვხდებით, როდესაც კოკა-კოლას პატარა შუშის ჭიქებს ძლიერი შავი ღვინით ავსებენ და ბოლო წვეთამდე სვამენ.

1997 წლის თებერვალი, ნოემბერი – 1998 წლის მაისი.

შენიშვნა: ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ნიკოს კაზანძაკისისა და ხრისტოს სამუილიდისის შემოქმედებიდან.


[1] ანტიკური კავკასია (ენციკლოპედია), ტომი I, თბილისი, ლოგოსი 2014. გვ. 252.

[2] ბორის პასტერნაკი „ტალღები“, ქართულად თარგმნა ლანა ღოღობერიძემ, „ ინტელექტი“, 2013.

[3] ბორის პასტერნაკი „ტალღები“, ქართულად თარგმნა ლანა ღოღობერიძემ, გამომცემლობა ინტელექტი,

© არილი

Facebook Comments Box