ელისონ ელ სტრაიერი მთარგმნელი და მწერალია. 2019 წელს მის მიერ თარგმნილი ანი ერნოს წლები მოხვდა საერთაშორისო ბუკერის მოკლე სიაში და ფრანგულ-ამერიკული თარგმანების ჯილდოც გადაეცა.
მოგვიყევით თქვენი, როგორც ანი ერნოს მთარგმნელის, გამოცდილების შესახებ. პირველად როდის აღმოაჩინეთ მისი ნამუშევრები და რამ მიგიზიდათ?
შვიდი წელია, რაც ანი ერნოს წიგნებს ვთარგმნი. პირველი იყო წლები, რომლის თარგმნაც 2015 წლის მიწურულს დავიწყე.
პირველად მისი ნაწარმოებები 1992 წელს აღმოვაჩინე, როცა მონრეალში ვცხოვრობდი. “ძლიერი ვნება” მომცეს. ჩემი ანუ სცენარის რედაქტორის სამუშაოს ნაწილი იყო. რეჟისორი ამ წიგნით იყო შთაგონებული (თუმცა ფილმი წიგნის მიხედვით არ მზადდებოდა) და უნდოდა, რომ მის ფილმსაც ის გრძნობა დაეტოვებინა მნახველისთვის, რომელსაც ერნოს ნაწერები მკითხველში ტოვებდა. ეს არის პირველი წიგნი, რომელშიც ერნო წერს დაქორწინებულ საბჭოელ დიპლომატთან თავის ურთიერთობაზე. დაკარგვა კი დღიურია, რომელიც მოიცავს ორ წელიწადს, იმ დროს, როცა მათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.
ძლიერი ვნება ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ამბავი ჩემთვის განსაკუთრებული გახდა, ერნოს მინიმალისტურმა სტილმა კი აღმაფრთოვანა. კითხვისას ვფიქრობდი, როგორ შეძლო მან ასეთი დაძაბული სიტუაციის გადმოცემა ასეთი პირდაპირობითა და ლაკონიურობით, ყოველგვარი მელოდრამატულობის გარეშე.
და ერნოს ყველა სხვა წიგნის შემთხვევაში, რომლებიც შემდეგ წავიკითხე, საკუთარ თავს ვეკითხებოდი – „ამას როგორ აკეთებს?“ ვაფასებდი და მხიბლავდა მისი ძალისხმევა – თან ამბავი მოეყოლა და თან მოეძებნა თხრობის ისეთი გზა, რომ მაქსიმალურად ობიექტური და მომხდართან მიახლოებული ყოფილიყო მისი მონათხრობი.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 1992 წელს, ამ წიგნის კითხვისას, ძალიან მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისი ინგლისური თარგმანი. რამდენიმე აბზაცის თარგმნა ვცადე და აღმოვაჩინე, რომ დიდი განსხვავებაა სიტყვების თარგმანსა და ხმის მოხელთებას შორის.
როგორ აბალანსებთ პირდაპირ თარგმნასა და შემოქმედებითად ინტერპრეტირებას?
ყველა წიგნის თარგმნისას, განვლილი 15 წლის მანძილზე, ჩემი მიზანი იყო ორიგინალთან სიახლოვე. თუმცა ვიცი ისიც, რომ „ორიგინალთან სიახლოვის“ ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს და არის კიდეც განსხვავებული სხვადასხვა მთარგმნელისთვის. ყოველთვის საინტერესოა იმის ნახვა, როგორ ართმევენ ამას თავს.
ერნოს წიგნების თარგმნისას ვხელმძღვანელობდი რამდენიმე რამით, რაც თავად ავტორმა დაწერა. მაგალითად:
„როცა ვწერ, ორიგინალ ტექსტში არც ვშლი და არც ვცვლი ნაწილებს… ფურცელზე ფიქრებისა და კონკრეტული მომენტების დასაჭერად გადატანილი სიტყვები ჩემთვის ისეთივე შეუქცევადია, როგორიც დრო.“
და:
„დარწმუნებული ვარ, რომ სინტაქსი, რიტმი, შერჩეული სიტყვები რაღაც უფრო ღრმას გადმოგვცემს. აქ კომბინირებულია მწერლის განათლება და მის ცხოვრების ისტორია.“
ორიგინალის სტრუქტურას მივყვები, ვარჩევ იმავე რეგისტრის სიტყვებს, არსებით სახელებს, ხანდახან იმავე სიგრძის სიტყვებსაც კი, რაც ორიგინალშია გამოყენებული.
[…]
როგორი იყო თქვენთვის ერნოს წიგნის „შეხედე სინათლეს, ჩემო სიყვარულო“ თარგმნა?
ვისიამოვნე. ეს თემა ჩემთვის საინტერესოა, რადგან სავაჭრო ცენტრებში ხეტიალში ადრე დიდ დროს ვატარებდი… რამის საყიდლად კი არა, იმის სანახავად დავდიოდი, რა იყო იქ და იმ გარემოში თავს ვკარგავდი.
ეს წიგნი არის დაკვირვებების ჟურნალი, რომელიც მდიდარია დეტალური აღწერებით – უძრავი ქონების, დიზაინის, შესვლის, გამოსვლის, ცირკულაციის მეთოდების, გასაყიდი პროდუქციისა და განლაგების, მომხმარებლების (რომლებიც განსხვავდებიან დღეებისა და დღის მონაკვეთების მიხედვითაც კი), დეკორში ხშირი და კონკრეტული ცვლილებების, რეკლამირების და ა. შ. დღესასწაულების, სეზონებისა და წლის განსაკუთრებული დღეების (მათ შორის, მაგალითად, ჩინური ახალი წლისა და რამადანის) განმავლობაში.
პირველადი ფუნქცია ამ წიგნისა არის ინფორმაციის გადმოცემა – დოკუმენტურობა. ამან მიკარნახა, როგორ უნდა მეთარგმნა. სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან ვისიამოვნე სპეციალური ლექსიკონების კვლევით – მაგალითად, სავაჭრო ცენტრის დიზაინი, გამაფრთხილებელი ნიშნების კონკრეტული ენა, ყველაზე გავრცელებული სახელები, რომლებიც პროდუქტებისა და განყოფილებებისთვის გამოიყენება, სარეკლამო ჟარგონები და ა. შ.
რამდენიმე სპეციფიკური საკითხიც არის. მაგალითად, დიდი მაღაზიებს საფრანგეთში ხშირად მოიხსენიებენ როგორც hypermarchés (ეს ერნოს სიტყვაა), რაც მე ადრე ვთარგმნე, როგორც ჰიპერმარკეტი. ინგლისურ გამოცემებში ის გამოსადეგია და ამერიკელი რედაქტორებიც ჩვეულებრივ თანხმდებოდნენ ხოლმე ამ სიტყვის გამოყენებას. მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომ დაგვეწერა “big box store,” “superstore”—”supercenter,”.
თქვენი საყვარელი ადგილი სადაა ანი ერნოს ახალი წიგნების წასაკითხად?
ჩემი საყვარელი ადგილი ანი ერნოს საკითხავად არის პარიზის მეტრო ან მატარებელი. ავტობუსი იმ შემთხვევაში, თუ შორს მივდივარ. ერნოს წიგნებიდან ბევრი სცენა ვითარდება მეტროებში, მატარებლებსა და სადგურებში.
2022 წელს ანი ერნომ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. იგი მეჩვიდმეტე ქალია 119 ლაურეატიდან. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის დაჯილდოებას ქალ მწერლებსა და მთარგმნელებზე მსოფლიოში?
ანი ერნოს წიგნებში არის საგრძნობი, აშკარად საგრძნობი კავშირი ქალების უფლებებსა და ქალების ნაწერებს შორის.
ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში ერნო ამბობს:
„ეს შე-კავ-შირება, როგორც მო-კავ-ება საკუთარი თავისა ნაწერში, რწმენიდან მექცა დარწმუნებულობად, რომ წიგნს ძალუძს, პირადი ცხოვრება შეცვალოს, დაამსხვრიოს ჩაგვრისა და განდევნილობის სიმარტოვე, გადახარშოს, გადაიაზროს. როცა გამოუთქმელი გამომზეურდება, ის პოლიტიკური ხდება.
დღეს ამას ვხედავთ ამბოხებულ ქალებთან, რომლებმაც იპოვეს სიტყვა მამაკაცის ძალმომრეობის შესარყევად და აღდგნენ, მაგალითად ირანში, ყველაზე ძალადობრივი და არქაული ფორმების წინააღმდეგ. მე კი მწერალი – დემოკრატიულ ქვეყანაში, ვაგრძელებ კვლევას იმისა, რა ადგილი ეკუთვნით ქალებს, მათ შორის ლიტერატურაში. მათი შემოქმედების ლეგიტიმურობა ჯერ კიდევ მიუღებელია. საფრანგეთსა და დანარჩენ მსოფლიოში არსებობენ მასკულინური ინტელექტუალები, ვისთვისაც ქალების დაწერილი წიგნები უბრალოდ არ არსებობს, ისინი მათ არასოდეს ციტირებენ. ჩემი შრომის აღიარება შვედეთის აკადემიის მიერ წარმოადგენს სამართლიანობისა და იმედის სიგნალს ყველა მწერლისთვის.“
მე ვგრძნობ, რომ შვედეთის აკადემიის მიერ ანი ერნოს აღიარებას პოზიტიური გავლენა ექნება ქალების ნაწერებსა და მათ თარგმანებზე. გაიზრდება იმ გამომცემლების რაოდენობა (მჯერა, ასე იქნება), რომლებიც მოიძიებენ ქალ ავტორებს, მათ წიგნებსა და მთარგმნელებს.
© არილი