პროზა

ეკა ღაღანიძე – კვირაში ექვსჯერ ანუ შვიდს მინუს ორშაბათი

 

ორშაბათი.

მარიამი – 17 წლის.
განმასხვავებელი ნიშანი: ფიზიკური სიჯანსაღე. მისი სხეულის წონა
პერმანენტულად იცვლება. განსაკუთრებით იზრდება მისი წელის გარშემოწერილობა.

-მეზიზღება ორშაბათი. ეს დღე არ არსებობს…

სამშაბათი.
სოსო – 22 წლის.
განმასხვავებელი ნიშანი: ფიზიკური მონაცემები უცვლელია. მხოლოდ ბოლო დროს ხშირ-ხშირად იცვლის მაისურებს.

-ჩვეულებრივი ამბავია… ზღვის სეზონი ივნისის თვის პირველივე დღეებიდან იწყება და მეც ბათუმიდან ვიწყებ. ყველა ახლომახლო დაბის შემოვლით დროებით სამუშაოს ვეძებ. წელს გონიოში გავჩერდი. აქ ზღვა უფრო სუფთაა და ხალხიც მომწონს. ჩვენი ბუნგალო ზღვის ნაპირთან ძალიან ახლოსაა. ხალხიც მუდმივად გვყავს. ბარმენად ამიყვანეს და კარგადაც მიხდიან – ოცი ლარი დღეში. კლიენტი რასაც მიტოვებს, ისიც ჩემია. ორშაბათობით კი მათავისუფლებენ. ბათუმში, შინ ვბრუნდები ხოლმე. თავიდან ასე შევთანხმდით, თორემ ახლა ორშაბათობითაც დავრჩებოდი აქ… ჩვენი ბუნგალოს პატრონი – კაკო, კარგი ტიპია. რაც მთავარია, ძუნწი არაა. ხანდახან ზედმეტ ერთ-ორ ლარს გადმომაყოლებს ხოლმე. ვითომ შემთხვევით… ბუნგალოს შემოსასვლელთან დადგება ლუდის ბოთლით ხელში და გამვლელებს ამინდზე ესაუბრება. მისი ცოლი – ანა ძირითადად ერთ-ერთ მაგიდასთან ზის, ხელსახოცებს სამკუთხედად კეცავს და ერთმანეთზე აწყობს. სხვისი წერილების დამხარისხებელ ფოსტალიონივითაა… ეს ქალი სულ სიცილის ხასიათზეა. საკმარისია რომელიმე მაგიდასთან მოყოლილ თუნდაც უხეირო ანეგდოტს მოჰკრას ყური, ერთ ბალიშად გაერთიანებული ვეებერთელა მკერდი შუბლსა და მუხლებს შუა უთახთახებს ხარხარისაგან. მარიამი – მისი ქალიშვილი ვერც სიცილით და მითუმეტეს, ვერც მკერდით დამგვანებია დედამისს. ფიცარივით ჩასწორებული მკერდის ქვეშ მუცელი გამოზნექვია და სახეც სულ ჩამოსტირის. მტრულად უყურებს ყველას. განსაკუთრებით ქერა ქალს და მის მეგობარს. ჩემს გამო იქცევა ასე… ხვდება რაღაცას… მზარეული ლენა იშვიათად სცილდება გაზქურას. სამზარეულოდან თავი თუ გამოჰყო, ისიც ან მე მიყვირის – ”არ გესმის ბიჭოო!”, ან საშკას, თავის ოთხი წლის შვილს უნდა გახედოს და შეამოწმოს, ისევ იქ თუ ზის, სადაც ადგილი მიუჩინა. საშკა კი ბუნგალოს კუთხეში, სასმელების მაცივართან ჩაცუცქული ხის ჩხირით ლოკოკინის გამოღებას ცდილობს ნიჟარიდან. ბიჭი ისეა გატაცებული თამაშით, ჩვენი კლიენტები ლეკვივით თავზე ხელს რომ გადაუსვამენ, არც კი რეაგირებს… ვიცოდი, ყოველდღე ბათუმიდან სიარული გამიჭირდებოდა, ამიტომ სამზარეულოს გვერდით, საკუჭნაოში საწოლი მოვიწყვე და აქვე ვრჩები. ზაფხულია, ჰაერზე მძინავს, თანაც დარაჯის დაქირავებაც აღარაა საჭირო… მარიამი პირველივე ღამეს მესტუმრა. თავზე რომ წამომადგა, უხმოდ ჩავიწიე და ხელით ვანიშნე მოდი-მეთქი. მანაც კაბა სწრაფად Gაიძრო და უსიტყვოდ მომიწვა გვერდით. რამდენიმე დღეში მითხრა, ორსულად ვარო. შენგან კი არა, სხვისგანო და ცოლად თუ არ მომიყვან, თავს მოვიკლავო. თავი კი არა, თუ გინდა ნახევარი გონიო ამოწყვიტე, მე რა-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი?! ვნახოთ-მეთქი. ცხვირზე ვაკოცე. მისი გამხიარულება ვცადე. თითქოს შემრცხვა… რატომღაც მომინდა ადამიანური, უბრალო სიცრუე გადამეფარა. მარიამი ღამ-ღამობით სახლიდან იპარება და ხვნეშით მიწვება ლოგინში. მზის ამოსვლამდე თუ დარჩა, აუცილებლად ერთხელ მაინც წაიტირებს. მერე წელზე შემომხვევს წვრილი მავთულის ხელებს და იძინებს. შლამიან და მყარ ფსკერზე ჩაშვებულ ღუზასავით საიმედოდ ჰგონია თავი. გაღვიძებულს მარიამი წასული მხვდება. კიდევ კარგი… ეს ჩალით გადახურული ტენტის ფარდული სასახლედ მექცა. ადრე საათებს, დღეებს და დაგროვილ ფულს ვითვლიდი, ახლა კი არ ვიცი, რა მემართება. დრო ნეტარ უსასრულობად იწელება. ფეხს არ მოვიცვლი აქედან. მირჩევნია აქ ვიყო. ღამითაც კი ვიფხიზლებდი და ამ ლამაზ ქერა ქალის მაგიდასთან ვიდგებოდი… მარიამის მწყრალ მზერასაც გავუძლებდი და მის ღნავილსაც ღამ-ღამობით. მთელი დღის მანძილზე ვცდილობ თვალი ავარიდო მარიამს, მის უტუჩო ნაპრალად ქცეულ პირს. გაბრაზებულს თითქოს ტუჩები უქრება. პირს ისე კუმშავს, თითქოს ბებრუხანა იყოს… მე მას არაფერს შევპირებივარ… საერთოდ, ახლა ყველაფერი სულერთია ჩემთვის: ოც ლარს მომცემენ, თუ ორ ლარს, მთავარია, აქ ვიყო, მასთან ახლოს. ჩუმი ინტერესით ვაკვირდები ჩემს ქერა ქალბატონს. მის მაღალ, გარუჯულ ფეხებს და საცურაო კოსტიუმში ძლივს ჩატეულ მზის დისკოებივით მკერდს.
ბუნგალოში შემოსულს დავინახავ თუ არა დამსვენებელთა ჟრიამული და
ჭურჭლის ხმაური განგაშად მიწუის ყურებში… მგონი რომანტიული გავხდი და ლექსების წერა რომ დავიწყო, არ გამიკვირდება… არ ვიცი, რა მემართება… ესაა სიყვარული?…
ამ ქალის გამოჩენის მერე ზღვასაც სხვანაირად ვუყურებ. დილით ზღვა მშვიდია. მშფოთვარე ღამის მერე ისვენებს. მოკლე-მოკლე, წყვეტილ ტალღებად სუნთქავს თითქოს. ორი ქალი კი აინუნშიაც არაა ჩასაგდები. მითუმეტეს რომ მისკენ არც კი იხედებიან. მზერით და საზაფხულო ფეხსაცმლის ჭვინტით ქვიშას ქექავენ, ჭრელ ქვებს, ნიჟარებს ეძებენ. ზღვისთვის ვინ არიან ეს ქალები? არავინ. არაფერი… ჩემთვის კი ამ ორი შორეული წერტილის დანახვით იწყება დილა. ორი მკრთალი წერტილით… ჯერ შორიდან რომ ჩანს. მერე ნელ-ნელა იზრდება, მუქდება და ორ ლამაზ ქალად იქცევა. მოდის ქერა, ზღვის სანაპიროს მოჰყვება, საცაა ჩვენს ბუნგალოს ჩაუვლის. ჯერ დილაა და საღამომდე დიდი დროა. საღამომდე ბუნგალოში არ შემოვა. კიდევ კარგი, ბუნგალოს კედლები არ აქვს. ბამბუკის ბოძებზე თასმებით მიბმულ თეთრ ტილოს ქარი თავის ნებაზე აფრიალებს. მეც თუ მინდა, მაღლა ვკეცავ და სამივე მხრიდან ვხედავ სანაპიროს. არ გამომეპარება ქერა ქალი თუ ჩაივლის… მოდის, წელზე შემოკრულ პარეოზე ზღვის ვარსკვლავები და კიბორჩხალები ქალის ფეხის რიტმს აჰყოლიან, მეჩვენება რომ ჩემსავით ცქმუტავენ… ქალი თავდახრილი მოდის, ხშირ-ხშირად ჩერდება, იხრება, სწორდება, ხელისგულს ითვალიერებს… თავბრუ მესხმის… ჟინით და შიშით ვუყურებ და ვიცი, შანსი არ მაქვს…
საღამოობით კი პირადპირ სანაპიროდან მოდიან. მას ორივე ხელით ფერადი ქვები უჭირავს, მაგიდაზე ყრის, ხელს მხიარულად მიქნევს და წვენს მთხოვს.
დამეფიცება, რომ მე მეტი არაფერი მინდა…

ოთხშაბათი.
მარიამი.
-ორნი არიან. ერთი შავი, გრძელი თმით, მეორე ქერა და ხვეულთმიანი. ვაღიარებ, ქერას მართლაც უბადლო თმა აქვს, ზღვის წყალს კი ის უფრო მეტად ჩაუხვევია… აქ რომ მოდიან, თმის ბოლოებიდან ჩამოცურებული წყალი შიშველ ზურგებზე, საცურაო კოსტიუმის წვრილ შესაკრავებზე ბრჭყვიალა წვეთებად კიდიათ.
სოსო ამ დროს ბართან დგას. ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ სწორედ ბარის დახლი აშორებს მათ სამყაროსგან. ისინი სველები, გარუჯულები, მშივრები და მხიარულები არიან. ჩვენ კი თეთრები, მზედაუკვრელი სახეებით. ზღვაში არც კი შევდივართ. ზღვა ჩვენთვის არაფერია ბევრი წყლის მეტი, რომელიც სულ აქ არის და აჩქარება არაა საჭირო. იმათთვის კი ახლა ეს ერთი თვეა მთავარი. უნდა მოასწრონ დასვენება. თუ ამას დასვენება ჰქვია: საათს დასცქერიან-თორმეტამდე და ექვსის მერე მზის აბაზანები სასარგებლოა, უნდა ნახო რა პოზებს არ იღებენ, რვაფეხებივით იკლაკნებიან… გული მერევა…
ეს ქალები გამუდმებით ცას აყურებენ… წყალში ტივტივებენ. თუნდაც გაწვიმდეს, წყლიდან არ ამოდიან… მოვლენ, ჩანთებს პირდაპირ ბუნგალოს ხრეშიან იატაკზე დაყრიან, სკამის საზურგეზე გადაწოლილები სიგარეტს უკიდებენ და ისევ ზღვისკენ იყურებიან. სოსო მაშინვე მათ მაგიდასთან ჩნდება. საფერფლეს უდგამს წინ. ქერა და შავგვრემანი მენიუსაც კი არ შლიან. ერთი თვეა რაც მამაჩემს შეუთანხმდნენ და ყოველ საღამოს ჩვენთან სადილობენ. რაც მოესურვებათ იმას უკვეთავენ. ჩვენი მზარეული ლენა ყურებზე დადის, ოღონდ ამ ორის შექება დაიმსახუროს.
სოსო წამდაუწუმ მათ მაგიდასთან იტუზება. საფერფლეს ხშირად ცვლის. შიგ სველ ქაღალდის ხელსახოცს აფენს. ფერფლი რომ არ აფრიალდეს და არ შეაწუხოს. სხვა მაგიდებთან ამდენ ხანს არ ჩერდება. ამ ორი ქალის მაგიდასთან კი ძალიან ნელა მოძრაობს. ნამდვილად არ მეჩვენება… იგი ყოველთვის ქერას გვერდით დგება. მერე დახლთან მდგარი ჭიქებს აპრიალებს და იმ ორის სველ, სლიპინა ზურგს თვალს არ აშორებს. უფრო სწორედ, ქერას ზურგს, რადგან ის ქალი ჩვეულებისამებრ მისკენ ზურგით ჯდება. თითქოს სპეციალურად. თითქოს შეთქმულები იყვნენ, თუ რაღაც ამის მსგავსი… აი, ხომ ხედავ ჩემთვის სულ ერთია საფერფლეს გამოცვლი თუ არაო, ან პურს, რომელიც ყოველ ჭამაზე აკლდებათ, შეამჩნევ თუ არაო. თითქოს ამ ქალს მხოლოდ ზღვისკენ ცქერა აინტერესებდეს!… ერთ თვეში უნდა მოასწროს იმ სითბოს, ენერგიის შესრუტვა, მთელი წელი რომ გაჰყვება და გაათბობს და სულაც არ აინტერესებს ოფიციანტი ბიჭი, რომელიც გათენდება თუ არა, კლიენტებს შორის მას ეძებს… კი, როგორ არა!… ვიცნობ ეგეთებს… ზედმეტად ტკბილებს და თავაზიანებს, თავიანთი ზრდილობიანი ქცევით თვითკმაყოფილებს…
სანამ ეგენი აქ არიან, მეც აქ ვიჯდები. ფეხს არ მოვიცვლი. წიგნის კითხვა დამაწყებინეს. ვფურცლავ საქმიანად… მთავარია, აქ ვიჯდე და არაფერი გამომეპაროს.
სოსო დგას, ენერგიულად წმენდს ჭიქებს, ხმამაღლა თუ არ გამოსძახეს სამზარეულოდან, მგონი ვერც კი ხვდება სად არის… იმის ზურგს უყურებს…
ისინი კი სველ ქუსლებს, მუხლებს, მხრებს ითვალიერებენ, ეწევიან სიგარეტს, ტომატის წვენს წრუპავენ და სადილს ელოდებიან. ერთი თვის წინ ჩამოყვნენ მოტორიზებულ ტურისტთა ნაკადს. ერთი და იგივე მეორდება ყოველ წელს: პირველ წუთებში უნახავებივით, ველურებივით შეესევიან სანაპიროს, ლამის ტანსაცმლიანად და ჩემოდნებიანად ცვივიან წყალში, მერე მშვიდდებიან და მხოლოდ განსაზღვრულ საათებში კოლექტიურად მოდიან სანაპიროზე, ქვიშაში იგანგლებიან და წყალში ბუქნაობენ, ცურვაც კი არ იციან ხეირიანად. მეცინება ამათ კოლექტიურ ჰარმონიაზე… იქ, ქალაქში ოცთეთრიანის გამო შეიძლება თვალები ამოჩიჩქნონ ერთმანეთს, აქ კი ღიმილით სთავაზობენ ერთმანეთს საცურაო ლეიბებს…
ქერა და შავგვრემანი ჩამოსვლისთანავე შემოეხეტნენ ჩვენს ბუნგალოში და უკვე თვე იწურება, ჩვენთან ჭამენ. მამაჩემს უხარია. მოსწონს ორივე. ესაუბრება კიდეც. მუსიკოსები ვართო, უთქვამთ. ჩვენები საგანგებოდ ემსახურებიან. თავი გამოიდეს და გამორჩეულად კარგად უმზადებენ კერძებს. თავს აწონებენ. მე კი თავიდანვე არ მომეწონა ეს ორი. რაღაც სხვანაირები ჩანდნენ. უცხოთესლივით საშიში…
მთელი დღე უსაქმოდ ვარ. ბუნგალოში შემთხვევით რამე თუ შემოაკლდებათ, მაგალითად კომბოსტო, ან რაიმე ხილი, ბოსტნეულის ფარდულში თუ გავეგზავნები. ეგ არის და ეგ…
ამასწინათ მომიწია ფარდულში წასვლა. რომ დავბრუნდი ქერას და შავგვრემანს უკვე ესადილათ და ქერა დახლთან იდგა, ხელში თავისი გაფუყული ტყავის საფულე ეჭირა და სოსოსთან ანგარიშს ასწორებდა. მან ცელოფანის პარკს დახედა და მხიარულად მკითხა:
– ახალი რა მოგვიტანე?
ჭირი-მეთქი მინდოდა მეთქვა.
– ჟელე შემოძლია შემოგთავაზოთ. – ვთქვი და პარკი სოსოს მივაწოდე.
ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც კივის ჟელე გავაკეთე, გამჭირვალე ჭიქებით ბარის თაროზე ჩამოვამწკრივე. კლიენტები ჩემს ლიმონის რგოლებით მორთულ ჟელეს არც კი ხედავდნენ… ამას კი დაუყვედრებლად გავუმასპინძლდებოდი ჩემი დაძველებული ჟელეთი. ეგებ მოიწამლოს, ნაწლავები გადაეხლართოს, მუცელი გაებეროს, გაუსივდეს. მერე გასკდეს და მოკვდეს…
– ჭურჭლის სახეხი ჟელე? – ქერამ ჩემი გაცინება სცადა. უჰ, რა ხუმარა ჰგონია თავი!
– არა, ხილის. – სერიოზულად ვუპასუხე და ზურგი შევაქციე.
თავი ძლივს შევიკავე. ყბები რომ ამტკივდა, მაშინ მივხვდი, რომ კევს გამალებით ვღეჭავდი…
ის ორი წავიდა. სოსო მათი მაგიდის ალაგებას შეუდგა. ვუყურებ. ისე ალაგებს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ეძებდეს… ერთხელაც იქნება მივალ და ქერას კევს ჩავაწებებ იმ გაწეწილ თმაში. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
რამდენი შიშველი ქალია ირგვლივ, მაინცდამაინც ეს ამოირჩია… ვუყურებ. მინდა მივვარდე, მუშტები დავუშინო და ვიღრიალო: “არ გაბედო, გესმის, არ გაბედო ამ ქალის შეყვარება!”…

ხუთშაბათი.
ავტორი.
განმასხვავებელი ნიშანი: თევზის დღე.

ზღვა ჭროღა თვალებით უყურებს სანაპიროს. ამინდი აუცილებლად აირევა. ბეტონის ზვირთსამსხვრევზე ბებერი, კირზის ჩექმებიანი და ჩალის ქუდიანი მეთევზეები დგანან და მათსავით ძველ, ადგილ-ადგილ გადასკოჩილ ანკესებს მედიდურად იქნევენ. მოსეირნე ტურისტები ცოტა ხნით თუ ჩერდებიან და მოკრძალებით აკვირდებიან თევზაობას. ჩურჩულით საუბრობენ. თევზი არ უნდა დააფრთხონ. დამსვენებლები თავიანთ შვილებს წყლიან ქილაში ჩაყრილ, ნახევრად ცოცხალი მატლების დანიშნულებას უხსნიან. ახალ ცოდნას ნაზიარები მათი შვილები კი ანკესებისკენ იწევენ. ბავშვებს თევზაობა უნდათ. ანკესის მოქნევა და ბრჭყვიალქერცლიანი თევზის ჰაერში აფართხალებით სიხარულის განცდა. ახმაურებულ ბავშვებს დედები ძლივს აკავებენ, იქაურობას ძალით, მოტყუებით ან დაყვავებით აშორებენ. ბებერი მეთევზეების შვილებსა და შვილიშვილებს კი სად სცალიათ გასართობად! ისინი დამარილებულ და მზეზე გამომშრალ, ბაწარზე ასხმულ თევზს ყოველ საღამოს დაატარებენ. დაუყვებიან ვრცელ სანაპიროს და თითოეულ ბართან, თუ ბუნგალოსთან ჩერდებიან, აქებენ და ადიდებენ თავიანთ საქონელს, იქნებ როგორმე დაითანხმონ ბარის პატრონები ვაჭრობაზე.
– სოსო, მარიამი სად არის?
ბუნგალოს შემოსასვლელში გალაჯულ კაკოს ცელოფანის სავსე პარკები ფეხებშუა მოუქცევია და ბრტყელი, ძლიერი ხელისგულებით ბოძებს მიბჯენილი გაბრაზებული სახით იყურება.
– არ ვიცი… ახლახან აქ იყო.
ქმრის ხმაზე შემკრთალმა ქალმა ტლანქი ტანი სკამიდან მძიმედ აითრია, კაკოს ფეხებქვეშიდან ერთი მოზრდილი პარკი გამოათრია და დარბაზის გავლით სამზარეულოში შეუძღვა.
– ეგ გოგო თავს მომაკვლევინებს… – ჩაიდუდუნა კაკომ და ცოლს უკან მიჰყვა.
ცელოფანის პარკზე გადმოკიდებული გამხმარი თევზის დანახვაზე მზეზე წამოწოლილი მსუქანი კატა წამოხტა და კაკოს გამოედევნა.
ოფიციანტმა თევზიანი ლანგარი მაგიდაზე დადგა. ქალებს თავი დაუკრა და ისიც სამზარეულოში შებრუნდა. ლულუმ და მაგდამ სიგარეტები სასწრაფოდ ჩააქვრეს, დანა-ჩანგალი წესისამებრ მარჯვენა-მარცხენა ხელში გადაინაწილეს და ფორეჯებიანი კალმახის დანახვაზე სიამოვნებისაგან ნერწყვი გადაყლაპეს.
– მარიამი ტუალეტშია… არწყევს… ან მოიწამლა, ან ორსულადაა… თუ ორსულადაა, ორთავიანი ბავშვი გაუჩნდება. იმიტომ რომ არ იცის, ორი კაციდან რომლისაა… ვერცერთს აწყენინებს. ბავშვი ორივე მამას უნდა დაამსგავსოს… ხოდა, ექნება კიდეც ორი თავი… დედამ თქვა. – თავისთვის ალაპარაკდა საშკა. ქვით გაჭეჭყილი ნიჟარა გადახსნა და პაწაწა თითებით ლორწოვანი მასის ტყლეჟვა დაიწყო.
მაგდას ჩანგალი ხელში შეაცივდა. ლულუ აფხუკუნდა.
– ერთი ამას უსმინე! – მაგდამ ჩანგალი თეფშზე დადო.
– მეგონა დებილი იყო და ლოკოკინების გარდა ვერაფერს ამჩნევდა.
ოფიციანტი უმალვე დაბრუნდა. ნამწვავებიანი საფერფლე სუფთათი შეცვალა.
– ყავა ახლავე მოგიტანოთ, თუ მერე? – ჰკითხა ლულუს.
– მერე. – ქერათმიანმა გაუღიმა და პირიდან გამოღებული თევზის ფხა მაგიდასთან მოცუნცულებულ, ნაცრისფერსა და მაკე კატას წინ დაუგდო. ახალგაზრდა ქალები ნელა ჭამდნენ. თევზის რბილობსა და ფხებს დანა-ჩანგლით, დაკვირვებით აცალკევებდნენ.
ამასობაში მარიამი შემოფრატუნდა ბუნგალოში. შავკოპლებიანი, თეთრი და გრძელი ქვედაბოლოს ფრიალით ჩაუარა ბუნგალოს მუდმივ კლიენტებს. თავისუფალ მაგიდასთან Dდაჯდა, ფეხები მოპირდაპირე სკამზე შემოაწყო, წიგნი, გადაშალა და ჩაწითლებული თვალებით ჩააკვირდა.
– მარიამ, მამაშენი Gგეძებდა. – მაგდამ გამოლაპარაკება სცადა.
– მერე რა!
გოგომ წიგნი ხმაურით დახურა, მაგიდაზე დაახეთქა, ხმაურითვე გასწია სკამი, წამოდგა და ფერდაკარგული ტუჩების კვნეტით სამზარეულოში შევარდა.
– უცნაური გოგოა, არა?… თითქოს რაღაცაზე გვიბრაზდება. – თქვა ლულუმ.
– ეგ გოგო იმ ასაკშია – ჯიბეები თოჯინებით და შოკოლადებით უნდა ჰქონდეს გამოტენილი… როგორი ნორჩი სახე აქვს, თვალები კი რაღაც სხვანაირად უელავს…
– ბებრულად… მრავალნახული ქალივითაა…
– უზრდელიცაა.
– ერთი მაგისიც… დაიკიდე!
– ხო, რა!… აი, იმ ბიჭს კი მგონი მართლა მოსწონხარ!
– სოსოს?! კარგი რა! – ლულუ სკამზე გადაწვა და ოფიციანტს გვერდიდან გახედა.
ბიჭმა მზერა დაიჭირა და თავი ჩაღუნა. ბარის დახურულ პატარა კარადაში იმ დისკს ეძებდა, რომელიც ამ ქერათმიან ქალს ძალიან მოსწონდა და ჩართავდა თუ არა, ქალი ტანის რწევითა და თითების მაგიდაზე კაკუნით ჰყვებოდა მუსიკის რიტმს.
ბუნგალოში ხალხი შემოლაგდა. უცხო სახეებით, თეთრი სხეულებით. დამსვენებელთა ახალი ნაკადი ჩამოსულიყო.
– წვიმები თუ დაიწყო, აღარ გადაიღებს. ხომ იცი აქ როგორ იცის ხოლმე…
– ჯობია გავასწროთ. – დაასკვნა ლულუმ.
სოსოს მათი სიტყვები არ გაუგია. მაგრამ ზღვას რომ გახედა, მიხვდა – რაღაც უნდა დასრულებულიყო. მალე, ძალიან მალე. ზღვის შორეულ ჰორიზონტზე გაშლილი შავი ზოლი ნაპირისკენ მოიწევდა. ვერ გაიგებდი, ამინდის მოსალოდნელი გაფუჭების, თუ მომსახურების ნელი ტემპის გამო გულმოსული ხალხი ყაყანებდა. მათი ხმაურისა და ბარის მუსიკის მიუხედავად, ჩხუბის ხმა სამზარეულოდან კლიენტებამდე მაინც აღწევდა.
ერთი რამ ყველასათვის ცხადი იყო, ამინდი აუცილებლად აირეოდა.

პარასკევი.
მარიამი.

-დღეს დილით კაკომ მცემა. ორი დღე ითმინა, მხოლოდ მლანძღავდა. დღეს კი ქვესკნელიდან ამოვარდნილი მძვინვარე მხეცივით მეძგერა. დედაჩემსაც მოხვდა ერთი-ორი. შუაში ჩაგვიდგა და აბა, რა ეგონა!… ასეთი გამეტებით არასდროს ვუცემივარ, თანაც ფულის გამო. მირტყამდა და მაგინებდა. მაინც ვერ მათქმევინა, რომ ფული მე ავიღე.
კაკო ის კაცია, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრი მის მუცელზე გადის. საჭმლის დანახვაზე თვალები უელავს… საწყალი, მეტს ვერ ქაჩავს… ოღონდ ჭამოს, ოღონდ კონსერვებით და ფქვილის ტომრებით გამოტენოს ბუნგალო, ან ჩვენი სახლის საკუჭნაო. ანაც კმაყოფილია. ვერ გრძნობს რომ თეძოებში მაგრად გაიბერა, კისერში ჩალაგებულ ქონის ფენებს გაშლილი თმაც კი ვეღარ უფარავს… კაკოს კიდევ ერთი ბუნგალოს გახსნა მოუნდა. მე კი ჩემი სიყვარულის გადასარჩენად მჭირდება ფული და ვერავინ გაბედავს ხელი შემიშალოს… “შენი გაზრდილია, შენი დედაც…” – ანას სთხლიშა. დედაჩემი ჯერ ატირდა, მერე ერთმანეთს დაერივნენ. ჩემთვის აღარ ეცალათ. წამოვედი. მთელი სახლი რომ გადაჩხრიკონ, მაინც ვერ იპოვიან. კაკოს ნაგროვები დოლარები წინდაში ჩავტენე და თაროზე ჩამწკრივებული ენციკლოპედიების უკან შევჩურთე. ეგენი წიგნს არ ეკარებიან და უსაფრთხოა… ერთი–ორი დღე მჭირდება მხოლოდ… მერე მე ვიცი…
მთელი დღე სანაპიროზე ვიჯექი. ბუნგალოსგან მოშორებით. ქერა და შავგვრემანიც აქ იყვნენ. ყოველ თხუთმეტ წუთში ნაოჭების შიშით დამცავ კრემს იზელდნენ სახეზე, ქუდებს იმხობდნენ და გაუნძრევლად ეყარნენ… სანამ დროა გამასწრონ, სანამ ჭურჭლის სარეცხი ჟელე მართლა არ მიჭმევია მაგათთვის… საღამოსკენ მოიღრუბლა და გაწვიმდა. სანაპირო დაცარიელდა. მხოლოდ მე და პოსეიდონებივით ორკაპებით შეიარაღებული, ლაბადიანი ნაგვის შემგროვებლები დავრჩით. სხეული მეწვოდა, შუბლი, ლოყები მიხურდა და წვიმა მსიამოვნებდა. მინდოდა სიცხე ამწეოდა და მოვმკვდარიყავი… აქვე, სველ ქვებზე ვეგდებოდი ღელვის მერე ზღვიდან გამორიყული გვერდებგამომპალი დელფინივით… მერე რა?!
საბავშო ბაღში ისეთ ზღაპრებს გვიკითხავდნენ, თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერი ცუდად იქნებოდა… იყო და არა იყო რა. იყო ერთი უპატრონო ბავშვი. მობეზრდა მარტოობა, დედამიწა მიატოვა, მაღლა კარგიაო და ცას მიაშურა. იქ კი რა დახვდა! მთვარის მაგივრად დამპალი შეშის ნაჭერი დახვდა, მზის მაგივრად – დამჭკნარი მზესუმზირის ყვავილი, ვარსკვლავები კი – ცას მირჭობილი კოღოები ყოფილა თურმე. დედამიწაზე დაბრუნდა და რა! კარგად რომ დააკვირდა, ნახა – აქაურობა ერთი გადმობრუნებული თხილის ნაჭუჭი ყოფილა და სხვა არაფერი… ასეთ ზღაპრებს ვისმენდი… თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერი ცუდად იქნებოდა. პატარა ვიყავი, ღამით საწოლში ჯერ მარტო ვიწექი და თვალებამდე აწეული საბანიც კი ვერ მიცავდა შიშისაგან და დარდისაგან. ვიწექი. ვტიროდი. ვატყობდი – გულის შინაგანი სივრცე ისე მივიწროვდებოდა, რომ ცოტაც და ვერავინ შემოაღწევდა. ჩაიკეტებოდა და მორჩა… პატარა ვიყავი, მაგრამ არ ვცდებოდი. მას მერე ვერავინ შემიყვარდა ისე, რომ დაუყვედრებლად გაეყო დღეების სითბო…
ცხრა კლასის დამთავრებისთანავე საბუღალტრო აღრიცხვის კოლეჯში მიკრეს თავი. კაკოს და ანას ჭკუით სულ ცოტა, ბანკში მუშაობა და კარგი ხელფასი გარანტირებული მქონდა. გავთხოვდებოდი სარფიანად, მინიმუმ ოთხ ბავშვს ვიყოლიებდი და ვიქნებოდი საქმეში წარმატებული, გმირი დედა. ისე, მეც მომწონდა ასეთი მომავლის მონახაზი. თუმცა კოლეჯში სწავლისას მივხვდი, რომ ჯობდა ჩემი მშობლების მიერ ჩემს მოწყობაში გადახდილი ფული პირდაპირ ბანკის მმართველის პირად ანგარიშზე გადაგვერიცხა…
კლასელებს ზაფხულში გაგვახსენდა ერთმანეთი. ვიკრიბებითო, დამირეკეს. ნუცას სახლს ჭერი ავხადეთ, იმდენი ვიმაიმუნეთ. სკოლის ამბებს ვიხსენებდით და სიცილისაგან ვიფხრიწებოდით… როგორც ვიცით ხოლმე… თან არაყს და ლუდს ერთმანეთში ვურევდით და ისე ვსვავდით…
მახსოვს ნიკას მცოცავი, ოფლიანი ხელები, მისი უგუგო, ბნელი თვალები და პირი, რომელიც საშინლად უყარდა… თითქოს უმნიშვნელო წვრილმანია, და მაინც, უპრეზერვატივო სექსი გვქონდა.
ახლა სად არის ნიკა არ ვიცი. მგონი თბილისშია… რა მნიშვნელობა აქვს!
ეს სოსომდე იყო და რაც მის მოსვლამდე იყო – აღარ არსებობს. ვერავინ გაბედავს სოსომდე არსებულ რაღაც სიყალბეების და ვითომ წარსულის შეხსენებას. თუნდაც ეს Bბავშვი გაჩნდეს. იგი მხოლოდ სოსოსთან მთლიანობაში იარსებებს… მორჩა და გათავდა…
ვიჯექი სანაპიროზე და ვსველდებოდი. სიკვდილი მინდოდა. მერე აღარ მინდოდა. გამახსენდა – ჯერ ბევრი საქმე მქონდა დასასრულებელი. სიკვდილი კი მოიცდიდა. შუაღამეს მივედი ბუნგალოში. სოსომ უსიტყვოდ გამხადა სველი კაბა. თავის საწოლში ჩამაწვინა. დაბეჟილი სხეული აუტანლად მეწვოდა. კანკალმა ამიტანა. ცხელი ჩაი რომ მომიტანა, თვალებს ვეღარ ვახელდი. თვალდახუჭული ვგრძნობდი მის თითებს თმაში. ღირდა ამდენ ტანჯვად… ისე ნაზად, ალერსით მეფერებოდა. მისი შეხება არ იყო მხოლოდ სიბრალული.
მე და შენ არაფერი გამოგვივაო, ბოლო კვირაა, განსაკუთრებით ცდილობს ჩემს დარწმუნებას. მაგრამ ზღვარი, რომელიც ვითომ თავის ხორციელ სურვილს დაუდო, დღეს თვითონვე გადმოლახა. ისეთი გაშმაგებით, ისეთი ვნებით მკოცნიდა, რომ ხმამაღლა შემიძლია ვიყვირო – არასდროს ყოფილა ჩვენი შერწყმა ასეთი ხანგრძლივი და თავშეუკავებელი…. განსაკუთრებით იმ ქერა იდიოტმა მინდა იცოდეს…
ისეთი ტკბილი და ალერსიანი იყო, მინდოდა მეთქვა – ის დისკი, გუშინ რომ ეძებდი, მე გადავაგდე-მეთქი. აღარ ვუთხარი. არ არის საჭირო ყველაფერი იცოდეს. გამიგია, რომ ქალის ღირსება მის პატარ-პატარა საიდუმლოებებშია.
ჩემი სიყვარული მეხმარება და რისკიან გადაწყვეტილებებს თავისუფლად, დაუფიქრებლად ვიღებ. არავისი და არაფრის მეშინია. სოსო მე უნდა მენდოს, სხვა გზა არ არსებობს. მისი ყველა გზა ჩემთან მთავრდება.

შაბათი.
სოსო.

-ყოველ შაბათ დღეს მაწონს ვყიდულობთ და ლენა დილიდანვე ხალისით იწყებს თავისი საფირმო – “აკროშკას” კეთებას. ლენას “აკროშკის” საჭმელად ლამის მთელი გონიოს დამსვენებლები ჩვენს ბუნგალოში იყრიან თავს. რადგან ბუნგალოში ტევა არ არის ხოლმე, ამ დღეს ქოლგებჩარჭობილი მაგიდები გარეთ გაგვაქვს და პირდაპირ ქვიშიან სანაპიროზე ვდგამთ. ტურისტები ნეტარებით თქვლეფენ ჩაციებულ “აკროშკას”, ლენა კი მაგიდებს შორის დადის და კომპლიმენტების საპასუხოდ გაბადრული აკანტურებს თავს.
დღეს პლაჟიც ცარიელია და მემაწვნეც არ გამოჩენილა თავისი დანჯღრეული “მოსკვიჩით”. ისევ წვიმს. ზღვის ტალღები ბუნგალომდე ამოცოცდა.
ჭკვიანი ხალხი სასტუმროს ნომრებშია შეკეტილი.
ლენამაც დაიგვიანა. როცა მოვიდა, სამზარეულოს მაგივრად, ბარს მიაშურა, დახლთან დაჯდა და მოწყენილი სახით კროსვორდის შევსებას შეუდგა. დღეს შექებას ვერ დაიმსახურებს. მარიამს უკვე გაესწორებინა საწოლი და ჩაის სვამდა. ანაც მოვიდა. მარიამი შეშფოთებით შეათვალიერა. არაფერი უკითხავს. კაკო არ მოვაო, გვითხრა და ქაღალდის ხელსახოცების კეცვა დაიწყო. ბუნგალოში ვისხედით. ერთმანეთს არც კი ვამჩნევდით. სალაპარაკოც არაფერი გვქონდა.
შუადღისკენ წვიმამ გადაიღო. ჰაერი ჩამუქდა, ბლანტი საფარივით გადაეკრა უკან დახეულ, ჩაჩუმებულ ზღვას. მერე კი რაღაცამ იხუვლა. ბუნგალო აზანზარდა და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, რაღაც წამებში ზღვიდან წამოსულმა ქარიშხალმა უსწრაფესად გადაუარა მთელ სანაპიროს და მთას შეასკდა. ეს წამებში მოხდა. გრიგალმა ანჩხლი ქალივით დაუარა ისლით გადახურულ ბუნგალოებს, თითქოს მეზობლის ქალებს თმას აწიწკნიდა. გადაყირავებულ მაგიდებს, გადაბრეცილ, საყრდენ ბოძებზე აკრულ დაფხრეწილ ტილოს ვინღა ჩიოდა, ავიხედეთ ზევით და სახურავი ფაფუ!…
ქარიშხალი მალევე ჩადგა. ვითომ არაფერიო, მზემაც გამოანათა. გარეთ გავედით. სანაპიროს ზოლზე ჩამწკრივებული თავსახურახდილი ბუნგალოები გულსაკლავად გამოიყურებოდა. შეწუხებული ხალხი აქეთ-იქით დარბოდა. მხოლოდ საშკა დარჩა ბუნებრივ მდგომარეობაში: კუთხეში ჩამჯდარი ლოკოკინებს ამტვრევდა ქვით.
საღამოს ნიავიც აღარ უბერავდა. ექვსი საათისკენ ლულუ და მაგდაც მოყვნენ ხალხის ნაკადს. თბილი სვიტერები ზურგზე მოეგდოთ. ლენას და ანას აღელვებულ მონათხრობს თანაგრძნობით მოუსმინეს. მერე კი, მივდივართ და გამოსამშვიდობებლად მოვედითო, თქვეს.
სამზარეულოში გავედი. ონკანი მოვუშვი. წყლის ჩხრიალს კარგა ხანს ვუსმინე. ნიჟარაზე ჩამოდებული იდაყვები მისველდებოდა. ცივი წვეთები ნემსებად მერჭობოდა. ერთდროულად მტკიოდა და მსიამოვნებდა.
რა მემართება?!
მიდის, გავიაზრე თუ არა, – მიწიდან ამოჩრილმა რკინის სარმა ქუსლებიდან ტვინამდე გამიარა… ეს ქალი ჩემთვის ცხელი რძიანი ფინჯანი აღმოჩნდა. ენის წვერით ფრთხილად ვეპარებოდი, გემოს ვუსინჯავდი, მეშინოდა არ დავეწვი. ლულუმდე ხომ მხოლოდ ცივ რძეს ვიყავი მიჩვეული. სწრაფ-სწრაფად და ერთი ამოსუნთქვით ვსვავდი…
რუკზაკი ავიღე, მაიკები ჩავტენე. ფული გადავთვალე. არც ისე ცოტა მქონია. ისევ ჯიბეში ჩავიჩურთე. უნდა წავიდე, საქმე მაქვს-მეთქი, ვთქვი და ბუნგალოდან გამოვედი. აქ აღარ დავბრუნდები. არ მაინტერესებს ამათი ჩემდამი კეთილგანწყობა!…
რომ წამოვედი, მარიამი შემოსასვლელის წაყირავებულ ბოძთან იდგა, კევს უტიფრად აღლაჭუნებდა და ვიცი, ბოლომდე თვალს არ მომაშორებდა…
მარიამი უსუსურ და უმწეო თოჯინას თამაშობს. საკუთარ თავს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მთავაზობს და ვერ ხვდება, რომ მისი ასეთი ქცევით უმცირესი სურვილიც კი მიქრება.
თუმცა მაგ გოგოს რა მოეთხოვება!…
რაც მთავარია, მე მას არაფერს დავპირებივარ!
გეზი ლულუს სასტუმროსკენ ავიღე. უსარგებლო სიტყვების სიმრავლე საჭირო არაა. ჩემი ქერა ქალბატონი ისედაც ყველაფერს მიხვდება.
მათი მანქანა სასტუმროს ეზოში იდგა. მაგდა საჭესთან იჯდა და მზის სათვალეებს სპეციალური საწმენდი ნაჭრით გულდასმით აპრიალებდა. ლულუ მანქანის საბარგულში ჩალაგებულ სამგზავრო ჩანთებს ასწორებდა.
მოვედი, ვთქვი მე. ლულუ წელში გასწორდა და რაღაც სხვანაირად, გაოცებით, თუ გაბრაზებით შემომხედა.
წავალ, წყალს ვიყიდი, – თქვა მაგდამ და სასტუმროს ფოიეში გაუჩინარდა.
მეც მოვდივარ… შენთან ერთად–მეთქი. დავაზუსტე კიდევ ერთხელ.
ამაზე მეტის თქმა რაღა საჭირო იყო…

კვირა.
მარიამი.

– ხომ ვამბობდი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა-მეთქი. ხომ ვამბობდი, ეგ ორი არც მთლად ეგეთი საყვარლები და კარგები არიან, როგორებიც გგონიათ-მეთქი. ვინ მიჯერებდა!…
ორი ღამეა სახლში არ მივდივარ. ბუნგალოში ვრჩები. სოსოსთან. კაკომ – გული მტკივაო, ცუდად ვარო და საწოლში გაიშოტა. ანას, რა თქმა უნდა, მე აღარ ვახსოვარ. წნევის აპარატით ხელში, ფეხებთან უზის ძვირფას ქმარს და თვალებში შესციცინებს.
ხვალ დილით მივალ, პატარა, სპორტულ ჩანთაში რა ტანსაცმელიც ჩაეტევა, მარტო იმას წამოვიღებ. ჯერ-ჯერობით მეყოფა. ფულსაც ავიღებ თაროდან და ისე წამოვალ, კაკოს ცალი თვალითაც არ შევხედავ. იწვეს და იკვნესოს… მშობლებს, სამწუხაროდ, ვერ ვირჩევთ. ასე რომ, ვერავინ გამამტყუნებს. 16 წლამდე ხომ ვიყავი ათოსანი და დამჯერი! ეყოთ… მე უკვე სრულწლოვანი ვარ და აწი ანასა და კაკოს დუეტი ფეხებსაც ვერ მომჭამს. იყვნენ თავიანთ სახურავახდილ ბუნგალოში, აგროვონ ფული და თუ უნდათ, მთელი გონიოს ბუნგალოები იყიდონ…
გუშინ სოსო ბუნგალოდან რუკზაკწამოკიდებული რომ გავიდა, სად მიდიოდა, ამის თქმა რად მინდოდა. ის კი არა, მგონი სასტუმროში მისვლაც კი მივასწარი, ისეთი სისწრაფით გავქანდი. ეზოში, ხის გრძელ სკამზე დავჯექი. დეკორატიული ბუჩქი გაკრეჭილი კი იყო, მაგრამ მაინც მფარავდა. მათი ხმა მშვენივრად აღწევდა ჩემამდე. თავზარდაცემულს და აფორიაქებულს მუხლები მიკანკალებდა. სოსო იმათ მანქანაში რომ ჩამჯდარიყო, იქვე გამოვიჭრიდი ყელს. სმენადაძაბულს მათი არც ერთი სიტყვა არ გამომპარვია. მეც მოვდივარო, სოსომ ლულუს რომ უთხრა, ყურები ამიწივლდა. მაგრამ ეგ რა არის იმასთან შედარებით, რაც ლულუმ უპასუხა:
,სოსო, ძვირფასო, რაღაც გაუგებრობაა… მე და მაგდა… მოკლედ, მე და მაგდა ამ დღეებში ისრაელში მივფრინავთ… ხელს ვაწერთ.”
პირზე ხელები ავიფარე, სიცილისგან მუცელი ამტკივდა. ცოტაც და, იქვე ვარწყევდი…
სოსო უხმოდ მიტრიალდა და პლაჟისკენ წავიდა. სიარულისას მხრიდან ჩამოგდებულ რუკზაკს ქვიშაში მიაჩხრიალებდა და ფეხებში ებლანდებოდა. უკან აღარ გავყევი. ენაჩავარდნილი და გაფითრებული კი იყო, მაგრამ გათავისუფლების გზა მარტოს უნდა გაევლო. ვიცოდი, მაინც ბუნგალოში მობრუნდებოდა. ღამემდე დრო ჰქონდა. იქნებ თავისთვის ძალა დაეტანებინა, გადაეხარშა მომხდარი დ იმ გამოფუღუროებული ტვინით მიმხვდარიყო, რომ მისთვის ერთადერთი ნაღდი ხსნა მე ვიყავი.
სოსო დღეს უკვე სულ სხვანაირია. ჩვენი დაძაბული ურთიერთობა შემრიგებლურმა საუბარმა შეცვალა.
გავიმარჯვე.
აი, ასე – ჩემი სიყვარული საშინელი დარტყმისაგან გადავარჩინე. სოსოს ეყო ჭკუა და დამთანხმდა. ჩვენ დიდ ქალაქში – თბილისში მივდივართ. ბარები იქაც ბევრია. ჯერ-ჯერობოთ სოსო იმუშავებს. მერე ვნახოთ… წინასწარ აბა, ვინ რა იცის, რა იქნება. გამიგია, ორიდან თუ ერთი ჭკვიანია, ბედნიერება არ მიატოვებთ. მთავარია, მე და სოსოს ერთმანეთი ძალიან გვჭირდება…

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box

One Comment