თარგმანი

ემანუელ ლევინასი – ძაღლის სახელი ანუ ბუნებითი უფლებები

ფრანგულიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ

 „წმიდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის; ხორცი, მინდორში ნამხეცავი, არ ჭამოთ, ძაღლს მიუგდეთ (გამოსვლა, 22:31).“ ბიბლიის ლექსი, როგორც მოგვიანებით უსაყვედურებენ, გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რაც „ადამიანის პირში შედის“, ხოლო დიდად არ წუხს იმაზე, რაც მისი პირიდან გამოდის? სულ მცირე, ხორცი მინდორში ნამხეცავი ზედმეტად მაგარი ჩანს მოსანელებლად ღირსეული ადამიანისთვის – თუნდაც ხორცისმჭამელისთვის – ვისაც სწამს, რომ ჯერ კიდევ ღმერთის მზერის ქვეშ იმყოფება. მინდორში ნამხეცავ ხორცს, მხეცებს შორის სისხლიან ბრძოლაში მონარჩენს, სადაც ძლიერი სუსტს შთანთქავს, გონება განადიდებს სანადირო თამაშებში! სანახაობა, სადაც სახეობები ერთმანეთს გლეჯენ, ომის საშინელებას რომ აჩვენებს, ადამიანებს Kriegspil-ის არტისტული ემოციებით ავსებს. მსგავსი იდეები მადას გიკარგავს! მართლაც, ისინი შეიძლება გეწვიოთ იმ ოჯახურ სუფრაზე, როცა ჩანგალს შემწვარ ხორცში არჭობთ. ესეც კმარა ვეგეტარიანულ კანონთან დასაბრუნებლად. როგორც იყო ადამი, ყველა ჩვენგანის მამა, თუკი დაბადებას ვერწმუნებით! ესეც კმარა იმისთვის, რომ, სულ ცოტა, მოგვინდეს შევამციროთ გარკვეული შეზღუდვების მეშვეობით ის საყასბო, ადამიანებს რომ ყოველდღე თავიანთ „წმინდა პირებზე“ აკერიათ! მაგრამ კმარა თეოლოგია! გამორჩეულად მაინტერესებს ძაღლი, რომელიც ლექსის ბოლოშია ნახსენები. ბობიზე ვფიქრობ.

ვინ არის, მაშ, ეს ძაღლი ლექსის ბოლოში? ის, ვინც საზოგადოების თამაშებს (ანდა თავად საზოგადოებას) არღვევს და ამიტომაც ეპყრობიან, როგორც ძაღლს კეგლის თამაშში? ვისაც ამხელენ ცოფიანობაში, როცა მის დასახრჩობად ემზადებიან? ვისაც აძლევენ ჭუჭყიან სამუშაოს – ძაღლური ყოფა – და ნებისმიერ დროს, „ძაღლურ ამინდშიც“, როცა „გარეთ ძაღლსაც კი არ გააგდებენ“, ფარდულის გარეშე ტოვებენ. მაგრამ მიუხედავად მათი გაძაღლებული ყოფისა, ისინი არ ურიგდებიან ამგვარ დამამცირებელ ხვედრს.

მაშ, ვინ არის ის: ცხოველი, ვისაც თავისი ველური ბუნების უმაღლესი ღირსება დაუკარგავს, მწოლიარე, საზიზღარი მონა ძაღლი? თუ, ძაღლსა და მგელს შუა (და სამყაროს რომელ სინათლეს არ აქვს თავისი მწუხრი?), ესაა, მგელი ძაღლის ერთგულების ქვეშ, ვისაც სისხლი სწყურია – ახალი თუ შედედებული, რა მნიშვნელობა აქვს?

მაგრამ კმარა ალეგორიები! ძალიან ბევრი წაგვიკითხავს და მაინც, ფიგურალურად ვიღებთ ძაღლის სახელს! მაგრამ პატივსადები ჰერმენევტიკის ცნებებში, რომლებიც ლა ფონტენზე ძველია და ანტიკურობიდან ზეპირსიტყვიერებით გადმოგვეცა – თალმუდის განმმარტებელთა ჰერმენევტიკა – პარაბოლებით დახუნძლული ბიბლიის ტექსტი აქ მეტაფორას უკუაგდებს: გამოსვლის 22-ე თავის 31-ე ლექსში ძაღლი ძაღლია. უბრალოდ ძაღლი! დაწვრილმანების მიღმა, თავისი ბედნიერი ბუნებისა და პირდაპირი, ძაღლური ფიქრის მეოხებით, მინდორში ნამხეცავ ყოველ ხორცს კარგ ხორცად აქცევს. და ეს ბედი მისი უფლებაა.

მაღალი ჰერმენევტიკა – აქ რომ ყოველ სიტყვას გამოწვლილვით შეეფარდება – ამავე დროს, იმ პარადოქსის ამოხსნას შეგვაძლებინებს, წმინდა ბუნება უფლებებში როგორ გადადის.

აი, მართლაც, რა აღმოაჩენს დავიწყებულ ძაღლებს გამოსვლის სხვა ლექსის დაქვემდებარებულ წინადადებაში. მე-11 თავის მე-7 ლექსში, უცხო ძაღლებს შეძრავთ სინათლე უკუნ ღამეში. ისინი არ ყეფენ! მაგრამ გარშემო სამყარო იქმნება. ესაა ეგვიპტის „პირველ-შობილთა სიკვდილის“ საბედისწერო ღამე. ისრაელი მონობის სახლიდან გამოდის. მონები, რომლებიც ჰმონობდნენ სახელმწიფოს მონებს, ამიერიდან გაჰყვებიან უზენაეს ხმას, უთავისუფლეს გზას. კაცობრიობის სახე! ადამიანის თავისუფლება ისაა, როცა გათავისუფლებული იგონებს თავის მონობას და ყველა დამონებულის მიმართ სოლიდარულია. მონების ბრბო იზეიმებს ადამიანის ამ მაღალ მისტერიას და „ძაღლი არ შეუყეფს“. თავისი დადგინების – ეთიკისა და ლოგოსის გარეშე –  უმაღლეს საათში, ძაღლი პიროვნების ღირსებას ამოწმებს. აი, ესაა – ადამიანის მეგობარი. ტრანსცენდენცია ცხოველში! და ის ლექსი, მკაფიო, რომლითაც დავიწყეთ, ახალი აზრით ნათდება. ის გვახსენებს ვალს, რომელიც მუდამ ღიაა.

მაგრამ დახვეწილი ეგზეგეზა, რომელსაც ვციტირებთ, რიტორიკაში ხომ არ იკარგება? შევხედოთ.

სამოცდაათნი ვიყავით ტყის კომანდოს ბანაკში ომის ტყვე ებრაელთათვის, ნაცისტურ გერმანიაში. ბანაკის ნომერი იყო – უჩვეულო დამთხვევა – 1492, ებრაელების ესპანეთიდან გამოყრის წელი, ფერდინანდ V კათოლიკეს დროს. ფრანგული უნიფორმა ჯერ კიდევ გვიცავდა ჰიტლერიანული ძალადობისგან. მაგრამ სხვა ადამიანები, თავისუფლები, რომლებიც გვხვდებოდნენ, სამუშაოს გვაძლევდნენ ან რამეს გვიბრძანებდნენ, ან თუნდაც გვიღიმოდნენ – და ბავშვები და ქალები, რომლებიც ჩაგვივლიდნენ ხოლმე, ზოგჯერ თავს წევდნენ და ჩვენკენ მზერას აპარებდნენ – ადამიანურ ტყავს გვხდიდნენ. ჩვენ ვიყავით მხოლოდ ნახევარ-ადამიანები, მაიმუნების ჯგრო. დევნილის ძალა და სიღატაკე, და უმწეო შინაგანი ჩურჩული ჩვენს გონიერ ბუნებას გვახსენებდა. მაგრამ აღარ ვეკუთვნოდით სამყაროს. ჩვენი მისვლა-მოსვლა, ჩვენი ტკივილები და სიცილი, ჩვენი ავადმყოფობა და აშლილობა, ჩვენი ხელების შრომა და ჩვენი თვალების წუხილი, საფრანგეთიდან ჩვენთვის გამოგზავნილი წერილები და ის წერილები, ჩვენს ოჯახებთან გაგზავნაზე რომ თანხმობას ვიღებდით, ყოველივე ეს ბრჭყალებში ხდებოდა. ჩვენივე სახეობაში ჩაკეტილები ვიყავით; მიუხედავად მეტყველებისა, ენა არ გვქონდა. რასიზმი ბიოლოგიური კონცეპტი არ არის; ანტისემიტიზმი ყოველგვარი ინტერნაციის არქეტიპია. სოციალური ჩაგვრა ამ მოდელის მხოლოდ იმიტაციაა. ის ამწყვდევს კლასში, ართმევს გამოხატვის უფლებას, წირავს „აღმნიშვნელად [ყოფნისთვის] აღნიშნულის გარეშე“ და მაშასადამე, ძალადობისა და ბრძოლისთვის. როგორ უნდა მიაწვდინო შეტყობინება შენს ადამიანობაზე, როცა ბრჭყალების მავთულხლართების უკან, ის მხოლოდ და მხოლოდ გაისმის, როგორც პრიმატის ლაპარაკი?

და აი, გრძელი ტყვეობის ნაშუადღევს – რამდენიმე ხანმოკლე კვირის განმავლობაში, ვიდრე ყარაულები გააგდებდნენ – მოხეტიალე ძაღლი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ერთ დღესაც, ის შეუერთდა ბრბოს, როცა ზედამხედველთან ერთად სამუშაოდან ბრუნდებოდნენ. ბანაკის შორი-ახლოს, ველურ კუთხე-კუნჭულებში დაეხეტებოდა. მაგრამ ჩვენ მას ბობის ვეძახდით, ეგზოტიკურ სახელს ძვირფასი ძაღლისთვის. ჩვენს დილის შეკრებაზე ჩნდებოდა და დაბრუნებამდე გველოდა, ხტუნვითა და მხიარული ყეფით გვეგებებოდა. მისთვის – ეს უდავოა – ჩვენ ადამიანები ვიყავით. ძაღლი, რომელიც ოდისეადან დაბრუნებულ შენიღბულ ოდისევსს იცნობს, ჩვენი ძაღლის წინაპარი იყო? მაგრამ არა! მაგრამ არა! ის იყო ითაკაში და ის იყო სამშობლო. აქ კი, ვიყავით არსად. ნაცისტური გერმანიის უკანასკნელი კანტიანელი, რომელსაც არ გააჩნდა ტვინი თავისი ქცევის მაქსიმების უნივერსალიზაციისათვის, ეგვიპტელი ძაღლების ჩამომავალი იყო. და მისი მეგობრული ყეფა – ცხოველის მრწამსი – იშვა მისი ნილოსელი წინაპრების სიჩუმეში. 

© არილი

Facebook Comments Box