პოეზია

ეკა ქევანიშვილი – დღეს დედაჩემი დააგვიანებს და სხვ. ლექსები

eka kevanishvili

დღეს დედაჩემი დააგვიანებს       

დღეს საღამოს, დედა ისევ დააგვიანებს.

მე – ფანჯარასთან უნდა ჩავსაფრდე და ველოდო,

როდის იქცევა ბუზისხელა  წერტილი – დედად.

სად არის ამდენხანს, იბუზღუნებს ბაღის მომვლელი, საქსოვზე ჩათვლემს.

დედის მოსვლამდე ფანჯრის მინას ავაჭრელებ ფიფქების ხატვით.

მინას ნუ სვრი, გამომძახებს მომვლელი და

მარჯვენა თვალს გველეშაპივით უცებ გაახელს,

ფანჯარას ნუ სვრი!

უცნაურია, რატომ ჰგონიათ ბაღის მომვლელებს ფიფქები ჭუჭყი?

ან გუშინ ლელა გაბრიჭიძე რატომ დასაჯეს?  –

თავი სუნიან მაგიდაზე მხოლოდ იმიტომ დაადებინეს,

მაკარონის სუპის შეჭმა რომ გადაიფიქრა.

დედა, შენ დაგიხატე ეს ფიფქები, ამას ვეტყვი როცა მოვა,

მე ამ მომვლელის არ მეშინია.

დედა, გავძლებ ხოლმე, შენ არ იდარდო, თუკი ისევ დააგვიანებ.

თათბირი გაგრძელდა, დაღლილი ხმით მომიბოდიშებს.

ჩამკიდებს ხელს და გავუყვებით თოვლიან ქუჩას.

მომიყევი, დღეს რა გადაგხდა, მეტყვის.

დედაჩემის ხელები თბილია – ეს კი  ნახევარსაათიანი ზღაპარია,

როცა პატარა ქალაქის ქუჩას აუჩქარებლად მივუყვებით,

სახლისკენ.

დღეს ნიკოს დაბადების დღის ტორტი

სულ მასწავლებლებმა შეჭამეს, დედა.

ჩვენ კი პატარა, თხელი ნაჭრები ჩამოგვირიგეს.

მივჭრაჭუნებთ ყინვაში ფრთხილად, საბავშვო ბაღიდან.

პატარა ქალაქებში ასეთ დროს ფრთხილად გადაადგილდებიან  –

მოცურების საწინააღმდეგო ნაბიჯებით.

რა კარგია ხანდახან ასე ნელა სიარული დედასთან ერთად,

ხვალაც ნეტა დააგვიანოს,

რამდენ ამბავს მოვუყვები.

და მხოლოდ ჩვენი ხმა გასერავს ზამთრის საღამოს სიყრუეს.

მე მიყვარს ასე სიარული, დაღლილ დედაჩემთან.

ზოგჯერ  კისერი მეღრიცება, უკან ვიყურები და ვხედავ –

რა მალე ფარავს თოვლი ჩვენს ნაფეხურებს.

 

 

ნაცრად ქცევის

 

ხანდახან ვფიქრობ, ისეთი სიყვარული რომ შემეძლოს,

როგორც ათი წლის წინ, დღის ბოლოს ნაცარი დავრჩებოდი.

ის ბიჭი, რომელიც მიყვარდა, საჩხრეკით უნდა მდგარიყო და

გადარჩენილი ნაკვერჩხლიდან აღვედგინე.

ვიცი, დაღლიდა სულის შებერვა, მიმატოვებდა.

ასეთი სიყვარული ჯობია – ცხელა, ცხელა…

და როგორც აგვისტოს რომელიმე გამთენიას –

უცებ წამოუბერავს გრილი ნიავი.

 

რატომ არ ვუყვარდი

 

ხანდახან მგონია,

ვიღაცას რაღაცას დავპირდი და არ შევასრულე.
შევძვრები პირად შეტყობინებებში და მოვყვები ბოლოდან.
ვკითხულობ სიფრთხილით, დაჟინებით.
ვინმეს უპასუხო კითხვა ხომ არ დავტოვე.
ვინმე უკან ხომ არ გავაბრუნე.
მგონია, რომელიღაც უკაცრიელ სოფელში

ვიღაც დამრჩა მარტო, თავსხმაში.

მე კი გზა მშვიდად გამოვაგრძელე.
ვიღაც უხეიროდ მივატოვე.
ხანდახან საქმიან წერილებში მინდა ვიპოვო პასუხი,
რატომ არ ვუყვარდი.

 

 

ტორტის ჭამა

 

ზოგჯერ ძალიან კარგად მესმის ჩემი მეგობარი თოფურიასი,
რომელიც ჩუმად მიდის,

ერთ ნაჭერ ნამცხვარს ყიდულობს და ჭამს.

მე კი ვეჩხუბები, ეგ რაღა დიეტაა, შოკოლადი გაგასუქებს,

აღარავის მოეწონები!

მას კი რკინის არგუმენტი აქვს – ტკბილი სჭირდება.
მეც ასე ვარ, როცა ხანდახან სიყვარული თავდება და მწარე გემო რჩება,
უახლოეს საკონდიტროში გავრბივარ და

ტორტის ყველაზე დიდ ნაჭერს შევექცევი,

ისე, რომ არავინ დამინახოს.
ხანდახან ძალიან კარგად მესმის მწარე ადამიანების,

ტკბილის გარეშე ცხოვრება რომ არ შეუძლიათ,

ჩემსავით.

 

უნდა დავშალო

 

უნდა დავშალო, – თქვა მამაჩემმა და ვერ დაშალა.

ზამთრამდე სახლი უნდა დავშალო, თოვლი ჩაანგრევს –

უნდა მე მოვკლა, ვიდრე თავისით გადაწყვეტს სიკვდილს.

ვერ დაშალა, ძალა არ ეყო, უცებ ყველა ხელოსანი გახდა ავად,

ფულიც გათავდა.

წავალ, ვნახავ, თქვა მამაჩემმა გაზაფხულზე,

ვინმე ხომ არ გადაიპარა. ფიცარი ხომ არ შეხსნა ღობეს,

ძველ ბუხარში ხომ არ გამოწვა ჩემი ბავშვობა.

წავიდა, ნახა, მობრუნდა, დაჯდა გადაჭრილ ხეზე:

უნდა დავშალო.

ისე მძიმედ გაიმეორა,

თითქოს იმ სახლის სახურავი ჩამოეთრიოს მხრებით ბარამდე.

ხის კედლები უნდა დავხსნა, დავაწვინო, გამოვაზამთრო.

ასე იძახა, წრეები ურტყა მოგონებებს, შეუყენა საყრდენი ბოძი

და ვერ დაშალა.

ვერ შეეხო – თითქოს სახლი ფეხებდამტვრეულ  სხეულად იქცა

განძრევა რომ ვერ გაუბედავს.

 

თითქოს სახლმაც უკვე იცის ეს ამბავი.

იცის და უკვე მერამდენე ზამთარია მძიმე თოვლს უძლებს.

აღარ ინგრევა.

 

 

ზღარბი ამბები

 

ზოგი ამბავი ნამდვილი ზღარბივითაა,
დაწერას რომ დავუპირებ,
დამრგვალდება ხოლმე და საკმარისია ხელი შევახო,
მსუსხავს.
გავუშვებ ხელს, გამოყოფს ისევ თავს, შემომხედავს,
მიყურებს, მიყურებს – მინდა ისევ დავწერო, სანამ მახსოვს და
სანამ მტკივა და არ მინდა გადამავიწყდეს,
მინდა სხვებსაც მოვუყვე, რომ მათაც არ დაესუსხოთ ხელები,
რომ სხვები მაინც გადარჩნენ.
ფრთხილად მივწვდები ხოლმე და ისევ ეკლებად მრგვალდება.
მერე ეს დამრგვალებული ეკლიანი ამბები ყველგან დაგორავს, სადაც კი გავივლი და მოსვენებას არ მაძლევს.
ასე ვუჯახუნებთ კარს ერთმანეთს
მე და ჩემი წარსული.

 

 

ერთხელ, ეკა ქევანიშვილმა

ეკა ქევანიშვილს ერთ დღეს ძალიან მოუნდა ლექსი დაეწერა.

ლექსი უნდა ყოფილიყო ერთ დიდი მიწისძვრაზე, რომელიც პატარა ქალაქში მოხდა.

მაგრამ იფიქრა, ამ ერთ ხელ სარეცხსაც გავრეცხავ და მერე.

იფიქრა, ამ ერთ კერძსაც მოვათუხთუხებ. რაღა დარჩა –  დავჭრათ მწვანილი.

ბარემ გადავფენ  სუფთა თეთრეულს, თოკებზე გადავეკიდები,

სარეცხის ათი სარჭიდან სამი რიტა ესებუას აივანზე ჩამივარდება.

ხანდახან საცვალიც. რა მოხდა.

იფიქრა, მოდი, ბარემ მტვრიან წიგნებსაც გადავუსმევ ტილოს, თან გადავშლი –

თითო წინადადებით გავიხსენებ ამბებს,

შევძვრები ძველ თავგადასავლებში – საქმეც გაკეთდება, წაკითხვაშიც ჩამეთვლება.

ლექსს მანამდე თავში დავწერ, იფიქრა ამ ჩვენმა ეკა ქევანიშვილმა,

რომელიც ერთხელ, ერთი ტელევიზიის ერთი სიუჟეტის ტიტრში

ახალგაზრდა ქართველ პოეტად მოიხსენიეს.

მერე იფიქრა,

გადასაყრელი ნაგავი თუ დასაწერი ლექსიო,

საშინაო ტანსაცმელზე საგარეო პალტო მოისხა და კიბეზე დაეშვა ნაგვის ცელოფნით.

ლექსი კი ეჯაჯგურებოდა, სურდა მისი თავიდან გადმოხტომა,

ამდენი ხანი ვის გაუგია ჩემი თრევა, არ გაწუხებ მაინცო?

ეკა კი ეუბნებოდა, ცოტაც მოიცადე, ნახე, თონის პურებს აცხობენ,

ბარემ სახლში გავიყოლოთ, ბარემ საქმეს მარილი მოვაყაროთო.

სახლში მისულს  საუთოო გორის რევოლუცია დახვდა,

აბობოქრდნენ პერანგები, მაისურები – ჩვენ რა დავაშავეთო, ორი კვირა ასე ვყრივართო.

კარგიო, უთხრა პოეტმა ეკა ქევანიშვილმა,

კარგით თქვე ძალით დაჭმუნულებოო და შეუდგა მათი ხასიათის გამოსწორებას.

ლექსი კი იწერებოდა, იწერებოდა თავში,

ფრაზას ფრაზა ცვლიდა – თითქოს ხელახლა იძრა მიწა და აი,

როცა წერტილის დასმის დრო მოვიდა, კარზე ზარიც გაისმა.

მოვიდა მშიერი კაცი, სამსახურიდან დაღლილი და დაჯდა სამზარეულოს მაგიდასთან.

ბარემ ვაჭმევ, იფიქრა ეკა ქევანიშვილმა და გამოაწყო და გამოაწყო

ერთი საათის წინ მოთუხთუხებულები.

ბარემ ჭურჭელსაც დავრეცხავ, იფიქრა.

და დარეცხა.

და დააუთოვა.

და დაალაგა.

და გადაწმინდა.

და დაწერა აი, ეს ლექსი – იმ ლექსზე, რომლის დაწერაც

ძალიან უნდოდა ეკა ქევანიშვილს.

 

ისდაბდღე

 

ის – დაუვიწყარი დაბადების დღე იყო – უსაშინლესი.

ცარიელი –  მაგიდასთან მისი ადგილი.

სუფრის შუაში, როგორც მთავარი სანახაობა,  არ იდგა დიდი თაიგული,

ხოლო მოსვლა, დაგვიანებით, არ გამხდარა დღესასწაულის ფეიერვერკი.

არც მისი სიტყვით დაწყებულა ზამთრის ის დღე – ცივი, უთოვლო.

მოვიდა მხოლოდ შუაღამით, ყველაფერი როცა დამთავრდა.

მეკეთა უკვე წინსაფარი. ვურევდი ცრემლებს მდუღარე წყლის ჭავლს,

ჭურჭლის გორას რომ დასდიოდა.

მოვიდა. დადგა. უხერხულად ჩაიყო ხელი შარვლის ჯიბეში,

მომაწოდა ფულის დასტა და მითხრა, წადი,

იყიდე რაც გაგიხარდება.

მეორე დღეს,

მე ვიყიდე ბილეთი

და მისი ცხოვრებიდან წავედი.

 

 

ტკივილებმა იმატა

 

ტკივილებმა იმატა.

იბარტყა, გამრავლდა, მოედო თავს და ზურგს და ფეხებს.

გული ხელზე დაიხვია.

ძარღვებს შემოეჭდო, არ მოეშვა, შემოეკვანძა.

ხან ხელი ავუქნიე, ხან გავაგდე, ხან თავი მოვიკატუნე, არ მტკივა მეთქი,

არ წავიდნენ.

ყველა სიყვარული დამთავრდა, ყველა კაცი წავიდა,

ყველა ქალმა ქუდი დაიხურა,

ყველა დიდმა კარი გაიხურა, ყველა პატარამ თავი გაითავისუფლა.

ესენი კი ერთგულად დგანან და მყარაულობენ.

იციან, რომ მარტოობის მეშინია.

 

არ მოკვდეთ, შემთხვევით

 

იმ დღის მეშინია, რომელიმეს სიკვდილს რომ გავიგებ.

ერთი მეორესთან დარეკავს და აღარ არის –  მესამეზე ეტყვის.

დიდხანს გაბმული დუმილი იქნება – დაუჯერებლობის შუქნიშანზე დგომა.

ჩვენთანაც მოვიდა სიკვდილი – ეტყვის პირველი მეორეს და

ჩუმად იტირებენ ტელეფონის ყურმილებში. მეოთხეს დაურეკავენ.

აღარ არის, წავიდა – გაუმხელენ.

ამ დღის მეშინია, არ ვიცი ვისით დაიწყება – ვინ ვისთან დარეკავს,

მაგრამ წარმოვიდგენ ხოლმე: დიდ სიმშვიდეში,

წიგნის გადაშლის დროს

თუ ჩაიდნის შემოდგმის

თუ დივანზე ჩაძინების სიმშვიდეში რეკავს ცუდი,

რომელიმეს სიკვდილის დაუჯერებელი ამბავი.

ასეთი დღეების მეშინია, წასვლით დაწყებულის და დამთავრებულის –

ტელეფონით გაგებული დასასრულის.

 

თბილისში უნდა მოთოვოს ხვალვე

 

დიდი ხანია არ უთოვია.

დამავიწყდა მუხლამდე თოვლის სითბო როგორ აწითლებს ლოყებს.

თოვლიანი სადენებიდან როგორ ფრთხებიან ბეღურები და ხელოვნური მოდის ნამქერი.

დიდი ხანია ამ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, აღარავის შეუმჩნევია

სულ პირველი ფანტელები გმირულად

როგორ მშვიდად ხვდებიან სიკვდილს რუხ ალფალტზე.

როგორ ასხამენ ტვინს ბეტონის ცათამბჯენებზე – წამში ქრებიან.

დიდი ხანია. საჭიროა. მოვიდეს თოვლი ამ ქალაქში.

თბილისში უნდა მოვიდეს თოვლი!

რადგან თოვლში ყველანი ვჩანვართ.

და ყველაფერი არის უფრო მკვეთრი და ვისაც დაჟინებით უნდა დამალვა,

აღარ  გამოსდის.

ტრიალ მინდორზე ამოზრდილი ყაყაჩოსავით ელავს და ვამჩნევთ.

თბილისში უნდა მოვიდეს თოვლი,

რადგან ჰაერი აღარ ვიცით როგორ გავიყოთ. როგორ გავწმინდოთ

ერთმანეთი  – ერთფეროვნებით.

უნდა მოთოვოს, ალაგ-ალაგ გადარჩენილ მგლოვიარე ხეებს ჩააცვას – თოვლის გროვად გადააქციოს, იქნებ მოჭრა გადაიფიქრონ.

თბილისში უნდა მოთოვოს ხვალვე!

უნდა მოხდეს რამე ზამთრული.

ვინმეს რომ ოდნავ გაუკვირდეს თოვლიან ტოტზე შერჩენილი

ძახველი და კარალიოკი.

© არილი

Facebook Comments Box