
თავები წიგნიდან „მასა და ძალაუფლება“
გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ
ეს რამდენიმე თავი ელიას კანეტის „მასა და ძალაუფლებიდან“ (Masse und Macht, გამოიცა 1960 წელს) დღევანდელი ნომრისთვის შემთხვევით არ შეგვირჩევია. ვფიქრობ, მისი ნააზრევი ძალადობისა და ძალაუფლების, ბრძანების გაცემისა და შესრულების, ჯალათისა და მსხვერპლის შესახებ ლოგიკურად კრავს ჩვენი სპეციალური ნომრის თემატურ თვალსაწიერს (შიმშილობა – პროტესტი, ლიტერატურა, საპყრობილე), რომელიც უშუალოდ ასახავს საქართველოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს: საყოველთაო პროტესტს, სამართლიანობისთვის ბრძოლას, ჟურნალისტურ და სხვა პროფესიულ სიმამაცეებს, პატიმრობებსა და შიმშილობებს. კანეტი საოცარი გამჭრიახობით განიხილავს არჩეულ პრობლემებს და ანატომიური სიზუსტით გვაჩვენებს კონკრეტულად ძალადობისა და ზოგადად ძალაუფლების მოქმედების პრინციპებსა და საფეხურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები, მათი ჩანაფიქრები და ამ ჩანაფიქრების აღსრულების ხერხები ყველასთვის ნათლად ჩანს, ალბათ საჭიროა ქართველი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი გავხადოთ ის საფრთხეები, რაც მას შეიძლება მოჰყვეს. „მასა და ძალაუფლებაში“ კიდევ არაერთი თავია, რომლებიც განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე საქართველოსთვის, თუმცა დღეისთვის გადავწყვიტეთ ამ კონკრეტული თემებით შემოვფარგლულიყავით, სადაც აღწერილია ძალაუფლების მიერ მსხვერპლის დევნა და მისი დაპატიმრების (შთანთქმის) მთელი პერიპეტიები (თვალთვალი, შეხება, თავდასხმა, დაჭერა, ჭამა და მონელება), ძალაუფლებისა, რომელიც უფრთხის ყველანაირ გარდაქმნას და მხოლოდ საკუთარი თავით კმაყოფილდება, თავისი აბსოლუტური უპასუხისმგებლობით.
აქვე წაიკითხავთ განსჯებს ძალაუფლების (გნებავთ დიქტატორის) იზოლაციაზე, ხალხისგან და ყველა სხვა ადამიანისგან მის დაშორებაზე, სიტუაციაზე, სადაც მოძალადე მბრძანებელი ქმნის ყველა მხრიდან თანაბარ მანძილებს თავის გარშემო და აგებს უდიდეს და გადაულახავ დისტანციებს. იგი ამ დისტანციებიდან, თავისთვის უსაფრთხო მანძილიდან გასცემს ბრძანებებს და ატყვევებს ყველას, ვისაც მოისურვებს.
კანეტი აანალიზებს რელიგიის როლსაც ძალაუფლებისა და ძალადობის გამყარებაში, ვითარებას, როდესაც მორწმუნეები ელიან „მკაცრ ჩარევას, ღვთაებრივი ძალადობის პირდაპირ აქტს. <…> ისინი ცხოვრობენ ბრძანების მოლოდინში. მათ თვალში ღმერთს აქვს მბრძანებლის მკაფიოდ გამოხატული თვისებები“ და ეს მბრძანებელი ავტორიტარულ ქვეყანაში სწორედ ზემოხსენებული იზოლირებული მმართველია, ბატონი, რომელიც თავისი დისტანციიდან აბსურდულ ბრძანებებს გასცემს და რომელსაც მონური მორჩილებით ასრულებენ მისი ასევე დისტანცირებული ხელქვეითები. აქედან გამომდინარე, გაფრთხილებასავით, მეტიც, მოწოდებასავით ჟღერს ელიას კანეტის სიტყვები: „რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ბრძანება თავისი კომპაქტური და მზა ფორმით, რომელიც მან ხანგრძლივი ისტორიის შედეგად შეიძინა, არის ადამიანთა თანაცხოვრების ყველაზე საშიში ელემენტი. უნდა გაბედო და წინ აღუდგე ბრძანებას, შეარყიო მისი ბატონობა. უნდა მოინახოს გზები და საშუალებები ადამიანთა უმრავლესობის მისგან გასათავისუფლებლად“.
მალხაზ ხარბედია
თავდასხმა და შთანთქმა
თავდასხმისა და შთანთქმის, ისევე როგორც ზოგადად ჭამის, ფსიქოლოგია ჯერ კიდევ სრულიად შეუსწავლელია; ჩვენთვის ეს ყველაფერი უკიდურესად ბუნებრივია. ბევრი უცნაური პროცესი მიმდინარეობს ამ დროს, რაზეც არასდროს ვფიქრობთ. ამაზე ძველი რა უნდა იყოს საერთოდ. დღემდე არც ის გვაოცებს დიდად, რომ ამ პროცესების უმეტესი ნაწილი საზიარო გვაქვს ცხოველებთან.
ერთი არსების მიახლოება მეორესთან, რომლის მიმართაც მას მტრული ზრახვები აქვს, გამოიხატება სხვადასხვა ქმედებაში, რომელთაგან თითოეულს თავისი განსაკუთრებული, ტრადიციული მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მსხვერპლის თვალთვალი: ის მიზანშია ამოღებული, თანაც იქამდე, ვიდრე რამეს იგუმანებს. მას განსაკუთრებული სიამოვნებით და კეთილგანწყობით აკვირდებიან, ათვალიერებენ, დარაჯობენ: ხორცად აღიქვამენ, რადგან ჯერ ისევ ცოცხალია; ხორცად ისე ინტენსიურად და კატეგორიულად აღიქვამენ, რომ მისი ხელში ჩაგდება უბრალოდ გარდაუვალია. მავანი, მთელი ის დრო, რაც მსხვერპლს გარშემო უტრიალებს, სულ გრძნობს, რომ ის მას ეკუთვნის; იმ წუთიდან, რაც ის მის წარმოდგენაში მსხვერპლად შეირაცხა, მისთვის უკვე შთანთქმულია.
თვალთვალი ისეთი განსაკუთრებული დაძაბულობაა, რომ შეიძლება განცალკევდეს და თავისთავადი მნიშვნელობა შეიძინოს; ამ დაძაბულობას იხანგრძლივებენ; მოგვიანებით ეს მდგომარეობა თავისთავად იქმნება, მსხვერპლისგან დამოუკიდებლადაც. მაგრამ ვერავინ ვერავის ჩაუსაფრდება და ვერც აედევნება დაუსჯელად. რასაც ადამიანი ამ მიზნით აქტიურად სჩადის, პასიურად თავადაც იმასვე განიცდის; განიცდის კიდევ უფრო ძლიერადაც, რადგან მისი აღმატებული ინტელექტი უფრო მეტ საფრთხეს აფიქსირებს, ხოლო დევნის ობიექტად ქცევა მას უფრო დიდ ტანჯვას აყენებს.
ადამიანი ყოველთვის იმდენად ძლიერი არაა, რომ თავის მსხვერპლს პირდაპირ მისწვდეს. დევნამ, რაც თავისთავად საქმის ცოდნას და სიზუსტეს მოითხოვს, ის მიიყვანა ურთულეს მდგომარეობამდე. ხშირად ის მიმართავს გარდასახვას, რაც მისი უშუალო ნიჭია; ზუსტად იმ ცხოველივით იქცევა, რომელსაც აედევნა. ისე კარგად თამაშობს, რომ მისი სჯერათ. მსხვერპლთან დაახლოების ამ ხერხს შეიძლება ეწოდოს სპეკულაცია. ცხოველს ეუბნებიან: „მე იგივე ვარ, რაც შენ. მე ვარ შენ. ნება მომეცი, მოგიახლოვდე.”
მიპარვამდე და ნახტომამდე, რაზეც სხვა რამესთან დაკავშირებით იქნება საუბარი, არის პირველი შეხება. მსხვერპლისთვის ეს ალბათ ყველაზე საშინელი მომენტია. თითებით ისინჯება ის, რაც მალე მთლიანად სხეულის საკუთრებად იქცევა. გრძნობის სხვა ორგანოების მხრიდან თავდასხმა, როგორებიცაა მხედველობა, სმენა, ყნოსვა – ამდენად საშიში არაა. ისინი ჯერ კიდევ ტოვებენ სივრცეს მათსა და მსხვერპლს შორის; ვიდრე ეს სივრცე არსებობს, ჯერ კიდევ არის გადარჩენის შესაძლებლობა, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. მოსინჯვა, როგორც შეხება კი გემოს გასინჯვის მახარობელია. ზღაპარში ჯადოქარი თითს გამოყოფს იმის შესაგრძნობად, მსხვერპლი საკმარისად მსუქანია თუ არა.
შეხების მომენტში კონკრეტდება ერთი სხეულის განზრახვა მეორის მიმართ. თვით სიცოცხლის უმაღლეს ფორმებშიც კი ეს მომენტი გადამწყვეტად აღიქმება. შეხება აღვიძებს უძველეს შიშებს; ჩვენ ვოცნებობთ ამაზე; ლექსებს ვუძღვნით; ცივილიზებული ცხოვრება ზოგადად სხვა არაფერია, თუ არა მისი თავიდან აცილების მცდელობა. გაგრძელდება თუ არა წინააღმდეგობა ამ მომენტიდან თუ საერთოდ შეწყდება, დამოკიდებულია შემხების და შენახების ძალთა თანაფარდობაზე; მაგრამ ნამდვილ თანაფარდობაზე უფრო მეტად იმ წარმოდგენაზე, რაც ექმნება იმას, ვისაც შეეხნენ. ის მაინც შეეცდება თავისი ტყავის დაცვას; წინააღმდეგობის გაწევას მხოლოდ იმ ძალის წინაშე შეწყვეტს, რომლის უპირატესობაც აბსოლუტური იქნება. საბოლოო შეხება, შეხება, რომლის მსხვერპლი ხდებიან იმის გამო, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა, განსაკუთრებით კი მომავალი წინააღმდეგობა, უიმედოდ მიიჩნევა, ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში არის დაპატიმრება. საკმარისია, მხარზე იმის ხელი იგრძნო, ვინც უფლებამოსილია დაგაპატიმროს, და ნებდები, ყოველგვარი თავდასხმის გარეშე. თავს ჩაქინდრავ, წაჰყვები; თავდაჭერილად იქცევი; თუმცა ყველგან ასე არ ხდება, ყველა ვერ იღებს მშვიდად და უდრტვინველად იმას, რაც ხდება.
მიახლოების შემდეგი ნაბიჯი არის თავდასხმა. ხელის თითები ქმნიან ღრუს, რომელშიც იმ არსების ნაწილის მოქცევას ცდილობენ, ვისაც შეეხნენ. ისინი ამას ისე აკეთებენ, რომ მსხვერპლის აგებულებასა და ორგანულ შემადგენლობას არ დაეძებენ. ამ დროს სულერთია, მსხვერპლს რამე დაუშავდება თუ არა. მისი სხეულის რომელიმე ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს მომწყვდეული ამ შექმნილ სივრცეში, როგორც მთლიანის საწინდარი. მომუჭული ხელისგულის შუაში მდებარე სივრცე არის პირის ან კუჭის წინამორბედი სივრცე და სანამ მსხვერპლი საბოლოოდ შთაინთქმება, მან ეს ხელისგულში არსებული სივრცე უნდა გაიაროს. ბევრი ცხოველი თავდასხმისათვის იყენებს არა ბრჭყალებს ან თათს, არამედ შეიარაღებულ პირ, ხახას. ადამიანთა შორის ხელის არგაშვება ძალაუფლების ნამდვილ გამოხატულებად იქცა. “ხელში ჰყავს უკვე.” “ყველაფერი ჩვენს ხელთაა,” “ყველაფერი უფლის ხელშია.” მსგავსი გამონათქვამები ყველა ენაში მოიპოვება.
თავდასხმისას ყველაზე მნიშვნელოვანია მოჭერა, რასაც ადამიანის ხელი ახორციელებს. თითები იკუმშება დატყვევებულის ირგვლივ და ცარიელი სივრცე, სადაც ის მოაქციეს, ვიწროვდება. ეს უნდა იგრძნობოდეს ხელის მტევნის მთელს შიდა ზედაპირზე და რაც შეიძლება ძლიერად. ჯერ ვრცელდება შეხების სიმსუბუქე და სინაზე, შემდეგ ძლიერდება და კონცენტრირდება მანამ, სანამ მსხვერპლის ნაწილს იმხელა ძალით არ მოეჭირება, რამდენადაც შესაძლებელია. მოჭერის ეს სახეობა ცვლის ბრჭყალებით გაგლეჯას. უძველეს კულტებში გაგლეჯა ჯერ კიდევ გამოიყენებოდა; მაგრამ ეს ცხოველურად მიიჩნეოდა; ეს იყო ცხოველთა თამაში. უკვე დიდი ხანია, საჭიროების შემთხვევაში, ეს კბილებზეა გადაბარებული.
მოჭერა შეიძლება გაიზარდოს მოჭყლეტამდე. რამდენად ძლიერად მოუჭირო, მართლა მოჭყლიტო თუ არა – ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სახიფათოა მსხვერპლი. თუ ბრძოლა სასტიკია, თუ მოწინააღმდეგე ქმნის რეალურ საფრთხეს, თუ გაბრაზებულია ან სულაც დაშავებული, მაშინ ურჩევნიათ დაიზღვიონ თავი და იმაზე ძლიერად მოუჭირონ, ვიდრე რეალურად საჭიროა.
მაგრამ საფრთხესა ან გაბრაზებაზე მეტადაც კი, მოჭყლეტას აიძულებს სიძულვილი. რაღაც მიკროსკოპულს, სერიოზულადაც რომ ვერ აღიქვამ – მწერს – მიაჭყლეტავენ იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერ ადგენენ, განადგურდა თუ არა. ადამიანის ხელით ვერ კეთდება იმდენად ვიწრო ფოსო, რომ ამისათვის გამოდგეს. გარდა იმისა, რომ მწვალებელი მწერი უნდა მოისპოს, ასევე ისიც უნდა გაირკვეს, ნამდვილად მოეღო მას ბოლო თუ არა. ასეთი ქცევა ბუზის ან რწყილის მიმართ კიდევ სხვა რამესაც აჩვენებს: ესაა ზიზღი აბსოლუტურად დაუცველი არსების მიმართ, რომელიც არსებობს ძალაუფლებისა და სიდიდის სულ სხვა წესრიგში, არსებასთან, რომელთანაც ჩვენ არაფერი გვაკავშირებს, რომლადაც ვერასდროს ვიქცევით, რისიც არასოდეს შეგვეშინდება, თუ ის მოულოდნელად გიგანტური წონით არ მოგვევლინება. ამ პაწაწინა არსებების განადგურება ძალადობის ერთადერთი აქტია, რომელიც ჩვენ შიგნითაც კი სრულიად დაუსჯელი რჩება. მათი სისხლი არ დაგვატყდება თავზე, არ გაგვახსენებს ჩვენს საკუთარ სისხლს. ჩვენ არ ჩავხედავთ მათ მიმქრალ თვალებში. ჩვენ მათ არ ვჭამთ. ისინი არ შემოუყვანიათ, ყოველ შემთხვევაში, აქ, დასავლეთში მაინც, ჰუმანურობის მუდმივად მზარდ, თუმცა არც თუ ისე ეფექტურ წრეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ჩიტივით თავისუფალნი არიან; რწყილივით თუ ბუზივით თავისუფალი უკეთესი იქნებოდა. როცა ვინმეს ვეუბნები: „შიშველი ხელებით მიგაჭყლიტავ“, ყველაზე ღრმად გამოვხატავ ზიზღსა და უპატივცემულობას. მე ერთგვარად ვამბობ: „შენ ხარ მწერი. შენ ჩემთვის არაფერს ნიშნავ. იმას გიზამ, რაც მინდა და ჩემთვის მაინც არაფერი იქნები. არავისთვის არაფერს ნიშნავ. შენი განადგურება დაუსჯელად შეიძლება. ვერავინ ამას ვერ შეამჩნევს. არავინ შეიმჩნევს. მათ შორის, არც მე.”
მოჭერის მეშვეობით განადგურების უმაღლესი ხარისხია დაფქვა, რასაც ხელი უკვე ვეღარ ერევა, ზედმეტად რბილია საამისოდ. ეს მოითხოვს მექანიკურ უპირატესობას, მყარ ქვედასა და მყარ ზედას, რომელთა შორისაც მიმდინარეობს დაფქვა. რასაც ხელი ვერ გააკეთებს, კბილი იზამს. საერთოდ, როცა საქმე დაფქვას ეხება, ცოცხალზე აღარავინ ფიქრობს: პროცესი, როგორც ასეთი, გადადის არაორგანულის სფეროში. ეს სიტყვა უფრო სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით გამოიყენება: მოწყვეტილ დიდ კლდეებს შეუძლიათ გაცილებით პატარა არსებების დაფქვა, ეს გამოთქმა ასევე ხშირად გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა მთლად სერიოზულად არ აღიქმება. ის გადმოსცემს დამანგრეველი ძალის შეგრძნებას, რომელიც იმდენად ადამიანს კი არ მიემართება, რამდენადაც მის იარაღებს. დაფქვაში არის რაღაც ობიექტურობა, მარტო სხეული, როგორც რაღაც გარეგანი, ვერ შეძლებს ამას და დიდსულოვნად იხევს უკან. ყველაზე უხეში, რაც მას ძალუძს, ეს არის „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ჩაჭერა.
გასაოცარია, რამდენად დიდ პატივს სცემენ ჩაჭერას. ხელის ფუნქცია იმდენად მრავალფეროვანია, რომ მასთან დაკავშირებული ენობრივი გამონათქვამების სიმრავლე გასაკვირი არაა. მაგრამ ნამდვილ შარავანდედად მას ადგას დაჭერა – ძალაუფლების მთავარი და ყველაზე ცნობილი თვისება. ამის ყველაზე შთამბეჭდავი მოწმობაა სიტყვა „გამოჭერა“- რანგით უფრო მაღალი სიტყვა ალბათ ძნელად მოიძებნება. იგი გამოხატავს სრულად და მთლიანად ჩაკეტილს, დაკავშირებულს იმ ძალასთან, რომელზედაც ადამიანს არანაირი გავლენა არ აქვს. „გამოჭერილი“ უჭირავს ვიღაცის გიგანტურ ხელს, რომელიც მას ირგვლივ შემოსალტვია და თავსაც კი არ იცავს იმისგან, ვისი განზრახვაც არ იცის.
გასაგებია, თუ რატომ გვხვდება ძალაუფლების განმსაზღვრელი აქტი ყოველთვის იმ ქმედებაში, რომელიც ოდითგანვე ყველაზე შესამჩნევია როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა შორის: კერძოდ, თავდასხმისას. ამას ეფუძნება ცრურწმენაზე დამყარებული ის რეპუტაცია, რითაც მტაცებელი კატები – ვეფხვები და ლომები ადამიანთა შორის სარგებლობენ.
ისინი ყველაზე დიდი თავდამსხმელები არიან. ამ თავდასხმაზე მარტო თვითონ ზრუნავენ. კვალზე დადგომა, ნახტომი, წინააღმდეგობის ჩახშობა, დაფლეთა – თითქოს ერთი პროცესის ნაწილებია. მისი განხორციელების სიმძლავრე და დაუნდობლობა, თავდაჯერებულობა, რითაც იგი ხორციელდება, შემსრულებლის ეჭვმიუტანელი უპირატესობა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი შეიძლება მის მსხვერპლად იქცეს: – ეს ყველაფერი უქმნის მას უზარმაზარ რეპუტაციას. რა პოზიციიდანაც არ უნდა შეხედო, საქმე გვაქვს კონცენტრაციის უმაღლესი ხარისხის მქონე ძალაუფლებასთან. ამ ფორმით ის ახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას ხალხზე – ყველა მეფე ხომ თავს ლომად წარმოიდგენს. თავდასხმის აქტი იყო ზუსტად ის, რასაც იწონებდნენ და განადიდებდნენ. ყველგან უწოდებდნენ სიმამაცეს და სიდიადეს, რაც უპირატეს ძალას ეფუძნებოდა.
ლომს არაფერში არ სჭირდება გადაიქცეს რამედ, რათა მოიპოვოს თავისი მსხვერპლი, – იგი ამას აღწევს თავისით. ვიდრე ნადირობას დაიწყებდეს, თავს წარმოაჩენს ბრდღვინვით – ის ერთადერთია, რომელიც თავის განზრახვას საქვეყნოდ ამზეურებს, ხმამაღლა ამცნობს ამას ყველას და თითოეულს. ამაში ვლინდება უცვლელი სიჯიუტე, რაც არასოდეს იქცევა სხვა რამედ და ამიტომაც თესავს კიდევ უფრო მეტ ძრწოლას. ძალაუფლება თავის გულისგულში და ძალაუფლება თავის უმაღლეს წერტილზე უფრთხის გარდაქმნას. აქ ის იკმაყოფილებს საკუთარ თავს, მას სურს მხოლოდ საკუთარი თავი. ამ ფორმით, ის ყველაზე უფრო ხვდება თვალში ადამიანს: აბსოლუტური და უპასუხისმგებლოა, ის არ არსებობს სხვა არავისა და არაფრისათვის. თავისი უმაღლესი ბრწყინვალება მას უნდა მისთვის, როცა კი ის ამ ფორმით გამოჩნდება; და დღემდე არაფერს შეუძლია ხელი შეუშალოს მას, რომ კვლავ და კვლავ ამ ფორმით მოგვევლინოს.
მაგრამ არსებობს ძალაუფლების მეორე ასპექტიც, თუმცა არც ისე შთამბეჭდავი. ეს ასპექტი, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაჭერით მოხიბლული ხალხი ხშირად ივიწყებს იმას, თუ რა ხდება პარალელურად: უფრო მეტი ძალაუფლება აქვს იმას, ვინც თავს არ აჭერინებს.
მთელი თავისუფალი სივრცე, რომელსაც ქმნის მბრძანებელი თავის გარშემო, ემსახურება სწორედ ამ მეორე მიზანს. ნებისმიერი ადამიანი, ყველაზე უმნიშვნელოც კი, იბრძვის, რომ მას ძალიან ახლოს არავინ მიუახლოვდეს. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანთა შორის დამკვიდრებული თანაცხოვრების ფორმა, ის აუცილებლად გამოიხატება დაშორებაში, რაც მათ ხელის მოკიდების და დაჭერის მუდმივი შიშისგან ათავისუფლებთ. არაჩვეულებრივი სიმეტრია, რომელიც აშკარად ჩანს ზოგიერთ უძველეს ცივილიზაციაში, გამომდინარეობს იქიდან, რომ იქ ადამიანი ქმნის თანაბარ დისტანციებს თავის გარშემო ყველა მხრიდან. მბრძანებელი, რომლის არსებობაზეა დამოკიდებული სხვების არსებობა, საკუთარ თავსა და სხვებს შორის აგებს ყველაზე დიდ და ყველაზე გადაულახავ დისტანციას; სწორედ ამის და არა მხოლოდ მისი ბრწყინვალების გამო, ის არის მზე, ან როგორც ჩინელებთანაა, კიდევ უფრო შორეული – ცაა. მას ვერ მისწვდები, მის ირგვლივ შენდება სასახლეები მრავალი დარბაზით. ყოველი კარიბჭე, ყველა კარი უმკაცრესადაა დაცული, მისი ნების საწინააღმდეგოდ ვერსად შეხვალ. მას შეუძლია თავისთვის უსაფრთხო მანძილიდან გასცეს ბრძანება და დაატყვეოს ყველა, ვისაც მოისურვებს. მაგრამ როგორ უნდა დაატყვეო თვითონ, ასმაგად დაშორებული და განცალკევებული?
მსხვერპლის ნამდვილი შთანთქმა იწყება პირის ღრუში. ეს არის დასაბამიერი გზა ყველაფრისათვის, რისი ათვისებაც ხელიდან პირისკენ შეიძლება. ზოგიერთ ცხოველს, რომლებსაც არა აქვთ ხელები რამის მოსაჭიდებლად, ამისათვის გააჩნიათ პირი, კბილები ან ის, რაც კბილებზე უფრო წინ შეიძლება იყოს – ნისკარტი.
ძალაუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც აღჭურვილია ადამიანი, ისევე როგორც ბევრი ცხოველი, კბილებია. მათი განლაგება, ბზინვარება და ელვარება მათ გამოარჩევს სხვა ყველაფერ იმისგან, რაც კი სხეულს ეკუთვნის და მის მიერ მოიხმარება. მათ შეიძლება ეწოდოს პირველი წყობა, რომელიც, საყოველთაო აზრით, პირდაპირ ყვირის; ესაა წყობა, რომელიც გარედან საფრთხედ აღიქმება. ეს საფრთხე ყოველთვის არ არის აშკარა, მაგრამ ყოველთვის აშკარაა, როცა პირი ღიაა და, შესაბამისად, ძალიან ხშირად. კბილების მასალა განსხვავდება სხეულის სხვა ხილული ნაწილების მასალისგან; ადამიანს მხოლოდ ორი კბილი რომ ჰქონოდა, ისიც ძალიან შთამბეჭდავი იქნებოდა. კბილები არის გლუვი, მყარი და არ იკუჭება; შეიძლება მას ხელი მოუჭირო, ის არ შეიცვლის მოცულობას. ჩასმული და კარგად გაპრიალებული ქვებივითაა.
ადამიანმა ქვების იარაღად და ინსტრუმენტად გამოყენება ძალიან ადრე დაიწყო, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე მათ ისე გააპრიალებდა, რომ სიგლუვით კბილებს გასთანაბრებოდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ იარაღის გაუმჯობესებას როცა ცდილობდა, ნიმუშად სწორედ კბილები ჰქონდა. ის უძველესი დროიდან იყენებდა დიდი ცხოველების კბილებს. ის მათ თავისი სიცოცხლის ფასად მოიპოვებდა; მისი აზრით, კბილებში შემონახული იყო საზარელი ცხოველის ძალის თუნდაც პატარა ნაწილი. ეს იყო მისი ნადავლი და თილისმა: მთელ ტანზე ჰქონდა ასხმული; ასე გადასცემდა სხვებს თავის შიშს, რასაც ცხოველის მიმართ განიცდიდა. ის ამაყობდა საკუთარ ტანზე დამჩნეული ნაკბილარებით – ეს იყო ნიშანი სიმამაცისა, იმდენად დაფასებული, რომ მოგვიანებით ხელოვნურადაც იმჩნევდნენ.
ასეთი დიდი და მრავალფეროვანია კბილის გავლენა ადამიანზე – იქნება ეს სხვა, უფრო დიდი ცხოველის კბილები თუ საკუთარი. იგი თავისი ბუნებით რაღაც საშუალოა სხეულის თანდაყოლილ ნაწილსა და იარაღს შორის; ის ფაქტი, რომ კბილი შეიძლება ამოვარდეს ან ამოითხაროს, კიდევ უფრო ამსგავსებდა მას იარაღს.
სიგლუვე და წყობა, როგორც კბილების ხილული თვისებები, საერთოდ ძალაუფლების არსის ნაწილად იქცა, მისგან განუყოფელი გახდა. ეს ის ორი თვისებაა, რომლებიც ძალაუფლების ყველა ფორმის შემთხვევაში თავიდანვე აშკარად ვლინდება. ყველაფერი დაიწყო პრიმიტიული იარაღებით, მაგრამ ძალაუფლების ზრდის კვალდაკვალ, თვით ეს ადრეული თვისებებიც კი განვითარდა. ქვიდან რკინაზე გადასვლა ალბათ იყო უდიდესი ნახტომი მზარდი სიგლუვის მიმართულებით. რაც არ უნდა ძლიერად პრიალდებოდეს ქვა, ხმალი – ჯერ ბრინჯაოსი, მერე რკინის – მაინც უფრო სწორი და გლუვია. ეს არის ის, რაც მასში გიზიდავს და გაცდუნებს. თანამედროვე სამყაროს მანქანებსა და ინსტრუმენტებში ეს სისწორე და სიგლუვე განუზომლად გაიზარდა და გადაიქცა ზოგადად ფუნქციის სისწორედ და სიგლუვედ. ენაში ეს პირდაპირ გამოიხატება, როცა ამბობენ: ყველაფერი სწორად მიდის, სწორად მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სრული და შეუფერხებელი კონტროლი პროცესზე, როგორიც არ უნდა იყოს. სისწორის და სიგლუვის მანია თანამედროვეობაში იმ სფეროებსაც კი მოედო, სადაც ადრე სისწორეს/სიგლუვეს ერიდებოდნენ. ადრე სახლებს და შენობებს ისე რთავდნენ, როგორც ადამიანის სხეულს და კიდურებს. მორთულობა იცვლებოდა, მაგრამ მაინც სულ იყო; ჯიუტად მიყვებოდნენ, მაშინაც კი, როდესაც მისი სიმბოლური მნიშვნელობა დიდი ხნის დაკარგული იყო. ახლა სისწორემ/სიგლუვემ მოიცვა სახლები, კედლები, ღობეები, სახლებში არსებული საგნები: მორთულობა და მოკაზმულობა ათვალწუნებულია და ცუდი გემოვნების ნიშნად მიიჩნევა. ყველგან საუბრობენ ფუნქციონალურობაზე, სიცხადეზე, სარგებლიანობაზე, მაგრამ სინამდვილეში რაც აყვავდა, ესაა სისწორე/სიგლუვე და მასში ფარულად არსებული ძალაუფლების პრესტიჟი.
თანამედროვე არქიტექტურის ეს მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორი ძნელია სისწორის/სიგლუვის მოწესრიგებისგან გამიჯვნა. მათი ერთობლივი ისტორია ძველია, კბილებივით ძველი. წინა კბილების მთლიანი რიგის ერთგვარობა, სუფთა დაშორებები, რომლებშიც ეს კბილებია ჩასმული – ეს ყველაფერი ბევრი მოწყობის ნიმუშად იქცა. შესაძლოა სწორედ აქედან იღებს სათავეს სხვადასხვა მოწესრიგებული ჯგუფები, რომლებიც დღეს ჩვენთვის თავისთავად არსებობს. სამხედრო ჯარის ნაწილების ისეთი მოწესრიგება, როგორიც დღესაა შექმნილი, ასევე დაუკავშირდა კბილების შესახებ არსებულ ლეგენდას – კადმუსის ჯარისკაცები აღმოცენდნენ მიწიდან, სადაც დრაკონის კბილები იყო დათესილი.
რა თქმა უნდა, არსებობს სხვანაირი წესრიგიც, რომელიც ადამიანმა უკვე აღმოაჩინა ბუნებაში, მაგალითად, მარცვლეულის ან უფრო მყარი – ხეების. მაგრამ საკუთარ თავში ასეთი მხოლოდ კბილები იყო; ისინი არ უკავშირდებოდა ასე პირდაპირ და განუწყვეტლივ საკვების მიღებას და არც ასეთი მოხერხებული იყო. ეს იყო ადამიანის მოკბეჩის ორგანოს უნარი, რამაც მას ასე დაჟინებით მიანიშნა წესრიგის არსებობაზე. რამდენიმე მათგანის ჩამოცვენამ და ამასთან დაკავშირებულმა მტკივნეულმა შეგრძნებებმა აიძულა ადამიანი დაფიქრებულიყო წესრიგის მნიშვნელობაზე.
კბილები – ეს პირის შეიარაღებული მცველებია. ამ სივრცეში მართლაც სივიწროვეა – პირი არის ყველანაირი ციხის წინარე სახე. რაც მის შიგნით მოხვდება, დაკარგულია; ბევრი რამ იქ ცოცხლად ხვდება; ცხოველთა დიდი ნაწილი მსხვერპლს ხახაში მოიქცევს და ისე კლავს, ზოგი კიდევ იქ მოხვედრასაც კი არ აცლის. მზაობა, რითაც პირი ან ხახა იხსნება, თუკი ჩასაფრებისას უკვე ღია არ იყო, ასევე სიმტკიცე, რითაც ერთხელ დახურული ასევე რჩება, გვახსენებს ციხის ყველაზე საშინელ თვისებებს. ძნელად თუ შევცდებით, თუ ვივარაუდებთ, რომ პირის ხახის ბუნდოვანმა ხატებამ გარკვეული გავლენა მოახდინა ციხეთა ორგანიზებაზე. ადრეული ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, არსებობდა არა მხოლოდ ვეშაპები, რომელთა ხახაშიც თავს საკმაოდ ხალვათად გრძნობდნენ. ამ საშინელ ადგილას არაფერი გაიხარებდა. აქაურობა უნაყოფოა და რამეს დათესვას აზრი არა აქვს. როცა ხახა და დრაკონები, ასე ვთქვათ, აღიგავა პირისაგან მიწისა, მათ სიმბოლურად ჩაენაცვლა – საპატიმროები. ადრე, სანამ ციხე მხოლოდ საწამებელი საკანი იყო, იგი უმცირეს დეტალამდე წააგავდა მტრის ხახას. ჯოჯოხეთი დღემდე ასე გამოიყურება. ნამდვილი ციხე, პირიქით, პურიტანული გახდა: კბილების სისწორემ მსოფლიო დაიპყრო, პალატის კედლები ერთიანად სწორია, ხოლო სინათლისათვის გაჭრილი სარკმელი ძალიან პატარაა. პატიმრისთვის თავისუფლება არის ერთმანეთს დაბჯენილ კბილებს მიღმა არსებული მთელი სივრცე, რომელიც საკნის შიშველ კედლებს ანაცვლებს.
ვიწრო ყელი, რომელშიც ყველა მსხვერპლმა უნდა გაიაროს, უკანასკნელი საშინელებაა იმ ჯერ კიდევ ცოცხალი რამდენიმე მათგანისთვის. ადამიანის ფანტაზიას ყოველთვის აღელვებდა შთანთქმის ეს ეტაპი. უზარმაზარი მხეცის დაფჩენილი პირი არ ასვენებდათ სიზმრებში და მითებში. ხახის ქვესკნელებში მოგზაურობა ზღვისიქითა ქვეყნების მონახულებაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი ან ნაკლებ სახიფათო როდი იყო. ზოგიერთი იმედგადაწურულის ცოცხლად გამოყვანა ხერხდებოდა და მათ უწევდათ მხეცის ნაკბილარები სიცოცხლის ბოლომდე ეტარებინათ.
ეს გრძელი გზაა, რასაც მსხვერპლი სხეულის გავლით გადის. აქ ის ნელ-ნელა ამოიწოვება; თუკი რამე არის მასში სასარგებლო, წაართმევენ. დარჩება ნაგავი და ყროლი.
ეს პროცესი, რომელიც ყოველი ცხოველური ძლევის შემდეგ დგება, ბევრის მეტყველია ზოგადად ძალაუფლების ბუნების შესახებ. ვისაც ადამიანებზე გაბატონება უნდა, ის ცდილობს მათ დამცირებას; წინააღმდეგობის გაწევის უნარისა და უფლებების წართმევას, ვიდრე ცხოველებივით დაუძლურებულნი მის წინაშე არ წარდგებიან. მათ ცხოველებივით იყენებს; მიუხედავად იმისა, რომ ის მათ ამას არ ეუბნება, თავისთვის სრულიად ნათლად აცნობიერებს, თუ რამდენად ცოტას ნიშნავენ ისინი მისთვის; ხოლო ახლობლებთან საუბარში მათ ყოველთვის ცხვრებად ან პირუტყვებად მოიხსენიებს. მისი საბოლოო მიზანი ყოველთვის ერთია – შთანთქას და ამოწოვოს ბოლომდე. არ აინტერესებს, მათგან რა დარჩება. რაც უფრო ცუდად ექცევა მათ, მით მეტად ეზიზღება ისინი. თუ მათგან აღარაფერი გამოდნება, ფარულად თავიდან ისე იშორებს, როგორც საკუთარ ფეკალიებს და ზრუნავს იმაზე, რომ სახლში ჰაერი არ მოწამლონ.
ყველა ეტაპზე როდი ბედავს ამ პროცესის საკუთარ თავთან გაიგივებას. თუკი თამამი განცხადებების კეთება უყვარს, შესაძლოა თავის დაახლოებულ წრეში აღიაროს კიდეც შეძენილი ხალხის ღირსების შელახვა და მათი ცხოველურ დონემდე დამცირება. მაგრამ ვინაიდან ქვეშევრდომებს ნედლ მასალად სასაკლაოებზე არ აგზავნის და არც საკვებად იყენებს, იმასაც უარყოფს, რომ მათი ბოლომდე გამოწოვა და გადამუშავება უნდა. პირიქით, სწორედ ისაა მათი გამომკვებავი. ადვილი იყო ამ პროცესების არსებითი ასპექტების უგულებელყოფა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს ცხოველების შენახვა, როცა ისინი არ კლავენ მათ მაშინვე, ან საერთოდ არ კლავენ, რადგან სხვა რამისთვის უფრო სჭირდებათ.
მაგრამ მბრძანებელსაც რომ თავი დავანებოთ, რომელსაც ყველაფრის საკუთარ ხელში კონცენტრირება შეუძლია, ყოველი ადამიანის დამოკიდებულება საკუთარ ექსკრემენტთა მიმართ მაინც ძალაუფლების სფეროში მოიაზრება. არაფერი ეკუთვნის კაცს ისე სრულად, როგორც ის, რაც იქცა ექსკრემენტად. მუდმივი ზე/დაწოლა, რასაც საკვებად ქცეული მსხვერპლი განიცდის, მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა სხეულში მოგზაურობს, მისი განზავება და შინაგანად შეკავშირება იმასთან, ვინც მას ინელებს, სრული და შეუქცევადი გაქრობა – ჯერ ყველა ფუნქციის, შემდეგ ყველა ფორმის, რაც ერთ დროს მის არსებობას ქმნიდა, დამგვანება ან ასიმილაცია იმასთან, რაც უკვე არსებობს მომნელებლის ორგანიზმის სახით – ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს ძალაუფლების ყველაზე მნიშვნელოვან, თუმცა ღრმად დაფარულ პროცესად. ეს ისე თავისთავად ცხადია, ისეთი ავტომატურია, იმდენად შორსაა ყოველგვარი ცნობიერებისგან, რომ მის მნიშვნელობას ხშირად ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. ჩვეულებრივ, ხალხი ხედავს მხოლოდ ძალაუფლების მაიმუნობებს, რაც დედამიწის ზევითაა; მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ქვემოთ მიდის მუდმივი მონელება და კიდევ მონელება. რაღაც უცხოს მიიტაცებენ, აქუცმაცებენ, შთანთქავენ და საკუთარ თავს უთანაბრებენ; მარტო ამ პროცესის მეშვეობით ცოცხლობს ადამიანი. თუ ეს არ მოხდა, მისი საქმე გათავებულია, ეს ნებისმიერისათვის ცხადია. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ პროცესის ყველა ეტაპი, არა მხოლოდ გარეგანი და ნახევრად ცნობიერი, სულიერ აგებულებაშიც უნდა აღიბეჭდებოდეს. მათი შესაბამისობის აქ პოვნა ადვილი არ არის; კვლევისას გამოვლინდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კვალი, რაც შემოწმებას საჭიროებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოხატულია, და ამას კიდევ ვიხილავთ, მელანქოლიის მტკივნეული გამოვლინებები/სიმპტომები.
ფეკალია, რაც ამ ყველაფრისგან რჩება, სავსეა მთელი ჩვენი სისხლისმიერი ცოდვებით. მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა მოვკალით. ფეკალია არის კონცენტრირებულ მტკიცებულებათა ჯამი ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენი ყოველდღიური, უწყვეტი, დაუსრულებელი შეცოდება ყარს და ფეკალია ცას შეჰღაღადებს. თვალშისაცემია, თუ როგორ ცდილობს ადამიანი მასთან ერთად იზოლირებას. ის ცარიელდება საკუთარ, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ ოთახებში; განმარტოების მომენტი არის ყველაზე ინტიმური; რეალურად იგი მარტო მხოლოდ საკუთარ ფეკალიებთანაა; ცხადია, რომ მას საკუთარი ფეკალიები ერცხვინება. ეს არის მონელების უმძლავრესი პროცესის უძველესი ბეჭედი, რაც საიდუმლოდ თამაშდება და ამ ბეჭდის გარეშე დაფარული დარჩებოდა.
<…>
ძალადობა და ძალაუფლება
ძალადობა ხშირად ასოცირდება იმ აზრთან, რომ ეს რაღაც ახლო და ახლანდელია. ის უფრო უშუალო და დამაჯერებელია, ვიდრე ძალაუფლება. პირდაპირ რომ ვთქვათ, საუბარია ფიზიკურ ძალადობაზე. უფრო ღრმა და ცხოველურ დონეზე ძალაუფლება უკეთესად ხასიათდება, როგორც ძალადობა. მსხვერპლს ძალადობრივად იჭერენ და პირშიც ძალადობრივად მიაქანებენ. თუ ძალადობა თავს შეყოვნების უფლებას მისცემს, იქცევა ძალაუფლებად. თუმცა, იმ მომენტში, რომელიც ერთხელ მაინც მოვა – გადაწყვეტისა და შეუქცევადობის მომენტში, – ის კვლავ წმინდა ძალადობაა. ძალაუფლება უფრო ყოვლისმომცველი და შორსმიმავალია, ვიდრე ძალადობა; ის უფრო ბევრ ასპექტს მოიცავს და არც ისეთი დინამიკურია. ის ითვალისწინებს გარემოებებს და არც მოთმინების ნაკლებობას უჩივის. გერმანული სიტყვა „Macht” (ძალა/ძალაუფლება) მომდინარეობს ძველი გოთური ძირიდან “magan”, რაც ნიშნავს “koennen, vermoegen” (შეძლება, ფლობა) და საერთოდ არ არის დაკავშირებული სიტყვასთან „machen“ (კეთება).
კატისა და თაგვის ურთიერთობა ძალადობასა და ძალაუფლებას შორის განსხვავებას ძალიან მარტივი გზით ასახავს.
ერთხელ დაჭერილ თაგვზე უკვე კატის ძალაუფლება ვრცელდება. დაიჭირა, უჭირავს და მოკვლას უპირებს. მაგრამ თუ კატამ თაგვთან თამაში წამოიწყო, აქ უკვე რაღაც ახალი იწყება. კატა თაგვს უშვებს და აძლევს საშუალებას ცოტათი გაიქცეს. როგორც კი თაგვი კატას ზურგს შეაქცევს და გაიქცევა, ის უკვე კატის ძალაუფლებაში აღარაა, თუმცა კატის ძალაუფლებაშია დაეწიოს მას. თუ საბოლოო გაქცევის ნებას მისცემს, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ძალაუფლების სივრციდან უშვებს. მაგრამ იქამდე, ვიდრე კატას თაგვის დაწევა შეუძლია, თაგვი კატის ძალაუფლებაში რჩება. კატის ჩრდილი ადგას იმ სივრცეს, სადაც თაგვისთვის იმედიანი წუთები ჩნდება, თუმცა, ამავე დროს, კატა მას ყურადღებით უთვალთვალებს, სულაც არ დაუკარგავს მის მიმართ ინტერესი და არც მისი განადგურება გადაუფიქრებია; ამ ყველაფერს – სივრცეს, იმედს, კონტროლს და განადგურების განზრახვას – შეიძლება ეწოდოს ძალაუფლების ნამდვილი სხეული ან უბრალოდ ძალაუფლება.
ძალაუფლება, ძალადობის საწინააღმდეგოდ, უფრო ფართოა, მასში შემოდის მეტი სივრცე და მეტი დრო. გავრცელდა ვარაუდი, რომ ციხე შეიძლება მოდიოდეს სიტყვისგან ხახა; მათი ურთიერთკავშირი გამოხატავს ძალაუფლების დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ. ხახაში ხომ, ფაქტობრივად, არც ნამდვილი იმედია, არც დრო და არც თავისუფალი სივრცე. ამ სამივე მიმართულებით ციხე სხვა არაფერია, თუ არა ხახის გარკვეული გაფართოება. როგორც თაგვია კატის თვალთახედვის არეში, ისე პატიმარი დგამს რამდენიმე ნაბიჯს იქით-აქეთ, ზოგჯერ ზედამხედველის მზერა მის ზურგს ებჯინება. პატიმარს კიდევ აქვს დრო და იმედოვნებს, რომ ამ დროში შეძლებს ციხიდან თავის დაღწევას ან გასვლას; ის მუდმივად გრძნობს იმ აპარატის მხრიდან მისი განადგურების სურვილს, რომლის ერთ-ერთ საკანშიც თვითონ აღმოჩნდა, თუმცა ამის აღსრულება თითქოს შეჩერებულია.
ძალაუფლებასა და ძალადობას შორის განსხვავება ასევე აშკარაა სრულიად განსხვავებულ სფეროში, რელიგიური ერთგულების მრავალფეროვნების ფონზე. ყველა მორწმუნე ღვთის ძალაუფლებაშია და თავისებურად ეგუება ამას. თუმცა ზოგისთვის ეს არაა საკმარისი. ისინი ელიან მკაცრ ჩარევას, ღვთაებრივი ძალადობის პირდაპირ აქტს, რომელსაც ზუსტად ასე შეიცნობდნენ და შეიგრძნობდნენ. ისინი ცხოვრობენ ბრძანების მოლოდინში. მათ თვალში ღმერთს აქვს მბრძანებლის მკაფიოდ გამოხატული თვისებები. მისი აქტიური ნება და მათი აქტიური დამორჩილება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და ყოველგვარ გამოხატულებაში არის მათი რწმენის საფუძველი. ასეთი რელიგიები ხშირად ხაზს უსვამენ ღვთაებრივ წინასწარგანზრახულობას, რაც მათ მიმდევრებს საშუალებას აძლევს აღიქვან ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, როგორც ღვთაებრივი ნების უშუალო გამოხატულება. ისინი მას უფრო მეტად და ბოლომდე ემორჩილებიან. თითქოს უკვე ღმერთის პირში ცხოვრობენ და ყოველ წუთს გასრესას ელიან. მაგრამ ამ საშინელ ჟამსაც კი უშიშრობა და მართალი საქმის კეთება მართებთ.
ისლამი და კალვინიზმი ყველაზე მეტად გამოირჩევა ამ მიმართულებით. მათ მიმდევრებს პირდაპირ სწყურიათ ღვთაებრივი ძალადობა. ღმერთის ძალაუფლება მათთვის არაა საკმარისი, ზედმეტად ზოგადი და შორეულია, ზედმეტად ბევრ რამეს უტოვებს მათ გადასაწყვეტად. ბრძანების ეს მუდმივი მოლოდინი ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს ასე განწყობილ ადამიანებზე და მტკივნეულად აისახება მათ ურთიერთობაზე გარშემომყოფებთან. ის ქმნის მორწმუნე-ჯარისკაცის ტიპს, რომლისთვისაც ბრძოლა სიცოცხლის უზუსტესი გამოხატულებაა; და რომელსაც არ ეშინია ბრძოლის, რადგან სულ ბრძოლაში გრძნობს თავს. ასეთ ტიპზე მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.
<…>
ბრძანების მოლოდინი
ჯარისკაცი ჯარში მოქმედებს მხოლოდ ბრძანებით. რა მოსწონს და რა არა, მხედველობაში არ მიიღება: ჯარისკაცს არ აქვს არჩევანი. ვერც ერთ გზაჯვარედინთან ვერ აღმოჩნდება: თუნდაც იქ იდგეს, თვითონ მაინც ვერ გადაწყვეტს, რომელ გზას გაჰყვეს. მისი ცხოვრებისეული აქტიურობა ყოველი მხრიდან შეზღუდულია. იმას აკეთებს, რასაც ყველა სხვა ჯარისკაცი მასთან ერთად; და იმას აკეთებს, რასაც უბრძანებენ; ყველა სხვა საქციელის გამორიცხვა, რასაც ყველა სხვა ადამიანი, თავიანთი ჭკუით, თავისუფლად სჩადის, აღუძრავს მას ყველა იმ საქციელის ჩადენის დაუცხრომელ სურვილს, რაც უნდა ჩაიდინოს.
გუშაგი, რომელიც საათობით გაუნძრევლად დგას თავის პოსტზე, ჯარისკაცის ფსიქიკური მდგომარეობის საუკეთესო გამოხატულებაა. უფლება არ აქვს წავიდეს; უფლება არ აქვს დაიძინოს; უფლება არ აქვს გადაადგილდეს, თუ გარკვეული, მკაფიოდ განსაზღვრული მოძრაობების შესრულება არ დაევალა. მისთვის ნამდვილი მიღწევაა პოსტის დატოვების ნებისმიერი ცდუნებისათვის, – ფორმას არა აქვს მნიშვნელობა, – წინააღმდეგობის გაწევა, ჯარისკაცის ეს ნეგატივიზმი, – ასეც შეიძლება ეწოდოს, ჯარისკაცის სამსახურის ღერძია. ის იკლავს აქტიური ქმედების ყველა საბაბს – სიამოვნებას, შიშს, შფოთვას, რისგანაც იქმნება ჩვეულებრივ ადამიანის ცხოვრება. ყველაზე კარგად ეს მაშინ გამოუდის, როცა ამაში თავის თავსაც კი არ უტყდება.
ყოველი ქმედება, რომელსაც მერე მართლა განახორციელებს, უნდა იყოს სანქცირებული: ბრძანების ძალით. რამდენადაც ადამიანისათვის რთულია ზოგადად არაფერი მოიმოქმედოს, მასში გროვდება იმის გაკეთების მოლოდინი, რისი უფლებაც აქვს. ქმედების სურვილი იზრდება და აღწევს არნახულ მასშტაბებს. ვინაიდან მოქმედებას წინ უძღვის ბრძანება, მოლოდინი ბრძანებაზე ერთვება: კარგი ჯარისკაცი ყოველთვის გაცნობიერებულად არის ბრძანების მოლოდინის მდგომარეობაში. ეს მოლოდინი ყველა შემთხვევაში იზრდება ჯარისკაცის აღზრდის გზით; ეს აშკარად ჩანს სამხედრო ქცევიდან და ფორმულებიდან. უმნიშვნელოვანესი მომენტი ჯარისკაცის ცხოვრებაში – ესაა, როცა უფროსის ბრძანებაზე „სწორდი!“ იჭიმება და ასე დგას მის წინაშე; უდიდეს დაძაბულობას და ბრძანების შესრულებისთვის მზადყოფნას ასხივებს, ხოლო ფორმულა, რომელსაც წარმოთქვამს: „არის!“, ძალიან ზუსტად გამოხატავს ამ მნიშვნელოვნებას.
ჯარისკაცის აღზრდა იწყება მაშინ, როცა მას უფრო მეტ აკრძალვებს უწესებენ, ვიდრე სხვებს. უმცირესი დარღვევა მძიმედ ისჯება. ბავშვობიდან ყველასთვის ნაცნობი „არ შეიძლება-სივრცე“ ჯარისკაცისთვის გიგანტურ ზომებს აღწევს. მის გარშემო აღმართულია კედელთა ჯარი: სპეციალურად განათებული და შეგნებულად მის თვალწინ აგებული. მათი სიმაღლე და სიმტკიცე შეესაბამება მათ სიცხადეს. სულ ამაზე ლაპარაკობენ, რომ მან ვერ თქვას, რომ არ იცოდა. საბოლოოდ, ის იწყებს ისეთ სიარულს, თითქოს თავს მათ საზღვრებში გრძნობდეს. ჯარისკაცის კუთხოვანება – ესაა მისი სხეულის გამოძახილი კედლების სიმტკიცესა და სისწორეზე; იგი სტერეომეტრული ფიგურა ხდება, პატიმარია, რომელიც მოერგო ციხის კედლებს; პატიმარი, რომელიც კმაყოფილია; პატიმარი, რომელიც თავის მდგომარეობას იმდენად ნაკლებად ეწინააღმდეგება, რომ მას კედლები აყალიბებენ. თუ სხვა პატიმრები სულ იმაზე ფიქრობენ, კედელზე როგორ გადაძვრნენ ან როგორ გაამტვრიონ, ჯარისკაცი კედლებს აღიქვამს როგორც ახალ ბუნებას, როგორც ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს, რომლის ნაწილიცაა.
ვინც მთელი დღის საქმიანობით – დღითი დღე – ამტკიცებს, რომ იცის, როგორ გაექცეს აკრძალულს უდიდესი სიზუსტით, მხოლოდ ისაა ნამდვილი ჯარისკაცი. ასეთისთვის ბრძანებაც უფრო მეტად ღირებულია. ბრძანება მისთვის ციხესიმაგრიდან გამოღწევაა, სადაც ძალიან დიდხანს იყო. ის ელვასავითაა, რომელიც მხოლოდ ხანდახან კლავს ადამიანს. მის ირგვლივ გადაჭიმულია აკრძალვათა უზარმაზარი უდაბნო. ბრძანება ხსნასავით ევლინება – სტერეომეტრიული ფიგურა ცოცხლდება და ბრძანებით იწყებს მოძრაობას.
ჯარისკაცის აღზრდა ითვალისწინებს, რომ მან ბრძანების ორი ფორმით მიღება უნდა ისწავლოს: მარტო და სხვებთან ერთად. სამწყობრო ვარჯიშებით ასწავლიან ერთობლივ მოძრაობებს, რომლებიც ყველასთვის ერთნაირია. აქ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დახვეწო სიარული, რაც ერთმანეთის მიბაძვით უფრო უკეთესად მიიღწევა, ვიდრე ინდივიდუალურად. ყველა ერთმანეთს ემსგავსება; მყარდება თანასწორობა, რაც საჭიროების შემთხვევაში იმისთვის გამოიყენება, რომ სამხედროები მასად გარდაიქმნას. თუმცა საპირისპიროს ცდილობენ: ჯარისკაცები მაქსიმალურად დაემსგავსონ ერთმანეთს, ოღონდ ერთ მასად გადაქცევის გარეშე.
ერთი ქვედანაყოფის ყველა წევრი მოქმედებს იმ ბრძანების შესაბამისად, რომელიც ყველასთვის გაიცა. მაგრამ უნდა იყოს მათი დაყოფის შესაძლებლობაც: გამოიძახონ ერთი, ორი, სამი, ნახევარი — რამდენიც მეთაურებს დასჭირდებათ. ერთობლივად რომ დადიან, – ეს ასე გარედან უნდა ჩანდეს; ქვეგანაყოფის დაყოფა მისი სარგებლიანობის საფუძველია. საჭიროა, რომ ბრძანება გაიცემოდეს ჯარისკაცთა ნებისმიერ რაოდენობისთვის: იქნება ეს ერთი, ათი თუ მთელი ქვედანაყოფი. მისი ეფექტურობა არ არის დამოკიდებული მიმღებთა რიცხვზე. ბრძანება ერთია – არ აქვს მნიშვნელობა, მას ერთი ჯარისკაცი ემორჩილება თუ ყველა. უაღრესად მნიშვნელოვანია ბრძანების ეს უცვლელი ბუნება; ეს იცავს მას მასების ყოველგვარი გავლენისგან.
ვისაც ჯარში ბრძანების გაცემა ევალება, მან იცის, როგორ მოერიდოს მასას როგორც საკუთარ თავში, ისე მის გარეთ. ეს მან ისწავლა, როცა ბრძანების მოლოდინში იზრდებოდა.
<…>
ბრძანება და სიკვდილით დასჯა. კმაყოფილი ჯალათი
ამ კვლევაში ერთი შემთხვევა განზრახ იყო გამოტოვებული. ბრძანება განიმარტა, როგორც სიკვდილის მუქარა; ითქვა, რომ ის მომდინარეობს გაქცევის ბრძანებიდან. მოშინაურებული წესრიგი, რამდენადაც ვიცით, საფრთხეს ჯილდოსთან აკავშირებს: საკვები აძლიერებს მუქარის ეფექტს, თან ისე, რომ მის ხასიათში არაფერს ცვლის. მუქარას არასოდეს ივიწყებენ. იგი მუდმივად ინახება თავდაპირველი სახით, ვიდრე არ შეიქმნება მისი თავიდან მოშორების და სხვაზე გადატანის შესაძლებლობა.
მაგრამ ბრძანება შეიძლება იყოს მოკვლის დავალებაც და ამ შემთხვევაში ეს გზა მიდის დასჯამდე. აქ მუქარა ნამდვილად რეალიზებულია. მაგრამ მოქმედება იყოფა ორ მონაწილეს შორის: ერთი იღებს ბრძანებას, მეორე ისჯება.
ჯალათს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ბრძანების მიმღებს, ემუქრება სიკვდილი. მაგრამ ის ამ მუქარისგან იმით თავისუფლდება, რომ თავად კლავს. ის მაშინვე გადასცემს სხვას იმას, რაც შეიძლებოდა მას შემთხვეოდა, რითაც თავიდან იცილებს მოსალოდნელ უკიდურეს სანქციებს. მას ეუბნებიან: შენ უნდა მოკლა და ისიც კლავს. მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ასეთ ბრძანებას – ბრძანებას იმისგან იღებს, ვის აღმატებულ ძალასაც ის აღიარებს. ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, როგორც წესი, მაშინვე ხდება კიდეც. ეკლის დრო აღარ არის.
თუმცა დრო რომც გამოინახოს, ეკლის წარმოსაქმნელად საბაბი არ არსებობს. ჯალათი სხვას გადასცემს ზუსტად იმას, რასაც თვითონ იღებს. მას არაფრის ეშინია, მასში არაფერი რჩება. ამ შემთხვევაში, და მხოლოდ ამ შემთხვევაში, ბრძანების ანგარიში უპრობლემოდ სწორდება. ბრძანების ღრმა ბუნება სრულიად იდენტურია იმ ქმედებისა, რომელსაც ეს ბუნება იწვევს. ბრძანების აღსრულებაზე იზრუნეს წინასწარ, ხელს ვერაფერი შეუშლის; ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსხვერპლმა შეძლოს სასჯელის თავიდან აცილება. ყველა ეს გარემოება ჯალათისთვის თავიდანვე ნათელია. ამიტომ ბრძანებას მშვიდად იღებს: ენდობა მას. მან იცის, რომ ბრძანების შესრულება მასში არაფერს შეცვლის. ბრძანება, ასე ვთქვათ, გასრიალდება მისი გავლით, მას არ შეეხება. ჯალათი კაცთა შორის ყველაზე კმაყოფილი, ყველაზე უეკლოა.
ეს არის აღმაშფოთებელი რამ, რისი სერიოზული განხილვა არავის უცდია. მისი გაგება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ბრძანების ნამდვილ ბუნებას გაიაზრებ. ბრძანება დგას სიკვდილის მუქარაზე, იქიდან იღებს ძალას და ასე გაიცემა. ამ ძალის გადაჭარბება, რომელიც გარდაუვალია, ხსნის ეკლის წარმოქმნას. მაგრამ ბრძანება, რომელიც სიკვდილს სერიოზულად გულისხმობს, მოითხოვს და რეალურად აღწევს კიდეც, ყველაზე ნაკლებ კვალს ტოვებს შემსრულებელში.
ჯალათი არის ადამიანი, რომელსაც სიკვდილით ემუქრებიან, რათა სხვა მოკლას. მას შეუძლია მხოლოდ იმის მოკვლა, ვინც უნდა მოკლას. თუ ის ზუსტად მიჰყვება მითითებებს, მას არაფერი დაემართება. ის, რა თქმა უნდა, აღსრულებისას გამოიყენებს ისეთ რამეს, რითაც მას სხვა დროს დაემუქრნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასჯელის აღსრულებისას ის თავისუფლდება იმისგან, რაც დაკავშირებულია სხვა წარმომავლობის ეკალთან. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დავალების განხორციელების მექანიზმია. სხვისი მოკვლით საკუთარი სიკვდილისგან თავისუფლდება. მისთვის ეს სრულიად სუფთა და ნორმალური საქმიანობაა. იმ ზიზღს, რასაც ის სხვებში აღძრავს, არ გრძნობს თავის თავში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამის შესახებ: რაც უფრო მეტ ბრძანებას ასრულებენ ოფიციალური მკვლელები, მით უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი თავით. ციხის მცველსაც კი უფრო რთული ცხოვრება აქვს, ვიდრე ჯალათს.
მართალია, რომ მისი პროფესიით გამოწვეულ კომფორტს საზოგადოება ზიზღით პასუხობს. თუმცა არც ამით უშავდება რამე. ყველა თავის მსხვერპლზე დიდხანს ცხოვრობს, თან ისე, რომ „არაფრის გაკეთება არ შეუძლია“. თუმცა ის მხოლოდ იარაღია, გადარჩენილისადმი პატივისცემის ანარეკლი მასზეც ეცემა. ეს მთლიანად ანეიტრალებს საზოგადოებიდან მომდინარე ზიზღს. ცოლსაც შოულობს, შვილებიც ჰყავს და ცხოვრობს ოჯახური ცხოვრებით.
ბრძანება და პასუხისმგებლობა
ცნობილია, რომ ბრძანებით მოქმედ ადამიანებს ყველაზე საშინელი რამეების ჩადენა შეუძლიათ. როდესაც ბრძანებათა წყარო დაშრება და მათ თავიანთი ნამოქმედარის ნახვას აიძულებენ, ისინი ვერც ამ საქმეებს ცნობენ და ვეღარც საკუთარ თავებს. ისინი ამბობენ, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ და ყოველთვის არც იტყუებიან. მაშინაც კი, როცა მოწმეთა ჩვენებებია წარმოდგენილი, როცა არ არსებობს დაეჭვების საფუძველი, ისინი მაინც იმეორებენ: შეუძლებელია, ეს მე არ მიქნია, ამას ვერ ვიზამდი. ისინი ცდილობენ საკუთარ თავში ამ ქმედებათა ნაკვალევის პოვნას და პოულობენ მხოლოდ თეთრ ფურცელს. საოცარია პირდაპირ, როგორ მოახერხეს ყოველივე ამისგან ასე ხელუხლებელი დარჩენილიყვნენ. მათი შემდგომი ცხოვრება მართლა სულ სხვანაირია, არ არის შეფერილი წინა ქმედებებით. არც დანაშაულს გრძნობენ და არც სინანულს. ეს ქმედებები არ გახდა მათი არსის ნაწილი.
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სრულიად უპრობლემოდ შეუძლიათ თავიანთი ქმედებების შეფასება. რასაც ისინი საკუთარი ინიციატივით აკეთებენ, მოსალოდნელ კვალს უტოვებს. მათ შერცხვებოდათ უცნობი და დაუცველი არსების მოკვლა, რომელსაც მათთვის ზიანი არ მიუყენებია. ისინი ზიზღით უარს იტყოდნენ იმ მოსაზრებაზეც კი, რომ ვინმე შეიძლება აწამო. ისინი არ არიან იმათზე უკეთესები, რომელთა შორის ცხოვრობენ. მაგრამ არც უარესები არიან. ბევრი, ვინც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლოს იცნობს, მზად არის დაიფიცოს, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები მცდარია.
როცა მერე მოწმეთა რიგი დადგება, უამრავი მსხვერპლი შემოვა, რომლებმაც კარგად იციან, რასაც ამბობენ, ერთმანეთის მიყოლებით გამოიცნობენ დამნაშავეს და გაახსენებენ მას ყოველ წვრილმანს, ყველა ეჭვი უაზრობად იქცევა და ჩნდება აუხსნელი თავსატეხი.
ჩვენთვის ეს თავსატეხი აღარაა, რადგან ვიცნობთ ბრძანების ბუნებას. ყოველი ბრძანებიდან, რისი შესრულებაც მათ მოუწიათ, მათში დარჩა ეკალი. მაგრამ ეს ეკალი ისეთივე უცხოა, როგორი უცხოც იყო ბრძანება, როცა გაიცა. რამდენ ხანსაც არ უნდა იყოს ადამიანში ეკალი, ის არასოდეს შეითვისება, დარჩება უცხო სხეულად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ეკლები შეერთდეს და დაზარალებულის შიგნით ახალ, ამაზრზენ წარმონაქმნად იქცეს, ის იქაურ სივრცეში მაინც მკაფიოდ გამიჯნული დარჩება. ეკალი უნებართვოდ შეიჭრა და ვერ დამკვიდრდება. მისი იქ ყოფნა უსიამოა, თავიდან მოშორებას ცდილობენ. ეკალი არის ის, რაც ჯალათმა ჩაიდინა. როგორც ვიცით, მას ზუსტად ბრძანების ფორმა აქვს. უცხო არსების სახით აგრძელებს მიმღებ სხეულში ცხოვრებას და ათავისუფლებს მას დანაშაულის გრძნობისგან. დამნაშავე თავის თავს კი აღარ ადანაშაულებს, არამედ ეკალს, უცხო არსებას – ნამდვილ დამნაშავეს, რომელსაც ყველგან თან ატარებს. რაც უფრო ნაკლებად ნაცნობად აღიქვამს ბრძანებას, მით ნაკლებ დამნაშავედ გრძნობს თავს და მით უფრო მკაფიოდ გამოირჩევა, როგორც ეკალი. ეს არის მუდმივი მტკიცებულება იმისა, რომ ეს მას არ გაუკეთებია. ის საკუთარ თავს მსხვერპლად აღიქვამს და ამიტომ არ აქვს რამენაირი გრძნობა ნამდვილი და რეალური მსხვერპლის მიმართ.
ამდენად, მათ, ვინც ბრძანებით მოქმედებდნენ, მართლა სჯერათ, რომ თავად სრულიად უდანაშაულონი არიან. მათ რომ შეეძლოთ თავიანთ მდგომარეობაზე დაფიქრება, გაუკვირდებოდათ, ბრძანებებს ასე როგორ ვემორჩილებოდითო. თუმცა, ეს გონივრული იმპულსიც კი უსარგებლოა, რადგან ის ძალიან გვიან მოდის, მას შემდეგ, რაც ყველაფერი უკვე დასრულდა. რაც მოხდა, შეიძლება განმეორდეს. არ არსებობს დაცვა ახალი სიტუაციებისგან, რომლებიც დამაბნევლად ჰგავს ძველს. კვლავ ბრძანების ნებას არიან მინდობილნი, მხოლოდ ბუნდოვნად თუ ხვდებიან, ეს რამდენად სახიფათოა. მხოლოდ ყველაზე აშკარა შემთხვევაში, რაც, საბედნიეროდ არც თუ ისე ხშირია, ამისგან ფატალიზმს ქმნიან და ამაყობენ იმით, რომ ბრმად მოქმედებდნენ, თითქოს ეს ბრმად მოქმედება განსაკუთრებულად ვაჟკაცური საქციელია.
რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ბრძანება თავისი კომპაქტური და მზა ფორმით, რომელიც მან ხანგრძლივი ისტორიის შედეგად შეიძინა, არის ადამიანთა თანაცხოვრების ყველაზე საშიში ელემენტი. უნდა გაბედო და წინ აღუდგე ბრძანებას, შეარყიო მისი ბატონობა. უნდა მოინახოს გზები და საშუალებები ადამიანთა უმრავლესობის მისგან გასათავისუფლებლად. არ შეიძლება მას იმაზე მეტი უფლება მისცე, ვიდრე კანის გაფხაჭნაა. დაე მისი ეკალი იქცეს ეკალ-ბარდად, რომლის ამოძირკვა მარტივი მოძრაობით შეიძლება.
© არილი