ესე,  ესე (თარგმანი)

ედმუნდ უილსონი – რატომ ვკითხულობთ დეტექტივებს?

 

ინგლისურიდან თარგმნა ელენე ნაბახტეველმა

 

წლების განმავლობაში მესმოდა დეტექტივების შესახებ. ნაცნობთა უმეტესობა, როგორც ჩანს, ლიტერატურის ამ ჟანრს კითხულობს, შემდგომ კი განიხილავს ხანგრძლივ საუბრებში, რომლებშიც ვერ ვერთვები. ყოველთვის მახსენებენ, რომ ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო პირები, ვუდრო უილსონიდან დაწყებული უილიამ ბატლერ იეიტსით დამთავრებული, დეტექტივებზე არიან მიჯაჭვულნი. შერლოკ ჰოლმსის ერთ-ერთმა ყველაზე ადრეულმა იმიტატორმა – მწერალმა ჟაკ ფუტრელმა, რომელიც უკვე გარდაცვლილია, გამოიგონა პერსონაჟი სახელად „მოაზროვნე მანქანა“, რომელზე დაწერილი მოთხრობების პირველი ტომიც 1907 წელს გამოქვეყნდა. მისი წაკითხვის შემდეგ, ჩესტერტონის რამდენიმე მოთხრობის გარდა მამა ბრაუნზე, რომლებმაც მაინცდამაინც არ დამაინტერესა, არცერთი დეტექტივი არ წამიკითხავს.  მიუხედავად იმისა, რომ შერლოკ ჰოლმსით მოხიბლული ვიყავი, „მოაზროვნე მანქანა“ მოსაწყენი აღმოჩნდა ჩემთვის და მისი კითხვა შევწყვიტე. ამ დროს 12 წლის ვიყავი და ვგრძნობდი  ლიტერატურის ამ დარგს განვითარებით ვუსწრებდი.

ჩემი ამჟამინდელი მოვალეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტე გადავხედო რამდენიმე ნიმუშს ამ სამწერლობო სკოლისა, რომელიც დაუჯერებელი პოპულარობით სარგებლობს. მისი შედეგი იმდენად კოლოსალურია, რომ ეს მიმართულება საჭიროებს ცალკე რედაქტორს, რომელიც მის ყოველკვირეულ მზადებას გაუმკლავდება. რაღაც კარგის მისაღებად ველოდებოდი ახალ რომანებს ისეთი მწერლებისგან, რომლებსაც სპეციალისტები პატივს სცემენ. შესაბამისად, დავიწყე რექს სტაუტის ბოლოს გამოცემული მოთხრობის კითხვა ნირო ვულფზე – “არასაკმარისად მკვდარი“ (ფარარი & რაინჰარტი).

აღმოჩენებმა გამაკვირვა და თან იმედებიც გამიცრუა. ნაწარმოებში შეინიშნებოდა შერლოკ ჰოლმსის ფორმულა, რომელიც  უფრო სრულყოფილად იყო წარმოჩენილი, ვიდრე ეს 40 წლის წინ ჟაკ ფუტრელის შემთხვევაში მოხდა. ნაწარმოებში ვხვდებით შეუდარებელ კერძო დეტექტივს, რომელიც ირონიული და მანერულია, გამოირჩევა ბრწყინვალე გონებითა და ექსცენტრიკული ჩვევებით, აქვს ფულისადმი დიდი ინტერესი, საკუთარ თავს ხელოვანად აიდენტიფიცირებს და აპათიური ეპიზოდების დროს შვებას ჭამა-სმაში პოულობს. შერლოკ ჰოლმსის კოკაინსა და ვიოლინოზე დამოკიდებულება ნირო ვულფის შემთხვევაში ორქიდეების გაზრდაში გამოიხატა. ამის მიუხედავად, იგი ყოველთვის მზადაა, გამოცოცხლდეს თავისი ინტელექტუალური მზადყოფნის შესაბამისად. ნაწარმოებში ვხვდებით დეტექტივის ლაქიას და ინსპექტორ კრამერს, რომელიც სკოტლანდ იარდის ინსპექტორ ლესტრეიდის ენერგიულ, თუმცა შედარებით დაბნეულ ვერსიას წარმოადგენს. ნირო ვულფსა და შერლოკ ჰოლმსს შორის, ალბათ, ერთადერთ განსხვავებას ის წარმოადგენს, რომ რექს სტაუტის პერსონაჟი მსუქანი და უსიცოცხლოა, ჰოლმსი კი – გამხდარი და აქტიური. ასევე, ნირო ვულფს ბოროტმოქმედები თვითმკვლელობამდე მიჰყავდა, შერლოკ ჰოლმსი კი მათ სასამართლოს გადასცემდა. პირადად მე, უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი ნირო ვულფის მდიდრული სადილებითა და მშვიდი საღამოებით მის სახლში, დასავლეთის 35-ე ქუჩაზე, სადაც პერსონაჟი ლუდით ხელში სავარძელში იყო მოკალათებული. გარკვეულწილად იმედგაცრუებული დავრჩი რექს სტაუტის მოთხრობებით “არასაკმარისად მკვდარი“ და “ხაფანგი“, რომლებიც ბოლოს გამოცემულ წიგნში გამოქვეყნდა. აღნიშნული მოთხრობები ზომით ჩამორჩებოდა ავტორის სხვა ნაწარმოებებს და პერსონაჟიც, ნირო ვულფიც, ნაწილობრივ ჩამოშორებული იყო თავის პროფესიას, იგი ჯარისთვის მკაცრი მომზადების კურსს გადიოდა. ამის გათვალისწინებით, დავასკვენი, რომ ნაკლებად რელევანტური იქნებოდა რექს სტაუტის დეტექტივებზე საუბარი აღნიშნული მოთხრობების საფუძველზე და წავიკითხე „ნირო ვულფის ომნიბუსი“, რომელიც ორ მოთხრობას: “წითელი ყუთსა” და „დამფრთხალ კაცთა ლიგას” – მოიცავდა. მოლოდინის მიუხედავად, არც ამ მოთხრობებმა აღმაფრთოვანეს. თუ ბოლოს გამოცემული ნაწარმოებები არასრული და მწირი იყო, ეს მოთხრობები ხელოვნურად განვრცობილი მომეჩვენა, რადგან გადატვირთული იყო გრძელი ეპიზოდებით, რომლებსაც ძირითად ამბავთან საერთო არაფერი ჰქონდა. შერლოკ ჰოლმსზე დაკვირვებით მივხვდი, რომ ნირო ვულფი ორიგინალის სუსტ ვერსიას წარმოადგენდა. კონან დოილის ძველ მოთხრობებს ფონად გასდევდა გონივრულობისა და ზღაპრულობის პოეზია, ორადგილიანი ეტლებითა და მოქუფრული ლონდონის საცხოვრებლებით. თანამედროვე ნიუ-იორკი კი ამერიკელ რექს სტაუტს ამ მხრივ საქმეს გაურთულებდა.   შერლოკ ჰოლმსში მოულოდნელობის ეფექტი გაცილებით სახალისო იყო: სხვა თუ არაფერი, იღებდი ოთახს დამრეცი ჭერით ან თვალს ადევნებდი გველს, რომელიც სამრეკლოს ზარზე ასასვლელად იყო გაწვრთნილი. რაც შეეხება ნირო ვულფს, მიუხედავად იმისა, რომ „დამფრთხალ კაცთა ლიგა” საკმაოდ ჭკვიანურ ფსიქოლოგიურ იდეას მოიცავს, საიდუმლოთა გაცხადების პროცესი არც უცნაური აღმოჩნდა და არც მოულოდნელი. როგორც იქნა, ვიგრძენი, რომ ნახერხის ყლაპვით ვალაგებდი დიდ ყუთებს, რათა ძირში მეპოვა რამდენიმე მოღუნული, ჟანგიანი ლურსმანი. ავიკვიატე მძვინვარე აზრი, რომ დეტექტივები, ზოგადად, სარგებლობენ უსამართლო კანონით, რომელიც მკითხველს საიდუმლოს გათქმას უკრძალავს. ეს ჩვეულება, რომლის შედეგადაც ნაწერის უმიზნობის დიდი ნაწილი დაფარულია, ავტორებს აძლევს ისეთ თავდაცვის საშუალებას, რისი ფუფუნებაც სხვა ტიპის მწერლებს არ აქვთ. რთული არ არის გაურკვევლობის შექმნა იმისთვის, რომ მკითხველს საიდუმლოს გამჟღავნების მოლოდინი ჰქონდეს. თუმცა ის მოითხოვს გარკვეულ ორიგინალურობას, რომ დანაშაულებრივი სქემა იყოს გონებამახვილური, ხატოვანი და საინტერესო, რათა მკითხველმა იგრძნოს, რომ ლოდინი ამად ღირდა. ბუზღუნიც კი დავიწყე იმაზე, რომ ნამდვილი საიდუმლო, რომელსაც რექს სტაუტი  დაუსრულებელ აზრთა არათანმიმდევრულობით და ყალბი მიხვედრილობით წარმოადგენდა, წარმოსახვის უნარის სისუსტე იყო, რაც მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ბოლო თავში საიდუმლო აუხსნელი დატოვა.

როგორც ექსპერტებმა მითხრეს, დოილის ტრადიციის ეს დაუსრულებელი განხორციელება არ წარმოადგენს განზოგადებულ ან საუკეთესო ვერსიას დეტექტივისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ვრცელდებოდა; აქვე იყო საიდუმლო თავსატეხი, რომელიც აგათა კრისტის მოთხრობებმა შემოქმედებითობის უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. წავიკითხე აგათა კრისტიც, „სიკვდილი ბოლოს მოდის” (დოდი, მიდი) და ვაღიარებ, რომ მწერალმა გამაცურა. ვერ ვიგებდი მკვლელის ვინაობას, რაც მიბიძგებდა კითხვის გაგრძელებისა და გარკვევისკენ, ხოლო, როცა, საბოლოოდ, გავიგე მის შესახებ, გაკვირვებული დავრჩი. ამ დრომდე არ ვიყავი აგათა კრისტით დაინტერესებული და არც მისი სხვა წიგნის წაკითხვას ვაპირებდი. ვფიქრობ, არარელევანტურია ის ფაქტი, რომ რომანში, “სიკვდილი ბოლოს მოდის“, მიმდინარე მოვლენები ეგვიპტეში, ძვ.წ 2000 წელს განვითარდა. ამის გამო, წიგნს ლოიდ ს. დაგლასის ელფერი უფრო დაჰკრავს, ვიდრე აგათა კრისტის, თუმცა მისი შემოქმედება სენტიმენტალური და ბანალურია, რის გამოც, ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი წაკითხვა. ვერ წაიკითხავთ ასეთ წიგნს, რადგან პრობლემის გადაჭრის ნახვაზე იქნებით ორიენტირებულნი და გაუსწრებთ მოვლენებს. ვერც პერსონაჟებით დაინტერესდებით, რადგან ისინი თავიანთ არსებობას ვერ დაუშვებენ ორ განზომილებაში, თუმცაღა ყოველთვის დაძაბულები იქნებიან, რომ საიმედოდ ან ბოროტად გამოჩნდნენ, იმისდა მიხედვით, თუ ნაწარმოების რომელი მონაკვეთია, რაც მკითხველის გუმანისთვის ერთგვარ სატყუარას წარმოადგენს. იმავემ გამაღიზიანა რექსი სტაუტის შემთხვევაშიც, რომელმაც შექმნა ნირო ვულფის და არჩი გუდვინის პერსონაჟები და სცადა იმ ადამიანთა დახასიათება, რომლებიც დანაშაულში ფიგურირებდნენ. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აგათა კრისტი უფრო გამოცდილია და მეტი გულდასმით კონცენტრირდება თავსატეხებზე, მას მოუწია სრულად აღმოეფხვრა ადამიანური ინტერესები ან მეტ-ნაკლებად შეევსო სურათი, რაც ჩემთვის უსიამოვნო მიმსგავსების მცდელობას წარმოადგენს. ამ ახალ რომანში აგათა კრისტიმ უნდა წარმოგვიჩინოს მისი მარიონეტები, რომლებიც მკითხველის ყურადღებას სამ მომენტზე შეაჩერებენ: პირველ რიგში, უნდა დაინტერესდეთ იმით, თუ ვინ მოკვდება, შემდეგ, უნდა დაგაინტერესოთ მკვლელის ვინაობამ და, საბოლოოდ, ვერ უნდა შეძლოთ იმის განჭვრეტა, ორი მამაკაციდან რომელი მოიყვანს ცოლად პერსონაჟ ქალს. ეს ყველაფერი წააგავს ფოკუსს, რომლის დროსაც ილუზიონისტი ყურადღებას გადაგატანინებთ უხერხულ ან შეუსაბამო მოქმედებებზე, რომლებიც გადაფარავენ კარტების გადანაცვლების მომენტს, რაც მსუბუქად გაგაოცებთ და გაგართობთ. მაგრამ აქაური საუბარი მოსაწყენი და გაბმულია, ნივთებს აკლიათ ბანქოს ბრწყინვალება. ჯერ კიდევ იმის შიშით, რომ შეიძლება არ ვიყო სამართლიანი ლიტერატურის ამ ფორმის მიმართ, რომელიც ბევრისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, უკან დავბრუნდი და „მალტური შავარდენი” წავიკითხე. რომანი ამ დარგის კლასიკად მივიჩნიე, რადგან როგორც ალექსანდრ ვულკოტმა თქვა, „საუკეთესო დეტექტივია, რომელიც ამერიკამ შექმნა“. მისი გამოქვეყნების შემდეგ, ავტორი, დეშილ ჰემეთი გახდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჯიმი დურანტემ საკუთარ თავზე საუბრისას მოიხსენია: „ინტელექტუალად შერაცხული“. თუმცა, ჩემთვის რთული იყო იმის  გაგება, თუ რას მოიაზრებდნენ 1930 წელს, როცა ამბობდნენ „ინტელექტუალურად შერაცხულს“. ჰემეთს პინკერტონის საგამოძიებო სააგენტოს რეალური გამოცდილების უპირატესობა ჰქონდა. შესაბამისად, შერლოკ ჰოლმსის ძველი ფორმულა შეავსო სამყაროს სისასტიკით, რამაც მკითხველს ჟრუანტელი მოჰგვარა იმ დღეებში, როდესაც მოდური იყო განგსტერებისადმი ინტერესი. მაგრამ ამის მიღმა, მწერალი ამბის წარმოსახვით სამყაროში გადატანის შესაძლებლობას მოკლებული იყო. როგორც მწერალი, იმის კვალდაკვალ, რომ აღიარება არ ხვდა წილად, ნამდვილად ჩამორჩება რექს სტაუტს, ისევე როგორც რექს სტაუტი ჯეიმს კეინს. “მალტური შავარდენი” დღეს დიდად არ აღემატება გაზეთის სასურათე ზოლს, რომელსაც ყოველდღიურად მიჰყვებით და ძალაუფლების მქონე პერსონაჟთა დანაშაულებრივ, თუმცა ლამაზ თავგადასავლებს თვალს ადევნებთ.

მაშ, რა წყევლა ადევს დეტექტივს, რომ თომას ელიოტმა და პოლ მორმაც კი იგრძნეს, მე კი ვერა? დეტექტივი, როგორც შემოქმედებითი დარგი, ჩემთვის არ არსებობს. ჯაშუშებზე ისტორიები შეიძლება ახლა რეალიზდეს პოეტური შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც გრემ გრინის თაყვანისმცემლები აცხადებენ; მკვლელობის ამბავი კი, რომელიც ფსიქოლოგიურ საშინელებას მოიაზრებს, სრულებით სხვა საკითხია. დეტექტივებმა მართლაც გამოიღო ნაყოფი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, მაშინ, როცა პო დაუკავშირდა დუპინს თავისი ლოგიკური აზროვნების ინტენსიურობით, ხოლო დიკენსმა სოციალური და მორალური მნიშვნელობა ჩადო სიუჟეტში, რამაც საბოლოო ახსნა პოვა საიდუმლოების იმ მამხილებელი სიმბოლოებით, რისი თქმაც ავტორს სურდა. დეტექტივმა შეინარჩუნა თავისი ადგილი იმ ათწლეულებშიც, როცა დიდი ომები მიმდინარეობდა და ისეთი პოპულარობა მოიპოვა, როგორიც არასდროს. მჯერა, რომ საამისოდ საფუძვლიანი მიზეზიც არსებობს. დროის ამ პერიოდში სამყარო დანაშაულის გრძნობამ მოიცვა. ადამიანებს ჰქონდათ მოსალოდნელი კატასტროფის შიში, მისი თავიდან არიდება კი გარდაუვალი ჩანდა, რადგან საბოლოო პასუხისმგებლობის დადგენის საკითხი გაურკვეველი იყო. ვინ ჩაიდინა თავდაპირველი დანაშაული და ვინ აპირებს მომდევნო დანაშაულის ჩადენას? ეს ის მკვლელობაა, რომელიც რომანებში ყოველთვის მოულოდნელ ვითარებაში ხდება, გამოძიების მიმდინარეობისას, შეიძლება ისე მოხდეს, როგორც ნირო ვულფის ერთ-ერთი მოთხრობაში, ზუსტად დეტექტივის კაბინეტში. თავის მხრივ, ყველა ეჭვმიტანილია, ქუჩები სავსეა ფარული აგენტებით, რომელთა ერთგულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არავინაა უდანაშაულო და სანდო; შემდეგ კი, მოულოდნელად მკვლელი გამოჩნდება და მასთან ერთად შვებაც! ბოლოს და ბოლოს, ის მე და თქვენ არ გვგავს. ის ბოროტმოქმედია, რომელსაც  პროფესიულად ჯორჯ გრუსამად იცნობენ. ის დაიჭირა საიმედო ძალამ, მედიდურმა და ყოვლისმცოდნე დეტექტივმა, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გაუმკლავდეს დანაშაულს.

 

1944 წელი

© არილი

Facebook Comments Box