პოეზია

დიმიტრი ბახუტაშვილი – ახალი ლექსები

***

აგე, სამშობლო, გახედე,

ჩემი სისხლი და ხორცი,

არც ფერი მიგავს სამხრეთელს,

არც ლოცვა მიგავს ქორწილს,

მაგრამ რაცა ვარ, რაც დავრჩი,

რაც გამომლოკა ბედმა,

ჩემი ვარსკვლავის ნაცარში

ვიქექები და მხნედ ვარ.

მე ამ ჭრილობის  ვაჟი ვარ,

სულს ამ აღმართში დავლევ,

აქ გავისწორებ ხვაშიადს,

აქ გავისტუმრებ ვალებს.

დამმეწყრავს, ეპატიება,

არავის დავაბრალებ.

ჩემი ორივე გიშერი,

შავად ანათებს, ელავს,

ნეტა მართლა თუ მიშველის,

თუ დამჭირდება შველა,

ვინც ზედ შემაბა, სად არის,

იგრძნობს, ილოცებს, შეცვლის?

სად გაგრძელდება ზღაპარი,

სად შემომხვდება მხეცი.

ისე გავივლით ერთმანეთს,

როგორც ლანდები ლანდებს,

ის თავის სამშობლოშია,

თავის კელაპტრებს ანთებს,

ჩემს ცას თავისი ხოში აქვს,

თვალსა მჭრის იმის ცამდე.

წინ დიდი ხეტიალია,

მშვიდი, მორჩილი, ძველი,

ხევები გვერდით არიან,

ხევები უკან არიან,

ხევები წინაც არიან,

უწინაც მიწანწალია,

იმდენი მიწანწალია,

ალბათ ვიღაცა მშველის.

***

სამი ჯადოსნური ღამე მქონდა,

მამაჩემს ჩემზე ღრმად ეძინა,

ვჩანდი ვარსკვლავების სამეფოდან?

ამაზე ვფიქრობდი მეტწილად.

პირველ დღეს სტუმრები ზეცისაკენ

ეზოდან აფრინდნენ, ვფიცავარ,

ზეწრით დავაბნელე ძველი სარკე,

მეც ძველი წესების მიწა ვარ.

სამი ღამე იყო უკუნეთში,

კუბოსთან ფეხმორთხმით წამთვლემდა,

თითქმის უცხო სახლში მამის ნეშტი

ენთო აუნთებელ სანთლებთან.

მე ჩემი ფერადი ჰუდი მეცვა,

ჩემი ბუნაგი და უღრანები,

ორ-სამჯერ სიკვდილის სუნიც მეცა,

რომელსაც სიმღერებს ვუხამებდი.

სამი ჯადოსნური, ბნელი ღამე

სახლი ვარსკვლავებში ცურავდა,

სადაც ჩემი ხელით შევიყვანე

მამა მამაჩემის სურათთან.

ან რა უცნაური ცრემლი იყო,

ცრემლიც არ წამომცდა საჯაროდ,

თითქოს მხედავდა და ვერ მიიღო:

ე, რა გატირებსო, აჯამო.

მარტო იმ სამ ღამეს დაგიტირე,

მარტო იმ სამ ღამეს გიგლოვე,

დღეები ქარივით გავირბინე,

ღამეებს ჯერ კიდევ გიგროვებ.

***

მთელი წელი არ მეცალა თოვლზე საწერად,

მთელი წელი არ უთოვია.

ჰა, შენ პირველი თოვლი ამ წელს,

პირველი ნაზი ზამთრის დილა.

ამ ლექსზე ტუჩი გაგისკდება

და პირველ თოვლზე

შავი სისხლი დაიღვრება,

როგორც უხსოვარ ესთეტიკას

ეკადრება.

მე მიყვარს შენი მლაშე სისხლი

და ცივი თოვლი,

შენი ცივი ძვლების სიმღერა,

ახლა რომ მკითხონ, სხვაც თუ მიყვარს რამე არვიცი.

უf, რა ტკბილი მოსასმენია დაბალი ტონი,

მსუყე ხმა,  მავსებს თოვლის ხალისით და სიდარბაისლით,

თითქოს დარბაზის ფანჯარიდან გასცქერის ბავშვი,

ოქროს რიკულში გამომწყვდეულ ფერად სამყაროს,

და ისე უნდა, ისე უნდა, გავიდეს გარეთ,

სველ, შიშველ ხეებს თავზე თოვლი გადააყაროს,

მიკვირს აქამდე თოვლისთვის რომ ვერ მოვიცალე,

რომ დაეფარა ჩემი ყველა შავი რუტინა,

ყველა ბნელი ხმა და სურათი,

არ შეგეშინდეს, აწი ვიცი, დედას ვუტირებ,

და მარადიულ თოვლს მოვიყვან

და ამ სიყვარულს შიგ ამ თოვლში გამოვკეტავ

დასასრულამდე.

***

მთიდან ამედევნა თეთრი შუნი,

ჯავრის ნაპრალებზე გადახტა,

ლურჯი რიდე რომ მაქვს შემარხული

მკვდარი სიმღერების საფლავთან,

ხმაზე ამედევნა თეთრი შუნი,

მაგრამ მე ჩაუქი არავარ

დალი, არ არსებობს თეთრი შური

ეგ შუნიც შეგერგოს არამად.

მე მშვილდი ხელშიც არმჭერია,

ჩემი გატყუება ზღაპარია

შენთან არაფერი დამრჩენია,

ჩემი სიმღერები აქ არიან

ჩემი წერილები აქ არიან

ჩემი რიდეები აქ არიან

მთიდან ამედევნა თეთრი შუნი,

ბეთქილს მიმამსგავსა თავქარიანს,

მაგრამ მე არც კი შევიშმუშნე,

ჩემთვის ჩემი სული საკმარია

ჩემთვის ჩემი ბედი საკმარია

ჩემთვის ჩემი ტრფობა საკმარია.

მთიდან ამედევნა თეთრი შუნი,

ჯავრი იგულისხმა ჩივილად,

საკბილო ნახა და მოეშურა,

მაგრამ მე სხვა მიწის შვილი ვარ,

ნაბიჯს არ გადავდგამ სიმღერიდან

მან რომ მორიდებით მიმღერა,

თვალის ნათელი რომ მიმებინდა,

ყელი რომ გადმომიღერა.

სულ სხვა მითოსიდან გამოგრეკეს,

სხვისი ქალღმერთების ოთხფეხო,

მე რომ ამ ცხადიდან გამოვერკვე

რკინის რქები უნდა მომტეხონ.

მთიდან ამედევნა თეთრი შუნი

ჯავრის ნაპრალებზე გადახტა,

ფრთხილად, მანდ რიდე მაქვს შენახული

მკვდარი სიმღერების საფლავთან.

***

ტრიალ მინდორში, ამ ცხოვრების გზისბოლოს

შემომხვდა შენი ჩემი თავი, შემომხედა, მიცნო,

არ ეცალა, ხეებს ასწორებდა, სიმაღლის სიმბოლოს

სიმაღლეს ასწავლიდა, შემიძლია დავიფიცო,

ქარს ასწრებდა, მგლებს და აფთრებს აფეთებდა,

ვიცანი, მგავდა, თან, კარგად ვერც ვიცანი,

ხვეული, თხელი თმა ეყარა საფეთქლებთან

გრძნეული იყო, მწარე, გულთმისანი,

მიწისგულში სიკვდილის მდინარის წყალს სვამდა,

ჯავრის და ლოდინის სილურჯე თვალებს უყვავებდა,

შემომხვდა, ტუჩს კუთხეში ჩაიცინა, ზეცაში გაზავდა

ცა ცას დაემსგავსა, გზები ამონათდნენ უღრანებთან.

ვინ ვიყავი შენს ტბაში ჩახედვამდე, სად ვსახლობდი,

რომელ ზღაპარში, დღე ვკვდებოდი? ღამე ვცოცხლდებოდი?

კუბოში მეძინა? ირმის რძეს ვსვამდი? გეძახოდი?

გმირი ვიყავი? ასფურცელა? ვოლდემორტი?

სად ვიყავი შენს თმამდე, შენს სულამდე,

მომიგონე? შენ წაშალე ეგ ბიჭი თუ ხავსმა შებურა?

ვერ ვაგნებ, ვერაფრით ვერ ვაგნებ ძველ სურათებს, ძველ სტრიქონებს.

შენ დამარხე? რა უმღერე? ბაიათი? ურმული? ხასანბეგურა?

კიდევ კარგი გაგიცანი თავიდან,

ჩემს ხელებში შემოხვედი კანიდან,

უმწარესი ცხოვრების გზა გავიდა,

ამდენი არაფრიდან, შიშიდან, ნაგავიდან

სადაც წავალ სხვა სიხარულს წავიტან,

მეც ხომ წავალ, თუკი ყველა წავიდა.

ტრიალ მინდორში, ამ ცხოვრების გზისბოლოს,

ვარდის ფურცლების თოვლი დადო,

შემომხვდა ჩემი შენი თავი, სიყვარულის სიმბოლოს

სიყვარულს ასწავლიდა, შემიძლია თავი დავდო

შენს ზურგზე და არასდროს არავიღო,

დროის ვულკანმა გაგვაქვაოს,

იყო და არაიყო, იყო და არაიყო, იყო და არაიყო,

შენი შეყვარებული სააქაო.

***

შენი სიცოცხლის ქარონი ვარ,

შენი გულიდან მხედავს წყალი,

გამოღმა ცურვაც გამომივა,

თუ ვიმარჯვე და მოგისწარი.

შენ შენს ჯოჯოხეთს მიგატოვო,

სულში ეს რკინა რაღადმინდა,

ოთხი ფიცარი მიმატოლონ

ჩემი ფანჯრების სიმაღლიდან.

როცა სისხლიან ღამის გზაზე

შენი გულიდან მხედავს ღმერთი,

ტყიდან დევები აიზლაზნნენ,

დანით დაჩეხეს ერთმანეთი,

მე ჭრილობების ამხვევივარ,

სიკვდილს ვაკავებ არტაშნებით,

ვერ გამექცევა ამ ხელიდან,

გამოვამწყვდევ და გადარჩები,

სხვების გულშივე გავაციებ,

თმის ღერიც კიარ ჩამოგწყდებათ

შენს ყვავილებს და აკაციებს,

შენს იმედებს და წამოწყებას,

შენ ჩემი სულის ცხრაკლიტულო,

შენ ჩემი სულის პირამიდავ,

შენთვის ყვავილებს არვყიდულობ,

მე გამოგიყვან მდინარიდან,

ჩემი სახლისკენ გამოქროლილს,

მე გეფერები გაცვეთამდე,

ოღონდ თვალები ამოქოლე

ჩემი სიკვდილი არ წვეთავდეს.

***

გვერდით დამიჯექ, მისმინე,

გითხრობ, გიმღერი, გწერ,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე,

თანამდევი და მწე,

ვკვდები, ვკვდები და ვერ ვკვდები,

შიბის ოქროვან მძივს

ვარსკვლავებამდე ეკლები

თუ უკაწრავენ პირს,

შენც აქ დამიჯექ, გიამბობ,

ლამბით მოგები ყელს

და გულისცემის იამბით,

გეფერები და ვლხენ,

რომ შენღა დამრჩი მომხმარედ,

საოხჭანოდ და ფრთად,

წლებმა ბეჭებში მომხარეს,

ამრეცს მაწიეს ქვა,

ვიცი, ვიცი და ვერ ვიცი,

გითხრობ, გიმღერი, ვწერ,

საით იქნება მერმისი,

საით მიქრება მზე.

მე მარტო შენი დარდი მაქვს,

მარტო შენს ხალებს ვრაცხ,

გითხრობ, გიმღერი, დავდივარ,

ამემღერება რაც,

ერთი სამშობლო მიწა მაქვს,

ერთი სული მაქვს სულ,

ერთხელ შევიცვლი მისამართს,

ერთი სიკვდილი მძულს,

სხვაგან არასდროს მეძებო,

მოხვალ, დამისხამ სისხლს,

მოფრინდებიან მერცხლები,

არ დასხდებიან ძირს.

მომრთე წითელი გრაკლებით,

ცრემლის ვარსკვლავი მწვავს,

არაც მე ვიყავი ნაკლები,

არც რას მითმობდა სხვა,

გათენდება და გავქრები,

დაგიბრუნდები ხვალ.

***

მიჯნურს რაც მართებს, არა მაქვს,

რაც ემართება – მაქვს,

მთელი ცხოვრების ბარაქა,

ვერ ვამყოფინე ბარგს,

სხვას წელი ემატებოდა,

დღით ვბერდებოდი ტოლს,

ჩემი დარგული ხმებოდა,

არ ერხეოდა რტო,

მაინც მერგო და მენება,

საიდუმლოდ და ძღვნად,

ხან გარე შემომევლება,

როგორც კირი და ძმა,

ხან გულში ამიშენდება,

როგორც სასძლო და ზღვა,

ხან ჩემს უფსკრულთან ჩერდება,

ხან ჩემს წილ ქეძაფს სვამს,

თუ ჩემი სისხლი სჭირდება

უფრო საცოდავ სხვას.

მელოდება და ფითრდება,

მკერდი უცემს და თრთის,

მე იქაც გამიჭირდება,

მადლმა ორთავე ფრთის,

რაც მომაფარე სახეზე

მტირალს, დაბნეულს, ჩვილს,

ვიკარგები და დამეძებს,

წითელ პერანგებს ჭრის,

აბამს აბრეშუმს ტოტებზე,

გზები ყლაპავენ გზებს,

ვაითუ ერთხელ მოჰბეზრდეს,

რა მეშველება მე,

როგორც უმწეო ბერიკაცს,

როგორც ქალაქის მწირს,

ვაითუ უკუ შეიქცა,

რა მელოდება წინ.

მიჯნურს რაც მართებს არა მაქვს,

მაგრამ რაცა მაქვს სჯობს,

მართმევს სიცოცხლე არაქათს,

ის მიბრუნებს და მშობს.

***

ჩვენნაირებიც დაღუპულან, უკეთესებიც,

ჩემზე მაგარი ბიჭები და თითქმის შენსავით

ნაზი ცოლები ამ ბიჭების, მერე ესენიც

არ დარჩენია დავიწყებას დაუგესლავი.

ამათი ცრემლის ბარათები, პაემანები,

ცეკვით ღამეში, სამომავლოდ, ქარში, მოდერნში,

მაღალ ძაბვაში, განწირულად და დანანებით,

ჩვენზე ღრმა წყალში ჩაცვენილან, ჩვენზე მდორეში,

ჩვენნაირებიც დაღუპულან, ყველა ფურცლიდან

შველას ითხოვენ, გამხმარ ხელებს ჩვენკენ იწვდიან,

ჩვენნაირებიც მდინარეში გადაუცვივდათ

ბავშვებს, მოლოდინს, მოძრაობას, რა შეგვიძლია

ამ ჰერბარიუმს მოვუხერხოთ, ბოლოს მაგასაც

უფრო სასტიკი მტვერი შეჭამს, უფრო მბრწყინავი,

სულიდან სულში, მზიდან მზეში მიწევს გადასვლა

ამ ფიქრის ბოლოს, უფრო სწორად, ფიქრის მდინარის,

ცათამბჯენებიც არ დამრჩება ჩაუძირავი.

ჩემი სამი დღის უფალო,

ჩემო პეპელავ მინდვრის,

მე შენს დაღუპვას ვუგალობ,

სანამ ცხოვრება მიდის,

შენს წამყვან სიკვდილს ვუმღერი,

ცრემლის სახლიდან ვძვრები,

არიდე ყველა უღელი,

მიეც ნათელი გზები,

ნისლის ყოფაში გარიე

ცეცხლში სიცოცხლის მერე,

რაც დარდი ჰქონდა ამიერს,

იმიერ აუმტვერე.

ჩემს შეყვარებულს გაბარებ,

შენ მიუყვანე უფალს,

სასძლო მირონით განბანე,

იქ გაუშალე სუფრა,

ზედ ფალუსტაკი გაუწყე,

ნუ მოაშიებ ნამგზავრს,

დედამარიამს აუწყე,

რომ მაყრიონი დაძრან.

აქაც უყვარდა ღიღინი,

იქ უფრო ამიმღერეთ,

მეტირება და ვიღიმი,

ვკვდები სიკვდილის მერე.

***

უდაბნოს არწივია ჩემი ენა, გლეჯს,

ცხადი, უხერხული, ფრენის უკუცემა მშლის,

რაღაც უცნაური ვნებით მარჩევინებს ლეშს,

თესავს სიკვდილივით, მარად გაუხუნარ შიშს.

უდაბნოს არწივია ჩემი ენა, ქრის,

ზუსტი კონტურისთვის ფრთა აქვს უშავესი ტუშის,

მოჰყავს სიყვარული ციდან ნადავლივით ძირს,

სანამ დაბინდდება, სანამ დავანდება გულში.

უდაბნოს არწივია ჩემი ენა, შენ,

იცი, თაფლისა და უმი კალიების ველთან,

სადაც ჯოჯოხეთის ყველა უფსკრული და შრე

ერთად ავაფრინე, უფრო ავაფრინეთ ერთად,

კენტად დაღლილი ვარ, ვეღარც გამარჯვებით ვხარობ,

მხოლოდ გიბრუნდები, კოჭლი, ხეიბარი, უტყვი,

ჩემო გამჭვირვალე, ჩემო დამფარველო წყალო,

უნდა გაგაყოლო, როგორც იორდანეს ფურთხი,

ჩემი ორსახობა, ჩემი საცდურები შორი,

მოჰყავ წყალობა და მექმენ მლმობელად და სახლად,

ამ ბნელ უდაბნოში, გაშლილ ოაზისებს შორის,

სადაც ოქროსთმიან ბავშვებს უსხეულოდ ვმარხავ.

ჩემო ბაზიერო, უშვებ? სულ შთაბერავ? ეტყვი?

ცისფერ ფრანებით და თეთრი ბოტასებით ირბენს?

უხმოდ გელოდები, ნათელ მიღებიეს შენთვის,

სანამ დამიგლიჯავს, სანამ დამიფლითავს  ვინმე.

***

თვალები დახუჭე რა,

ნუ ხედავ, ნუ ამჩნევ, ნუტირი,

ძველია, დამიჯერე,

ძველი თამაშია, ბურთივით

დახტის ხმაური და ზრიალი,

გამარჯვებები და ვარდნები,

ტრიალებს ტრიალებს ტრიალებს

კარნაციებით და ვარდებით

ფარავს ჩვენს ბანალურ იარებს

და ახალ საცდურებს ვბარდებით.

მე შენი ბიჭი ვარ, შენი პოეტი,

გვაქვს პური, ღვინო, ჭერი,

ერითროპენიისთვის ვსვამ ერითროპოეტინს

რომ მშია პურებს ვაცხობ.

ინტროვერტიცა ვარ და ენამჭევრიც,

როდის როგორც მაწყობს.

საფეთქელთან გიკითხავ ვეფხისტყაოსანს,

ეგაა ჩემი სოციალური პოზიცია,

შენც ნუ გაგაბრუებს მყვირალა გამოსვლა,

სიკვდილდავიწყებულებმა რომ იციან.

ნამდვილი პრობლემების აპოლოგეტი ვარ,

ნამდვილი შიშების და ტანჯვის,

შენი ცრემლები ვარ შენ თუ აგეტირა,

შენი დარჩენა ვარ, დარჩი.

ყველაფერი ისეა, როგორც იქნებოდა,

როგორც იყო და იქნება,

რაღაც ჯადოსნური მაინც იქმნებოდა,

მაინც მიდიოდნენ წიგნებთან,

არაფერი უცნაური არ მოხდება,

დამშვიდდი, დამიჯერე, მენდე,

მიყვარხარ, მეყვარები, ხანი გამოხდება

ჩვენი რიგიც მოვა შემდეგ.

***

ვიცი არ გძინავს, ავ სიზმრებს სინჯავ,

შავი თვალები ემსგავსება ნამიან

ყაყაჩოს, ეგ შუქი ამომყრის მტრის ჯავრს,

გადაწვავს ყველაფერს რაც დასაწვავია,

ახლა დღეები უსაგნოა, ვრცელია,

გარშემო უთეთრესი მწერები ფარფატებენ,

ყველაფერს აანთებს, რაც დამიწერია,

ყველაფერს გაახმობს, რასაც დამმართებენ,

სამშობლოს ველებზე ცრემლს და სისხლს მოთესავს,

კრიალას, მომჟავოს, ცივი ლითონივით

გადაკვეთს ბორკილებს, საბელებს, რომელსაც

მხოლოდ ამ ყვავილებს შორის ვიპოვნიდი,

ვიცი არ გძინავს და ისე გელანდები,

ჩემი თვალები ემსგავსება ნამიან

კესანეს, ლურჯი ტბების გირლანდებით,

დაფარავს ყველაფერს, რაც დასაფარია,

გადმოვა მუხლამდე, ყელამდე, ბოლომდე,

შენს ცრემლებს მოკრეფს და სისხლს მოიალაფებს,

აქ ჩემზე ყოჩაღი ბიჭები ომობდნენ,

არ ემართლებოდნენ არავის არაფერს.

საითაც გახედავ, სულ ჩვენი ზეცაა,

ჩვენი ბავშვობის ღრუბლებია,

არასდროს მინდოდა რამე შემეცვალა,

მთელი ცხოვრება რომ უნდებიან,

საითაც გავხედავ, შენს თვალებს ვფიცავარ,

ჩვენი სამყარო ვარ, მიყურე, იცანი,

ცოტა დაიღალა, ცოტა შეიცვალა,

მაგრამ იზრდებიან ლეკვები მგლისანი

და შეექცევიან წითელ ყაყაჩოებს,

ლურჯ წყალს აყოლებენ ჩაფებით,

ყველაზე ლამაზი საკმელს დაახრჩოლებს,

ჩვენ რომ ბალახებში ჩავქრებით.

***       

გამარჯვებული გიბრუნდები ყველა ომიდან

ამობრუნებულ მითოსიდან ბნელი ზღაპრისკენ,

სადაც შენ დაფნად გადაიქეც, რათა შორიდან,

ვგრძნობდე შენს სურნელს და ვიცოდე, საით გავიქცე,

გამარჯვებული გიბრუნდები ყველა ომიდან,

გზად მერცხლებს ვხოცავ, გეახლები, მიწას შევატან,

შენი შრიალის რამდენიმე ნოტი მოვიდა

და შუა გზაზე დავანებულს ცრემლი შემმატა.

შენ ჩემს ქვესკნელში მელოდები, ჩემი ცერბერი

ტოტებს გილოკავს, შიგადაშიგ ცოტას მოგამტვრევს,

მაგ უკუნეთში დაფნად ქცევა შენ თუ შეძელი,

მეც შემიძლია ცოტა მეტად გამოვზოგადდე,

ჩემო შრიალა, ჩემო ნედლო, ჩემო მართალო,

ჩემს მოლოდინში ხედქცეულო, ჩემო ასხელავ,

მე მოვალ შენთან, რომ მერქანი შემოგათალო,

ის მოვალ ვინც თქვა, ვინც იომა, ვინც გასახელა.

გამარჯვებული გიბრუნდები ყველა ომიდან,

მიწას ჩავყვირი, რომ ფესვები აგიჟრიალდეს,

მე მოვალ შენთან, როგორც ერთხელ იგი მოვიდა,

ცხელი სისხლს დაგისხამ, ცხელი გულით მოგფენ სინათლეს.

გამარჯვებული გიბრუნდები ყველა ომიდან,

ამობრუნებულ მითოსიდან, აღმა წყლებიდან,

შენი ფოთლების სიმშვიდეში წოლა მომინდა

და ველად გაჭრილს ძველი ლოცვა დამაწყებინა:

ილოცავს იტყვის მაღალო

ღმერთო ხმელთა და ცათაო

აწ რაღამ უნდა დამღალოს

ან ვისთან რამაქვს სადაო

მოვალ და შემოგევლები

კოცნად და ალერსადაო.

***

თვალშეუვალი მცველია ბნელი,

საფრდება ყველგან, სახლს აქცევს სანგრად,

ხმაური, როგორც მატარებელი,

გამცდა და მზეში გადაიკარგა.

ცაც ისეთია, გრილი და სველი,

ზედ აქრებიან ცხელი ტანებით

განათებები უკანასკნელი,

მანათობლები შენისთანები,

სანამ შესდგება მსახვრალი ხელი

ამ წმინდა სანგარს, ოთახს – კელიას,

დღეების ქაფის, სამყაროს ხსენის,

ტბები, რომლებიც დაგვილევია,

ვიცრემლე, როგორც მეთაკილება,

დავღვარე, როგორც დებმა ბარათი,

სანამ მოღალა დილის კირთებამ

ჩვენი სიბნელე და შეღავათი.

ხვალ რაც იქნება, ხვალემ ინებოს,

ყველას თავისი ჯვარი დაამსხვრევს,

თუ მეფესავით დამეძინება,

არ შეარხიო ჩემი სასახლე.

© არილი

Facebook Comments Box