1.
ჩვენ ყველანი მეფეს ვეკუთვნოდით, აღმართებზე სიარული სასახლის კიბეებზე რომ ჰქონდა ნასწავლი, ძალიან გულჩვილი რომ იყო, სანამ მრისხანება შეიპყრობდა და მისთვის გალობას რომ გვაიძულებდნენ, ვიდრე ეს მრისხანება სისასტიკეში გადაეზრდებოდა. ჩვენც ვგალობდით თავდავიწყებამდე, გულზე კი წარწერებიანი იარლიყები გვებნია. წარწერა ორგვარი იყო – „ფსშ“ და „მპფ“.
„ფსშ“ უსახური, წვრილი, მოფლაშული ასოებით გამოესახათ – ფრინველთა საერთო შემადგენლობას გულისხმობდა. მას რიგითობის აღმნიშვნელი ზოგადი დატვირთვა გააჩნდა. პატარა იარლიყიანი ნაჭერი გვქონდა გულისპირზე მჭიდროდ ჩამოცმული. ფრინველებს მოსვლისთანავე ამით აღბეჭდავდნენ.
„მპფ“-ს უპირატესობა ენიჭებოდა, ლურჯი ხაზებით შემკული განაცხადი ამგვარად ჟღერდა – მეფის პირადი ფრინველები. ისინი უფრო სუფთები, მოვლილები, შეფერილები და გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ იშვიათად თუ გვხვდებოდნენ, ისიც სადღესასწაულო დღეებში.
აქ იმდენი ხანი დავყავით, სხვანაირ ცხოვრებაზე წარმოდგენაც აღარ გვქონდა. უკმაყოფილო მითქმა-მოთქმა ხშირად გაისმოდა ირგვლივ, მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო. საზოგადოებაში სოციალურ ცვლილებებს მხოლოდ ადამიანები ახდენენ. ისინი რომც ამბოხებულიყვნენ, ჩვენ არც გავახსენდებოდით. ბებერი ფრთოსნების დაღვრემილ სახეებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ფრინველებს ფრენას თუ აუკრძალავენ, გალობას თვითონ აიკრძალავენ-მეთქი. მაგრამ სულაც არ აღმოჩნდა ასე. სიამოვნებით გალობდნენ, ოღონდ კი ზემდგომთათვის ესიამოვნებინათ. თუმცა ამას თავისი ახსნა ჰქონდა და ამიტომაც ჩვენ მიმართ ველურ ფრინველებს უფრო მეტი მიმტევებლობა უნდა გამოეჩინათ. ჩვენ უკვე სხვა მოდგმის ვიყავით, გალიის მოდგმის. წესიერად ზეცაც არ გვენახა, გისოსები მას შავ უჯრედებად სერავდნენ, თითქოს სანახაობას ულუფებად გვაწვდიდნენ. ჩვენ მორჩილ არსებებად გვაყალიბებდნენ. გალიაში გალობას მთელ ხმოვანებას ტკივილი და მონატრება ანიჭებს. ამას დროთა განმავლობაში მივხვდი. უფროსი თაობის ფრინველებს ჭრელი შესამოსლის არშიები თითქმის გაუცვდათ, ამაყი ბიბილოები შეუჭკნათ, მოხატული ბუმბულები დაეძენძათ და გაუუფერულდათ, ხმა კი გაებზარათ და ბგერები სევდა-ნაღველით გაემსჭვალათ. ერთ ახოვან ჩიტს ვკითხე, აქედან გაქცევაზე რა აზრის ხარ-მეთქი. რას ამბობ, ძლივს მოვისვენე, აქ მინდა აღვესრულოო, მიპასუხა მან. გარეთ რა, გგონია უკეთ იქნები? ყოველი ლუკმისთვის ბრძოლა გიწევს. ერთადერთი წყალია უხვად, თუმცა ძღომას ვერ გაგრძნობინებსო. მაგრამ იქ ხომ თავისუფლებაა, შევეპასუხე მე. თავისუფლება? გაეცინა მას, ყოველი შენი თანამემამულე ფრთოსანი შენი მტერია. იქ ყველა თავისთვისაა თავისუფალი, გულის დასაწყვეტი ამბავია. მე კი მისმა სიტყვებმა დამწყვიტა გული. ნუთუ თავისუფლების დაკარგვამ მეოცნებე ფრთოსნები ქორ-ვაჭრებად გვაქცია-მეთქი. ლეგენდარული აღტყინება მორჩა და სოციალურმა პრობლემებმა იჩინა თავი. და თუ ოდესღაც ჩვენი ღირსება ფრთები იყო, ახლა ნისკარტი გამხდარა. თუმცა მისი პასუხები დამაჯერებლად გაისმოდა, მაგრამ ჩვენს ირგვლივ დაგმანული კედლები და გისოსებით მოსაზღვრული სივრცე ერთადერთ რეალობად რჩებოდა. დედაჩემი გამიწყრა, ენას ნუ ატლიკინებო, ეტყობა ჩვენი ლაპარაკი მოისმინა და ჩემ გამო შიშობდა.
მამაჩემი მიამბობდა, თავისუფლებას ყველაზე დიდ პეწსა და ეშხს ცისქვეშეთში თეთრად გაწოლილი ღრუბლები ქმნიან, ტაატით რომ დაცურავენ ქარის მიმართულებით და მინდვრებზე ჩრდილებად გადარბიანო. მოკლედ, თავისუფლებაზე მხოლოდ გადმოცემით მსმენოდა, ისიც ძირითადად მამაჩემისგან. დედაჩემი ამის შესახებ ხმას არ იღებდა. დედაჩემს როზალია ერქვა. სათნო და ჯიუტი ქალბატონი იყო. აქ უკეთესად ვართო, მეტყოდა ხოლმე. მე აქ დავბადებულვარ, მშობლებს კი აქედან შორს, რომელიღაც პროვინციასთან ახლოს ჰქონიათ ბუდე. თავს როგორღაც ირჩენდნენ და ბედნიერებიც ყოფილან ჩემს მოლოდინში, სანამ მოულოდნელად მოხალისე მონადირეების ნადავლად არ ქცეულან. ბადეში გაბმული მიურთმევიათ ძღვნად მეფისთვის. მეფის ახირება ფრინველებით გატაცების შესახებ საყოველთაოდ ყოფილა ცნობილი. ჩვენ მართალია არც ისე ლამაზი, მაგრამ იშვიათი მოდგმის ვიყავით.
თავისუფლება რომ მქონოდა, დიდ ქალაქებს მივაშურებდი. თავზე გადავუფრენდი ელექტროსადენებს და სახურავებს. ჯიხურის გაზეთებს, წიგნების გარეყდებს, სარეკლამო ბანერებს და კედლის აფიშებს დავათვალიერებდი. ვიფრენდი დაღამებამდე… ამაზე დედაჩემმა მიპასუხა, იქ რომ ვყოფილიყავით, ნახევრად მშიერი მეყოლებოდი, აქ კი საკვებიც უხვად გვაქვს და შენი კარიერული პერსპექტივაც ჩანსო. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მაშინ გამანდო, რომ თურმე მეფის პალატაში ჩემს გადანაცვლებაზე ოცნებობდა, რისთვისაც გალობაში მუდმივი ვარჯიში მირჩია, სტვენაში რომ დავხელოვნებულიყავი. აბა, ეს შენი თავისუფლება რაღაა? სულ იმის დარდში უნდა ვიყო, სად ხარ, რამე ხომ არ შეგემთხვა – დამარიგა თავისებურად.
– ჩემთვის თავისუფლება ცის მოხილვაა! – ვუპასუხე შემართებით.
– ცა მეფის სარკმლიდანაც მშვენივრად გამოჩნდება. იქაური გალიები ისეთი ფართო ყოფილა, ზოოპარკის ვოლიერები გეგონება. კვება კი იცი როგორი ჰქონიათ? ზოგჯერ ცხელ რძესაც ხვრეპენ და ხშირად წყლის ნაცვლად თურმე ანწლის წვენს ასმევენ. მათ ჯანმრთელობაზე ისე ზრუნავენ, თითქოს ადამიანები ყოფილიყვნენ. ჩემი ოცნებაა შენს მკერდზე „მპფ“ წარწერა ვიხილო! – ამ სიტყვებით დედაჩემმა მთელი ჩემი შემართება დაასამარა.
ამ თემაზე მერეც ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ შედეგი არ იცვლებოდა და მე დავასკვენი, რომ ყველაზე ძვირფასი და ახლობელი არსებები ყველაზე ცუდს გიკეთებენ იმ მოტივით, რომ ყველაზე კარგის გაკეთება სურდათ შენთვის.
– დაუალაგდი ჭკუას! მიწაზე დაადგი ფეხი! იოლ გზებს ნუ ეძებ! მოვალეობა! მოვალეობა! აი, რა არის ყველაზე მთავარი! – მმოძღვრავდა დედაჩემი. მე კი მიკვირდა, თუკი ფრინველი ვარ, ფრენისთვის შობილი და ასეთად უზენაესმა ჩამიფიქრა, მიწაზე რატომ უნდა დამედგა ფეხი? განა უმჯობესი არ იქნებოდა, ფრენაში გავწაფულიყავი, რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვა დანარჩენს? მაგრამ დედაჩემი მდგომარეობის სიმყარეს გულისხმობდა. ეშინოდა, ოცნების დევნაში რაიმე ცუდს არ გადავყროდი და ულუკმაპუროდ არ დავრჩენილიყავი. გულისხმობდა აგრეთვე იმას, რომ მუდამ თვალთახედვის არეში ვყოლოდი. სხვა დასკვნა ვერ გამომქონდა. ალბათ ეგონა, თუ არ გამაკონტროლებდა, დავიღუპებოდი. ხომ უნდა ცოდნოდა, რა მიჭირდა და რა მილხინდა! – რაიმე შინაგანით თუ არ დაკავდი, გარემო დამღუპველად ზემოქმედებს! – დამიყვავა ერთხელ – თავისუფლება უსაზღვრო სივრცეა, რომელიც თავის ტლანქ უკიდეგანობაში ჩაგკარგავს, მერე ეძებე ნემსი თივაში!
– აქედან თავის დაღწევა და მოგზაურობა ჩემი ოცნების სფეროს წარმოადგენს – ვთქვი მე – ბედნიერება თავისუფლებაშია! გულით მხოლოდ იქ ვიმღერებდი, უსაზღვრო სივრცეში, სადაც ბგერები სხვა ჟღერადობას შეიძენდნენ.
– ეგ აზრები თავიდან მოიშორე და მეტი აღარასდროს გამაგონო! – დედაჩემს არაფრის გაგონება არ სურდა, გაგულისდა და მოჰყვა ნერვიულად ფრთების ფშვნეტას და საყვედურებს – შენს აღზრდას გადავყევი და ასე უნდა დამიფასო?
მეორე დღეს ხმაც აღარ გაუცია, ძლივს შევურიგდი.
2.
ერთი დაწინაურებული ფრინველი გვაკითხავდა ხშირად, ეგრეთ წოდებული ზედამხედველი. კვადრატული და სასაცილო სახე ჰქონდა, მაგრამ თავის მოსაზრებებს ისე გამოთქვამდა, როგორც დამაგვირგვინებელს. თავის სიტყვას საკითხის ამომწურავ შეჯამებად მიიჩნევდა და კამათის გაგრძელებას საჭიროდ აღარ თვლიდა. ასე იძახდა, გისოსები იმისთვის კი არ არისო, რომ ვინმეს თქვენი გაქცევის ეშინია, არამედ სხვებმა რომ არ მოგაკითხონ და გაცდუნონო. თქვენი მდგომარეობის ყოველ ცოცხალ არსებას შურს. ხშირად გვმოძღვრავდა, სხვებზე მეტი უფლებები ჰქონდა და ამ უფლებებს გაჯგიმული სიარულით და დაბღვერილი სახით გამოხატავდა. თუ რაიმეს იტყოდა, ჯაჯღანით. ამით ხაზს უსვამდა იმ უზენაეს წოდებას, რისთვისაც მიეღწია. ვერც კი გრძნობდა, ფრთების ტყლაშუნი გალიაში რაოდენ ძნელი მოსასმენი იყო. ეს ხომ ფლოსტების ფლატუნს წააგავდა, კუს ნაბიჯით გადაადგილებას, რადგან გალია ფრენის აკრძალვას გულისხმობს და ზეცის უარყოფას. მეფეს კი ისე შეყვარებოდა ფრინველები, რომ სულ ახალ და ახალ პარტიებს იძენდა. მოახალშენეებს ლექციათა სრულ კურსს უკითხავდნენ, თუ რაოდენ გაუმართლათ ცხოვრებაში. ამაში კი გაქნილი ორატორები ეხმარებოდნენ. მნიშვნელოვანი იმდენად სიტყვები არ იყო, რამდენადაც განათლების ხარისხის დემონსტრირება.
მე გალიაში დავიბადე, სამეფო კარის მოსაზღვრულ ტერიტორიაზე, კარიბჭესთან ახლო, მეფის პალატებიდან საკმაოდ შორს. სამეფოში შემოსულ სტუმრებს ხშირად ვხედავდი. თვითონ მეფე არ დამინახავს, მაგრამ მისი ამალისთვის ბევრჯერ მომიკრავს თვალი. სამეფოდან გასულს მუდამ უკან მიჰყვებოდა. სამეფო კარზე ურიცხვი რაოდენობის ჩიტი მეფის კაპრიზს წარმოადგენდა. ჩიტების განუწყვეტელ გალობას ბედნიერება მოაქვსო, ურჩია ვიღაც ბრძენმა. მეფემაც ბრძანება გასცა, სამეფოში ჩიტების ხმას ადამიანების ხმა გადაეფარა. ხმებიც დახვეწილობის მიხედვით იყო განაწილებული. სრასასახლეში ყველაზე კეთილხმოვანი ან გამორჩეული გარეგნობის ფრინველები ხვდებოდნენ, რომელთა ჰანგები ზღაპრული სამყაროს შემოხეტებას ემსგავსებოდა. მეფის საძინებელს რაც უფრო უახლოვდებოდი, მით უფრო ტკბილი გალობა გაისმოდა. ყველგან გალიები ეკიდა – დარბაზებში, დერეფნებში, სათავსო ოთახებში. გამანაწილებელი გალია, ერთგვარი კარანტინის რეჟიმი, ჩვენ სიახლოვეს მდებარეობდა. მისი გასუფთავებით არავინ იწუხებდა თავს. სასახლეში ასეთი სისტემა მოქმედებდა, ფრინველების მორიგ პარტიას მოყვანისთანავე ამ გალიაში ათავსებდნენ. იქაურობა სკინტლის სუნით ყარდა და წყალში ჩამბალი ხორბლის ნარჩენებიც ბლომად ეპნია, ერთმანეთში რომ იყო აზინზლული და გულს გირევდა. ჩიტები კი საიდან აღარ მოჰყავდათ, უმეტესად აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან, თუმცა ადგილობრივებიც ბლომად იყვნენ. ჭრელები, ელეგანტურები, მაგრამ ველური და გამჭოლი გამოხედვით. ძალიან ლამაზები რომლებიც იყვნენ, მაშინვე მეფის პალატისკენ მიაქანებდნენ. დანარჩენები გულზე სკდებოდნენ, უპირატესობას ყოველგვარი ნიჭისა და ძალისხმევის გარეშე რომ აღწევდნენ. ყველაზე ლამაზ ფრინველებს მეფის აგენტები აღფრთოვანებულნი შეჰყურებდნენ და გაოცებას ვერ მალავდნენ. იყო ერთი რქანისკარტა, ჰიმალაის ბინადარი, თუთიყუშისგან ძლივს რომ განასხვავებდი. იყვნენ ფერადი ჩიტები ინდონეზიის კუნძულებიდან, ძირითადად ბორნეოდან. შრი-ლანკელი ფრთოსნები, ცეილონური ჩაის არომატულ ორთქლზე გაზრდილნი, მედიდურად რომ გამოიყურებოდნენ. მაგრამ ყველაზე მომხიბვლელი მაინც გვიანას ნარინჯისფერი თუთიყუში გახლდათ, სანამ პანამელი ფრინველები გამოჩნდებოდნენ. გვატემალელმა კვეზალმა ყველანი დაჩრდილა, ერთხელ კი ცისფერ ჩხიკვს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ სილამაზეს საზღვარი არ ჰქონდა. ახლომდებარე გალიებში უფრო ხანგრძლივად ნიბლიებს და ბოლოქანქარებს ტოვებდნენ. მახსოვს მოწყენილი ღალღა, ნოტიო მდელოებზე მეოცნებე და სევდიანი გნოლი, წაბლისფერი ლაქებით. განა ისინი თავიანთ სამშობლოს ნებაყოფლობით განერიდნენ? თავიდანვე იგრძნობოდა „მპფ“ -ს წევრებად რომ აქცევდნენ. გაყვანის დროს კარიბჭის კარს მძიმედ აღებდნენ. მაშინ მოვკრავდი ხოლმე თვალს უზარმაზარ სივრცეს, რომელიც სამეფოს ტერიტორიას მრავალჯერ აღემატებოდა. მთელი სამეფო მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე იყო განლაგებული, როგორც გარნიზონი, ან მონასტერი. დანარჩენი სივრცე უკიდეგანობას მოეცვა.
როცა საუბარი გვეწადა, ერთმანეთს გადავძახებდით ხოლმე, ოღონდ გალობის კილოთი, ადამიანებს ჩვეულებრივი ჭიკჭიკი რომ ჰგონებოდათ. უმეტესად წარმომავლობით ვინტერესდებოდით. ერთმა შავი ხისა და სპილოს ძვლის სანაპირო ახსენა. სამშობლოს ამგვარ სახელწოდებაზე გაგვეცინა. ჩვენი ჭაობიც კი თქვენს ოაზისებზე მრავალფეროვანიაო, იუკადრისა მან. იქ, ოკეანის სანაპიროზე, ერთი ფრინველი მომწონდა, ფერადი იერით და სიცოცხლით აღსავსე. მის დანახვაზე ნერწყვებს ვყლაპავდი, აქ რომ ყოფილიყო, მაშინვე მეფის პალატაში გააქანებდნენ, შესძახა ბრაზით და მეტად ხმა აღარ გაუღია. ერთი კოლიბრი ისეთი პატარა იყო, ძლივს ვამჩნევდით. ის კი გაჰკიოდა, ანტანანარივუს სიახლოვეს ვცხოვრობდიო, ჩემი ბუდიდან გარეუბანიც კი მოჩანდაო, ნეტავ ახლა ისევ იქ ვიყო და იმ დაცარიელებულ მიწაზე ხეტიალის სისათუთეს შევიგრძნობდეო.
მამაჩემს ვკითხე, მეჩვენება თუ ყველანი გაცოფებულნი არიან-მეთქი. ქვეყანაში გაბატონებულ ცხოვრების წესს წყობილება ჰქვიაო, განმიმარტა მამაჩემმა, ჰოდა, თავიანთი ქვეყნიდან გამოსულები წყობილებიდანაც გამოვიდნენო. ბევრი ვერაფერი გავიგე მისი ნათქვამიდან. მამაჩემმა ფილოსოფიური ლაპარაკი იცოდა. უსაზღვრობა ტერიტორიაა უკიდეგანო საზღვრისთვისო. ეს ქვეყანა კი ცოდნის და უმეცრების ბრძოლაა და უმეცრების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში გამარჯვება მას რჩებაო, დაამატა ნათქვამს, მომდევნო სიტყვებით კი კიდევ უფრო მეტი თავსატეხი გამიჩინა: სისტემა, განაგრძობდა მამაჩემი, ყოველთვის ჩვენს დაჩლუნგებას ემსახურება და ეს თვისება სისხლში გაგვიჯდა. თვალებშიც ასეთი მზერა გვაქვს და ცხოვრების წესადაც გვექცა. ამ მიზნის ასრულებას ხელისშემშლელი ფაქტორიც გააჩნია და ეს ჩვენი სულია, რომელიც თავისი მნიშვნელობით სხეულს აღემატებაო. გაბრუებული ვტრიალებთ ერთ წრეზე, რადგან ახირებებზე აღმოცენებული ცხოვრება გვტანჯავსო.
– აქ გემით მოგვიყვანეს! – გულამოსკვნით გვიამბო ერთმა – გზაში ათობით ფრინველი მოისრა. დირექციის წარმომადგენლებმა დანაკარგის რაოდენობა აღნუსხეს და სამი ციფრით გამოსახული რიცხვი ჩაწერეს გრაფაში, ჩემი თვალით ვნახე, დახოცილი ფრინველები ზღვაში როგორ გადაყარეს ჭავლით და მანამდე რეცხავდნენ გემბანს, სანამ გამდინარე წყალმა გამჭვირვალე ფერი არ დაიბრუნა. ეჰ, ეს მიწა ფრინველების არ არის, ადამიანებს ეკუთვნის!
– აღნუსხვა რაში ჭირდებოდათ? – შეეკითხა ვიღაც.
– საგადასახადო ხარჯების შესამცირებლად, ისედაც ზარალში ვართო. აქტი შეადგინეს, ხელმოწერებით დაადასტურეს და ბეჭდებით დაამოწმეს. მეორე დილით ზღვის აღმოსავლეთი წითლად იყო შეღებილი და ეს ამბავი ცუდად მენიშნა!
ჩემს წარმოსახვაში დედამიწა ვეება სარეცელს ჰგავდა, რომელსაც ჭრელი საბნები ეფარა მივარდნილ ადგილებში მიკერებული ზღვებით და მდინარეებად დალიანდაგებული წვრილი ძაფებით. ყოველი ახალი შევსებისას ვხალისობდი. კარანტინის გალიაში ფრინველებს ზოგადად დიდხანს არ აჩერებდნენ, მაგრამ სადაც შემდგომ ადგილს მიუჩენდნენ, იქ უკვე ხანგრძლივად ტოვებდნენ. ეს გალიები იერარქიის საფეხურებს ჰგავდა.
შუაღამისას სიჩუმე დგებოდა, მხოლოდ ხანდაზმული ფრინველები ხვრინავდნენ. ერთხელ კვნესაც გაისმა, ორი მათგანი ვნებას მისცემოდა, როცა სანიტარი შემოჩლახუნდა და დერეფნის მკვეთრი განათება ჩართო. დიდ უხერხულობაში ჩავარდნენ, თურმე ყველას ეღვიძა და ყურს უგდებდნენ. მთელი საფრთოსნეთი ერთხმად ახორხოცდა. ნუთუ ამ ბგერებს იგივე ხორხები გამოსცემდნენ, რომლებსაც მშვენიერი გალობა შეეძლოთ?! სანიტარმა შუქი გამორთო, მაგრამ უხერხულობამ სიბნელეშიც გასტანა. ერთხელაც ერთ მტრედს შუაღამისას ისტერიული კრუნჩხვები დაეწყო და ისტორიული სამშობლო მოენატრა – ხეივნების მშვიდი შრიალი და ყვავილების მტვერი ოქროსფერ გუმბათებზე. დანარჩენები ოხვრას მოჰყვნენ, დიდხანს აშოშმინებდნენ დაყვავებით, მაგრამ თანაგრძნობაზე მეტად თავიანთ დროზე ზრუნავდნენ, ძილისთვის რომ ჰქონდათ განკუთვნილი.
სუფთად კი ვიყავით, არაფერი გვეთქმოდა. ჩვენთან თუ ასე კრიალებდა ყველაფერი, მეფის პალატებში რაღა იქნებოდა!.. ჰიგიენურ საშუალებებს ისე შეგვაჩვიეს, ლამის სიშიშვლის შეგვრცხვენოდა. როცა ვგალობდით, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით და მზერა ნისკარტის წვერზე გადაგვქონდა. დეზინფექციის დროს სხვა გალიებში გადავყავდით, ჩვენ გალიებს კი ათასგვარი სარეცხი საშუალებებით რეცხდნენ. ეს მანამდე უნდა მოესწროთ, სანამ ზემდგომებს ეძინათ. სპეციალური დანიშნულების სითხეები პირბადეაკრულ სანიტრებს შემოჰქონდათ და ხვეტდნენ და წმენდნენ იქაურობას. ქაფის და ფხვნილის სუნი დგებოდა, რომელსაც აეროზოლების სურნელით ახშობდნენ და შემდეგ ორპირ ქარში ანიავებდნენ. ამ დროს ბევრი ფრინველი ცივდებოდა და გალობას დროებით წყვეტდა. ბოლოს უკან გვაბრუნებდნენ, ჩემთვის დილეგად ქცეულ გალიაში.
3.
ერთ დილასაც მამაჩემი მკვდარი დაგვიხვდა. იმქვეყნად წაიღო ოცნება თავისუფლებაზე. სახეზე ბედნიერი ღიმილი აღბეჭდოდა, ეტყობა ამ ქვეყანაზე ყველაფერმა მოაბეზრა თავი. ისეთი ნათელი ეფინა, თითქოს მის სიახლოვეს უხილავი ცეცხლი გუზგუზებდა. ნესტიან იატაკზე მშვიდად განისვენებდა და მაღალ ჭერს ცარიელ მზერას არ აცილებდა. პატივი ჩირადაც არ უღირდა და ღრმად განსწავლული ფილოსოფივით დუმდა, როგორც დამჭკნარი ბალახი სასაფლაოს ქვაზე. ამგვარი სიმძაფრე ახლდა მის უხმაურო აღსასრულს.
რომელ კილოკავზე აღარ გვისამძიმრებდნენ ფრინველები სხვადასხვა გალიებიდან, ისე კი, რა საკითხავი იყო ერთი უმნიშვნელო ჩიტის ბედი საყოველთაო გნიასსა და ორომტრიალში. დედაჩემი ისეთი მწუხარე იყო, თავისი ახირება აღარც ეხსომება-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მისი გადაწყვეტილება შეუვალი აღმოჩნდა. სწორედ იმ ხანებში დირიჟორის აგენტმა ჩამოიარა თანმხლებ პირებთან ერთად, ნიჭიერი მგალობლების აღმოჩენა რომ ევალებოდა, იმან. რეკომენდაციას ვისაც მისცემდა, წყალი არ გაუვიდოდა. ცოფიანი ვინმე კი ჩანდა, თითქოს ამ ქვეყანას კრაზანის გაჩენის დღეს მოევლინა და დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო, მის მზერას სიკეთის და უმანკოების სხივი შესძენოდა. თუმცა დედაჩემმა მაინც შეძლო მოლაპარაკება.
– მაესტრო! – გისოსებს ეცა მწუხარე დედაჩემი – ჩემს შვილს ვერ მომიმზადებ გალობაში? ამას უმორჩილესად გთხოვს ქალი, რომელიც ამ დილას დაქვრივდა! მინდა „მპფ“-ს წევრად აქციოთ!
მწუხარებით დაუძლურებულმა ქალმა მას ძვირფასი კენჭი გადასცა, ფერადი ქვის ნატეხი, ერთადერთი ბიჟუტერია, რომელსაც მუდამ თან ატარებდა, რადგან მამაჩემს ეჩუქნა ნიშნობის დღეს.
– მაესტრო, გემუდარებით, იქნებ შეძელოთ ეს!
მაესტრომ ჯერ საჩუქარს დახედა, მერე მე შემათვალიერა კუშტად და ჩემდა მოულოდნელად თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ დედაჩემი წესიერად აღარც მინახავს. წასვლისას თბილად გადამეხვია და მითხრა, აბა შენ იცი, შენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, ოღონდაც მოინდომე. აწი „მპფ“-ს გიწოდებენ! – რა ექნა, ამ თეთრ წარწერაზე გიჟდებოდა და ერთი სული ჰქონდა, ჩემს გულზე დაბნეული ენახა – შენს გატაცებას რა თავში იხლი? მამაშენი სულ ზევით-ქვევით დაყიალობდა და ხომ ხედავ, ცოცხალიც აღარ არის! – თითქოს თვალსაჩინო მაგალითი მიჩვენა დასარწმუნებლად – შენ კი ფრაკებში გამოწყობილ ბატონებთან ერთად იგალობებ სამეფო ორკესტრში. ამის შესახებ ბევრი რამ წინასწარ გამოვიკითხე!
– ჩემდა სავალალოდ სიმღერა არასოდეს მყვარებია, დედაჩემო, ფრინველი ორი ნიჭით იშვა – ფრენის და გალობის – მე ყოველთვის პირველი მსურდა, შენ კი მეორეს მაძალებდი! – ვუპასუხე მე და მამაჩემის ნეშტს სევდიანად გადავხედე.
– ერთადერთი ეს საქმე მოგიტანს ბედნიერებას, ოდესმე მადლობას მეტყვი!
დედაჩემის სურვილი, დაძალების მიუხედავად, იმ ფოთოლივით უმანკო იყო, რომელსაც ბავშვის თითები წყვეტენ. იგი თითქოს მწარე წამალს მასმევდა და აინუნშიც არ აგდებდა უარის გამომხატველ თავის კანტურს. მე ხომ წესიერად არაფერი ვიცოდი და მხოლოდ სივრცეში ფრენა მეწადა. ასე გამოვეთხოვე მშობლებს – ცოცხალ დედას და გარდაცვლილ მამას.
დირიჟორის აგენტმა ორიოდე არია მამღერა ხმადაბლა და ბოლოს კბილებში გამოცრა – ჯანდაბას, ივარგებ! – მერე სანუკვარი იარლიყი ჩამომკიდა და მეფის პალატისკენ წამიძღვა. ეს არიები იმიტომ იყო დიდებული, რომ თავისუფლებაში დაიწერა. გზად დედაჩემს დავენახეთ, მწუხარების მიუხედავად სიხარულით რომ აღარ იყო. მან მეზობელი გალიის ორ ფაშფაშა ფრთოსანს, ერთმანეთს დეიდაშვილებად რომ ერგებოდნენ, ამაყად გადახედა და აღმოხდა:
– ჩემი შვილი სასახლეში გადაჰყავთ!
– შენი შვილი საუკეთესოა, როზალია! – აფუსფუსდნენ ისინიც.
– მთელი ცხოვრება ამას ვნატრობდი და როგორც იქნა, ახდა! გულდასაწყვეტია „მპფ“-ს წარწერას ზანზალაკები რომ არ აქვს შებმული. ჟღარუნით გაივლიდა, რომ ყველას სცოდნოდა მის შესახებ! – როცა ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, დედაჩემს ნეტარი მზერა ჰქონდა. ასე მექცა ახირება უზენაეს ოცნებად, რომელსაც მერე დიდი ხანი შევალიე. ვიგალობებდი რაც ძალი და ღონე მქონდა, ან სულაც ასე მოვაჩვენებდი თავს. ჩემი რა მიდიოდა. ისინი იზრუნებდნენ ჩემს სისუფთავეზე, ჩემს გამოკვებაზე და როცა ეს აღარ დამჭირდებოდა, ჩემს დამარხვაზეც.
უგულოდ თუ იგალობებ, მეფის ჯანმრთელობა გაუარესდება, გამაფრთხილეს მკაცრად. სარკმლიდან კი მართლაც დიდი სივრცე მოჩანდა. უდაბნოს მტვრისგან დამცავი კედლები აეგოთ. კედლებიც ჩარჩოებს ჰგავდა, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს, რადგან ვერ ძლებენ საზღვრების გარეშე. ფრინველთა ორკესტრი უნიჭიერესი წევრებით იყო დაკომპლექტებული.
– გალობის ნიჭი გაჩენის დღიდან დამყვა! – ამაყად განმიცხადა ერთმა მათგანმა – ამიტომაც მოვხვდი ამ ჯგუფში!
– რა თქმა უნდა, ადამიანთა ორკესტრი გაცილებით დახვეწილია, მაგრამ მეფე ჩვენ გვანიჭებს უპირატესობას! – ამიხსნა მეორემ – თორემ რატომ შეგვყრიდნენ ერთად!
– ბუნებრივი ხმები ურჩევნია. ჩვენ როცა ვგალობთ, ნეტარად დაჰყურებს მაგიდას და სახეს ხელებში რგავს! – თქვა მესამემ.
– ვინ იცის, ტირის კიდეც, მაგრამ მხოლოდ მუშტები და გვირგვინი უჩანს. ასეთი საბრალო პიროვნება ზოგჯერ მრისხანე მონარქის შთაბეჭდილებას ტოვებს! – ხმა ამოიღო მეოთხემ.
– ჰო, მართლაც! ეგ მაგიდა ერთხელ ლამის ნამსხვრევებად აქცია. განრისხებული იყო და ზედ ისე დაარტყა მუშტი, მხოლოდ ფინჯნები გადარჩა, ჭიქები ერთიანად დაილეწა. უნდა გენახა, სანიტრები როგორი გულმოდგინებით ხვეტდნენ იქაურობას! – დაადასტურა მეხუთემ.
ჩიტები ერთმანეთს გულისპირს უშვერდნენ, წამდაუწუმ რომ გამოჩენილიყო ის აბრევიატურა, რომლითაც ყველაზე ამაყები იყვნენ. ზოგადად ლაპარაკი ეკრძალებოდათ, რადგან მათგან მსჯელობას კი არ მოითხოვდნენ, არამედ გალობას, მსჯელობისას საყვედურის კილო ხომ აუფერულებდა იმ მშვენიერ ბგერებს, რომელიც ჟღურტულისას ჟღერდა. ამიტომაც იშვიათად იოხებდნენ ერთმანეთში გულს და როცა ზედამხედველი ჩამოივლიდა, ჩუმდებოდნენ, როგორც საერთო დასკვნამდე მისულები. მე გულდასმით ვუსმენდი მათ. ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი ვიყავი და აღარაფრის შეცვლა არ შემეძლო. ამიტომ დიდად აღარც გამომიდია თავი. თუმცა იქ ყველაფერი ელვარებდა და ქათქათებდა, რასაც მარმარილოს კიბის პრიალა ზედაპირიც ირეკლავდა, ხოლო როდესაც გარეთ ვარსკვლავები აენთებოდა, მშვენიერი მოზაიკის შემადგენელი ნაწილები ვეება ფანჯრებიდან ისე მოჩანდა, თითქოს ცელოფანში გახვეული დეტალები ყოფილიყო, ნუთუ ოდესმე ეს მარადიული ნიშნით აღბეჭდილი ფენებიც ნამსხვრევებად იქცეოდა და ყველაფერი გასრულდებოდა?!
სამეფოში ფრინველებს თავისუფლების სიმბოლოდ აღიქვამდნენ და რადგანაც სურდათ ეს სიმბოლო სულ თვალწინ ჰქონოდათ, გალიებში გვათავსებდნენ. თავისუფლებისთვის ხომ უნდა მიეჩინათ საზღვარი. საკენკი, რომელსაც ჯამებით გვაწვდიდნენ, მსუყე და შეფერადებული იყო, რათა ძღომასთან ერთად ესთეტიკური სიამოვნებაც განგვეცადა. სცენა ჩვენთვისაც თვალსაჩინო იყო. იმ ჯამბაზებს ჩვენც ვხედავდით, მეფეს რომ ართობდნენ, იმ წინასწარმეტყველებს ჩვენც ვუსმენდით, საერთაშორისო ვითარების პროგნოზებს რომ გამოთქვამდნენ. იმ ლამაზმანებს ჩვენც ვადევნებდით თვალს, მეფის წინაშე მგზნებარედ რომ ცეკვავდნენ, თითქოს ცეცხლის ალები ტკრციალებენო, მაგრამ გულში სიცარიელე მრჩებოდა, რომელიც ნელ-ნელა მიღებდა ბოლოს.
ჩემი კარიერა მეფის გალიაა. ვზივარ პირველი პირის სიახლოვეს, ვხედავ როგორ ამთქნარებს და იზმორება და ნიშანი მეძლევა, სხვებთან ერთად ჭიკჭიკში რომ ჩავერთო. თუმცა თვალი სარკმლისკენ გამირბის, რადგანაც ცაზე ლეგა ღრუბლები მოჩანან და გულიც იქით მიმიწევს. ძილიც არ გვიწევდა დიდხანს. როგორც კი კაპიტალური რეცხვა მორჩებოდა, უხმაუროდ გადავყავდით გასუფთავებულ გალიაში და ეს მანამ უნდა მოესწროთ, სანამ მეფე გაიღვიძებდა. დირიჟორს ხელები წინასწარ ჰქონდა აპყრობილი და მეფის სახეს დაძაბული მისჩერებოდა, და როგორც კი ის მთქნარებას და ზმორებას ატეხდა, მაშინვე ვიწყებდით გმირული რეპერტუარის შესრულებას. საუცხოო მარშს დავცხებდით და ამას იქამდე ვაგრძელებდით, სანამ მეფეს ღიმილი არ გადაეფინებოდა სახეზე. მერე ცოტა მოვეშვებოდით. უცნაური სახე ჰქონდა მეფეს, კვერთხის მფლობელთა მკვეთრი ნაკვთებით, თუმცა მასზე მომხიბვლელ სახესაც წავწყდომივარ უბრალო ხალხში.
ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე მშვენივრად ვიგალობეთ. ისეთ ხმებს გამოვცემდით, თითქოს სიმებიან საკრავს ვაჟღერებდით. ყოველი ბგერით ცას ვუხმობდით. საუცხოოდ გვინდოდა გამოგვსვლოდა. ძალიან გამოვიდეთ თავი. მსგავსი სიგიჟის გარიჟრაჟი აღარც განმეორდებოდა. იქნებ არც იყო საჭირო. იქნებ მშვენიერებას ერთადერთობა ანიჭებს მთელ ეშხს. არ გვქონია იმის შეგრძნება, სასახლის წიაღში ქვეშევრდომებივით რომ ვცხოვრობდით. ყველანაირი წყენა მიგვავიწყდა. ძლევამოსილი წამები გვედგა, რომელსაც საღამოს მიმწუხრის ხმიანობით ჩავანაცვლებდით. სადღაც გარნიზონის დოლი აბრაგუნდებოდა, მერე ყველა ხმა მიწყდებოდა და არემარეს ძილი მოიცავდა. თუმცა აქა-იქ ჩიტები მაინც იჟღურტულებდნენ, მაგრამ ისინი საუცხოო მელოდიას ვერ შექმნიდნენ.
დილით გემრიელად გვასაუზმეს. მომხდარით დიდად კმაყოფილები ჩანდნენ. სურნელოვანი წვენი, რომელიც ჩამოგვისხეს, ბლანტი და არომატული აღმოჩნდა. მე კი მაინც არ მტოვებდა გულგატეხილობა. ჩემი ცხოვრება, რომლისგანაც სულ სხვა სიკეთეს ველოდი, მდიდრული სისაძაგლეებით იყო აღსავსე. არსებობს ტანჯვის შეგრძნება, რომ იქ არა ხარ, სადაც დაგადგინეს. დედაჩემი ალბათ ამაყობდა ჩემი აქ ყოფნით, თუმცა ყველაზე მეტად ვისაც ეტრაბახებოდა, შესაძლოა უკვე მიიცვალნენ კიდეც, ან სიბერისგან ისე გამოყრუვდნენ, რომ სხვა რამეც რომ გეამბნა, მაინც თავის კანტურით და გაკვირვების შორისდებულებით უპასუხებდნენ.
ჯობდა ყველაფერი თვითდინებაზე მიმეშვა. ორკესტრში იმდენი შეგვკრიბეს, რას გაიგებდნენ ერთი მათგანის ყალთაბანდობას. ამიტომაც ამბოხის ეს ფორმა მოვიფიქრე: გალობის დროს მხოლოდ პირს გავაღებდი, მთავარი იყო გარეგნულად ვმგვანებოდი მომღერალს, მოჭუტული თვალებით და ღია ნისკარტით, თითქოს რაღაც უმძიმეს ბგერას ვამუშავებდი, მუსიკის უღრმეს ფსკერზე ვიდექი და ბგერათა ნიჟარებიდან ყველაზე დიდრონი და ფაქიზი მარგალიტები ამომქონდა. ამ ქმედებით, ამდენი სიყალბით გაბეზრებული ჩემ ჭეშმარიტ სახეს გამოვხატავდი, შინაგან უბედურებას იმით გადავფარავდი, რომ გარეგნულად ბედნიერი გამოვჩენილიყავი. ასეც მოვიქეცი და ეს გრძელდებოდა დიდხანს, მრავალი თვე და კვირა, მაგრამ არა სამუდამოდ.
ერთხელაც მაესტრო დაკვირვებით მომაჩერდა. ეს გამცხრილავი მზერა რამდენჯერმე განმეორდა, ბოლოს კი მკაცრად განმიცხადა თავისი უზადო ბანით, შენ ჩვენ შორის ყოფნას აღარ იმსახურებო. არასწორად შერჩეული პროფესია – სამი სიტყვით გამომიტანა განაჩენი, ხოლო თვალები ისე მომაპყრო, გაფაციცებულ მზერას რომ უწოდებენ. მერე „მპფ“ იარლიყი ჩამომაგლიჯა და „ფსშ“ იარლიყი ჩამომაცვა თავზე, რომელიც ისე მეჭირა, თითქოს განადგურებული ვიყავი. სულის სიღრმეში კი ამოვისუნთქე. მხოლოდ ის მაღელვებდა, დედაჩემს არაფერი გაეგო. ჩემი წარუმატებლობა გულს დასწყვეტდა. იმ ღამესვე გამიყვანეს გრძელი და ბნელი დერეფნით. გასაღებების ჩხარუნი რომ არა, უსათუოდ ჩამთვლემდა. აქეთ უკანასკნელად იმდენი ხნის წინ ვიყავი, ვეღარაფერს ვცნობდი. ბოლოს ერთი გალიის კარი ჭრიალით შეაღეს და ხელი მიბიძგეს. მერე ისე სწრაფად გაიხურეს, ლამის ფრთა მომყვა.
სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, მივხვდი, რომ ჩემსავე გალიაში ვიყავი. მერეღა შევნიშნე კუთხეში მიყუჟული დედაჩემი. მიმდებარე გალიაში ხანშიშესული ფრინველი თვლემდა, ალბათ ერთმანეთთან მუსაიფში ჩაეძინათ. დილა რომ გათენდა, ახლოს მივჩოჩდი. დედაჩემი ისევ ჩემზე ლაპარაკობდა, ჩემით ამაყობდა, ჩემი წარმატებებით იყო აღსავსე.
– როზალია! რამდენი ხანია შვილი არ გინახავს?
– სად ცალია ჩემ სანახავად, იმდენი საქმე ექნება. მეფის პირადი ფრინველობა არავის ეგონოს უბრალო წოდება! ისე, ძალიან კი მენატრება, ერთი თვალი რომ შემავლებინა, მაგრამ მე ხომ ვეღარაფერს ვხედავ. დღის სინათლეს კაშკაშა სფეროდ აღვიქვამ, ხოლო არსებებს ჩავლილ ჩრდილებად!
გული ამომიჯდა. აქვე იყო, ხელის გაწვდენაზე, მაგრამ არ მივკარებივარ. მხოლოდ შორიდან ვუმზერდი, ოდნავ ფრთაზეც შევეხე, მაგრამ შეიშმუშნა და განვერიდე. ჩემი ამბავი რაც უფრო გვიან გამჟღავდებოდა, მერჩივნა. გულის ტკენას ვერიდებოდი. ბუმბული გაუხეშებოდა დედას. სადღა იგრძნობოდა ძველი სათნოება! გალიაში ხალვათობა იყო. ირგვლივ ხმადაბლა მოსაუბრე ახალი სახეები ირეოდნენ. მხოლოდ ღამისკენ მომერია ძილი. დილით კი მღელვარე შეძახილი ჩამესმა:
– ქალბატონი მიიცვალა!
– როზალია! – ქვითინებდა გალიის მეზობელი.
ფეხზე წამოვიჭერი და დედაჩემის ღია თვალებს შევეფეთე, ჩემ მიღმა რომ გაჰყურებდა ყბადაღებულ სიცარიელეს. მთელი არსებით შევიგრძენი მისი სიყვარული და ცრემლები წამომივიდა. ჩემი ყველაზე უმწეო და გულითადი ქომაგი, როგორღაც რომ გაესრულებინა თავისი ცხოვრება უსაშველო დარდსა და ფიქრებში, მდუმარედ განისვენებდა. მე ვტიროდი, ხოლო შორს მოფუსფუსე ფრთოსნები მხრებს იჩეჩდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რატომ განვიცდიდი ესოდენ მწარედ უცნობი ქალბატონის გარდაცვალებას. მერე მეზობელი გალიის ქალბატონი გამომელაპარაკა, დაინტერესდა, ვინ ვიყავი, ასეთი მოწიწებით რომ ვიდექი ნეშტის წინაშე. გარდაცვლილის შვილი ვარ მეთქი, გამოვუტყდი.
– მე ლიდა მქვია. მე და როზალია ბოლო ხანებში დიდი მეგობრები შევიქენით. სათნო ქალბატონი გახლდათ. მაგრამ თქვენ აქ საიდან აღმოჩნდით? თქვენ ხომ მეფესთან მსახურობთ!
– წამოვედი, გული ვერაფრით დავუდე!
– აი, თურმე რას გულისხმობდა დედათქვენი თავის უკანასკნელ სიტყვებში!
ცნობისმოყვარედ მივაჩერდი.
– ასე თქვა, დავღუპე ჩემი შვილი, ჩემი ახირების გამო მთელ ცხოვრებას გულსგარეთ ატარებსო!
ამის გაგონებაზე ქვითინი ამივარდა. არ ვიცი, ალბათ ასე ერქვა ჩემს ემოციას ადამიანთა ენაზეც.
– დღეს უკვე მეჩვიდმეტეა! – ჩაილაპარაკა სანიტარმა. ამ სიტყვებს რომ წარმოთქვამდა, ვერცხლისფერი კბილები უელავდა. გალიებს შორის ბურტყუნით დადიოდა და გასაღებების მთელი ასხმა დაჰქონდა. ხან ერთს მოარგებდა, ხან მეორეს. ვერაფრით იმახსოვრებდა, რომელი რომლის იყო. მერე დედაჩემის სხეულს ხელი დაავლო. სანამ ზურგს შეგვაქცევდა, წამით ყურადღება მოადუნა. გალიის კარი ჯერ კიდევ ნახევრად ღია იყო. ამით ვისარგებლე და ღრიჭოდან გარეთ გავიჭერი. ჯერ ჭერთან შევიფრთხიალე, რომელიც ძალზე მაღალი მეჩვენა. ძირს რომ ჩავიხედე, ლამის თავბრუ დამეხვა. სანიტარს ჩემთვის არ ეცალა, მეორე სანიტარს უხმობდა, მასავით მოუხეშავს და ზორბას. ეს წუთია, ფრინველი გამექცაო, შესჩივლა. თან ხელებს ისე იქნევდა, თითქოს კრაზანებს იგერიებსო.
– ნუ ნაღვლობ, ვერავინ შენიშნავს!
– მომხსნიან უთუოდ, უსამსახუროდ დავრჩები!
– რას გაიგებენ? მე არაფერს ვიტყვი და ფრინველებმა კი რამდენიც გინდა იგნიასონ!
სანამ ისინი ბჭობდნენ, ფრთების ფართხუნით დერეფანს გავუყევი. სანიტრის მოლოდინში კარიბჭე გაღებული დაეტოვებინათ და ზედ გამოსასვლელში ნაგვის ჩასაყრელი მოზრდილი ურნები ელაგა. გალავნის ერთ-ერთ ქონგურზე შემოვჯექი და მათ გამოსვლას დაველოდე. სანიტარი მალე გამოჩნდა ცელოფნის ლურჯი ტომრით ხელში და მზიდავს გადასცა. მკვდარი ჩიტები ეტყობა შიგნით ეყარა. ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილმა მზიდავმა ურიკა გამოაგორა ზედ დაზვინული ნაგვით. ლურჯი ტომარა ზემოდან დაადო და ჯაყჯაყით შეუყენა გზას. მეც შორიახლო მივყევი, თვალთახედვიდან რომ არ დამკარგვოდა. საკმაო მანძილის გავლის შემდეგ ფიორდთან სვლა შეანელა. ჩვენ ზემოთ წეროების სამკუთხედი ჩანდა, თითქოს შუბის ტყორცნის შენელებული კადრი ყოფილიყოს. დამრეცი კლდის ქვეშ ზღვა იფრქვეოდა და შვერილებს მარგალიტის ქაფად ეხლებოდა. ძირს ვიწრო, გადახურული თაღი იქმნებოდა. სწორედ მის თავზე შეჩერდა და საზიდარი გვერდზე გადახარა. ნაგავი ზღვაში გადაიპნა. მერე ლურჯი ტომარა გახსნა და მკვდარი ფრინველები ფერდობზე გადმობერტყა, ზოგიერთი მათგანი ნაპირზე მიმოყრილ რიყის ქვებს დაენარცხა. კიდესთან შევიცადე და როგორც კი ფრინველები წყალში აღმოჩნდნენ, დაშვება დავიწყე. თოლიებმა სასტიკი ყაშყაში ატეხეს და კლდიდან ღრუბლის ქულებივით წამოიშალნენ. გრუნტიც კი ცახცახებდა და მთელი ეს აპოკალიფსური ფიორდი, ფრინველთა ნამდვილ სასაკლაოდ იქცა, სადაც ჯალათებად ისევ ფრინველები გვევლინებოდნენ. ისინი გამყივანი ჭყივილით დაქროდნენ ზღვის თავზე და მკვდარ ფრინველებს ზვირთებში ყრიდნენ. ვერცხლისფერი თევზები გუნდებად ესეოდნენ და თოლიები ბასრი ნისკარტებით აცხრებოდნენ. აი, ეს ბედი ელოდა ბოლოს სამეფოს ყველა ჩიტს, ხოლო როცა ეს მოხდებოდა, მნიშვნელობა აღარ ექნებოდა „ფსშ“ წარწერა ექნებოდათ მათ თუ „მპფ“. ერთ მათგანში ფასკუნჯივით ლამაზი ფრინველი შევიცანი, მოსვლისთანავე რომ გააქანეს მეფის დიდებულ პალატაში. ზღვის აქაფებული ზედაპირი ერთგან მკვდარი ფრინველებით დაიფარა. მივუახლოვდი და თითოეული მათგანის თვალიერება ვიწყე. უცებ დედაჩემი შევნიშნე. გარინდებული და მოვალეობააღსრულებული ირწეოდა წყალზე. მისკენ გავქანდი, ნისკარტი ჩავავლე და ნაპირისკენ გამოვქაჩე. მისი ბაგე მომღიმარი მეჩვენა, თითქოს ჩემს საქციელმა აღტაცებაში მოიყვანაო. ჰაერში აზიდვის ძალა აღარ მქონდა და ცურვით განვაგრძობდი გზას, მოახლოებული თოლიების ყაშყაშმა ყურთასმენა რომ დამიხშო. რა თავში იხლიდნენ ჩემ სათუთ გრძნობებს, სუფრას ვის ააყირავებინებდნენ? ჩემთვის უსათნოესი დედა, მათთვის მხოლოდ თევზების სატყუარა იყო და მეტი არაფერი. ნისკარტები ბასრი ხმლებივით უელავდათ. მალე ყველაფერს ნასუფრალად და ნაჯიჯგნ ნაშთებად აქცევდნენ. საკუთარ ანარეკლებს ამაყად დაჰფარფატებდნენ, თითქოს ერთი უმნიშვნელო მოძრაობაც არ უნდოდათ გამოჰპარვოდათ. მერე ჩემკენ გამოექანნენ. სახეს ფრთებით ვიმალავდი, თვალები რომ არ ამოეკორტნათ. ერთმა მათგანმა მხარში ნისკარტი გამკრა, სისხლი თქრიალით წამომომივიდა და მთელ სხეულში ტკივილმა დამიარა. თუმცა დიდხანს აღარ მომცდარან, მალევე შემეშვნენ. მკვდარ ფრინველებზე მეტი რა იყო, ცოცხლის მოკვლაზე რომ არ ეწვალათ. ეტყობა, გონება დავკარგე. თვალი რომ ავახილე, რიყის ქვებზე ვიწექი. მრისხანე შეძახილები მიმწყდარიყო. აღარც თევზები ჩანდნენ, თოლიებიც კლდეზე გამწკრივებულიყვნენ, თითქოს ჯოჯოხეთური ჭიდილი ღირსეულად გაასრულესო და დაღლილები ყველანი მშვიდად ესხდნენ კალთაში მარადიულობას შეგუებულ სამყაროს. გული ამომეგლიჯა, რადგან ვეღარსად ვხედავდი ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს.
– დედაჩემო! – წარმოვთქვი ზღვის მიმართულებით და სიტყვები ქარში ჩაიკარგნენ – შემინდე, ვერაფრის გაკეთება რომ ვერ შევძელი შენთვის. არ იფიქრო, რომ რაიმე წყენა ჩამრჩა გულში. შენ ხომ მხოლოდ კარგი გინდოდა ჩემთვის, ეს მე ვერ ვივარგე და ვერ გაგიმართლე იმედები. საკუთარი უმაქნისობის ამარა დარჩენილი, მხოლოდ თქვენი შვილობით ვარ ამაყი. არა მგონია, ამ ქვეყანას მეც დიდხანს შევრჩე. იქნებ ერთმანეთი ვეღარასოდეს ვნახოთ, მაგრამ უცხონი არასოდეს გავხდებით ერთმანეთისთვის. მამაჩემსაც ეს ბედი ეწია ალბათ. ახლა ორივენი ერთად იქნებით! მე თქვენი უსაზღვროდ მადლიერი ვარ და ვნანობ, ეს სიცოცხლეში რომ არ გითხარით! – მეტი აღარაფერი მითქვამს, რადგან ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
დედამიწა მწუხრში ეხვეოდა. მას თავისი მასშტაბის შესაფერი საქვეყნო საზრუნავი გასჩენოდა, რომლის განრიგიც, ისევე, როგორც დანარჩენ დღეებში, უცვლელი რჩებოდა. თავად ბუნება იქცეოდა ასე და საზრუნავის გარეშე ვის გააჩერებდნენ? ყველა თავის წილ სავალ გზას უნდა დასდგომოდა, პირველი გზები კი ბილიკები იყო. ზღვა უშფოთველად მიაჩხრიალებდა ნაპირის კენჭებს, თითქოს მონეტებით სავსე ქისა ყოფილიყოს. ცაზე ალმასის ნამცეცებს გაჰქონდათ ბრჭყვიალი. ძლივსღა მოჩანდა ვეება ზღვის კონტურები, რომელსაც კაშკაშა ვარსკვლავები გვირგვინად დასგომოდნენ. ზღვა მოწყალების ხელისგულს ჰგავდა, რომელზეც თითქოს სადაცაა ვარსკვლავები მონეტებივით ჩამოიპნევაო. ციოდა, მაგრამ თავისუფლების შეგრძნება არ მტოვებდა. ეს უკვე სხვა ცხოვრება იყო. მალე ვარსკვლავებმა ტაატით იწყეს ჩამოდნობა და ოქროსფერი თოვლივით ზლაზვნით მიმოიღვარნენ მთელ მიწაზე. უცნაური შერწყმა ხდებოდა. ეს გასაყარი კი არ იყო, არამედ ჩანაცვლება. დღის სინათლემ მოიცვა შემოგარენი და ომახიანი ხმით მაუწყა, რომ ჯერ კიდევ დიდხანს უნდა მეცხოვრა დედამიწაზე.
6.
ფერდობს ავუყევი და როცა ფიორდის თავზე აღმოვჩნდი, მოელვარე მზერა ვიგრძენი. არ შემშინებია. მომცრო გამოქვაბულის ზღურბლთან ბებერი თოლია იდგა. არავითარი მტაცებლური აღარ იგრძნობდა მასში, მხოლოდ გარდუვალ სიკვდილს ჩაეფიქრებინა.
– შენი ვინ იყო? – მკითხა უსიცოცხლო ხმით, ეტყობა, მთელი წინა დღის განმავლობაში მაკვირდებოდა.
– დედა.
– ასეც ვიფიქრე. ამქვეყნიური მწუხარების მიზეზი ის არის, რომ ყველაფერს დასასრული აქვს! საკუთარ ჩრდილში ვერ ინებივრებ, ხოლო თავისუფლებისთვის ყოველ წამს საზღაური უნდა გაიღო!
მერე მთხოვა, ჩემზე მომეყოლა. ამბავი ამ სიტყვებით დავასრულე:
– მივდევდი საქმეს, რომლისაც ბევრი არაფერი გამეგებოდა!
– ჰო, მესმის, იმ საქმეს უნდა ემსახურო, რომლისაც გჯერა! მეც მსმენია მეფის კაპრიზის შესახებ! თუმცა თოლიებს არ იღებენ, ზორბა და უვარგის ფრინველებად მიიჩნევენ!
– იქ ათასგვარ ჩიტს წავწყდომივარ, მაგრამ თოლია არ შემხვედრია, არც ბეღურა და მერცხალი. სხვანაირი შერჩევა ხდება.
ბებერი თოლია ჩაფიქრდა. მე ისევ რამე ჭკვიანურის თქმას ველოდი მისგან, როცა მან მხოლოდ ერთი სიტყვა ამოღერღა:
– შაშვი?
– შაშვი მინახავს! მაგრამ უმეტესად მაინც ეგზოტიკით ინტერესდებიან!
– მიკვირს, ამდენი ჩიტი რომ კვდება სამეფოში, სადაც ფრინველები დიდ პატივში ჰყავთ. – ჩაიჩიფჩიფა მან. – ცხოვრება წიგნია, რომელიც ყოველ დღე უნდა გადაფურცლო და ერთხელაც უკანასკნელ გვერდს მიადგები! ყველანი, ვინც ამ მიწაზე დავიბადეთ, ოდესმე ვიტყვით, რომ აქ ნამყოფი ვართ. სიცოცხლეშივე უნდა იქცე არარად, სიკვდილის მერე არარამ თავისად რომ მიგიჩნიოს! იმდენი ვიტიროთ, რამდენსაც ჩვენი ცრემლი გასწვდება. ისევე, როგორც ყველა, ფრინველებიც საზოგადოების მძლავრი მექანიზმის ჭანჭიკებად ქცეულან და მხოლოდ იმას ემსახურებიან, საყოველთაო ერთფეროვნებას მეტი ძლევამოსილება შესძინონ. რატომ აკეთებენ ამას? ნუთუ სიკვდილის შიშით? სიკვდილი ხომ გარდუვალია, ეს იგივეა, გეშინოდეს მზის ჩასვლის, ან ამინდის ცვლილების, მაგრამ განა ყოველი საღამო არ გვართმევს განვლილ დღეს? განა გუშინდელი დღე ჩვენ გვეკუთვნის?
მე ვუსმენდი და ზღვას გავცქეროდი, რომელიც მისგან განსხვავებით ერთსა და იმავეს ჩამჩიჩინებდა.
-ახლა რას აპირებ? – მკითხა ბოლოს.
– იქნებ ჩემს მშობლიურ მხარეს მივაგნო, აქაურობა, როგორც ვხედავ, თოლიებს ეკუთვნის! ხომ ნახე, როგორც მომექცნენ!
– მშობლიური მხარე? სადღაა ეგ დიდებული ცნება? აი ჩვენი ერთადერთი სამშობლო! – თქვა მოხუცმა თოლიამ და მარჯვენა ფრთა ზეცისკენ დუნედ აიქნია – მტერი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც მოყვასი, რადგან მტერი იცი, რომ გიმტრობს და მოერიდები, მაგრამ მოყვასს სად წაუხვალ? ჩვენს ძვლებსაც იგივე შემადგენლობა აქვთ, რაც შაქარს და მარილს. ამ სამ ელემენტს ეყრდნობა სიცოცხლე. სამივე სპეტაკი ფხვნილივით თეთრია და მოელვარე და დღის შუქზეც კი რენტგენის გამოსხივებასავით გჭრის თვალებს. ღრუბლის ქულებს ჰგავს, კარგ ამინდში ტაატით რომ დაცურავენ ცის კაბადონზე და ეკლებზე შეტოვებული ფაფუკი მატყლივით ძვირფასი ნათება აქვთ. თეთრზე მნიშვნელოვანი ფერი არ მოგონილა. მე დიდხანს ვეღარ გავატან და მირჩევნია თევზების ლუკმად ვიქცე, ვიდრე ამ უტყვ ქვებზე გავიხრწნა. ჩემს ძვლებს და ხრტილებს ფსკერზე მიმოვფენ, ნიჟარების ყრუ ქვეყანაში… შენ კი, შეგიძლია ამ გამოქვაბულში განაგრძო ცხოვრება. მართალია სიცივეს ვერაფერს მოუხერხებ, მაგრამ თავზე მაინც არ დაგაწვიმს. არც ორპირი ქარი შეგაწუხებს. თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენთან ერთად გავატარებ ჩემს უკანასკნელ დღეებს! – მერე შეიშმუშნა და კედელს ზურგით გაეხახუნა – ცხოვრების წესია, ზურგი ყოველთვის იმ ადგილას გექავება, სადაც ვერ წვდები! ერთი საიდუმლო მაინც ამოვხსენი: სიკვდილის წინ ყოველი არსება რაღაც უცნაურ ბედნიერებას გრძნობს, რადგანაც აქ სიცოცხლის პერსპექტივას ვეღარ ხედავს, სიკვდილი კი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს!
ბებერი თოლია ორ დღეში გარდაიცვალა. ისე მშვიდად გარდაიცვალა, თითქოს კარგა ხნის წინ გარდაცვლილი ყოფილიყოს. ანდერძის თანახმად ზღვას მივაბარე. მისი სხეული დგაფუნით ჩაეშვა ჭავლებში. დაე, აღსრულებულიყო უკანასკნელი ნება. ახალგაზრდობა ხომ გმირობის ჩადენის დროა, ხოლო სიბერე – დაჯილდოების. მთავარ საიდუმლომდე სიცოცხლეში მაინც ვერ გავაღწევთ, გავიფიქრე მე და ეჭვებმა შემიპყრო. ხანგრძლივი ცხოვრება ალბათ იმისთვის გვეძლევა, რომ სამყაროს შემეცნება მოვასწროთ! – მერე იქაურობას ზურგი ვაქციე. ერთი ხანობა მეზობელ დასახლებას მივაკითხავდი ხოლმე, სადაც ათასგვარ ხარახურას ყიდდნენ. ყვავები ხარბად შესეოდნენ კაკლის ვეება ხეებს. ნაყოფი ასფალტზე ეხეთქებოდა და იმსხვრეოდა. ყვავებს იმის შიში არ ჰქონდათ, რომ მათ ოდესმე სამეფო ორკესტრში მიიწვევდნენ. სანაპიროზე ზოგან ცეცხლი ენთო და წვიმაში სველი ფერფლი შავ საღებავად ქცეულიყო. სანიაღვრე არხები რუხ ჭავლებს მიაშხეფებდა. რაც კალაპოტში ვეღარ ეტეოდა, ზევით იღვრებოდა და შავ ასფალტს კრიალა ხალიჩებივით ეფინებოდა. ბუმბული მისველდებოდა და იძულებული ვიყავი, დილამდე იქ დარჩენაზე მეზრუნა. მდინარის თავზე სივრცე ღრუბლის რუხი ნაფლეთებით ივსებოდა. მოტორტმანე ნავები ჭავლების დგაფუნით და ნიჩბების ჭრიალით შორდებოდნენ ნაპირს, სადაც რამდენიმე ადგილას ცეცხლი ისევ ტკრციალებდა. ადამიანები ხმაურობდნენ. სადღაც შორს, რეპროდუქტორები ყურთასმენას ახშობდნენ და ვეება ხეებიც ისე გალუმპულიყვნენ, წყალმცენარეები გეგონებოდა.
ადგილობრივმა ფრინველებმა თვალში ამომიღეს, ძირს კატები დაძრწოდნენ აპრეხილი კუდებით და ერთი სული ჰქონდათ, მოვეხელთებინე. მერე შინ ვბრუნდებოდი, გამოქვაბულში, და ვცდილობდი, გარეთ ხშირად არ გავსულიყავი. მხოლოდ იმისთვის ვიძინებდი, რომ ძალა მომეკრიბა და მხოლოდ იმისთვის ვიღვიძებდი, სიკვდილს გავმკლავებოდი. მთავარი იყო, ვერაგ ფრინველებს არ ჩავვარდნოდი ხელში. რა გენიალურ დასკვნამდეც არ უნდა მივსულიყავი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სწორ პასუხს მივაგენი. როცა შიმშილით თითქმის უკვე სული მხდებოდა, იმასღა ვფიქრობდი, სხვისი ლუკმა მაინც არ გავმხდარიყავი. თავისუფლებასაც ნიჭი სდომებია, მე კი ისე უუხეიროდ ვიყენებდი მას, როგორც სამეფოში „მპფ“-ს წევრობას. მოულოდნელად საზიდრის ჭრიალი გავიგონე. ისევ ნაგავი და მკვდარი ჩიტები მოჰქონდათ. სამეფოში იმდენი ჩიტი კვდებოდა, სპეციალური შტატიც კი დაუშვეს მათ გადასაყრელად. შორიდან ზვინივით ჩანდა ნაგავსაყრელი. მზიდავმა კბოდეზე საზიდარი ისე ოსტატურად გადააპირქვავა, გამიკვირდა, რომ არ გადავარდა. მკვდარ ფრინველებში ლიდა შევნიშნე, დედაჩემის გულითადი მეგობარი და ერთიც „მპფ“ -ს თავმომწონე წარმომადგენელი სამეფო ორკესტრიდან. სოციალური სტატუსის მიუხედავად, გვერდიგვერდ განისვენებდნენ. სევდიანად დავცქეროდი მათ სხეულებს, როცა უცებ მზიდავმა შემნიშნა და ხელი ჩამავლო. გულზე გაცვეთილი იარლიყი მაშინვე მოხვდა თვალში.
– აქ საიდან გაჩნდი? – ჩაილაპარაკა თავისთვის.
მობუზული შევყურებდი, გათავისუფლება არც მიცდია. დაე, მათი ხელით აღსრულებულიყო განაჩენი. იმ გზას დავადექით, რომლის გავლაც ყოველ ჩიტს მოუწევდა ოდესმე, ოღონდაც საწინააღმდეგო მიმართულებით. გზის დიდი ნაწილი ქვაფენილით მოეკირწყლათ. როგორც არ უნდა მეცხოვრა, ფინალი მაინც ეს იქნებოდა – მლაშე ტალღების მსხვრევის ხმა რიყის ვეება ქვებზე, თევზებისგან დაჯიჯგვნა და დაქუცმაცება და თოლიების ბასრი, გამყივანი ჭყივილი, თითქოს ჯოჯოხეთის ზღურბლთან მეგებებოდნენ. ისედაც გადაჩვეული ვიყავი ზანზალაკების ჟღარუნით ჩავლას და ლამის ჩამთვლიმა. შორიდან გალავანი დავინახე, სამეფოს გარს რომ ერტყა. მხოლოდ ერთ მხარეს მოჩანდა ჭაობი, სადაც ორიოდე ჯარისკაცი დააბოტებდა უგულისყუროდ. მზიდავმა სწორედ იმ ბებერ სანიტარს გადამცა, ოდესღაც ვისაც გამოვექეცი. ხელზე ხაოიანი ხელთათმანი ეცვა, მეტი მოჭიდება რომ ჰქონოდა. თითები „მზრუნველად“ ჩამავლო, ხელიდან რომ არ დავსხლტომოდი. ისე მიჭერდა, ტკივილისგან ფრთები და ნისკარტი მეღრიცებოდა. უცებ მთელი არსებით დავიწყე გალობა და ვეცადე, კარგად გამომსვლოდა.
– შთამბეჭდავია! მაესტროს ვუჩვენებ, ეგებ ორივენი ბედს ვეწიოთ! მერე კი ისეთი საამო კითხვა დამისვა, ნამდვილად გულთმისანი იქნებოდა – გეშიება ალბათო!
ჰოდა, ახლა აქ ვარ და რკინის ჯამში ჩაყრილ უბრალო ხორბალს დიდი სიამოვნებით შევექცევი. ზედმიწევნით ვიცი, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება გულმკვდარს იქ, სადაც უკეთესი პირობების შესაქმნელად ფრინველებისგან გალობას მოითხოვდნენ. ჩემ გასწვრივ გალიების მწკრივი მოჩანდა. ისევ ძველებურად იყო ყველაფერი. ვინც გარეგნობით არ გამოირჩეოდა, გალობაში ვარჯიშობდნენ, ოღონდაც კი ელიტაში მოხვედრილიყვნენ. მათთვის იქ უფრო გემრიელი პური ცხვებოდა და სანახაობაც შთამბეჭდავი იდგმებოდა, მაგრამ ყოფიერების მიმართ ამგვარი მიდგომა ჩემთვის გუშინდელ დღესავით ნათელი, მიუღებელი და უმნიშვნელო იყო. ცხოვრების არანაირ უცნაურ გამოვლინებებზე პროტესტი აღარ გამაჩნდა. ეს ხომ იგივე იქნებოდა, ზღვას მიედავო, შენი ტალღები ზედმეტად ხმაურობენო.
© არილი