პოეზია

ეკა ქევანიშვილი – შეხვედრა პოეტთან სასამართლოზე და სხვა ლექსები

შეხვედრა პოეტთან სასამართლოზე

რა უცნაური ადგილია ამ შეხვედრისთვის.

დაუშვებელიც, გონებაში რომ

ვერ გაივლებ – თუ ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობ, ქვეყნად გადარჩა.

რა უცნაურად აუტანელი პაემანია.

შენ მაგ ადგილას არ უნდა იდგე.

არც მე და სხვები, მეგობრები უნდა ვისხდეთ წესით დარბაზში,

სადაც სუნთქვა ძლიერ გაჭირდა.

შემოსაზღვრული მინის ყუთი და გისოსები

ახშობს შენს ხმას და

ფარად ქცეული ბადრაგი გფარავს,

როცა ხელს გვიწევ.

მერე თვალებით ეძებ შენიანს.

ჩვენც, ჟესტურენადასწავლილები,

ვაფჩენთ პირებს, ხელებით კი ვხაზავთ სივრცეს,

ერთად ვცდილობთ, სიყვარულის ეს უხმო ახსნა

ცივსახიან მოსამართლეს გამოვაპაროთ.

ხოლო უფრო გაბედულები

ხმამაღალი შეძახილითაც გესალმებიან.

ამ სასაცილო და აბსურდულ რიტუალში, სადაც უკვე რამდენჯერ გკითხეს –

გესმის თუ არა ქართული ენა,

სიმწრის ღიმილით პასუხობ დიახს და

ბრაზის ნისლი აგვდის დამსწრეებს.

ხოლო კითხვაზე, იტყვით თუ არა მხოლოდ სიმართლეს, შენ პასუხობ ირონიულ რა თქმა უნდებს.

მე კი ვამატებ გონებაში:

ნახევარი სიმართლისთვის პოეზიაც საკმარისია.

აქ ჟურნალისტის როლი მაქვს და ახლა ცოტა ხნით,

პოეზიაც, მეგობრობაც ამნეზიის ყუთში ჩავკეტე.

რადგან მისია, რაც მაკისრია

შენი სიტყვების, ბრალდებულის პოეზიის გადაწერაა,

ამ დახშულ სივრცეს, უსამართლოს რომ გავარიდო.

ლიფსიტებივით ვყლაპავ სიტყვებს

რომლებიც ისმის ექოდ დარბაზში.

ზოგი მისხლტება.

დგახარ,

არ ჯდები.

და ხან მწვანე, ხან კი წითელი მაისური, რომელიც გმოსავს ალამივით ელავს ჩვენთვის მინის მიღმიდან. როგორც ნიშანი არდანებების.

დგახარ და ვიცით,

ბრალდებულის სკამზე არ ჯდები.

ქართული გესმით? მეასედ გკითხეს, იტყვით სიმართლეს?

აღიარებთ თქვენს დანაშაულს?

ახლა ყველანი ერთად ვიღიმით.

ეს კითხვები სიჩუმეში ისე ტყდება, როგორც ძვირფასი ლარნაკები უცხო

სახლში.

სადაც პირველად

შეხვედი

და დაბნეულმა ხელი გაჰკარი.

როცა გადიხარ, რაღაცნაირად თითქოს იცი, ხვალ რაც მოხდება.

და მანამდეც, სანამ დარბაზში წარმოგიდგენდით ხელბორკილებით,

კარგად იცოდი, როგორ გაგერტყა სილა უწყვეტი უმწეობისთვის.

ჩვენც კარგად ვიცით:

ჩვენთვისაც  დგახარ.

და ჩვენს მაგივრად.

სავალდებულო რეპორტაჟის

წერის გარდა, თავში შენთვის სათქმელ სიტყვებს ვწერ:

არის ადგილი შენს საკანში?

გაქვს ფურცლები და ლექსიკონები,

წიგნი, ფანქარი.

ფანჯრიდან რა ჩანს?

მერცხლები თუ მოფრინდებიან?

დაინახავ ამ სეზონის გაყვითლებული შემოდგომის ერთ ნაგლეჯს მაინც?

და ხო ბევრს დაწერ?

ხომ დაბრუნდები?

აკრძალვა

ჯერ შაქარი აკრძალეს,

შემდეგ მარილი.

არცერთი არ გავაპროტესტეთ.

ჯანმრთელობისთვის  უკეთესია,

ვთქვით და დავთანხმდით.

ცოტა ხნის მერე აკრძალეს ყავა.

სიამოვნების სუნი ჩაკეტეს.

მალე – სინდისიც მიაყოლეს.

ეგ ისედაც ვიღას შემორჩა?

კრება გავმართეთ და რადგან ყველა ვფიქრობდით ასე –

ერთხმად დავდუმდით.

უცებ აკრძალეს შოკოლადი!

აიკრძალა

ბედნიერება.

მერე უკვე ადვილად მიჰყვა:

ნათესავები.

მეგობრები.

სექსი.

ფილმები.

სმა.

პოეზია და

საღამოს გასეირნება.

სიცილი. სევდა.

მოედანზე ერთად დადგომა.

ამიტომ არ გამკვირვებია

როცა ერთ დღეს

მეც ავიკრძალე.

აღარ იყოთ – გამოაცხადეს.

და რადგან მაინც ვარსებობდი,

ჩამომართვეს სახელი, გვარი.

დავრჩი არავინ.

ქვეყანაში,

რომლის სახელიც იყო –

აღარაფერი.

სამსახურიდან გასვლის ლოცვა

არავინ შემხვდეს. არავინ დამინახოს.

არავინ შემხვდეს, არავინ შემეფეთოს.

ღმერთო.

ეს ორასი მეტრი მეტრომდე ასე უსაფრთხოდ უნდა გავიარო.

სათვალე გავიკეთო, უჩინარი გავხდე.

მეტრო მძულდა და მთავარი გამზირი მიყვარდა. ახლა პირიქითაა:

მიწისქვეშ მიმაქანებს ყველა უბადრუკი ოცნება.

აქ  ყველაფერი უფრო ადვილია, ყველა ცოტათი შენზე ან შენნაირად უბედური.

აქ  თანასწორი ხარ.

აქ მარტო შენნაირი დაღლილი თვალი თუ მოგაშტერდება. მაგრამ არასოდეს დაგიმახსოვრებს.

ვერც საიდანმე გიცნობს.

შენ არ ისე ცნობილი ხარ, მიწისქვეშაც გიცნონ.

მაგრამ ზემოთ – შანსი იზრდება.

იქ, მზით გაჩახჩახებულ გამზირზე, მხრებში უნდა გაიმართო, შუბლი გახსნა, მკერდი წინ გამოწიო და დარდი დამალო,

რა იცი, ვინ შეგხვდეს.

დგდგ დგდგ დგდგ.

ქვესკნელის მუსიკა.

ღმერთო.

სახლში მალე მივიდე. მალე მივაღწიო.

ეს სახე გამოვიცვალო.

საგარეო ტანსაცმელივით.

დგდგ.

დგდგ.

მშვიდდები.

ეს ერთადერთი ხმაურია, სადაც შეიძლება ჩათვლიმო. ათას სუნში. ათას ჯურში. ტკბილად. მატარებლის ბორბლების  იავნანით.

აი, შენი სამშობლო.

აი, ნამდვილი ადამიანები.

შავები, ბოროტები. გამწარებულები. დაღლილები.

ფერადები. კმაყოფილები. ბედნიერები. სულელებიც.

აქ თბილად ხარ.

აქ ყველა შენიანია.

შესაღები თმებით,

შავი ფრჩხილებით.

ათას ადგილას გაჭრილი თითებით.

ფუთებით.

ფეხებზე გამობერილი ძარღვებით.

მორჩილები.

შეგუებულები.

დაღლილები.

აქ დამალვა ადვილია.

დგდგ. დგდგ. დგდგ.

მივედი.

***

არაფერი მოხდებოდა იმ დღეს რძე რომ არ დამქცეოდა.

მაგრამ ის იყო გაზქურასთან დავიხარე თეთრი გუბის ამოსაშრობად,

კარადასთან აბლაბუდა დავინახე!

როცა აბლაბუდის ქსელი დავამარცხე – ბრძოლის ველიდან ობობა გაიქცა.

ობობა სადაც შეძვრა,

იმ ჭუჭრუტანიდან ტარაკანა გამოვარდა და ახლა იმას გავეკიდე!

რომელ ღრიჭოშიც გაუჩინარდა,

იქაურობის ასაოხრებლად,

შურისძიებით შეპყრობილმა,

პარაზიტების გასაჟლეტი წამლის ძებნა დავიწყე – ახლა უკვე კარადის თავზე, რადგან მახსოვდა, იქ შევინახე.

და ამისათვის შევდექი სკამზე, თუმც

ეჭვი მქონდა, ვერ გამიძლებდა:

იმ ჯანდაბა რძით გამომცხვარი კექსების გამო, ამ ბოლო დროს,  ოთხმოც კილოს გადავაჭარბე!

მაგრამ მაინც შევდექი ზედ და ორივე ხელი კარადის თავზე მონდომებით ავაფათურე.

სკამმა ერთი კი დაიკვნესა და დაიგრიხა და დააპირა სკამობასთან დამშვიდობება,   რომ მე  – კარადას ჩამოვეკიდე.

და უცებ ხელში საწამლავის ბოთლების ნაცვლად შემრჩა წერილი – სასიყვარულო, ძველი და ალბათ, აკრძალულიც,  რადგან არც მე და მითუმეტეს, არც ღმერთმა უწყის,

კარადის თავზე როდის ავაგდე.

ვაღიაროთ, იმ იმედით, რომ იქაურობას ათასი წელი არ გადავწმენდდი.

ასე, ჰაერში ვეჭირე წერილს.

თუ, მე მეჭირა?

ოცი წლის წინა ვნება და დარდი

და სიხარული, სასოწარკვეთა, ბრაზი, სიფრთხილე, მოთმინება. მგონი – ლოდინიც მეჭირა ხელში.

მერე კი რაღაც უცნობმა ძალამ

დამაბრუნა ისევ მიწაზე – სამზარეულოს იატაკზე, რომელიც ჰგავდა საომარ ველს –

რძესთან

სკამებთან,

ტარაკნებთან,

და გაქცეულ

ობობასთანაც.

წერილი კი მეჭირა ხელში,

მე – დამარცხებულს.

თითქოს იმ ძველი სიყვარულის

უკანასკნელი

გადარჩენილი

ხელნაწერი

დედამიწაზე.

ქალისები

ხუთი პირსახოცი, ორი პატარა და სამი დიდი.

უნდა ჩამოვხსნათ და შევუძახოთ გასარეცხად.

ხოლო მეორე, მარცხენა ხელით, მოვხვიოთ ხელი დაგროვილ ნაგავს,

ყურის ჩხირებს და ახლართულ თმებს და სანაგვეში გადავუძახოთ.

ამასობაში: ნიჟარაში დილიდან მერვედ დაგროვილი ჭურჭელიც უკვე დასარეცხია.

შეტევაზე გადასვლის დროა.

სამაგიეროდ, ჭურჭლის რეცხვის დროს ათი წუთი გაქვს საოცნებოდ.

ფასდაკლებით რა მოგივა ამ სარვამარტოდ?

თითქოს კი მთელი ახალგაზრდობა თავს უმტკიცებდი –  დაწესებული დღეების არ გწამს, მაინც მიგიწევს გული ბრჭყვიალა დახლებისაკენ.

გუჩი.

დიორი.

ხანდახან მაინც ხომ შეიძლება.

იმ კრიალა სარკეში შეძვრე.

იმ ბრჭყვიალა მაღაზიაში.

დიახ, ვყიდულობ!

ოცნებაში კი

წამოგეწია მტვრის ტილოები,

პირდაფჩენილი გასახეხი ქვაბები,

ნახე,

ფანჯრებზეც შეგიძლია მიახატო ჭუჭყის გულები.

გასაწმენდია – აკრობატიკის შეთავსებაც ალბათ მოგიწევს.

შეუმჩნეველი “თან საქმეებიც”,

მოგდევს ფეხდაფეხ

აბლაბუდის ჩამოხსნა ფრთხილად,

იატაკის მოპრიალება.

მიგდებული წიგნის მიჩენა თავის ადგილზე.

საპნის შეცვლა, ჩამომწყდარი ფარდის შველა…

ამასობაში გაშრა სარეცხი.

გაზქურაზე კი, დღეს სოკოა ხახვთან ერთად, გოგრის წვნიანი.

მენიუ ტვინის  ფაილებში – ესეც არ უნდა დაგავიწყდეს და თუ მაცივრის ქვედა თაროზე

ეულად გორავს ერთი სტაფილო,

ეგეც შენი თავსატეხია.

ხოლო საღამოს, ამ უჩინარი საქმით დაღლილს,

მაინც უნდა გეღიმებოდეს.

სხვანაირად არ ჩაგეთვლება.

სუნამოს შერჩევა (სარვამარტო)

და აი, როგორც იქნა, შენ გადაწყვიტე გეყიდა ახალი სუნამო.

რადგან აქამდე,

გენანებოდა შენი თავის დასაჩუქრება.

არ გინდა, რად გინდა, ხომ გაქვს ერთი ცალი. აი ის, რომელიც მოგბეზრდა.

მაქვს, მაქვს –  გიქნევდა შენი თავი თავს მორჩილად და შენც ყიდულობდი აუცილებელ

კვერცხს და პამიდორს, პურსა და მარილს.

და შემდეგ როგორც საყიდლების სიაშია.

ცოტა ყველაფერს.

და აი, გეგმავ:

როგორ წახვალ მეტროთი თავისუფლების მოედანზე,

სხვაგან არსად გაიხედავ და 25 %-იან ფასდაკლებაზე იყიდი იმ ერთ, სასურველ, ღვთაებრივ სურნელს.

ასეც იქცევი.

მიგაჯანჯღარებს ძველი მატარებლის ვაგონი,

მიქრის შენი ოცნებისკენ, სახეზე წინასწარი კმაყოფილების ღიმილი დაგთამაშებს – შენ ეს შეძელი!

უკვე იცი, როგორ გახსნი, ჯერ ჰაერში გააბკურებ და გაბრუვდები,

მერე მაჯისცემას გაასინჯებ,

მერე ყელს,

მერე თმას…

აი, მიხვედი ბრჭყვიალა მაღაზიაში

ხელი გაიწვდინე ნანატრი სუნამოსკენ და უცებ, სად იყო და სად არა, დაღლილი და მაინც მომღიმარი კონსულტანტი მოგიახლოვდა.

ის ამბობს:

ოოო, ეს კარგი არჩევანია.

მაგრამ იცით, გაზაფხულზე ეს არ გჭირდებათ…

აქეთ მობრძანდი: აი, ახალი და ქალღმერთების სუნამო ნახეთ.

შენ კი, ვისაც ქალღმერთობასთან ხელი არ გაქვს, როგორც მონა, მაინც მიჰყვები.

მუშკი, ზაფრანა, ვარდი, პაჩული, იასამანი..

ჩამოგითვლის და თავბრუდახვეულს

გაწვდის ფლაკონებს,

ფურცლებს,

ტესტერებს,

ყავის მარცვლებში ცხვირს გაყოფინებს.

კარგად მუშაობს.

შენც მოთმინებით ყნოსავ და ყნოსავ.

ცალი თვალი კი იმ საოცნებო სუნამოსკენ გაქვს გაპარული.

აბა, ეს ნახეთ?

კიდევ ერთი სურნელი ცხვირთან.

გაბრუებული, შეგრძნებით, რომ ტრენდებს ჩამორჩი,

იხდი მადლობას და დაბნეული, სულ სხვა თაროს უახლოვდები.

იღებ რამე პირველივე ლამაზ ფლაკონს და იმას ყიდულობ.

მკვდარო ეთერ!

რა დამრჩა მისგან სიკვდილის შემდეგ?

ან რას ვხედავ მისი სახელის გახსენებისას? 

გავიფიქრე ერთ კვირა დღეს,

როცა გაზქურა გამოვრთე და მტვერსასრუტიც

დავაყენე ისევ კუთხეში.

ანუ – დავფიქრდი.

არც მას – უკვე მკვდარს, განაცრისფრებულს. საუკუნის ხნის კლეჩატ კაბაში.

არც ახალგაზრდას,

შორი გზიდან

ჩემთან ჩამოსულს,

გარშემო ფერადჩანთებშემორტყმულს,

საიდანაც უნდა ამოხტნენ

დაბრაწული ნაზუქები,

ნუში,

ფშატები.

აბა, რას ვხედავ?

გამქრალ სილუეტს?

წაშლილ წარწერას?

და ზუსტად ისე ვეგუები

ამ გარდაუვალ გაფერმკრთალებას,

როგორც ყველა სხვა არყოფნების –

რომლებისგანაც

ჩემი ყოფნა ახლა შედგება?

ჰო, რა დამრჩა ამ ჩემი მკვდარი ბებიისგან?

რას ვხედავ, როცა თვალებს ვხუჭავ ან ფეისბუქის მოგონება დაუნდობლად მაჩრის სახეში მის თეთრ თმას და ბოლო ყვავილებს,

ასი წლისთავზე რომ მივუტანე?

ვხედავ კარადას.

ძველს, ჭრიალას. ჩრჩილებით სავსეს.

სადაც მასთან იშვიათი სტუმრობისას ვიმალებოდი.

როგორც ზღაპარში.

მგონი, ზუსტად მაშინ გადავრჩი.

***

სიკვდილი პატარა ქალაქში –

მეხის გავარდნაა სიჩუმეში.

ტელეფონის საშიში ზარი, როცა არ ელი.

და უეცარი გაშრიალება ბავშვობის სახლში,

სადაც უეცრად, მარტო აღმოჩნდი.

თითქოს ციდან უზარმაზარი ლოდი ჩამოვარდა და ქალაქის ერთადერთ მოედანზე დაენარცხა.

ხალხი კი მის გარშემო გაქვავდა.

მკვდარი – პატარა ქალაქის

დროებითი სიცოცხლეცაა.

სამდღიანი სევდიანი გამოფხიზლება.

უსასრულო სიჩუმეში ჩაძირვამდე.

****

მინუსებით ვარ სავსე.

უხეში ვარ და პირდაპირი.

მინუსში ვარ ყველა საბანკო ბარათზე.

წუწუნი და შფოთვა მემკვიდრეობით გამომყვა.

საჭირო დროს, ყველას მინუს მე ვარ.

ამიტომ ვარ ასე უაზროდ გაჩხერილი –

მინუს უსასრულობაშია ჩემი დარდი.

მარტო თვალებში მაქვს პლიუსები

და უხილავი ვარსკვლავები.

© არილი

Facebook Comments Box