ესე (თარგმანი),  თარგმანი

უისტან ჰიუ ოდენი – დამნაშავე მღვდელი

 

ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან.” (რომ. 7,7)

 

ინგლისურიდან თარგმნა მეგი თედორაძემ

 

აღსარება

 

ჩემთვის, როგორც მრავალი სხვისთვის, დეტექტივის კითხვა ისეთივე ადიქციაა, როგორიც თამბაქო ან ალკოჰოლი. სიმპტომები შემდეგია: პირველ რიგში, ლტოლვის სიმძაფრე – თუკი სამუშაო მაქვს, უნდა ვიფრთხილო და დეტექტივს ხელი არ მოვკიდო, რადგან კითხვის დასრულებამდე არც მუშაობა და აღარც ძილი არ შემიძლია; მეორეც, სპეციფიკურობა – ისტორია კონკრეტულ ფორმულებს უნდა ეფუძნებოდეს (მაგალითად, ჩემთვის ძალიან რთულია ისეთი დეტექტივის კითხვა, რომლის სიუჟეტიც ინგლისის სოფელში არ ვითარდება); და ბოლოს, მომენტალურობა – ისტორია დასრულებისთანავე მავიწყდება, ტექსტის თავიდან გადაკითხვის სურვილი კი არა მაქვს. თუ, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე, კითხვის დაწყებიდან რამდენიმე გვერდის შემდეგ აღმოვაჩენ, რომ წიგნი უკვე წაკითხული მაქვს, მის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებ.

ამგვარი რეაქციები მარწმუნებს, რომ, ჩემს შემთხვევაში მაინც, დეტექტივებს ხელოვნების ნიმუშებთან არაფერი აქვთ საერთო. თუმცა შესაძლოა, დეტექტივის – კონკრეტულად კი ისეთის, რომლის კითხვაც ნამდვილ სიამოვნებას მანიჭებს – ანალიზმა, ნათელი არამხოლოდ მის მაგიურ ფუნქციას, არამედ, საპირისპიროდ, ხელოვნების ფუნქციასაც მოჰფინოს.

 

განმარტება

 

უხეში განმარტება – “ვინ გააკეთა?” – მართებულია. ძირითადი ფორმულა ამგვარია: მკვლელობა ხდება; ეჭვმიტანილი ბევრია; ყველა მათგანი, გარდა ნამდვილი დამნაშავისა, გამოირიცხება; მკვლელს დააკავებენ ან კვდება.

ეს განმარტება მხედველობის მიღმა ტოვებს:

(1) იმ მკვლელთა ისტორიებს, რომელთა დანაშაულიც თავიდანვე ცნობილია (მაგ. წინასწარგანზრახული მკვლელობა). არსებობს ზღვრული შემთხვევები, რომლებშიც მკვლელის ვინაობა გამხელილია და არც ცრუ ეჭვმიტანილები არსებობენ, თუმცა ნაკლები მტკიცებულება გვაქვს. მაგალითისთვის, ფრიმან უილს კროფტსის მრავალი ტექსტი სწორედ ამგვარია. ამ ისტორიების უმეტესობა სრულიად მისაღებია.

(2) თრილერებს, ჯაშუშთა ამბებს, ოსტატი კრიმინალების ისტორიებს და ა.შ. ამ შემთხვევებში, დამნაშავის იდენტიფიკაცია სწორედ მისი კრიმინალური მეთოდების დაძლევაზეა დამოკიდებული.

ცნობისმოყვარეობა, რომელსაც თრილერი აღძრავს, კეთილსა და ბოროტს, “ჩვენსა” და “მათ” შორის არსებული ეთიკური და თვისებრივი დაპირისპირების ნაყოფია. მკვლელობის გამოძიების მთავარ ცდუნებას მრავალი უდანაშაულოს მიერ ერთი დამნაშავის ტანჯვის დაკვირვება წარმოადგენს. დეტექტიური ისტორიის ხიბლი კი უდანაშაულობასა და დამნაშავეობას შორის არსებულ დიალექტიკაში მდგომარეობს.

არისტოტელეს მიერ აღწერილ ტრაგედიაში შენიღბვასა (უდანაშაულოს დამნაშავედ, დამნაშავის კი – უდანაშაულოდ წარმოჩენა) და გამოაშკარავებას (ნამდვილი დანაშაულის გაცნობიერება) ვხვდებით. ამ ორთან ერთად კი არსებობს პერიპეტეიაც, რომლის დროსაც არა ბედის, არამედ დანაშაულიდან უდანაშაულობამდე და, პირიქით, უდანაშაულობიდან დამნაშავეობამდე მიმავალი ორმაგი შემობრუნებაა წარმოდგენილი. ფორმულა შემდეგი სქემით შეგვიძლია აღვწეროთ:

მკვლელობამდე არსებული სიმშვიდე
ცრუ სამხილი, მეორეხარისხოვანი მკვლელობა და ა.შ.
ცრუ უდანაშაულობა
დანაშაულის არსებობის გამომჟღავნება
დანაშაულის მცდარი ადგილმდებარეობა
ნამდვილი დანაშაულის ადგილმდებარეობა
კათარსისი
ჭეშმარიტი უდანაშაულობა
გადაჭრის გზა
მკვლელის დაკავება
სიმშვიდე დაპატიმრების შემდეგ

 

ბერძნულ ტრაგედიაში სიმართლე მაყურებლისთვის ცნობილია, მსახიობებისთვის კი – არა, თუმცა გარდაუვალს სწორედ ეს უკანასკნელნი აღმოაჩენენ ან აღასრულებენ. მოდერნულ – მაგალითად, ელისაბედის ეპოქის – ტრაგედიაში მაყურებელმა ყველაზე მცოდნე მსახიობზე არც მეტი იცის და არც ნაკლები. დეტექტივში კი მისთვის სიმართლე სრულიად დაფარულია. ჭეშმარიტება მხოლოდ ერთი მსახიობისთვის – დამნაშავისთვისაა – ცნობილი, ხოლო გამომძიებელი, თავისი კეთილი ნებით, აღმოაჩენს და გამოააშკარავებს იმას, რის დაფარვასაც მკვლელი ასე ცდილობდა.

ბერძნულ ტრაგედიასა და დეტექტივს თანამედროვე ტრაგედიისგან ერთი რამ განასხვავებთ – პერსონაჟები საკუთარი ქმედებების არც პროცესში და არც შედეგად არ იცვლებიან: ბერძნულ ტრაგედიაში ეს იმიტომ ხდება, რომ თითოეული პერსონაჟის ქმედება საბედისწეროა, დეტექტივში კი იმის გამო, რომ გადამწყვეტი მოვლენა – მკვლელობა – უკვე მოხდა. შესაბამისად, დრო და სივრცე მხოლოდ უკვე მომხდარი ან სამომავლო შემთხვევების გარემოებებს წარმოადგენენ. შედეგად, დეტექტივი კლასიკურ ერთიანობას ემორჩილება მაშინ, როცა თანამედროვე ტრაგედიაში, სადაც პერსონაჟები დროსთან ერთად ვითარდებიან, ეს მხოლოდ ტექნიკური ოსტატობითაა შესაძლებელი, ხოლო თრილერი, როგორც ავანტიურისტული ნოველა, დროისა და სივრცის მუდმივ ცვლილებას მოითხოვს.

 

რატომ მკვლელობა?

 

დანაშაულის სამი კლასი არსებობს: (1) დანაშაული ღმერთისა და მეზობლების წინაშე; (2) დანაშაული ღმერთისა და საზოგადოების წინაშე; (3) დანაშაული ღმერთის წინაშე (ყველა დანაშაული, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის წინაშეა ჩადენილი).

დანაშაულთა მეორე კლასის ერთადერთი წარმომადგენელი მკვლელობაა. პირველი კლასის დანაშაულთა საერთო მახასიათებელი კი დაშავებული მხარისთვის ზარალის ანაზღაურების, სულ მცირე, თეორიულ შესაძლებლობასა (მაგ. მოპარული ნივთების დაბრუნება) ან დაზარალებული მხარისგან პატიების მიღებაში (მაგ. გაუპატიურებისას) მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება, როგორც მთლიანობა, ამ კლასის დანაშაულებში მხოლოდ არაპირდაპირაა ჩართული – მისი წარმომადგენლები (პოლიცია და სხვ.) დაშავებული მხარის ინტერესებს იცავენ.

მკვლელობის გამორჩეულობა ისაა, რომ იგი დაზარალებულ მხარეს ისე ანადგურებს, რომ მსხვერპლის როლის მორგება საზოგადოებას უწევს და, ამ მხრივ, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ან მკვლელის პატიებაც სწორედ მისი გადასაწყვეტია. მკვლელობა ერთადერთი დანაშაულია, რომელშიც საზოგადოების პირდაპირი ინტერესია ჩართული.

დეტექტივების დიდი ნაწილი იმგვარი სიკვდილით იწყება, რომელიც თავიდან თვითმკვლელობის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ, სინამდვილეში, მკვლელობა ყოფილა. თვითმკვლელობა დანაშაულთა იმ კლასს (3) მიეკუთვნება, რომელშიც არც დამნაშავის მეზობლებისა და არც საზოგადოების პირდაპირი ან ირიბი ინტერესი არ იკვეთება. მანამ, სანამ სიკვდილი სუიციდად მიიჩნევა, კერძო ცნობისმოყვარეობაც კი უადგილოა, ხოლო როგორც კი მისი მკვლელობა დადასტურდება, საჯარო გამოძიება ვალდებულება ხდება.

დეტექტიური ისტორია ხუთი ელემენტისგან შედგება: გარემო, მსხვერპლი, მკვლელი, ეჭვმიტანილები და გამომძიებლები.

გარემო (ადამიანები)

 

დეტექტივი მოითხოვს:

 

1. დახურულ საზოგადოებას, რათა გარეშე მკვლელის არსებობის შესაძლებლობა (და, შესაბამისად, საზოგადოების სრული უდანაშაულობა) გამოირიცხოს და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანებს, რათა ჯგუფის ყველა წევრი პოტენციურ ეჭვმიტანილად იქცეს (განსხვავებით თრილერისგან, რომელსაც ღია საზოგადოება სჭირდება, სადაც ნებისმიერი უცნობი მეგობარი ან მტერი შეიძლება იყოს).

ასეთ პირობებს აკმაყოფილებს: ა) სისხლით მონათესავე ადამიანთა ჯგუფი (საშობაო ვახშამი სოფლად); ბ) მჭიდროდ დასახლებული გეოგრაფიული ჯგუფი (ძველი სამყაროს სოფელი); გ) პროფესიული ჯგუფი (თეატრალური წრე); დ) ნეიტრალური ადგილით გამოყოფილი ჯგუფი (პულმანის მანქანა).

ბოლო შემთხვევაში შენიღბვა-გამოაშკარავების ფორმულა არამხოლოდ მკვლელზე, არამედ ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობაზეც ვრცელდება, რომლებიც თავდაპირველად უცნობებად გვეჩვენებიან, თუმცა მოგვიანებით ვარკვევთ, რომ ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.

2) უბიწო საზოგადოებას ღირსების მდგომარეობაში, ე.ი. საზოგადოებას, სადაც კანონები არ სჭირდებათ, სადაც ესთეტიკურ ინდივიდსა და ეთიკურ უნივერსალს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს და სადაც მკვლელს, შესაბამისად, არასდროს სმენია იმგვარ ქმედებაზე, რომელიც კრიზისს აჩქარებს (რადგანაც იგი ცხადყოფს, რომ ზოგიერთ წევრი დაეცა და აღარ არის ღირსების მდგომარეობაში). მკვლელობა აქ კანონს რეალობად აქცევს ისე, რომ დაცემულის ვინაობის გამოაშკარავებამდე, ყველამ მის ჩრდილქვეშ უნდა იცხოვროს. უბიწოება დაპატიმრებასთან ერთად აღდგება, ხოლო კანონი სამუდამოდ უქმდება.

შესაბამისად, დეტექტივის პერსონაჟები ექსცენტრულები (ესთეტიკურად საინტერესო ინდივიდები) და კეთილშობილები (ცხადად ეთიკურები) უნდა იყვნენ – კეთილშობილება ან მოჩვენებითი უნდა იყოს, ან ფარულად ჭეშმარიტი (თავიდან უარყოფითად უნდა წარმოგვიდგებოდეს).

მახვილმა ინსტინქტმა მოქმედების ადგილად უნივერსიტეტის არჩევისკენ დეტექტივის უამრავ ავტორს უბიძგა. უნივერსიტეტის უნაკლო პროფესორის მამოძრავებელ ვნებას თავისთავადი ცოდნის დაუფლება წარმოადგენს. ეს ცოდნა ინდივიდს სხვა ადამიანებთან მხოლოდ არაპირდაპირ – მათი საერთო მიმართებით ჭეშმარიტებასთან – აკავშირებს, ხოლო ვნებები, როგორებიცაა ხორციელი ლტოლვა, სიხარბე და შური – რომლებიც ადამიანებს პირდაპირ უკავშირდებიან და შესაძლოა, მკვლელობის მოტივი გახდნენ – ამ შემთხვევაში, სრულიად გამოირიცხება. შესაბამისად, თუკი მკვლელობა უნივერსიტეტში ხდება, ეს იმის ნიშანია, რომ ერთ-ერთი კოლეგა არამხოლოდ ცუდი ადამიანი, არამედ ცუდი პროფესორიცაა. მეტიც, რამდენადაც აკადემიური ცხოვრების საყრდენ წერტილს უნივერსალურის ჭეშმარიტება და საერთოობა წარმოადგენს, კონკრეტული დანაშაულისა და აბსტრაქტული იდეების გნოსტიციზმი ბრწყინვალედ ემსგავსება და პაროდირებს ერთმანეთს.

(მონასტერში მომხდარი მკვლელობის კიდევ უფრო უნაკლო წინააღმდეგობრიობა გამოირიცხება იმით, რომ ბერები მუდმივად აბარებენ აღსარებას და, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა შესაძლოა, არ აღიაროს დანაშაული, უდანაშაულო ეჭვმიტანილები მონასტრის გააბსურდულების გარეშე ვერ დამალავენ საკუთარ ცოდვებს. სხვათა შორის, შემთხვევითი ხომ არაა ის, რომ დეტექტივის ჟანრი სწორედ პროტესტანტულ ქვეყნებში აყვავდა?)

დეტექტივის ავტორმა ასევე გონივრულად უნდა აარჩიოს გასაგები რიტუალების მქონე საზოგადოება და ეს რიტუალები დეტალურად აღწეროს. რიტუალი ესთეტიკასა და ეთიკას შორის არსებული ჰარმონიის ნიშანია, რომელშიც სხეული და სული, ინდივიდუალური ნება და საერთო წესები ერთმანეთს არ უპირისპირდება. მკვლელი რიტუალების ცოდნას დანაშაულის ჩასადენად იყენებს, მისი დაჭერა კი მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელიც რიტუალებს დამნაშავესავით ან მასზე უკეთ იცნობს.

გარემო (ბუნება)

დეტექტივში, როგორც გრაალის ძიების პროცესში, რუკები (სივრცის რიტუალი) და განრიგები (დროის რიტუალი) უნდა არსებობდეს. ბუნებამ თავისი მკვიდრები უნდა აირეკლოს, ე.ი. იგი დიად ბრწყინვალე ადგილს უნდა წარმოადგენდეს. რაც უფრო მეტად ჰგავს ბუნებითი გარემო ედემს, მით უფრო შეუსაბამოა მკვლელობა. ამ მხრივ, სოფელი ქალაქს სჯობს, შეძლებული სამეზობლო (თუმცა იგი ძალიან შეძლებულიც არ უნდა იყოს, თორემ, შესაძლოა, უკანონოდ მოპოვებული ქონების ეჭვი გააჩინოს) კი – ჯურღმულს. გვამი შოკისმომგვრელი უნდა იყოს არამხოლოდ იმიტომ, რომ გვამია, არამედ იმიტომაც, რომ გვამის პირობაზეც კი, საშინლად უადგილოა – თითქოს, ძაღლმა მისაღები ოთახის ხალიჩა მოსვარაო.

ბატონი რეიმონდ ჩანდლერი წერს, რომ მას გვამის მღვდლის სახლიდან გატანა და მკვლელობის იმათთვის დაბრუნება განუზრახავს, რომლებიც ამ საკითხის ოსტატები არიან. თუკი მას დეტექტივების, ე.ი. იმგვარი ისტორიების წერა სურს, რომელთა კითხვისასაც მკითხველის პრინციპულ ინტერესს იმის გარკვევა წარმოადგენს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, უფრო დიდ შეცდომას ვერც კი დაუშვებს, რადგან პროფესიონალი დამნაშავეების სამყაროში, მკვლელის მხილების ერთადერთი შესაძლო მოტივი შანტაჟი ან შურისძიებაა, რომელთაგანაც ორივე ინდივიდებს – და არა ჯგუფებს, როგორც ერთიანობებს – მიემართებათ და რომელთაგანაც ორივე მკვლელობისთვის თანაბრად კარგი მოტივი შეიძლება გახდეს. სინამდვილეში, განურჩევლად იმისა, თუ რას ამბობს ბატონი ჩანდლერი, ვფიქრობ, იგი არა დეტექტიური ისტორიების, არამედ კრიმინალური წრეების სერიოზული კვლევების წერით უფროა დაინტერესებული – დიადი საშინელი ადგილი – ხოლო მისი გავლენიანი, თუმცა უკიდურესად დეპრესიული წიგნები უნდა წავიკითხოთ და განვსაჯოთ არა როგორც ესკაპისტური ლიტერატურა, არამედ როგორც ხელოვნების ნაწარმი.

მსხვერპლი

მსხვერპლმა ორი წინააღმდეგობრივი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. მან ეჭვმიტანილობის ბადეში უნდა გახლართოს ყველა, რისთვისაც იგი უარყოფითი პერსონაჟი უნდა იყოს. ამასთან ერთად კი, მან ყველას დამნაშავედ უნდა აგრძნობინოს თავი, რისთვისაც საჭიროა, რომ იგი დადებითი პერსონაჟი იყოს. მსხვერპლი დამნაშავე ვერ იქნება, რადგან, ამ შემთხვევაში, მას კანონი გაუმკლავდებოდა, მკვლელობის საჭიროება კი არ იარსებებდა (შანტაჟი ერთადერთი გამონაკლისია). რაც უფრო ზოგად ცდუნებას აღძრავს მსხვერპლი მკვლელობისთვის – მით უკეთესი, მაგალითად, თავისუფლების წყურვილი უკეთესი მოტივია, ვიდრე მხოლოდ ფული ან სექსი. მთლიანობაში, საუკეთესო მსხვერპლს მამის ან დედის უარყოფითი ხატი წარმოადგენს.

თუკი ტექსტში ერთ მკვლელობაზე მეტი ხდება, მაშინ შემდგომი მსხვერპლები უფრო უცოდველები უნდა იყვნენ, ვიდრე პირველი, ე.ი. მკვლელმა ნამდვილი წყენით უნდა დაიწყოს და სამართლიანობის არალეგიტიმური გზით აღდგენის შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, უნდა მოკლას მეორე ადამიანი, რომლის მიმართაც არავითარ უკმაყოფილებას, საკუთარი დანაშაულის გარდა, არ გრძნობს.

 

მკვლელი

მკვლელობა უარყოფითი მოვლენაა, შესაბამისად, ყველა მკვლელი მეამბოხეა, რომელიც საკუთარი ყოვლისშემძლეობის დამტკიცებას ცდილობს. მკვლელის პათოსი ტანჯვაზე უარის თქმაა. მწერლის პრობლემა კი მკითხველისგან მისი დემონური სიამაყის დაფარვაში მდგომარეობს, რადგან ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ყველაფერში იჩენს თავს.

მკვლელის ვინაობის გამხელისას მკითხველის გაოგნება, ამასთან ერთად კი მისი დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი, რაც დამნაშავეზე მანამდე თქმულა, თანმიმდევრულია იმ ფაქტთან, რომ სწორედ ისაა მკვლელი, კარგი დეტექტივის გამოწვევაა.

რაც შეეხება მკვლელის ბოლოს, წარმოდგენილი სამი ალტერნატივიდან – სიკვდილით დასჯა, თვითმკვლელობა და სიგიჟე – პირველი სხვებზე უმჯობესია, რადგან თუკი მკვლელი სუიციდს სჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უარს ამბობს მონანიებაზე, ხოლო თუ გაგიჟდება, ვერ შეძლებს მონანიებას და თუ მონანიებას ვერ შეძლებს, საზოგადოება ვერც მიუტევებს მას. აი, სიკვდილით დასჯა კი სამართლიანობის იმგვარი აქტია, რომელიც მკვლელს საზოგადოების პატიებას მოუპოვებს. რეალურ ცხოვრებაში მე არ ვემხრობი დასჯის ამ მეთოდს, თუმცა დეტექტივში მკვლელს მომავალი არ უნდა ჰქონდეს.

 

ეჭვმიტანილები

დეტექტიური ისტორიის საზოგადოება, ერთი შეხედვით, უმანკო ადამიანებისგან შედგება, ე.ი. მათი, როგორც ინდივიდების ესთეტიკური ინტერესი უნივერსალურ ეთიკურ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება. მკვლელობა დაშლის აქტია, რომლითაც უბიწოება იკარგება, ინდივიდი და კანონი კი ერთმანეთს უპირისპირდება. მკვლელის შემთხვევაში, ეს შეპირისპირება სრულიად ნათელია (სანამ მას დააკავებენ და დასჯას დაექვემდებარება), ეჭვმიტანილების შემთხვევაში კი – მეტწილად თვალსაჩინო.

ამ თვალსაჩინოობის შესაქმნელად რეალობის გარკვეული ელემენტი უნდა არსებობდეს, მაგალითისთვის, არასაკმარისად კარგია ეჭვის მხოლოდ შემთხვევითობით ან მკვლელობის მოტივით მიტანა. ეჭვმიტანილები რაიმეში ბრალეულები უნდა იყვნენ, რადგანაც ახლა, როცა ესთეტიკური და ეთიკური წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, თუ ეჭვმიტანილები სრულიად უმანკოები (დამორჩილებულები ეთიკურს) იქნებიან, ისინი საკუთარ ესთეტიკურ ზრახვებს დაკარგავენ და მკითხველისთვის შეუმჩნევლები გახდებიან.

ეჭვმიტანილთათვის ბრალეულობის პრინციპულ საფუძველს წარმოადგენს:

მკვლელობის სურვილი ან განზრახვა

(1) კატეგორიის დანაშაულები, ან (3) კატეგორიის მანკიერებები (მაგ, არაკანონიერი სიყვარული), რომელთა გამოაშკარავებისაც ეჭვმიტანილს ეშინია ან რცხვენია;

ინტელექტუალური სიამაყე, რომლის გამოც, ეჭვმიტანილი მკვლელობის დამოუკიდებლად გამოძიებას ცდილობს და ოფიციალური პოლიციისადმი (მტკიცება იმისა, რომ ესთეტიკური ეთიკურზე მაღლა დგას) ზიზღით განეწყობა. თუ პერსონაჟი ზედმეტად ამაყია, შესაძლოა, ამან მისი მკვლელობაც გამოიწვიოს;

უდანაშაულობის სიამაყე, რომლის გამოც ადამიანი უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე;

რწმენის ნაკლებობა იმ ეჭვმიტანილის მიმართ, რომელიც ინდივიდს უყვარს და რაც მას მტკიცებულებების დამალვის ან ახლართვისკენ უბიძგებს.

 

გამომძიებელი

უნაკლო გამომძიებლები უკიდურესად იშვიათად გვხვდებიან. სინამდვილეში, მე მხოლოდ სამი მათგანის დასახელება შემიძლია: შერლოკ ჰოლმსი (კონან დოილი), ინსპექტორი ფრენჩი (ფრიმან უილს კროფტსი) და მამა ბრაუნი (ჩესტერტონი). გამომძიებლის მისია იმ ღირსების მდგომარეობის აღდგენაა, რომელშიც ესთეტიკური და ეთიკური თანაარსებობენ. იმის გამო, რომ მკვლელი, რომელმაც ამ ერთიანობის დაშლა გამოიწვია, ესთეტიკურად ურცხვი ინდივიდია, მისი ოპონენტი – გამომძიებელი – ან ეთიკის წარმომადგენელი უნდა იყოს, ან უბრალოდ გამორჩეული ინდივიდი, რომელიც თავად არის ღირსების მდგომარეობაში. თუკი ის პირველია – პროფესიონალია, ხოლო თუ მეორე – დამწყები. ნებისმიერ შემთხვევაში, გამომძიებელი საზოგადოებისთვის სრულიად უცხო ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა გახვეული დანაშაულში. ეს პირობა გამორიცხავს ადგილობრივ პოლიციას და, ჩემი აზრით, უნდა გამორიცხოს გამომძიებელიც, რომელიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მეგობარია. პროფესიონალი გამომძიებლის უპირატესობა ისაა, რომ იგი არა ცალკეული ფიგურა, არამედ ეთიკის წარმომადგენელია და მას დანაშაულის გამოძიებისთვის არავითარი მოტივი არ სჭირდება, თუმცა მისი ნაკლიც სწორედ ესაა – მას არ შეუძლია, თვალი დახუჭოს ეჭვმიტანილთა მიერ ჩადენილ მცირე ეთიკურ დანაშაულებზე და მათი ნდობა მოიპოვოს.

მეორე მხრივ, დამწყები გამომძიებლები ნაკლოვანები არიან ან იმიტომ, რომ სუპერგმირებად წარმოუდგენიათ თავი, როგორც ლორდ პიტერ ვიმსისა და ფილო ვენსს, რომელთაც გამომძიებლობის არავითარი მოტივი, გარდა ახირებისა ან, მკაცრი სკოლის დეტექტივების მსგავსად, სიხარბითა და ამბიციით დაბრმავებულობისა, არ გააჩნიათ და შესაძლოა, მკვლელებიც კი იყვნენ.

გენიალური დამწყები დეტექტივის ნაკლი მისი ესთეტიკური ინტერესის სიმწირე შეიძლება იყოს, თუმცა იგი არც ეთიკას უნდა არღვევდეს. ყველაზე მისაღები სისუსტეები ცალკეული მორალური მანკიერებებია, როგორიცაა ჭამა, დალევა ან ბავშვური მკვეხარობა. რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას, გამომძიებელი ან მარტოხელა, ან ბედნიერ ქორწინებაში მყოფი უნდა იყოს.

დამწყებ დეტექტივსა და პროფესიონალ პოლიციელს შორის კრიმინალური იურისტი დგას, რომლის საბოლოო მიზანიც არა დამნაშავის მხილება, არამედ იმის დამტკიცებაა, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა. იურისტის ეთიკურ საყრდენს ის წარმოადგენს, რომ ადამიანთა სამართალი არასრულყოფილია, ე.ი. უნივერსალურისა და ღვთაებრივის აბსოლუტური გამოვლინება არ არის, ხოლო სუბიექტი ესთეტიკურად შეზღუდულია, მაგ. ცალკეული პოლიციელისა და მოსამართლის გონიერება ან უგუნურება (რის გამოც, უდანაშაულო ადამიანი შესაძლოა, დამნაშავედ ცნონ).

ამ ნაკლოვანების გამოსასწორებლად, გადაწყვეტილება ესთეტიკური ჭიდილით მიიღება, ე.ი. დაცვის ინტელექტი უპირისპირდება ბრალდების მხარის ინტელექტს, ისევე, როგორც ადრე საეჭვო შემთხვევებს ბრალდებულსა და ბრალმდებელს შორის ფიზიკური დაპირისპირებით წყვეტდნენ.

შესაბამისად, იურისტი-დეტექტივი (მაგ. ჯოშუა კლანკი) არასდროსაა საკმარისად მისაღები მკითხველისთვის, რადგან მისი ინტერესი სიმართლის დადგენის ან უდანაშაულო ადამიანების მიმართ, გამოწვეულია ვალდებულებით კლიენტისადმი, რომელსაც იგი, მიუხედავად იმისა, კლიენტი დამნაშავეა თუ – არა, ვერ მიატოვებს.

 

შერლოკ ჰოლმსი 

 

ჰოლმსი ღირსების მდგომარეობაში მყოფი გამორჩეული ინდივიდია – იგი გენიოსია, რომელშიც სამეცნიერო ცნობისმოყვარეობა ჰეროიკული ვნების სიმაღლემდეა აყვანილი. ჰოლმსი ერუდირებულია, თუმცა მისი ცოდნა აბსოლუტურად სპეციალიზებულია (მაგ. ჰოლმსს წარმოდგენა არა აქვს კოპერნიკის სისტემის შესახებ) და ყველაფერში, გარდა საკუთარი დარგისა, ისე გრძნობს თავს, როგორც უიმედო ბავშვი (მაგ. მისი დაუდევრობა), ხოლო მეცნიერული განცალკევებულობის ფასს (გრნობების არაფრად ჩაგდება) მელანქოლიით იხდის, რომელიც მაშინ უტევს, როცა კონკრეტულ საქმეზე არ ფიქრობს (მაგ. ვიოლინოზე უკრავს და კოკაინს იღებს).

მისი მოტივი გამოძიებისთვის, ერთი მხრივ, ნეიტრალური სიმართლის სიყვარულია (მას არ აინტერესებს დამნაშავის ან უდანაშაულოების გრძნობები), მეორე მხრივ კი საკუთარი მელანქოლიისგან გაქცევის სურვილი. ჰოლმსის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და დაკვირვებისა და დედუქციის ტექნიკები ქიმიკოსის ან ფიზიკოსისას წააგავს. ხოლო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, იგი საკვლევ საგნად ადამიანებს ირჩევს და არა უსულო საგნებს, ისაა, რომ უსულოთა გამოკვლევა არაჰეროიკულად მარტივია, რადგან მათ, ადამიანებისგან განსხვავებით, ტყუილის თქმა არ შეუძლიათ. ადამიანებთან გამკლავებას კი ორმაგად ბასრი დაკვირვების უნარი და შეუბრალებელი ლოგიკა სჭირდება.
ინსპექტორი ფრენჩი

 

პროფესიონალიზმითა და კულტურით სკოტლანდ იარდის ინსპექტორებს ჰგავს (მოხუცი ოქსფორდის ინსპექტორის სახე გარდაუვალია). მის მოტივს მოვალეობის სიყვარული წარმოადგენს. ჰოლმსისგან განსხვავებით, რომელიც ამ საქმით პირადი სურვილით კავდება და აბსოლუტურ გულგრილობას იჩენს საკუთარი შიშის გარდა, ყველა სხვა გრძნობის მიმართ, ფრენჩი საზოგადოების უდანაშაულო წევრების გამო გადაწყვეტს გამომძიებლობას და გულგრილია არამხოლოდ საკუთარი, არამედ მკვლელის გრძნობების მიმართაც (ამას სახლში ცოლთან დარჩენას ამჯობინებდა). ფრენჩს განსაკუთრებულ პერსონაჟად მოვალეობის იმგვარი სიყვარული აქცევს, რომელიც გამორჩეული ტკივილის ატანისკენ უბიძგებს; იგი მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც დანარჩენებიც გააკეთებდნენ, თუკი ისეთივე მშვიდი გულმოდგინებით იქნებოდნენ დასაჩუქრებულნი (ალიბის მცირე სისუსტეების შემოწმება, რომლებიც სხვების უზრუნველმა სისწრაფემ გამოტოვა), როგორც თავად. ფრენჩი ჭკუაში სჯობნის მკვლელს – ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი იმდენად ტკივილგამძლე არაა, რამდენადაც თვითონ და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მკვლელი მარტო მოქმედებს მაშინ, როცა ფრენჩს საკუთარი მოვალეობების შემსრულებელი სამყაროს ყველა უდანაშაულო ადამიანი უდგას გვერდით (მაგ. ფოსტალიონი, რკინიგზის კლერკი, მერძევე და ა.შ., რომლებიც შემთხვევით შეესწრებიან სიმართლეს).

 

მამა ბრაუნი 

 

ჰოლმსის მსგავსად მოყვარული, ფრენჩის მსგავსად კი არაინდივიდუალური გენიოსია. მისი, როგორც გამომძიებლის, ქმედებების უმთავრეს ნაწილს მისი, როგორც ადამიანთა სულებზე მზრუნველი მღვდლის პოზიცია წარმოადგენს. მამა ბრაუნის პირდაპირი მოტივი თანაგრძნობაა, რომელსაც დამნაშავეები უდანაშაულოებზე მეტად საჭიროებენ და ამიტომ, ბრაუნი მკვლელობას არც საკუთარი თავის და არც უდანაშაულოების, არამედ მკვლელის გამო იძიებს, რომელსაც აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში, სულის გადარჩენა შეუძლია. ბრაუნი საქმეებს არა მეცნიერის ან პოლიციელის ობიექტურობით, არამედ საკუთარი თავის მკვლელად წარმოდგენით ჭრის – პროცესით, რომელიც კარგია არამხოლოდ მკვლელის, არამედ თავად მამა ბრაუნისთვისაც – როგორც იგი ამბობს, “ეს ადამიანს სინდისის ქენჯნას წინასწარ უჩენს.”

ჰოლმსსა და ფრენჩს მკვლელების დახმარება მხოლოდ, როგორც მასწავლებლებს, ისე შეუძლიათ, ე.ი. მათ შეუძლიათ ასწავლონ დამნაშავეს, რომ მკვლელობა გამოაშკარავდება და მისი ფასის გადახდა შეუძლებელია. მეტის გაკეთების უნარი ამ ორს არა აქვს, რადგან მკვლელობის ცდუნებას არც ერთი არ გრძნობს – ჰოლმსი ზედმეტად ნიჭიერია, ფრენჩი კი მეტისმეტადაა გაწაფული ღირსეულობაში. მამა ბრაუნს ბევრად მეტი შეუძლია. მას აქვს უნარი მკვლელს, როგორც მაგალითი, ისე დაეხმაროს, ე.ი. ისიც მიდრეკილია მკვლელობისკენ, მაგრამ რწმენის დახმარებით შეუძლია ამ ცდუნებას გაუმკლავდეს.

 

მკითხველი 

 

ყველაზე საინტერესო დეტექტივში ისაა, რომ მას ყველაზე მეტად სხვა ფორმის გასართობი ლიტერატურის მიმართ იმუნური ადამიანები ეტანებიან. დეტექტივზე დამოკიდებულები, ჩვეულებრივ, ექიმები, მღვდლები, მეცნიერები ან ხელოვანები არიან – ე.ი. ინტელექტუალური ინტერესების მქონე საკმაოდ წარმატებული ინდივიდები, რომელთაც საკუთარ დარგში დიდი განათლება აქვთ და ვერასდროს გაუძლებდნენ ვერც Saturday Evening Post-ის, ვერც True Confessions-ის ან კინო-ჟურნალებისა თუ კომიქსების კითხვას. თუ საკუთარ თავს შევეკითხები, რატომ ვერ ვიღებ სიამოვნებას ძლიერი უტყვი კაცებისა და საყვარელი გოგონების ისტორიების კითხვით, რომლებიც მშვენიერი პეიზაჟის ფონზე სიყვარულით კავდებიან და მილიონი დოლარით საჩუქრდებიან, ვერ ვიტყვი, თითქოს, არც სიმპათიურობის, არც სიყვარულისა და არც სიმდიდრის არავითარი ფანტაზია არ მქონდეს, რადგან ეს ფანტაზიები, რა თქმა უნდა – მაქვს (თუმცა შესაძლოა, ბევრად იღბლიანი ვარ იმით, რომ სხვებთან შედარებით ნაკლებად შურიანი და ნაივური გახლავართ). არა, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სურვილების აბსურდულობას კარგად ვაცნობიერებ და სიამოვნებას მათი ბეჭდურ ანარეკლში დანახვით ვიღებ.

მე, გარკვეულ დონემდე, ნამდვილად მაქვს ამ და სხვა ვნებებთან გამკლავების ძალა, მაგრამ საკუთარი თავის მათგან დაცვის ვალდებულებისგან დახსნა არ შემიძლია. დანაშაულის გრძნობას ჩემში სწორედ ამ ვნებების არსებობა იწვევს იმდენად, რომ მათგან განთავისუფლებაზე ოცნების ნაცვლად, იმ დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლებას ვნატრობ, რომელსაც მათი არსებობის გამო განვიცდი. ეს გარდაუვალია, რადგან დანაშაულის გრძნობა სუბიექტურია და აქ ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი უბრალოდ რედუპლიკაციაა – დანაშაულის გრძნობის გამო, თავის დამნაშავედ გრძნობა. ვეჭვობ, რომ დეტექტივის ჩვეულებრივი მკითხველი, ჩემ მსგავსად, ცოდვის შეგრძნებისგან დატანჯული ადამიანია. ეთიკის გადმოსახედიდან, ვნებები და ქმედებები კარგი ან ცუდია, მე კარგი უნდა ავირჩიო, ცუდი კი – უკუვაგდო, მაგრამ “მე”, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეთიკურად ნეიტრალურია – იგი ცუდი ან კარგი მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხდება. ცოდვის შეგრძნება გადაწყვეტილების საჭიროებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობაა – გრძნობა, რომელიც რამდენად “კარგიც” არ უნდა გავხდე, მაინც არ იცვლება. როგორც პავლე მოციქული წერს: “მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა”.

ამბობენ, რომ დეტექტივებს კანონმორჩილი მოქალაქეები ძალადობრივი ან მომაკვდინებელი ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად კითხულობენ, რადგანაც მათი რეალურად განხორციელება ან არ შეუძლიათ, ან ერცხვინებათ. ეს შესაძლოა, თრილერის (რომელიც იშვიათად მანიჭებს სიამოვნებას) მკითხველზე ითქვას, მაგრამ მცდარია დეტექტივის მოყვარულთათვის, რადგან, სინამდვილეში, დეტექტივით მიღებული ჯადოსნური სიამოვნება მკითხველს მკვლელისგან განყენებულობის ილუზიას უქმნის (რაც დეტექტივს ესკაპისტურ ლიტერატურად აქცევს და არა ხელოვნების ნიმუშად).

ჯადოსნური ფორმულა შემდეგია: უმანკოება, რომელიც დანაშაულს შეიცავს; დამნაშავეობის ეჭვი; და ბოლოს, ჭეშმარიტი უმანკოება, რომლიდანაც დამნაშავე გაძევებულია. წამალი მოქმედებს, მაგრამ არა ჩემი, ან მეზობლების დახმარებით, არამედ გარედან მოსული გენიოსის გასაოცარი ჩარევით, რომელიც დანაშაულს მისი გათქმით აუქმებს. (სინამდვილეში, დეტექტიური ისტორია ეთანხმება სოკრატესეულ ფანტაზიას: “უმეცრება ცოდვაა.”)

თუკი ხელოვნების იმ ნაწარმოებებზე დავფიქრდებით, რომლებიც მკვლელობას შეეხება, მაგალითად, “დანაშაული და სასჯელი”, ვნახავთ, რომ ისინი მკითხველს საკუთარი თავის მკვლელთან გაიგივებას აიძულებენ, მიუხედავად იმისა, სურს მას ეს, თუ – არა. წარმოსახვითი იდენტიფიკაცია ყოველთვის ტანჯვის თავიდან არიდების მცდელობაა – ხელოვნების იდენტიფიკაცია კი სხვისი ტანჯვის იძულებით გაზიარებას გულისხმობს. კაფკას “პროცესი” კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ რა განსხვავებაა ხელოვნების ნიმუშსა და დეტექტიურ ისტორიას შორის. დეტექტივში დანაშაულის არსებობა ფაქტია, თუმცა დროებით გაუგებარია, ვინ არის პასუხისმგებელი მასზე, ხოლო როგორც კი სიმართლე ირკვევა, ყველაფერი ნათელი ხდება (დანაშაულის არარსებობა რომ დამტკიცებულიყო, ყველა უმანკო იქნებოდა). მეორე მხრივ, “პროცესში” ცხადი მხოლოდ დანაშაულის გრძნობაა და გაუგებარია, ნამდვილი დანაშაული არსებობს, თუ – არა. აქ გამოძიების მიზანს არა გმირის უმანკოების დამტკიცება (რაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მან იცის, რომ დამნაშავეა), არამედ იმის დადგენა წარმოადგენს, გაუკეთებია თუ არა მას რაიმე ისეთი, რაც დამნაშავედ აქცევდა. კ – მთავარი პერსონაჟი – სინამდვილეში, იმ ადამიანის პორტრეტს წარმოადგენს, რომელიც დეტექტიურ ისტორიებს რეალობისგან გასაქცევად კითხულობს.

შესაბამისად, ფანტაზია, რომელსაც დეტექტივზე დამოკიდებული მკითხველი ეძლევა, ედემის ბაღის უმანკო მდგომარეობაში დაბრუნების ილუზიაა, სადაც სიყვარული სიყვარულია და არა – კანონი. ამ ოცნებას დანაშაულის გრძნობა წარმართავს, რომლის მიზეზიც მეოცნებისთვის დაფარულია. ესკაპიზმის სურვილიც იგივეა, განურჩევლად იმისა, ქრისტიანული, ფროიდიანული თუ სხვა რომელი ტერმინით აღვწერთ მას. ხოლო ის, თუ როგორ გაუსწორებს ადამიანი თვალს რეალობას, რა თქმა უნდა, სრულიად მის რწმენაზეა დამოკიდებული.

© არილი

Facebook Comments Box