ესე,  თარგმანი,  პორტრეტი

თამარ ჯაფარიძე – „ცუდი თარგმანი მწერალსაც კლავს და მკითხველის გემოვნებასაც ანადგურებს“

ნანა კობაიძე

წლებია ეს წიგნი სახლში მიდევს, მაგრამ მთარგმნელის (უფრო სწორად, მთარგმნელების) ვინაობა მეხსიერებაში მხოლოდ მასთან შეხვედრის შემდეგ ამომიტივტივდა. რადიარდ კიპლინგის ცნობილი ზღაპრების – “აი, როგორ და რატომ” 2006 წლის გამოცემა, გაფორმებული ანტონ ბალანჩივაძის მშვენიერი ილუსტრაციებით, რომლის კითხვა და თვალიერება ერთნაირად გვიყვარდა მეც და იმ დროს ჩემს შვიდი წლის შვილსაც, თამარ ჯაფარიძის მთარგმნელობითი დებიუტია. პირველად 1988 წელს დაიბეჭდა და არაერთი მოზარდის გული დაიპყრო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თამარ ჯაფარიძემ ჰენრი მილერიც თარგმნა, მარგარეტ ეტვუდიც, ჯონ ფაულზიც, ირვინ უელშიც და არუნდატი როიც, თუმცა ოცდასამი წლის ასაკში გადმოქართულებული კიპლინგის ზღაპრები დღემდე მისი უსაყვარლესი ნამუშევარია.

 

შექსპირული ისტორიები

პროფესიის ხიბლს ოჯახში ეზიარა: დედა, ნელი საყვარელიძე მთარგმნელი გახლდათ. თავადაც მის კვალს გაჰყვა. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. იქვე სტილისტიკის კურსსაც უძღვებოდა. დისერტაციას წერდა, როდესაც დედამ კიპლინგის ზღაპრებზე დაიწყო მუშაობა. სწორედ მაშინ დაინტერესდა ამ საქმიანობით. თარგმნის პროცესი ძალიან მოეწონა. მის მიერ თარგმნილი ზღაპრები დედის თარგმანთან ერთად გამოქვეყნდა და უამრავი ბავშვის საყვარელ გამოცემად იქცა. ორიოდე წელიწადში კიპლინგს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ავტორი მოჰყვა, რომლისკენაც გზა ასევე მნიშვნელოვანმა პიროვნებამ გაუკვალა.

“ნიკო ყიასაშვილმა, რომელიც ჩემი მასწავლებელიც იყო და ოჯახის მეგობარიც, შექსპირის ბოლო პიესა – “ჰენრი მერვე” მათარგმნინა. იმ პერიოდში ხელახლა გამოდიოდა ინგლისელი დრამატურგის ხუთტომეული, სადაც დედას მიერ გადმოქართულებული ორი პიესაც (“როგორც გენებოთ” და “აურზაური არაფრის გამო”) შევიდა. 80-იანი წლების დასასრული იდგა, მძიმე წლები. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება გამწვავდა, დაფინანსება შეწყდა და მხოლოდ სამი ტომის გამოცემა მოესწრო. ბევრი თარგმანი, მათ შორის, ჩემიც, აღარ დაბეჭდილა. ერთადერთხელ გამოქვეყნდა ნაწყვეტი ჟურნალ “ჭოროხში”.

ძველ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ეს ტექსტი დღესაც შენახული აქვს და ჩახედვის ეშინია, არადა, მოსმენამ დიდი აჟიოტაჟით ჩაიარა. გოგი ნიშნიანიძემ და თამარ ერისთავმა ახალბედა მთარგმნელს ხელობა მოუწონეს, თუმცა სტუმართა შორის კრიტიკულად განწყობილნიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი ზვიად გამსახურდია გახლდათ, იმხანად თავადაც დაინტერესებული შექსპირის თარგმნით. რამდენჯერ გადაწერეთ ნამუშევარიო? – უკითხავს დებიუტანტის “თავხედობით” გაღიზიანებულს (მოგვიანებით ტონი შეარბილაო – იხსენებს ქალბატონი თამარი). ქალიშვილის თამამი ექსპერიმენტი დიდად არც დედას გახარებია. საყვედურიც კი უთქვამს ნიკო ყიასაშვილისთვის, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ცნობილი შექსპიროლოგი არ ცდებოდა.

„ამ ადამიანმა ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ყველა ნიჭიერი კაცის მსგავსად, ძალიან უყვარდა ახალგაზრდების გამხნევება. არც აღფრთოვანების გამოხატვას ერიდებოდა. საინტერესო პერიოდი გავიარეთ ერთად. იმდენად მენდობოდა, “ულისეს” ერთი ნაწილის რედაქტორობაც კი მანდო. ამ წიგნს დიდხანს თარგმნიდა – 33 წელი. ყველა დეტალს ჩაჰკირკიტებდა. თითოეულ ფრაზაზე,  ეპიზოდზე ვმსჯელობდით. ხშირად ცხარედაც გვიკამათია. იმ წლებმა ბევრი რამ მასწავლა.”

“ჰენრი მერვეს” კიდევ ერთი, მანამდე უცნობი ტექსტი – “დაკარგული სტრიქონები” მოჰყვა, რომელიც მედეა ზაალიშვილთან ერთად გადმოაქართულა. ამით გასრულდა მის ცხოვრებაში შექსპირის პერიოდი და დაიწყო დრამატურგიის ხანა. ახმეტელის თეატრში ლიტერატურულ მიმართულებას უძღვებოდა და პიესებსაც თარგმნიდა. არ გახლდათ იოლი საქმე. მუშაობის სხვაგვარ სტილს და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვდა: “თუ ტექსტის თარგმნისას თავს მკითხველად წარმოიდგენ, აქ მაყურებლად უნდა იქცე და ფრაზა გაიგონო. არჯვე, ოცხალი ფრაზის გარეშე პიესა ვერ შედგება.”

თეატრში მუშაობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა. ეს წლები მისი ბიოგრაფიის რთული, თუმცა საინტერესო ეტაპია, რომელიც დიდი რომანების პერიოდით გაგრძელდა.

 

მილერი და მილერამდე

ფართო მკითხველმა ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკის” თარგმანით გაიცნო. ამ ტექსტზე მუშაობა პროფესიონალიზმთან ერთად გამბედაობასაც მოითხოვდა. რეპეტიცია ასევე სკანდალური, თუმცა ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებით გაიარა: “მილიონ პატარა ნაწილად” (2003) თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯეიმს ფრეის რომანია, სადაც ავტორი, ყოფილი ნარკომანი, თავის მძიმე წარსულზე გვიამბობს. ჟარგონითა და სკაბრეზით დახუნძლული წიგნი საკმაოდ რთული სათარგმნი აღმოჩნდა. იმ პერიოდში ქართულ ენაზე მსგავსი ლიტერატურა არც არსებობდა. მართალია, რომანი, რომლის რედაქტორი ანა ჭაბაშვილი გახლდათ, მხოლოდ ელექტრონული სახით გამოვიდა, მაგრამ სწორედ ეს ნამუშევარი გახდა მისი ვიზა თუ საშვი მილერისკენ მიმავალ გზაზე: სკანდალური და საკულტო “კირჩხიბის ტროპიკის” თარგმნა გამომცემლობა “დიოგენემ” სწორედ მას შესთავაზა.

რომანი მილერის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის პირველი წიგნია, სადაც ამერიკიდან გადახვეწილი მწერალი თავისი პარიზული ცხოვრების დეტალებს აღწერს – სიღატაკის, სიბილწის, გაჭირვების, სექსის სურნელით გაჟღენთილს, ამავდროულად, სიცოცხლის წყურვილით სავსეს. პარალელურად, არც მშობელი ამერიკის კრიტიკას ერიდება, საიდანაც კიდევ უფრო მძიმე ვითარებას გამოექცა. მილერის უხეში ნატურალიზმი და სკაბრეზით სავსე ენა, მთავარი გმირის შეულამაზებელი სახე და დაუფარავი ნააზრევი მიუღებელი აღმოჩნდა მაშინდელი საზოგადოებისთვის. პირველი ტირაჟი სულ რაღაც 1000 ცალი გამოიცა. რამდენიმე ეგზემპლარმა ინგლისსა და ამერიკაშიც ჩააღწია, სადაც მაშინვე აკრძალეს. საბედნიეროდ, დიდმა მწერლებმა ამ ყველაფრის მიღმა მონათესავე სული იგრძნეს და მილერის სახით ახალი ვარსკვლავის დაბადება იწინასწარმეტყველეს. ჯორჯ ორუელმა “კირჩხიბის ტროპიკს” 30-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომანი უწოდა, სემუელ ბეკეტმა – “მონუმენტური მოვლენა თამედროვე ლიტერატურის ისტორიაში;” ნორმან მეილერმა ასწლეულის საუკეთესო რომანთა ათეულში დაასახელა, თუმცა მკითხველი დიდი ხნის განმავლობაში ეჭვით უყურებდა ამ უცნაურ წიგნს.

“კირჩხიბის ტროპიკი” ამერიკაში გასული საუკუნის 60-იან წლებამდე აკრძალული იყო. მიზეზი მხოლოდ უხეში ნატურალიზმი და სკაბრეზის სიუხვე არ გახლდათ, რის გამოც ინგლისისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. ამერიკელებმა მილერს ქვეყნის კრიტიკა არ აპატიეს. სამაგიეროდ, ფრანგები აფასებდნენ, განსაკუთრებით – პარიზელები. პარიზს მასავით  ვერავინ გრძნობსო, ამბობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიძვის დიაცივით გააშიშვლა, სიგიჟემდე უყვარს ეს ქალაქი. უყვარს ისეთი, როგორიც არის: ცოცხალი, წინააღმდეგობებით სავსე, ამოუცნობი. პარიზელები ხვდებოდნენ ამას და სიყვარულითვე პასუხობდნენ.”

საყოველთაო აკრძალვების ფონზე რომანი რუსულადაც ითარგმნა, თუმცა შემოკლებებით. მანამდე, 1964 წელს, პარიზში დაბეჭდილი 200 რუსულენოვანი ეგზემპლარი პორნოგრაფიის ბრალდებით საზღვარზე გაანადგურეს. როგორც ჩანს, მოგვიანებით ამერიკის კრიტიკამ მორალური ღირებულებები გადაწონა, თუმცა რუსულ თარგმანში სკაბრეზი გარკვეულწილად შერბილებულია, რიგი პასაჟები – ამოღებული. ყველაფრის მიუხედავად, იმ პერიოდისთვის თამამი ნაბიჯი იყო. “ქართულმა ლიტერატურამ მსგავსი ტექსტების თარგმნა გვიან დაიწყო. საზოგადოების ნაწილისთვის ეს ყველაფერი დღესაც მიუღებელია, მაგრამ თუ გვინდა, რომ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებს არ ჩამოვრჩეთ, აუცილებლად უნდა ვთარგმნოთ. იცით, რამდენი სკაბრეზია შექსპირთან, მაჩაბლის მიერ გაპატიოსნებული? მართალია, ნართაულად, შეფარვით, მაგრამ აზრი ხომ ეს არის?”

მილერზე მუშაობა გაუჭირდა, თუმცა სირთულის მიუხედავად, ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად მიიჩნევს. ეს კრიტიკოსთა შეფასებებმაც დაადასტურა და მოკლე დროში ამოწურულმა ტირაჟმაც. თავი და თავი, რასაკვირველია, ტექსტი იყო.

“უდიდესი არა, მაგრამ ნამდვილად დიდი ლიტერატურაა. საეტაპო რომანი, რომელმაც გასული საუკუნის ლიტერატურულ ქსოვილში მნიშვნელოვანი სიახლე შემოიტანა და დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის ავტორებზე. სხვათა შორის, ჯეიმს ფრეი, ლეშადქცეული ნარკომანი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით, მძიმე სენისგან სწორედ “კირჩხიბის ტროპიკმა” იხსნა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა და ამის შესახებ წიგნის შესავალშიც წერს: იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, სიცოცხლის სურვილი მილერის შემოქმედებამ დამიბრუნაო. ბევრი დეპრესიულ ტექსტად მიიჩნევს, არადა, ძალიან ხალისიანი ნაწარმოებია. ხალისიანი იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის ამოუწურავ შესაძლებლობებზე გვიამბობს. უბრალოდ, სწორად წაკითხვაა საჭირო.”

 

 გამორჩეული ხმები – როი და ეტვუდი

“ამას წინათ მარგარეტ ეტვუდის “ბრმა მკვლელს” ვკითხულობდი. ისე მშურდა – სიუჟეტი აქვს, მოვლენები ვითარდება, ბედნიერი ისტორიებია… გერმანელები ასე არ წერენ” – მითხრა ორიოდე წლის წინ საუბარში მუზილის, ბროხის, ფროიდისა და იუნგის მთარგმნელმა, მაია ბადრიძემ. და მართლაც, მარგარეტ ეტვუდი აღმოჩნდა ყველაზე იოლი (სხვებთან შედარებით!) და სასიამოვნო სამუშაო თამარ ჯაფარიძის პროფესიულ ბიოგრაფიაში.

“ძალიან მიყვარს ეს ავტორი, ამიტომ არც თარგმნა გამჭირვებია. ერთ-ერთი საინტერესო თანამედროვე მწერალია. განსაკუთრებით ქალები აფასებენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვან თემებს და პრობლემებს ეხება. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩემ მიერ თარგმნილი ტექსტებიდან “ბრმა მკვლელი” ყველაზე ცნობილი გახდა. ამას ავტორის ნიჭიერება განაპირობებს. ეტვუდი კარგად გადმოსცემს ემოციას, ბევრ ხმაზე წერა შეუძლია, თუმცა მის ტექსტებში ქალის ხმა მაინც გამოკვეთილად ისმის.  ჩემთვის, როგორც მთარგმნელისთვის, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ყველა ავტორს თავისი ჟღერადობა აქვს, თავისი მელოდია, რაც თარგმნისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. არ შეიძლება რილკე შიქასტასავით ჟღერდეს, ეტვუდი – მილერივით. ხშირად მთარგმნელები ამ ხმებს ერთმანეთში ურევენ, რაც არასწორია.”

ქალის ხმა არუნდატისთანაც იგრძნობა, მაგრამ ის სხვა ტიპის მწერალია, ყველასგან გამორჩეული და საოცრად პოეტური. 1996 წელს დაასრულა თავისი პირველი რომანი – “წვრილმანების ღმერთი,” რომელმაც არნახული წარმატება და ბუკერის პრემია მოუტანა. გამოცემიდან ძალიან მალე წიგნი არაერთ ენაზე ითარგმნა. თავად გაოცებული იყო მოვლენების ასეთი განვითარებით – უკვირდა, როგორ შეეძლო ამდენი ადამიანის დაინტერესება ესოდენ პირადულ ამბებს. მეტაფორებს თუ არ ჩავთვლით, რომანი, ფაქტობრივად, მწერლის ავტობიოგრაფიაა. მეტაფორებში კონკრეტული ფაქტები იგულისხმება, რომლებიც შეგნებულად შეცვალა. მაგალითად, ძმა ჰყავდა, ოღონდ არა – ტყუპისცალი; დედის ისტორია სინამდვილეში გარდაცვალებით არ დასრულებულა; ინცესტის სცენა, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს (ძმასთან ერთ სულ და ერთ ხორც გაერთიანების სიმბოლო), მისი გამოგონილია. რაც შეეხება წიგნში აღწერილ ტრაგედიას, ნამდვილად მოხდა, თუმცა “წვრილმანების ღმერთის” პოპულარობა მხოლოდ სიუჟეტის დამსახურება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექსტში გაბნეული დეტალები და ენა, რომელიც პირველივე აბზაცებიდან მორევივით გითრევს და სიღრმეებში გატრიალებს.

“კითხვა რომ დავიწყე, ცოტა შემეშინდა, იმდენად განსხვავებული ტექსტი იყო. ყველაზე საინტერესო ენის მისეული ხედვაა: ინგლისელი ავტორები ასე არ წერენ. ვერც ასეთ უცნაურ ფორმებსა და შესიტყვებებს იგონებენ. არუნდატი ენის სხვა სიღრმეებს გრძნობს – ინდოელის თვალით დანახულს, გამოხატულად ინდური სურნელი. მსგავსი ხმა პოეტებს აქვთ, მწერლებს – იშვიათად.”

ამ გამორჩეულობის გამო თარგმნა ძალიან გაუჭირდა. ორიგინალის სიღრმის შესანარჩუნებლად ცდილობდა, ჩაღრმავებოდა ავტორის შინაგან სამყაროს: მის გამოსვლებს უსმენდა, ლექციებს აანალიზებდა. საბოლოოდ, მიზანს მიაღწია – “წვრილმანების ღმერთის” ქართული თარგმანი დედანივით პოეტურია. ისევე იგრძნობა ის გამორჩეული ხმა და სურნელი, როგორც ავტორი დაწერდა და მადლობა ამისთვის მთარგმნელს.

 

ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

“ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი” ფაულზის ყველაზე განსხვავებული ტექსტია – საერთოდ არ ჰგავს დანარჩენებს. თარგმნა რომ შესთავაზეს, გაუხარდა, მაგრამ უსიამოვნო მოგონებებსაც შეეხო: “სტუდენტობისას ამ რომანიდან ზეპირად გვასწავლიდნენ ნაწყვეტებს. ძალიან რთული ნაწარმოებია და ის პერიოდი მწარედ მახსოვს. თარგმნის დასაწყისშიც იგივე განვიცადე: ძნელი იყო, მაგრამ სხვა გზა რ მქონდა – უკან ვეღარ დავიხევდი.”

1968 წელს ინგლისელი მწერალი ჯონ ფაულზი ინგლისის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ ლაიმ-რიჯისში დასახლდა. ცხოვრების დიდ ნაწილს ადამიანებისგან მოშორებით, ზღვის სანაპიროზე ატარებდა. სწორედ იქ დაწერა “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი” (1969), რომანი, რომლის მიხედვით მოგვიანებით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს მერილ სტრიპისა და ჯერემი აირონსის მონაწილეობით. ეს ნაწარმოები მწერლისთვის ერთგვარ ლიტერატურულ ექსპერიმენტად იქცა, რომლის მსგავსსაც, მისივე თქმით, ვიქტორიანული ეპოქის ვერც ერთი რომანისტი ვერ შექმნიდა. და ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. XIX საუკუნის ავტორები იმ პერიოდის ინგლისს საუკეთესო მხრიდან გვიჩვენებენ, ფაულზმა კი ამ საზოგადოების უამრავი სიბინძურე გამოამზეურა. “ტექსტი საინტერესო აღმოჩნდა ეპოქის თვალსაზრისით. ფაულზის ხედვა მკვეთრად განსხვავდება დიკენსის წარმოდგენებისგან. დიკენსი ინგლისის საზოგადოების ცხოვრებას გარანდულს და გაპატიოსნებულს აღწერს, ფაულზმა კი ქვედა ფენის რეალისტური პორტრეტი დაგვიხატა. რომანში ვიქტორიანული ეპოქის არაერთი საიდუმლოა გამჟღავნებული. ის, რასაც ფაულზი გვიამბობს, თავად ინგლისელებისთვისაც მოულოდნელი იყო – ფაქტობრივად, მთლიანად ამოატრიალა მათი ისტორია. მიტომაც არის ეს წიგნი მნიშვნელოვანი, თორემ სტილისტური თვალსაზრისით უკეთესი ავტორებიც ჰყავთ.”

სტილს რაც შეეხება, ორიგინალი მძიმე საკითხავი არ არის, თუმცა სხვა ეპოქა იგრძნობა. ფაულზი შეგნებულად იყენებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ გრძელ, თითქმის ნახევარგვერდიან წინადადებებს, ვრცელ აღწერებს, გაუთავებელ მეტაფორებს, ავტორისეულ ჩანართებს და ა.შ. ქართულადაც ასე უნდა ყოფილიყო – ძველებური ჟღერადობისთვის სიმძიმის გარეშე მიეღწია.  ტექნიკურად ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ცალკე ისტორია იყო პოეზია – რომანში ჩართული 60-მდე ძველი სტილის, ჩაღვარჭნილი ლექსი; ჯოჯოხეთური სამუშაო მთარგმნელისთვის, რომელსაც ბავშვობაშიც კი არ უთამაშია რითმებით. გადატანილი ქარტეხილების მიუხედავად, ფინალი სასიამოვნო აღმოჩნდა: 2015 წელს ამ თარგმანისთვის ლიტერატურული პრემია “საბა” მიანიჭეს. თუმცა ფაულზიც და სხვა ავტორებიც ბავშვურ გასართობად მოეჩვენა იმასთან შედარებით, რაც წინ ელოდა.

 

ჩხერკეთელაობა მატარებლის სადგურში

გასული საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოს Trainspotting-ის ტალღამ გადაუარა. შოტლანდიელი მწერლის, ირვინ უელშის ამავე სახელწოდების რომანი (1993), რომელიც ოთხი ნარკოდამოკიდებული მეგობრის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ლიტერატურული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ინტერესს ისიც ამძაფრებდა, რომ ახალგაზრდობაში თავადაც ნარკომანი იყო ავტორი და თავისი სამეგობროს რეალურ ისტორიებს გვიყვებოდა. ნატურალისტურად, შელამაზების გარეშე აღწერილმა ეპიზოდებმა მკითხველთა ნაწილი აღაშფოთა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, რომანი ბესტსელერად იქცა. პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 1996 წელს დენი ბოილის მიერ გადაღებულმა ფილმმა, რომელიც კრიტიკოსებმა ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანულ ნამუშევრად აღიარეს (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წიგნთან შედარებით კინოვერსია გაცილებით მსუბუქია).

“ჩხერკეთელაობის” მთავარი პერსონაჟები, ედინბურგის დოკერთა ღარიბული რაიონის – ლეიტის მცხოვრებნი – რენტსი, თიშიკო, ქლიავა და ბეგბი ერთი შეხედვით, მხიარული და თავქარიანი ახალგაზრდები არიან, რომელთაც უაზრო და მძიმე ყოფა აქვთ” – ვკითხულობთ ანოტაციაში, თუმცა იმას, რაც რომანში ხდება, მხიარულებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის უმძიმესი ნაწარმოები იმაზე, რა ემართებათ რეალურად ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს და როგორ ცხოვრობენ ედინბურგის ღარიბი უბნის მაცხოვრებლები. თავად უელში ერთ-ერთი პერსონაჟის, რენტსის პროტოტიპია. მოგვიანებით, დიდი ძალისხმევის ფასად, მწერალმა წამლის “გადაგდება” მოახერხა, თუმცა მისი მეგობრების უმეტესობა ჰეროინმა იმსხვერპლა.

ცოტა ხნის წინ ეკრანებზე ფილმის გაგრძელება გამოვიდა, რამაც რომანის მიმართ ინტერესი ისევ გააღვივა. სწორედ ეს გახდა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის” მისი თარგმნის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა ორიგინალის სიმძიმემ თავიდან სლენგის და სკაბრეზის “გამოცდილი სპეციალისტიც” (ასე მოიხსენიებს ხუმრობით საკუთარ თავს) კი შეაშინა.

“წიგნი პირველად რომ გადავშალე, ვერაფერი გავიგე. ეს არ იყო ინგლისურად დაწერილი ტექსტი. ინსტიტუტში ინგლისურის დიალექტებსაც გვასწავლიდნენ, მაგრამ არც შოტლანდიურ დიალქტს ჰგავდა. მერე ფილმი ვნახე და მივხვდი – პერსონაჟების მეტყველება (შოტლანდიური ვარიანტი) ფონეტიკურად იყო ჩაწერილი. დიდი კვლევა-ძიების შემდეგ დავადგინე, რომ საქმე მქონდა შოტლანდიელ მდაბიოთა დიალექტის, ნარკომანთა ჟარგონისა და ახალგაზრდული სლენგის ნაზავთან, თუმცა აღმოჩენა სამუშაოს არ აიოლებდა. ინგლისელებმა და ამერიკელებმა, წიგნის წაკითხვა რომ ვერ შეძლეს, ტექსტის განსამარტად უელში ლექციებით მიიწვიეს, მე კი მარტოს უნდა გამომევლო ეს ჯოჯოხეთი. სამი თვე ლექსიკონზე ვმუშაობდი. მერე ნელ-ნელა გამოიკვეთა თარგმანის კონტურები”.

ცალკე თემა იყო ჟარგონი და სლენგი. დოკერები, რომელთა წრეშიც მოქმედება ვითარდება, მოსახლეობის უდაბლესი ფენაა დამახასიათებელი მეტყველებით. ამას ემატება არასწორად დაწერილი ფორმები: ოთხივე გმირი განსხვავებული შეცდომებით ლაპარაკობს, რაც საბოლოოდ თითოეულის ენობრივ სტილს ქმნის. უკანასკნელ წვეთად სკაბრეზის წარმოუდგენელი ნაირსახეობა იქცა. თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ ძალიან ბევრი უცენზურო სიტყვა სცოდნია, თუმცა არასაკმარისი – დედნის განწყობის გადმოსაცემად. ამ მხრივ ინგლისელებმა უსაზღვრო ფანტაზია გამოავლინეს.

“მხატვრული თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, თუმცა ძალიან დიდი გამოწვევა მთარგმნელისთვის. ჯერ ერთი, საოცრად მძიმე ტესტია – ნარკომანია მსგავსი დოზით არსად შემხვედრია. მეორეც – სკაბრეზის, ჟარგონისა და სლენგის წარმოუდგენელი კორიანტელი ტრიალებს. მიშველა იმან, რომ ჩემი თაობის მწერალია და ჟარგონსაც იმდროინდელს იყენებს. რაც მახსოვდა და ვიცოდი, აღვიდგინე, მაგრამ ბევრი რამ შეცვლილია: პირადად მე “ლუდის ბაკალს” არასოდეს დავწერდი. არადა, აღმოჩნდა, რომ “კათხა” აღარაა აქტუალური. ბევრი ვიდავეთ რუსიციზმებზეც, თუმცა იმ დროს სწორედ ეს იყო ჟარგონი. მკითხველს “ლომკის” მნიშვნელობა როგორ უნდა გააგებინო, “მტვრევას” ხომ არ დაწერ? “კრუნჩხვები დაემართაც” არ ვარგა – ყურით არის მოთრეული. მსგავსი თავსატეხი ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა. დიდი ბრძოლები გამოვიარე.”

კიდევ ერთი თავსატეხი აღმოჩნდა სათაური, არაჩვეულებრივად ნათარგმნი ქართულ ენაზე. ევროპელებმა რომანის სახელწოდება პირდაპირ გადაიტანეს. რუსულად “На игле” ჰქვია, რაც მის ორაზროვნებას საერთოდ ვერ ასახავს. თავდაპირველად სამუშაო ვარიანტს “კაიფობანა” დაარქვა. “ჩხერკეთელაობა” გაცილებით გვიან, თარგმნის პროცესში მოვიდა.

“ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, სათარგმნ ტექსტს წინასწარ არასოდეს ვკითხულობ – მუშაობისას ვეცნობი. თეორიულად არასწორია, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია – ინტერესს ვკარგავ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. შესაბამისად, არც ის ვიცოდი, რომ ტექსტის შუაგულში პერსონაჟი ამ სიტყვის მნიშვნელობას გახსნიდა: “რას აკეთებთ, ბავშვებო? აქ, ძველ სადგურზე მატარებლების სათვალთვალოდ მოხვედით თუ ყოფილ საწყობში საჩხერკეთელაოდ?” – ეს ფრაზა წავიკითხე და გონებაც გამინათდა”.

Trainspotting (“დისპეტჩერობანა”) – სადგურში ჯდომა და შემომსვლელ-გამსვლელი მატარებლების ლოკომოტივის ნომრებისა და სახელების ჩაწერა ბრიტანულ სამყაროში გავრცელებული გასართობია. უცნაური გატაცების აღსანიშნავადაც იყენებენ. თანამედროვე ინგლისურ სლენგში ჰეროინზე “ჯდომის” მნიშვნელობაც შეიძინა, განსაკუთრებით, რომანის გამოსვლის შემდეგ.

“თავად წიგნის ავტორი, ირვინ უელში, როცა სათაურის შესახებ ეკითხებიან, ასე პასუხობს: იმას, ვინც ჰეროინზე არ “მჯდარა,” ისევე არ ესმის მომხმარებლისა, როგორც უმეტესობას არ ესმის, რატომ უნდა გაგიტაცოს მატარებლებზე დაკვირვების უაზრო ჰობიმ, ამ ჩხირკედელაობამ. ქართულად რომანს “ჩხერკეთელაობა” ვუწოდეთ – შევეცადეთ, ამ სიტყვით ორივე მნიშვნელობა გადმოგვეცა – ჩხირკედელაობა, ანუ ცუდუბრალოდ საქმიანობა და “ჩხერა,” ნარკოტიკის კეთება” – წერს შესავალში მთარგმნელი.

ამ რომანს უფრო ახალგაზრდები ეტანებიან, ფილმი იციან და იმიტომ. თუმცა მისი წაკითხვა არც მოზრდილთათვისაა ინტერესმოკლებული, თუნდაც იმ საშინელი მონსტრის რეალური სახის აღსაქმელად, ნარკომანია რომ ჰქვია. მართალია, რომანი მძიმეა და დამთრგუნველი, მაგრამ შიგადაშიგ პატარ-პატარა გამონათებიც ახლავს იუმორისტული ეპიზოდების სახით, რაც ამ სიმძიმეს გარკვეულწილად ანეიტრალებს და ჩხერკეთელაობის კოშმარს ტექსტით თამაშის, ერთგვარი ჩხირკედელაობის ილუზიად აქცევს.

 

თარგმანისა და მთარგმნელების შესახებ

მთარგმნელობა რომ თანდაყოლილი ნიჭია, იცოდა, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე წლის წინ დარწმუნდა, როდესაც ნაბოკოვის “ლოლიტას” თარგმნა დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ კარგი მწერლობა კარგ მთარგმნელობას არ ნიშნავს. მთარგმნელად უნდა დაიბადო. როგორც ჩანს, ნაბოკოვს ეს ნიჭი არ ჰქონდა, ამიტომაც “გაუფუჭდა” რუსული თარგმანი. მარცხი იმანაც განაპირობა, რომ ავტორმა ნაწარმოები თავიდანვე ინგლისურად დაინახა და მისი სხვა, თუნდაც მშობლიურ ენაზე გადატანა ვეღარ შეძლო.

“ენა ძალიან ცვლის აღქმას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ უამრავ რამეს ასახავს, მათ შორის, ერის ფსიქოლოგიას. ენას სქესიც გააჩნია. ფრანგული, მაგალითად, მდედრობითი საწყისის მატარებელია, ინგლისური – მკვეთრად გამოხატული მამრობითის. ნებისმიერ ენას თავისი ხმა აქვს. შეუძლებელია, ერთი და იგივე ნაწარმოები ერთნაირად აღიქვა სხვადასხვა ენაზე. მეტსაც გეტყვით, შექსპირს, მაგალითად, ქართული ძალიან უხდება, იმიტომ, რომ ფილოსოფიური ტექსტია, თუმცა ორიგინალი ასეთი სიღრმით ვერ დაიკვეხნის. იგივე შემიძლია ვთქვა “ბიბლიის” ქართულ ვერსიაზეც – არაჩვეულებრივად ჟღერს, მაშინ როცა ძალზე ყოფითია მისი ძველი ინგლისური ვარიანტიც კი. სხვა საქმეა, რა მიდგომას ამჯობინებ მუშაობის პროცესში, მაგრამ ფაქტია, რომ ენას მთარგმნელისგან დამოუკიდებელი თვისებები აქვს. ამ თვისებების დანახვასა და თარგმანისთვის სწორად მორგებაშია მთარგმნელის ტალანტი.”

ნიჭთან ერთად მთარგმნელობა შინაგანი მდგომარეობაცაა – ცოდნასთან ერთად ალღოსაც მოითხოვს, რომელიც ტექსტს გააცოცხლებს და ერთი ენიდან მეორეზე გადატანილ სიტყვათა გროვად არ აქცევს. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართულმა აღმოსავლური ენები უფრო მოიხდინა. დასავლურ ენებზე ხარისხიანად თარგმნის პრაქტიკა ნაკლებად გვქონდა. მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20-ს დასასწყისში გადმოქართულებული ტექსტები იმდენად საზარელია, თარგმანსაც ვერ დაარქმევ. ყინული გასული საუკუნის 60-იანებში დაიძრა. 1974 წელს დაარსებულმა “მთარგმნელთა კოლეგიამ” სერიოზული ნაბიჯები გადადგა: ითარგმნებოდა მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, რომელთაც იმდროინდელი ცენზურა არ კრძალავდა. 90-იანებში გამწვავებული სოციალ-პოლიტიკური ვითარება ამ სფეროზეც მძიმედ აისახა: 1991 წელს კოლეგია გაუქმდა და პროცესებიც შეჩერდა, თუმცა 2000-იანებიდან ხელახალი აღმავლობის პერიოდი დაიწყო. ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობა: ბევრი პროფესიონალი გამოჩნდა და ნამუშევრის ხარისხიც საგრძნობლადაა გაუმჯობესებული. დაოსტატდა თარგმანი. შედეგად, ადამიანებმა ქართულად კითხვა დაიწყეს, რაც გასული საუკუნის 80-90-იანებში ცუდ ტონადაც კი ითვლებოდა – უცხოურ ლიტერატურას ძირითადად რუსულად ეცნობოდნენ.

“თარგმანების მომრავლება ენის დახვეწას და გამრავალფეროვნებასაც უწყობს ხელს, რაც აუცილებელია მისი განვითარებისთვის. ამ პროცესს გამომცემლობებიც მხარში უდგანან, თუმცა ყველაფერი ასე იდეალურადაც არ არის: ბევრი ცუდი თარგმანიც იბეჭდება. ზოგი ისეთია, გეგონება რედაქტორს არცკი წაუკითხავს. ძირითადად წვრილი გამომცემლობები სცოდავენ. თარგმნის ყველა, ვისაც შეუძლია და არ შეუძლია. ეს საქმიანობა მოდური გახდა. ერთი მხრივ, კარგია, რადგან ასპარეზზე არაერთი საინტერესო მთარგმნელი გამოჩნდა, თუმცა ბევრი უარყოფითიც ამოაქვს ზედაპირზე. ჩემ ახალგაზრდობაში მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო – ძალიან ცუდ თარგმანს არ ბეჭდავდნენ, დღეს კი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ამით ავტორიც ზარალდება და მკითხველიც: ცუდი თარგმანი მწერალსაც კლავს და მკითხველის გემოვნებასაც ანადგურებს. ამიტომ არის ამ საქმის ხელშეწყობა და სწორად წარმართვა მნიშვნელოვანი”.

© არილი

 

 

Facebook Comments Box