Uncategorized,  პოეზია

ეკა ქევანიშვილი – ავად გახდაო, მამაშენი და სხვ. ლექსები

 eka kevanishvili

ავად გახდაო, მამაშენი

მამაჩემს ფეხი ასტკივდა.

ცოტა წაუყრუა,  ცოტა მოითმინა.

ერთი-ორჯერ მუშტი დაჰკრა მაგიდას, სიბერეს შეუკურთხა

მერე დაგვიჯერა და წამალი დალია.

მამაჩემს ფეხი ასტკივდა.  თქვენი მამების არ ვიცი და,

ჩემთვის ეს სასწაულია –  მამაჩემს არასოდეს არაფერი სტკენია.

მიიხედ-მოიხედა, ბარს წამოავლო ხელი, წაქცეული ღობე შეაკეთა,

წითელი ღვინო გადაჰკრა,  შეშა დაჩეხა.

არ იკლო ტკივილმა, პირიქით.

დაღონდა მამაჩემი, სხვა ქალაქში წავიდა ექიმთან.

ისე, არაფერი უთქვამს.

დედაჩემმა ჩუმად დარეკა, ექიმთან წავიდაო მამაშენი.

დედაჩემი ხშირად არის ხოლმე ავად.

ხმა კი ასე არასოდეს გაბზარვია:  ექიმთან წავიდაო, მამაშენი.

ავყვირდი, სხვა ქვეყანაში გადახვეწილ ძმას დავურეკე,

დაზღვევა. გავიქაჩეთ.  აბა, სასწრაფო ოპერაცია…

შვილობამ გაიღვიძა. უარესის შეგვეშინდა.

მამაჩემმა კი,  ერთი შემოგვხედა შეფუცხუნებულებს,

ჯიბეზე ხელგაკრულებს.

შემოგვხედა და გავხდით ისევ სამი წლისები.

ჯერ არაო, თქვა მამაჩემმა, არ გამიბედოთო.

და წელგამართულმა გაიარა.

 

ბატონო პრემიერო. და მინისტროც

გამარჯობა, ბატონო პრემიერო.

ჩემი ოცნებაა, შეგხვდეთ და ვნახო, როგორ ჭამთ.

მაშინ, როცა არავინ გიყურებთ. არც ტელეკამერები.

გამარჯობა.

ძალიან მინდა დავინახო, რომელ ხელში გიჭირავთ ჩანგალი,

ბატონო პრემიერო და მინისტროც.

ორივე ყბით ღეჭავთ თუ ცალით.

მაინტერესებს, რომელი ქვეყნის მეტრო გიყვარდათ,

გასაგებია, რომ ამ ქალაქის გძულდათ, მაგრამ რომლის გიყვარდათ?

თუ ოდესმე ასეთი რამ მომხდარა – ადამიანური სიყვარულები თუ გქონიათ.

სისუსტეებიც – მაგალითად, ქუჩაში ჰოთ-დოგის კბეჩა.

ბატონო პრემიერო და მინისტროვ,

გუშინ თქვენზე დიდი ჩინოსანი სხვა ქალაქის პარკში შემხვდა,

გვერდით ჩამიარა.

მშვიდად გავაგრძელე ნაყინის ჭამა – არავის გავუგდივარ იქიდან მუჯლუგუნებით

არც ბეტონის შენობები მდგარა იმ პარკში,

მინდორზე შეყვარებულებს ეძინათ.

გამეფიქრა, ნეტა ჩემი პრემიერიც ხედავდეს.

ნეტა ჩემ პრემიერსაც გაახსენდეს.

ათასობით ადამიანი საკუთარი ფანჯრებიდან ხეების ნაცვლად

ახორხლილ შენობებს რომ უყურებს. შენობებს სუნთქავს.

ბატონო პრემიერო, ისე მაინტერესებს,

სადაც არ გიცნობენ, იქ მაინც თუ შეგიძლიათ

მარტო სიარული, ადამიანივით?

და ტანსაცმელს თქვენით ყიდულობთ

თუ უკვე ეგეც სხვების საქმეა?

ნეტა, როგორია ბატონო პრემიერო,

უცებ ნიგვზიანი ბადრიჯანი რომ გინდება და

ხიზილალის მოცუცქნული ბუტერბროდები უნდა მიირთვა –

რომელიმე იდიოტურ მიღებაზე.

ნეტა, ფეხები თუ გეყინებათ ბატონო პრემიერო.

რავიცი, რამე ჩვეულებრივი მინდა გკითხოთ.

მაგალითად, თქვენი მამა რომ მაღაროში მუშაობდეს და

უცებ მაღარო ჩამოინგრეს, რას იგრძნობდით.

მარტივ რამეებს გეკითხებით, ბატონო პრემიერო და მინისტრო.

რა კარგი იქნებოდა არა, ისეთ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა,

სადაც ეკლესიის არ შეგეშინდებოდათ.

უნიჭო პოეტების საღამოებზე რომ არ დადიოდეთ.

როკს უსმენდეთ და ხანდახან ქუჩაში მოტოციკლეტით გხედავდნენ.

ყველა ადამიანს ცალ-ცალკე იცავდეთ.

უმრავლესობა გეკიდოთ.

ნეტა, როცა პრემიერი აღარ იქნებით, რამდენი ფული გექნებათ დაგროვილი?

სამოქალაქო სექტორში თუ გადახვალთ…

იქიდან კრიტიკა მოდაშია.

ბატონო პრემიერო.

 

აღდგომა თუ დღესასწაულია

იყიდეთ კვერცხები, ხელით მოხატული ჭრელი კვერცხები,

აღდგომა მოდის,  – გაჰყვირის ქალი ჭრელი წინსაფრით.

მოხატულ კვერცხებს ხელში ატრიალებს.

დგას კვერცხების გამყიდველი ქალი

ქუჩაში საგანგებოდ გამოგორებულ სარეკლამო დახლთან, წარწერით:

ერთი კვერცხი –  სამოცი კრონა.

ვფიქრობ, ვიყიდი ერთ ცალს,  ჩავდებ ჭიქაში,

დავდგამ გამოსაჩენ ადგილას და ხანდახან სტუმრებს ვეტყვი – ნაყიდია პრაღაში.

ჩემთვის კი გავიფიქრებ,

აღდგომა, ალბათ, დღესასწაულია,

როცა საკუთარი მკვდარი არ გყავს.

 

ოჯახის გაგებისთვის

რა თქმა უნდა,  შეგვეძლო კართან ვიღაც დაგვება და გვყოლოდა.

ვინც ხანდახან იყეფებდა,  ხანდახან ფულსაც მოიტანდა,

ხან დაგვაწიოკებდა, მყრალ წინდებს ცხვირწინ დაგვიყრიდა.

ხანდახან, იქნებ ვყვარებოდით კიდეც.

რა თქმა უნდა.

შეგვეძლო ერთი კაცი გვყოლოდა ოჯახში,

ოჯახი რომ დაგვრქმეოდა.

ხანდახან ჩაქუჩს დაიჭერდა ხელში,

ეზოს მოცლილები მიესალმებოდნენ,  ავტოფარეხი გვექნებოდა!

ასე მარტო მაინც არ ვიწანწალებდით – სხვების თვალში.

ზამთრის გაყინულ საღამოებში – მანქანიანი კაცი მოგვაკითხავდა.

ტაქსის მძღოლები არ გაგვჭორავდნენ.

ნათესაურ შეკრებებზე თანაგრძნობის მზერებს ავიცილებდით,

გვყოლოდა ერთი ვინმე კაცი,

გდებულიყო, –  გარეუბანში ნაყიდი ბინასავით.

ჩვენც ხომ გვერქმეოდა  – ოჯახი.

მერე რა, რომ ჯოჯოხეთივით სიბნელეში ვიცხოვრებდით,

სადაც ცალ ფეხზე დგახარ და არც ერთი ცოდვა არ გავიწყდება.

 

სიბერის გამო

ვაიმე, როგორ დაბერდა დედაჩემი.

ვაიმე, ვაიმე.

როგორ მოიხარა მხრებში დედაჩემი.

როგორი უხეში თითები გაუხდა დედაჩემს, უნდა ვუთხრა.

სირცხვილია, დაუნახავენ.

როგორი მოწყენილია დედაჩემი.

უფრო კი, ზამთრის ადრე დაღამებულ დღეებში,

ზის დაგრძელებული ხელებით და თვალებით თავის ოთახში

და დროდარო კრეფს ჩვენი ტელეფონის ნომრებს.

ჩვენ ვუთიშავთ, არ გვცალია.

რა უნდა გვითხრას დედაჩვენმა საინტერესო?

ვპირდებით, რომ ხვალ დავურეკავთ.

მასაც სჯერა და გველოდება.

მაღალ ქუსლებს ვეღარ იხდენს დედაჩემი,

მტვრიანები მიუყრია ძველ კარადაში.

რამდენჯერ ყოფილა, მის წითელ ფრანცუზკებში

გავთხოვილვარ სარკის წინ.

სხვათა შორის, წარმატებულად და მდიდარზე.

თვალებს აღარ იღებავს დედაჩემი,

ბუნებრივი მუქი ჩრდილები მოიხდინა.

თმა ფერფლისფერი გაუხდა, ტუჩები დაელია.

სერიალებს უყურებს დედაჩემი.

საათს აღარ ატარებს დედაჩემის ლამაზი მაჯები.

ჩემი ძმის ცოლს ელოდება დედაჩემის ბეჭდები.

ძროხის სუნი ასდის დედაჩემი ხალათებს.

ხალათები ჩაიცვა დედაჩემმა!

ტალახიანი ბოტები ჩაიცვა დედაჩემმა.

ჩვენს მაგივრად, ლობიოს ზრდის დედაჩემი.

სიმინდს ელოლიავება, ხბოს არქმევს სახელებს.

ფეხმოტეხილ წიწილებს დასტირის.

სტუმრად აღარ დადის დედაჩემი.

ფერადკრემიან ნამცხვრებს აღარ აცხობს.

წითელკრემიანებს. არც მე მემართება წითელა.

იშვითად ჩამოდის დედაჩემი თავის ქალაქში და მაშინაც იკარგება.

პანაშვიდებზე ჩამოდის დედაჩემი.

ვეუბნები, რომ არსად წავიყვან,

თუ ძველებურად ლამაზად არ ჩაიცვამს და

ისევ ისეთი არ გახდება,

როგორიც გავიცანი.

მე ვეუბნები,

რა ჯანდაბად გამზარდე ასე,

რომ დაბერდი, დედაჩემო.

 

რუკა და სიყვარული

ყველა ამბავი, რაც კი ოდესმე გადამხდენია,

უცხო ქალაქის რუკას ჰგავდა.

პირველივე უცნობ ქუჩაზე ბრმად რომ გადაშლი.

კალეიდოსკოპს თითქოს ჩახედე, ისე ჭრელია.

მეტროს, ტრამვაის დაქსაქსულ ხაზებს ზოგან მდინარე,

ზოგან არხი ან ხიდი კვეთს და,

შენი  სადგურის მიგნებამდე, რუკაც იხევა.

სანამ ქუჩებს დაიმახსოვრებ, გამქრალია მთელი ქალაქი.

ასე იყო ყველა ამბავში.

და ბევრ ხალხში დაკარგვის შიშიც, აქედან დამრჩა.

ბევრ ხალხში ისე ჩადგომის შიში,  რომ ვეღარავინ დაგინახოს,

რომ ხელები დიდხანს აქნიო, ხალხი კი შენში,

ჯადოსნური სარკესავით  შემოდიოდეს.

მინდა დამთავრდეს ის ამბები. გზისარევის.

მინდა ისრები არ მჭირდებოდეს შენს ცხოვრებაში გამოსაგნებად.

 

კაპიტულაცია

ეს ჩემი სურვილი იყო – არაფერი მელაპარაკა შენზე.

ერთწლიან ცივ ომსა და დუმილით დაბომბვაზე.

ჩემს საბოლოო კაპიტულაციაზე.

მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი  გაბედული –

საკუთარი მარცხი ჩემივე პირით მეღიარებინა.

და არც ასე დიდსულოვანი – გაშვებულისთვის  ბედნიერება მესურვებინა.

არც ისეთი ღირსეული,  დამემალა,

როგორ წვეთავდა მუცელში სისხლი, როცა წახვედი.

ეს ჩემი სურვილი იყო. და გადაწყვეტილებაც,

დამეფალი საერთო საძმო სასაფლაოზე,  უსახელოდ, აბრის გარეშე,

და არავის სცოდნოდა, სად გაქრი.

ეს ჩემი სურვილი იყო,

მეც ვეღარასოდეს მომეგნო.

 

ტკბილით მკურნალობის წესი

ამაზე სევდიანი რა უნდა იყოს,

გადააწყო ლამაზი ჭრელი კაბები შენი ბიჭის ჩემოდანში და გაატანო.

რაში გჭირდება!

დაიტოვო ჯინსები, ბოტასები – საწანწალო.

საფრიალო – გაატანო.

მის შარვლებსა და პერანგებს შორის გააკვეხო. ასე გაყვე, გააცილო.

ამაზე უფრო სევდიანი უცხო ქალაქში მარტო დარჩენაა,

როცა ბიჭი სახლში ბრუნდება.

ასეთ დროს,

არის ერთი, ბევრი გამოსავლიდან საუკეთესო – ტკბილეულით მკურნალობა.

ჩემზე ჭრის – საღამოობით კრემიანი კრუასანების გულისრევამდე  ჭამა.

მუსრის გავლება შოკოლადის მთებისათვის. შაქრად გადაქცევა.

სანამ შენი საწანწალო ჯინსი,

მუხლებსა და თეძოებს შორის უხერხულად არ გაიჭედება.

მაგრამ აქ უკვე სხვა დარდი იწყება და,

მასზე უფრო სევდიან ამბავს, გადასარჩენად,

მერე მოვიფიქრებ.

გოგო, რომელიც ვაშლის ხეს გაზრდის

ცოლად შვილიანი ქალი მოიყვანა.
თქვეს გოგოზე, რომელმაც მუცლიდან ვაშლის ხე გამოიღო და დარგო.
ხემ კი მოისხა ოქროს ვაშლები.
შვილიანი ქალი შეიყვანა ოჯახში.
თითქოს შავი ჭირი გავრცელდა,
თითქოს დაობდა სახლის კედლები.
მწუხარებით იუწყება ნათესაობა გოგოზე,
ვინც დიდი ხნის წინ, ისე მოხდა, სხვასაც უყვარდა.
შვილიანი ქალი. შვილიანი ქალი.
ჩურჩულებს მთელი სამყარო.
უხერხულად იშმუშნებიან ნათესავი კაცები.
თავებს აქნევენ ნათესავი ქალები.
პანაშვიდებზე, პურის რიგში, ავტობუსის გაჩერებებზე.
ჩურჩულებენ – შვილიანი ქალი,
შვილიანი ქალი.
ნწ.ნწ.ნწ.ნწ.
ხმამაღლა თქმა აკრძალულია.
გოგოზე, რომელმაც ვაშლის ხე გააჩინა და ზრდის.
უთენია აღვიძებს და მიჰყავს სკოლაში.
მერე რომელიმე კაფეში ჯდება, ფეხებს აქანავებს და შესაძლოა,
ამ ლექსსაც წერს.
შვილიანი ქალი – გამოუტანეს განაჩენი გოგოს,
რომელიც ვერასოდეს მიხვდება, რას ერჩიან.

არაფერი

ყველა საღამო მთავრდება ასე.

განსაკუთრებით ზამთრებში.

სახლს როგორც კი ვუახლოვდები, ფეხს ვუჩქარებ,

ლიფტში მინდა შევასწრო დამთავრებულ დღეს.

და უცებ ფეხები მიმძიმდება – თითქოს წისქვილის ქვები შემაბეს,

მიწაზე ეჭედება.

ადგილზე ვრჩები: პურის მაღაზიასა და საბავშვო სკვერს შორის.

უპატრონო კატების გუნდივით მეხვევიან

იმ დღის ამბები –  დაგვწერე, დაგვწერე, შემომჩხავიან,

მე კი არაფერი მაქვს მოსაყოლი.

დიდი ხანია აღარაფერზე ვდარდობ ისეთზე, რაზეც დავწერდი.

დიდი ხანია მივატოვე,

დიდი ხანია პირიქითაც, წავიდა ჩემგან.

შევეგუე, დედა ბერდება,

იდეალური სამსახური, ვიცი, მითია.

თევზი თავიდან აყროლდება, ესეც გავიგე და რომ

შვილები უნდა გაუშვა.

ფულიც ილევა.

მართლა არა მაქვს მოსაყოლი.

მხოლოდ ეს წამი. ეს მაღაზია. ეს ზამთარი.

პური და კოკა კოლა

მოვიტანე სახლში პური და კოკა-კოლა.
თუ გგონიათ, ეს ლექსის თემა არ არის, ძალიან ცდებით,
იმიტომ, რომ ეს ლექსი არის არჩევანზე.
დარჩენილი ორი გროშის გაყოფაზე.
იმიტომ რომ, პური არსობისაა და კოკა-კოლა – მსოფლიო ცდუნების.
ხოლო დანარჩენი ტკბილეული, ანაც, სანოვაგის ჩანთიდან ამოჩრილი მწვანე ხახვი და ტარხუნა და გაზაფხულის შუშა კიტრიც არის ხანდახან ფუფუნება.
განსაკუთრებით მწერლისთვის, რომელმაც ამ საღამოს
შეიარა მწერალთა სახლში, ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციაზე, რამე კბილის გასაკრავის იმედით.
მაგრამ ამჯერად იქ იყო სხვა ბევრი მისნაირი მწერალი,
რამდენიმე წიგნი და მუსიკა.
ახალი წიგნის ავტორმა კი ჩაიკითხა განცხადება
ქვეყნის პრეზიდენტის,
პრემიერის, კულტურის მინისტრისა და სხვათა სახელზე,
რომლითაც მშიერი მწერლების და პოეტების გადარჩენას მოითხოვდა.
მე მოვაწერე ხელი ამ განცხადებას და წარმოვიდგინე, რომ
ცოტათი მეტი ფული მედება ჯიბეში ხვალ
და ამიტომ, პურთან ერთად, გავბედე და ვიყიდე კოკა-კოლაც.
რომელიც, როგორც ამბობენ, მსოფლიო ცდუნებაა.
მე კი უბრალოდ მიყვარს.

სუიციდი

უნდა დავსხდეთ მე და შენ, ჩემო თავო და ვაღიაროთ:
ჩვენ ერთმანეთის ატანა აღარ შეგვიძლია.
მე დაწოლა მინდა, შენ დგები, მე კაცი მიყვარდება – შენ მისგან გარბიხარ.
უნდა ვაღიაროთ, წერაც აღარ გამოგვდის.
მე ვწერ, შენ შლი.
მე მომწონს, შენ გეცოდება.
უნდა ვაღიაროთ და
დავშორდეთ მშვიდობიანად.

© “არილი

Facebook Comments Box