ახალი ამბები,  თარგმანი

ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის წლევანდელ გამარჯვებულებად გიორგი ხულორდავა და ვალერი ოთხოზორია დასახელდნენ.

გიორგი ხულორდავამ აბდორაჰმან ჯამის „იგავები ბაჰარესთანიდან” თარგმნა. ჯამი არაერთი მისტიკურ – ალეგორიული და დიდაქტიკური პოემების ავტორია. მასვე ეკუთვნის ტრაქტატები ლირიკის შესახებ.

ვალერი ოთხოზირიას მიერ თარგმნილი მარკიზ დე სადის ,,ფილოსოფია ბუდუარში“ 1795 წელს დაიწერა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ რომანში სადი თეორიის (ფილოსოფიის) პრაქტიკად (ეროტიკად), ხოლო პრაქტიკის ფილოსოფიად გარდაქმნას ცდილობს. ესაა, ერთი მხრივ, რომანი სხეულის ამბოხის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიური ტრაქტატი, სადაც ავტორის ხედვაა წარმოდგენილი პიროვნული თავისუფლების, იდენტობის, საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც „პოლიტიკური ცხოველის“, შესახებ. მკითხველისთვის საინტერესოა იმის გააზრება, რომ წიგნის დაწერიდან ორ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ, დიდი ნაწილი იმ ფასეულობებისა, რომლებსაც მარკიზ დე სადი ებრძვის, კვლავ შენარჩუნებულია და მარადიულ ღირებულებებად მიიჩნევა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის გაიცემა.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზება და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისება.

© არილი

Facebook Comments Box