ახალი ამბები,  ახალი წიგნები

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი – სიახლეები

25-28 მაისს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალი ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი გამომცემლების სტენდები, მე-6 და მე-5 პავილიონებში კი – საბავშვო წიგნები. ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია.

რაც შეეხება საფესტივალო სიახლეებსა და ახალ გამოცემებს, მათ შესახებ სტატიაში მოგიყვებით:

ჰანა არენდტი, “აიხმანი იერუსალიმში”, თარგმნა თამარ ლომიძემ, გამომცემლობა “დიოგენე”

ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა სონინგის პრიზით, ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

უილიამ ჯოვანოვიჩი, მისი გამომცემელი, მას „აბსოლუტურად უშიშარ ინტელექტუალად“ მოიხსენიებდა. მისი კოლეგები კი აღნიშნავდნენ, რომ ჰანა არენდტი არა მხოლოდ განსაკუთრებული ინტელექტუალი, არამედ გამორჩეული პიროვნებაც გახლდათ

„აიხმანი იერუსალიმში“ არენდტის ყველაზე საკამათო ტექსტია, რომელიც პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ესაა აიხმანის სასამართლო პროცესის ინტერპრეტაცია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

ბანანა იოშიმოტო, „სამზარეულო“. იაპონურიდან თარგმნა დავით გოგინაშვილმა, გამომცემლობა “დიოგენე”

ბანანა იოშიმოტო იაპონელი მწერალია, რომელიც დაიბადა 1964 წელს, 1988 წელს კი გამოსცა სადებიუტო რომანი „სამზარეულო“, რომელიც ქართულად ითარგმნა და გამოიცა.

იშიმოტოს რომანები ძალიან პოპულარულია იაპონისა თუმის ფარგლებს გარეთ, მათ შორის მკითხველებისთვის გამორჩეულად საყვარელი კი ხსენებული „სამზარეულოა“ – წიგნი დედების, სიყვარულის, ტრაგედიისა და სამზარეულოს ძალაზე, თავისუფალი, გაბედული ახალგაზრდა ქალის ცხოვრებასა და თანამედროვე იაპონიაზე.

სოფი ოქსანენი, “ძაღლების პარკი”, ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა, გამომცემლობა “პალიტრა L”

ფინელ-ესტონელი ავტორის ეს საერთაშორისო ბესტსელერი პოსტსაბჭოთა სივრცის, როგორც სუროგაციის გლობალური ბაზრის შესახებ გვიამბობს.

სოფი ოქსანენი უკრაინელი სუროგატი დედების ბედს მათი მშობლიური სოფლებიდან ჰელსინკის ქუჩებამდე მიუყვება. დასავლეთისა და აღმოსავლეთის გასაყარზე ქალების შანტაჟისა და მათი სხეულების ექსპლუატაციის გზით შექმნილი ბიზნესი, ერთი შეხედვით, ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს…

მაგრამ ძაღლების პარკში შვილის „დამკვეთი“ ოჯახების მოლოდინში გართული ქალები თავად ხდებიან სხვა, გაცილებით უფრო სახიფათო და დაუნდობელი პარკის „ბინადრები“.

დავიდ დიოპი, “სულიერი ძმა”, მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი, სულაკაურის გამომცემლობა

„სულიერი ძმა“ პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა. 2021 წელს კი ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო და არაერთ ენაზე ითარგმნა.

რომანი მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ.

„მინდოდა, მკითხველს საშუალება ჰქონოდა, ახალგაზრდა აფრიკელის გონებაში აღმოჩენილიყო. მინდოდა, რომ მას გაუფილტრავად შესძლებოდა ომის გამოცდლების აღქმა.“ – აღნიშნავდა ავტორი ინტერვიუში. ამიტომაც გამოიყენა ცნობიერების ნაკადი და ააჟღერა პერსონაჟის შინაგანი ხმა, რომელიც მძიმე და ემოციურ ამბავს გვიყვება.

დაისეც ტეიტარო სუძუკი, „ძენ-ბუდიზმის შესავალი“, ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა, გამომცემლობა “სიესტა”

იაპონელი ბუდისტი ბერი, ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, მწერალი და პედაგოგი დაისეც ტეიტარო სუძუკი (1870-1966) ძენ-ბუდიზმის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტური ნაშრომის ავტორია.

„ძენში ყველაფერია პირადი გამოცდილება. ვერავითარი იდეები ვერ მისწვდება იმათ, ვისაც გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვილს არავითარი იდეა არ აქვს, რადგანაც მისი მენტალობა არ არის ისე განვითარებული, რომ იდეებად დასცადოს რამე. თუ მას საერთოდ მოეპოვება იდეები, ესეც უკიდურესად ბნელად, გადღაბნილად და არა – რეალობასთან შესატყვისად. ამიტომაც, რაიმეს მკაფიოდ და ყოვლად ქმედითად გაგებისთვის, ის უნდა გამოიცადოს პირადად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ‘რაღაც’ თვით სიცოცხლეს უკავშირდება, პირადი გამოცდილება აბსოლუტური აუცილებლობაა. ამ გამოცდილების გარეშე, უშეცდომოდ და, ამიტომაც, ქმედითად ვერ მოიხელთება ვერაფერი, რაც მას უკავშირდება.”

სინკლერ ლუისი, „ეს აქ არ მოხდება“, ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ, გამომცემლობა “სიესტა”

მწერალი და დრამატურგი სინკლერ ლუისი (1885-1951) პირველი ამერიკელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

„ეს აქ არ მოხდება“ პოლიტიკური რომანი-დისტოპიაა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების მართვის სადავეებს ადოლფ ჰიტლერის მსგავსი დიქტატორი ჩაიგდებს ხელთ. რომანი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ავტორმა სადა, წარმოედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ფაშიზმი, თუკი ის ამერიკაში გაბატონდებოდა. რომანზე დიდი გავლენა ჰქონდა ლიუსის მეორე ცოლს, ჟურნალისტ დოროთი ტოპსონს, რომელმაც 1931 წელს ჰიტლერთან ინტერვიუ ჩაწერა.

ანა ბერნსი, “მერძევე”, მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი, ქარჩხაძის გამომცემლობა

ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა. მისი სადებიუტო რომანი 2001 წელს გამოქვეყნდა, ყველაზე ცნობილი და უკვე ქართულად თარგმნილი „მერძევე“ კი – 2018 წელს.

„მერძევე“ ავტორის მესამე რომანია და მოგვითხრობს 18 წლის გოგონას შესახებ, რომელიც  ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები. კრიტიკოსები განსაკუთრებით მოხიბლა ამ წიგნში შექმნილმა ატმოსფერომ, ავტორის თხრობის მანერამ და იუმორმა.

„მერძევე“ 2018 წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა და გახდა პირველი მწერალი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

კოლინ მაკალოუ, ბარდნარის ჩიტები, მთარგმნელები: ეკატერინე მაჩიტიძე, თამარ კოტრიკაძე, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბარდნარის ჩიტები ავსტრალიელი მწერლის, კოლინ მაკალოუს რომანია, რომელიც გამოიცა 1977 წელს და ავსტრალიური ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით, „ბარნდარის ჩიტების“ 33 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნის მიხედვით გადაიღეს სერიალიც, რომელიც არანაკლებ პოპულარული გახდა.

თხრობა 1915 წლის 8 დეკემბერს იწყება და მეგი კლირს გვაცნობს, გოგონას, რომლის სიყვარულის გამოც რომანის გამოცემის შემდეგ ბავშვებს ხშირად მეგისა და მეგანს არქმევდნენ.

მირჩა ელიადე, “მეფისტოფელი და ანდროგინი”, ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ, გამომცემლობა ალეფი

„მეფისტოფელი და ანდროგინი” ელიადეს ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია. მისი სათაური კი პირობითია. „მეფისტოფელი და ანდროგინი” – მხოლოდ ნაწილობრივ თუ მოიცავს წიგნში წარმოდგენილ რელიგიურ და მითოლოგიურ პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროსა და ადგილას, მთლიანობაში კი, XX საუკუნის 50-ან წლებში დაიწერა. თუმცა, ანდროგინია, როგორც უნივერსალური მითორელიგიური ფენომენი, როგორც ადამიანის პიროვნული განვითარების მთავარი ღერძი და საყრდენი და ელიადეს თვალსაზრისით, „მომავალი კაცობრიობის” საბოლოო მიზანიც, – ამ წიგნის ფუნდამენტური კონცეპტია.

ჟან-პოლ სარტრი, “თავისუფლების გზები”, ფრანგულიდან თარგმნა: თინათინ ღარიბაშვილმა, გამომცემლობა ალეფი

რომანების ციკლი „თავისუფლების გზები“ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ჟან-პოლ სარტრის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია. ეს ციკლი სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ თემას – თავისუფლებას – მოიცავს. „გონიერების ასაკი“ ამ დაუსრულებელი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია. რომანში მოქმედება მიმდინარეობს 1930-ანი წლების ბოლოს პარიზში. მასში აღწერილია ფილოსოფიის პროფესორ მატიეს ცხოვრების 3 დღე. „გონიერების ასაკი“ არის სარტრის მხატვრული გამოკვლევა იმის შესახებ, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თავისუფლება, ის დაბადებიდანვე დამახასიათებელია ადამიანისთვის. ეს რომანი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ესმის სარტრს აბსოლუტური თავისუფლება.

© არილი

Facebook Comments Box