ესე (თარგმანი)

დორის ლესინგი – ტკივილი და ვნება


როცა სტენდალის წიგნს დიდი ხნის შემდეგ ხელახლა შლი, ეს უეცარი სულიერი აღფრთოვანება, ჩემთვის მაინც, ქუჩაში უკან მოხედვას ჰგავს, კარგა ხნის უნახავ ძვირფას მეგობარს რომ დაინახავ, და მისი გამორჩეულობა გაგახსენდება.
სტენდალს ნათქვამი აქვს, რომ მკითხველისაგან მისი ნაწერების გაგებას 1890 წლამდე არ მოელის; მაგრამ მომავალთან ეს შეხვედრა მთლად ზუსტი ვერ იქნებოდა; ასეა თუ ისე, მისი მკითხველები იმ დროს ჯერ ბავშვები იქნებოდნენ, შესაძლოა, ჯერ ამ ქვეყანას არც კი იყვნენ მოვლენილნი, რაც იმას ნიშნავს, რომ საეჭვოა, რომელიმე მათგანი ახლა ცოცხალი იყოს, მაგრამ ჩვენი სიყვარულის და აღიარების მიზეზი არც ასეთი მარტივია; გასაღები სტენდალის იმ შენიშვნაში გვაქვს მოცემული, რომ ამ მოგონებების წერისას თავს არა ოცდათვრამეტი, არამედ ოცი წლის ჭაბუკად გრძნობდა. ისიც მართალია, რომ მის გამომწვევ ეგოცენტრიზმში საკუთარ თავს ვცნობთ, ისეთებად, სიჭაბუკის წლებში რომ ვიყავით. მე თვითონ ,,წითელი და შავი’’ დააახლოებით ოცი წლის ასაკში წავიკითხე, – და მეგობარი შევიძინე.
მისი იდეალური შეყვარებული, ისევე, როგორც თავად სტენდალი, პროვინციული ქალაქის – ამ შემთხვევაში გრენობლის – არაფრით გამორჩეული, პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით უძრავი, თვითმკმარი და თვითკმაყოფილებას მიცემული, რეაქციული ოჯახიდანაა გამოსული. მის ოჯახში ეს უძრაობა უკუდურესობამდე იყო მისული. საყვარელი დედა შვიდი წლის ასაკში გარდაეცვალა და მისთვის საძულველმა სამმა ადამიანმა აღზარდა. შინაბერა დეიდა სიცოცხლეს უმწარებდა; სტენდალის სწავლა-განათლება დესპოტ იეზუიტს ებარა, რის გამოც ეკლესიისა და მისი ყოველგვარი გამოხატულების სიძულვილი დაჰყვა; და ბოლოს მამამისი, ვექილი, რომელიც არც ერთ რელიგიურ, თუ არისტოკრატიისთვის დამახასიათებელ მიკერძოებულ დამოკიდებულებებას არ იყო მოკლებული, და როგორც თავად მწერალი წერს, ,,ჯიუტად მიკრძალავდა მუსიკის სწავლას’’.
მის აღზრდაში პაპის, დედამისის მამის, სათნო და გონიერი ადამიანის ჩარევა რომ არა, სტენდალის სიყრმე სიფაქიზის ყოველგვარ გავლენას ასცდებოდა. მას ხომ სოციალური წარმოშობით ოდნავ განსხვავებულ ბავშვებთან თამაშიც კი აკრძალული ჰქონდა, მეტიც, ბავშვივით კი არა, უფრო გასაწვრთნელი ცხოველივით ეპყრობოდნენ, თავს ისეთ აკრძალვებს და პირობითობებს ახვევდნენ, რომელთა აზრი არ ესმოდა. ,,წითელი და შავის’’ ბოლო თავების სცენა, როდესაც სასიკვდილო განაჩენის მომლოდინე ჟულიენ სორელს მამა სტუმრობს და საყვედურობს, რომ მის საჭმელ-სასმელსა და შენახვაზე დახარჯული სახსრები წყალში გადაუყრია, მე უცნაური და შეუსაბამო სრულებით არ მეჩვენება. მონსტრი მშობლები და ავტორიტარული ფიგურები სტენდალის ნაწერების მუდმივად თანამდევი პერსონაჟებია. ალბათ არავინ ყოფილა მასავით ბედის მადლიერი, როცა ასაკმა უწია და მამისეული სახლის დატოვების საშუალება მიეცა.
სნობიზმი, რომელსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ, მაინც არ შეეთვისა, მაგრამ ,,უბრალოების’’ ნებისმიერი გამოვლინების მიმართ მგრძნობიარობა კი შესძინა: დაუხვეწაობისადმი ეს ზიზღი იმდენად სოციალური ხასიათისა არ ყოფილა, რამდენადაც ლმობიერებას მოკლებული გულის სიტლანქით იყო წარმოშობილი.
,,ტლანქი ადამიანების მიმართ ლამის წრეგადასული შიში მქონდა. ქონებმოგდებული პროვინციელი ვაჭრის მეტყველებას მოთმინებიდან გამოვყავდი და მთელი დარჩენილი დღე საძაგელ გუნებაზე მტოვებდა.‘’
,,პროვინცია – ან, ჩემს შემთხვევაში, პატარა ქალაქების კოლონიური საზოგადოება… რა თქმა უნდა, ყველაზე გულისგამაწვრილებელი დესპოტია. ხოლო ყველაფერი, რაც ამ მდარე სიტყვის მიღმა იმალება, პატარა ქალაქების მკვიდრთ აუტანელ ქმნილებებად აქცევს მათთვის, ვისაც პარიზის დიად რესპუბლიკაში უცხოვრია’’ (,,წითელი და შავი’’)
მისი ,,ეგოისტის მოგონებები’’ 1821-დან 1830 წლამდე პარიზში გატარებულ წლებს მოიცავს. სტენდალი ამ მოგონებებს ისე წერდა, თითქოს წასაკითხად მისთვის ძვირფას ადამიანს უტოვებდა, ,,ისეთ ადამიანებს, როგორებიც მადამ როლანი ან გეომეტროსი მსიე გრო იყვნენ’’. ამ ნაწერში თავს იჩენს მათემატიკისადმი მისი ვნება და გვერდით თანამგრძნობი ქალის ყოლის სურვილი; ეს ქალი ცოცხლებში უკვე აღარ ეწერა, გილიოტინამ იმსხვერპლა, რომლის ჩრდილი სტენდალის და მისი თანამედროვეების ცხოვრებას და მეხსიერებას მუდმივად ადგა. ზოგ შემთხვევაში მისი მოსაზრებების გაზიარება საკმაოდ ძნელია. ასე მგონია, ტირანი მშობლების ხელში გაზრდილი სტენდალი იმ ინსტრუმენტს უკმევდა, რომელმაც სხვა ტირანებს ქედი დაადრეკინა. ეს ადამიანი წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, და ამას თავადაც აღიარებდა.
იგი საკუთარი რაობის გასაგებადაც წერს. ,,მაინც რანაირი ადამიანი ვარ? გამაჩნია კი საღად განსჯის უნარი და საფუძვლიანობა? გონების სიმახვილით თუ გამოვირჩევი? სიმართლე რომ ვთქვა, ოდნავი წარმოდგენაც არ მაქვს.’’
მისი გონების პრიზმა მისკენვეა მიმართული, ისეთი სიმძლავრით, რომელიც ლამის მძვინვარებას უტოლდება. თავის სულელურ თვისებებსაც ახსენებს და არც ღირსებები ავიწყდება, თუმცა, მისთვის დამამცირებელი ან აბსურდული მომენტების აღწერასაც არ გაურბის. სამაგალითო მოდელად რუსო ჰყავს დასახული, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს აღმსარებელი პატიოსანი თვითგანჭვრეტის უნარით სტენდალთან ახლოს მოდიოდეს. ეს ის თვისებაა, რომელიც წლების განმავლობაში მჭვრეტელობისა და დაკვირვებების ამარა დარჩენილ ბავშვს ჯილდოდ უნდა რგებოდა; სატირული და ულმობელი ხედვა ბავშვისა, რომელსაც ზრდასრულთა ფარისევლობას და უსამართლობას ვერაფერი გამოაპარებს, რომელსაც თავის გადასარჩენად ისღა დარჩენია, თვალებად იქცეს, ეს კი მწერლისთვის უმთავრესი თვისებაა. მტრებზე – დედაზე, მამაზე, საკუთარი ავტორიტეტის თავსმომხვევ ფიგურებზე დაკვირვება ასეთ უბედურ ბავშვებს მხოლოდ იმას ასწავლის, რომ მათ არ უნდა დაემსგავსონ, ან დუმილი ისწავლონ და… რაც დასანახია, თვალთახედვიდან არ გამორჩეთ.
სტენდალს მილანის და მისთვის ძვირფასი იტალიის დატოვება მოუხდა, რადგან მილანის პოლიციამ ჯაშუშად შერაცხა. მოუხდა სასიყვარულო ურთიერთობაზე, დიდ სიყვარულზე უარის თქმა; ამის გამო თავს ბოლომდე უბედურად გრძნობდა და აღარც უქორწინია, თუმცა, იმის ნიშნებიც არსებობს, რომ ამ დრამის მიზეზი თავად შეიქნა. რა თქმა უნდა, სიყვარულში ბედნიერი რომ გამომდგარიყო, არც მისი წიგნი ,,სიყვარულის შესახებ’’ დაგვრჩებოდა, რომელიც ამ ამბის შემდეგ დაასრულა და პარიზში გამოაცემინა – სიყვარულის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამაღლებული სიყვარულის წარმოშობის საფეხურებისა და პროცესის აღწერა ცივი განსჯა-დაკვირვებით.
ეს პატარა წიგნი ჩემთვის ცნობილი თხზულებებიდან სასიყვარულო ციებ-ცხელების საუკეთესო გზამკვლევია. მისი სიბრძნე აბსოლუტურ და სენტიმენტალობას მოკლებულ სიმართლეზე დგას. მაგრამ კაცს, რომელსაც უფაქიზესი განცდის ასეთი ნიჭი გააჩნდა, მარცხიც იმდენივე განუცდია, რამდენიც წარმატება, და ალბათ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი გმირი, ფაბრიციო დელ დონგო (,,პარმის სავანე’’) სხვა რჩეული სულების მსგავსად, სტენდალის იმ შეხედულებას იზიარებდა, რომ სიყვარულის განცდის მდგომარეობა ქორწინების ტლანქ სიამოვნებებზე გაცილებით მაღლა დგას.
ამ ადამიანის პიროვნება არაერთ უკიდურესობას იტევდა და აწონასწორებდა. ყველაზე აღსანიშნავი უკიდურესობა ნაპოლეონით აღფრთოვანება იყო, და თავის ყველაზე გამორჩეულ, ბრწყინვალე პერსონაჟებს, ჟულიენ სორელს და ფაბრიციო დელ დონგოსაც ეს თვისება დაანათლა, რწმენა, რომ ნაპოლეონი სულის არისტოკრატიის, იმ გაბედულების ქომაგი იყო, რომელიც ადამიანს შობით განსაზღვრულ მოცემულობას აძლევინებს (ჟულიენ სორელსაც ხომ არ გაუმართლა და გლეხად დაიბადა), ჩვეული გარემოდან, მაგალითად, პროვინციული ყოფიდან თავს აღწევინებს; გალანტობის, სილამაზის ქომაგი, რომელსაც მწყერის ჰორიზონტებს არწივის სიმაღლეები უჯობს.
ალბათ ყველას გვყავს მეგობარი, რომელსაც ჩვენთვის აუხსნელი სისუსტეები უნდა ვაპატიოთ. ზოგიერთი ძალაუფლებას მოწყურებულ მედია მაგნატებისადმი უგონო და უკრიტიკო აღფრთოვანებას განიცდის. საინტერესო რამაა: ჰორიზონტების მსხვრეველი ნაპოლეონის თანამედროვე შესატყვისის ძიებისას გონებაში დიდ-დიდი ფინანსისტები მიტივტივდება, და არა სახელმწიფოების მმართველები. აბა რომელ ახლანდელ მეფეს, გენერალს ან მმართველს დასდევს ნაპოლეონის დიდება? ვინ იცის, იქნებ ისე დავბრძენდით, რომ დიადი საჭეთმპყრობლების ხსენებაზე ახლა მხოლოდ მთქნარება გვიტყდება?
თუ გავითვალისწინებთ, რომ სტენდალი ნაპოლეონის მოსკოვიდან უკან დახევის თვითმხილველი და მონაწილე იყო, ეს აღფრთოვანება კიდევ უფრო გაუგებარი ხდება. ნაპოლეონი მაინც უყვარდა, და ამ მარცხში არასდროს დაუდანაშაულებია. მაგრამ საკითხავია, მაშ პასუხი ვიღას მოეთხოვება? როგორც ხედავთ, უკრიტიკო სიყვარულის მოწმენი ვხდებით. სტენდალის ნაპოლეონს ნამდვილ ნაპოლეონთან ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო, უფრო სიდიადის და ძლევამოსილების იდეის განხორციელება იყო, რომელიც მისთვის პატარა ადამიანის სიმდარეს უპირისპირდებოდა.
სტენდალის ფიგურა სულ სხვა შედარებების სურვილსაც აღძრავს. ახლა გერმანელი ჯარისკაცის მონათხრობი მახსენდება, რომელიც დიადი გერმანიისთვის მებრძოლი ჰიტლერის არმიის ყველა დანაშაულის შემსწრე შეიქნა. ამ სისასტიკეში მეგობრებთან ერთად თავადაც მოუხდა მონაწილეობა – ,,მაგრამ ძალიან გვიყვარდა”, ამბობდა ჯარისკაცი თავის სადისტ გენერალზე, ,,მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდით.’’ სწორედ ასევე აღმერთებდნენ ნაპოლეონს ის ჯარისკაცები, რომლებიც მისი ლაშქრობებიდან ცოცხლები დაბრუნდნენ, და რომელთაც ამ ომმა სიცოცხლე დაუნგრიათ.
ვგონებ, რაღაც ბნელ და არაჯანსაღ თვისებას მივადექით: რაღაც ისეთს, რაც ადამიანში უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ მაინც ბუნდოვანია. ჟულიენ სორელი, რომელიც ნაპოლეონს, უფრო კი სიცოცხლეზე მეტ იმ ასობით თვისებას ეთაყვანება, რომელთაც ნაპოლეონის სახელი შეაკოწიწეს, ამ ვნების წყალობით გადაურჩა პროვინციული ქალაქის დამანგრეველ ნახევრისნახევრულობას, მამის სისასტიკეს, დევნას. მას შემდეგ ღვთისაგან მივიწყებულ ადგილებში შემორჩენილი ახალგაზრდობა სტენდალის პერსონაჟის სარკასტულ შენიშვნას იმეორებს, რომელიც მან თავის ქალაქში გამეფებული საყოველთაო სიბრიყვის მიმართ წარმოთქვა: ,,პარიზის დირექტორიამ, რომელიც ხელისუფლებაში ფეხმოკიდებული სუვერენის გამომეტყველება მოირგო, წარმოუდგენელი სიძულვილი გამოამჟღავნა ყველაფრის მიმართ, რასაც ნახევრისნახევრულობა არ ეთქმოდა’’ (შეგიძლიათ თქვენი ქვეყნის მთავრობით, საბჭოებით, მმართველით ჩაანაცვლოთ).
ეს ის დრო იყო, როცა სალონის ბანოვნებს ახალგაზრდა ყმაწვილების ბედ-იღბლის წარმართვა შეეძლოთ, ამისთვის მათი საყვარლობაც კი არ იყო აუცილებელი. ,,საზოგადოებაში წინსვლა მხოლოდ ქალების მეშვეობითაა შესაძლებელი’’, აწვეთებდნენ სტენდალს კეთილისმსურველები. სტენდალის გმირებს ქალების მოსახიბლად საკმარისი მოხდენილობა და შარმი აქვთ, და თავადაც ასეთი იყო. მაგრამ სტენდალი მხოლოდ სიყვარულს კი არა, მეგობრობასაც ეთაყვანებოდა, უსაზღვროს, უანგაროსა და თავდადებულს. მას მხოლოდ სულის კეთილშობილების კარნახით შეეძლო ცხოვრება.
პარიზში დასახლებული სტენდალი ბარონ დე ლიუსენჟს უმეგობრდება, რომელსაც მასავით ხელმომჭირნედ უხდებოდა ცხოვრება. მაგრამ ბარონი მალე გამდიდრდა და სტენდალის სიღარიბეს ქედმაღლობით დაუწყო ყურება. სტენდალი ძალიან ფრანგულად მოიქცა: იქ აღარ ჩნდებოდა, სადაც ბარონის, ფულისაგან წახდენილი ადამიანის საზოგადოებას ვერ ასცდებოდა. თავად ამას მტკივნეული მსხვერპლი დაარქვა. მარტივი გზების ძიება ისედაც არ სჩვეოდა. ,,ეგოისტის მოგონებები’’ სავსეა მეგობრობისა თუ სასალონო მიპატიჟებათა მომგებიანი, მაგრამ გამოუყენებელი შესაძლებლობებით. მეტისმეტმა მგრძნობიარობამ, სიამაყემ, გადამტებულმა მოთხოვნებმა, რომელთაც ადამიანებს უყენებდა, საბოლოოდ მარტოსულ ადამიანად აქცია. უკვე ცნობილი მწერალი იყო, მუსიკისა და მხატვრობისადმი მიძღვნილი ნაწერებიც გამოქვეყნებული ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებაში დიდად ვერც კი სცნობდნენ. ხანდახან დაუნდობელი კრიტიკული წერილების გამოც იტანჯებოდა, მაგრამ ამის დამალვას მოსწრებული ფრაზით ცდილობდა, ერთ-ერთი ჩვენთაგანი უთუოდ ცდებაო.
სასიყვარულო ურთიერთობის გაბმაც ბევრჯერ შეეძლო, მაგრამ თავს არიდებდა, მაშინაც კი, როცა მატილდას ხსოვნა ,,ნაზ და სევდიან აჩრდილად იქცა, რომელიც თავის შეხსენებით სიკეთის, სამართლიანობისა და მიტევებისთვის შთააგონებდა.’’
ამ აჩრდილის გამოჩენა ყოველთვის სასიკეთოდ როდი მთავრდებოდა. მეგობრებისაგან საგანგებოდ გაცნობილი გოგონას ამბავი მართლაც სასაცილოა, კიდევ უფრო მეტად იმის გამო, რომ თავად ამ ამბის კომიკურობას ვერ გრძნობდა. სტენდალი გულგრილი დარჩა, გოგონა – მეტისმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი გამოდგა. მეგობრებმა დასცინეს და გული ატკინეს. მცირე ხნით იმპოტენტის სახელიც კი გაუვარდა; როგორც ლიტერატურიდან და ცხოვრებიდან ვიცით, ქალი მამაკაცის საწოლში ამგვარი რეპუტაციის წყალობითაც შეიძლება მოხვდეს, და ამ დროს მკურნალის, მხსნელის ინსტინქტი ამოძრავებს. მაგრამ სტენდალი გათვლილ ნაბიჯებს არასდროს დგამდა. ის კაცი არ იყო, რომელიც გარემოებებით ისარგებლებდა.
პარიზში, იმ ქალაქში ცხოვრება, რომელიც მისთვის ,,ნაპოლეონის სამკვიდროს ნაწილი’’ იყო, სტენდალისთვის მტკივნეული გამოდგა, არაერთი მტერიც შეიძინა. 1814 წელს პოლიციის უფროსმა სურსათის ხარისხის მეთვალყურის ადგილი შესთავაზა, მაგრამ სტენდალისგან უარი მიიღო. ადამიანმა, რომელიც ამ შეთავაზებაზე დათანხმდა, ოთხი-ხუთი წლის შემდეგ ,,უპარველადაც’’ კი დიდი ქონება დააგროვა. თავისი დროის საფინანსო მორალის შესახებ მოკლედ, სულ ორი სიტყვით გვიქმნის წარმოდგენას. ამგვარი სიმოკლე თუ სიმჭიდროვე მისი, როგორც მწერლის ამოსაცნობი თვისებაა.
,,ვატერლოოსთვის დაჯილდოებულ, სანახევროდ გადამდგარ და ნახევარ ჯამაგირზე მცხოვრებ ოფიცერს, რომელსაც გონების სიმახვილე კი არა, თუ ასეთი რამ შესაძლებელია, წარმოსახვის უნარიც კი არ გააჩნდა, ბრიყვ, თუმცაღა შესანიშნავი მანერების მქონე კაცს იმდენი ქალი ეხვია, რომ ბოლოს ამ საგანზე საუბრისას მეტისმეტად გულწრფელი შეიქნა’’ (კურსივი ჩემია).
ან ეს პასაჟი, რომელიც რომანის ფაბულადაც გამოდგება: ,,ქალბატონი ლავენელი ნაფოტივით გამომშრალი ქალი იყო, გონების სისხარტეს ვერ დააბრალებდი, და ესეც რომ არა, ვნების ნატამალი არ გააჩნდა, მისი გამოცოცხლება ალბათ მხოლოდ ტიუილრის ბაღში აღლუმზე გამოსული გრენადერების თეთრ პანტალონებში გამოკვართულ ფეხებს შეეძლო” ( ამჯერად კურსივი მისია). ვნების, სიცოცხლის ნაკლებობა: სტენდალი ამაზე უარესს ვერაფერს იტყოდა. მართალია, ხმაურიანი პარიზი მისთვის გრენობლის ანტიდოტი იყო, მაგრამ ფრანგები, რომლებსაც ხელოვნურობის, არაგულწრფელობის, უსიცოცხლობის განსახიერებად თვლიდა, არ უყვარდა. ,,ყველაფერზე მაღლა ფულს აყენებენ, სიყვარულის ან სიძულვილის გამო არასოდეს შესცოდავენ’’. სულ სხვგვარად ხედავდა იტალიელებს, გულიანებს, ბუნებრივებს და წრფელებს, რომლებთანაც თავს ისე გრძნობდა, როგორც შინაურებთან:
,,მხოლოდ ისეთი მთავრობაა კარგი, რომელიც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას შარაგზებზე იცავს, მათს თანასწორუფლებიანობას – სასამართლოებში, ფულის ბანკნოტებს – მიმოქცევაში, თავად გზებს – მოძველებისას, იმავ მოქალაქეებს კი – უცხო ქვეყნებში ყოფნისას.’’
ადვილი წარმოსადგენია, როგორ გაიჟღერებდა ეს ზუსტი ფრაზა სტენდალისთვის საძულველი ბურბონების დროინდელ არისტოკრატიულ დარბაზებში, მომხვეჭელობის, ლიქნის, კორუფციის გაფურჩქვნის ხანაში, რომელიც დღევანდელ დღესაც გვაგონებს. ეს ფრაზა მისი თანამედროვეებისა და იმდროინდელი რეჟიმის მიმართ ქედმაღალ ღიმილს იწვევს; იტალიაში კი ჯაშუშობაში სდებენ ბრალს; არადა, ძნელი წარმოსადგენია, რომ სტენდალის სახელი პარიზის პოლიციის ქაღალდებში მოხვედრას ასცდენოდა.
ინგლისში მოგზაურობა გუნება-განწყობის გასახალისებლად წამოიწყო, მაგრამ მარტო ამისთვის არა: უნდოდა შექსპირის დადგმები ენახა; შექსპირს, როგორც თავად წერს, ისევე ხშირად კითხულობდა, როგორც რასინს; ალბათ, მათი კონტრასტულობა თუ მოსწონდა; ნახა კინი, ოტელოს როლის შესრულებისას, და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ თურმე საფრანგეთში და ინგლისში ერთი და იმავე ემოციების გამოსახატად განსხვავებული ჟესტიკულაცია გამოიყენებოდა. შთაბეჭდილება კინის მეტყველებამაც მოახდინა, რომელიც სიტყვებს ისე წარმოთქვამდა, თითქოს მათს მნიშვნელობას პირველად თამაშის დროს იაზრებდა.
რიჩმონდმაც მოხიბლა. ბუნების გამაბეზრებელი აღწერების მოყვარული არ იყო, თავის პროზას, საველე ანგარიშივით, ამგვარ კაზმულობას არ აკარებდა, მაგრამ რიჩმონდის ხედებმა დაატყვევა და ძველი მიდრეკილებები დაავიწყა. ლონდონი ფეხით მოიარა, თეატრებში დადიოდა, მაგრამ იმ ქალბატონის დასახელება დაავიწყდა, რომლისგანც ყველაზე მეტი კეთილგანწყობა ერგო. სამაგიეროდ, ერთ პატარა სახლს ახსენებს, რომელშიც სამმა ღატაკმა და მორცხვმა გოგონამ, წაბლისფერთმიანმა მეძავებმა, სიკეთე და სითბო აჩვენეს.
სტენდალს ქალები უყვარდა; მაგრამ უყვარდა არა იმ გაგებით, რასაც ამ სიტყვაში ვდებთ, არამედ ფართო, ყოვლისმომცველი თანაგრძნობით. ქალისთვის ასე გაგება ძვირფასი დის, პოლინის სიყვარულმა ასწავლა, რომელიც ერთი გიჟმაჟი და მეამბოხე გოგონა იყო (ვინ იცის, იქნებ საზოგადოების მიმართ ძმის დამოკიდებულებამაც იქონია გავლენა?). ერთ-ერთ წერილში პოლინი თავის პატარა ცელქობასაც ახსენებდა: ერთხელ მამაკაცივით ჩაუცვამს და საღამოს თვალისთვის წყალის დასალევინებლად გემოზე უსეირნია. სტენდალი შეშინდა, საპასუხო წერილში დას იმას სწერს, რასაც ქალთა მდგომარეობის შესახებ ფიქრობს, და თხოვს, რომ ასეთი რამე აღაროსოდეს ჩაიდინოს. საბუთად ის მოჰქონდა, რომ თუ ასე ჩაცმულს დაიჭერდნენ, სახელს გაიფუჭებდა, ცოლად აღარავინ შეირთავდა და თავს შინაბერობისთვის ან მონაზვნობისთვის გაიწირავდა. ,,რადაც არ უნდა დაგიჯდეს, გათხოვდი’’, წერდა დას, ,,მერე შეგიძლია, რაც მოგესურვება, ის აკეთო. გათხოვილი ქალი თავისუფალია; ჯერ უქორწინო ქალიშვილები კი – მონები არიან’’
გათხოვების ,,ღირებულებასთან’’ დაკავშირებით ილუზიები არ ჰქონია. ,,წითელი და შავი’’, ქალაქის მერი მსიე დე რენალი გაიხსენეთ – განა სადმე არსებობს ხეპრე და ყეყეჩი ქმრის უკეთესი აღწერა? და მაინც, რენალი მთლად ურიგო ადამიანი არაა, რა თქმა უნდა, ქმრად გამოდგება. განა ვინმეს უწერია საზოგადოების პირობითობების წინაშე უსუსურ ქალებზე ამგვარი თანაგრძნობით? მაგრამ ეს წერილიც რომ მეტისმეტად ცივი გონებითაა დაწერილი? ,,პარმის სავანეში’’ გაკვრით ახსენებს მაღალი წრის ქალს, რომელმაც ქმრის ქონებას მზითევით 800 000 ფრანკი შემატა. ქმარმა ყოველთვიური ხარჯისთვის 80 ფრანკი გამოუყო. რა გასაკვირია, რომ ცოლი ქმარს აღმერთებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა.
,,ეგოისტის მოგონებები’’ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ტექსტს რაღაც მნიშვნელოვანი აკლია, რადგან სტენდალი სწორედ იმაზე არ წერდა, რასაც მისი გონება დაუსრულებლად უტრიალებდა, – მატილდასთან გატარებულ დღეებზე – მისი ხსოვნის შერყვნა არ უნდოდა. მაგრამ ეს მოგონებები დიდი რომანების შესავლის, გასაღების მაგივრობას წევს. ეს ის საბადოა, საიდანაც ,,წითელი და შავი’’ და ,,პარმის სავანე’’ იშვა. ავტობიოგრაფიული ნაწერიც დატოვა, ,,ანრი ბრიულარის ცხოვრება’’ – ასეთი ფსევდონიმი ბევრი ჰქონდა: მისი სახელი კი მარი ანრი ბეილია. ამ წიგნიდან სტენდალზე იმდენს ვერ შეიტყობთ, რამდენსაც ,,მოგონებებიდან’’, რომელიც უმწიფობის და ტკივილის წლებში აქვს დაწერილი. სტენდალი აღიარებს, რომ მოგონებებში ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვა ვერ მოახერხა, მაგრამ მგონი ასე სჯობს კიდეც: ჩვენი მეხსიერებაც ხომ ამგვარად იხსომებს – ნაპოლეონი და მატილდა, რიჩმონდი და რასინი, და სამი წაბლისფეთმიანი ღატაკი, ფერმკრთალი გოგონა.
იმ დროიდან, როცა სტენდალი პარიზში დასახლდა და ,,მოგონებები’’ დაწერა, 200 წლის გასვლას ბევრი აღარაფერი აკლია. ამ წიგნის კითხვისას მისი ხმა ჩაგესმის; ამ ხმით ალბათ მისი საყვარელი იტალიის სალონებში საუბრობდა, ეშხიანი ქალბატონების საზოგადობაში; ერთ-ერთი იმათგანი მისი საყვარელია, ან მალე გახდება, ან უკვე იყო. ქმრების ხსენებაც არაა, ხოლო თუ მათ მაინც ახსენებს, კარგ მეგობრებად მოიხსენიებს. ეს სტენდალის სამოთხეა, სამოთხე, რომელიც მის ოცნებებში განაგრძობდა არსებობას. ვაგლახ, ბედმა ნაკლებ საოცნებო ადგილებში საცხოვრებლად გასწირა.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
© The Guardian, 2003

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box